Category: მსოფლიო

  • კარანტინი ინდოეთში. მოსახლეობას სამი კვირით სახლიდან გამოსვლა აეკრძალა

    კარანტინი ინდოეთში. მოსახლეობას სამი კვირით სახლიდან გამოსვლა აეკრძალა

    ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით “აბსოლუტური კარანტინი“ გამოაცხადა. ის ქვეყნის მთელ მოსახლეობას – 1 მილიარდ 300 ათას ადამიანს შეეხება. აკრძალვის შესახებ მის ძალაში შესვლამდე ოთხი საათით ადრე გამოაცხადეს.

    მოდიმ ადგილობრივი დროით 20 საათზე მოსახლეობას მიმართა. კარანტინი კი ადგილობრივი დროით ღამის თორმეტ საათზე იწყება და სამი კვირა გაგრძელდება.

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენით ესპანეთი, გერმანია და იტალია ლიდერობენ.

    ინდოეთი ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების სტატისტიკით ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა. კორონავირუსით 536 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცვალა ათი ადამიანი.

  • კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს

    კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის ეპიცენტრად ჩინეთის ნაცვლად ევროპა გამოაცხადა, ახლა უკვე ამ ეპიცენტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადანაცვლებას პროგნოზირებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამის მიზეზი  აშშ–ში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატებაა.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაფიქსირეული ახალი შემთხვევების 85 პროცენტი ევროპიდან და ამერიკიდანაა შესული. მათგან კი 40 პროცენტი ამერიკაზე მოდის, განაცხადა ჯამოს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

    შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამერიკა ახალ ეპიცენტრად იქცეს, ჰარისმა თქვა, რომ “შეერთბულ შტატებში ვხედავთ შემთხვევების ძალიან სწრაფ მატებას. ასე რომ, ეს პოტენციალი არსებობს. მათ დაავადების დიდი აფეთქება აქვთ და ამ აფეთქების ინტენსივობა იზრდება.”

    ამ დროისთვის აშშ–ში დაინფიცირებულთა რიცხვმა 50 000–ს მიაღწია. გარდაცვლილია 622 ადამიანი. ჯამში კი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცვმა ამ დროისთვის 400 000–ს გადააჭარბა.

  • 10 ქალზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შოტლანდიის ყოფილი ლიდერი სასამართლომ გაამართლა

    10 ქალზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შოტლანდიის ყოფილი ლიდერი სასამართლომ გაამართლა

    შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყოფილი ლიდერი და მთავრობის ყოფილი მეთაური, ამჟამად კი რუსული ტელეარხის, Russia Today-ს წამყვანი, ალექს სალმონდი 10 ქალის გაუპატიურების მცდელობისა და შევიწროების ბრალდებაში სასამართლომ გაამართლა.

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ სალმონდი 12 ბრალდებიდან არცერთში დამნაშავე არ არის. კიდევ ერთი ბრალდება გაუპატიურების მცდელობაში დაუსაბუთებლად ცნო. (შოტლანდიელ ნაფიც მსაჯულებს აქვთ უფლება ასეთი ვერდიქტი გამოიტანონ, რომლის პრაქტიკული შედეგები იგივეა, რაც ვერდიქტისა “უდანაშაულოა“).

    პოლიტიკოსი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.

    ადრე საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ქალის სექსუალური შევიწროება, თუმცა ბრალდებამ გადაწყვიტა ეს ეპიზოდი საქმეში არ ჩაერთო. სალმონდის სასამართლო ორ კვირას გრძელდებოდა.
    ქალებს შორის, ვინც მას ადანაშაულებდა იყვნენ მისი პარტიის წევრი პოლიტიკოსი ქალები, პარტიის აპარატის თანამშრომელი და ასევე რამდენიმე მოქმედი და ყოფილი შოტლანდიელი სახელმწიფო მოხელე. ყველა მის მიმართ წამოყენებული ბრალდება შოტლანდიის პირველ მინისტრად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

    სასამართლოზე ჩვენების მიცემისას სალმონდმა თქვა, რომ ყველა ბრალდება პოლიტიკური მიზნების მქონე ფაბრიკაცია იყო.

    ის ამბობდა, რომ ცხოვრებაში არასოდეს უცდია სექსუალური ურთიერთობები პარტნიორის თანხმობის გარეშე.


    2019 წლის აგვისტოში სალმონდმა ერთწლიანი დავის შედეგად ნახევარი მილიონი ფუნტი მოუგო შოტლანდიის მთავრობას, რომელმაც მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების შიდა გამოძიება ჩაატარა.

    მთავრობამ, რომელსაც პარტიაში სალმონდის ყოფილი მოადგილე, ნიკოლა ტერდჟენი ხელმძღვანელობა, აღიარა, რომ გამოძიება დარღვევებით წარიმართა და სალმონდს სასამართლო ხარჯები – 512 ათასი ფუნტი გადაუხადა.

    ალექს სალმონდი ორჯერ ხელმძღვანელობდა შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას, როლის საპროგრამო მიზანია შოტლანდიის გამოსვლა გაერთიანებული სამეფოდან.

    ის თანამდებობიდან 2014 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი წააგო. პარტიასაც და მთავრობასაც მისი მოადგილე ქალი, ნიკოლა სტერდჟენი ჩაუდგა სათავეში და ამ პოსტებს დღემდე იკავებს.

  • 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება – ნიუ-იორკის გუბერნატორი დახმარებას ითხოვს

    19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება – ნიუ-იორკის გუბერნატორი დახმარებას ითხოვს

    ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ადამიანების 80% ახალი კორონავირუსით დაავადება, ამბობს შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალურ მთავრობასთან ერთად ცდილობს ვითარების კონტროლს.

    შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გუბერნატორი აცხადებს, რომ უნდა გაიზარდოს საავადმყოფოების რაოდენობა რათა შტატმა მოახერხოს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაავადებულ ადამიანს.

    “ვერ ვიტყვით რომ გავაორმაგოთ საავადმყოფოების შესაძლებლობები, მაგრამ 50%-ით მაინც უნდა გავზარდოთ, რომ ვითარებას გავუმკლავდეთ,” – ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შტატში 20 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს. ქალაქ ნიუ-იორკში დაინფიცირებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი. ყოველდღიურად ნიუ-იორკში კორონავირუსზე ტესტირება უტარდება 16 000 ადამიანს.

    ნიუ-იორკში მოეწყობა დამატებითი საავადმყოფოები უკვე გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, როგორც ქალაქ ნიუ-იორკში ასევე შტატის სხვადახვა ქალაქში. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკში დროებით მოეწყობა საავადმყოფო, რომლის ხარჯებსაც სრულად ფედერალური ხელისუფლება დაფარავს. ეს საავადმყოფო 1000-ადამიანზე იქნება გათვლილი. შტატში უკვე გაიგზავნა სამხედრო გემი, რომელზეც ასევე იქნება შესაძლებელი დაინფიცირებულთა მიღება და მკურნალობა.

    აქვე ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება. “არავინ ვიცით და ვერავინ გეტყვით ეს იქნება 4 თვე, 6, თუ 9. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ეს ვითარება რამდენიმე თვეს გასტანს,” – თქვა მან.

    ნიუ-იორკის შტატი მიმართავს ექიმებს, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობენ, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და მოცემულ ვითარებაში შტატს დახმარება გაუწიონ.

    “მნიშვნელოვანია! ნიუ-იორკი მიმართავს ყველა არამოქმედ ექიმს ან პენსიაზე გასულ მედიკოსებს, სტუდენტებს, გამოიჩინეთ კეთილი ნება და დაგვეხმარეთ გავუმკლავდეთ მოცემულ მდგომარეობას. ჩვენთვის ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს ენდრიუ კუომო. კუომომ დღესვე აღნიშნა, რომ რეგისტრაცია ვებგვერდზე უკვე გაიარა 30 000-მდე ადამიანმა, რის გამოც ის მათ მადლობას უხდის.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბრიტანეთში ახალი შეზღუდვები გამოცხადდა. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება

    ბრიტანეთში ახალი შეზღუდვები გამოცხადდა. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება

    სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერმა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების შემოღების შესახებ განაცხადა.

    ბორის ჯონსონის თქმით, ამიერიდან ბრიტანელები ვალდებულნი იქნებიან სახლში დარჩნენ და ქუჩაში მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში გამოვიდნენ.

    ორშაბათს საღამოდან სახლიდან გამოსვლის ნებართვა მხოლოდ პირველადი აუცილებლობის პროდუქტების შესაძენად, ფიზიკური ვარჯიშისთვის (დღეში მხოლოდ ერთხელ, ისიც მარტო ან ოჯახის წევრებთან ერთად), სამედიცინო აუცილებლობით ან ისეთ სამსახურში წასასვლელად გაიცემა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებლად არის აღიარებული.

    დაიხურება ყველა მაღაზია, გარდა პირველადი აუცილებლობის პროდუქტების მაღაზიებისა. იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი თავყრილობა და ორ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.

    პოლიციას მიეცა მითითება დააჯარიმოს ისინი, ვინც წესს დაარღვევენ და გაფანტოს ხალხის თავყრილობა.

  • “გვეშინია, მაგრამ რა ვქნათ, ვმუშაობთ“–ლონდონელები ვირუსზე და საკუთარ შიშებზე

    “გვეშინია, მაგრამ რა ვქნათ, ვმუშაობთ“–ლონდონელები ვირუსზე და საკუთარ შიშებზე

    სანამ ლონდონელების ნაწილი კარანტინის მოლოდინში მაღაზიებს აცარიელებს, მეორე ნაწილი მათ მაღაზიებში ემსახურება, ტრანსპორტით გადაყავს, საპარიკმახეროებში თმას ჭრის იმ გარემოში, სადაც დაინფიცირების დიდი რისკია. თუმცა ამ ადამიანებს ყველაზე მეტად საარსებო საშუალების დაკარგვის პერსპექტივის ეშინიათ.

    ბრიტანეთში ჯერჯერობით მომსახურების სფერო მუშაობას განაგრძობს, მუშაობს ტრანსპორტიც, და როგორც ბიბისი წერს, თანამშრომლები ნიღბებს და ხელთათმანებს პრაქტიკულად არ ატარებენ.

    კითხვაზე, ეშინიათ თუ არა დაინფიცირების, თითქმის ყველა ამ სულისკვეთებით პასუხობს:“რაც მოხდება მოხდება, უნდა ვიმუშაო.“

    ახალგაზრდა ინგლისელი ენდრიუ ერთ–ერთ ლონდონურ მაღაზიაში მუშაობს და იმ მცირერიცხოვანთა შორის არის, ვინც რესპირატორით მუშაობს:
    „ჩემი დაავადების არ მეშინია, ჩემს გარშემო ადამიანებზე ვდარდობ. ანუ თუ ვირუსი გადამედება, არ მინდა რომ მისი გამავრცელებელი ვიყო. არ მინდა, რომ ჩემს რაიონში მცხოვრები ხალხი დავაინფიცირო, ვისაც სხვა დაავადებებიც აქვთ. კი არ მეშინია დაინფიცირების, უბრალოდ უსაფრთხოების საკითხია. მეშინია თუ არა სამსახურის დაკარგვის? დიახ. სამსახურის შოვნა ადრეც ძნელი იყო, ახლა კი…“ – ამბობს ის.

    ბიბისის მიერ გამოკითხულ კიოსკებში და მაღაზიებში დასაქმებულთა ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამბობენ, რომ ვირუსი მათთვის ჩვეულებრივი გრიპივით იქნება და ორ კვირაში ყველაფერი გაივლის. ახალგაზრდებს ჯერათ, რომ მათ ვირუსი ვერაფერს დააკლებს.
    მათი უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურის დაკარგვის უფრო ეშინიათ, რადგან არ აქვთ იმედი რომ ახალ სამსახურს იშოვნიან, რადგან ფირმების დიდი ნაწილი იხურება, ან სამუშაო საათებს ამცირებს.

    მეტროს თანამშრომელი საშუალო ასაკის ქალი ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა და ისევე მუშაობს როგორც ადრე, რომ საარსებო ფული იშოვნოს. მას არც ნიღაბი უკეთია, რადგან ამბობს, რომ აზრს ვერ ხედავს და ნიღბით მუშაობას ვერც შეძლებდა.

    გამოკითხულ ლონდონელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ემიგრანტები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, ამბობენ რომ ცდილობენ დაინფიცირებას თავი აარიდონ და ოჯახს არ გადასდონ, თუმცა ოჯახის შესანახად მუშაობა მაინც უწევთ.

  • პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად კარანტინშია

    პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ოჯახთან ერთად კარანტინშია

    იტალიელმა საოპერო მომღერალმა, პლასიდო დომინგომ განაცხადა, რომ ოჯახთან ერთად კარანტინში მიდის მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

    დომინგომ ფეისბუქზე დაწერა:

    “ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ღიად განვაცხადო, რომ კორონავირუსი Covid19 მაქვს“

    მომღერალმა მოუწოდა ხელმომწერებს ადამიანებთან ურთიერთობის დროს დისტანცია შეინარჩუნონ, ხელები გულდასმით დაიბანონ და ექიმების ყველა რჩევა გაითვალისწინონ.

    “მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც სამედიცინო თვალსაზრისით იქნება საჭირო. ჯერჯერობით თავს ყველა კარგად ვგრძნობთ, თუმცა მე ტემპერატურა და ხველა მქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე ანალიზი გამეკეთებინა და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ყველას მოვუწოდებ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ, ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ. არ მიუახლოვდეთ ადამიანებს ორ მეტრზე ახლოს, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ხელი შეუშალოთ ვირუსის გავრცელებას და შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში. ერთად შევძლებთ ამ ვირუსის დამარცხებას და მსოფლიო კრიზისისთვის ხელშეშლას, რომ ახლო მომავალში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“– დაწერა მომღერალმა.

  • ანგელა მერკელი კარანტინშია. მის ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    ანგელა მერკელი კარანტინშია. მის ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    კვირას საღამოს გერმანიამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრა. მოქალაქეებს აეკრძალათ ორ კაცზე მეტი რაოდენობის ჯგუფებად შეკრება საცხოვრებელი სახლების და სამუშაო ადგილების მიღმა.

    გარდა ამისა, ხელისუფლებამ ყველა კაფე და რესტორანი დახურა. მუშაობს მხოლოდ სახლიდან შეკვეთის სერვისი. იკეტება საპარიკმახეროები, სამასაჟე და ტატუს სალონები.

    კანცლერი ანგელა მერკელი საკუთარ სახლში, კარანტინში ჩაიკეტება. გაირკვა, რომ კორონავირუსი იმ ექიმს დაუდგინდა, რომელმაც მას ორი დღის წინ აცრა გაუკეთა.

  • 500 000 გარდაცვლილი აგვისტომდე: რამდენად სწორია ბრიტანელი მეცნიერების პროგნოზები

    500 000 გარდაცვლილი აგვისტომდე: რამდენად სწორია ბრიტანელი მეცნიერების პროგნოზები

    ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მიერ შემუშავებული კომპიუტერული მოდელირების თანახმად თუ ქვეყანა სერიოზულ პრევენციულ ზომებს არ მიიღებს, შეიძლება კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწიოს. ეს მოდელირება სპეციალისტებმა მთავრობის ინფორმირებისთვის გააკეთეს. ამავე მოდელით  250 000 ადამიანის გარდაცვალებას პროგნოზირებენ იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთის ხელისუფლება შეკავების სტრატეგიას გამოიყენებს. თუმცა ხელისუფლება ამ სტრატეგიისგან თავს იკავებდა და ეპიდემიის პიკის გადავადების გზას ირჩევდა.

    სწორედ ამ მონაცემებმა აიძულა ბრიტანეთის ხელისუფლება ორშაბათს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკაცრი შემზღუდავი ზომები გამოეცხადებინა ადამიანების გადაადგილებაზე. მოსახლეობას ურჩევენ უარი თქვან პაბებში, თეატრებში , კინოებში, კლუბებში სიარულისგან და შეძლებისდაგვარად სახლიდან იმუშაონ.

    ამ ზომებმა უკვე გამოიწვია სერიოზული შედეგები ეკონომიკისთვის. ბევრი სამუშაო ადგილი გაქრობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, დაიხურა სკოლები, უქმდება გამოცდები.

    თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას უნდა 250 000 ადამიანის დაღუპვა თავიდან აიცილოს, მკაცრი ზომების მიღების გარდა სხვა გზა არ აქვს.

    ამჟამად ექიმებს იმედი აქვთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 20 000–ს არ გადააჭარბებს იმ პირობებში, თუ მიღებული იქნება მკაცრი ზომები ადამიანების იზოლაციისთვის. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალანსმა განაცხადა.

    მისი თქმით ყოველწიურად ბრიტანეთში ჩვეულებრივი გრიპისგან დაახლოებით 8 ათასი ადამიანი იღუპება. ის თვლის, რომ 20 000 გარდაცვილი – ეს კოშმარიული რაოდენობაა. თუმცა ამ ვითარებაში საუკეთესო შედეგი შეიძლება იყოს.

    გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს: მაგალითად, გარდაიცვლებოდნენ თუ არა ეს ადამიანები სხვა მიზეზით.

    თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ მათ შორის სიკვდილიანობა კორონავირუსის გარეშეც მაღალი იქნებოდა?

    ყოველწლიურად ინგლისში და უელსში ბუნებრივი მიზეზებით 500 000–ზე მეტი ადამიანი კვდება. თუ ამ სტატისტიკაში შოტლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიასაც შევიყვანთ, გარდაცვლილთა რიცხვი 600 000–მდე იზრდება.

    კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ამ რიცხვს ბევრს ვერაფერს დაამატებს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ნაწილი ნებისმიერ შემთხვევაში სხვა მიზეზით გარდაიცვლებოდა.

    პატრიკ ვალანსმა ეს ფაქტი ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღიარა, სადაც განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ისედაც მოსალოდნელი სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაემატება, თუმცა არ დააკონკრეტა ამ მატების მაშტაბები.

    ბევრ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ექიმებს დაახლოებით წარმოდგენას აძლევს იმ შემთხვევების შესახებ, როცა კორონავირუსით დაავადებული ამ ინფექციის შედეგად იღეუპება, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რა წილი აქვს მაინცდამაინც კორონავირუსს ამ ადამიანების გარდაცვალებაში.

    ბრიტანელი მკვლევარები ამბობენ, რომ რა თქმა უნდა სიტუაციაზე ბევრი სხვა ფაქტორი მოახდენს გავლენას, მაგრამ ცხადია, რომ თუ მკაცრ ზომებს არ მიიღებენ, სიკვდილიანობა ძალიან სწრაფად გაიზრდება.

    მოდელირების ავტორები ამბობენ, რომ მკაცრი ზომების გარეშე ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 500 000–ს უკვე აგვისტოსთვის შეიძლება მიაღწიოს.

    სიკვდილიანობის ასეთი მაშტაბები სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისთვის შექმნის საფრთხეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ჭირდებათ.

  • ინდოეთში გაუპატიურებაში ბრალდებული 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

    ინდოეთში გაუპატიურებაში ბრალდებული 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

    დელიში სიკვდილით დასაჯეს ოთხი მამაკაცი, რომლებმაც 2012 წელს ავტობუსში ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. ისინი ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ტიხარის ციხეში ჩამოახრჩეს. ეს არის პირველი სიკვიდილით დასჯის ფაქტი ინდოეთში 2015 წლის შემდეგ.
    ეს მამაკაცები დამნაშავედ 2013 წელს სცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა განაჩენის სისრულეში მოყვანა აპელაციების გამო გაჭიანურდა.

    სტუდენტი გოგო, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა ექვსმა მამაკაცმა ავტობუსში მგზავრობისას გააუპატიურა. რამდენიმე დღეში გოგო მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ამ დანაშაულმა მთელ ინდოეთში აღშფოთების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია და სათავე დაუდო მოძალადეების წინააღმდეგ ახალი კანონების მიღებას.

    ინდოეთის კანონის მიხედვით გოგოს სახელი გასაიდუმლოებულია. მას პრესაში ნირბხაიად მოიხსენიებენ, რაც თარგმანში “უშიშარს“ ნიშნავს.
    პოლიციამ ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა. თუმცა ერთ–ერთი მათგანი, რამა სინგხა 2013 წელს ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა.

    მეორე დაპატიმრებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის 17 წლის იყო. მან სამი წელი გაატარა ციხეში, რაც არასრულწლოვანისთვის ინდოეთში პატიმრობის მაქსიმალური ვადაა.ყველა სიკვდილმისჯილმა განაჩენი ინდოეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ისინი სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

    განაჩენის აღსრულების შემდეგ მსხვერპლის დედამ განაცხადა: “ჩემი შვილის ფოტოს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ სამართალმა ბოლოს და ბოლოს იზეიმა“.

    ციხეს, სადაც სიკვდილით დასჯა შედგა წესრიგის შესანარჩუნებლად სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავდნენ.

    ციხესთან პლაკატიანი ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავდნენ და მოძალადეების დასჯას ზეიმობდნენ. ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ ტვიტერში დაწერა, რომ სამართლიანობა აღდგა და დასძინა, რომ ინდოეთში ქალთა ემანსიპაციას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

    რა მოხდა 8 წლის წინ?

    გოგონა და მისი შეყვარებული 2012 წლის 16 დეკემბერს კინოთეატრიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ. ავტობუსში მამაკაცების ჯგუფმა გოგონას დაცინვა დაუწყო, რაზეც მისმა შეყარებულმა მამაკაცებს შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ კაცების ჯგუფი წყვილს თავს დაესხა.

    პოლიციის მონაცემებთი გოგონას თითქმის ერთი საათი აუპატიურებდნენ. მისი შეყვარებული კი რკინის ჯოხებით სცემეს და ავტობუსიდან გზაზე გადააგდეს. გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.