Category: მსოფლიო

  • ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ, კრემლი ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო პოტენციალს აძლიერებს

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო აცხადებს  რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ კრემლი გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.

    • “ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები განლაგდება ფინეთში, ჩვენ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად”, – თქვა ალექსანდრე გრუშკომ РИА Новости-სთან.

    ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ხვალიდან  გახდება. ცნობილია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საული ნიინისტო ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიალზე დასასწრებად სწორედ სამშაბათს ჩავა.

    • “ფინეთი, 4 აპრილს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო წარადგენს”, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

    NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართება: “ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისა და მთლიანად NATO-სთვის კარგი დღე იქნება”.

  • მელიტოპოლში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსეთის დანიშნული ჩინოვნიკი იმყოფებოდა

    დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მანქანა აფეთქდა, რომელშიც,  რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, მაქსიმ ზუბარევი იმყოფებოდა. შემთხვევა, 3 აპრილს დილით მოხდა.

    მომხდარს ადასტურებს, მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი, ივან ფედოროვი.

    აფეთქების შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • გერმანიის ვიცე-კანცლერი ჰაბეკი კიევში ჩავიდა

    გერმანიის ვიცე-კანცლერი, რობერტ ჰაბეკი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ  „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

    პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, რომლის  მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

    • “მოგზაურობის მიზანია უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა. ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, ის გაიმარჯვებს, აღდგება, გვჯერა, რომ უკრაინა ასევე იქნება ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი მომავალში.”– განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.
  • რუსი სამხედრო ბლოგერი პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიღუპა

    კვირას პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. დაშავდა16 ადამიანი. ტელეგრამის არხ “Fontanka SPB Online” თანახმად, უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე ეს კაფე კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

    ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე.

    სააგენტო „ტასს“-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ  უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე კაფე „სთრით ბარში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

    ფოტო კაფედან, სადაც აფეთქება მოხდა

    ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე იყო ვლადლენ ტატარსკი , რომლის შემოქმედებითი საღამოც  ამ დაწესებულებაში იმართებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხელნაკეთი ბომბი ტატარსკისთვის გადასაცემ ქანდაკებაში იყო დამალული.

    ვლადლენ ტატარსკი წარსულში პრორუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა დონბასში და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე წერდა. უკრაინული მედია ტატარსკის კრემლის პროპაგანდისტს უწოდებს. რუსული მედია წერს, რომ შემოქმედებით საღამოს დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.

  • უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დაბრუნების უკრაინული გეგმა დეტალურად აღწერა

    უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დეტალურად განმარტა, თუ რას გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად.

    ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის 12 ნაბიჯი გადაიდგმება, – წერს ოფიციალური პირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დანილოვმა აღნიშნა, რომ პირველ ნაბიჯად – ყირიმში ძეგლის  “Русский военный корабль идет на*уй” განთავსების საკითხი განიხილება. „სახელმწიფო სახსრების დაზოგვის მიზნით, ძეგლის კვარცხლბეკად შესაძლოა სევასტოპოლში ჩაძირული გემების ძეგლის კვარცხლბეკი იქნას გამოყენებული.

    ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღწერა მე-2 ნაბიჯი – მიმდინარეობს მუშაობა პერსონალური შეფასების ლუსტრაციულ მექანიზმზე, რომლის წყალობითაც დადგინდება კონკრეტული პირის ჩართულობის ხარისხი ოკუპანტების მხარდაჭერაში, და მათ შეეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. (როგორც კენჭისყრა, ისე ხმის მიცემა).

    გარდა ამისა, უკრაინელი საჯარო მოხელეები, რომლებმაც დაიწყეს მტრისთვის მუშაობა, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებიან – მათ ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან სახელმწიფო პენსიის ჩამორთმევა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის აკრძალვა (ნაბიჯი 3).

    ”რუსეთი ან სხვა ფორმირება, რომელსაც პრეტენზია ექნებათ  მემკვიდრეობითობაზე სრულად უზრუნველყოფენ ყველა იმ პირის უპირობო და სრულ ექსტრადიციას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან  სახელმწიფო ღალატში და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებში. ეს ეხება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში (საერთაშორისო დანაშაულები, რომლებსაც არ აქვთ  ხანდაზმულობა – გენოციდი, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული)  ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად ყირიმში“, -ეს არის მეოთხე ნაბიჯი დანილოვის განცხადებით.

    რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებს ემუქრება პატიმრობა, პენსიების, ტიტულების და ქონების ჩამორთმევა (ნაბიჯი 5). რუსები, რომლებიც არალეგალურად ჩავიდნენ ყირიმში საცხოვრებლად ოკუპაციის შემდეგ, იძულებულნი იქნებიან დატოვონ ნახევარკუნძული კანონით განსაზღვრულ ვადაში (ნაბიჯი 6). ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიერ მითვისებული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება (ნაბიჯი 7).

    ”ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ქერჩის სატრანსპორტო გადასასვლელის დემონტაჟი ხდება ნაოსნობის სრული თავისუფლების უზრუნველსაყოფად, კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში… ხორციელდება ყოვლისმომცველი დეტოქსიკაციის პროგრამა – ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსეთის პროპაგანდის მრავალწლიანი ზემოქმედების  გრძელვადიანი შედეგების განეიტრალება.“ – ასეთია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით 8–ე და 9–ე საფეხურები.

    ასევე შეიქმნება დოკუმენტური ბაზა უკრაინელების წინააღმდეგ რუსების დანაშაულის ფაქტების შესახებ. უკრაინელი და ყირიმელი თათარი აქტივისტები აღდგებიან უფლებებში (ნაბიჯი 10). რუსეთის ფედერაციის პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან და მათზე მორალური ზიანის ანაზღაურება გაიცემა. (ნაბიჯი 11).

    „რაშიზმის იდეოლოგიაში , ნეგატიური მითების შექმნისა და ისტორიის გადაწერის სისტემის ადგილისა და როლის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „რუსეთის დიდების ქალაქი“ (რომლის „დიდება“, კერძოდ, საკუთარი ფლოტის ჩაძირვაშია,ბრძოლაში შესვლის გარეშე) დაერქმევა  ” ობიექტი ნომერი 6. “უკრაინის უმაღლესი რადა მოგვიანებით გადაწყვეტს ქალაქის ახალ სახელს. შესაძლოა ეს იყოს ახტიარი”, – აღწერა დანილოვმა ნაბიჯი 12.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლოა ნატოს გენერალური მდივანი გახდეს – The Sun

    გამოცემა The Sun  დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს გენერალური მდივანი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ  შესთავაზა მას ალიანსის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ოქტომბერიდან.

    ამავე პოზიციაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი. The Sun-ის ცნობით, თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდება, ის გახდება ნატოს პირველი გენერალური მდივანი დიდი ბრიტანეთიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში.

    თუმცა, ოფიციალური არჩევნები ჯერ არ არის დანიშნული და ახალი ლიდერის კანდიდატურა დახურულ კარს მიღმა განიხილება.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.

    არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

  • ISW: დასუსტებული რუსეთი ცდილობს ანტიდასავლური ბლოკი შექმნას

    რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 31 მარტს დაამტკიცა, სავარაუდოდ მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კრემლის მცდელობებს შექმნას ანტიდასავლური კოალიცია, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

    დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის მიზანს შექმნას მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი, მათ შორის, შეწყვიტოს აშშ-ის დომინირება მსოფლიო საქმეებში. ამტკიცებენ, რომ კაცობრიობის უმრავლესობა დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით და რომ სასურველი მრავალპოლარული სამყარო გახსნის შესაძლებლობებს არადასავლური მსოფლიო ძალებისა და რეგიონალური ლიდერებისთვის.

    ახალი დოკუმენტი, სავარაუდოდ, მხარს უჭერს კრემლის მცდელობებს, გააძლიეროს წინადადებები არამომხრე ქვეყნებისთვის უფრო შეკრული ანტიდასავლური ბლოკის შესაქმნელად, წერს ISW.

    მაგრამ რუსეთის ეკონომიკური ძლიერების დაქვეითება და უკრაინაში მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტება ცუდი სტიმულია მოსკოვის წინადადებისადმი სერიოზული ინტერესის გამოვლენისთვის, აცხადებენ მოხსენების ავტორები.

    ISW-ის შეფასებით, პუტინის წინადადება ანტიდასავლური ბლოკის შექმნის შესახებ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს დადებითად არ მიიღეს, რადგან ჩინეთის ლიდერმა უარი თქვა ჩინეთის ჩათრევაზე პუტინის გეოპოლიტიკურ კონფლიქტში დასავლეთთან.

  • ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

    საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

    “ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?” – თქვა ზელენსკიმ.

    მისი თქმით, უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.

    “სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას  საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

  • გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

    “რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ბახმუტში, 1 პარასკოვიევკაში და 1 ვუჰლედარში. რეგიონში კიდევ 6 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”,

    აცხადებს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო.