Category: მსოფლიო

  • კორონავირუსის გამო ვატიკანში სააღდგომო რიტუალები ხალხის დასწრების გარეშე ჩატარდება

    CNN–ის ინფორმაციით კორონავირუსის გამო ვატიკანი სააღდგომო მესასა და წმინდა კვირის ღონისძიებებზე ხალხის დასწრებას არ დაუშვებს. 

    რომის პაპმა ლოცვების ონლაინ რეჟიმში ჩატარება 12 აპრილამდე გაახანგრძლივა.

    ვატიკანმა მიმდინარე კვირას  ტურისტებისთვის წმინდა პეტრეს მოედანი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა დაზურა.  აპრილამდე დაიკეტა მუზეუმები.

    ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა– ავსტრიის კანცლერი

    ახალი ვირუსი ავსტრიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.

    “ჩვენ უსერიოზულეს გამოწვევას შევეჯახეთ… უნდა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და თან შევინარჩუნოთ ეკონომიკა და სამუშაო ადგილები ავსტრიაში. ეს ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია“– ამბობს ის.

    კანცლერის თქმით ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იტალიისას 10–14 დღით ჩამორჩება. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს მიიღებს. 16 მარტიდან ქვეყანა ავარიულ რეჟიმზე გადადის. იტალიიდან კორონავირუსის არქონის შესახებ სამედიცინო ცნობის გარეშე ქვეყანაში ვეღარავინ შევა. გარდა ამისა, აპრილის დასაწყისამდე ავსტრიაში აიკრძალება ხალხმრავალი ღონისძიებები.

    ორშაბათიდან ქვეყანაში დროებით დაიკეტება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. დამსაქმებლებს ეძლევა რეკომენდაცია თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის საშუალება მისცენ.

    ავსტრიაში დაიკეტა ზოგიერთი მაღაზია და შეიზღუდა კაფე–რესტორნების მუშაობა.

    შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 600–ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. პირველი გარდაცვალების შემთხვევა ვენაში 12 მარტს დაფიქსირდა.

  • კორონავირუსის საფრთხის გამო ლიტვამ და ლატვიამ საზღვრები ჩაკეტეს

    კორონავირუსის საფრთხის გამო ლიტვამ და ლატვიამ საზღვრები ჩაკეტეს

    საერთაშორისო საზღვაო, სარკინიგზო, ავტობუსებისა და ავიამიმოსვლა ლატვიაში 17 მარტს შუაღამეს გაჩერდება. ამის შესახებ საგანგებო საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ლატვიის პრემიერ მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხდა. გამონაკლისი დაიშვება ლატვიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სახლში ბრუნდებიან და უცხოელებისთვის, რომლებმაც ლატვიის დატოვება გადაწყვიტეს. პრემიერმა მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ ლატვიის მოქალაქეებს დაფიქრდნენ დაბრუნების შესაძლებლობაზე.

    აკრძალვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.
    ლატვიაში საგანგებო სიტუაცია 12 მარტს გამოცხადდა, რის გამოც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, გაუქმდა ღონისძიებები, რომლებიც 50 ზე მეტი ადამიანის შეკრებას გულისხმობდა. სკოლებში ცენტრალიზებული გამოცდები მაისისთვის გადაიტანეს.
    ოფიციალური მონაცემებით ლატვიაში, რომლის მოსახლეობა ორი მილიონი ადამიანია, კორონავირუსის 26 შემთხვევაა დარეგისტრირებული.
    ლიტვაში, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის რვა შემთხვევა დაფიქსირდა. ორშაბათიდან საზღვრებს ეს ქვეყანაც კეტავს. ქვეყანაში 16 მარტიდან კარანტინი ცხადდება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

    კარანტინის შემოღებასთან ერთად ლიტვაში უცხოელების უმრავლესობისთვის მაღაზიების უმრავლესობა დაიკეტება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. აკრძალვები არ შეეხება ტვირთების გადაზიდვას. ქვეყნის მოქალაქეებს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ, მათ გარდა, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს.

    უცხოელებს “ჰუმანიტარულ კორიდორს“ სამი დღის განმავლობაში გაუხსნიან, რათა მათ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება შეძლონ.
    საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა ესტონეთშიც, სადაც მილიონნახევრიანი მოსახლეობის პირობებში 115 დაავადებულია დარეგისტრირებული.

  • სომხეთის პრემიერი ცოლთან ერთად თვითიზოლაციაშია

    სომხეთის პრემიერ მინისტრი ოჯახთან ერთად სევანში მდებარე აგარაკზე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკ-ლაივის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    ფაშინიანის თქმით, ისინი კორნავირუსთან დაკავშირებით ტესტირებას დღეს გაივლიან. თვითიზოლაციის მიზეზი ფაშინიანის მეუღლის ანა აკოპიანისა და ბრაზილიის პრეზიდენტის მეუღლის შეხვედრა გახდა, რომელიც 7 მარტს შედგა. მსოფლიო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. თავად ბოლსონარუ ამ ფაქტს უარყოფს.

  • ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

    ჩერნოგორია ერთადერთ ქვეყნად დარჩა ევროპაში, სადაც დღემდე ახალი კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 2000 დამიანი შეამოწმეს. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 392 ადამიანია.

    ადგილობრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგის, იგორ გალიჩის თქმით კორონავირუსის დიაგნოსტიკას ორი–სამი საათი ჭირდება, ამიტომაც შედეგები საკმაოდ სწრაფად ხდება ცნობილი. ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში მან მოქალაქეებს მოუწოდა არ გაავრცელონ პანიკა და დეზინფორმაცია.

    ბოლო ინფორმაციით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 144 000 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რაოდენობაა 5397.

  • უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს

    ორშაბათისდან უკრაინის საღვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის იკეტება. აკრძალვა ჯერჯერობით ორი კვირით წესდება, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს.
    გადაწყვეტილება დღეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

    საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ ქვეყანაში არაფერი საშინელი კორონავირუსის თვალსაზრისით არ ხდება და მოუწოდებს მოქალაქეებს პანიკაში არ ჩავარდნენ.
    მისი თქმით, საზღვარგარეთ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცემათ, თუმცა ისინი, ვინც სახიფთაო ქვეყნებიდან ბრუნდებიან ობსერვაციის პროცედურას გაივლიან. უკრაინის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრებისგან ასევე ქვეყნის ფარგლებში გადაადგილებისგანთავის შეკავებას ურჩევს.

    დღეს უკრაინიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 71 წლის ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლონეთიდან დარუნდა.

  • ცალმხრივი გადაწყვეტილება:რატომ არ გააფრთხილა ტრამპმა ევროპა ფრენების აკრძალვამდე

    დრო არ იცდის, ისევე როგორც კორონავირუსი – ასე ახსნა თეთრი სახლის მეთაურმა, რატომ აღმოჩნდა სრული მოულოდნელობა ევროპელი პარტნიორებისთვის აშშ–ში შენგენის 26 ქვეყნიდან მგზავრების მიღების აკრძალვა.

    “ამ სახელმწიფოს მეთაურებთან მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ იძულებულნი ვიყავით გვემოქმედა. არ მეცალა ჩამოსარეკად და ჩვენი გადაწყვეტილების პირადად შესატყობინებლად. ეს მეტისმეტად ბევრ დროს წამართმევდა“– თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

    დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ამერიკულ კარანტინში არ მოხვდნენ, თუმცა ვაშინგტონში ვიზიტისას ირლანდიის პრემიერ მინისტრს, ლეო ვარდარუს ტრამპმა ხელი არ ჩამოართვა.
    ტრამპის ქმედებებს მისი ოპონენტები აკრიტიკებენ:

    “სამწუხაროდ გლობალური კრიზისის ფონზე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სრული არაკომპეტენტურობის დემონსტრირება მოახდინა. მისმა არაპროფესიონალიზმმა და უგნურებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ამ ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ადამიანის სიცოცხლე“– განაცხადა ვერმონტის შტატის სენატიორმა ბერნი სანდერსმა.

    თავის მხრივ კი ტრამპი ევროპას ბრალს სდებს, რომ არ მიიღო სათანადო ზომები, რათა აშშ–ს ტერიტორიაზე კორონავირუსი არ დაეშვა.

    სანამ ბრიუსელში ტრამპის მიერ ცალმხრივად, კონსულტაციების გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავენ, ევროპულ აეროპორტებს ამერიკელი ტურისტები მიაწყდნენ: მათ უფლება აქვთ სამშობლოში შეუფერხებლად დაფბრუნდნენ. შეზღუდვები არც მწვანე ბარათის მფლობელებზე და გაეროს დიპლომატებზე ვრცელდება.

  • კორონავირუსი: უმძიმესი დღე მსოფლიოს საფონდო ბირჟებისთვის. ინვესტორების პანიკამ გლობალური ჩამოშლა გამოიწვია

    კორონავირუსის გავრცელების გამო ინვესტორთა შიშებმა მთელ მსოფლიოში ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ჩამოშლა გამოიწვია. ხელისუფლებები ეკონომიკის სტიმულირებისთვის ზომებს იღებენ, თუმცა ისინი არასაკმარისი იმისათვის, რომ ვარდნა შეაჩეროს.

    ბრიტანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი 12 მარტს 10%–ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა 1987 წლის შემდეგ.

    აშშ–ში მკვეთრად დაეცა Dow Jones –ის და S&P 500–ის ინდექსები და ისიც 1987 წლის ყველაზე უარეს მაჩვენებელს გაუტოლდა.

    აშშ–ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალბანკმა საპროცენტო განაკვეთები დაწიეს, თუმცა ამან ინვესტორების პესიმიზმი ვერ გაანელა.

    მსოფლიო ბაზრები ზღვარზე არიან. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს გახსნისთანავე იმდენად მკვეთრი ვარდნა დაიწყო, რომ ბირჟა დროებით დახურეს. ეს ამ კვირაში უკვე მეორედ მოხდა.

    ვაჭრობა 15 წუთში განახლდა და აქციების ფასებმა ვარდნა განაგრძო, რაც ნაწილობრივ ევროპული ბაზრების ჩამოშლის შედეგია.

    S&P 500 –ის ინდექსი 9,5%–ით დაეცა, Nasdaq –ის 9,4 პროცენტით. წამყვანი ბრიტანული ინდექსის, FTSE 100–ის დაცემამ 160 მილიარდი ფუნტის დანაკარგი გამოიწვია. საფრანგეთში და გერმანიაში ინდექსები 12%–ზე მეტით დაეცა.

    ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზრები ზღვარზე არიან და არავინ იცის როგორ გამოიყურება ეკონომიკის სრული გაჩერება, თუნდაც დროებითი.

    ბაზრების ჩამოშლა აშშ–ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ევროპიდან აშშ–ში შესვლა შეაჩერა. ამან ტურისტული ფირმების აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

    ფასიანი ქაღალდების ბაზრები ჩამოიშალა აზიაშიც. საკვანძო იაპონურმა ინედქსმა, Nikkei 225–მა ერთ დღეში 44.4% დაკარგა.

    ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიო ბაზრებმა 20%–ზე მეტი დაკარგეს , რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა მალე რეცესია დაიწყოს.

    12 მარტი FTSE 100–სთვის 1987 წლის შავი ორშაბათის შემდეგ ყველაზე უარესი დღე იყო.

    დამკვირვებლები მკითხაობენ, რომელ ინფორმაციას შეიძლებოდა ასე დაეშინებინა ინვესტორები, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ცენტრობანკები ყველა ღონეს ხმარობდნენ ვარდნის შესჩერებლად.

    პრინციპში, ამაში ახალი არაფერია– ტრეიდერების უმრავლესობამ იცოდა, რომ კორონავირუსი ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევდა და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში რეცესია დაიწყებოდა.

    ინვესორებისთვის დამატებითი შოკი შეიძლებოდა მართლაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გამხდარიყო, რომელმაც აშშ–ში შესვლა აკრძალა კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლესობიდან, განსაკუთრებით კი  ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმა.

    მას წინ არ უძღვოდა მოლაპარაკებები. ბიბისი წერს, რომ  ტრამპი უჩვეულოდ დაბნეულად გამოიყურებოდა, თითქოს ბოლოს და ბოლოს ისიც ვირუსის პანიკურმა შიშმა მოიცვა.


    გარდა ამისა, ბიბისი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან დეტალზე. ტრამპმა თავიდან განაცხადა, რომ აკრძალვა ტვირთების გადაზიდვას შეეხებოდა, შემდეგ კი შეასწორა და თქვა, რომ ასე არ არის.

    თუმცა, ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაზიდვა სამგზავრო თვითმფრინავების სატვირთო განყოფილებებით ხდება.

    სამოქალაქო რეისების შეჩერება ტვირთების გადაზიდვის მკვეთრად შემცირებასაც გამოიწვევს, ეს კი ძლიერად დაარტყამს ექსპორტიორებს და მწარმოებლებს ატლანტიკის ორივე მხარეს.

  • “ბევრი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანს, სანამ ეპიდემია დასრულდება“–ბრიტანეთის პრემიერი ზომებს ამკაცრებს

    დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ახალ ზომებს იღებს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ. პრემიერ ბორის ჯონსონის თქმით ბრიტანეთში კორონავირუსთან ბრძოლა შემდეგ სტადიაზე – ვირუსის გავრცელების შენელებაზე გადადდის.

    ვირუსის შეკავების სტადია დასრულებულია, ექსპერტები აღიარებენ, რომ ვირუსი აუცილებლად გავრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს.

    ხუთშაბათს საღამოს ბრიტანეთში 596 ინფიცირებული იყო და ათი გარდაცვლილი. ქვეყანაში დაახლოებით 30 000 ტესტი ჩატარდა.

    სპეციალისტები და ხელისუფლება ხაზს უსვამენ, რომ ოფიციალური ციფრები მხოლოდ აისბერგის წვერია. როგორც სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს განიცდის, ექიმებს არ მიმართავს და ვირუსის “ფეხზე გადატანა“ ხდება. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ინფექციის გამარვცელებელი.
    ამიტომაც მიახლოებითი შეფასებით ბრიტანეთში შესაძლოა უკვე 5–10 000 დაინფიცირებული იყოს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ამ თვალსაზრისით ოთხი კვირით ჩამორჩება იტალიას, სადაც უკვე ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

    “ეს ჩვენი თაობისთვის ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მძიმე კრიზისია„ – განაცხადა პრემიერმა ჯონსონმა და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს თვეებში ვირუსი ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში გაგრძელდება.

    “ბევრი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანს მანამ, სანამ ეპიდემია დასრულდება“ – დასძინა პრემიერმა.

    მოქალაქეებს დაავადების თუნდაც ყველაზე მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც არის მუდმივი ხველა და ტემპერატურის მატება რეკომენდაცია ეძლევათ სახლში დარჩნენ მინიმუმ შვიდი დღე.

    ასაკოვან ადამიანებს კი დაჟინებით აძლევენ რეკომენდაციას უახლოეს კვირებში სახლიდან არ გამოვიდნენ.

    ხელისუფლება სპორტული შეჯიბრებების და მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესაძლებლობასაც განიხილავს. სკოლები ჯერჯერობით არ დახურულა, თუმცა ეს ზომა კონკრეტულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული, თუ დაინფიცირების კერები გაჩნდება. სკოლებისთვის უცხოეთში გამგზავრებები აკრძალულია.

    ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონსონმა ყველა გააფრთხილა, რომ დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ამჟამად ხელისუფლებების წინაშე დგას ამოცანა ვირუსის გავრცელება შეანელონ. პრემიერის თქმით, თუ ვირუსის პიკი რამდენიმე კვირით შეკავდება, ეს ჯანდაცვის სისტემას მომზადების საშუალებას მისცემს.

    ხელისუფლება დაავადებულთა დიდ რაოდენობას ელოდება, თუმცა იმედი აქვს რომ ეპიდემიის პიკს გადაავადებს და მაქსიმალურად შეამსუბუქებს, რადგან ერთბაშად ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეუძლებელს გახდის.

    ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დროს მოიგებს და ვირუსს გაზაფხულის ბოლომდე ან ზაფხულამდე გადაავადებს, როცა სამედიცინო დაწესებულებები სხვა ვირუსით დაავადებულებით ნაკლებად არიან დატვირთული. მანამდე შესაძლოა პროგრესი მოხდეს წამლების ტესტირებასა და ვაქცინის შემუშავებაში, მოხდეს მკურნალობის მეთოდების სრულყოფა.

  • ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. ის ახლა ევროპას დაეხმარება

    ჩინეთის ჯანდაცვისა და ჰიგიენის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი, მი ფენი აცხადებს, რომ ჩინეთში კორონავირუს Covid-19–ის ეპიდემიის პიკი გავლილია.

    ხუთშაბათს ქვეყანაში დაავადების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხშაბათს 15, აქედან რვა ჰუბეის პროვინციაში, ექვსი შემთხვევა კი უცხოეთიდან შესულ მოქალაქეებს ეხება.

    ჩინეთში გასული წლის ბოლოდან მოყოლებული დღემდე, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 80 778 ადამიანი იყო. ჯერ კიდევ დაავადებულია 14731 ადამიანი. დაავადებულთა 77%, ანუ 62 793 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3169 ადამიანი. საშუალო სიკვდილიანობამ 3.9% შეადგინა.

    დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უხანში იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მრავალრიცხოვანი ექსპერტები თუ ჟურნალისტები ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთის ბრძოლას, მათ შორის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებენ.

    ამიერიდან ჩინეთი ევროპას დაეხმარება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ ჩინელ კოლეგათან შეხვედრისას განაცხადა, რომ მათ ვქეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მათ არყოფნით სამედიცინო პროდუქტები და იმედი აქვთ, რომ პეკინი ამ მწვავე საკითხის გადაჭრაში დაეხმარება.

    ჩინელი კოლეგა კი მას დაპირდა, რომ რომში სპეციალისტებს გაგზავნის და იტალიას ჰუმანიტარულ დახმარების სახით სამედიცინო ნიღბებს და აღჭურვილობას მიაწვდის.