Category: მსოფლიო

  • რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – მედვედევი

    რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა პუბლიკაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში. მან ასევე  უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა.

    “და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი”. – წერს იგი.

    რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.

    “ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს”. – წერს მედვედევი.

  • ჩინეთი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თან რუსეთს ომში ეხმარება – ბლინკენი

    “პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი – აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით.]…] ვფიქრობ, ჩინეთი ერთდროულად ორივე გზის გამოყენებას ცდილობს. მას სურს აღიქმებოდეს, როგორც მშვიდობის მიღწევის მოსურნე და ამავე დროს, ის აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, ეხმარება რუსეთის პროპაგანდას  და როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევასაც განიხილავს.”

    განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან  ინტერვიუში.

  • ბოლო 24 საათში, უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში  უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

    “ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

     

  • ყირიმის შემთხვევაში, დეოკუპაციის გარდა, სხვა გზა არ განიხილება – ზელენსკი

    “ახლა ყირიმში რუსეთის სამფეროვანი დროშის ქვეშ ბოროტება, ძალადობა, მკვლელობები და ომი სუფევს. თუმცა, მე მჯერა, რომ სადაც ამ ბოროტებამ საწყისი პოვა, სწორედ იქ მოელის მარცხი.

    ყირიმის გათავისუფლება ერთადერთი სწორი გზაა, არამარტო უკრაინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამაში დარწმუნებული ვარ.

    როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ანალოგიურად მოვითხოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც სცენ პატივი, მთელ უკრაინას პოლესიედან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებამდე, ჩრდილოეთის ქალაქებიდან სევასტოპოლამდე და ქერჩამდე.

    ჩვენი ხალხი აღმოსავლეთსა და სამხრეთში თანაბრად იმსახურებს თავისუფლად ცხოვრებას”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • Reuters: აშშ–ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

    სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები, დგანან სოციალურ მედიაში აშშ-ის რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვის უკან უკრაინის შეტევის მომზადების შესახებ, რომლებიც ნაწილობრივ ასახავს უკრაინაში ერთი თვის წინანდელ ომის სურათს, იტყობინება Reuters პარასკევს სამ ამერიკელ ჩინოვნიზე დაყრდნობით.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა უკიდურესად უჩვეულოა და ავტომატურად გამოიწვევს გამოძიებას.

    ამასთან, დამკვირვებელთა ყველაზე დიდი ყურადღება მხარეთა ზარალის შესახებ მონაცემებმა მიიქცია, რომლებიც გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მოცემული. სწორედ ეს მონაცემები იწვევს  დიდ ეჭვებს. დოკუმენტის ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, უკრაინასთან ომში  მხოლოდ 16-17,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

    როგორც ჩანს, დოკუმენტები შეცვლილი იყო რუსული ძალების მიერ მიყენებული მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად, განუცხადეს სააგენტოს აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ მათი შეფასებები არაოფიციალურია  და არ ეხება გამოძიებას თავად გაჟონვის შესახებ.

    თუმცა, Reuters-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ პენტაგონის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – დაახლოებით 200 000 დაღუპული და დაჭრილი რუსი.

    პენტაგონმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე დოკუმენტების ავთენტურობაზე, რომლებიც აშკარად არ ეთანხმება მათ შეფასებებს.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტები უკრაინის შეტევითი გეგმების შესახებ “რუსეთის მიერ არის გაყალბებული”.

    პენტაგონმა უარი თქვა კომენტარი გააკეთოს დოკუმენტების ავთენტურობაზე, რომლებიც  ვებგვერდებზე ვრცელდება, მათ შორის Twitter-სა და Telegram-ზე, დათარიღებულია 1 მარტით და აქვს  წარწერები “საიდუმლო” და “სრულიად საიდუმლო”.

    დოკუმენტები თითქოსდა  უკრაინის ფრონტზე ვითარებას აფასებდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს მონაცემებს ბრიგადების შესახებ დასავლური აღჭურვილობით , რომლებიც სავარაუდოდ უკრაინაში ყალიბდება მომავალი კონტრშეტევისთვის.

    ამ „გაჟონვის“ კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები შედგენილია ნაწილობრივ ღია ინფორმაციაზე, ნაწილობრივ კი ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, თუ რუსეთი მართლაც მიიღებდა საიდუმლო ინფორმაციას პენტაგონისგან, მას არ გაავრცელებდა საზოგადოებაში.

    იგივე მოსაზრებას გამოთქვამენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დოკუმენტები აშკარად შედგენილია ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და არა საიდუმლო მონაცემებით.

    თუმცა, მანამდე პენტაგონის სპიკერმა დაუდასტურა CNN-ს, რომ მისი ოფისი გაჟონილ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

    რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა პასუხის გაეცა სააგენტოს შეკითხვებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით.

     

  • “მოვუწყოთ პუტინს წვეულება” – უკრაინელი დეველოპერი 20 მლნ გრივნას გადასცემს ადამიანს, რომლის დრონიც 9 მაისს მოსკოვში დაეშვება

    Monobank-ის თანადამფუძნებელმა და Dovbush T10 UAV-ის დეველოპერმა ვლადიმერ იაცენკომ განაცხადა, რომ 20 მილიონ გრივნას მიიღებს ის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლის დრონიც 9 მაისის აღლუმის დროს, მოსკოვის წითელ მოედანზე დაეშვება. ამის შესახებ, დეველოპერმა, ერთიანი ნაციონალური ტელემარათონის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

    “9 მაისი ძალიან კარგი მომენტია. რადგან, როგორც წავიკითხე, პუტინი აღლუმს გეგმავს წითელ მოედანზე და ბევრი სამხედრო იქნება. ანუ ეს იქნება, როგორც ამბობენ, „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვინც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაშია ჩართული – მოვუწყოთ მას წვეულება. მე ოფიციალურად ვაძლევ პრიზს უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინულ მწარმოებელს, რომლის თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, სამხედროების დახმარებით, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაფრინდება და დაეშვება. პრემიის ოდენობა ახლა 20 000 000 გრივნაა. იმედია  ის სამართლიანად გაიყოფა მწარმოებელსა და სამხედრო ოპერატორებს შორის, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ დავალებებს და თანხა მოხმარდება უპილოტო საფრენი აპარატის გაუმჯობესებას.გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საფრენ აპარატს უნდა ჰქონდეს უკრაინული სლოგანი, მაგალითად, „დიდება უკრაინას!“, „დიდება გმირებს“ და ა.შ. ” განაცხადა ვლადიმერ იაცენკომ.

  • ბლინკენის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყება

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში, უკრაინის კონტრშეტევა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC-ი ავრცლეებს.

    სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები რუსეთზე სანქციებითა და ექსპორტის კონტროლით უპრეცედენტო ზეწოლას გააგრძელებენ.

  • პოდოლიაკმა უკრაინის მომავალი კონტრშეტევის ოთხი კომპონენტი დაასახელა

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა არხ 24-თან ინტერვიუში დაასახელა უკრაინული ძალების მომავალი კონტრშეტევის ოთხი ძირითადი კომპონენტი რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

    პირველი კომპონენტი – უნდა გაგრძელდეს იარაღისა და აღჭურვილობის  დაგროვება კონტრშეტევისთვის.

    მეორე – უკრაინელი სამხედროების ინტენსიური მომზადება და ამ ოპერაციაში მონაწილეობის კოორდინაცია.

    მესამე – გენერალური შტაბის მიერ მომავალი კონტრშეტევის დაგეგმვის გაგრძელება ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალისწინებით.

    მეოთხე – საინფორმაციო კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს რუსული არმიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

    მისი თქმით, კონტრშეტევა დაიწყება „როცა ყველაფერი ერთ ფაზლში აეწყობა“.

  • აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების “საგზაო რუქის” მინიჭებას- FT

    აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მცდელობებს, შესთავაზონ კიევს ნატოს წევრობისთვის „გზის რუკა“ ნატოს ივლისის სამიტზე, რაც ასახავს დასავლეთში განხეთქილებას კიევის ომის შემდგომი სტატუსის გამო.

    ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკების ოთხ მონაწილეზე დაყრდნობით იტყობინება.

    მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების ფონზე, რომ ის დაესწრება ვილნიუსის სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს რეალურ ნაბიჯებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ, როგორიცაა ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ან ალიანსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.

    მარტში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს წარუდგინა დოკუმენტი კიევისთვის “პრაქტიკული და პოლიტიკური” წინადადებებით, როგორიცაა ახალი დეკლარაცია უკრაინის ურთიერთობების შესახებ ნატო-სთან, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ უკრაინა რაღაც მომენტში გახდება ალიანსის წევრი.

    ამ კვირაში მოლაპარაკებებში ჩართულმა დიპლომატებმა განუცხადეს FT-ს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში აქტიურად განიხილავდნენ, თუ რა უნდა შესთავაზონ უკრაინას.

    ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სერიოზულად ვერ განიხილება მაშინ, როცა ქვეყანა ომშია.

    მაგრამ ორმა ადამიანმა, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კვირის შეხვედრებს, უთხრა FT-ს, რომ იყო მზარდი მხარდაჭერა  ვილნიუსის სამიტზე უკრაინის წევრობის “პოლიტიკური გზის” შეთავაზებისთვის, რაც გააძლიერებდა კავშირებს ნატოსა და კიევს შორის. თუმცა, ამ წყაროების მიხედვით, შეერთებული შტატები, ისევე როგორც გერმანია და უნგრეთი, ეწინააღმდეგებიან ამ წინადადებას.

    ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ომის დროს კიევის ალიანსთან კავშირების გაღრმავებამ შეიძლება ხელი შეუწყოს  პუტინის ნარატივს რუსეთ-ნატოს ბრძოლის შესახებ და გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია, ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგების ჩათვლით.

    ამის ნაცვლად, აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის მოკლევადიან სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რათა დაეხმარონ მას წინააღმდეგობის გაწევაში და, საბოლოოდ, რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის პრაქტიკული დახმარება, როგორიცაა საბრძოლო მასალები და ომის შემდგომ შესაძლო პოლიტიკურ ურთიერთობებზე დისკუსიები მხოლოდ ამ მიზანს აკნინებს.

    „ჩვენ წინ გვაქვს რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა დავხუროთ ეს უთანხმოება და მივაღწიოთ პოლიტიკურ შედეგს“, განუცხადა FT-ს ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.

  • პოლონეთი უკრაინას „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს

    პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას  “მიგ-29” ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს.  მედიის ცნობით, უკრაინამ უკვე მიიღო ოთხი ავიამოიერიშე.

    შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.