Category: მსოფლიო

  • გაცნობის საიტი tinder ვალდებულია მომხმარებელთა მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს გადასცეს

    როსკომნადზორმა გაცნობის ვებგვერდი tinder ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვალდებულია მისი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს გაუზიაროს.
    კომპანია რეესტრში 31 მაისს შეიყვანეს. თავად კომპანია ამის შესხებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
    “ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორები“, რომლებიც როსკომნადზორის რეესტრში ხვდებიან, ვალდებულნი არიან რუსეთის ტერიტორიაზე შეინახონ ინფორმაცია ქსელში მომხმარებლის ქმედების შესახებ, ასევე მათი მიმოწერა, მომხმარებლის აუდი–ვიდეო და სხვა მასალები და მიაწოდონ ისინი მოთხოვნისთანავე უფლებამოსილ ორგანოებს, მაგალითად უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს.
    რეესტრში შედიან ბევრი პოპულარული რუსული საიტები და ინტერნეტ სერვისები, მაგალითად “Яндекс”, “Мамба”, “ВКонтакте”, Mail.ru და სხვები.
    2018 წელს tinder-ს 190 ქვეყანაში 57 მილიონი მომხმარებელი ყავდა. რუსეთის App Store–ში მეშვიდე ადგილს იკავებს პოპულარობით განყოფილებაში “ცხოვრების წესი“.
    რა მონაცემებს აგროვებს tinder
    ვებგვერდზე მითითებულია, რომ აპლიკაცია მომხმარებლის ინფორმაციას იყენებს “სერსვისის მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ რეკლამის მოწოდებისთვის, რომელმაც შესაძლოა თქვენ დაგაინტერესოთ“ – ნათქვამია გაცნობის სერვისის საიტზე.
    იქვე ნათქვამია, რომ კომპანიამ შესაძლოა გაამხილოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ან დანაშაულის გამოსავლენად, ასევე მომხმარებლის უსაფრთხოების დასაცავად.
    2017 წელს ჟურნალისტმა ჯუდი დიუპორტეილმა tinder-ისგან გამოითხოვა მის შესახებ შეგროვილი მონაცემები. ასეთ შესაძლებლობას ევროკავშირის მოქალაქეებს ევროკავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეგლამენტი აძლევს.
    საპასუხოდ მან მიიღო 800 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას მისი ყველა ლაიქის შესახებ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, მონაცემებს მისი განათლების შესახებ, ასევე იმ მამაკაცების ასაკობრივი კატეგორიის შესახებ, რომლებითაც ის იყო დაინტერესებული. ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენჯერ, როდის და სად ჰქონდა მას მიმოწერა სხვა მომხმარებლებთან.

  • ნოტრ-დამის რესტავრაციის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა აღდგეს ზუსტად იმ ფორმით, როგორითაც ის 15 აპრილის ხანძრამდე არსებობდა, ამ განცხადებას საფრანგეთის სენატი აკეთებს. ინფორმაციას CNN-ი წერს.

    ტაძრის აღდგენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია რომ ტაძარი ისევ ძველი იერსახით უნდა აღდგეს და დაუბრუნდეს მას ის სახე როგორც ჰქონდა, თუმცა მეორე ნაწილს მიაჩნია რომ  მომხდარი ხანძრის ინციდენტი არის შანსი რომ ნოტრ-დამი განახლდეს. 

    ანე ჰიდალგო, პარიზის სოციალისტი მერი აცხადებს  და მხარს უჭერს ტაძრის ძველებური იერით აღდგენას, მაგრამ  ქვეყნის პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპე უფრო თანამედროვე მიდგომას ემხრობა.

    მაისსსი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტაძრის რესტავრაციაზე საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. 12 მაისს კი ფრანგმა არქიტექტორებმა ნოტრ-დამის რესტავრაციის პროექტი წარადგინეს.

    ტაძრის აღდგენა 2024 წლის ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს. ეს პერიოდი პარიზში ოლიმპიურ თამაშებს და ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დასახელებულ დედლაინს ემთხვევა. ზოგიერთი არქიტექტორის კრიტიკა რესტავრაციისთვის განკუთვნილმა დრომაც კი გამოიწვია, მაგალითად რესტავრაციის ექსპერტი ფრედერიკ ლეტოფეს თქმით, ამ სამუშაოებისთვის სულ ცოტა 10-15 წელია საჭირო.

    15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრიდან რამდენიმე საათში მსხვილმა ბიზნესმენებმა პირობა დადეს, რომ ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფდნენ.

    რამდენი რესტავრაცია ჩაუტარდა ნოტრ-დამს და როგორ გადაარჩინა ის ვიქტორ ჰიუგოს წიგნმა შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

  • რომის პაპმა ბოშებს დისკრიმინაციისთვის ბოდიში მოუხადა

    რომის პაპმა ფრანცისკმა რუმინეთში ვიზიტის დროს კათოლიკური ეკლესიის სახელით ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის გამო ბოდიში მოუხადა.
    ქალაქ ბლაჟში, რუმინეთში მისი ვიზიტის ბოლო დღეს ბოშური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას პონტიფიკოსმა პატიება სთხოვა მათ “ისტორიის მანძილზე ყველა იმ პერიოდის გამო, როცა ჩვენი მხრიდან დისკრიმინაციას, სასტიკ მოპყრობას ან არასათანადო დამოკიდებულებას განიცდიდით.“
    ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა.
    ამჟამად ბოშები ძირითადად სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობენ. რუმინეთში ისინი მოსახლეობის 10%–ს შეადგენენ. ისინი ჩივიან, რომ უჭირთ სამუშაოს შოვნა დისკრიმინაციის გამო და ბევრი მათგანი სიღარიბეში ცხოვრობს.
    “პატიებას გთხოვთ ეკლესიის სახელით. გულგრილობა ცრურწმენებს და სტერეოტიპებს ქმნის, მრისხანებას და წყენას კვებავს. ხშირად არასწორად ვმსჯელობთ, ისეთ სიტყვებს ვამბობთ, რაც სხვებს გულს ტკენს, ისეთ აზრებს გამოვთქვამთ, რომლებიც სიძულვილს და განხეთქილებას აღვივებს.“
    ბოშები ევროპაში დევნას საუკუნეების მანძილზე განიცდიდნენ.
    რამდენიმე ფაქტი: 
    • ბოშების უმეტესობა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობს, თუმცა ნაწილი აშშ–სა და ბრაზილიაში წავიდა.
    • ევროკავშირი ოფიციალურად აღიარებს ბოშებს ევროპაში უმსხვილეს ეთნიკურ უმცირესობად.
    • ნაცისტური გერმანია ბოშებს დევნიდა. ისტორიკოსების შეფასებით ასეულობით ათასი ადამიანი მოკლეს.
    • ბოშები მთელ ევროპაში უჩივიან დისკრიმინაციას საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის ძებნისას.

  • ტრამპმა ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია

    აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვია.
    უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მიწვევისთვის და მადლიერება გამოთქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში აშშ–ს თანმიმდევრული მხარდაჭერის პოლიტიკის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი კიევისთვის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია წარდგენილი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი სიგნალია.
    უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახური აზუსტებს, რომ კანონპროექტის მიხედვით უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გათვალისწინებულია მისთვის შეიარაღების და ლეტალური თავდაცვითი საშუალებების გადაცემა. გარდა ამისა, დოკუმენტში განსაზღვრულია უკრაინისთვის აშშ–ს მთავარი სამხედრო–პოლიტიკური მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.
    ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ტრამპი ბორის ჯონსონს უჭერს მხარს

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს მხარი ღიად დაუჭირა.
    საკუთარი პოზიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლონდონში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა სანისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოხატა.
    ტრამპის თქმით, ბორის ჯონსონი ყოველთვის მოსწონდა და ის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის პოსტზე შესანიშნავი არჩევანი იქნება.
    პრეზიდენტმა მის მიმართ მეგან მარკლის მიერ წარსულში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა და პრინც ჰარის მეუღლეს “საზიზღარი” უწოდა.
  • ვირჯინიაში სამსახურიდან გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ 12 ადამიანი მოკლა

    ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ქალაქ ვირჯინია ბიჩში სახელმწიფო მოხელემ მუნიციპალური კომპლექსში სროლა დაიწყო და 12 ადამიანი მოკლა. დაიღუპა თავად მსროლელიც.
    ვაშინგტონიდან 355 კილომეტრში მდებარე ქალაქში სროლის შესახებ პოლიციამ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16 საათზე მიიღო. მამაკაცმა მერიის და სასამართლო შენობის სიახლოვეს მდებარე კომპლექსში, სადაც ქალაქის კომუნალური სამსახურების ოფისებია განლაგებული ცეცხლი გახსნა.
    მედიის ცნობით მამაკაცი წლების მანძილზე კომუნალური მომსახურების სფეროში მუშაობდა, თუმცა ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. პოლიციის შეფმა დაადასტურა, რომ ცეცხლი სამსახურიდან გათავისუფლებით უკმაყოფილო ადამიანმა გახსნა. პოლიციის ინფორმაციით ის მარტო მოქმედებდა, შენობაში შევიდა და დაუყოვნებლივ დაიწყო სროლა კონკრეტული სამიზნის გარეშე.

    გარდაცვლილების გარდა არიან დაჭრილებიც. მსროლელი საბოლოოდ პოლიციამ მოკლა. პოლიციამ ადგილზე პისტოლეტი და ვინტოვკა იპოვნა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელმა იარაღი კანონიერი გზით შეიძინა.

  • ერევანში სოროსის ფონდის დახურვის მოთხოვნით ფონდის ოფისი ალყაში მოაქციეს

    ერევანში მოძრაობა “ადეკვატმა“ სოროსის ფონდის შენობასთან აქცია გამართა. აქციის ასამდე მონაწილე ფონდის სომხური ფილიალის დახურვას და მასთან აფილირებული პირების საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა.
    აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით “Stop, Soros” და მოითხოვდნენ სასწრაფო ზომების მიღებას ფონდის დასახურად. მათ ფონდის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მცდელობა აღვეთა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციას ოფისის მთელი პერიმეტრი აქვს გამაგრებული.
    მოძრაობა “ვეტოს“ ხელმძღვანელი, ნარეკ მალიანი, რომელიც წარსულში სომხეთის პოლიციის უფროსის მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ ფონდი “ღია საზოგადოება“ სომხეთის სახელმწიფოებას ანგრევს და საზოგადოებას მორალურად რყვნის. აქტივისტი ამბობს, რომ ფონდის სომხური ფილიალის ხელმძღვანელმა, ლარისა მინასიანმა მის წინააღმდეგ განცხადებით პოლიციას მიმართა. ჯერჯერობით განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა მალიანი ამბობს, რომ პროტესტს გააგრძელებს.
    “მინდა ოფისის წინ დავჯდე, ვიყვირო და მისი საქმიანობა დავამუხრუჭო. ფაქტიურად ეს ფონდია სახემწიფო, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრები აქედან იღებენ მითითებებს, აქედან ხორციელდება ყველაზე ბინძური მედიაშეტევები და ჩრდილი ადგება სამართალდამცავ სისტემას“. – ამბობს ის
    სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების არაერთ თანამდებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ფონდ “ღია საზოგადოების“ ყოფილი თანამშრომლები დაინიშნენ. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თან მათი ფოტოებიც მიიტანეს. მოგვიანებით აქცია დაიშალა, თუმცა მისი მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
  • ბუდაპეშტში მდინარე დუნაიზე დაკარგულ ტურისტებს ეძებენ. 7 დაღუპულია

    უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიში საექსკურსიო კატერის ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან 7 დაიღუპა კატერის გადაბრუნების შედეგად. 19 ადამიანსი ისევ ეძებენ. კატერს გემი შეეჯახა, როცა ის უნგრეთის პარლამენტის წინ იდგა.კატერი შეჯახების შედეგად გადაბრუნდა.
    კატერზე სახელად Hableany სამხრეთ კორეელი ტურისტები იყვნენ. კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს 19 მოქალაქის დაკარგვას. სამხრეთ კორეა უნგრეთში ექსპერტების დელეგაციას გზავნის.
    შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ჩაძირული კატერი მაგრიტის ხიდის სიახლოვეს იპოვნეს. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ კატერები, მყვინთავები, პროჟექტორები, მდინარეს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე ლოკატეორების საშუალებით სკანირებას უკეთებენ.
    მდინარუ დუნაის დონე მარტის დასაწყისიდან ხშირი წვიმების გამო ადიდებულია, დინება კი აჩქარებული, რაც სამუშაოებს ართულებს.
    მაშველების თქმით რაც მეტი დრო გადის, მით შორს მიაქვს დინებას ცხედრები და ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის ალბათობა მცირდება.
  • პუტინის გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება.ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტყუპები შეეძინა

    რუსეთში რამდენიმე დღეა ვრცელდება ჭორები, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერის 36 წლის მეგობარმა გოგონამ, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხატვვრულ ტანვარჯიშში ალინა კაბაევამ, რომელიც ახლა მედია სადგურის აღმასრულებელი პირია, თვის დასაწყისში ტყუპები გააჩინა. კაბაევას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „საიდუმლო პირველ ლედის“, ის პუტინზე სამჯერ უმცროსია და ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, 2008 წელს მას შვეიცარიის კლინიკაში ქალიშვილი შეეძინა.

    მაშინაც და ახლა, კრემლი ამ ინფორმაციას მალავდა. პუტინი კაბაევასთან ურთიერთობას უარყოფს. ერთ ჟურნალისტს, რომელმაც პრეზიდენტს ამ კითხვით მიმართა, პუტინმა უპასუხა: „მე ყოველთვის მქონდა ნეგატიური განწყობა იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარ აბრეცილ ცხვირს და ეროტიულ ფანტაზიებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში ყოფს“.

    კაბაევა წარმოშობით უზბეკია, სპორტის დატოვების შემდეგ მოდელი გახდა, ხოლო შემდეგ 2014 წლამდე რუსეთის დუმის დეპუტატი იყო. ახლა ის „ეროვნულ მედია ჯგუფს“ ხელმძღვანელობს. როგორც რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი სერგეი კანევი წერს, მან ტყუპები იტალიელი ექიმის დახმარებით კულაკოვის სამშობიარო კლინიკაში, სპეციალურად გამოყოფილ სექციაში, გააჩინა. კაბაევას მშობიარობის შესახებ ინფორმაცია ყვითელ პრესაშიც გავრცელდა.

    გამოცემა „მასკოვსკი კომსომოლეც“-მა, რომელიც პუტინის ოლიგარქი მეგობრის, არკადი როტენბერგის საკუთრებაშია, დაწერა, რომ კაბაევამ, სავარაუდოდ, ტყუპები გააჩინა. თუმცა სტატია მალევე გაქრა. რუსი ოფიციალური პირები აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

    2013 წელს პუტინმა, ყოფილ ბორტ-გამცილებელ და მასწავლებელ ლიუდმილა შკრებნევასთან 30 წლიანი ქორწინება დაასრულა. ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი ყავს. მათი ქორწინების განმავლობაში, შკრებნევა საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩნდებოდა. განქორწინების შემდეგ მან ხელახლა იქორწინა.

    კრემლი გასულ კვირას, მედიასთან დაკავშირებული წყაროების ინფორმაციით, შეეცადა იმ ახალი ამბების შეზღუდვას, რომლებიც ტყუპების დაბადებაზე საუბრობდნენ, რაც მედია თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. პუტინი, საკუთარ პირად ცხოვრებას მკაცრად იცავს – ეს ერთ-ერთი ჩვევაა, რომელიც მას სუკის აგენტობის პერიოდიდან მოჰყვება.

    2016 წელს სამი რედაქტორი რუსული „არ-ბი-სი“ მედია ჯგუფიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც პუტინის სიმდიდრის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

    კაბაევას საიდუმლო ისტორია, რუსეთში პრესის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის პარალელურად ვითარდება. მაისის დასაწყისში 10-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოცემა “კომერსანტი” – დატოვა. გამოცემიდან მათი წასვლის მიზეზი ორი წამყვანი ჟურნალისტის, ივან საფრონოვის და მაქსიმ ივანოვის გათავისუფლება გახდა, რომლებმაც კრემლისათვის მიუღებელი სტატია დაწერეს.

    გაზეთი მილიარდერი ალიშერ უსმანოვის საკუთრებაშია, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირები აქვს. მარტში, “კომერსანტის” კიდევ ერთი ჟურნალისტი, მარია კარპენკო სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქების შემდეგ გაათავისუფლეს.

    “კომერსანტში” მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “ეს [რუსეთში] შემორჩენილ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაზე საშინელი დარტყმაა”.

    დამოუკიდებელი გამოცემა, “ზი ბელ” ამბობს, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცენზურისა, “კომერსანტს” მთავრობისგან გარკვეული დამოუკიდებლობა ქონდა. “ჟურნალისტების მასობრივად წასვლა სამსახურიდან, ამ მოცემულობას კითხვის ქვეშ აქცევს”, – აცხადებს გამოცემა. გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ არაა ნათელი, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება მთავრობის გაღიზიანება ზემოთხსენებული ორი ჟურნალისტით (ივანოვითა და საფრონოვით).

    კაბაევას გარშემო მიმდინარე მოვლენები, რუსეთში პრესის თავისუფლების შეზღუდვის ილუსტრაცია. ჟურნალისტები შიშობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდება ახლახანს მიღებული კანონით, რომელიც „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი შესაძლოა ოპონენტების და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ჩაწყობილი მატჩების“ სკანდალი ესპანეთში. სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დააპატიმრეს

    ესპანეთის პოლიციამ 11 ადამიანი, მათ შორის პირველი და მეორე დივიზიონის ფეხბურთელები დააკავა “ჩაწყობილი მატჩების“ ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმის ძიების ფარგლებში. ესპანური მედიის ინფორმაციით მათ დანაშაულებრივი ჯგუფის შემქმნაში და საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადების გზით დიდი რაოდენობით მოგების მიღების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
    El Mundo პოლიციაში სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულთა შორის არიან: რეალის ყოფილი ფეხბურთელი, რაულ ბრავო, ვალიადოლიდას ყოფილი მოთამაშე, ბორხა ფერნანდესი, ესპანეთის პირველი დივიზიონის კლუბების ყოფილი ფეხბურთელი კარლოს არანდა, ხატაფეს მოთამაშე სამუელ საისი , ასევე ინიგო ლოპეს მონტანია დეპორტივოდან.
    “პოლიციის ქმედებები მოჰყვა საჩივრებს შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის დროს 2018 წლის მაისში“– განმარტავს ესპანეთის ლა ლიგას წარმომადგენელი.
    ტურნირის ორგანიზატორთა მონაცემებით საქმე შეიძლება ეხებოდეს რვა შესაძლო “გარიგებული თამაშის“ შემთხვევას.
    ჯგუფის სავარაუდო მონაწილეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დღეს დილით დაიწყო.
    2018-2019 წლების სეზონის დროს ლა ლიგამ სასამართლო პოლიციის გენერალურ კომისარს რვა საჩივრით მიმართა სავარაუდო “გარიგებული თამაშების“ ალბათობასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ქვედა დივიზიონებში და საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებში. – ნათქვამია ესპანეთის პრემიერ ლიგის განცხადებაში.
    ესპანური მედიის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი სავარაუდოდ რაულ ბრავოა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები ფსონების დასადებად ახლო ნათესავებს იყენებდნენ, კერძოდ, კი საქმის ერთ–ერთი ფიგურანტი კარლოს არანდას მამაა.
    ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ესპანეთის საფეხბურთო კლუბ უესკის პრეზიდენტი, აგუსტინ ლასაოსა და კლუბის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ხუან კარლოს გალინდო ლანუზაც დააკავა.
    მედიის ინფორმაციით გამოძიება 2018 წლის 27 მაისს უესკისა და კატალონიურ კლუბ ხიმნასტიკის მატჩის შემდეგ დაიწყო, რომელიც კატალონიური გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დამთავრდა.
    მატჩის დროს 57 დან 30–მა ბუკმეკერმა ფსონები შეაჩერა მას შემდეგ, რაც დააფიქსირა, რომ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ფსონები და მსხვილი თანხები იყო დადებული იმაზე, რომ შესვენებამდე ანგარიში 0:0 იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ხიმნასტიკის გამარჯვებით დამთავრდებოდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა.