Category: მსოფლიო

  • “იოგით გატაცებული ოლიგარქი საკუთარი ქონების გაზრდით არის დაკავებული“– New York Times–ის სტატია ივანიშვილზე

    ამერიკული გამოცემა The New York Times ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს და ანაკლიის პორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის სათაურში აქცენტი  კეთდება იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი პროექტის, ანაკლიიის პორტის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი იკვეთება.  გთავაზობთ სტატიის ძირითად ფრაგმენტებს:


    ავტორი: დევიდ სიგალი

    საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მშენელად არის დაბადებული. ის ფლობს თბილისის ყველაზე თვალისმომჭრელ კერძო შენობას – 50 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონის და შუშის ფუტურისტულ სასახლეს ქალაქის ისტორიული რაიონის სიახლოვეს მდებარე ქედზე. ეს არის 107 000 კადრატული ფუტის ფართობის პირადი ოფისი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციით და ზვიგენებიანი აკვარიუმით.

    63 წლის ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და როცა საქმე რამე მნიშვნელოვან პროექტს ეხება, მისი ლოცვა–კურთხევა არსებითად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ საქმე გადასახადის გადამხდელების ფულს ეხება. არცერთი მიმდინარე პროექტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2.5 მილიარდ დოლარად შეფასებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ან შედგება ან არა.
    პორტის პროექტი, რომელიც ინვესტორებს წარუდგინეს როგორც ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის ტვირთბრუნვის დიდი წილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელშიც ქართული საინვესტიციო ჯგუფი და აშშ–ს და დიდი ბრიტანეთის კომპანიები შედიან.
    სამწუხაროდ პროექტის განმახორციელებლები წინააღმდეგობებს აწყდებიან. ერთ–ერთი მთავარი წინააღმდეგობა როგორც ჩანს თავად ბატონი ივანიშვილია. საჯაროდ ის პორტის პროექტს მხარს უჭერს, თუმცა ანაკლიის კონსორციუმი და სხვადასხვა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის პორტის წინააღმდეგ შენიღბულ კამპანიას აწარმოებს.
    ეს უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი პლიტიკური ინტრიგა, რადგან ფსონები საქართველოსთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა მთელი ძალით ცდილობს საბჭოთა რესპუბლიკის ფესვებს მოწყდეს და რუსეთის ჩრდილიდან გამოვიდეს, რომელიც მისი მეზობელი და მრავალი წლის მანძილზე მოწინააღმდეგეა. სპორადული წარმატებით ის ისწრაფოდა დამოუკიდებლობისკენ და შესაძლებლობისკენ, გადაქცეულიყო დასავლელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პორტი ჩაფიქრებულია როგორც უზარმაზარი ნახტომი ამ მიმართულებით.
    თუმცა ეს არ არის მარტივი ისტორია. ივნისში თბილისში რამდენიმე დღე და ღამე გაგრძელდა ანტიმოსკოვური საპროტესტო აქციები, რომლის საბაბი დიპლომატიური ინციდენტი გახდა, მიზეზი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 %–ის ოკუპაციით გამოწვეული რისხვაა.
    პორტის პროექტი სრულიად აუხსნელ პრობლემებს წააწყდა. იანვარში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, რომელიც მანამდე ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით ანაკლიის კონსორციუმის წევრი ორი ბანკირის წინააღმდეგ. მიზეზად ათი წლის წინანდელი გარიგება დასახელდა. თუ რეალური მიზანი მართლაც ანაკლიის პროექტის ჩაშლა იყო, ძნელი სათქმელია, რა შედეგი შეიძლება იქნას მიღწეული. ბიზნეს ლიდერები ამბობენ, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.

    საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი ამბობს, რომ მიზანი პროექტის დისკრედიტაცია იყო. “მომეცით ორი პროკურორი, 48 საათი და მანდატი, რომ ბოლო 20 წელი გადავქექო. მერწმუნეთ, ნებისმიერი შემიძლია ციხეში ჩავსვა.“– ამბობს ის.

    ანაკლიის პორტის პროექტი აღარ არის მხოლოდ ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც საქართველო შესაძლოა საერთაშორისო ვაჭრობის მომგებიან ბიზნესში შეიყვანოს. ეს პროექტი მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილის და მისი მთავრობის ტესტი გახდა. ივნისში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ეს თემა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს წამოჭრა. მან მოუწოდა საქართველოს დაასრულოს პროექტი, რადგან ის თავისუფალ ეკონომიკებთან საქართველოს ურთიერთობებს გააუმჯობესებს და არ მისცემს მას საშუალებას რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი გახდეს.


    საქართველო ნომინალურად საპარლამენტო დემოკრატიაა და დასავლური მმართველობის ბევრი ატრიბუტი გააჩნია, მათ შორის თავისუფალი არჩევნები, თუმცა ბევრი წლის განმავლობაში ქვეყანა მკაცრად კონტროლდება ივანიშვილის მიერ – ინტროვერტი, იოგით გატაცებული ოლიგარქის მიერ, რომელიც საქართველოში სიღატაკეში დაიბადა და რომელიც კრიტიკოსების განცხადებით ამჟამად პირველ რიგში საკუთარი, ისედაც დიდი ქონების გაზრდით არის დაკავებული. დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ერთი მესამედია.
    მან ფული რუსეთში უფასო პრივატიზაციის დროს იშოვნა ტელეფონების და კომპიუტერების გაყიდვით. შემდეგ საკმაო კაპიტალი დააგროვა და ერთ–ერთი კერძო ბანკი შექმნა. მოგვიანებით უძრავი ქონებისა და მეტალურგიის ბიზნესშიც ჩაერთო. ერთ–ერთი ინვესტიცია კრასნოიარსკის ალუმინის გადამამუშავებელ ქარხანაში განახორციელა, რომელიც ე.წ. 1990–იანი წლების “ალუმინის ომების“ ცენტრად იქცა. ერთ–ერთ იშვიათ ინტერვიუში, რომელიც მან 2012 წელს ფორბსს მისცა, ივანიშვილმა თქვა, რომ ინვესტიციები ძალიან მომგებიანი იყო ამ სფეროში დაპირისპირებას ბევრი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა.

    “ჩემი მთავარი ფასეულობები სიცოცხლე და თავისუფლებაა“– უთხრა მან მაშინ ჟურნალს.

    რუსეთში ბიზნესი სულ უფრო საშიში ხდებოდა. ის 2003 წელს საქართველოში დარუნდა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება დაიწყო. მისი კაბინეტის კედლებზე წარმოდგენილი იყო მონეს, პიკასოს, ლიუსიენ ფრეიდის და სხვა მხატვრების შემოქმედება. გაძარცვის შიშით ის სტუმრებს ეუბნებოდა, რომ გამოფენილი ნამუშევრები ასლი იყო, ორიგინალები კი ლონდონში ინახებოდა.
    ბატონმა ივანიშვილმა ფული დახარჯა ღირებულ საქმეებშიც და ექსცენტრიულ წამოწყებებშიც. მან ააშენა კერძო ზოოპარკი ლემურებით, პინგვინებით და ზებრებით. გარემოს დამცველების აღშფოთების მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ამოთხარა და ურეკში, თავის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა უზარმაზარი ხეები, რომელთაგან ერთ–ერთი 650 ტონას იწონიდა.
    “ძალიან მიყვარს გიგანტური ხეები. გიგანტური ხეები ჩემი გასართობია“ –უთხრა მან სააგენტო ფრანს პრესს.
    ბატონმა ივანიშვილმა ამ სტატიისთვის კომენტარი არ გააკეთა. მას არ უყვარს ხშირად გამოჩენა გამოჩენა, მისი ცნობადობის ფონზე. სანამ 2011 წელს პარტია “ქართულ ოცნებას“ დააფუძნებდა, ქართველების უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა. მისი ფოტო გუგლშიც არ იძებნებოდა.
    ის 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლის მანძილზე საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო. მაგრამ ახლა მისი ერთადერთი საჯარო ტიტული ოცნების პარტიის ლიდერობაა. ის ამჯობინებს მმართველობა ფარულად, შუშის კედლებს ამოფარებულმა, ქვეშევრდომების მეშვეობით განახორციელოს. მთავარი პროკურორი ერთადერთი გავლენიანი საჯარო მოხელე არ არის, რომელიც მას ექვემდებარებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოდესღაც მისი პირადი მცველი იყო. ივნისის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მისი პირადი ექიმი იკავებდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ივანიშვილის ქართუ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
    ივანიშვილის საჯარო გამოჩენა ამჟამად იშვიათი და სენსაციურია. გასული წლის ბლოს, როცა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის წაგების შანსი გამოიკვეთა, მთავრობამ განაცხადა, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაცია 600 000 ადამიანს დავალიანებებს გაუნულებდა. ვალის მოცულობა დაახლოებით 560 მილიონ დოლარად შეფასდა. ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ გეგმა თვეების მანძილზე მუშავდებოდა და არაფერი ქონდა საერთო არჩევნებთან. თუმცა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ამ შემთხვევას ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ხმების მოსყიდვა უწოდეს. ასეა თუ ისე, ქართული ოცნების კანდიდატმა არჩევნები მოიგო.
    ქართული ოცნების ლიდერები ივანიშვილს აღწერენ როგორც პატრიოტს და დასავლური ღირებულებების ერთგულს. ისინი ამბობენ, რომ ნეიტრალური სტანდარტებით, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსი, საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა.
    “მედია ძალიან მრავალფეროვანია და კრიტიკული. საკუთრების უფლება დაცულია. არჩევნვები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება“ – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
    ის და ქართული ოცნების სხვა წევრები ასევე ამბობენ, რომ მთავრობამ მთლიანად დაუჭირა მხარი ანაკლიის პროექტს და საერთოდაც ეს მთავრობის იდეა იყო.
    ისინი ამბობენ, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე უბრალდ კანონის უზენაესობაა მოქმედებაში. ეს საქმე ბოლო თვეების განმავლობაში თითქოს მიწყნარდა. ზოგი ამტკიცებს, რომ ბატონმა ივანიშვილმა საქმე ხაზარაძესთან დაპირისპირების გამო წამოიწყო, რომელსაც მომვალ პოლიტიკურ კონკურენტად თვლის. ამ თეორიის მიხედვით ივანიშვილს არა პორტის შეჩერება, არამედ პირადად ხაზარაძისთვის ხელის შეშლა უნდა.
    ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ თუ ეს სიმართლეა, ესეიგი მთავრობას წარმოდგენა არ აქვს როგორ მუშაობს ბიზნესი.
    “მთავრობა ცდილობდა გაემიჯნა ორი საქმე და ეთქვა, რომ რასაც მამუკას უკეთებდა არაფერი ქონდა საერთო პორტთან. მაგრამ ისინი პორტის მთავარ სპონსორს ესხმიან თავს. რომელი საღ ჭკუაზე მყოფი ინვესტორი განახორციელებს ინვესტირებას პროექტში მასთან ერთად ასეთი ბრალდებების ფონზე?
    ახვლედიანის თქმით დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, თუმცა პორტის უცხოელი ინვესტორები ჯერჯერობით მყარად დგანან.

    “ფადი ასლის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური დრამის ამ მაგალითით აიხსნება, რატომ არის საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2006 წლის დონეზე. მისი თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობა იმის მტკიცებულებაა, რომ ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში ტრაგიკულად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული.
    “როცა ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვლება, ივანიშვილთან დაახლოებულ ყველა ბიზნესზე შეტევა განხორციელდება. როცა ეს მოხდება, ერთადერთი ადამიანი ვიქნები საქარველოში, ვინც მას დაიცავს. არა იმიტომ, რომ მის მიმართ სიმპატია მაქვს, არამედ იმიტომ რომ ჩემი აზრით ბიზნესი პოლიტიკური ომის მიღმა უნდა დარჩეს.“– ამბობს ფადი ასლი.
  • დუბაის ემირის ცოლი ევროპაში შვილებთან და 39 მილიონ დოლართან ერთად გაიქცა

    დუბეის ემირის, მოჰამედ ალ მაკტუმას 45 წლის მეუღლე, პრინცესა ჰაია ბინტ ალ ჰუსეინი საჯაროდ 2019 წლის თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა. საზოგადოება ცდილობდა გამოეცნო, სად გაქრა იორდანიის მეფის, აბდალა მეორის ღვიძლი და. როგორც გამოცემა The Sun –ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს ქალი 11 წლის ქალიშვილთან, ალ ჯალილიუსთან და 7 წლის ვაჟთან, ზაიდთან ერთად გერმანიაში გაიქცა და თან წაიღო 31 მილიონი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 39 მილიონი დოლარი).
    როგორც ამბობენ, მან ბრიტანეთში გაქცევა არაბეთის გაერთიანებული საემიროს მმართველების მიმართ ბრიტანეთის ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების გამო ვერ გაბედა და გერმანია აირჩია. მან დაუსწრებლად შეიტანა დოკუმენტები განქორწინებაზე და გერმანიაში დიპლომატიური თავშესაფარი ითხოვა. 69 წლის შეიჰმა მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმმა გერმანიის ხელისუფლებას პრინცესას გადაცემა მოთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ვარაუდობენ, რომ ამ სიტუაციამ გერმანიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია.

    2018 წელს გაერთიანებული საემიროს დატოვება მოჰამედის ქალიშვილმა, პრინცესა ლაფიტა ბინ მუჰამედ ალ მაკტუმმაც სცადა. მას გაქცევა უნდოდა, რათა თავი დაეღწია “ოჯახის მიერ თავსმოხვეული შეზღუდვებისთვის“. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch–ის მონაცემებით საემიროების ხელისუფლებამ მისი დაკავება და დუბაიში დაბრუნება მოახერხა.

  • რატომ კანკალებს მერკელი. გერმანული მედია კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევს

    27 ივნისს ანგელა მერკელი იუსტიციის ახალი მინისტრის დანიშვნის ცერემონიალს ესწრებოდა, როცა პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლის დროს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ის კანკალებდა. ორი კვირის განმავლობაში ასეთი უკონტროლო კანკალის შემთხვევა მედიის თვალწინ მერკელს უკვე მეორედ ჰქონდა. პირველად საჯაროდ გერმანიის კანცლერი 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას აკანკალდა.

    გერმანული მედია ცდილობს გამოიცნოს, რა ხდება. პირველ ჯერზე მერკელმა კანკალი იმით ახსნა, რომ ცხელოდა და ძალიან უნდოდა წყალი. ამჯერად კანცლერის საქმეთა სამმართველომ მომხდარი სიტყვაძუნწად შეაფასა და თქვა, რომ მერკელი თავს კარგად გრძნობს და დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის შემდეგ 30 ივნისს ევროკავშირის სამიტში მონაწილეობას გეგმავს.

    გერმანული მედია რამდენიმე ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, რა ჭირს მათ კანცლერს.

    ფსიქოლოგიური მიზეზები
    როგორც მედიის ნაწილი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, კანკალის მეორე შეტევის მიზეზი ფსიქოლოგიური იყო. “წინა ინციდენტის გახსენებამ ახალი კანკალი გამოიწვია. ეს ფსიქოლოგიური პროცესია.“ – წერს Sueddeutsche Zeitung. ავტორი აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსან გერმანელ პოლიტიკოსებს პირადი ექიმები არ ყავთ. “კარგია, რომ კანცლერის აპარატის უფროსი ჰელგე ბრაუნი განათლებით ანესთეზიოლოგი და რეანიმაციის ექიმია“– წერს გაზეთი.

    სტრესული სამუშაო
    “როცა მერკელი კანკალს იწყებს, სეირის მოყვარულები ხარობენ“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას მემარჯვენე ცენტრისტული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.
    “ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის მანძილზე მერკელმა აჩვენა გამძლეობა – ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ მძიმე დატვირთვა, რომელიც მის თანამდებობას ახლავს თან უკვე აისახება მასზე?“ – კითხულობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ზოგადი კომენტარები, როგორიც არის მაგალითად “კანცლერი კარგად არის“ საკმარისი აღარ არის, მერკელის თანამდებობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.
    ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ დაუშვებელია კანცლერი კანკალებდეს. “როცა კანცლერი კანკალებს, ესეიგი სახელმწიფო კანკალებს. კანცლერს რკინის ჯანმრთელობა უნდა ქონდეს. ის გამთენიისას დგება და გვიან ღამემდე მოლაპარაკებები აქვს. თითქმის არ სძინავს. ჩვენი კანცლერი ნერვების, ვენებისა და კუნთებისგან შედგება. თუმცა მას გული და სულიც აქვს“ – ლერს Bild-ის ჟურნალისტი ფრანც იოზებ ვაგნერი და ურჩევს მერკელს უფრო დიდხანს დარჩეს საწოლში. კანკალის შესაძლო მიზეზად გამოცემა ორგანიზმში სითხის ნაკლებობას ან ჰიპოგლიკემიურ შოკსაც ასახელებს.

    მერკელი წასასვლელად ემზადება?

    ის, რომ მერკელი საჯაროდ უკვე ორჯერ აკანკალდა მის ჯანმრთელობაზე სერიოზული მსჯელობის მიზეზი გახდა. “ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან არა მხოლოდ გადატვირთული გრაფიკი და გადაღლა, არამედ რამე უფრო სერიოზული? და ხომ არ უნდა ვიფიქრიოთ, როგორც ერთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსმა ივარაუდა ქრისტიან–დემოკრატიული კავშირიდან მის ნაადრევ წასვლაზე?“– კითხულობს გამოცემა Tagesspiegel.
    სერიოზული დაავადება?
    ლიბერალური ყოველკვირეული გამოცემა Focus ექიმებთან მერკელის სიმპტომების განხილვის შემდეგ წერს, რომ არ არის გამორიცხული სერიოზული დაავადება.
    18 ივლისის შემდეგ, როცა მერკელი პირველად აკანკალდა გერმანიის ოჯახის ექიმების ასოციაციის ხელმძღვანელმა, იაკობ ბერგერმა განაცხადა, რომ დიდი შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს. თუმცა ახლა უკვე თვლის, რომ სიმპტომების განმეორების შემდეგ სასწრაფოდ არის მოსაძებნი სამედიცინო ახსნა.
    “ისეთი ადამიანი, როგორიც არის ანგელა მერკელი, რომელიც მუდმივად მუშაობს და ღონისძიებიდან ღონისძიებაზე დარბის, შესაძლოა ამ სიმპტომებს მალავდეს, თუმცა ექიმებმა უნდა აიძულონ ინფორმაცია გაამჟღავნოს.“– ამბობს ის.

  • ბრაზილიის პრეზიდენტის თანმხლებ თვითმფრინავში 39 კილო კოკაინი იპოვეს

    ერთ–ერთი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს დიდი ოცეულის სამიტზე მიაცილებდა, 39 კილო კოკაინი იპოვეს. ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარკოტიკები თვითმფრინავში მაშინ იპოვეს, როცა ოსაკაში მიმავალი თვითმფრინავი ტრანზიტულად სევილიაში დაჯდა.
    ბრაზილიური და ესპანური მედიის ინფორმაციით დაკავებულია 38 წლის სერჟანტი მანუელ სილვა როდრიგესი. ის ბრაზილიის სამ პრეზიდენტს 29 საერთაშორისო ვიზიტისას ახლდა თან.
    წყაროებმა ესპანური პოლიციიდან მედიას აცნობეს, რომ როდრიგესი თვითმფრინავიდან ბარგით ხელში გამოვიდა. ბარგის შემოწმებისას კოკაინის 37 შეკვრა იპოვეს.
    როდრიგესი იმ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელსაც პრეზიდენტი ბოლსონარუ სამიტიდან უკანა გზაზე უნდა წამოეყვანა.
    ოსაკასკენ პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით გაფრინდა, რომელიც გზად ლისაბონში დაჯდა. პრეზიდენტის თვითმფრინავიც სევილიაში უნდა დამჯდარიყო, თუმცა გეგმა შეიცვალა.
    ბრაზილიის ვიცე პრეზიდენტის, ამილტონ მოურანის განცხადებით დაკავებული როგორც ჩანს პროფესიონალი ნარკოკურიერი იყო, რადგან ამ რაოდენობის ნარკოტიკს ის უბრალოდ ქუჩაში ვერ იყიდიდა.
    თავად პრეზიდენტმა კი ტვიტერში დაწერა, რომ მოითხოვს დაკავებული სერჟანტის რაც შეიძლება მკაცრად დასჯას და მომხდარს მიუღებელი ფაქტი უწოდა.
    როდრიგესი ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულია გირაოთი გათავისუფლების უფლების გარეშე. პოლიცია ცდილობს გაარკვიოს იყო თუ არა ესპანეთი ნარკოტიკის გადატანის მარშრუტის საბოლოო დანიშნულების პუნქტი.
  • იტალიაში ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი დაიღუპა

    იტალიაში ძლიერი სიცხის გამო, სამი ადამიანი დაიღუპა.

    იტალიის სამხრეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც 16 დიდი ქალაქში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.

    მოქალაქეებს ურჩევენ შუადღის საათებში  ქუჩაში გასვლისგან თავის შეიკავონ.

    ამ დღეებში მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი ქვეყნის ჩრდილოეთში და ასევე  დედაქალაქ რომში, სადაც სინოპტიკოსები 38-39 გრადუსს პროგნოზირებენ.

    იტალიური მედიის ცნობით, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა 1950-იანი წლების შემდეგ იტალიაში  აღარ დაფიქსირებულა.

  • “უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“– უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერა საქართველოს

    უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს მოუწოდებს საქართველოში დაისვენონ. პოროშენკოს ვიდეომიმართვას და უკრაინულ ტექსტს წინ უძღვის ქართულად დაწერილი “უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს”.
    ყოფილი პრეზიდენტიამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმსა და ებრძვის კორუფციას.
    “ჩვენ, უკრაინელებმა ჩვენი ქართველი ძმები გაჭირვებაში არ უნდა მივატოვოთ. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებთ უკრაინელებს, რომ უკრაინაში დაისვენონ, მაგრამ ვინც აპირებს საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში წასვლას, ვურჩევ საქართველოზე ორიენტირდეს. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა ამ პერიოდში უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებისთვის საჰაერო ნავიგაციისა და აეროპორტის შესაკრებელზე ფასდაკლება დააწესოთ, რათა ავიაკომპანიებმა ბილეთებზე ფასის დაკლება შეძლონ. “.
    პოროშენკო მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს დასახელება უკრაინულად Грузії –ს ნაცვლად Сакартвело–თი შეიცვალოს.

  • “ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა“–ამერიკელი დიპლომატები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

    21 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და დაპირისპირებაზე შეფასებები ამერიკაში რეგიონზე მომუშავე მიმომხილველებმა და თბილისის პარტნიორებმა გააკეთეს. ისინი, მაშინ როცა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, ასევე აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყნება მიუღებელია.
    ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა და „ატლანტიკური საბჭოს“ გამორჩეულმა მკლევარმა დენ ფრიდმა, რომელიც სხვასახვა ადმინისტრაციის პირობებში, მათ შორის საქართველოს საკითხებზე მუშაობდა, მკაცრი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ხუთშაბათს, თბილისში განვითარებული მოვლენები გაფრთხილება იყო.
    „ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ძლიერია და დამოუკიდებელია მთავრობისგან, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ როცა კი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სასტიკად ექცევა, ქართული საზოგადოება ამას არ უშვებს. მე სააკაშვილზე ვსაუბრობ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ მე მახსოვს 2007 წლის დემონსტრაციები და მოგვიანებით გასაჯაროებული პოლიციის სისასტიკე და ციხეებში პატიმრებთან მოპყრობა. მაშინ, ქართველებმა ეს არ მიიღეს. იმ ქართველებმაც კი, ვინც მანამდე სააკაშვილს უჭერდნენ მხარს. ამ კუთხით საქართველო ბევრ ქვეყანას გავს, საქმე ეხება არა პოლიტიკურ არჩევანს, არამედ მთავრობის მხრიდან ისეთი დამოუკიდებლობის უგულვებელყოფას, როგორიც „ცარს“ ქონდა რუსი გლეხების მიმართ. თქვენ არ ხართ ასეთი ხალხი. მთავრობამ, როგორც გამოჩნდა პოლიციისთვის უფლების მიცემით, რომ დემონსტრანტებს გაკიდებოდნენ და მათთვის მძიმე დაზიანები მიეყენებინა, საკუთარი თავი ქართული საზოგადოების წინაშე ამ ზღვარის გადაკვეთის საფრთხის წინაშე დააყენა“, – თქვა ფრიდმა.
    მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობას მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულია და რომ დემონსტრანტებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ნაბიჯების გადადგმისას ეკისრება.
    „მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, ჩვენი საქმე არაა ქართული ოცნება იქნება სათავეში, თუ ნაციონალური მოძრაობა. ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია. მე ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ პასუხისმგებლობა არაა თანაბარი. მთავრობას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი საქმე არაა ვთქვა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ავტორიტურალი “ძლიერი კაცის“ მოდელი საქართველოში უფრო იმუშავებს ვიდრე მაგალითად უკრაინაში ვიხილეთ. შეხედეთ რა გააკეთა იანუკოვიჩმა „მაიდანზე“, ჩვენ ამერიკელები არ მოველოდით რომ მას ჩამოაგდებდნენ, ჩვენ არ მოველოდით, რომ ის მაიდანზე ხალხს ესვროდა, ჩვენ გაგვაკვირვა იმან რაც მოხდა მოლდოვაში. რუსები ამბობენ, რომ ამერიკელები ვიყავით „ვარდების რევოლუციის“ უკან – ეს სრული სისულელეა. მე ვფიქრობ ხალხი, არა მარტო ქართველები, არამედ უკრაინელები, ქართველები თუ სხვები მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ მათ გულისხმიერებით მოეკიდონ. საქართველოს მთავრობას და ბატონ ივანიშვილს ეს უნდა ახსოვდეს. ავტორიტარები ახერხებენ გადარჩენას იქამდე, სანამ ერთ დღეს ეს არ შეიცვლება“, – ამბობს ფრიდი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში.
    მომხდარს შეცდომად აფასებს ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. ის ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეყილება იყო და ამასთანავე მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა.
    „გულწრფელად გითხრათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. პარლამენტების უმრავლესობა მსგავს გარეშე ღონისძიებას არ დაუშვებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მსმენია. რაც შეეხება პარლამენტის სპიკერის გადადგომას, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მთავრობა ცვლილებებისთვის მზად არ იყო. თუმცა, შემდეგ, აქციის მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, მთავრობამ რიგ დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ] იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს მოცემულ მომენტში საჭირო უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ის შეამცირებდა როგორც საკამათო საკითხებზე პოლარიზაციას, ასევე მომავალში – საპროტესტო აქციების ძალადობრივი ხასიათის რისკებს“, – ამბობს კორტნი.
    კორტნი საუბრობს ასევე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოსავლეობის შესრულებებისას ხელის შეშლაზე და ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
    „დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულება სასიცოცხლო რისკების გარეშე შეეძლოთ. როცა ძალადობას აქვს ადგილი, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ“, -თქვა მან.
    კორტნი მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და დემონსტრანტებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

    წყარო:ამერიკის ხმა

  • “რუსოფობიური პროვოკაცია“–მოსკოვის რეაქცია თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

    რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თბილისში დაწყებულ არეულობას რუსოფობიური პროვოკაცია უწოდა.“რუსოფობიის მსგავსი გამოვლინებები ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან, მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო, მაინც არის ქვეყანა, რომელსაც რეგულარულად სტუმრობს ბევრი რუსი ტურისტი. ამიტომაც საკითხი უკიდურესად სერიოზულია“– განუცხადა პესკოვმა ინტერფაქსს.
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: “დიახ, გუშინ ჩვენ ვნახეთ ეს კოშმარული პროვოკაცია, რომელიც , სხვათა შორის ტურისტული სეზონის პიკზე მოაწყვეს. ვინმეს შეუძლია გარანტია მოგვცეს, რომ პროვოკატორების მიერ გაქეზებული ტალღა სასტუმროებს არ შეესევა?“
    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა კი განაცხადა, რომ ქართულ ოპოზიციას სურს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ავნოს.
    “ეს არის ქართული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ვაკხანალია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას ხელი შეუშალონ.“– განაცხადა კარასინმა.
  • “ნაციის სირცხვილი,რომელიც ლონდონს ანადგურებს!“– ტრამპი ლონდონის მერს თავს კიდევ ერთხელ დაესხა

    აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ლონონის მერი, სადიკ ხანი და მას ნაციის სირცხვილი უწოდა. ტრამპის ამ კომენტარის მიზეზი ერთი დღე–ღამის განმავლობაში ლონდონის ქუჩებში მომხდარი სამი მკვლელობა და კიდევ სამი დაჭრის შემთხვევა გახდა.
    ტრამპმა ტვიტერზე პუბლიცისტ კეიტ ჰოპკინსის სტატუსი გააზიარა მომხდარი დანაშაულის შესახებ, თავის მხრივ კი ამ სტატუსს მიაწერა: “ლონდონს სასწრაფოდ ჭირდება ახალი მერი. ხანი კატასტროფაა და ყველაფერი მხლოდ უარესობისკენ მიდის!“
    რამდენიმე საათის შემდეგ კი ტრამპმა ტვიტერზე ლონდონის მერს კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა: “ის ნაციის სირცხვილია, რომელიც ლონდონს ანადგურებს“.
    ხანის წარმომადგენელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მერი თანაგრძნობას უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს და არ დაკარგავს დროს მსგავსი ტვიტების საპასუხოდ.
    პრეს მდივანმა დასძინა, რომ ხანი ლონდონური დიასპორების მხარდაჭერის მოპოვებით და საგანგებო სამსახურების გადატვირთული მუშაობის კოორდინირებით არის დაკავებული.

    “ძალადობრივი დანაშაულების ადგილი ჩვენს ქალაქში არ არის და ჩემთვის არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ლონდონელების უსაფრთხოება“ – დაწერა ხანმა ცოტა ხნის შემდეგ.

    შაბათ–კვირას მომხდარი მკვლელობების ჩათვლით ლონდონში წლის დასაწყისიდან 56 მკვლელობა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით ამავე პერიოდში შარშან ლონდონში 82 ადამიანი მოკლეს, რაც ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
    დონალდ ტრამპი ლონდონის მერს დიდი ხანია არ წყალობს. ცოტა ხნის წინ მან ხანს “საცოდავი ლუზერი“ უწოდა, 2017 წელს კი გააკრიტიკა ხანის განცხადება ლონდნის ქუჩებში პოლიციელების რაოდენობის გაზრდის შესახებ.