Category: მსოფლიო

  • ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ბელარუსული მედია Belta ავრცელებს.

    “პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე”, – წერს ბელტა.

  • რუსეთი აფხაზეთის მიმართ აღებულ ვალდებულებას გააგრძელებს – პუტინი

    აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების შეთანხმების გაფორმებიდან 15 წელს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის.

    თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე.

  • ზელენსკი პოლონეთში წინასწარ გამოცხადებული ვიზიტით ჩავიდა

    პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა.

    ეს არის პრეზიდენტის მესამე ვიზიტი საზღვარგარეთ და პირველი წინასწარ გამოცხადებული ვიზიტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და მისი მეუღლესთან სტუმრების ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ქვეყნების ლიდერები მოლაპარაკებებს პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ. ამის შემდეგ დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხებიან “პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების მთელ სპექტრს, უსაფრთხოების პოლიტიკიდან დაწყებული”, ასევე დაისმება ისტორიული საკითხები.

    ანჯეი დუდასა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

    პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ მზად არიან უზრუნველყონ  ზელენსკის უსაფრთხოება მისი ვიზიტის დროს.

    ზელენსკის უცხოური ვიზიტები

    რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკის ქვეყანა თითქმის ერთი წელი არ დაუტოვებია. მან პირველად  ქვეყანა 2022 წლის დეკემბერში დატოვა ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებების მიზნით.

    ცოტა ხნის შემდეგ, ის ერთი  ვიზიტით გაემგზავრა ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.

  • “დაე ფინეთი იყოს გაკვეთილი პუტინისთვის“- უოლესი

    ფინეთის შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაკვეთილი უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტის პუტინისთვის.

    ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, წერს Sky News. “მოხარული ვარ, რომ ფინეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე დამტკიცდა და მინდა მივესალმო ამ ქვეყანას ორგანიზაციაში”, – განაცხადა მან.

    “დაე, ფინეთი იყოს გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის. ფინეთმა გადაწყვიტა გაწევრიანება საკუთარი ნებით. თავისუფლება, აირჩიოთ თქვენი გაერთიანებები, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, არის მოქალაქეების და მხოლოდ მოქალაქეების საქმე”, – დასძინა მინისტრმა.

    ფინეთის გაწევრიანება ნატოში

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა დაიწყეს საუბარი ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობაზე.

    2022 წლის გაზაფხულზე მათ განაცხადი შეიტანეს ნატოში გაწევრიანებისთვის  დაჩქარებული პროცედურით, რაც რატიფიცირებული იქნა ყველა წევრი ქვეყნის მიერ, გარდა თურქეთისა და უნგრეთის.

    მარტის ბოლოს ამ ქვეყნების პარლამენტებმა კვლავ დაამტკიცეს ფინეთის განაცხადები, შვედეთის შესვლა ალიანსში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

    4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 31-ე წევრი ქვეყანა და ახლა ის ექვემდებარება ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებს.

    რუსეთმა ნატოს გაფართოებას მათი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა უწოდა. კრემლმა პირობა დადო, რომ „კონტრზომებს მიიღებს“.

  • დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა – დეტალები

    აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლო დარბაზი დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    New York Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება საბუთების გაყალბებაც, თუმცა ტრამპი არცერთ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

    როგორც  CNN – ი აცხადებს, შემდეგი სასამართლო პროცესი,  3 დეკემბერს ჩაინიშნა. 

    ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

    მოსამართლემ ტრამპის დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი კამერების გარეშე დაახლოებით 1 საათის განმალობაში მიმდინარეობდა.

    ტრამპის ადვოკატი ამბობს, რომ ის სამშაბათს პროკურატურას ნებაყოფლობით ჩაბარდება

    ტრამპი შესაძლოა ამ დღეებში დააკავონ–ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

     

  • ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა

    ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა – გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა, სამშაბათს მიიღო, ხოლო მოტივად ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკები დასახელდა.

    აკრძალვა, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლამდე, არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ.

    “რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს და არ იღებენ ზომებს მათი ქვეყნის რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას”, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენმა პარლამენტს მარტში კანონპროექტის წარდგენისას.

  • უკრაინა მზად არის კონტრშეტევისთვის, მაგრამ არსებობს რთული გამოწვევები მისი შეიარაღებული ძალებისთვის – NYT

    უკრაინის არმია უკვე მზად არის კონტრშეტევისთვის. მან უკვე მიიღო იარაღი დასავლელი მოკავშირეებისგან და შექმნა შემტევი ქვედანაყოფები. ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი გამოცდა იქნება ზარალის აღდგენა და ომის  ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დაღლილი უკრაინის დამცველების მოტივაციის შენარჩუნება – წერს ამერიკული გამოცემა The New York Times.

    გამოცემის ცნობით, შეიარაღებული ძალების მომავალი შეტევა იქნება უკრაინული ბატალიონების ხელახალი შეიარაღების, აღდგენის უნარისა და მოტივაციის შენარჩუნების  გამოცდა, რაც აქამდე მისი გამოკვეთილი უპირატესობა იყო.

    „უკრაინის წარმატება სამხრეთ-აღმოსავლეთის დაბლობებზე ბრძოლებში მსოფლიოსთვის  რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალაუფლების დაკნინების მაჩვენებელი იქნება, შეამცირებს შფოთვას იმის გამო, რომ ომი  „ჭაობში“ ჩაეფლო და, სავარაუდოდ, წაახალისებს უკრაინის მოკავშირეებს უკრაინის შემდგომი  სამხედრო დახმარებისთვის“- ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

    ამავდროულად, კონტრშეტევა სერიოზული გამოწვევა იქნება უკრაინისა და მისი არმიისთვის, რადგან უკრაინელ ოფიცრებს მოუწევთ საარტილერიო, ქვეითი და ჯავშანტექნიკის თავდასხმების ორგანიზება რუსული სანგრების, სატანკო ხაფანგების და დანაღმული ველების გასარღვევად.

    “სამხრეთში რუსული ქვედანაყოფები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს მას შემდეგ, რაც ნოემბერში რუსები ხერსონის ოლქიდან გააძევეს. თანამედროვე დასავლური ტანკები, რომლებსაც აქვთ უკეთესი სიცოცხლისუნარიანობა და ცეცხლსასროლი ძალა, გადამწყვეტი იქნება ამ პოზიციების ლიკვიდაციისთვის”, – წერენ ჟურნალისტები.

    მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ეველინ ფარკასი თვლის, რომ უკრაინის დამცველებს შეუძლიათ რუსეთის არმიას ისეთი ზარალი მიაყენონ, რაც გეოპოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს, თუ ისინი დროულად მიიღებენ იარაღს. მან აღნიშნა, რომ „უკრაინას შეუძლია რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ ევროპაში დასუსტებულ სამხედრო ძალად აქციოს და ომის დასრულების მოლაპარაკებებისთვის მცირე ბერკეტები დაუტოვოს“.

    აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შესაძლოა დამოკიდებული იყოს რუსების მიერ დატოვებული დანაღმული ველების დაძლევაზე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის არმიის ძირითადი ყურადღება განმნაღმველი  მანქანებისკენ იქნება მიმართული.

    ამავდროულად, მითითებულია, რომ უკრაინას შეუძლია შეტევა წამოიწყოს სამხრეთში, რაც დაყოფს რუსეთის ფედერაციის მიერ დაკავებულ ტერიტორიას ორ ზონად, გაწყვეტს მიწოდების ხაზებს და დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ რუსულ ბაზებს უკრაინული არტილერიის  საცეცხლე წვდომის არეალში მოახვედრებს.

  • სამგზავრო მატარებლის ავარია ნიდერლანდებში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ნიდერლანდებში რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი , რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამშენებლო ამწეს შეეჯახა, რომელიც რკინიგზის ლიანდაგზე იდგა.

    ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით მგზავრი დაშავდა, მათგან ბევრი მძიმედ. სახანძრო-სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ 19 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

    სააგენტო ANP იუწყება, რომ მატარებლის პირველი ვაგონი შეჯახების შემდეგ რელსებიდან გადავიდა და მიწას დაენარცხა, მეორე გვერდზე გადაბრუნდა, მესამე ვაგონში კი ხანძარი გაჩნდა.
    ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NOS-ის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა.

    სამგზავრო მატარებელი ჰააგიდან ქალაქ ლეიდენისკენ მიდიოდა, ავარია კი ქალაქ ვორშოტენთან მოხდა.

    ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.

  • The Washington Post:რუსეთმა ყირიმში თხრილებისა და ბარიერების მთელი ქსელი ააშენა

    The Washington Post აქვეყნებს გამოძიებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თავდაცვითი საშუალებების აშენების აქტიურ ძალისხმევაზე. კომპანია Maxar-ის მიერ მოწოდებულ თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით, გამოცემა აჩვენებს, რომ სულ რამდენიმე კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში თხრილებისა და ბარიკადების მთელი ქსელის აგება მოახერხა.

    გამოცემა ყირიმს უწოდებს “ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ” ტერიტორიას ომის ზონაში.

    სხვა საკითხებთან ერთად, გაზეთი აქვეყნებს ყირიმის სოფელ მედვედევკას ფოტოებს, რომელიც მატერიკზე გადასვლასთან ახლოს მდებარეობს. 11 თებერვალს გადაღებულ ფოტოზე სივაშის ტბის მხრიდან თხრილების მთელი ქსელი ჩანს, რომლის სიგრძე ზოგ შემთხვევაში 900 მეტრსაც აღემატება. ასევე სამ რიგად არის  ეგრეთწოდებული “დრაკონის კბილები” – ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, რომლებსაც პირამიდული ფორმა აქვთ .

     

    გამოცემის ცნობით, ბოლო კვირებში, როდესაც რუსეთი უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევას ელოდება, ასეთი თავდაცვითი სტრუქტურები განსაკუთრებით სწრაფად გამოჩნდა. 27 თებერვალს გადაღებულ სააკის რაიონის სოფელ ვიტინოს სურათზე ცარიელი ნაპირია. თუმცა, უკვე 12 მარტს ზღვასთან სანგრების ხაზი გაჩნდა, წერენ ჟურნალისტები.

    ვიტინოს მახლობლად გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე ასევე ჩანს სანგრებში დამონტაჟებული რამდენიმე საარტილერიო იარაღი. „ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი იარაღის არსებობა აქტიური საომარი მოქმედებებისგან დაშორებულ ზონაში რთული ასახსნელია“, – აღნიშნავენ ავტორები.

    ამავდროულად, ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსი სამხედროები სანგრების თხრისთვის იყენებს როგორც ადამიანურ ძალას, ასევე აღჭურვილობას (ამ კუთხით ჟურნალისტები საუბრობენ სსრკ-ს დროს შექმნილ BTM-3 თხრილის მანქანაზე, რომელსაც შეუძლია სანგრების გათხრა  800 მეტრი საათში სიჩქარით).

    „ინტერნეტში არის რეკლამები, რომლებითაც ეძებენ მუშებს, რათა გაამაგრონ თხრილები ბეტონით და ხით დღეში 90 დოლარზე მეტად და ეს შესაშური ხელფასია“, – ნათქვამია გამოცემაში.

    ბევრი თავდაცვითი ნაგებობა გაჩნდა ბუნებრივ წყლის ბარიერებთან, როგორიცაა ზღვის სანაპირო ან არხები, რაც დამატებით დაბრკოლებებს ქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შემთხვევაში.

    თუმცა, გამოცემა ციტირებს ექსპერტებს, რომლებსაც არ სჯერათ იმგვარი  უკრაინული ოპერაციის ალბათობის, რომელიც ნაპირზე ჯარების გადმოსხმას ან ყირიმზე ფართომასშტაბიანი შეტევას გულისხმობს.

    აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორის მაიკლ კოფმანის თქმით,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა გადაწყვეტს ყირიმის ხელში ჩაგდებას „კლასიკური გაგებით“, არამედ მიმართავს მუდმივი გამოფიტვის ტაქტიკას და ნახევარკუნძულზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას.

    დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება ყირიმში ვითარება გაუსაძლისი გახადოს და შედეგად, რუსეთს შეიძლება მოუწიოს მოლაპარაკება მის სტატუსზე“, – განუცხადა კოფმანმა Washington Post-ს.

    გაზეთი იხსენებს, რომ უკრაინა უკვე ცდის მსგავს სტრატეგიას: ამერიკული პროექტის ACLED-ის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან, სავარაუდოდ, მან 70-ზე მეტი დარტყმა განახორციელა ყირიმში ან ნახევარკუნძულზე რუსეთის ობიექტებზე.

    ხშირ შემთხვევაში, ეს იყო საჰაერო თავდასხმები, მათ შორის თვითმფრინავების გამოყენებით. ხანდახან საუბარი შეიძლება იყოს ყირიმის ტერიტორიიდან ორგანიზებულ დივერსიაზე. რუსეთმა მოახერხა ზოგიერთი ასეთი თავდასხმის განეიტრალება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი წარმატებული იყო და დამანგრეველი შედეგები მოჰყვა, ნათქვამია გამოცემაში.

  • “პუტინის ობობები”–Times პროპაგანდისტ ტატარსკის მკვლელობას რუსეთის შიდა დაძაბულობას უკავშირებს

    ბრიტანული გაზეთი  „თაიმსი“ აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „პუტინის ობობები“– სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომლის დროსაც  ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი (მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი) დაიღუპა.

    გაზეთის ჟურნალისტების თქმით, ტატარსკის მკვლელობა უფრო მეტად უკავშირდება რუსეთში არსებულ შიდა წინააღმდეგობებს, ვიდრე უკრაინის სპეცსამსახურების ქმედებებს.

    ამავდროულად, Times მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის სიტყვებზე, რომელიც ტატარსკის გარდაცვალების კომენტირებისას დაწერა, რომ “ობობები ქილაში ერთმანეთს ჭამენ”.

    რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვერსიის საპასუხოდ, რომ  აფეთქებაზე პასუხისმგებელი უკრაინაა, გაზეთი წერს: “ეს იყო მეტისმეტი პუტინის საინფორმაციო მანიპულატორებისთვისაც კი. ამგვარი ბრალდებები შეიძლება კიევის უსაფრთხოების სამსახურებისთვის კომპლიმენტიც იყოს, მაგრამ მათ ოფიცრებს აშკარად არც დრო აქვთ და არც შესაძლებლობა,  რუსეთის ულტრანაციონალისტურ წრეებში აგენტები გადაიბირონ“.

    „სინამდვილეში მკვლელობა ასახავს პუტინის ელიტაში განხეთქილებას, შიდა პოლიტიკის სისასტიკეს და განგსტერულ მენტალიტეტს, რომელიც ომის პერიოდის რუსეთში დომინირებს“, – ნათქვამია Times-ის რედაქციაში.

    გაზეთი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მკვლელობასაც იხსენებს, რომელიც გასულ ზაფხულს მოხდა, და მას რუსულ ელიტაში განხეთქილებას უკავშირებს.

    ამგვარი განხეთქილების აღწერისას, Times-ის ჟურნალისტები იხსენებენ კონფლიქტს ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინსა და მის მხარდამჭერ ულტრანაციონალისტებს შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფომინი მხარს უჭერდა პრიგოჟინის შეხედულებებს – და ააფეთქეს კაფეში, რომელიც მას ეკუთვნოდა, იხსენებს გაზეთი.

    „პირველი, რაზეც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ, არის ის, რომ თავდასხმა მოაწყეს ან ვაგნერის ჯგუფის შიდა მოწინააღმდეგეებმა, ან მათ, ვინც ეჭვიანობს მისი გავლენების გამო კრემლში“, – თვლის გამოცემა.

    სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯარით. გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო დროს მსხვილი ენერგეტიკული კომპანიების სულ მცირე 15 მაღალი თანამდებობის პირი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა – მაღალი შენობების ფანჯრებიდან ან მოტორიანი ნავებიდან გადმოვარდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შემთხვევა ფორმალურად არის აღწერილი, როგორც უბედური შემთხვევა ან შესაძლო თვითმკვლელობა, სინამდვილეში ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფულადი სახსრების განაწილების ცვლილებებთან: რუსეთში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, “ფულის მოტეხვის“ შესაძლებლობები მცირდება, იტყობინება Times. .

    გაზეთი მოჰყავს Wall Street Journal-ის კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის სტატია, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებამდე თავის გაზეთში აღწერდა, თუ როგორ იზრდებოდა რუსული  წინააღმდეგობა ფინანსებთან დაკავშირებით  სამხედრო ხარჯების დაფინანსებასა და სუბსიდიების გადახდის აუცილებლობას შორის არჩევანის გამო, მუშახელის საერთო ნაკლებობისა და ახალგაზრდების მობილიზაციისგან მასობრივი გაქცევის გამო.

    „ამგვარად, ბზარები იწყებს ფორმირებას ავტოკრატიულ რეჟიმში, რომელიც სასტიკი ხდება, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს“, – ასკვნის Times. პუტინმა შექმნა სისტემა, რომლის დახმარებითაც მან მისი გაანგარიშებით მინიმუმ კიდევ 10 წელი შეიძლება მართოს ქვეყანა, თუმცა ყოველდღიურად ეს სცენარი სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.