Category: მსოფლიო

  • კარანტინის ფონზე ამერიკელები იარაღს იმარაგებენ.ხელისუფლება კი ყოველ ამერიკელს 1000 დოლარს პირდება

    აშშ–ს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ უახლოეს კვირებში ყოველი ზრდასრული ამერიკელი მთავრობისგან 1000 დოლარიან ჩეკს მიიღებს. თეთრ სახლში თვლიან, რომ ეს ნაბიჯი სამომხმარებლო მოთხოვნის ამოქაჩვას და კორონავირუსის ეპიდემიის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას დაეხმარება.

    კორონავირუსის ეპიდემია, რომელმაც აშშ–ს ბირჟების მაჩვენებლები ჩამოშალა, ქვეყნის ეკონომიკის ერთი სფეროსთვის მაინც გახდა მომგებიანი. იარაღის და საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანიების აქციები ბოლო რამდენიმე კვირაა იზრდება, იარაღის მაღაზიების გარეთ  გრძელი რიგებია, იარაღის ინტერნეტ მაღაზიები კი კლიენტების მომსახურებას ვერ აუდიან.

    მედიასთან საუბარში იარაღის ყიდვის მსურველები გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ პანდემიის შედეგად მეტისმეტად ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი და მათ საკუთარი სახლი და ოჯახი უნდა დაიცვან.

    “როცა ეკონომიკას უჭირს, ხალხი იარაღს ყიდულობს“ – ამბობს ბიბისისთან საუბარში ერთ–ერთი მაღაზიის მენეჯერი და აკონკრეტებს, რომ მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იარაღის და საბრძოლო მასალების გაყიდვა მის მაღაზიაში 50%–ით გაიზარდა. უმრავლესობა იარაღს თავდაცვის მზნით ყიდულობს, რადგან თვლიან, რომ ეს კრიზისი დანაშაულის და ძარცვის ზრდას გამოიწვევს.


    კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი წესები გამოაცხადა, რომლებმაც თეთრი სახლის აზრით აშშ–ში კორონავირუსის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი. რეკომენდაციები ორი კვირის მანძილზე სახლში დარჩენას, თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებას და სხვა ადამიანებთან ორმეტრიანი დისტანციის დაცვას გულისხმობს. თუმცა ბიბისის არლინგტონში მდებარე იარაღის მაღაზიის მაგალითი მოჰყავს, სადაც ამ წესებს არავინ იცავს, რადგან მაღაზიას უამრავი ხალხი მიაწყდა. გამყიდველი ამბობს, რომ ხალხი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება, რადგან არავინ იცის რას ელოდოს.

    კარანტინის სამომხმარებლო პრობლემები

    აშშ–ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთავარ დეფიციტურ პროდუქტად ტუალეტის ქაღალდი და დეზინფექციის საშუალებები იქცა. ვაშინგტონის და მიმდებარე რაიონების მაღაზიების დახლებიდან ეს პროდუქტები ორი კვირის წინ გაქრა და როდის გამოჩნდება, არავინ იცის.

    შაბათ–კვირას ტრამპი შეეცადა აღელვებული მოსახლეობის დამშვიდებას და თქვა, რომ მოლაპარაკებები გამართა უმსხვილესი საცალო ქსელების მეთაურებთან და მაღაზიებში მომარაგების პრობლემა არ იქნება. ცარიელი დახლები კი იმის ბრალია, რომ ამერიკელები ამ დღეებში უჩვეულოდ ბევრ პროდუქტს ყიდულობენ.

    უდიდესი რიგებია საბითუმო ვაჭრობის ქსელებში. ყიდულობენ მაკარონს, კონსერვებს, წყლის ბოთლებს, და რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდს. თუმცა, კონკრეტულად ვერავინ ხსნის, რაში სჭირდება ამდენი ტუალეტის ქაღალდი. ზოგი ამბობს, რომ სავარაუდოდ სახლში დიდხანს მოუწევს გამოუსვლელად ჯდომა და გამოადგება. ზოგი შიშობს, რომ მალე უბრალოდ ვეღარ იშოვნის და იმიტომ იმარაგებს.

    აშშ–ს მოქალაქეები ხელისუფლებისგან უფრო მკაცრი ზომების შემოღებას ელიან და არც ის იციან, როდემდე გარძელდება საგანგებო ზომები.

    “ვიღაცამ უბრალოდ აიღო ჩვენი ქვეყანა, შეანჯღრია და მთლიანად ამოაბრუნა ჩვენი ცხოვრება“ – განაცხადა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.

    ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს აშშ–ს მოქალაქეებს შესთავაზეს ორი კვირა ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში გაეტარებინათ. სამშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ რეკომენდირებული კარანტინი შეიძლება აგვისტომდე გაგრძელდეს.

    ვაშინგტონში დაიკეტა ან განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა ყველა სახელმწიფო დაწესებულება. ჩინოვნიკების უმრავლესობას სახლიდან მუშაობა ურჩიეს. ასეთივე ზომები შემოიღეს კერძო კომპანიების უმრავლესობაში.

    ამერიკული ქალაქების უმრავლესობაში ყველა შტატში ამ კვირას ყველა კინოთეატრი, საკონცერტო დარბაზი, თეატრი, სპორტდარბაზი და კლუბი უნდა დაიკეტოს. მუშაობას მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები გააგრძელებენ. თუმცა ამერიკული კანონმდებლობის თავისებურებების გამო ამ აკრძალვის უზრუნველყოფა ყველგან ვერ მოხერხდება.

    მაგალითად, ვირჯინიის შტატში გუბერნატორს არ აქვს უფლება კერძო საწარმოები დაკეტოს, ამიტომაც შტატის ხელისუფლებამ რესტორნების და ბარების მფლობელებს თხოვნით მიმართა დროებით შეწყვიტონ სტუმრების მიღება და სახლში მიტანის სერვისზე გადავიდნენ.

    აშშ–ში პაუზა აიღეს სასამართლოებმაც. ახალი პროცესების დასაწყისი მინიმუმ აპრილის ბოლომდე გადაიდო. აიკრძალა ნაფიცი მსაჯულების შერჩევაც. 1918 წლის შემდეგ პირველად აშშ–ს უმაღლესმა სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის არგუმენტების ზეპირსიტყვიერი გაცვლა აკრძალა: მხარეებმა მოსაზრებები წერილობით უნდა წარადგინონ.


    ეკონომიკური რეცესიისა და ბირჟების ინდექსების ვარდნამ ამერიკის ხელისუფლება აიძულა ეკონომიკის მხარდაჭერის საგანგებო ზომები გამოეცხადებინა. ფინანსური დახმარების შესაძლო პაკეტის სრული მოცულება, რომელიც კონგრესმა და თეთრმა სახლმა ერთობლივად წარადგინეს 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფო დახმარების შესაძლო მიმღებებს შორის არიან: ავიაკომპანიები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაეყვანათ ან კარანტინის გამო კლიენტები დაეკარგათ.

    თეთრი სახლის მიერ შეთავაზებულ ზომებს შორის არის პერსონალური თანხის გადახდა აშშ–ს ყოველი ზრდასრული მოქალაქისთვის.

    ტრამპის თქმით, ქვეყნის ყოველი ზრდასრული  მცხოვრები უახლოეს მომავალში 1000 დოლარიან ჩეკს მიიღებს. ეს ზომა თეთრი სახლის აზრით სამომხმარებლო მოთხოვნას გაზრდის და ეპიდემიის ეკონომიკურ შედეგებს შეამსუბუქებს.

    “ჩვენ ვაპირებთ დაუყოვნებლივ გავუგზავნოთ ეს ჩეკები ამერიკელებს. დასაქმებული ამერიკელების ბრალი არ არის, რომ ჩვენ სამედიცინო მიზნების გამო იძულებულნი გავხდით ქვეყნის ნაწილი დაგვეხურა“ – ამბობს აშშ–ს ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი.

  • უკრაინელ დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

    უკრაინელ დეპუტატს, სერგეი შახოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.  

    „დღეს ლაბორატორიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა. ამჟამად საკუთარ სახლში, კარანტინში ვიმყოფები და ახლოს არავის ვუშვებ“, –დაწერა შახოვმა.  

    როგორც ცნობილია, დეპუტატი 17 მარტს უმაღლესი რადას რიგგარეშე შეხვედრას ესწრებოდა.

    ამ დროისთვის  უკრაინაში ახალი კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული.

  • ყველაზე მძიმე სცენარის მიხედვით, აშშ-ში კრონავირუსით შეიძლება მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში ახალი კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა ივლისამდე ან აგვისტომდე გაგრძელდეს.

    ამ ფონზე, ათობით შტატმა უკვე დაკეტა საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები, რესტორნები და ბარები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები. ქვეყნის მასშტაბით არაერთმა სამსახურმა, სადაც ეს შესაძლებელია, სავალდებულო დისტანციური მუშაობა შემოიღო.

    უკანასკნელი ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 196 000–ს გადაცდა.ვირუსი 152 ქვეყანაში ფიქსირდება და მის გამო 8 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.”

    შეერთებულ შტატებში დღევანდელი მონაცემებით ვირუსით 5800 -ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. დაავალებულთა შორის 99 გარდაიცვალა.

    შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ეპიდემიოლოგები ცდილობენ განსაზღვრონ რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მიერ გამოწვეული მსხვერპლი, რამდენ ადამიანს შეიძლება დასჭრდეს ჰოსპიტალიზაცია და რამდენადაა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად დაავადების პიკისთვის.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელსაც გაზეთი “ნიუ-იორკ ტამსი” ავრცელებს, ვირუსის გავრცელების მარტივ მოდელს იყენებს. ამ გათვლებში გათვალისწინებული არ არის ზოგიერთი პრევენციული ზომა, რომელსაც ფედერალური და შტატების მთავრობები იღებენ.

    ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 300 მილიონია. აქედან, ეპიდემიის განმავლობაში, რაც შეიძლება თვეები ან ერთი წელი გაგრძელდეს, 160-დან 214 მილიონამდე ადამიანი შეიძლებს დაინფიცირდეს კოვიდ-19-ით. მსხვერპლი კი 200 ათასიდან 1.7 მილიონამდე შეიძლება იყოს.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის გათვლებით, ამერიკაში 2.4-დან 21 მილიონამდე ადამიანს შეიძლება ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. სცენარის ასეთი გავითარება, ქვეყნის სამედიცინო სისტემისთვის უდიდესი ტვირთ იქნება. დღეის მონაცემებით, ამერიკის საავადმყოფოებს, დაახლოებით, ერთ მილიონი ადამიანის მიღება შეუძლია. ამ რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტია გათვლილი მძიმედ დაავადებულთათვის.

    CDC-ს ეს მონაცემები არ ითვალისწინებს ზომებს, რომლებსაც ქალაქები და შტატები ინდივიდუალურად იღებენ. ზოგიერთმა ამ ზომამ ვირუსის გავრცელების სისწრაფე უნდა შეაჩეროს.

    ამ ფონზე, 16 მარტს ამერიკაში კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ვაქცინის ტესტირება დაიწყო. ვაქცინა კლინიკურ კვლევებს მომდევნო თვეების განამავლობაში გაივლის და ფართო გამოყენებისთვის 12-დან 18 თვეში იქნება მზად.

    წყარო: ამერიკის ხმა.

  • საფრანგეთში სახლიდან გამოსვლისთვის ჯარიმა დაწესდა

    კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საფრანგეთი ქუჩებში 100,000 პოლიციელს განათავსეს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაწესებული მკაცრი იზოლაციის წესები დაიცვან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პოლიციის პუნქტები განთავსდება. „დარჩით სახლში“, – მოუწოდა ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქრისტოფ კასტანერმა. მისი თქმით მათ ვინც ამ წესს დაარღვევს, 135 ევროს გადახდა მოუწევს.

    ემანუელ მაკრონმა, 17 მარტს, მიმართვაში განაცხადა, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა მათ პროდუქტების შეძენა, სამსახურში წასვლა ან სამედიცინო დახმარების მიღება სურთ.

  • გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

    გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, სამედიცინო ნიღბები ქალაქ კელნის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი. კრიზისების მართვის ჯგუფი ახლა შესაბამის სარეალიზაციო დაწესებულებებს დეტალურად შეისწავლის, რათა მოპარულ ნიღბებს მიაგნონ.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 7 974   შემთხვევა ფიქსირდება. კორონა ვირუსისგან დაღუპულია 20 ადამიანი. მათ შორის 3 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

  • ევროკავშირი შენგენის ზონას ერთი თვით კეტავს

    დღეს შუადღიდან ევროკავშირის გარე საზღრები იხურება. გარდა ამისა, იხურება საზღვრები ევროკავშირის უვიზო ზონის შიგნით.

    ევროკომისიის წინადადებით აკრძალვა 30 დღით წესდება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებსაც მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ, ევროკავშირის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და დიპლომატები. საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია სამედიცინო პერსონალისა და კომერციული სატვირთო ტრანსპორტისთვის. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი ამ გეგმას მოიწონებს.

    საფრანგეთი ევროკავშირის მორიგი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სრული იზოლაცია გამოაცხადა. ქვეყნის მოქალაქეებს ნაბრძანები აქვთ სახლიდან არ გამოვიდნენ. საპატიო მიზეზის გამო სახლის დატოვება აკრძალულია, ისევე როგორც ნებისმიერი მასობრივი თავყრილობა. რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. საფრანგეთში აკრძალვა 15 დღით დაწესდა.

    თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ასეთი მკაცრი ზომები ვირუსის მატარებელთა აქტიური გამოვლენის გარეშე არაეფექტურია.

    გაეროს უშიშროების საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებით სხდომები შეაჩერა. გასულ კვირას გაეროში ფილიპინების წარმომადგენელს COVID19–ის ანალიზმა დადებითი შედეგი უჩვენა.
    მსოფლიოში ეკონომიკური დანაკარგები იზრდება, თუმცა ხელისუფლებები პირობას დებენ, რომ ყველაზე მოწყვლად სფეროებს მხარდაჭერას აღმოუჩენენ.

  • ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს აფრთხილებს და “ჭორების” გავრცელებისგან თავშეკავებას ურჩევს

    ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური პეკინი მოცემულ ვითარებაში “ჭორებს” არ უნდა ავრცელებდეს.

    განცხადებაში ასევე წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე ესაუბრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელს და მოუწოდა, რომ შეწყვიტონ მიმდინარე დეზინფორმაცია.

    “სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შეშფოთება და პროტესტი, ჩინეთის ქმედებების მიმართ, რომ კორონავირუსზე ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაედოს. მაიკ პომპეომ საუბრის დროს მოუწოდა ჩინეთს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციისგან და ასევე აღნიშნა, რომ ახლა არ არის დრო საგარეო ჭორების გავრცელებისთვის,” – წერია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

    შეგახსენებთ, რომ ოფიციალური პეკინი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახალი კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს.

  • კორონავირუსისგან ცნობილი იტალიელი არქიტექტორი გარდაიცვალა

    კვირას მილანის საავადმყოფოში კორონავირუსით გამოწვეული Covid-19–ის პნევმონიისგან 92 წლის ასაკში არქიტექტორი და ხელოვნების თეორეტიკოსი ვიტორიო გრეგოტი გარდაიცვალა.

    გრეგოტი ვენეციის ბიენალეს სახვითი ხელოვნების მიმართულების დირექტორი იყო 1974–1976 წლიდან. გრეგოტის მონაწილეობით 1992 წელს მოხდა ლუის კომპანისის სახელობის ბარსელონას ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქცია. ვიტორიო გრეგოტი იყო 1990 წელს ხელახლა აშნებული ლუიჯი ფერარისის სტადიონის პროექტის ავტორი გენუაში. 1970–იან წლებში არქიტექტორმა დააფუძნა სტუდია Gregotti Associati International, რომლის პროექტებს შორის არის მილანის არჩიმბოლდის თეატრი, ექს –ან – პროვანსის თეატრი საფრანგეთში, ბელემის კულტურის ცენტრი ლისაბონში, მილანის ბიკოკის რაიონის განვითარების გეგმა.

    კორონავირუსის სიმპტომებით მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს არქიტექტორის მეუღლე, მარიანა მარცაც, რომელიც ამ დრომდე იქ რჩება.

  • ბრიტანეთის მთავრობა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის რამდენიმეთვიანი კარანტინის გამოცხადებას აპირებს

    70 წელს გადაცილებული ბრიტანელები ვალდებული იქნებიან სახლში დარჩნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში , რათა თავი დაიცვან კორონავირუსისგან. ამის შესახებ ხელისუფლების ოფიციალური გადაწყვეტილება ახლო მომავალში გამოცხადდება – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა ბიბისისთან ინტერვიუში და სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. მისი განცხადებით, საქმე ეხება “დროის ძალიან დიდ შუალედს“ და ხელისუფლებას ესმის, რომ ძალიან ბევრს მოითხოვს ადამიანებისგან.

    ეს ზომები არ ვრცხელდება შოტლანდიაზე, სადაც ავტონომიის ხელისუფლება არ აპირებს მსგავსი ზომები შემოიღოს. იქ უბრალოდ ხანდაზმულ ადამიანებს სოციალური აქტივობის შემცირებას თხოვენ.

    მინისტრის თქმით ბრტანეთს საომარი პერიოდის მსგავსი ზომები ელის: სასტუმროები შეიძლება დროებით საავადმყოფოებად გადაკეთდეს, ავტომწარმოებლებს კი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას მოთხოვენ. “პანდემიასთან ბრძოლა ყველას შეეხება, ქვეყნის ყველა მოქალაქეს“– თქვა ჰენკოკმა.

    ბრიტანეთის მთავრობის ახალი ზომების შესახებ იმ მომენტში გახდა ცხნობილი, როცა ხელისუფლების ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგია ზოგიერთმა მეცნიერმა გააკრიტიკა. 200ზე მეტმა მეცნიერმა ღია წერილში მინისტრებს უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე კი გამოჩნდა პეტიცია უფრო მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით, რომელმაც კვირა საღამოსთვის 215 ათასზე მეტი ხელმომწერი შეაგროვა.

    ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხალხს უფრო მკაფიო რეკომენდაციები ჭირდება ხელისუფლების მხრიდან და პრემიერი ყოველდღე უნდა ესაუბრებოდეს ხალხს, რათა უფრო ნათელი გახდეს მთავრობის გადაწყვეტილებები და გეგმები.

    დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის დაინფიცრებულთა რიცხვმა 1300–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 35 ადამიანი. პრემიერი ჯონსონი აპირებს ბრიტანულ კომპანიებს მოუწოდოს უფრო მეტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა აწარმოონ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ჯანდაცვის სისტემას ეპიდემიასთან ბრძოლაში დაეხმარონ. გარდა ამისა, ხელისუფლება იჯარით აიღებს ათასობით საწოლ ადგილს კერძო საავადმყოფოებში თუ საჭიროება მოითხოვს.