Category: სლაიდერი

  • ჩინოვნიკების გადადგომის ტალღა უკრაინაში: ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ თუ ზელენსკის პოლიტიკური ჟესტი

    სამშაბათს, ცნობილი გახდა  უკრაინის სტრუქტურებში ერთდროულად რამდენიმე გახმაურებული გადადგომის შესახებ: პრეზიდენტის ოფისში, თავდაცვის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის.

    უკრაინის  პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

    ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წინა დღეს დაწერა.

    „მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, მეკეთებინა კარგი საქმეები ყოველდღე და ყოველ წუთს“, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

    კირილო ტიმოშენკო ზელენსკის გუნდის წევრია ჯერ კიდევ  მისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ.

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2019 წლის 21 მაისს დაიკავა (მაშინ სტრუქტურას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერქვა).

    მისი გადადგომის კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბოლო დროს ის არაერთ კორუფციულ სკანდალში ბრალდებული გახდა.

    მაგალითად, პრესას ჰქონდა კითხვები მის უძრავ ქონებასთან და ძვირადღირებულ მანქანებთან დაკავშირებით.

    ტიმოშენკოს აკრიტიკებდნენ დიდი საბიუჯეტო თანხების დახარჯვის გამო ჯერ კიდევ ომამდე, როდესაც ისხელისუფლების მიერ ინიცირებულ დიდ სამშენებლო პროგრამას  ზედამხედველობდა.

    სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

    დღის მეორე გადადგომა იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიაჩესლავ შაპოვალოვის თანამდებობიდან წასვლა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე.

    მის გადადგომას მხარი თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაუჭირა.

    შაპოვალოვმა განცხადება დაწერა ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის საკვების შეძენის ფონზე სკანდალის ფონზე.

    გასულ შაბათს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, სამხედროებისთვის საკვებს მნიშვნელოვნად გაბერილ ფასებში ყიდულობს.

    თანამდებობიდან გადადგომის წერილში შაპოვალოვი წერდა, რომ ის პოსტს ტოვებს საზოგადოების  პროტესტის გამო, მაგრამ კორუფციის ბრალდებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის თემაზე დაუსაბუთებელი მანიპულაციები უწოდა.

    თავდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის მიმართ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გადადგომა ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში, და დემონსტრირება იმისა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას.

    თავდაცვის სამინისტრო კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპს ემორჩილება, პატივს სცემს დემოკრატიულ კონტროლს და უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების ნებისმიერი შემოწმების აბსოლუტურ გამჭვირვალობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

    თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვიაჩესლავ შაპოვალოვის გადადგომა, დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შენარჩუნებაში.

    ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ თუ ზელენსკის პოლიტიკური ჟესტი?

    ბევრი სამსახურიდან გათავისუფლების სერიას  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უკავშირებს კვირის სატელევიზიო მიმართვაში.

    სწორედ ამ დღეს მთავრობამ საგანგებო სხდომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლა თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვასილი ლოზინსკი, რომელიც წინა დღეს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. პრეზიდენტმა, ამ ინციდენტის კომენტირებისას თქვა: ”ახლა მთავარი აქცენტი კეთდება თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, ომის საკითხებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვხედავ და არ მესმის, რასაც ამბობენ საზოგადოებაში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე, რეგიონებში და ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების დრო“.

    ზელენსკის სიტყვებს მორიგი გახმაურებული წინ უძღვოდა მედიაში გახმაურებული სკანდალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ. ამ გამოძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინულ საზოგადოებაში და, კერძოდ, ჯარში – და ასევე, შეიძლება ვივარაუდოთ, კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის, რომელთა დახმარებით არა მხოლოდ უკრაინის არმიის უზრუნველყოფა, არამედ ზოგადად უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერაც ხდება. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იძულებული გახდა კონტრშეტევაზე გადასულიყო.

    ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ ადანაშაულებდნენ ომის დროს კორუფციის პრობლემის შეუფასებლობაში. მისი საჯარო რიტორიკიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მთავარი ფრონტზე გამარჯვება იყო და ქვეყანაში კორუფციის მსგავსი პრობლემების დრო არ იყო.

    გასული წლის მაისში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ამ თემაზე ასე ისაუბრა: „ზოგიერთი რაღაც ახლა ზედმეტია, ბავშვს რომ ფეხები მოაგლიჯონ და ამ დროს რაღაც წვრილმანების მოყოლა დაუწყო.“

    ნოემბერში, Bloomberg-ის მიერ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ის კიდევ უფრო შორს წავიდა: „ახლა [უკრაინაში] არ არის კორუფცია, რადგან ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ. ბევრი კორუფციონერი თავის  ფულთან ერთად წავიდა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი იქ დარჩნენ, სადაც არიან.“– თქვა ზელენსკიმ.

    მაშინ ამ დამოკიდებულებამ ბევრის გაოცება გამოიწვია ახლა კი, როგორც

    დასავლური მედია აღნიშნავს, გარემოებები შეიცვალა და კორუფციის პრობლემას ზელენსკი იგნორირებას ვეღარ გაუკეთებდა. შესაბამისად, საკადრო წმენდაც დაიწყო. თუმცა, მედია იმასაც აღნიშნავს, ერთი შეხედვით შთამბეჭდავი საკადრო წმენდა რეალურად  მეორე და მესამე ეშელონის პოლიტიკური ფიგურების გადადგომაა და შესაძლოა ყველა მათგანი ზელენსკის მიერ გამოცხადებულ ჯვაროსნულ ლაშქრობას კორუფციის წინააღმდეგ არც უკავშირდებოდეს.

    პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო ამბობს, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში განეხორციელებინათ.

    მესამე გახმაურებული თანამდებობიდან გათავისუფლება ეხებოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს ოლექსი სიმონენკოს.

    განკარგულებას მისი საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლის  შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა სამშაბათს მოაწერა ხელი.

    სკანდალი ინსტაგრამზე გადაღებულმა ფოტოებმა გამოიწვია, რომლებშიც სიმონენკო ესპანეთის ქალაქ მარბელას კურორტზე ისვენებს.

    „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტის, მიხაილო ტკაჩის ინფორმაციით, რომელიც სამართალდამცავ წყაროებზე ეყრდნობა,  გენერალური პროკურორის მოადგილე 10 დღის განმავლობაში საზღვარგარეთ შვებულებაში იმყოფებოდა.

    ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სიმონენკო ესპანეთში მეუღლესთან ერთად ლვოველი ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანით გაემგზავრა, მისი დაცვის თანხლებით.

    ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინელი ოფიციალური პირები საზღვარგარეთ არასახელმწიფო მიზნებით გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

    გადადგომები რეგიონებში

    თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხუთი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც:

    დნეპროპეტროვსკის ოლქი ვალენტინ რეზნიჩენკო

    ზაპოროჟიის რეგიონი ალექსანდრე სტარუხი

    კიევის რეგიონი ოლექსი კულება

    სუმის რეგიონი დიმიტრი ჟივიცკი

    ხერსონის რეგიონი იაროსლავ იანუშევიჩი

    გათავისუფლებულ ლიდერებს შორის ყველაზე გამოცდილია დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო. ის რეგიონს პეტრო პოროშენკოს დროს ხელმძღვანელობდა.

    ისევე როგორც კირილ ტიმოშენკო, ის არაერთხელ გაეხვა დიდი სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულ სკანდალში.

    2022 წლის შემოდგომაზე, მედია წერდა, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო კონტრაქტი შეიძლება მიეღო რეზნიჩენკოსთან დაახლოებულ პირს.

    მაშინ ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს არ უპასუხა, თუმცა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიება დაიწყო და რეგიონში ჩხრეკა ჩატარდა.

    ზაპოროჟიეში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობდა ალექსანდრე სტარუხი, გამოძიება ხელმძღვანელობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში სუმის რეგიონის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი მონაწილეობდა მშენებლობისთვის თანხების განაწილებასთან დაკავშირებულ სკანდალებში, ასევე ხელი მოაწერა მისი მრჩევლის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას.

    ხერსონის ოლქის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დროში დაიკავა. მის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებები კორუფციაში არ არის, მაგრამ ადგილობრივმა აქტივისტებმა გააკრიტიკეს ის, რომ დეოკუპაციის შემდეგ ხერსონში ცხოვრება გულმოდგინედ არ აღადგინა.

    მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიევის ოლქის ხელმძღვანელი ოლექსი კულებაც. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ტიმოშენკოს თანამდებობა დაიკავოს პრეზიდენტის კაბინეტში.

  • გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს აგზავნის – Spiegel

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.

    უკრაინისთვის “Leopard” გადაცემის საკითხს, გერმანიის ბუნდესტაგი ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებს.

    Reuter-ის ცნობით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

    ცოტა ხნის წინ, უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ABC NEWS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ქვეყანა მზადაა 100 ცალი Leopard-2-ის ტანკი გადასცეს უკრაინას, როგორც კი გერმანია მიწოდების ნებართვას გასცემდა.

    ABC News-ის ცნობით, „რამშტაინში“ გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც განიხილეს, რომ სახელმწიფოები მზად არიან გაგზავნონ თავიანთი ტანკები, როგორც კი გერმანია დათანხმდება ექსპორტის ლიცენზიის გაცემაზე.

    ამის შესახებ უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ABC News-თან ანონიმურად განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ შესაძლოა 100-მდე ტანკი მიიღოს, თუ გერმანია ექსპორტის ლიცენზიას გასცემს. ეს ქვეყნებია : პოლონეთი, ფინეთი, ესპანეთი, დანია და ნიდერლანდები. ტანკების მისაწოდებლად ამ ქვეყნებს მხოლოდ გერმანიის თანხმობა სჭირდებათ, რომელსაც, Bloomberg-ის თანახმად, გერმანიისგან ხვალ მიიღებენ.

    Wall Street Journal-ის და Fox News-ის თანახმად, ამ კვირაში (შესაძლოა ხვალ) თეთრი სახლი უკრაინაში დიდი რაოდენობით M1 Abrams ტანკების გაგზავნის შესახებ გამოაცხადებს!

  • 12 ქვეყანა მზადაა უკრაინას 100 ცალი ლეოპარდ-2-ის ტანკი გადასცეს – ABC NEWS

    12 ქვეყანა მზადაა 100 ცალი Leopard-2-ის ტანკი გადასცეს უკრაინას, როგორც კი გერმანია მიწოდების ნებართვას მისცემს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

    ABC News-ის ცნობით, „რამშტაინში“ გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც განიხილეს, რომ სახელმწიფოები მზად არიან გაგზავნონ თავიანთი ტანკები, როგორც კი გერმანია დათანხმდება ექსპორტის ლიცენზიის გაცემაზე.

    ამის შესახებ უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ABC News-თან ანონიმურად განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ შესაძლოა 100-მდე ტანკი მიიღოს, თუ გერმანია ექსპორტის ლიცენზიას გასცემს. ოფიციალურმა წარმომადგენელს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, მაგრამ ოფიციალურად პოლონეთმა და ფინეთმა უკვე ისაუბრეს ტანკების გადაცემაზე.

  • შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    “პენიტენციურმა და ვივამედმა გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია” -წერს ხაჭაპურიძე.

    აქვე შეგახსენებთ, რომ  მესამე პრეზიდენტს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კიდევ ერთხელ დაკარგა გონება.

  • საკითხი, სადაც ქვეყანა უკრაინასთან დაპირისპირებაში ჩანს, პრაგმატულად საზიანოა – ბოკერია

    საკითხი, სადაც ქვეყანა უკრაინასთან დაპირისპირებაში ჩანს, პრაგმატულად საზიანოა – ბოკერია

    ”პირდაპირი ფრენებით თუ პირდაპირი ფრენების გარეშე, ყოველგვარი ფილტრის გარეშე საქართველოში მტრული სახელმწიფოს, რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა ეროვნული ინტერესებისთვის არის საფრთხე. საფრთხეა, მათ შორის, იმის გამოც, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის დაორგანიზებას.

    ამას გარდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მტრულია ის მოტივი, რის გამოც პუტინის რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმს ლავროვის პირით აქებს და ფრენების აღდგენით ახალისებს. ისინი მიესალმებიან საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას, რუსეთისგან საქართველოს დაუცველად დატოვებას და ამას ახალისებენ. ნებისმიერი საკითხი, სადაც საქართველო გამოჩნდება უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, დასავლეთთან დაპირისიპირებაში, მორალური ზიანის გარდა, ჩვენთვის პრაგმატულად საზიანოა. ეს საზიანოა ჩვენი უსაფრთხოებისთვის დღეს, ხვალ და უახლოეს მომავალში.”

    ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ტენდენციებია – გონჩარენკო

    ”1. უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის 30-ე მოთხოვნა გაუგზავნა. ჩვენ ვთავაზობთ იარაღის ყიდვას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დუმს. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოს იარაღით ვამარაგებდით. და შემდეგაც.

    2. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს მთავრობას პოზიციის დასაზუსტებლად, რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით. პასუხი არის დუმილი.

    3. უკრაინის ომბუდსმენს სააკაშვილთან ვიზიტთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტია ქართული მხარისგან არანაირი პასუხი არ მიუღია. (ეს არ არის მისდამი სიყვარული ან ზიზღი. მაგრამ ის ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის).

    4. 2022 წლის 13 დეკემბრიდან ერთ თვეზე მეტია ვერ განვიხილავთ საქართველოსთან ქართული მხარის პრინციპულ თანხმობას უკრაინის წინადადებაზე „მშვიდობის ფორმულაში“ მონაწილეობის შესახებ. ჩვენს სხვა ინიციატივებზეც არ არის გამოხმაურება.

    საკმაოდ უსიამოვნო ამბის მოყოლა შეიძლება PACE-ზე. ახლა არ მინდა, მოგვიანებით შეიძლება. მაგრამ ის ძალიან უსიამოვნოა.

    მე მიყვარს ქართველი ხალხი. მე ვიცნობ ბევრ ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მე ვიცი, რომ ქართველები არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მეგობრებს ღალატობენ, როცა მათ უჭირთ. მაგრამ ახლა საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ მოსკოვის აგენტად, არამედ როგორც სატელიტი, იქცევა.

    ჩვენ მეგობრებთან ერთად მივდივართ რუსეთის განადგურების გზაზე. გვინდოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენთან ყოფილიყო. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ჩვენთანაა.”

    წერს ტელეგრამ არხზე უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო.

  • როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ისჯება მკაცრად – კობახიძე ენმ-ზე

    “რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს ეს არის რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ვნახოთ თუ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს,”

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე  ენმ-ში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ნაჩუქარ მანქანასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ  ეს პარტიის არალეგალური  დაფინანსებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

  • მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

    პატიმრობაში მყოფ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ადვოკატი  შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

    “სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ!
    დღესაც გონება დაკარგა!”- წერს შალვა ხაჭაპურიძე.

     

  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდა ჩაატარა

    უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდა ჩაატარა და  მინისტრის 6 მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  ამასთანავე, მინისტრთა კაბინეტი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელის გადაყენებაზე შეთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას,  უკრაინსკა პრავდა  ავრცელებს. 

    გათავისუფლებული მინისტრთა მოადგილეები : 

    • ვიაჩესლავ შაპოვალოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
    • ვიტალი მუზიჩენკო – უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
    • ივან ლუკერია – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
    • ვიაჩესლავ ნეგოდა – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
    • ანატოლი ივანკევიჩი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
    • ვიქტორ ვიშნევი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფრულების საკითხებში.

    მინისტრთა კაბინეტი დათანხმდა 5 სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვებას:

    • ვალენტინა რეზნიჩენკო – დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • ალექსანდრა სტარუხა – ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • ალექსეი კულება – კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • დმიტრი ჟივიცკი – სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • იაროსლავ იანუშევიჩი – ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
  • კასიანოვს უკრაინელების ევაკუაცია დასჭირდებოდა, თუ უკრაინაში ბუკებს გავგზავნიდით – კობახიძე

    ”ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ, ერთი იყო მარტში, მეორე ზაფხულში და მესამე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, კასიანოვის დღევანდელი განცხადებაც არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დაჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ ბუკებს გავაგზავნიდით უკრაინაში, იმიტომ რომ ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტში.”

    ასე ეხმაურება მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადებას.