Category: მსოფლიო

  • ერდოღანი აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს

    თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლებელია აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს და მუზეუმის სტატუსი მოეხსნას. ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს. ერდოღანის თქმით, სტატუსის მოხსნის შემდეგ ნებისმიერი მსურველი ტაძარს სრულიად უსასყიდლოდ  მოინახულებს.

    “წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს და მუზეუმიდან მეჩეთად გადაკეთდეს.ეს გამორიცხული არაა. ჩვენ შეგვიძლია, ტაძარს აია სოფიას მეჩეთის სახელი დავარქვათ.  მის მონახულებას კი ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანი შეძლებს”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

    აია სოფია  პირველად 360 წელს აიგო, 404 წელს კი სახალხო აჯანყების დროს მომხდარმა ხანძარმა ტაძრის ნაწილი გაანადგურა.მეორედ  415 წელს ბაზილიკის სტილში აიგო  თეოდოსიუს II მიერ. 532 წელს სახალხო  აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა, ამიტომ იუსტინიანე I– მა ბრძანა ტაძარი მალევე აღედგინათ. რესტავრაცია მალევე დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

    აია სოფია ამჟამად  მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული. მას  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.

  • ათასობით ადამიანი ლონდონის ქუჩებში ბრექსითის გაუქმების მოთხოვნით

    შაბათს დილით ლონდონში ათასობით ადამიანმა საპროტესტო მარში მოაწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხთან დაკავშირებით ახალ რეფერენდუმის მოთხოვნით. ამ დროისთვის უკვე 4 მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც პარლამენტს მიმართავენ და ბრექსითის გაუქმებას ითხოვენ. საპროტესტო მარშის მონაწილეები პარკ–ლეინზე ჩეიკრიბნენ და მსვლელობით გაიარეს სენტ–ჯეიმს სთრითი, პელ–მელი, ქოქსპურ სთრითი და უაითჰოლი, საბოლოო წერტილი კი საპარლამენტო მოედანი იყო, სადაც მიტინგი გაიმართა.
    “ბრექსითი აღმაშფოთებელი ფარსია, მთავრობა კი გავს იმ მამას, ვისაც შვილთან საკუთარი შეცდომის აღიარება არ უნდა.“
    “მარშს ახალგაზრდობა და სტუდენტები ხელმძღვანელობენ. ჩვენ ყველაზე მეტხანს მოგვიწევს ტანჯვა ბრექსითის გამო და გვინდა ჩვენი მომავლის გადაწყვეტისას ხმის უფლება გვქონდეს.“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.
    ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ოთხშაბათს პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალურად მოთხოვა ევროკავშირს 30 ივნისამდე ვადის გადაწევა. ხუთშაბათს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მზად არიან ბრიტანეთს ვადა გაუზარდონ, თუმცა მხოლოდ 22 მაისამდე, ან მხოლოდ 12 აპრილამდე – იმის მიხედვით, დაუჭერს თუ არა მხარს მომავალ კვირას ქვეყნის პარლამენტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულებას.
    ბრიტანეთისთვის ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევა ორივე მხარეს მკვეთრი და უხეში განშორების მძიმე შედეგებისგან დააზღვევს, თუმცა არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმების პროექტს მხარს დაუჭერს. დეპუტატებმა მისი მიღება უკვე ორჯერ ჩააგდეს. თუ მომავალ კვირასაც იგივე განმეორდა, ბრექსიტის ბედი 12 აპრილამდე გადაწყდება. ამიტომაც ბრიტანეთმა საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირს.

    ბრიტანეთის პრემიერმა ორი დღის წინ ნაციას მიმართა და ირწმუნებოდა, რომ ის ხალხის მხარეს არის. მეიმ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა და განაცხადა, რომ დეპუტატებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ტერეზა მეის ბევრი ოპონენტი ამბობს, რომ ამ გამოსვლით მან საკუთარი თავი და ხალხი პარლამენტს დაუპირისპირა.
    ტერეზა მეის ამ გამოსვლას მის მიმართ კრიტიკა მოჰყვა, ბრექსითის გაჭიანურებულ და დასრულებელ პროცესს კი არაერთი ხუმრობა სოციალურ ქსელში. მაგალითად, ტვიტერზე ხუმრობდნენ: “შეიძლება დაუსრულებლად უყურო სამ რამეს: როგორ იწვის ცეცხლი, როგორ მიედინება წყალი და როგორ გამოდის ბრიტანეთი ევროკავშირიდან.“
  • მეგან მარკლის საორსულო გარდერობი 650 000 დოლარი დაჯდა

    ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლე ფეხმძიმობის მანძილზე 75 –ჯერ გამოჩნდა საჯაროდ ბრენდულ ძვირადღირებულ სამოსში. მისი გარდერობი შვიდჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე მეორე პრინცესას, პრინც უილიამის ცოლის, ქეით მიდლტონის საორსულო ტანსაცმელი.
    მეგანს სამოსზე ფულის დაზოგვა არ უყვარს. წამოზრდილი მუცლის მიუხედავად არ დაუკარგავს სურვილი მდიდრულად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ფეხმძიმე პრინცესას გარდერობის ღირებულებამ 650 000 დოლარი შეადგინა.
    მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ მეგანი და ჰარი ბავშვს ელდებიან მარკლი 75 ჯერ გამოჩნდა საჯაროდ და ყოველ ჯერზე ახალი სამოსით. მისი ელიტარული ლუქების უმრავლესობა რიგითი ბრიტანელებისთვის ხელმიუწვდომელია. მაგალითად, გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოებაზე ოქტომბერში მარკლი ოსკარ დე ლა რენტას 13 200 დოლარიანი კაბით მივიდა.

    მაროკოში ბრიტანეთის ელჩის მიღებაზე პრინცი ჰარის მეუღლე დიორის 118 000 დოლარიანი კაბით გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიკერა. მარტო ამ დღეს მისი სამოსი ფეხსაცმელთან და სამკაულებთან ერთად 90 000 ფუნტ სტერლინგად შეფასდა. მეფე მუჰამედ მეექვსესთან მიღებაზე მეგანს კაროლინა ჰერერას 3222 ფუნტი სტერლინგის ღირებულების კაბა ეცვა.

    The Royal Variety Performance –ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კონცერტზე ნოემბერში მეგან მარკლი Safiyaa–ს 7 ათას დოლარად ღირებულ სამოსში მივიდა.


    პრინცესამ მხოლოდ რამდენჯერმე “დაიმდაბლა“ თავი  და იაფფასიანი სამოსით გამოჩნდა. ერთხელ H&M–ის 35 დოლარიანი კაბაც ეცვა, და სხვათა შორის ამ ბრენდის ქსელში მეორე დღესვე მსგავსი კაბის მოდელი ბოლომდე გაიყიდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მეგანის ჩაცმულობაზე ფული ბიუჯეტიდან არ იხარჯება. რძლების კაბების ფულს პრინცი ჩარლზი იხდის, რომელსაც კორნუოლის საჰერცოგოს მიწებიდან ცალკე შემოსავალი აქვს.
    ბევრი ეჭვობდა, რომ ბრენდები პრინცესას სამოსს უფასოდ აძლევენ. და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, რადგან, მაგალითად, მას შემდეგ, რაც მეგანი ავსტრალიელი დიზაინერის, კარენ ჯის კაბაში გამოჩნდა, მისი გაყიდვები ექვსი ათასი პროცენტით გაიზარდა.კიდევ ერთმა ბრენდმა, Outland Denim–მა კი გაყიდვები 2 000 პროცენტით გაზარდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული ოჯახის წევრი მისი სამოსით საჯაროდ გამოჩნდა. თუმცა კენსინგტონის სასახლეში ამტკიცებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ეტიკეტით ასეთი საჩუქრების მიღება ეკრძალებათ.
    მოკლედ, მეგან მარკლი შეეცადა მისი ფეხმძიმობა მოდური და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ეს პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მეგანი ბავშვს აპრილში გააჩენს. მანამდე კი საჯარო აქტიურობა შეწყვი და მხოლოდ რამდენიმე არაოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
  • აზერბაიჯანში ათეულობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს

    ნოვრუზის დღესასწაულის წინა საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 400-მდე პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის რამდენიმე ათეული ადამიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნეოდა. ბევრი დამკვირვებლის თქმით, ალიევის ხელისუფლება წლების განმავლობაში შეუწყნარებელი იყო პოლიტიკური კრიტიკისადმი და ეს შესაძლოა პოლიტიკის ცვლილებას მოასწავებდეს. გათავისუფლებულთა შორისაა ალი ინსანობი, ქვეყნის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური ლიდერები გოზალ ბაირამლი, ფუად გარამანლი, ჟურნალისტი ფიკრეტ ფარამაზოღლუ და სხვა ოპოზიციონერი და ახალგაზრდა აქტივისტები.

    ევროკომისიის პრეს-სპიკერი მაია კოსიანჩიჩმა ალიევის გადაწყვეტილება მოიწონა და მას “მისასალმებელი ნაბიჯი” უწოდა. გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ის ამბობს, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანისგან მომავალში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ​სხვა მსგავს ნაბიჯებსაც ელის. ალიევის ხელისუფლებას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ ისეთი უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა “ჰუმან რაითს უოჩი” და “საერთაშორისო ამნისტია”.

    კრიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი სწორედ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს ეხებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ალიევმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა: მიიღო კრედიტების შემამსუბუქებელი განკარგულებები, გასცა კომპენსაციები სამხედრო ვეტერანების ოჯახებზე, გაიზარდა სტუდენტების სტიპენდიების რაოდენობა. რაც შეეხება შეწყალებას, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულთა შორის 51 პოლიტიკურ პატიმრად იყო ცნობილი, ათეულობით სხვა ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. მათი პატიმრობის საფუძველი კი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, სწორედ მათი პოლიტიკური შეხედულებები და ალიევის საწინააღმდეგო პოზიციებია.

    მათ შორის არიან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის წინ თბილისიდან გაუჩინარდა და ბაქოს საპატიმროში აღმოჩნდა, ასევე ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი, რომელიც ალიევის რეჟიმს კორუფციაში ადანაშაულებდა. გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი ილჩინ რუსტამზადეა, ბლოგერი და პრო-დემოკრატიული ახალგაზრდული ჯგუფის წევრი, რომელიც 2013 წელს მშვიდობიანი პროტესტისას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. “ამას არ ველოდი”, – უთხრა რუსტამზადემ ჟურნალისტებს ციხის კარებთან. “მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. მთავარი არა ჩვენი, არამედ აზერბაიჯანის თავისუფლებაა და ჩვენი ღირებულებების გამარჯვება”.

    გათავისუფლებულთანაგან ბევრმა მსგავსი განცხადებები გააკეთა. ზოგმა კი დასავლეთსა და შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ გათავისუფლებას მიაღწიეს. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან, მამამისის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ იკავებს. მის მმართველობას უფლებადამცველი ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან მისმა მთავრობამ თანდათან უფროდაუფრო შეზრუდა პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები, ოპოზიციური პარტიებისა დ აჟურნალისტების საქმიანობა. “ფრიდომ ჰაუსი” აზერბაიჯანს არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში განიხილავს სხვა ყველაზე რეპრესიული ქვეყნების გვერდით. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” კი მას “10 ყველაზე მკაცრი ცენზურის მქონე” ქვეყნებს შორის ასახელებს.

    წყარო: ამერიკის ხმა
  • სასტიკი შეტაკებები პარიზში. ყვითელჟილეტიანების პროტესტი განახლდა

    ყვითელი ჟილეტების აქცია პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სასტიკ შეტაკებებში გადაიზარდა. ტრიუმფალურ თაღთან მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების“ რიგით 18–ე აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. თუმცა აქციის დაწყებიდან მალევე დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ნაგავი დაუშინეს. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

    დემონსტრანტებმა დაარბიეს და შუშები ჩაუმსხვრიეს ქალაქის ცენტში მდებარე რამდენიმე რესტორანს და ბუტიკს. მათ შორის დაზარლდა Lacoste–ს და Kenzo–ს მაღაზიები. პროტესტანტებმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანეკენები ქუჩაში გამოყარეს, იქვე მდებარე საგაზეთო კიოსკი კი დაწვეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა პროტესტანტების და მათი ქმედებები დაგმო,ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა და პარიზში ქაოსის დანერგვა უნდა. მინისტრმა პოლიციისგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა დემონსტრანტების მხრიდან “მიუღებელ ქმედებებზე.“


    ფრანგული მედიის ინფორმაციით შეტაკებების დროს 20 ადამიანი დააკავეს.

    საპროტესტო გამოსვლის წინ “ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში აქცია ასე დააანონსეს: “აქტი 18 –ულტიმატუმი– მთელი საფრანგეთი პარიზში“ “ჩვენ ვუყენებთ ულტიმატუმს საფრანგეთის პრეზიდენტს და მთავრობას. გვინდა ჩვენი მოთხოვნები შესრულდეს. ჩვენი გამოსვლები ნომბრის შუა რიცხვებში დავიწყეთ და დღემდე ჩვენი ხმა არავინ შეისმინა. ერთადერთი პასუხი პოლიციის ძალადობა იყო“ – ნათქვამია აქციის ორგაიზატორთა საპროტესტო კომუნიკეში.
    ყვითელ ჟილეტიანთა პროტესტი ნოემბრიდან გრძელდება. პროტესტი საწვავზე გადასახადების ზრდის შეჩერების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. პროტესტანტების მთავარი პრეტენზია ის არის, რომ პოლიტიკური ელიტა უბრალო ხალხის პრობლემებს დაშორდა.

    დეკემბერში ემანუელ მაკრონი გარკვეულ ეკონომიკურ დათმობებზე წავიდა. საახალწლო მიმართვაში კი ტონი შეცვალა და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებს განაგრძობს, თუმცა არანაირი დანდობა არ იქნება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისას.
    ყვითელჟილეტიანების აქციების დაწყების მომენტიდან დაზარალდა დაახლოებით 1000 პოლიციელი. მიტინგები პარიზში უკვე არაერთხელ გასცდა მშვიდობიან ფარგლებს და ვანდალიზმში და რბევაში გადაიზარდა.
    აქციების დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიჭრა. არეულობებს უკავშირდება მინიმუმ 10 ადამიანის დაღუპვა. საფრანგეთის პროლიცია აქციების დასარბევად არალეტალურ იარაღს იყენებს პლასტმასის და რეზინის ტყვიებით:ინსტრუქციის თანახმად ასეთმა ტყვიებმა კანის მთლიანობის დარღვევა და ჭრილობა არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა პრაქტიკაში ამ ტყვიებით ათეულობით ადამიანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო.
    1 თებერვალს საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციას მომავალშიც შეუძლია ტრავმატული იარაღის გამოყენება, რადგან არეულობების საფრთხე კვლავ არსებობს.
  • აშშ–ს და ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს

    შეერთებული შტატებმა, ევროკავშირმა და კანადამ კოორდინირებული გადაწყვეტილებით, რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს. ახალი სანქციების შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერთობლივი სანქციების ახალი რაუნდის მიზეზია “რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” და ისინი უწესდება “ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან გაუმართლებელ თავდასხმას სამ უკრაინულ გემზე.”

    შეერთებული შტატები ასევე დამატებით სანქციებს უწესებს “ექვს რუსულ კომპანიას, მათ შორის, გემთმშენებელ კომპანიებს, ორ ინდივიდუალურ პირს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკაინაში ორკესტრირებულ “არჩევნებში” იყვნენ ჩართული და ორ რუსულ ენერგო და სამშენებლო კომპანიას, რომლებიც საქმიანობას ყირიმში აწარმოებს.”

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ხუთი წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო, ჩვენ, ჩვენს ტრანს-ატლანტიკურ მოკავშირეებთან ერთად, ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ წარმოებულ დამაზიანებელ და არაკანონიერ ქმედებებს, მათ შორის, ქეჩის სრუტესთან განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდასხმა წარმოადგენდა საშიშ ესკალაციას და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.”

    ამერიკის დიპლომატიური უწყება რუსეთს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ჩამორთმეული გემები და დაკავებული მეზღვაურები და ღია დატოვოს ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა უკრაინულ პორტებში გემების ტრანზიტისთვის.”

    “ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაშიც ტერიტორიული წყლებიც შედის.”

    სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას რუსეთის მიმართ “მკაფიო გზავნილით” ამთავრებს და ამბობს, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე არ გადგება, სანამ რუსეთი საერთაშორისო ნორმებსა და კანონებს არღვევს და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობა ერთსულოვანია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გაწეულ ძალისხმევაში.”

  • Volkswagen–ის ხელმძღვანელმა ნაცისტური ლოზუნგის გამო ბოდიში მოიხადა

    საავტომობილო კონცერნ Volkswagen–ის გენერალურმა დირექტორმა ჰერბერტ დისმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნაცისტურის მსგავსი ლოზუნგი გამოიყენა კორპორაციის შემოსავლების გაზრდის აუცილებლობისთვის ხაზგასასმელად.
    სამშაბათს კომპანიის თანამშრომლების წინაშე გამოსვლისას დისმა გამოიყენა ფრაზა “Ebit macht frei”, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიშის მოხდა მოუწია. საქმე იმაშია, რომ ეს სიტყვათა წყობა კიდევ ერთი გერმანული ფრაზის ასოციაციას იწვევს, რომელიც ნაცისტებს საკონცენტრაციო ბანაკებში , მათ შორის ოსვენციმის ბანაკში ჰქონდათ გამოკიდებული – “Arbeit Macht Frei” (შრომა ათავისუფლებს).
    თავის განცხადებაში კონცერნის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ არასწორად შეარჩია სიტყევბი და მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ კოპანიის ფინანსური მდგომარეობა ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეზე საუბრისას დისს მისი თქმით მხედველობაში ქონდა EBIT, ანუ საოპერაციო მოგების გაგების ლათინური აკრონიმი.
    “არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა, რომ ეს ფრაზა რამე სხვა კონტექსტში ყოფილიყო აღქმუ№ლი. იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.“– განაცხადა მან.

    სწორედ ეს ფრაზა “შრომა ათავისუფლებს“ ხვდებოდათ გამოკრული ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მისულ პატიმრებს

    ბოდიში დისმა მას შემდეგ მოიხადა, რაც Volkswagen – მა განაცხადა, რომ 7000 ადამიანს შეამცირებს იმ გეგმიდან გამომდინარე, რომ კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე აპირებს ფოკუსირებას, რასაც ნაკლები ადამიანი სჭირდება. ამ კვირის დასაწყისში კომპანიამ გამოაცხადა წლიური მოგების შესახებ, რამაც 12 მილიარდი ევრო შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ მას მსხვილი კომპენსაციების გადახდა მოუწია “დიზელგეითის“ სკანდალის გამო, რომელიც მავნე აირების გამონაბოლქვს უკავშირდებოდა.

    ჰერბერტ დისი ამბობს, რომ კარგად ესმის კომპანიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მესამე რეიხის დროს მისი როლიდან გამომდინარე.
    კომპანია Volkswagen 1937 წელს ადოლფ ჰიტლერის ინიციატივით დაარსდა, რათა გერმანულ ოჯახებს ავტომობილების შეძენის საშუალება ჰქონოდათ.მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია არმიისთვის აწარმოებდა ავტომობილებს და ამისთვის ვოლფსბურგის სიახლოვეს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკების 15 ათასზე მეტი ტუსაღის შრომას იყენებდა. კომპანიის სათაო ოფისი სწორედ აქ მდებარეობს.
    ფრაზა, რომელიც ნაცისტებში პოპულარული გახდა, პირველად 19–ე საუკუნეში გამოჩნდა, როგორც გერმანელი მწერლის, ნაციონალისტ ლორენც დიფენბახის რომანის სათაური. 20–ე საუკუნეში ის გარდაიქმნა ლოზუნგად, რომელიც ვეიმარის რესპუბლიკაში უმუშევრობის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მოგვიანებით, 1933 წელს კი ეს წარწერა გიმლერის მიერ დაჰაუში შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკში გამოჩნდა. თავდაპირველად იქ ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს გზავნიდნენ. სლოგანი “შრომა ათავისუფლებს“ მოგვიანებით ნაცისტური პროპაგანდის ნაწილი გახდა, რომელიც ცდილობდა საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის ნამდვილი მიზეზი მიეჩქმალა.
  • მეგან მარკლი დეკრეტში გავიდა. სამეფო ოჯახის განცხადება

    ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლე,  მეგან მარკლი ფეხმძიმობის მერვე თვეშია.
    ბოლო დრომდე ის პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა. თუმც ახლა გადაწყვიტა დაისვენოს და ბავშვის დაბადებამდე საქმიანობა შეაჩეროს. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი დედის კალენდარში ოფიციალური ღონისძიებები ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის. სამეფო ოჯახის პრეს მდივანმა განაცხადა: “სასექსის ჰერცოგინიას გეგმებში ოფიციალური ვიზიტები და ღონისძიებები არ შედის. თუმცა ის აპირებს რამდენიმე კერძო შეხვედრას დაესწროს.“
    მეგან მარკლის ბოლო საჯარო გამოჩენა თანამეგობრობის დღის აღნისანიშნავ ღონისძიებაზე იყო, რომელსაც სამეფო ოჯახი თითქმის მთელი ოჯახი ესწრეოდა. მეგანი პრინც ჰარისთან ერთად მივიდა, ქეით მიდლტონი კი პრინც უილიამთან ერთად.
    ამიერიდან მეგანი მთლიანად ბავშვის დაბადებისთვის მზადებით იქნება დაკავებული. ექიმები შიშობენ, რომ პრინცის მეუღლემ შესაძლოა დადგენილ ვადაზე ადრე იმშობიაროს.
  • უმსხვილესი კორუფციული სკანდალი კალიფორნიის უნივერსიტეტებში

    12 მარტს  ბოსტონში გამართული  პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა კალიფორნიის შტატის წამყვანი უნივერსიტეტების კორუფციული სქემა გახსნა. საუბარია უნივერსიტეტებში სპორტსმენების ჩარიცხვის საქმეზე, მათი აკადემიური თუ სპორტული უნარების და შესაძლებლობების მიუხედავად.
    შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სკანდალია, რომელიც კოლეჯებში სტუდენტების ქრთამით მიღებას ეხება. “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი უკვე 50 ადამიანს წაუყენეს.
    ბრალდებულებს შორის ცნობილი სახეებიც არიან. სკანდალში გახვეულია ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი, მსახიობი ქალები – ფელისიტი ჰაფმანი და ლორი ლაფლინი. ბრალდებულთა სიაში მოხვდნენ უნივერსიტეტების თანამშრომლები, მწვრთნელები, გავლენიანი ბიზნეს ლიდერები, მოდის დიზაინერები, თუ ადვოკატები.
    ბოსტონში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა თქვა, რომ საუბარია მილიონობით დოლარის ოდენობის ქრთამზე, რომელსაც უმაღლესი განათლების დაწესებულებაში მომუშავე ადამიანები სპორტსმენი სტუდენტების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის საფასურად იღებდნენ. ესაა კალიფორნიის რამდენიმე წამყვანი სასწავლებელი: სტენფორდის, იელის და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტები.
  • ქაოსი თუ ბრექსითის გადავადება–ბრიტანეთი კვლავ გაურკვევლობაშია

    ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების პროცესის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ისევ ვერ შეძლეს, ძველი კი ბრიტანეთის პარლამენტისთვის ჯერჯერობით მიუღებელია.

    სამშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი მეორედ უყრის კენჭს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებულ შეთანხმებას. მის მიღწევას ბრიტანელებმა ორ წელზე მეტი დრო მოანდომეს.

    საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტმა იანვარში ხმა არ მისცა და დიდი უმრავლესობით ჩააგდო. ეს ტერეზა მეისადმი გამოცხადებულ ყველაზე დიდ უნდობლობად და ერთგვარ დამარცხებად ითვლება პრემიერობის პერიოდში. სასწორზე ტერეზა მეის პოსტზე დარჩენის საკითხიც კი დადგა.

    დღეს ისე ჩანს, რომ შეთანხმების გატანის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. პრემიერმა ტერეზა მეიმ საჯაროდ აღიარა, რომ მისი დამტკიცების არანაირი გარანტია არ აქვს. “არავინ იცის, რა მოხდება” – თქვა მან.

    გარდამავალ პროცესზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ეს ე.წ. გაყრა რამდენიმე მიმართულებით იქნება მტკივნეული პროცესი. პრობლემები იქმნება არამარტო ბიზნესების გაყოფაში, არამედ ეკონომიკური, უსაფრთხოების, საკანონმდებლო, კულტურული და პოლიტიკური კავშირების დაცალკევების გამოც.

    ბრიტანეთში 3 მილიონი ევროპის კავშირის მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირში კი 1.5 მილიონი ბრიტანელი. ისინი შიშობენ სამხახურების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სახლების, ცხოვრების უფლების და ბევრი სხვა პრობლემების გამო, რაც ბრექსიტს ახლავს თან.

    მთავრობები იძლევიან დაპირებებს, რომ ბრექსიტის შემდეგ ამ ადამიანებს ცხოვრების და მუშაობის უფლებას არ წაართმევენ. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე არაფერია გარანტირებული.