Category: მსოფლიო
-
მშობიარე იტალიელ ქალს ავტობუსი დაატოვებინეს და დააჯარიმეს
ინციდენტი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა ბოლო დღეებში გახმაურდა. იტალიელი ქალი ცხრა თვის ფეხმძიმე იყო. ის სასეირნოდ წავიდა, თუმცა გზაში მიხვდა, რომ მშობიარობა ეწყებოდა, ავტობუსში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ წავიდა. ავტობუსში კონტროლიორები ავიდნენ, თუმცა ქალს ბილეთი არ აღმოაჩნდა. ქალი შეეცადა კონტროლიორებისთვის აეხსნა, რომ სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ბილეთის აღება არც გახსენებია, თუმცა კონტროლიორები შეუვალნი აღმოჩნდნენ. მიუხედავად მშობიარე ქალის თხოვნისა და განმარებებისა, ის ავტობუსიდან ჩამოსვეს და ჯარიმა გამოუწერეს. ამის შემდეგ ქალმა საავადმყოფომდე ტაქსით მიაღწია და რამდენიმე საათში გოგონაც გააჩინა.ახალბედა დედამ გადაწყვიტა 71 ევროს ჯარიმა გაასაჩივროს, რომელიც შეძილება გადაუხდელობის შემთხვევაში გაორმაგდეს. მან ნეაპოლის საქალაქო ტრანსპორტის ოპერატორს მიმართა, თუმცა უთხრეს, რომ “ჯარიმის გასაუქმებლად მის მიერ მოყვანილი გარემოებები ვერ გამოდგება“. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Republica წერს. -
ნიდერლანდების პრინცესა კრისტინა გარდაიცვალა
ნიდერლანდების პრინცესა კრისტინა კიბოს შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამეფო ოჯახი ავრცელებს.
72 წლის პრინცესა ჰააგაში, საკუთარ სასახლეში გარდაიცვალა. მძიმე დიაგნოზი მას რამდენიმე წლის წინ დაუსვეს.სამეფო ოჯახის ინფორმაციით, ის ძვლის კიბოს დიაგნოზით იტანჯებოდა.
კრისტინა პრინც ბერნარდის და პრინცესა უმცროსი ქალიშვილი იყო. პრინცესა კრისტინამ საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ მან ტახტის პრეტენდენტობაზე ახალგაზრდობაშივე უარი თქვა.
პრინცესას დაკრძალვის ცერემონია ნორდეინდეს სასახლეში გაიმართება და ის საჯარო არ იქნება. ცერემონიას ოჯახი და ახლო მეგობრები დაესწრებიან.
-
მოსკოვში საპროტესტო აქციების პარალელურად პუტინი ყირიმში ბაიკერებთან ერთად სეირნობდა
შაბათს, როცა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში სამართლიანი არჩევნების და “მასობრივი არეულობის“ საქმეში დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართებოდა, რუსეთის პრეზიდენტი მოტოკლუბ “ღამის მგლების“ ბაიკერებთან ერთად ყირიმში სეირნობდა.შაბათს პუტინი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა და რიგით მეთერთმეტე ბაიკ–შოუს “ბაბილონის ჩრდილს“ დაესწრო. სევასტოპოლში გასფორტის მთასთან ის ბაიკერების კოლონასთან ერთად მივიდა.
პუტინს გვერდით მიყვებოდა “ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდოსტანოვი, მეტსახელად ქირურგი.
ბაიკერის მოტოციკლზე უცნაური სამფეროვანი დროშა იყო აღმართული – გერბით, რომელიც ძალიან გავდა საბჭოთა კავშირის გერბს, თუმცა რუსული ორთავიანი არწივით ნაცვლად ნამგლისა და უროსი.
კრემლის ვებგვერდის ინფორმაციით “ღამის მგლების“ შოუ ყოველთვის პატრიოტული თემატიკისაა.“ ღონისძიებების მომზადებისას ბაიკერები საბჭოთა და რუსული ისტორიის სიუჟეტებს იყენებენ, რომლებიც როგორც წესი სამხედრო გამარჯვებებს უკავშირდება.“
“ღამის მგლებთან“ პუტინი დიდი ხანია მეგობრობს. ისინი უცვლელად მონაწილეობენ პრეზიდენტის მხარდამჭერ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა პუტინის სევასტოპოლში ჩასვლასთან დაკავშირებით. “ეს ვიზიტი, ისევე როგორც წინა ვიზიტები არ იყო შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან. რუსეთის ჩინოვნიკების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა რუსეთის მხარის მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა“–ნათქვამია განცხადებაში.

-
“შეუძლია თავისთან წაიყვანოს ჰოლივუდში“–იტალიიის ვიცე პრემიერმა მიგრანტებთან დაკავშირებით რიჩარდ გირის მოწოდებას უპასუხა
ამერიკელმა მსახიობმა, რიჩარდ გირმა იტალიის მთავრობას მოუწოდა დაეხმაროს მიგრანტებს, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ესპანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის გემის ბორტზე ხმელთა შუა ზღვაში იმყოფებიან. იტალიის შს მინისტრმა მას საპასუხად მიგრანტების ჰოლივუდში წაყვანა შესთავაზა.იტალიის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ადამიანების დემონიზება – განაცხადა პარასკევს ხომალდის ბორტზე მიგრანტების მოსანახულებლად მისულმა გირმა. იტალიის ხელისუფლება გემს იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლებას არ აძლევს. ბორტზე 160 ადამიანი იმყოფება.
მსახიობმა პარალელი გაავლო იტალიასა და აშშ–ში არსებულ სიტუაციებს შორის.
“ჩვენ გვაქს პრობლემები ჰონდურასიდან, სალვადორიდან, ნიკარაგუადან, მექსიკიდან წამოსულ დევნილებთან. ეს ძალიან გავს იმას, რაც ხდება თქვენთან – განაცხადა მსახიობმა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე – ეს უნდა შეწყდეს ყველგან ამ პლანეტაზე. და ეს შეწყდება, თუ ჩვენ ვიტყვით – სტოპ!“
რიჩარდ გირმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი აშშ–ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეადარა, რომელსაც აქტიურად აკრიტიკებენ მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.

სალვინიმ გირის გამონათქვამებს სწრაფად უპასუხა.
“მადლობლები ვართ გულუხვი მილიონერის მიგრანტებზე ზრუნვისთვის. შეუძლია ისინი ჰოლივუდში წაიყვანოს თავისი კერძო თვითმფრინავით და თავის ვილებში განათავსოს. გმადლობ, რიჩარდ!“– თქვა იტალიის ვიცე პრემიერმა.
სალვინი ცდილობს პოლიტიკის გამკაცრებას მიაღწიოს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც არაკომერციულ ორგანიზაციებს ეკუთვნის და იტალიის სანაპიროებთან ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები მიჰყავს.
შაბათს ხომალდმა Open Arms , რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაცია Proactiva–ს ეკუთვნის ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ზღვიდან კიდევ 39 მიგრანტი ამოიყვანა. ევროპული ქვეყნები უარს ამბობენ მიიღონ გემი, რომლის ბორტზე 160 აფრიკიდან დევნილია. დევნილები ევროპამდე მიღწევას ცდილობენ.
მიგრანტების დახმარების სურვილი ამ დღებში მალტის ხელისუფლებამ გამოთქვა, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაცია მათ პირობებზე თანახმა არ არის, რადგან მალტა უარს ამბობს 121 ადამიანის მიღებაზე, რომლებიც 9 დღეა ხომალდის ბორტზე იმყოფებიან. მათ მხოლოდ ბოლოს გადარჩენილი 39 ადამიანის მიღების მზადყოფნა გამოთქვეს, რაც ორგანიზაციისთვის მიუღებელია. -
“3.5%–ის წესი“: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პროტესტი, რომელშიც მოსახლეობის 3.5% მონაწილეობს ყოველთვის აღწევს შედეგს
მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ დიქტატურასთან და ავტორიტარულ მმართველობასთან ბრძოლაში მშვიდობიანი პროტესტი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება. ამასთან, გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობამაც კი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.თუ ასეთი ადამიანების წილი კრიტიკულ ნიშნულს, მოსახლეობს 3.5% –ს გადაცდება, მაშინ მშვიდობიანი პროტესტი პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს ცვლილებებს.
მაგალითი ბევრია. 1986 წელს მილიონობით ფილიპინელი გამოვიდა მანილას ქუჩებში მშვიდობიანი საპროტესტო ლოცვით. ამ პროცესს ხალხის ძალის რევოლუცია, იგივე ყვითელი რევოლუცია უწოდეს. მარკოსის ავტორიტარული რეჟიმი მეოთხე დღეს დაემხო.
2003 წელს ხანგრძლივი მასობრივი სახალხო პროტესტების შედეგად სუდანში და ალჟირში თანამდებობიდან გადადგნენ ამ ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებიც პოსტს ათწლეულობის მანძილზე იკავებდნენ.
ყოველ ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სამოქალაქო წინააღმდეგობამ პოლიტიკური ელიტა დაამარცხა და რადიკალურ ცვლილებებს მიაღწია.
არსებობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის, ერიკა ჩენოვეტის კვლევის დამაჯერებელი შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მხოლოდ მორალური არჩევანი არ არის.
მეოცე საუკუნის ასობით საპროტესტო კამპანიის გაანალიზების შედეგად ჩენოვეტი მივიდა დასკვნამდე, რომ არაძალადობრივი პროტესტი ორჯერ მეტად აღწევდა მიზანს, ვიდრე ძალადობრივი.და მართალია მოვლენათა განვითარების დინამიკა შესაძლოა ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მკვლევარმა გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისთვის საკმარისია პროტესტში მოსახლეობის დაახლოებით 3.5%–ის აქტიური მონაწილეობა.ჩენოვეტის დასკვნების გავლენა შეგვიძლია ცოტა ხნის წინანდელი “გადაშენების წინააღმდეგ ამბოხის“ საპროტესტო მოძრაობის მაგალითზე განვიხილოთ. ეს არის სოციალურ–პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც კლიმატის ცვლილებების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სოციალ–ეკონომიკური კოლაფსის რისკის წინააღმდეგ ბრძოლაში არაძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ამ მოძრაობის ბრიტანელი დამფუძნებლები ამბობენ, რომ ისინი ჩენოვეტის კვლევის შედეგებმა შთააგონა.
როგორ მივიდა მკვლევარი ასეთ დასკვნებამდე?რა თქმა უნდა, ჩენოვეტის კვლევა წარსულის ბევრი გავლენიანი ფიგურის ფილოსოფიურ შეხედულებებსაც ეყრდნობა: ცნობილი ფემინისტების, ქალების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლების, რომ აღარაფერი ვთქვათ მაჰათმა განდიზე და მარტინ ლუთერ კინგზე. ყველა მათგანი დამაჯერებლად ასაბუთებდა მშვიდობიანი პროტესტის ძალას.
და მაინც , ჩენოვეტი აღიარებს: როცა 2000–იანი წლების შუა პერიოდში კვლევას შეუდგა, საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ ჯეროდა, რომ სიტუაციათა უმრავლესობაში არაძალადობრივი ქმედებები შეიძლება ბევრად ეფექტური იყოს, ვიდრე შეიარაღებული კონფრონტაციები. თუმცა მისი მოტივატორი სწორედ არაძალადობრივი წინააღმდეგობის ეფექტურობის მიმართ მისი სკეპტიციზმი გახდა. მოტივატორი გახდა იმის აღმოჩენაც, რომ მანამდე არავის უცდია ყოველმხრივ შეედარებინა არაძალადობრივი პოტესტების მაჩვენებლები იმ პროტესტებთან, რომლებშიც ძალადობრივი მეთოდები იქნა გამოყენებული.
მარკოსის ავტორიტარული რეჟიმი დაეცა, როცა ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვიდა მკვლევარმა კოლეგასთან ერთად 1900– 2006 წლის პერიოდის სამოქალაქო წინააღმდეგობის და საზოგადოებრივი მოძრაობების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შესწავლა დაიწყო. ძირითადად ყურადღება იმ მაგალითებს დაეთმო, რომელთა მიზანი მმართველი რეჟიმის შეცვლა იყო.
კვლევის დროს მშვიდობიან მოძრაობად, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ჩაითვალა ისეთი მოძრაობა, რომელმაც მთლიანად მიაღწია საკუთარ მიზნებს. ამასთან, მაგალითად რეჟიმის შეცვლა გარე სამხედრო ჩარევის შედეგად წარმატებად არ ითვლება.
მკვლევარმა ძალადობრივის კატეგორიაში შეიყვანა ყველა საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც თან ახლდა ადამიანების გატაცება, ბომბის აფეთქება, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება ან რაიმე სხვა ტიპის ზიანი, რომელიც საკუთრებას ან ადამიანს მიადგა.
“ჩვენ შევეცადეთ შეგვემოწმებინა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ეფექტურობის ხარისხი საკმაოდ მკაცრი პარამეტრებით“– ამობს ჩენოვეტი. პარამეტრები იმდენად მკაცრი იყო, რომ მკვლევარის ანალიზში ინდოეთის მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი პროტესტის მაგალითად არ ჩაითვალა, რადგან წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად მკვლევარმა ბრიტანეთის ამოწურული სამხედრო რესურსები მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ თავად საპროტესტო მოძრაობამაც უდიდესი როლი ითამაშა.
შედეგად მკვლევარებმა 323 ძალადობრივი და არაძალადობრივი კამპანიის მონაცემები შეაგროვეს. კვლევის შედეგები, რომლებიც წიგნად გამოიცა (წიგნის სახელწოდებაა“რატომ მუშაობს სამოქალაქო წინააღმდეგობა. არაძალადობრივი კონფლიქტების სტრატეგიული ლოგიკა“) გამაოგნებელი აღმოჩნდა.
ციფრების ძალამთლიანობაში არაძალადობრივი საპროტესტო კამპანიები შედეგიანად ორჯერ უფრო ხშირად დამთავრდა, ვიდრე ძალადობრივი: არაძალადობრივმა პროტესტმა პოლიტიკური ცვლილებები 53% შემთხვევებში გამოიწვია, ძალადობრივის შემთხვევაში კი წარმატება მხოლოდ 26%–მა მოიპოვა.
ნაწილობრივ ეს მონაწილეთა რაოდენობის შედეგია. ჩენოვეტი თვლის, რომ მშვიდობიანი კამპანიები წარმატებას დიდწილას იმის ხარჯზე აღწევდნენ, რომ თავის რიგებში მოსახლეობის ფართო ფენებიდან ბევრ ადამიანს იზიდავდნენ და პროტესტი სერიოზულ შეფერხებებს, ქალაქის ნორმალური ცხოვრების პარალიზებას იწვევდა.
25 მშვიდობიანი საპროტესტო კამპანიიდან, რომლებიც მკვლევარებმა შეისწავლეს, 20 მშვიდობიანი იყო და 14–მა მათგანმა ცალსახა წარმატება მოიპოვა. მთლიანობაში არაძალადობრივმა პროტესტებმა საკუთარ რიგებში ოთხჯერ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდა, ვიდრე კამპანიებმა ძალადობის ელემენტებით.
მაგალითად, ფილიპინების სახალხო ძალაუფლების რევოლუციამ, რომლებიც მარკოსის რეჟიმის წინააღმდეგიყო მიმართული თავის პიკზე ქუჩაში ორი მილიონი ადამიანი გამოიყვანა. ბრაზილიის საპროტესტო მოძრაობამ 1984-85 წლებში კი მილიონი ადამიანი. ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციაში 1989 წელს 500 000 ადამიანი მონაწილეობდა.
“ციფრებს მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ მოძრაობამ ძალა მოიკრიბოს და სერიოზული საფრთხე გახდეს ხელისუფლებაში ფესვგადგმული ელიტებისა და ოკუპანტებისთვის“ – ამბობს ჩენოვეტი, რომლის აზრით მშვიდობიანი პროტესტი საუკეთესო გზაა მოძრაობისთვის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
მკვლევარის დასკვნით როგორც კი პროტესტში აქტიურად ერთვება ქვეყნის მოსახლეობის 3.5 %, წარმატება გარდაუვალია.
“არ ყოფილა არცერთი კამპანია, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა მას შემდეგ, რაც მისი მონაწილეების რიცხვმა პიკზე მოსახლეობის 3.5%–ს მიაღწია.“ – ამბობს ჩენოვეტი, რომელმაც ამ ფენომენს “3.5%–ის წესი უწოდა“.
მეცნიერი აღიარებს, რომ თავიდან ამ შედეგებმა გააოცა, მაგრამ ახლა მრავალი მიზეზის დასახელება შეუძლია, რატომ იღებს მოსახლეობის ასეთ ფართო მხარდაჭერას არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობები.ყველაზე ცხადი მიზეზი ის არის, რომ ძალადობრივი ქმედებები იმ ადამიანებს აშინებს, რომლებსაც სისხლისღვრის და არეულობის ეშინიათ, მშვიდობიან პროტესტანტებს კი მორალური უპირატესობა აქვთ.ჩენოვეტი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის ნაკლებია ფიზიკური წინააღმდეგობა. არ არის აუცილებელი ფიზიკურად მომზადებული იყოთ ან კარგი ჯანმრთელობა გქონდეთ, რომ გაფიცვაში მიიღოთ მონაწილეობა, ძალადობრივი საპროტესტო კამპანიები კი ძირითადად ახალგაზრდების მხარდაჭერას ეყრდნობა, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.ძალადობრივი პროტესტის შემცველ მოძრაობებს კი ესაჭიროებათ იარაღი, კონსპირაციის დაცვა, ამიტომაც ფართო მასებამდე მიღწევა უჭირთ.
მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვებით მშვიდობიანი საპროტესტო კამპანიები დიდი ალბათობით იმხრობენ პოლიციის და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს – ანუ იმ ჯგუფებს, რომლებსაც როგორც წესი ხელისუფლებები არსებული რეჟიმის შესანარჩუნებლად ეყრდნობიან.
მშვიდობიანი მასობრივი დემონსტარცების დროს, რომელშიც მილიონები მონაწილეობენ, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსაც უჩნდებათ შიში, რომ პროტესტანტებს შორის შესაძლოა მათი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები აღმოჩნდნენ. ან კიდევ უზარმაზარი ხალხის მასის დანახვისას მიდიან დასკვნამდე, რომ დროა ის გემი დატოვონ, რომელიც იძირება – ამბობს ჩენოვეტი.რაც შეეხება სპეციფიურ სტრატეგიებს, მკვლევარის აზრით მასობრივი გაფიცვები არაძალადობრივი პროტესტის ყველაზე ძლიერი იარაღია. მაგრამ ისინი შესაძლოა ყოველ მონაწილეს ძვირი დაუჯდეს, რადგან მშვიდობიანი პროტესტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ანონიმური ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება.ჩენოვეტს მაგალითად მოჰყავს სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის ერა, როცა ბევრი შავკანიანი მოქალაქე უარს ამბობდა იმ კომპანიების პროდუქციის შეძენაზე, რომელთა მეპატრონეები თეთრკანიანები იყვნენ. შედეგი თეთრი ელიტის ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც 1990–იანების დასაწყისში სეგრეგაციის პოლიტიკაზე უარის თქმის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.

მაროკოში მშვიდობიანი დემონსტრანტი უსაფრთხოების ძალების მებრძოლს ელაპარაკება მაგიური რიცხვი?
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზოგადი კანონზომიერებებია, და მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი პროტესტები ორჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ძალადობრივი კონფრონტაცია, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობებიც შემთხვევათა 47%–ში წარუმატებლობას განიცდის.როგორც ჩენოვეტი საკუთარ წიგნში აღნიშნავს, ასე იმიტომ ხდება, რომ არაძალადობრივი პროტესტები ზოგჯერ ვერ მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას და საკმარის დინამიკას, რათა მოწინააღმდეგის ძალაუფლება შეარყიოს და რეპრესიების წინაშე არ შედრკეს.
თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა საკმაოდ სერიოზულ მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობასაც განუცდია წარუმატებლობა. მაგალითად, აღმოსავლეთ გერმანიაში 1950–იან წლებში კომპარტიის მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობამ, რომელშიც 400 000 ადამიანი მონაწილეობდა (მოსახლეობის 2%), ცვლილებების გამოწვევა ვერ შეძლო.
ჩენოვეტის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით მშვიდობიანი პროტესტის შედეგი მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, თუ 3.5%–იან ზღურბლს აღწევს, ანუ მასში ქვეყნის მოსახლეობის 3.5% მონაწილეობს.
ეს მარტივი არ არის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 3.5% 2.3 მილიონი ადამიანია. აშშ–სთვის ეს ციფრი 11 მილიონ მოქალაქეს ნიშნავს – უფრო მეტს, ვიდრე ნიუ იორკის მოსახლეობაა.
თავდაპირველად ჩენოვეტის კვლევა 2011 წელს გამოქვეყნდა და მისი შედეგები დღემდე დიდ ყურადღებას იპყრობს.

სანთლები პრაღაში, ხავერდოვანი რევოლუციის მემორიალთან. 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში
კომუნისტური რეჟიმი დაემხო – “3.5%–ის წესის“ კიდევ ერთი დასტური“ძნელია არ აღიარო, რამდენად დიდი გავლენა იქონია მათმა კვლევამ“ – ამბობს მეთიუ ჩენდლერი, რომელიც ნოტრ–დამის უნივერსიტეტში სამოქალაქო წინააღმდეგობის პრობლემებს სწავლობს.
იზაბელ ბრამსენი, რომელიც კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფლიქტების ისტორიას იკვლევს, ასევე ადასტურებს, რომ ჩენოვეტის დასკვნები დამაჯერებლად გამოიყურება: “ახლა ეს უკვე ჭეშმარიტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ: არაძალადობრივი პროტესტი ბევრად უფრო მაღალი ალბათობით იწვევს ცვლილებებს, ვიდრე ძალადობა“– ამბობს ის.
რაც შეეხება “3.5%–ის წესს“, ის ხაზს უსვამს: “მართალია ეს თითქოს მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობაა, მაგრამ ამ რაოდენობის მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა პროტესტში იმას ნიშნავს, რომ პროტესტანტების მიზნებს პასიურად მხარს უჭერს გაცილებით ბევრი ადამიანი.“
მკვლევარები ახლა აპირებენ უფრო ღრმად შეისწავლონ, კიდევ რა ფაქტორები იწვევენ საპროტესტო მოძრაობების წარმატებას ან მარცხს. ბრამსენიც და ჩანდლერიც ხაზს უსვამენ დემონსტრანტების ერსულოვნებას.
ბრამსენს მაგალითად მოჰყავს ბაჰრეინის 2011 წლის ვერშემდგარი აჯანყება. თავიდან პროტესტში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მოძრაობა მალე გაიხლიჩა კონკურენტ ფრაქციებად. ერთიანობის დაკარგვამ ბრამსენის აზრით გამოიწვია ის, რომ საპროტესტო მოძრაობამ განვითარების დინამიკა დაკარგა და უშედეგოდ დასრულდა.
-
პუტინის ელექტორალური რეიტინგი 18 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ფონდ “საზოგადოებრივი აზრი“ს მონაცემებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო მხარდაჭერა 43%–მდე დაეცა. უახლოეს კვირა დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, ამომრჩევლის სწორედ ამდენი პრცენტი მისცემდა ხმას რუსეთის პრეზიდენტს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც სოციოლოგების მიერ ბოლო 18 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა. მხოლოდ 2001 წლის აპრილში ჰქონდა პუტინს ამაზე ოდნავ დაბალი რეიტინგი – 42%.გარდა ამისა, კვლევის შედეგების მიხედვით შემცირდა რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც თვლის რომ პუტინი პოსტზე კარგად მუშაობს. ივლისში ეს მაჩვენებელი 64% იყო, აგვისტოში კი 60%–ს შეადგენს. 27% ამბობს, რომ პრეზიდენტი ცუდად მუშაობს. 12%–ს კი უჭირს პასუხი.
36% ამბობს, რომ პრეზიდენტს ნაკლებად ენდობიან ბოლო ერთი თვის განმავლობაში. პრეზიდენტის მიმართ ნდობა მხოლოდ 15%–ში გაიზარდა. 49% ამ კითხვაზე არ პასუხობს.
ივლისის ბოლოს ლავადა ცენტრის სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ რუსების 38%–ს აღარ უნდა პუტინი 2024 წლის, ანუ ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოსტზე დარჩეს.ფონდ “საზოგადოებრივი აზრის“ ანალიტიკოსის, გრიგორი კერტმანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პუტინის რეიტინგის ვარდნა თითქმის სტატისტიკური ცდომილების, ანუ 2.5%–ის ფარგლებშია, მონაცემები ცხადყოფს, რომ ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს.
ის თვლის, რომ პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნა გამოიწვია როგორც ბუნებრივმა კატაკლიზმებმა (წყალდიდობებმა და ხანძრებმა ციმბირში), ასევე პროტესტმა მოსკოვში.
პუტინის რეიტინგის ვარდნა სწორედ მოსკოვში მიმდინარე მასობრივ პროტესტს დაემთხვა, რომელიც მოსკოვის დუმაში ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციაზე უარს მოჰყვა. ყოველ შაბათ დღეს ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში უკმაყოფილო მოსკოველები ქუჩებში გამოდიან, პოლიცია და სპეცრაზმი კი ასეულობით ადამიანს აკავებს.
კერტმანის აზრით, პუტინის რეიტინგის ვარდნა არა მხოლოდ პროტესტების მიმართ მხარდაჭერით არის გამოწვეული.
“არიან სრულიად ლოიალური ადამიანები, რომელთათვისაც სტაბილურობა უმაღლესი ფასეულობაა და მათთვის მასობრივი გამოსვლები და დემონსტრანტებისა და სამართალდამცავების შეტაკებები არასტაბილურობის განსახიერებაა. აქამდე პრეზიდენტის მხარდაჭერას დიდწილად ის განაპირობებდა, რომ ჩვენთან ეს არ ხდებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ხდება. გამოჩნდა არასტაბილურობის მაჩვენებელი კადრები და ეს ძლიერ განგაშს იწვევს ხალხში, უკმაყოფილება კი პირადად პუტინის მიმართ ჩნდება, რადგან ის ითვლება სტაბილურობის გარანტად ამ ქვეყანაში. პროტესტი – ტრიგერია. ნამდვილი მიზეზი კი ელექტორალური დაღლილობა და აუსრულებელი მოლოდინები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. 20 წელი ძალიან დიდი ვადაა“ – ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი. მისი თქმით, მოქალაქეებში მწიფდება სისტემური ცვლილებების მოთხოვნა, ხელისუფლებას კი ამ ცვლილებების გენერირება არ შეუძლია.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინის რეიტინგის ვარდნის ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვეღარ ახერხებს მოქალაქეების გაოცებას, მეტისმეტად პროგნოზირებადი გახდა, საშინაო საქმეებს ვერ აგვარებს, საგარეო პოლიტიკის საკითხებით კი მოსახლეობის გულის მოგებას ვეღარ ახერებს. გარდა ამისა, პოლიტოლოგების აზრით მისი რეიტინგის ვარდნის მიზეზი თაობის ბუნებრივი ცვლაც გახდა და ეს პროცესი გაგრძელდება.
-
ჯორჯ ბუშმა ინსტაგრამზე მისი პირველი ბიჭი შვილიშვილის ფოტო გამოაქვეყნა
ჯორჯ ბუშმა ინსტაგრამზე მისი პირველი ბიჭი შვილიშვილის ფოტო გამოაქვეყნა.
“კეთილი იყოს ჰენჰრი ჰაროლს ჰაგერის ჩვენს ოჯახში მობრძანება. ჩვენ ბედნიერები ვართ მისი ამაყი მშობლების გამო. მოხარული ვართ, რომ მილასა და პოპს ჰყავს პატარა, ძმა. მადლობა ღმერთს, რომ დედა და ბავშვი თავს ჯანმრთელად გრძნობენ” – წერს ჯორჯ ბუში

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ჯენა ბუშმა ვაჟი 2 აგვისტოს გააჩინა. ჯენა ბუშს ასევე 2 ქალიშვილი ჰყავს- 6 წლის მილა და 3 წლის ფოფი.

-
სირიის პირველმა ლედიმ სიმსივნე დაამარცხა
სირიის პირველი ლედი სარძევე ჯირკვლის კიბოსგან განიკურნა. დაავადების დამარცხების შესახებ ასმა ასადმა სირიის სახელმწიფო ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. სირიის პირველი ლედი დიაგზონის დასმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ძუძუს კიბოს დიაგნოზი მას ერთი წლის წინ დაუსვეს, იანვარში კი ოპერაციაც ჩაუტარდა. ასმა ასადმა დაადასტურა, რომ ქიმიოთერაპიის კურსს სირიის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა და ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მძიმე წუთებში მას გვერდით დაუდგა და ყველა ქალს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, გამოჯანმრთელება უსურვა.
“ვამაყობ იმით, რომ სირიელი ექიმების დახმარებით გამვჯანმრთელდი, რაც ჩვენი მედიცინის მაღალ დონეზე მეტველებს. ვურჩევ ყველა ქალს 40 წლის ზევით რეგულარულად ჩაიტარონ კვლევები, რათა ეს საშიში დაავადება დროულად აღმოაჩინონ და დაამარცხონ. მთავარია არ გეშინოდეს, თორემ შედეგები მძიმე იქნება“– მიმართა სირიის პირველმა ლედიმ მაყურებელს.
პირველი ლედის ლედის მიერ სიმსივნის დამარცხება სირიის პრეზიდენტის პრეს სამსახურმაც დაადასტურა და ასმა ასადს გამოჯანმრთელება მიულოცა.

-
მოსკოვში დაკავებულ აქტივისტებს ტელეფონები ჩამოართვეს და ნერწყვის ნიმუში აუღეს. აღძრულია საქმე “მასობრივი არეულობის“ მუხლით
მოსკოვში 3 აგვისტოს მიტინგზე დაკავებული ბევრი აქტივისტი ამბობს, რომ მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. უფლებადამცველების თქმით ყველა დაკავებულს კითხავდნენ როგორც მოწმეებს მასობრივი არეულობის მოწყობის საქმეში, რომელიც 27 ივლისს, წინა საპროტესტო აქციის დროს აღიძრა. დაკითხვის შემდეგ გამომძიებლები აფორმებდნენ ოქმებს მოწმის ტელეფონის ამოღების შესახებ. ამგვარად ბევრი დაკავებული საკუთარი სმარტფონის გარეშე დარჩა.
ერთერთი დაკავებულის დედა, ანასტასია რომაშკევიჩი ამბობს, რომ ტელეფონის ჩამორთმევის გარდა ტაგანკაზე გადაყვანილ ყველა დაკავებულს ნერწყვის ნიმუშიც აუღეს დნმ ანალიზის ჩასატარებლად. ტაგანკაშიც, ისევე როგორს შინაგან საქმეთა სხვა განყოფილებებში დაკავებულებთან ადვოკატები არ დაუშვეს.
სულ 3 აგვისტოს ვერშემდგარი აქციის დაშლისას, რომელზეც მოსკოვის დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის აკრძალვა უნდა გაეპროტესტებინათ, 600 ადამიანი დააპატიმრეს. ეს არის რუსეთის შსს–ს ოფიციალური ინფორმაცია. თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით რეალურად დაკავებულია ათასი ადამიანი. მათგან მინიმუმ 20 დილამდე შს განყოფილებებში დატოვეს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა აქციის ორგანიზატორები დაგმო და ისინი არეულობებში მოქალაქეების ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა, რომელთაგან მისი თქმით ბევრს მოსკოვთან საერთო არაფერი აქვთ.
ოპოზიციამ ანალოგიური საპროტესტო აქცია ერთი კვირით ადრე, 27 ივლისსაც გამართა. არცერთი აქცია ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ორივე პოლიციამ და როსგვარდიამ დაშალა. 27 ივლისს დაკავებულთა რიცხვი უფრო მეტი იყო. ოფიციალური ინფორმაციით მაშინ 1300 ადამიანი დააკავეს.
31 ივლისს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მოწყობის მუხლით. შაბათს დღის ბოლომდე ამ მუხლით ბრალდებული უკვე ცხრა ადამიანი იყო. ექვსი მათგანი დაპატიმრებულია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, უფლებადამცველები კი საქმის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებენ.
საპროტესტო მოძრაობის ბევრი ლიდერი ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის. მათ შორის არის ალექსეი ნავალნი. გამონაკლისი გახდა დაურეგისტრირებელი კანდიდატი ლუბოვ სობოლი, რომელიც 3 აგვისტოს სულ რამდენიმე საათით დააკავეს. როგორც გაირკვა, ისიც მასობრივი არეულობის საქმეში მოწმედ ითვლება.

-
რუსეთში ოპოზიციონერ ნავალნის ფონდის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე აღძრეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა სახსრების ლეგალიზაციის “საფუძველზე“, რომლებიც ალექსეი ნავალნის არაკომერციული ორგანიზაციის, “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დაფინანსებისთვის იყო მიმართული.
კომიტეტის ოფიციალური ინფორმაციით საქმე ეხება 1 მილიარდი რუბლის ოდენობის თანხას.
“საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფულად სახსრებთან დაკავშირებით ჩატარებული ფინანსური ოპერაციების გამო, რომლებიც სხვა პირებმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს“ – ამბობს კომიტეტის წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო.
მანამდე რუსეთის შსს–მ საგამოძიებო კომიტეტს გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლის თანახმად ნავალნის ფონდის თანამშრომლები, ასევე მასთან დაკავშირებული პირები 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში “იღებდნენ მსხვილ თანხებს მესამე პირებისგან რუბლებში და უცხოურ ვალუტაში, რომლებიც იმთავითვე მათთვის იყო მოპოვებული დანაშაულებრივი გზით“.საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თანხები მოსკოვის ბანკომატებიდან საბანკო ანგარიშებზე შექონდათ, შემდეგ კი ფონდის მიმდინარე ანგარიშებზე რიცხავდნენ.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით ამჟამად დგინდება იმ პირთა ვინაობა, ვისაც ამ ოპერაციასთან კავშირი ქონდა, ასევე თანხების მიღების წყარო და მათი მოცულობა.
ინფორმაცია ნავალნის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ პირველად გამოცემა “პროექტში“ გამოჩნდა, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობოდა. ამ პუბლიკაციის კომენტირებისას ნავალნის შტაბის ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა დაწერა: “ხელისუფლებას როგორც ჩანს უნდა ყველა შემოწირულობა, რომლებიც ჩემი ანგარიშიდან მიდიოდა, “ფულის გათეთრებად“ გაასაღოს, ანუ ნავალნის რეგიონული შტაბების დაფინანსება შეუძლებელი გახადოს.“თავად ალექსეი ნავალნი და მისი ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდიან. ნავალნი 24 ივნისს საკუთარ სახლთან დააკავეს იმის გამო, რომ მან მოსკოველებს მოსკოვის მერიის წინ არასანქცირებულ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა. აქცია მოსკოვის დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე უარის გაპროტესტებას ისახავდა მიზნად. დააკავეს ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლიც, რომელსაც ბრალად ედება პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობა და მიტინგის ჩატარების წესების დარღვევა.