Category: მსოფლიო

  • ამერიკის სანქციები ირანის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ირანის ეკონომიკა წელს 6%-ით შემცირდება. მთავარი მიზეზი შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებია.

    ფონდის მიერ დღეს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ირანში ინფლაცია წელს სავარაუდოდ, 40%-ით გაიზრდება. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს ვადა ამოეწურება ირანზე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შეღავათებს, რომლითაც 8 ქვეყანა სარგებლობდა: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი.

    სანქციები გასული წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ერთპიროვნულად განაახლა. მანამდე, ბირთვული პროგრამების განვითარების გამო, საერთაშორისო სანქციები ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის შეთანხმებით გაუქმდა.

  • ამერიკელი სენატორი, პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად ცნობილი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

    ამერიკის ყოფილი სენატორი, რიჩარდ ლუგარი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე არაკომერციულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ – ლუგარის ცენტრმა გაავრცელა, რომლის საპატიო პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარი იყო.

    რესპუბლიკელი სენატორი რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბირთვული შეიარაღების შემცირების პროგრამის ერთ–ერთი დამფუძნებელი იყო.

    ის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მუშაობდა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში და ორჯერ ოთხწლიანი ვადით მისი თავმჯდომარე იყო. ინდიანას შტატიდან სენატორად ექვსჯერ აირჩიას. იყო ინდიანაპოლისის მერიც. დემოკრატ სენატორ სემ ნანთან ერთად რიჩარდ ლუგარი ჩამოწერილი ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და მათი გადაადგილების საშუალებების უტილიზაციის პროგრამის თანაავტორი იყო. ნანი–ლუგარის პროგრამა აშშ–ს კონგრესმა 1991 წელს მიიღო და განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც იმ დროს ამ საშიში მასალების ლიკვიდაციის და დაცვის საშუალება არ ჰქონდათ.

    ამ პროგრამის რეალიზაციის შესწავლის ფარგლებში ლუგარი არაერთხელ იყო ჩასული რუსეთში. ერთ–ერთი ასეთი ვიზიტის დროს, 2005 წელს მას თან ახლდა ილინოისის შტატის ახალგაზრდა სენატორი ბარაკ ობამა.

    ლუგარი იყო სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის ლიკვიდაციის მხარდამჭერი და 1986 წელს ძალაუფლებიდან კორუმპირებული ავტოკრატი პრეზიდენტის, ფილიპ ფერდინანდ მარკოსის ჩამოშორების მხარდამჭერი.

    ლუგარის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი სენატორი 28 აპრილს დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.

  • წითელას გამო ლოს ანჯელესის 2 უნივერსიტეტში კარანტინი გამოცხადდა

    კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესის ორ უნივერსიტეტში წითელას რამდენიმე შემთხვევა ერთდროულად დაფიქსირდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს წითელას დიაგნოზი დაუსვეს.

    ორივე უნივერსიტეტში მაშინვე კარანტინი გამოცხადდა. თანამშრომლებს და სტუდენტებს, ვისთანაც მათ პოტენციური შეხება ჰქონდათ, მოსთხოვეს სახლიდან არ გავიდნენ, თუკი აცრის დამადასტურებელ საბუთს არ წარადგენენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ინფიცირებულ სტუდენტს 500-მდე ადამიანთან ჰქონდა შეხება. მეორე საჯარო ბიბლიოთეკაში იყო, სადაც ასევე ასობით ადამიანი იყრის თავს.

    თავიდან კარანტინში 120-მდე სტუდენტი და ფაკულტეტის წევრი მოხვდა. აცრის ცნობის წარდგენის შემდეგ, მათი რიცხვი 82-მდე შემცირდა. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინი კიდევ ერთი კვირა გასტანს.

  • მოსკოვი ელოდება რა საგარეო კურსს აირჩევს ზელენსკი

    უკრაინის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში სწრაფი მოლოცვები და მხარდაჭერის კიდევ არაერთი განცხადება მოჰყვა. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპელი მიმომხილველების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დასავლეთსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.

    „დღეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა“, – დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა. „ველოდები მის ადმინისტრაციასთან მუშაობას ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული უკრაინის მხარდასაჭერად“, – თქვა მან.

    ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საერთო წერილში ზელენსკის მიულოცეს და განაცხადეს, რომ კიევმა 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ წინ კიდევ ბევრი საქმეა „მშვიდობიანი, დემოკრტიული და წარმატებული უკრაინისთვის, როგორსაც მისი მოქალაქეები ითხოვენ“.

    მაქსიმ ხულკო, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კვლევების ინიციატივის ფონდის ხელძღვანელია. ის აცხადებს, რომ არ ელოდება კიევის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას. ის ამბობს, რომ გამომდინარე ზელენსკის მრჩევლების და წინასაარჩევნო რიტორიკიდან, სავარაუდოდ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა არ გაიზრდება.

    „ეცდებიან დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ბალანსი იპოვონ. რადგან ახალი პრეზიდენტის წრეში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთა პრიორიტეტიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა“, – აცხადებს ხულკო „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბარში. „რუსეთი შეეცდება სწორედ ამ პრიორიტეტებზე ითამაშოს, ისევე როგორც ზელენსკის პირად სიახლოვეზე რუსულ კულტურასთან და მისი გამოუცდელობით პოლიტიკაში“, – ამბობს ის.

    განსხვავებამ, მისი ამომრჩევლების იდეოლოგიაში, შესაძლოა ზელენსკის მანევრირების საშუალება შეუზღუდოს, იქნება ეს რუსეთთან დაახლოება თუ დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაზრდა.

    „ზელენსკის ამომრჩეველთა ნახევარს რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობები სურს – ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც ღიად პრო-რუსულ კანდიდატებს იური ბოიკოს და ოლეკსანდრ ვილკულს დაუჭირა მხარი პირველ ტურში. მისი ამომრჩევლის მეორე ნაწილი, კვლევების მიხედვით, დასავლურ კურსს ამჯობინებს, თუმცა ისინი გაღიზიანებულები იყვნენ [პეტრო] პოროშენკოს პოლიტიკით“ -ამბობს ის. „ვფიქრობ ზელენსკის ამომრჩევლის უმეტესობამ მას ხმა იმ იმედით მისცა, რომ ის დასავლურ კურსს შეინარჩუნებს“, – თქვა ხულკომ.

    ხულკო აცხადებს, რომ პოლიტიკური მრჩევლები, რომლებიც ზელენსკის გარშემო არიან და რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, ფრთხილად იმოქმედებენ ვაშინგტონთან ურთიერთობისას. ის ამბობს, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციას ესმის.

    „რაც შეეხება ვაშინგტონს, ურთიერთობა დარჩება მაღალ დონეზე. შეერთებული შტატების პოზიცია ასეთია: მათ ესმით, რომ არა თავად ზელენსკი, არამედ ისინი ვინც მასთან ახლოს არიან, ნაკლებად მონდომებულნი იქნებიან რომ (უკრაინელი ოფიციალური პირების გადმოსახედიდან) იხილონ ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკის წამყვან როლში“, – ამბობს ის.

    ნიკოლაი ბელესკოი, კიევში დაფუძნებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტიდან“, ამბობს, რომ ბოლომდე არც მოსკოვმა და არც ვაშინგტონმა ჯერ არ იციან თუ როგორი იქნება ზელენსკის საგარეო პოლიტიკა. „რუსები ელოდებიან ზელენსკის ოფიციალურ რიტორიკას რათა მისი მიდგომა გაიგონ“, – უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

    ზელენსკის მზაობა რუსეთთან ეკონომიკური ჩართულობის კუთხით შესაძლოა შემოწმდეს იაფი ენერგიის მიწოდების გადაწვეტილებით. „კრემლმა შესაძლოა [უკრაინას] იაფი ბუნებრივი აირი შესთავაზოს, მაშინ როცა ზელენსკის მოუწევს არჩევანი გააკეთოს კრემლთან მოლაპარაკებებს და მზარდ უძრავ ქონებას, თუ კომუნალურ გადასახადებს შორის“, – ამბობს ბელესკოი.

    თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწვეტილება, რომ გააიოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა, ორ ქვეყნას შორის მოლაპარაკებების შანსებს ამცირებს.

    შეერთებული შტატების საელჩომ კიევში ოთხშაბათს განაცხადა, რომ კრემლის ბრძანება გააადვილოს რუსული პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „აბსურდია“.

    „ყირიმი უკრაინაა. დონეცკი უკრაინაა. ლუჰანსკი უკრაინაა. ჩვენ ვგმობთ უკანასკნელ აბსურდს და დონეცკისა და ლუჰანსკის მცხოვრებლებისთვის ბრძანებას, რომელიც არასტაბილურობას ისახავს მიზნად და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

    ზელენსკის გუნდმა საკუთარი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის ქმედებებს ის აღწერს, როგორც „კიდევ ერთხელ ნათელ დასტურს მსოფლიო საზოგადოებისთვის რუსეთის რეალურ როლზე, როგორც აგრესიულ სახელმწიფოზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ბრძანება ჩვენ არ გვაახლოებს მთავარ გადაწვეტილებასთან: ცეცხლის შეწყვეტასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დაუჯერებელი ისტორია: ქალი 27 წლიანი კომიდან გამოვიდა

    მუნირა აბდულა არაბეთის გაერთიანებული საემიროდან 27 წლიანი კომიდან გამოფხიზლდა. 1991 წელს ავტოკატასტროფისას ის საკუთარი სხეულით გადაეფარა 4 წლის შვილს, ომარს, რათა ის გადაერჩინა. ომარმა ჟურნალისტებს დედის ისტორია უამბო. ავტოკატასტროფისას მუნირა 32 წლის იყო. ავტომობილი, რომელსაც მისი მაზლი მართავდა ავტობუსს შეეჯახა. მუნირა და მისი შვილი, ომარი უკანა სავარძელში ისდნენ.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ომარი ყვება, რომ შეჯახების წინ დედამ მოასწრო და შვილს სხეულით გადაეფარა. “იმედი არასოდეს დამიკარგავს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ოდესმე გაიღვიძებდა. გადავწყვიტე ეს ისტორია ხალხს მოვუყვე, რომ იმედი არ დაკარგონ, თუ მათი ახლობლები ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ნუ ჩათვლით მათ გარდაცვლილად, კომა სიკვდილს არ ნიშნავს“ – ამბობს გაზეთ National-თან ინტერვიუში ომარი.“დედა ჩემთან ერთად უკანა სკამზე იჯდა. როცა დაიანახა, რომ ავარია გარდაუვალი იყო შემომეხვია, რომ დარტყმისგან დავეცავი.“ –ამბობს ომარი. საბოლოდ ის მხოლოდ მსუბუქი ტრავმით გადარჩა, დედამ კი ქალა–ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო და მხოლოდ გასულ წელს, გერმანიაში გამოვიდა კომიდან, რომელშიც 27 წელი გაატარა.

    ავარიის შემდეგ მუნირა საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი ლონდონში გადაიყვანეს. ის ვეგეტატიურ მდგომარეობაში რჩებოდა – სტიმულებზე არ რეაგირებდა, მაგრამ ტკივილს გრძნობდა.
    შემდეგ ის უკან, გაერთიანებულ საემიროში, მშობლიურ ქალაქ ელ აინში გადაიყვანეს, სადაც მისი სადაზღვევო პოლისის მიხედვით საავადმყოფოში დააწვინეს. იქ რამდენიმე წელი დარჩა. მას მილებით კვებავდნენ და პერიოდულად ფიზიოთერაპიას უტარებდნენ, რომ კუნთების ატროფია არ დაწყებოდა.

    2017 წელს მუნირას ოჯახს პრინცის ოჯახიდან გრანტი შესთავაზეს. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ფულს სთავაზობდა ქალის გერმანიაში გადასაყვანად. მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, რათა დისტროფიის განვითარება აღეკვეთათ და ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრეპარატები დაუნიშნეს.

    მუნირას გერმანიაში გადაყვანიდან ერთი წლის შემდეგ ერთ დღესაც ომარი საავადმყოფოს პერსონალს ხმამაღლა ეკამათებოდა, როცე დედამისი გაინძრა. “პალატაში დიდი აურზაური იყო და როგორც ჩანს, იფიქრა რომ საფრთხეში ვიყავი და ამან შოკის პროვოცირება გამოიწვია. უცნაურ ხმებს უშვებდა. ექიმებს ვთხოვე გაესინჯათ. მათ თქვეს, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო. სამი დღის შემდეგ პალატაში ძილის დროს გამეღვიძა იმის გამო, რომ ვიღაც ჩემს სახელს იძახდა. ეს დედა იყო! ჩემს სახელს ამბობდა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ეს იყო მომენტი, რომელზეც წლობით ვოცნებობდი. მისი პირველი სიტყვები ჩემი სახელი იყო“– ყვება ომარი.

    მუნირა გონზე ნელ–ნელა მოდიოდა. ამჟამად მას უკვე საუბარი შეუძლია, თუმცა ტკივილები ისევ აწუხებს. მუნირა აბუდაბიში დაბრუნდა და ახლა ფიზიოთერაპიის კურსს გადის, რომ ნორმალურად ჯდომის უნარი დაუბრუნდეს.

    შემთხვევები, როცა ადამიანებს წლობით კომაში ყოფნის შემდეგ ცნობიერება დაუბრუნდათ ძალიან ცოტაა. და მაშინაც კი, როცა ეს ხდება რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

    ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურში ამტკიცებენ, რომ ადამიანის კომიდან გამოსვლის ალბათობის შეფასება შეუძლებელია. ის ადამიანებიც კი, რომლებიც კომიდან გამოდიან ხშირად ტვინის დაზიანების გამო ინვალიდებად რჩებიან.

    კომიდან გამოსვლის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ტერი უოლისის შემთხვევაა. ამერიკელი ავტოკატასტროფაში 19 წლის ასაკში მოხვდა და 19 წელი უგონო მდგომარეობაში გაატარა. მისი ტვინის ქსოვილმა რეგენერირება შეძლო.
    ფორმულა1–ის ლეგენდამ, მიხეილ შუმახერმა ხელოვნურ კომაში რამდენიმე თვე გაატარა. 2016 წლის სექტემბერში მისმა ადვოკატმა, ფელიქს დამმა განაცხადა, რომ ავტომრბოლელს ჯერ კიდევ არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული და დაუხმარებლად წამოდგომაც არ შეუძლია.

  • მიანმარის სასამართლომ როიტერის ჟურნალისტების განაჩენი არ შეცვალა.ისინი პატიმრობაში რჩებიან

    უზენაესმა სასამართლომ მიანმარში დაჭერილი, “როიტერის” ორი ჟურნალისტის განაჩენი, ძალაში დატოვა. სასამართლოს წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და დეტალები არ განუმარტავს.

    გასული წლის სექტემბერში, საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ორ ჟურნალისტს მიანმარის სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა. ვა ლონი და კიუ სუ-ო მუსლიმი როჰინგას თემის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებდნენ.

    2017 წლის აგვისტოდან მოყოლებული, დევნის გამო მიანმარი 700 000-ზე მეტმა როჰინგას თემის წარმომადგენელმა დატოვა. მათი უმრავლესობა თავს ბანგლადეშს აფარებს.

    ჟურნალისტებმა სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი, რამდენიმე უნიკალური ფოტო მოიპოვეს. ვა ლონი და კიუ სუ-ო 10 როჰინგა მუსლიმის სასტიკი მკვლელობის ფაქტებზე მუშაობდნენ.

    ჟურნალისტები 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში კი მათ სასამართლომ განაჩენი ოფიციალური დოკუმენტების უკანონო ფლობის ბრალდების საფუძველზე გამოუტანა. ვა ლონის და კიუ სუ-ოს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ მათ სამხილი სპეციალურად ჩაუდო.

    მოგვიანებით, “როიტერის” ჟურნალისტები დასავლეთში დაუსწრებლად დააჯილდოვეს. ვა ლონს და კიუ სუ-ოს საპატიო საერთაშორისო ჯილდო, პულიცერის პრემია სწორედ ხელისუფლების მხრიდან როჰინგა მუსლიმების წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი მეთოდების მხილებისთვის გადაეცათ.

    ჯოზეფ პულიცერის სახელობის ამერიკული ჯილდო უმაღლეს დამსახურებად ითვლება საერთაშორისო ჟურნალისტიკაში. ვა ლონმა და კიუ სუ-ომ პრემია ორ ჟურნალისტს გადაუნაწილეს, რომელთაც მათი დაჭერის შემდეგ, რეპორტაჟი დაასრულეს და გამოაქვეყნეს.

  • აშშ ირანულ ნავთობზე სანქციებს ანახლებს

    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ნავთობზე დაწესებულ შეღავათებს აუქმებს. გადაწვეტილება გულისხმობს, რომ ქვეყნები რომლებიც ირანულ ნავთობს მოიხმარენ, აღარ იქნებიან გათავისუფლებული ამერიკული სანქციებისგან.
    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები გასულ წელს განაახლა, მას შემდეგ რაც 2015 წლის ირანის ბირთვული განიარაღების შეთანხმება დატოვა.
    სანქციების მიზანი, ადმინისტრაციის თქმით, ირანის „მავნე ქმედებების“ შეწყვეტაა, მათ შორის სირიაში, პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის და იემენში ამბოხებული ჰუტების მხარდაჭერა.
    “მიზანი უბრალოდ უკანონო რეჟიმისთვის დაფინანსების შეზღუდვაა, რომელსაც ირანი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის იყენებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
    შეერთებულმა შტატებმა, მას შემდეგ რაც სანქციები განაახლა, ირანის ნავთობის მთავარი მომხმარებლებისთვის რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. მათ შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი. მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები განაახლა იტალიამ, საბერძნეთმა და ტაივანმა ირანული ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს.
    ჯერჯერობით ნათელი არაა, მოეთხოვებათ თუ არა ამ ქვეყნებს, 2 მაისს შეღავათების გაუქმებასთან ერთად, იმპორტის შეწყვეტა, თუ მათ დამატებითი დრო მიეცემათ შესყიდვების შესამცირებლად იქამდე, სანამ ჯარიმები დაწესდება.
    მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, სხვა ხელმომწერები: ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია რჩებიან შეთანხმების ნაწილად.
  • რუსეთის მთავრობამ უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა

    რუსეთის მთავრობამ აკრძალვა შემოიღო უკრაინაში რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე, ასევე რუსეთში უკრაინული მანქანათმშენებლობის პროდუქციის შეტანაზე.
    პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით 1 ივნისიდან რუსული ნავთობის, ნახშირის და ნავთობპროდუქტების უკრაინაში გატანა მხოლოდ სპეციალური ნებართველის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.მედვედევის თქმით ეს არის საპასუხო ნაბიჯი სანქციებზე, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შემოიღო.
    “ასეთ პირობებში იძულებულნი ვართ საკუთარი ინტერესები დავიცვათ და საპასუხო ზომები მივიღოთ. ჩვენ ვაფართოებთ იმ უკრაინული პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც რუსეთში ვეღარ შემოვა. ეს არის მანქანათმეშენებლობის, მსუბუქი მრეწველობის, ლითონდამუშავების პროდუქტები, რომელთა ღირებულებამ გასულ წელს 250 მილიონი დოლარი შეადგინა“ – განაცხადა მედვედევმა.
    გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია აკრძალული პროდუქტები, რომელთა სიაში მოხვდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ზოგიერთი სახეობა, ემალირებული ჭურჭელი და ბულდოზერები.
    გასულ კვირას უკრაინულმა ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციები გააფართოვა. შავ სიაში სხვა პროდუქტებთან ერთად მოხვდა მაგალითად: ზამბარები სატვირთო ვაგონებისთვის, ელექტრონული აპარატურა სარკინიგზო ავტომატიკისა და კავშირისთვის.
    მიუხედავად რეგულარული ურთიერთსანქციებისა რუსეთსა და უკრაინას შორის ტვირთბრუნვა იზრდება.

  • პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა დაპატიმრებისას თავი მოიკლა

    პერუს ყოფილი პრეზიდენტი სუიციდის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
    ალან გარსიას დაკავება პოლიციამ მის სახლში სცადა. ის ბრაზილიური სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. თავად გარსია ბრალდებებს უარყოფდა.
    პოლიცია ოთხშაბათს გარსიას დასაკავებლად მის სახლში მივიდა. გარსიამ სთხოვა პოლიციას მისთვის დრო მიეცათა, რათა ადვოკატისთვის დაერეკა და სახლის ერთ–ერთ ოთახში ჩაიკეტა. მოგვიანებით პოლიციამ გარსია თავში ჭრილობით აღმოაჩინა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა.
    თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გარსიას გული სამჯერ გაუჩერდა, თუმცა ყოველ ჯერზე ექიმების ბრიგადამ მისი რეანიმირება მოახერხა და მისი სიცოცხლისთვის იბრძოლა, თუმცა უშედეგოდ.
    “დათრგუნული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ალან გასიას გარდაცვალებით . ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახს და ახლობლებს“ –დაწერა ტვიტერში პერუს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ.

    რაში ედებოდა ბრალი გარსიას. კორუფციული სკანდალი ლათინურ ამერიკაში

    გამოძიების ინფორმაციით ალან გარსია იმ პერიოდში, როცა მეორე ვადით იკავებდა პრეზიდენტის პოსტს (2006–2011 წლებში) ქრთამს იღებდა ბრაზილიური სამშენებლო კომპანია Odebrecht–ისგან, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში მეტროპიტენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობდა.
    კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე აღიარეს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული ისინი სხვადასხვა რანგის პერუელ ჩინოვნიკებს ქრთამს უხდიდნენ. თანხამ ჯამში 30 მილიონი დოლარი შეადგინა.
    ბრაზილიური სამშენებლო გიგანტი 2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობდა. განხორციელებული აქვს კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი.
    ანტიკორუფციული გამოძიების ცენტრში აღმოჩენის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ კომპანია რეგულარულად აძლევდა ქრთამებს ადგილობრივ ჩინოვნიკებს ლათინური ამერიკის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ასევე ანგოლასა და მოზამბიკში.
    გამომძიებლების აზრით კომპანია ჩინოვნიკების და პოლიტიკოსების მოსყიდვას ახორციელებდა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტების ხელში ჩასაგდებად.
    სკანდალის შედეგად სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილი პოლიტიკოსები.
    პერუს ოთხი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანას მართავდნენ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. მეხუთე – ალბერტო ფუხიმორი კი უკვე იხდის ციხეში სასჯელს კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით.
    ერთ–ერთი ყოფილი პრეზიდენტი, პედრო პაბლო კუჩინსკი რამდენიმე დღის წინ დააკავეს Odebrecht – ის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. გუშინ კი მაღალი წნევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    Odebrecht–ის საქმეში ქრთამის აღების ბრალდებას ვერც ოპოზიცია გადაურჩა. მისი ლიდერი, კეიკო ფუხიმორიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 1.2 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით.
    ალან გარსიამ კი, რომელიც ამავე საქმეში იყო ბრალდებული, თავშესაფრის მიღება სცადა ლიმაში ურუგვაის საელჩოში, თუმცა უარი მიიღო. საბოლოოდ კი თავი მოიკლა.

  • ავიაკატასტროფა ნეპალში. კიდევ ერთი ტრაგედია მსოფლიოს ყველაზე საშიშ აეროპორტში

    სამი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაიჭრა ავიაკატასტროფის შედეგად ნეპალის ქალაქ ლუკლაში მდებარე ტენცინგ–ჰილარის აეროპორტში. მცირე ზომის თვითმფრინავი Let-410 რომელიც კომპანია Summit Air–ს ეკუთვნოდა, კატმანდუში მიფრინავდა, როცა აფრენისას კომპანია Manang Air -ის ვერტმფრენს შეეჯახა და ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა.
    ორივე ავიაკომპანია კერძოა და ძირითადად ნეპალის ძნელადმისადგომ რაიონებში ტურისტები, ალპინისტები და ადგილობრივები გადაჰყავთ.
    დაღუპულებს შორის არიან : თვითმფრინავის პილოტი და ორი პოლიციელი, რომლებიც ვერტმფრენის გვერდით იდგნენ. პილოტი და ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალნენ, მეორე პოლიციელი კი საავადმყოფოში.
    ქალაქ ლუკლას პატარა აეროპორტი, რომელსაც ხშირად უწოდებენ ჰიმალაის კარიბჭეს, ევერესტის რაიონში ერთადერთია. ის ზღვის დონიდან 2 845 კილომეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე საშიშ აეროპორტად ითვლება მოკლე ასაფრენი ბილიკისა და რთული მთიანი რელიეფის გამო, რომელიც თვითმფრინავის დაფრენას ართულებს.

    527 მეტრი სიგრძის ასაფრენ ბილიკს ერთ მხარეს უფსკრული ემიჯნება, მეორე მხარეს კი მთა. აეროპორტი ხშირად არის დაკეტილი ძლიერი ქარის და ნისლის გამო. საგანგებო პირობების გამო აქ დაფრენის უფლება მხოლოდ გამოცდილ პილოტებს აქვთ. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აქ 2020 წლისთვის ვერტმფრენებისთვის ცალკე მოედნებს ააშენებს.

    ბოლო წლებში ნეპალის სამოქალაქო ავიაციამ ტურისტების ნაკადის ზრდის გამო მნიშვნელოვნად გაზარდა ჰიმალაის შორეულ რაიონებში რეისების რაოდენობა, სადაც სახმელეთო ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. თუმცა ფრენების უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა პილოტების ცუდი მომზადებისა და ავიატექნიკის ცუდი მომსახურების გამო.
    თებერვალში ნეპალში ვერტმფრენის კატასტროფისას შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრი რაბინდრა ადხიკარი.
    ევროკავშირმა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე საკუთარ საჰაერო სივრცეში ყველა ნეპალური ავიაკომპანიის ფრენა აკრძალა.