Category: მსოფლიო

  • კორონავირუსის გამო ელენის შოუს სტუდიაში მაყურებლის დაუსწრებლად ჩაწერენ

    ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ელენ დეჯენერესმა გადაწყვიტა თავისი შოუ მაყურებლის დაუსწრებლად ჩაწეროს.

    ” ვითარების სწრაფი ცვალებადობისა და ჩვენი აუდიტორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩაწერა მაყურებლების დაუსწრებლად ჩაივლის” -განაცხადა შოუს წარმომადგენელმა.

    გადაცემის გუნდი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია და გადაწყვეტილებას მაყურებლის დასწრების აღდგენის თაობაზე ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღებენ.

  • იტალიის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი კორონავირუსით დაიღუპა

    იტალიაში სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი , რობერტო სტელა კორონავირუსით გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას CNN  ავრცელებს.

    მედიის ინფორმაციით, 67 წლის ექიმი  კორონავირუსის გამო, სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა.

  • ტრამპი კორონავირუსის გამო საერთონაციონალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მაშტაბით საერთონაციონალური საგანგებო სიტუაციის რეჟიმის გამოცხადებას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო რორიტერი წერს. საგანგებო რეჟიმი ქვეყნის მეთაურს საშუალებას მისცემს ვირუსთან ბრძოლაში სახსრები ფედერალური ბიუჯეტიდან კონგრესთან შეთანხმების გარეშე დახარჯოს.

  • მერკელი: გერმანიის მოსახლეობის 70% შესაძლოა კორონავირუსით დაავადდეს

    გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანიის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კორონავირუსით გერმანიის მოსახლეობის 70% შესაძლოა კორონავირუსით დაავადდეს. ეს კი რაოდენობრივად 58 მილიონი ადამიანია.

    ეს მძიმე პროგნოზი მერკელმა ოთხშაბათს, ჯანდაცვის მინისტრთან, იენს შპანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    “რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ჯერ არ არსებობს, მასთან ბრძოლის ძირითადი გზა მისი გავრცელების შეზღუდვაა. დრო უნდა მოვიგოთ. “– ამბობს გერმანიის კანცლერი.

    ოთხშაბათს გერმანიაში ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ ჰაინსბერგშიკორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. მანამდე ამავე რაიონში 78 წლის მამაკაცი, ქალაქ ესენში კი 89 წლის ქალი გადაიცვალნენ.

    ჯამში გერმანიაში დაინფიცირების 1296 შემთხვევაა დაფიქსირებული.

    ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საზვრების ჩაკეტვა არასაკმარისი იქნება დაავადების გავრცელებასთან საბრძოლველად. ამ თემაზე ეს იყო მერკელის პირველი საჯარო განცხადება. მან თქვა, რომ არ აპირებს ავსტრიის მსგავსად ქვეყანაში იტალიელებს შესვლა აუკრძალოს:

    “ეს არის გამოცდა ჩვენი სოლიდარობისთვის, საღი აზრისთვის და ერთმანეთზე ზრუნვისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას გავუძლებთ. “– თქვა მერკელმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს “შავი ნულის“ წესის გაუქმებას, რომელიც ქვეყანას არ აძლევს უფლებას ვალი აიღოს და ბიუჯეტის დეფიციტი ჰქონდეს. ამ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში კანცლერის თქმით მთავრობის პრიორიტეტი ეპიდემიასთან გამკლავებაა.

  • კორონავირუსის გამო „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება

    კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმი მორგან ორტაგუსი ავრცელებს.  

    „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის გამართვა  24-25 მარტს აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგში იყო დაგეგმილი.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

  • 103 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

    103 წლის ჩინელმა  ქალმა კორონა ვირუსი დაამარცხა. ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც კორონავირუსის დამარცხება შეძლო.ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.

    ჯან გუანგფენმა უჰანის ცენტრალური  საავადმყოფო 6-დღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

    ვუჰანის საავადმყოფოში ქალი კორონა ვირუსის სიმპტომებით და პნევმონიით 1 მარტს შეიყვანეს.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

  • ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს და კონსერვატორ დეპუტატს, ნადინ დორისს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. დორისი პარლამენტის პირველი წევრია, რომელსაც ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ის ამბობს, რომ სიფრთხილის ყველა რეკომენდირებული ზომა მიიღო და სახლში თვითზოლაცია გამოაცხადა.

    დორისი საკუთარ განცხადებაში ამბობს: “ვადასტურებ, რომ კორონავირუსზე დადებითი შედეგი მივიღე. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა დაიწყო ჩემი კონტაქტების დეტალური შესწავლა. დეპარტამენტიც და ჩემი საპარლამენტო ოფისიც ზუსტად ითვალისწინებს მათ რჩევებს. “

    ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა კი ტვიტერში დაწერა, რომ დორისი სწორად მოიქცა რომ სახლში თვითიზოლაცია გამოაცხადა და გამოჯანმრთელება უსურვა.

  • ნიუ იორკის გარეუბანში კორონავირუსის კერა აღმოჩნდა. საქმეში სამხედროები ერთვებიან

    ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ქალაქ ნიუ როშელში, მეგაპოლისის ჩრდილოეთით კორონავირუსის ინფექციით დაავადების განსაკუთრებული ზონის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის რადიუსი 1 მილი, ანუ 1.6 კილომეტრია . მისი განცხადებით იქ სავარაუდოდ აშშ–ში ყველაზე მსხვილი დაინფიცირების კერაა.

    იზოლაციის რეჟიმის შესანარჩუნებლად ამ ზონაში აშშ–ს ნაციონალური გვარდიის სამხედროებს გამოიყენებენ. კერძოდ, ისინი  სკოლების დალაგებას და კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის საჭმლის მიწოდებას შეითავსებენ.

    ამჟამად ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით დაინფიცირების 173 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 108 უესჩესტერის საგრაფოში გამოვლინდა, რომელშიც ქალაქი ნიუ როშელი მდებარეობს.

    საგრაფოს მოსახლეობა მილიონზე ნაკლები ადამიანია. ქალაქის მოსახლეობა კი 77 ათასი. მრავალმილიონიან ნიუ იორკში, რომელიც აქედან სამხრეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს 36 შემთხვევა გამოვლინდა.

    გუბერნატორი პირობას დებს, რომ ქალაქში შესვლაზე შეზღუდვები არ დაწესდება, მაგრამ დაიხურება ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები. სკოლები, საზოგადოებრივი დაწესებულებები და მსხვილი საწარმოები კი ორი კვირით დაიხურება.

    “ეს ძალიან სერიოზული ზომაა, მაგრამ ეს ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კერაა, და ეს პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია“– განაცხადა კუომომ.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალაქში ინფექციის გავრცელების ცენტრი ადგილობრივი სინაგოგაა. ამბობენ, რომ პირველი გამოვლენილი დაინფიცირებული მამაკაცი სინაგოგას სტუმრობდა ხოლმე. ამჟამად კარანტიგში 1000–მდე მლოცველი იმყოფება.

    სულ აშშ–ში 10 მარტის მდგომარეობით დაინფიცირების 804 შემთხვევა იყო გამოვლენილი.გარდაიცვალა 28. აქედან 23 ვაშინგტონის შტატში, ორი კალიფორნიაში და თითო ადამიანი ფლორიდასა და ნიუ ჯერსიში.

  • “საუკუნის ძარცვა“: სანტიაგოს აეროპორტიდან თავდამსხმელებმა 15 მილიონი დოლარი გაიტაცეს

    შეიარაღებული ბოროტმოქმედების ჯგუფი თავს დაესხა დაჯავშნულ ავტომობილს ჩილეს დედაქალაქის, სანტიაგოს აეროპორტში და 15 მილიონი დოლარი გაიტაცა. ჟურნალისტებმა ფაქტს უკვე უწოდეს “საუკუნის ძარცვა“, რადგან ქვეყნის ისტორიაში ის ერთ–ერთი ყვალაზე “მსხვილი“ ძარცვაა გატაცებული თანხის ოდენობის მხრივ.

    ჩილეს პოლიციის ცნობით “შვიდიდან ათამდე “ ეჭვმიტანილმა ტერმინალში ორი ავტომობილით შეაღწია, შემდეგ კი თავს დაესხა დაჯავშნულ მანქანას, რომელშიც ერთ–ერთი თვითმფრინავით ქვეყანაში ჩამოტანილი უცხოური ვალუტა იყო ჩატვირთული. სააგენტოების ინფორმაციით მძარცველები პროდუქტების მომარაგების კომპანიის მანქანას იყენებდნენ. პოლიციის ინფორმაციით ისინი მცველებს იარაღით დაემუქრნენ, შემდეგ კი ფულთან ერთად გაუჩინარდნენ. მათ 14 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო გაიტაცეს. ინციდენტის შედეგად ორი მცველი დაიჭრა.

    Guardian–ის წერს, რომ ჩილეს პოლიციის აზრით თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, რომ თვითმფრინავით ქვეყანაში ფულის ჩამოტანა იგეგმებოდა.

    ბოლო წლების მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სანტიაგოს აეროპორტიდან დიდი თანხა გაიტაცეს. 2014 წელს შეიარაღებული ყაჩაღების ჯგუფმა აეროპორტში ფურგონიდან დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გაიტაცა. ამის შემდეგ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოხსნეს.

    ფრანს პრესის ინფორმაციით 2017 წელს მძარცველების კიდევ ერთმა ბანდამ 19 მილიონი დოლარი გაიტაცა სანტიაგოს გარეუბანში მდებარე სატრანსპორტო კომპანიის ოფისიდან.

  • ჩინეთში საკარანტინო სასტუმრო ჩამოინგრა. ათობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა

    დაახლოებით 70 ადამიანი აღმოჩნდა ნანგრევებში მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ციანჯჟოუში სასტუმრო ჩამოინგრა. ხუთსართულიანი სასტუმრო იმ ადამიანების კარანტინისთვის გამოიყენებოდა, ვისაც კორონავირუსით დაავადებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. 32 ადამიანი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ჩამონგრევის მიზეზი, რომელიც ადგილობრივი დროით 19:30 საათზე მოხდა. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.
    სასტუმრო 2018 წელს აშენდა და მას 80 ნომერი ქონდა.