Category: მსოფლიო

  • ომანის სრუტეში ორ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა

    შეერთებული შტატების საზღვაო ძალები აცხადებს, რომ ომანის სრუტეში ნავთობის ორ ტანკერს დახმარება აღმოუჩინა, რომლებზეც სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა.
    ბაჰრეინში ბაზირებული ამერიკის მეხუთე ფლოტის ინფორმაციით, ორივე ტანკერმა დახმარების თხოვნით ბაზას ერთი საათის ინტერვალით დაურეკა.
    ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ იტყობინება, რომ ირანის საზღვაო ძალებმა ცეცხლმოდებული ტანკერების ბორტზე მყოფი 44 მეზღვაური გადაარჩინა.
    ომანის სრუტე ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანაოსნო მარშრუტი გადის, რომელიც ნედლი ნავთობის გადასაზიდად გამოიყენება.
    მაისში შეერთებულმა შტატებმა ირანი დაადანაშაულა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ახლოს, ნავთობის ოთხ ტანკერზე საზღვაო ნაღმებით თავდასხმაში.
    ირანი ბრალდებას უარყოფს.
  • “Vk mho cucumber”– დიმიტრი მედვედევს ტვიტერი გაუტეხეს

    რუსეთის პრემიერ–მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ტვიტერის ექაუნთი გატეხეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის მთავრბის პრესსამსახურმა გაავრცელა და განაცხადა, რომ ანგარიშზე კონტროლი მალევე აღდგა. ხაკერებს მედვედევის ანგარიში ადრეც გაუტეხავთ. ამჯერად კი მის ტვიტერის გვერდზე უცნაური წარწერები გამოჩნდა: “Hop cc very very very hubby cheers cheers her very vav chi hi” და “Vk mho cucumber uovunpniophvoui”.
    დიმიტრი მედვედევს ინგლისურენოვანი ექაუნთი აქვს. იქ რუსული ანგარიშის თარგმანები იდება. 12 ივნისს კი გამოჩნდა ორი ინფორმაცია რუსეთში ერაყის ელჩის ჰაიდარ მანსურ ჰადის პუბლიკაციის ქვეშ ლათინური ასოების უცნაური ნაკრებით. მოგვიანებით ეს ტვიტები წაშალეს.


    როგორც გითხარით, ეს მედვედევის ტვიტერის გატეხვის პირველი შემთხვევა არ არის.

    მედვედევი ინტერნეტ ურთიერთობების და სოციალური ქსელების სიყვარულით არის ცნობილი.
    პირველად მისი ანგარიში 2014 წელს “ანონიმური ინტერნაციონალის“ ჰაკერებმა გატეხეს და მიკრობლოგში დაწერეს სტატუსიები: “ გადავდექი. მრცხვენია მთავრობის ქმედებების გამო“, “არ ხარ მართალი ვოვა! დიდი ხანია მინდოდა მეთქვა.“ და ა.შ. მაშინ ჰაკერების პუბლიკაციების აღსაკვეთად მედვედევის პრეს სამსახურს ერთი საათი დასჭირდა.
  • პროტესტი მოსკოვში.დაკავებულია ასამდე ადამიანი

    რუსეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და 100-მდე სხვა ადამიანი დააკავა. ისინი გამოცემა “მედუზას” ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავებას აპროტესტებდნენ და იმ პოლიციელთა დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც მათი აზრით, ჟურნალისტის დასაკავებლად ყალბი მტკიცებულებები შექმნეს. ჟურნალისტი მოულოდნელად, პროტესტამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს.
    არასამთავრობო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს აღნუსხავს, ამბობს, რომ სამშაბათს სულ მცირე 94 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის, ზოგის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.
    გამოცემა “მედუზის” გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში დასდეს, რაც რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პოლიციის მტკიცებით, ნარკოტიკები მის ბინაში აღმოაჩინეს. გოლუნოვი, რომელიც თავის მასალებში ქალაქ მოსკოვის მმართველების კორუფციულ გარიგებებს ამხელდა, ბრალდებებს უარყოფს. გოლუნოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და აგვისტომდე შინაპატიმრობის ხელწერილით გაუშვეს.
    სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურულია მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
    ივან გოლუნოვის დაკავებას კრიტიკით გამოეხმაურა რუსული პრესაც. სამი წამყვანი გაზეთი მსგავსი პირველი გვერდით დაიბეჭდა. რედაქტორები წერდნენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ არებული ბრალდებები არ იყო სარწმუნო და მისი დაკავების გარემოებებიც ბევრ კითხვას აჩენდა იმის შესახებ, რომ ეს მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
    საპროტესტო აქცია მოსკოვში ჟურნალისტსი გათავისუფლების მეორე დღეს მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები დედაქაალქის ქუჩებში “რუსეთის დღეზე” გამოვიდნენ, რომელიც საჯარო დღესასწაულია. ხელისუფლება აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდა, რომ ეს არასანქცირებული მიტინგი იყო და უსაფრთხოების გარანტიები ვერ იქნებოდა დაცული.
  • ესპანეთში ხარმა მატადორი რქით დაჭრა (ვიდეო)

    ესპანეთში გამართულ კორიდაზე ხარმა 26 წლის მატადორი რქით დაჭრა.  26 წლის ესპანელი მატადორი რომან კოლიადოს გაღიზიანებული ხარი დაეტაკა რა დროსაც ის მიწაზე დავარდა და ხარმა რქით  მას ფეხის არეში ღრმა ჭრილობა მიაყენა.  ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.  რომან კოლიადოს დასახმარებლად მოედანზე რამდენიმე მატადორი შევარდა  მათი ნაწილი ხარის ყურადღების გადატანას ცდილობდა რათა ყურადღება ხარს მათზე გადაეტანა და კოლიადოს აღარ გაჰკარებოდა, ნაწილმა კი დაჭრილი მატადორი მოედნიდან გაიყვანა. მას არტერია დაუზიანდა  და მას 2  ოპერაცია გაუკეთეს თუმცა  ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. როგორც მედია იტყობინება მოგვიანებით ხარი მოკლეს.  

  • აშშ-ში სროლას 3 წლის გოგონა ემსხვერპლა

    აშშ-ში მისურის შტატში სროლას 3 წლის გოგონა ემსხვერპლა ხოლო 6 წლის ბიჭი დაიჭრა.  ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა  ქალაქ სენტ-ლუისში 3 წლის ბავშვი ქუჩაში უფროსებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს.  ინციდენტის შედეგად 3 წლის გოგონა გარდაიცვალა ხოლო 6 წლის ბიჭი საავდმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა. 

  • საპროტესტო აქციები ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. დაკავებულია ათობით ადამიანი

    ასობით ადამიანი გამოვიდა ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. პოლიციამ მომიტინგეები დააკავა.
    დედაქალაქ ნურსულთანში აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 700–მა ადამიანმა მიიღო.
    ალმაატის საოლქო ცენტრში კი დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოქალაქეებს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ. ისინი არჩევნებს უსამართლოს და არადემოკრატიულს უწოდებენ, შედეგებს კი წინასწარ განსაზღვრულს.
    ყაზახეთის შს მინისტრის მოადგილის თქმით არასანქცირებული მიტინგების შედეგად ნურსულთანსა და ალმაატაში დაახლოებით 100 ადამიანია დაკავებული.
    ქალაქ შიმკენტში კი 20 ადამიანი. დაკავებულთა შორის არიან ადგილობრივი ჟურნალისტებიც. მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტი კრის რიკლტონში რომელიც სააგენტო ფრანს პრესისთვის მუშაობს. მან ტვიტერზე დაწერა, რომ დააკავეს. ჟურნალისტი წერს, რომ თვალი დაკავებისას დაულურჯეს, როცა მუხლებზე დაეცა და პოლიციელები ურტყამდნენ. კრის რიკლტონმა და მისმა კოლეგამ ორი საათი გაატარეს პოლიციის სამმართველოში, სანამ საქმეში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არ ჩაერია. ამის შემდეგ ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ინტერნეტის ბლოკირების პრობლემაც გაჩნდა. არჩევნების დღეს შეიზღუდა სოციალურ ქსელებზე წვდომა.
    გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბულატ დემბაევმა განაცხადა, რომ “ცალკეული მომხმარებლები“ სოციალურ ქსელებში არჩევნების დღეს უკანონო აგიტაციას ეწევიან, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ არაფერი იცის სოცქსელების დაბლოკვის შესახებ.
    ყაზახეთის შსს ამტკიცებს, რომ არასანქცირებული მიტინგები კანონის მიერ აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის დაგეგმილია. “ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ ქვეყნიდან გაქცეული ლიდერი კი “არჩევნების წინ მასირებულ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა ქვენყის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტირებისთვის და გამოდიოდა არჩევნების პერიოდში ანტისაზოგადოებრივი ქმედებების მოწოდებით.“
    აკრძალული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, მუხთარ აბლიაზოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ის მართლაც მოუწოდებდა მის მომხრეების 9–10 ივლისს ქუჩის პროტესტისკენ.

    რიგგარეშე არჩევნები ყაზახეთში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 20 მარტს ნურსულთან ნაზარბაევი პოსტიდან გადადგა. ის ქვეყანას 30 წელი უცვლელად მართავდა.
    პრეზიდენტობის კანდიდატად 7 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ ჯომარტ ტოკაევი, რომელიც ნაზარბაევის პარტიამ წამოაყენა.

    დღეს დილით საარჩევნო უბანზე მისულმა ტოკაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყაზახეთი ნაზარბაევის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს.

    გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატს ხმელის 50%–ზე მეტი ჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.
  • ჰილარი კლინტონს ძმა გარდაეცვალა

    ჰილარი კლინტონის უმცროსი ძმა, ტონი როდჰემ კლინტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად ჰილარი კლინტონმა სოციალურ ქსელში დაწერა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.
    “წუხელ ჩემი ძმა, ტონი დავკარგეთ. ძნელია სიტყვების პოვნა. ჩემი გონება სავსეა მასზე მოგონებებით. როცა ის ოთახში შემოდიოდა, მისი სიცილი ოთახს ანათებდა. ის კეთილი და გულუხვი იყო. მეგანის შესანიშნავი ქმარი, ზაქის, საიმონის და ფინოას შესანიშნავი მამა. ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება.“
    როდჰამი 1954 წელს დაიბადა. ის ჰიუ როდჰემის და დოროთი ჰოუელის სამ შვილს შორის ყველაზე პატარა იყო. როდჰემი დემოკრატების ნაციონალურ კონვენტში მუშაობდაი ბილ კლინტონის პირველი საპრეზიდენტო კამპანიისას 1992 წელს და ჰილარის პირველი კამპანიისას 2007 წელს, როდესაც ის ცდილობდა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. თუმცა ჰილარის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
    ტონი როდჰემი მეგან მადენზე იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავდა. მანამდე ის ნიკოლ ბოქსერის, კალიფორნიის ყოფილი სენატორის შვილზე იყო დაქორწინებული და 2001 წელს განქორწინდა. 

  • 85 პაციენტის მკვლელი ექთანი მამაკაცის პროცესი დასრულდა

    გერმანელ ექთან მამაკაცს, ნილს ჰიოგელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ორ საავადმყოფოში ჩადენილი 85 მკვლელობის გამო.მოსამართლე სებასტიან ბიურმანმა სასამართლო სხდომაზე ჰიოგელის მიერ ჩადენილ დანაშაულს წარმოუდგენელი უწოდა. გამოძიების მასალებით 1999–დან 2005 წლამდე პერიოდში ჰიოგელი პაციენტებს გულის პრეპარატების სასიკვდილო დოზებს უკეთებდა.

    ყოფილი ექთანი უკვე იხდის სასჯელს ორი მკვლელობისთვის. ის გერმანიის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიან მკვლელად ითვლება.გამომძიებლის ინფორმაციით ჰიოგელი თავიდან პაციენტებს წამლავდა, შემდეგ კი მათ განკურნებას ცდილობდა, რითაც კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა.

    ექთნის ერთ–ერთი კოლეგა გერმანულ გაზეთ Bილდ–ს უყვება, რომ ჰიოგელს მეტსახელად “რეანიმატორ რემბოს” ეძახდნენ, რადგან ის ყოველთვის პირველი გარბოდა პაციენტის რეანიმირებისთვის.სასამართლო პროცესის ბოლო დღეს 42 წლის ჰიოგელმა პატიება სთხოვა მისი მსხვერპლის ნათესავებს მისი”საშინელი საქციელის” გამო.

    “მინდა გულწრფელი ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც თქვენს მიმართ ამ წლების მანძილზე ჩავიდინე.”– განაცხადა მან. ჰიოგელს ბრალი ასი პაციენტის მკვლელობაში გერმანულ ქალაქებში – დელმენჰორსტში და ოლდენბურგში დასდეს. პოლიცია თვლის, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა მეტია, თუცა ბევრი გარდაცვლილის კრემაცია მოხდა, რის გამოცმტკიცებულებები განადგურდა. გერმანული მედიის ინფორმაციით თავად ჰიოგელმა 55 მკვლელობა აღიარა, ამის მიუხედავად სასამართლომ ის 85 ადამიანის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.ჰიოგელის საქმემ გერმანია შეაძრწუნა.

    გერმანელები შოკში ჩააგდო იმან, რომ ორისაავადმყოფოს პერსონალი ყურადღებას არ აქცევდა მათ კლინიკებში პაციენტთა სიკვდილიანობის რიცხვის უჩვეულო ზრდას. მკვლელობების სერია 2005 წელს დასრულდა, როცა დელმენჰორსტის საავადმყოფოში ჰიოგელი იმ დროს გამოიჭირეს, როცა მას პაციენტის ორგანიზმში ისეთი პრეპარატი შეჰყავდა, რომელიც მისთვის ექიმებს არ დაუნიშნავთ.2008 წელს ექთან მამაკაცს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მკვლელობის მცდელობის გამო, თუმცა სხვა სავარაუდო მსხვერპლთა ნათესავებმა გამოძიების გაგრძელება მოითხოვეს.

    მეორე სასამართლო პროცესზე 2015 წელს ყოფილ ექთანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ორი მკვლელობისა და ერთი მკვლელობის მცდელობის გამო.მაშინ ჰიოგელი ფსიქიატრს გამოუტყდა, რომ 30 ადამიანი მოკლა.გამოძიება გაგარძელდა და მოხდა 130 პაციენტის ცხედრის ექსგუმაცია იმისათვის, რომ მათ ორგანიზმში მედიკამმენტის კვალი ეპოვნათ, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია.

    ოლდენბურგის საავადმყოფოს მონაცემებმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა და რეანიმაციის გამოყენების შემთხვევები ჰიოგელის მორიგეობის დროს ორმაგდებოდა.
  • მასობრივი საპროტესტო აქცია პრაღაში.ჩეხები პრემიერის გადადგომას მოითხოვენ

    ასიათასზე მეტი პროტესტანტი შეიკრიბა პრაღაში, ვაცლავის მოედანზე სამშაბათს და პრემიერ მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომა მოითხოვა, რომელსაც ევროკავშირის დოტაციის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ.
    აქციის ორგანიზატორების თქმით მასში 120 000 ადამიანი მონაწილეობდა. თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ეს იქნება ყველაზე მასობრივი პროტესტი ჩეხეთში 1989 წლის “ხავერდის რევოლუციის“ შემდეგ, რომელსაც შედეგად ჩეხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტად ვაცლავ ჰაველის არჩევა მოჰყვა.
    პრემიერი ბაბიში უარყოფს ბრალდებებს უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელდა ევროკავშირის ანგარიშის შავი ვერსია, რომლის ავტორები ჩეხეთისთვის გამოყოფილი სუბსიდიების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
    ჯგუფმა “მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის“ მასობრივი პროტესტის ორგანიზება აპრილის ბოლოდან დაიწყო.დაახლოებით ათი დღის წინ ვაცლავის მოედანზე აქციაზე 50 000 ადამიანი გამოვიდა.
    5 ივნისს კი ორგანიზატორების თქმით პროტესტს ორჯერ მეტი ადამიანი შეუერთდა. პროტესტანტებს ხელში ეჭირათ ბაბიშის პორტრეტები წარწერით: “წადი“. სცენაზე გამომსვლელები პრემიერს არაერთ დანაშაულში სდებდნენ ბრალს.

    ყოფილი კომუნისტი, ანდრეი ბაბიში ჩეხეთში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის ხელისუფლებაში 2017 წელს პოპულისტურ პარტია ANO–სთან ერთად მოვიდა, ევროსკეპტიციზმის პლატფორმით და ანტიკორუფციული დაპირებებით.
    მიუხედავად ბაბიშის გადაგომის მოთხოვნით დაწყებული კამპანიისა მისმა პარტიამ გასულ კვირას ევროპარლამენტის არჩევნებში 21.2% მოაგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.
    აპრილში ჩეხეთის პოლიციამ მოითხოვა ბაბიშისთვის ბრალის წაყენება ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებული თაღლითობის გამო.  სკანდალის ფონზე ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი გადადგა, ახალი მინისტრი კი მარია ბენეშოვა გახდა, რომლის გადადგომასაც პროტესტანტები მოითხოვენ.
    ბაბიშისგან შესაძლოა დაახლოებით 17.5 მილიონი ევროს დაბრუნება მოითხოვონ. პრემიერი ბრალდებებს “ბინძურ ტყუილს უწოდებს“ და ამბობს, რომ  მიზანი ამომრჩევლის თვალში მისი იმიჯის შელახვაა.
  • 5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის უკრაინაში პოლიციელები დააკავეს.საზოგადოებრივი მღელვარება არ ცხრება

    უკრაინაში 5 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პოლიციელი დააკავეს და 60 დღით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, დიმიტრი ცენოვი კი თანამდებობიდან გადადგა და მოითხოვა “ყველაზე ცხელ წერტილში“, ანუ დონბასში გაუშვან სამუშაოდ. მან განაცხადა, რომ თავისი ქვეშევრდომების ქმედებებზე პასუხისმგებლობას გრძნობს.
    ბავშვის მკვლელობამ უკრაინაში იმდენად ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმაც მოახდინა რეაგირება.
    “არანაირი დანდობა. არანაირი მცდელობა ამ საქმის მიჩქმალვისა. ეს ტრაგედია გაკვეთილად უნდა იქცეს“– დაწერა ფეისბუქის გვერდზე ზელენსკიმ.
    სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით დაგეგმილი მასობრივი აქციებს მართავენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
    31 მაისს პერეიასლავ–ხმელნიცკის საავადმყოფოში მიიყვანეს 5 წლის ბიჭი თავის მძიმე ჭრილობებით.
    თავდაპირველად გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბიჭი გაუფრთხილებლობით წაბორძიკდა ასფალტ–ბეტონის საფარზე და ქვას თავი დაარტყა, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო. თითქოს ეს მაშინ მოხდა, როცა ის სახლთან ახლოს სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა.
    თუმცა მოგვიანებით, როცა ექიმებმა ბიჭის თავში ოპერაციისას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს, პოლიციელებმა “შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება“ ჩაატარეს და იპოვნეს მასრები და ქილები, რომლებსაც ეჭვმიტანილები მიზანში სროლისთვის იყენებდნენ.
    ბავშვი კიევში გადაიყვანეს, სადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
    ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდნენ პერეიასლავ–ხმალნიცკის ორი პოლიციელი. მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, გილზები და სხვა იარაღი ამოიღეს.

    მოგვიანებით გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მათ ბრალი წაუყენა გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელიც ჩადენილია ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.

    მოგვიანებით პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გაუფრთხილებლობით დაზიანების მიყენების ნაცვლად განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.
    ორშაბათს მკვლელობის ბრალდებით პოლიციის ლეიტენანტი ივან პრიხოდკო და უფროსი სერჟანტი ვლადიმირ პეტროვეცი დააკავეს.
    პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ტყვიები, რომლებმაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია პრიხოდკოს იარაღიდან იქნა გასროლილი.
    ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბიჭის მკვლელობის წინასწარი განზრახვა ვერ მტკიცდება, ამიტომაც დანაშაულისთვის მკვლელობის კვალიფიკაცია არ უნდა მიენიჭებინათ.
    თავად პოლიციელი უარყოფს, რომ ბავშვის მიმართულებით ისროლა.
    “მე თვითონ ორი შვილის მამა ვარ, მესმის ეს რა უბედურებაა… გთხოვთ გაერკვიეთ სიტუაციაში. მე ამ მიმართულებით არ მისვრია“– განაცხადა პრიხოდკომ სასამართლოს დარბაზში წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
    პეტროვეცის ადვოკატმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე იყო და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ერთი გასროლა მაინც განახორციელა.
    პროკურატურის ვერსია კი ასეთია: პოლიციელები პარასკევს დღის მეორე ნახევარში ისვენებდნენ, მათ ალკოჰოლი დალიეს და გადაწყვიტეს მიზანში ესროლად. სამიზნედ მეტალის ქილები და სხვადასხვა ნივთები აირჩიეს და ისეთ ადგილზე გაამწკრივეს, რომლის მომიჯნავედ ადამიანები მოძრაობდნენ, და ბავშვები თამაშობდნენ. პეტროვეცი და პრიხოდკო რკინის ქილებს ესროდნენ იმ ადგილის გვერდით, სადაც არასრულწლოვანი პირები თამაშობდნენ. ამ ტერიტორიაზე 5 წლის კირილი მეგობრებთან ერთად თამაშობდა იმ დროს, როცა პოლიციელები მიზანში სროლით ეტყობოდნენ. მათ გამოძიების ინფორმაციით “დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობა გამოიჩინეს და ბავშვს სასიკდილო ჭრილობები მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღიდან“.
    იარაღი, რომლითაც 5 წლის კირილი ჯერ აღმოჩენილი არ არის – ამბობს პროკურორი.
    ბავშვის ნათესავები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა არ იციან, რომელი მათგანის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა ბავშვს, რადგან მთვრალები იყვნენ.
    უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმეში ორზე მეტი პოლიციელი იყოს გარეული. თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას ამის მტკიცებულებები არ გააჩნია.

    გუშინ კიევში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებმა თან მიიტანეს პლაკატები წარწერით – პოლიცია ბავშვებს კლავს. ასევე ყვავილები და საბავშვო სათამაშოები. ისინი შს მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

    უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოჩნდა პეტიცია ავაკოვის გადადგომის მოთხოვნით.