Category: მსოფლიო

  • ტრამპი: “ვიკილიქსის” შესახებ არაფერი ვიცი”

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ “ვიკილიქსის” შესახებ არაფერი იცის. ვებგვერდის თანადამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ორი დღის წინ დააკავეს და მას ჰაკერული შეთქმულების ბრალდება წაუყენეს. ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად პაროლის გატეხვაზე.

    47 წლის, წარმოშობით ავსტრალიელი ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. საელჩო მას ხუთშაბათს დაატოვებინეს. ეკვადორმა მას თავშესაფარი გაუუქმა და ის ბრიტანეთის პოლიციას გადასცა. ეკვადორის ოფიციალური განცხადების თანახმად, ის არღვევდა თავშესაფრის მიღების პირობებს იმით, რომ აგრძელებდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას.

    “ვიკილიქსი” არასამთავრობო არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ვებგვერდზეც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა საიდულომლო და კონფიდენციალური ინფორმაცია.

    დონალდ ტრამპს ასანჟის დაპატიმრების შესახებ ხუთშაბათს ჰკითხეს. “არაფერი ვიცი “ვიკილიქსის” შესახებ. ეს არაა ჩემი თემა”, თქვა ტრამპმა. “ვიცი, რომ რაღაც აქვს საერთო ასანჟთან. ვფიქრობ გენერალური პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამბობს პრეზიდენტი.

    თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპს ხშირად მოჰყავდა “ვიკილიქსი” როგორც მაგალითი და წყარო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის გატეხილი იმეილიებისა. პენსილვანიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა: “ვიკილიქსი! მე მიყვარს “ვიკილიქსი!”

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რომის პაპმა პოლიტიკოსებს დაუჩოქა და ფეხებზე ემთხვია

    რომის პაპი, ფრანცისკი ვატიკანში წმინდა მართას სახლში სამხრეთ სუდანის ლიდერებს შეხვდა, სადაც 2013 წლიდან დინკას და ნუერის ხალხებს შორის სისხლიანი კონფლიქტი ექვსი წელია გრძელდება.
    პონტიფიკოსმა ამ აფრიკული ქვეყნის ლიდერებს მშვიდობისკენ მოუწოდა. მათ შორის მოქმედ პრეზიდენტს – სალვუ კიირს და მომავალ ვიცე პრეზიდენტებს – რიეკა მაჩარას და რებეკა ნიანდენგუს, ასევე სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ლეგენდარული ლიდერის, ჯონ გარანგას ქვრივს. ისინი საკუთარი მოვალეობების შესრულებას 12 მაისიდან შეუდგებიან.
    2018 წლის სექტემბერში პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ სუდანში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ და პირობა დადეს, რომ ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებდნენ.
    “თქვენ სამს, ვინც ხელი მოაწერეთ შეთანხმებას, გთხოვთ როგორც ძმა, მშვიდობა შეინარჩუნოთ. მთელი გულით გთხოვთ – წინ სვლა განაგრძეთ. კიდევ ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. წინ იარეთ და პრობლემები მოაგვარეთ! თქვენს შორის კიდევ იქნება ბრძოლა, მაგრამ ხალხის წინაშე ერთიანობა აჩვენეთ. ასე იქცევით რიგითი მოქალაქეებიდან ერის მამებად“– უთხრა პოლიტიკოსებს პონტიფიკოსმა და მოუწოდა ერთხელ და სამუდამოდ ჩააქრონ ომის ცეცხლი და ერის მშვიდობიანი მომავლის შენება დაიწყონ. ამის შემდე პაპი დაიჩოქა და მათ ფეხებზე ემთხვია.
    გაეროს მონაცემებით ამჟამად სამხრეთ სუდანში კატასტროფული ვითარებაა. იქ დაახლოებით 100 ათასი ადამიანი შიმშილობს.

  • ბრექსიტი 31 ოქტომბრამდე გადაიდო

    ევროპის კავშირის ლიდერები  შეთანხმდნენ , რომ ბრიტანეთს ბლოკის დატოვებისთვის დამატებით 7 თვე მისცენ. ლონდონს ახალი ვადა 31 ოქტომბრისთვის დაუწესდა.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ლიდერებთან ბლოკის დატოვების პირობებზე შეთანხმებას გასულ წელს მიაღწია. თავიდან ევროკავშირის დატოვების ვადად 29 მარტი იყო დათქმული. ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ დააყენა კენჭისყრაზე და სამჯერვე ჩააგდო.

    ბრიტანეთს ახალი ვადა ამ პარასკევს ეწურებოდა. ამ ეტაპზე, თუკი ორივე მხარე მიღწეულ შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრიტანეთი ევროპის კავშირიდან 1 ნოემბერს გავა.

  • წითელას აფეთქება ამერიკაში.ნიუიორკის რამდენიმე კვარტალში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს

    ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბრუკლინის რამდენიმე კვარტალში, სადაც ძირითადად ულტრაორთოდოქსი ებრაელები ცხოვრობენ. მიზეზი წითელას აფეთქებაა. ამ კვარტლების მაცხოვრებლებს სავალდებულო ვაქცინაცია დაევალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა ემუქრებათ. ბევრი ულტრაორთოდოქსი ებრაელი რელიგიური მოსაზრებით აცრის წინააღმდეგია.
    30 სექტემბრიდან მოყოლებული ნიუ იორკის ამ ნაწილში წითელას 285 შემთხვევა დაფიქსირდა. 246 დაავადებული ბავშვია. ეს არის 1991 წლის შემდეგ წითელას ყველაზე მასობრივი გავრცელება ამ ქალაქში.
    წითელა ძალიან ადვილად გადამდები დაავადებაა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება ჰაერ–წვეთოვანი გზით. დაავადება ხშირად რთულდება და შესაძლოა პნევმონია, ყურის ინფექცია და ტვინის ანთება გამოიწვიოს.
    ნიუ იორკში 285 დაავადებულიდან 21 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ხუთი მათგანი კი რეანიმაციაშია. ჯერჯერობით ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა.
    მერის განკარგულებით ნებისმიერი წითელაზე აუცრელი ადამიანი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ზონაში იმყოფება, ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ვაქცინაცია ჩაიტაროს.

    ექვს თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები ვალდებულნი არიან ბავშვები აცრან, ან წარმოადგინონ ცნობა, რომ აცრა უკვე გაკეთებულია.
    “მინდა ყველას ესმოდეს რამდენად სერიოზულია და რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს დაავადება. უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო საგანგებო გახდა“ – განაცხადა დე ბლაზიომ.
    მარტში წითელას აფეთქება საგანგებო მდგომარეობის მიზეზი გახდა ნიუ იორკის შტატის როკლენდის საგრაფოში. მაშინ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გამოჩენისთვის აუცრელ ადამიანებს 500 დოლარიანი ჯარიმა და ექვს თვემდე პატიმრობა დაუწესა.
  • ამაზონის მფლობელის საყვარელი ქმარს გაშორდა

    55 წლის ჯეფ ბეზოსი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს გაშორდა . განქორწინების პროცესის ოფიციალური დასრულების შემდეგ მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა მისმა საყვარელმა ლორენ სანჩესმაც.
    სასამართლოს განქორწინების შესახებ არა მხოლოდ მსახიობმა და ტელეწამყვანმა, არამედ მისმა ქმარმა, კინოაგენტმა პატრიკ უაიტსელმაც მიმართა, რაც იმას ნიშნავს რომ განქორწინება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. წყვილმა ქორწინებაში 13 წელი იცხოვროვრა და ორი შვილი ყავს.
    სანჩესისა და ბეზოსის რომანი იანვარში, მას შემდეგ გახმაურდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯეფ ბეზოსის და მისი ცოლის განქორწინების შესახებ.
    მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცისა და მისი ცოლის განქორწინების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ მისი და ლორენ სანჩესის რომანი გახდა.
  • ფლორიდაში, ტრამპის აგარაკზე შეღწევის მცდელობისას ჩინელი ქალი დააკავეს

    პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფლორიდაში მდებარე აგარაკზე საიდუმლო სამსახურმა ჩინური წარმოშობის ქალი დააკავა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის წინა კვირას დააკავეს და ქალს ვირუსული კომპიუტერული პროგრამა ჰქონდა.

    სასამართლო დოკუმენტების თანახმად, იუჯინ იანგი მარ-ა-ლაგოს აგარაკზე საიდუმლო სამსახურის აგენტთან მივიდა და ჰკითხა როგორ შესულიყო კერძო კლუბში. ქალი ამტკიცებდა, რომ კლუბის წევრი იყო და აუზზე შესვლა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი წევრთა სიაში აგენტებმა ვერ იპოვეს, საბოლოოდ ის მაინც შეუშვეს, რადგან კლუბის მენეჯერმა ის ერთ-ერთი წევრის ქალიშვილად მიიჩნია.

    კლუბში შესვლის შემდეგ იანგმა ადმინისტრატორს უთხრა, რომ “გაერთიანებული ერების ჩინურ-ამერიკული ასოციაციის” ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამგვარი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ვერავინ იპოვა, საიდუმლო სერვისმა ის დააკავა. ქალის პირადი ნივთების ჩხრეკისას აგენტებმა ოთხი მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, გარე მეხსიერების ბარათი და ე.წ. “ფლეშ-დრაივი” იპოვეს, რომელზეც კომპიუტერული ვირუსი იყო ჩატვირთული.

    ამ ეტაპზე იანგის წინააღმდეგ ბრალი ფედერალური აგენტებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისა და კერძო, დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის კუთხით არის აღძრული.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბრესტში ნაციზმის მსხვერპლ ებრაელთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

    ბელორუსში, ქალაქ ბრესტში ელიტური მრავალბინიანი სახლის მშენებლობისას საძირკვლის თხრის დროს ებრაელთა სამარხი იპოვნეს, სადაც 1000ზე მეტი ადამიანი ერთდროულად იყო დამარხული. ეს ადგილი ბრესტის იმ ნაწილშია, სადაც გერმანული ოკუპაციის დროს ებრაული გეტო მდებარეობდა. გეტოში 18 000 ადამიანი ყავდათ გამომწყვდეული. ტერიტორია მავთულხლართით იყო შემოსაზღვრული. მოგვიანებით ნაცისტებმა გეტოს ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. სავარაუდოდ აქ დამარხული ადამიანები მაშინ დახოცეს. სამხედროები, რომლებიც სამარხის გასუფთავებაზე და ცხედრების ამოყვანაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ გარდაცვლილებს შორის ბევრი ბავშვია. ადგილობრივი ებრაული თემი ამ ადგილზე ჰოლოკოსტის ისტორიის ამ ნაკლებად ცნობილი ეპიზოდის მემორიალის დადგმას ითხოვს.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ წარსულშიც ქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე ფაშისტების მიერ მოკლული ებრაელები იყვნენ დამარხული, თუმცა ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ასეთ მაშტაბურ განადგურებასთან ქონდათ საქმე.

    ადგილობრივი ებრაული თემის წარმომადგენლები თვლიან, რომ სავარაუდოდ ბრესტის ტერიტორიაზე ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ებრაელები მასობრივად არიან დამარხული. მათი თქმით საბჭოთა ხელისუფლება ებრაელთა განადგურების ფაქტებს მალავდა და ეს თემა ტაბუდადებული იყო.

  • უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კომედიანტი და მოქმედი პრეზიდენტი გადიან

    უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. “ნაციონალური ეგზიტპოლის“ მონაცემებით მერე ტურში კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო გადიან. ტიმოშენკო კი მესამე ადგილზე გავიდა.
    ფონდ “დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ ორგანიზებული ეგზიტპოლების მიხედვით 30.4%–ით პირველ ადგილზე გავიდა ვლადიმირ ზელენსკი, მოქმედ პრეზიდენტს, პეტრ პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 17.8%–მა, იულია ტიმოშენკომ კი 14.2% აიღო.
    ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში პოროშენკო და ზელენსკი გადადიან.
    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზირება ბოლო მომენტამდე შეუძლებელი იყო. სოციოლოგიური კვლევებით ამომრჩეველთა 20%–ს საკუთარი არჩევანი ჯერ არ ქონდა გაკეთებული.
    ზელენსკი კვლევების უმრავლესობაში პირველ ადგილს იკავებთა, თუმცა მეორე ნომრის მფლობელის ვინაობის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
  • “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება ბრძოლას არ ასრულებს–აშშ–ს სპეცწარმომადგენელი

    ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება სირიაში, ბრძოლას არ ასრულებს. ამერიკის მხარდაჭერილმა ძალებმა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ხალიფატის წინააღმდეგ გამარჯვება იზეიმეს, მას შემდეგ რაც მათ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ბაღუზი დაჯგუფების მებრძოლებისგან გაათავისუფლეს.

    შეერთებულ შტატებს სირიიდან საკუთარ შენაერთები გაჰყვას. თუმცა ამის პარალელურად ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ სრულდება.

    „ეს არ არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დასასრული“, – თქვა ჯეიმს ჯეფრიმ. „ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა ეს განსხვავებული ტიპის ბრძოლა იქნება“, – დაამატა მან.

    „ისინი მცირე დაჯგუფებებად ერთიანდებიან, ჩრდილში მოქმედებენ, როგორც დაბალი ინტენსივობის აჯანყება“, – თქვა მან.

    ჯეფრის განცხადებით, ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში დაახლოებით 15,000-20,000 სამხედრო ჰყავს დარჩენილი. თუმცა მან აღნიშნა, რომ ვარაუდი მყარი არაა.

    ამერიკის სხვა ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლთა ზუსტი რიცხვის დადგენა სირთულეებს უკავშირდება. შეერთებული შტატების გათვლებით, ტერორისტულ დაჯგუფებას, ბაღუზის ოპერაციამდე, 34,000 მებრძოლი ყავდა, თუმცა ჯეფრიმ თქვა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა 100,000-საც კი უტოლდებოდეს.
    ამერიკის მხარის განცხადებით, დაახლოებით 200 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში და სამხერთში, ამერიკის ალ-ტანფის გარნიზონში, რათა ხელი შეუშალონ ისლამური სახელმწიფოს კონტრაბანდისტებს და შეაკავონ ირანის მცდელობა მოიპოვოს გავლენა რეგიონში.
    შეერთებული შტატები და მისი კოალიციური მოკავშირეები საუბრობენ 1,500 კაციანი დანაყოფის შექმნაზე, რათა გააგრძელონ “სირიის დემოკრატიული ძალების” დახმარება ტერორისტული ორგანიზაციისგან ქვეყნის გაწმენდის და სტაბილიზაციის მიმართულებით.
    “სირიის დემოკრატიულ ძალებს” დაახლოებით 7000 მერბძოლი ყავს. 1000 მათგანი არა სირიიდან და ერაყიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაა.
    წყარო: ამერიკის ხმა