Category: მსოფლიო

  • თურქეთმა ჩინეთიდან ესპანეთში გადასაგზავნი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

    თურქეთმა ჩინეთიდან ესპანეთში გადასაგზავნი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

    თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა,რომ  მათ ჩინეთიდან რესპირატორების დიდი პარტია იყიდეს, მაგრამ როცა ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაეშვა,  ტვირთი თურქეთის მხარემ ესპანეთისკენ აღარ გაუშვა და თავისთვის დაიტოვა.

    ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთმა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა, თუმცა ამ შემთხვევაში ესპანეთმა აღნიშნული პროდუქცია ჩინეთში შეიძინა, ხოლო ანკარა კი ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავისთვის ერთ-ერთ სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.

    არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, რომ თავის თურქ კოლეგას რამდენჯერმე ელაპარაკა, რათა ტვირთი გაეტარებინათ თურქეთის საზღვარზე, თუმცა ესპანეთის მთავრობაში ამ ტვირთს უკვე დაკარგულად მიიჩნევენ.

  • ნიუ-იორკისთვის გასული ღამე ყველაზე მძიმე აღმოჩნდა

    ნიუ-იორკისთვის გასული ღამე ყველაზე მძიმე აღმოჩნდა

    შტატ ნიუ-იორკისთვის გასული ღამე ყველაზე მძიმე იყო. განცხადება ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გააკეთა. მისი თქმით გასულ ღამეს ახალი კორონავირუსით 562 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით ეს 23% მატებაა რაც ძალიან შემაშფოთებელია. სულ ნიუ-იორკში ამ დროისთვის დაღუპულია 2935 ადამიანი.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მხოლოდ შტატ ნიუ-იორკში კორონავირუსის იმაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა ვიდრე მთლიანად ჩინეთში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 102 863 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში 57 159, რაც ნიშნავს იმას, რომ 24 საათში დადასტურებული დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 350-ით გაიზარდა.

    დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი დაახლოებით 80% მკურნალობას სახლში გადის, საავადმყოფოებში მკურნალობენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ასობით ადამიანი ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებებში.

    გუშინ ფედერალურმა მთავრობამ ნიუ-იორკს უკვე მიაწოდა დამატებითი 6 მილიონამდე სამედიცინო და რესპირატორული ნიღბები, ასევე 1.4 მილიონი სამედიცინო ხელთათმანი და 4 400 სასუნთქი აპარატი.

    ქალაქ ნიუ-იორკში გუშინ დამატებით 200 ფედერალური სასწრაფო დახმარების მანქანაც შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კი უფლება მისცეს გარდაცვალება გააფორმონ.

    დღეს ენდრიუ კუომომ თქვა, რომ შტატისთვის დამატებითი სამედიცინო ნივთების შეძენაზე მუშაობა მიმდინარეობს რადგან მიღებული დახმარება და შტატში არსებული შესაძლებლობები საკმარისი არ არის პანდემიასთან საბრძოლველად.

    რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ნივთების დამზადების პროცესში სხვადასხვა დიდი ამერიკული კომპანია აქტიურად ჩაერთო. უახლოეს პერიოდში მზად იქნება ათასობით სასუნთქი აპარატი და მილიონობით სამედიცინო ნიღბები.

    ნიუ-იორკის შტატში გაიხსნა 8 ახალი საავადმყოფო და ქალაქში შევიდა სამხედრო ხომალდიც. დამატებითი დროებითი საავადმყოფოები და ქალაქში არსებული საავადმყოფოები მთლიანად კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის მომსახურებაზე არიან გადართულები, სამხედრო ხომალდზე კი იმ ადამიანებს მიიღებენ, რომლებიც კორონავირუსით არ არიან დაინფიცირებულები.

    ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 266 000 დადასტურებული შემთხვევაა, 45 % შტატ ნიუ-იორკში ფიქსირდება. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით სოციალური დისტანცირების წესები ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

     

  • ლონდონში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა

    ლონდონში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა

    ლონდონის აღმოსავლეთში, ExCel–ის საგამოფენო ცენტრის ბაზაზე დიდ ბრიტანეთში პირველი დროებითი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა კორონავირუსით დაინფიცირებლებისთვის.

    ნაითინგეილის საავადმყოფო, რომელშიც სამოქალაქო და სამხედრო მედიკოსები იმუშავებენ, ერთდროულად 4000 პაციენტის მიღებას შეძლებს.

    ჰოსპიტალი შოტლანდიური რეზიდენციიდან ვიდეოკავშირით საზეიმოდ გახსნა პრინცმა ჩარლზმა, რომელსაც მარტში კორონავირუსი აღმოუჩინეს.

    დროებითი საავადმყოფოების გახსნა იგეგმება უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ბევრ ქალაქში, მათ შორის კარდიფში, გლაზგოში, მანჩესტერში და ბრისტოლში.

    პირველი ჰოსპიტალი, რომელიც ExCel–ის ცენტრში გაიხსნა, სულ 9 დღეში შეიქმნა.

    საავადმყოფოს საზეიმო გახსნისას თვითიზოლაციაში მყოფა პრინცმა ჩარლზმა მაღალი შეფასება მისცა ბრიტანელი მედიკოსების ძალისხმევას და ჰოსპიტალს “დიდებული და აქამდე არნახული შედევრი უწოდა, რომელმაც იმის დემონსტრირება მოახდინა, როგორ შეიძლება შეუძლებელი შესაძლებლად იქცეს.“

    “ ამ ბნელ დროს ეს საავამდყოფო შეიძლება სინათლის სხივი გახდეს“– დასძინა პრინცმა.

    თავიდან ნაითენგეილის საავადმყოფოში 500 საწოლი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდება 3500 ადგილის დამატება. საავადმყოფო მიიღებს კორონავირუსით დაინფიცირებულ მძიმე პაციენტებს ლონდონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან.

    ჰოსპიტალში ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის თანამშრომლები იმუშავებენ, ასევე  სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტები, პენსიაზე გასული ექიმები, ექთნები და სხვა სამედიცინო პერსონალი.

    გახსნის ცერემონიალს ჯანადცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკიც ესწრებოდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა.

    ცერემონიალისას ოფიციალური პირები სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, ერთმანეთისგან დაშორებით იდგნენ.

     

  • ჩინეთის ქალაქ შენჯენში კატების და ძაღლების ჭამა კანონით აკრძალეს

    ჩინეთის ქალაქ შენჯენში კატების და ძაღლების ჭამა კანონით აკრძალეს

    შენჯენი პირველი ქალაქი გახდა ჩინეთში, სადაც ამიერიდან კატების და ძაღლების გაყიდვა სასურსათო მიზნით და მათი საკვებად გამოყენება აიკრძალა.

    ჯერ კიდევ თებერვალში ჩინეთის ხელისუფლებამ ველური ცხოველების გაყიდვა და საკვებად გამოყენება აკრძალა, რადგან ვარაუდობენ, რომ მათი ხორცის საკვებში გამოყენების კულტურამ შექმნა პირობები იმ ვირუსის გაჩენისთვის, რომელმაც Covid19 გამოიწვია.

    ამიერიდან კი შენჯენში შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ხორცის ჭამაც აიკრძალა. კანონი ძალაში 1 მაისს შედის.

    Humane Society International–ის მონაცემებით ყოველწლიურად აზიის ქვეყნებში 30 მილიონ ძაღლს კლავენ საკვებად მათი ხორცის გამოყენების მიზნით.

    თუმცა, ჩინეთში მოსახლეობის უმრავლესობა ძაღლს არ ჭამს, მისი ხორცი არასოდეს გაუსინჯავს და არც აქვს სურვილი გასინჯოს.

    “ძაღლებმა და კატებმა ყველა ცხოველზე მეტად შეძლეს ადამიანებისთვის ახლობელი და საყვარელი შინაური ცხოველები გამხდარიყვნენ, ამიტომაც ძაღლების და კატების საკვებად გამოყენების აკრძალვა ნორმალური პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ჰონკონგში და ტაივანში. ეს აკრძალვა ასევე შეესაბამება ადამინური ცივლიზაციის სულისკვეთებას და მოთხოვნებს“ – ციტირებს როიტერი ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებას.

    ორგანიზაცია Humane Society International, რომელიც ცხოველების ინტერესებს იცავს ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება.

    “ეს შესაძლოა ნიშანდობლივი მოვლენა გახდეს ამ საშინელ მოვლენასთან ბრძოლაში, რომლის გამოც ყოველწლიურად ჩინეთში 10 მილიონი ძაღლი და 4 მილიონი კატა იღუპება“– განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პიტერ ლიმ.

    ამავე დროს ჩინეთში ოფიციალურად დაუშვეს დათვის ნაღველის გამოყენება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ჩინურ ტრადიციულ მადიცინაში ნაღველი სამკურნალო საშუალებად ფართოდ გამოიყენება. ნაღვლის სითხეს დათვებს იძულებით აცლიან და ეს პროცედურა მათ დიდ ფიზიკურ ტკივილის აყენებს.

    ნაღვლის აქტიური ინგრედიენტი – ურსოდეოქსილოქოლის მჟავა ნაღვლის კენჭის გამოსაყვანად და ღვიძლის სამკურნალოდ გამოიყენება. ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ის კორონავირუსის სამკურნალოდაც გამოდგება არ არსებობს.

    ორგანიზაცია Animals Asia Foundation–ის წარმომადგენელი, ბრაიან დეილი ფრანს პრესთან ინტერვიუში აცხადებს: “არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ველური ცხოველებისგან მიღებული საშუალებები, მათ შორის დათვის ნაღველი მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება, რომელიც როგორც ჩანს ველურ ბუნებაშივე ჩაისახა.“– ამბობს ის.

    ჩინეთის ხელისუფლებამ გარეული ცხოველების გაყიდვა და საკვებში გამოყენება თებერვალში მას შემდეგ აკრძალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უხანში ვირუსის გავრცელება შესაძლოა ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან დაწყებულიყო, სადაც გარეული ცხოველები და ფრინველები და მათი ხორცი იყიდებოდა. სწორედ იქ შეიძლებოდა ვირუსი ცხოველიდან ადამიანს გადადებოდა.

  • პანდემიის და კარანტინის გამო აშშ–ში მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა

    პანდემიის და კარანტინის გამო აშშ–ში მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა

    კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ გასულ კვირას უმუშევარი დარჩა 6.6 მილიონი ამერიკელი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, შრომის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების რაოდენობამ ბოლო 3 კვირაში 10 მილიონს გადააჭარბა.

    მარტის ბოლოს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის ხელფასების ანაზღაურების პროგრამას ჯამში 349 მილიარდი დოლარის ოდენობით. აუცილებელი დახმარება მილიონობით მცირე მეწარმეს მიეცემა, რომლებიც შეძლებენ საკუთარი ბიზნესი გადაარჩინონ და თანამშრომლები უმუშევრად არ დატოვონ. თუმცა ეს რიგით მოქალაქეებს ნაკლებად ამშვიდებს.

    მათი ნაწილი წუხს, რომ ბინის იჯარის გადახდას ვერ შეძლებს და უსახლკაროდ დარჩება. მცირე მეწარმეები შიშობენ, რომ ფართების იჯარას და კომუნალურებსაც ვეღარ დაფარავენ.

    კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში ამჟამად ამერიკელების 80% იმყოფება. ეკონომისტები შიშობენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ზაფხულისთვის მუდმივი სამუშაოს გარეშე 20–დან 45 მილიონამდე ამერიკელი დარჩება.

  • ნიუ-იორკი: პანდემია აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, პიკი აპრილ-მაისში იქნება

    ნიუ-იორკი: პანდემია აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, პიკი აპრილ-მაისში იქნება

    ახალი მონაცემები ნიუ-იორკიდან იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პანდემიასთან ბრძოლა შტატში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, პიკი კი აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში იქნება. თუმცა, აღნიშნული მონაცემები თეორიულია და სხვადასხვა მოდელებით ანგარიშდება.

    ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შტატის, ისევე როგორც ქვეყნის მიზანია, სოციალური დისტანცირების წესების დაცვით, პანდემიის პიკის დროში გაწელვა მოხდეს.

    “პანდემიის პიკი შეიძლება იყოს 7 ან 21 დღე. ჩვენი მიზანია, რომ პიკი არ იყოს რამდენიმე დღეში რადგან თუ მცირე დროში ბევრი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოებს, ჩვენ მათ დახმარებას ვერ შევძლებთ. ეს თუ დროში გახანგძლივდება, ჩვენი ექიმები შეძლებენ ყველას აღმოუჩინონ დახმარება. პანდემიის პიკის გავახანგრძლივება დამოკიდებული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვაზე,”- ამბობს გუბერნატორი.

    მოდელი, რომლითაც შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ამ დროისთვის შემდეგი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა: ამერიკაში ჯამში პანდემიის დროს დაიღუპება 93 000 ადამიანი ხოლო შტატ ნიუ-იორკში 16 000. არ არის გამორიცხული მონაცემები გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიის პიკი.

    დღეს, ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე, შტატ ნიუ-იორკში 92 381 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რაც 24 საათში დაახლოებით 7 000-ით ზრდას გულისხმობს. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სახლში მკურნალობს. საავადმყოფოებში იმყოფება 13 383 ადამიანი. გასულ 24 საათში მათი რაოდენობა დაახლოებით 1 200-ით გაიზარდა.

    საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 3 396 ადამიანი. ნიუ-იორკის გუბერნატორი მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მითითებებს, რომელსაც როგორც ფედერალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჩინეთმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სამარცხვინო და უზნეო უწოდა

    ჩინეთმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სამარცხვინო და უზნეო უწოდა

    ჩინეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური მონაცემების შესაძლო დამალვის შესახებ აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა პეკინში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ ჩინეთი ღია და გამჭვირვალე იყო და მან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის შესაძლო დამალვის შესახებ ეჭვები გამოთქვეს.

    „ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული ეს კომენტარები უბრალოდ სამარცხვინო და მორალურად გულის ამრევია. მათ უარი უნდა თქვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ამგვარ პოლიტიზირებაზე. ეს უბრალოდ უზნეო და არაადამიანურია და ამას მთელს მსოფლიოში დაგმობს ხალხო“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობენ თეთრ სახლში. კერძოდ, „ბლუმბერგისთვის“ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის ნაწილი გახდა ცნობილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურმა პეკინმა გამიზნულად დამალა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

    ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან. „რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა“,-აღნიშნა პენსმა.

    დღესვე, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამაც განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით სანდო არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, აღნიშნული მონაცემები სრული აბსურდია და ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას.

  • “ნუ დავუშვებთ, რომ COVID19 გახდეს შიმშილის თამაში!“–FAO–ს გენერალური დირექტორი

    “ნუ დავუშვებთ, რომ COVID19 გახდეს შიმშილის თამაში!“–FAO–ს გენერალური დირექტორი

     

    გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია  წერილის აქვეყნებს სათაურით: ნუ დავუშვებთ, რომ COVID19 გახდეს შიმშილის თამაში!

    გთავაზობთ წერილს სრულად:

    “მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს  და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი გარკვეული ფორმის კარანტინში იმყოფება.

     

    ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური მსხვერპლი იქნება დიდი და რომ რადიკალური ცვლილებების მასიურ ძალისხმევას ექნება მძიმე ეკონომიკური ფასი.

     

    კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის რისკის ანუ სურსათის დეფიციტის (განვითარებულ ქვეყნებშიც კი) შემცირების მიზნით, აუცილებელია მყისიერი მოქმედებების განხორციელება, რათა არ ჩამოიშალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს სურსათის მომარაგების ჯაჭვის რღვევა.

     

    გლობალურ დონეზე აუცილებელია კოორდინირებული და თანმიმდევრული რეაგირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა არ გამოიწვიოს სურსათის კრიზისი, როცა ადამიანები ვერ იშოვიან ან არ ექნებათ საკვების შეძენის ფინანსური საშუალება.

     

    ამ დროისათვის, COVID-19-ს სურსათის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, მიუხედავად სუპერმარკეტებში შექმნილი კურიოზული სიტუაციებისა, როცა ხალხმა ლამის ალყაში მოაქცია მაღაზიები.

     

    მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მსოფლიოში არსებობს სურსათის საკმარისი მარაგი რომ ყველა გამოიკვებოს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევას: უზარმაზარი რისკი არსებობს იმისა, რომ სურსათი შეიძლება ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

     

    COVID-19-ის აფეთქებამ, მთელი თანმდევი საგანგებო სიტუაციებითა და კარანტინებით,  შექმნა ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც რიკოშეტივით გადაეცემა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ღირებულებათა გრძელ ჯაჭვს.

     

    გადაადგილების შეზღუდვამ, ასევე, მუშახელის აპათიურმა ქმედებებმა შეიძლება ფერმერებს ხელი შეუშალოს  ფერმერულ საქმიანობაში, ხოლო სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს (რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ ნაწილს იყენებენ) სურსათის გადამუშავებაში. სასუქების, ვეტერინარული მედიკამენტების და სხვა საშუალებების დეფიციტი გავლენას მოახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.

    რესტორნების დახურვა და საკვების შესაძენად შემცირებული გასვლები შეამცირებს მოთხოვნას ახალ პროდუქტზე, გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე და მომმარაგებლებზე, განსაკუთრებით მცირე ფერმერებზე და ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები მსოფლიოს მზარდი ურბანული მოსახლეობისათვის მანჰეტენზე თუ მანილაში.

     

    სურსათის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, პოლიტიკის შემქმნელებს შეიძლება მოუწიოთ ვაჭრობის შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რათა დაიცვან ეროვნული სურსათის უსაფრთხოება.

     

    თუ გავითვალისწინებთ 2007-2008 წლების სასურსათო ფასების გლობალურ კრიზისს და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს სიტუაცია.

     

    საექსპორტო ქვეყნების მიერ ექსპორტის შეზღუდვა, რათა სურსათის ხელმისაწვდომობა გაზარდონ ეროვნულ დონეზე, გამოიწვევს მსოფლიოს სასურსათო ბაზრის სერიოზულ რღვევას, ფასების კატასტროფულ ზრდას და გაზრდილი ფასების ცვალებადობას.

     

    2007-2008 წლებში, ამგვარი მყისიერი ღონისძიებები უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაბალი შემოსავლები და სურსათის დეფიციტია და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევისათვის, რომ შეეძინათ სურსათის მარაგი მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობისათვის.

     

    სასურველია ყველამ ვისწავლოთ უახლოესი წარსულის მაგალითზე და აღარ დავუშვათ მეორედ იგივე შეცდომების გამეორება.

     

    პოლიტიკის შემქმნელებმა მაქსიმალურად თავიდან უნდა აირიდონ სურსათის მომარაგების პირობების შემთხვევითი შევიწროება.

     

    მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი გამოწვევა აქვს, თანამშრომლობა მთავრობებს და დარგებისა და მონაწილე მხარეების სრულ სპექტრს შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგევართ გლობალური პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს გლობალურ საპასუხო ქმედებას.

     

    ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასურსათო ბაზრები ფუნქციონირებდეს სათანადოდ და რომ ინფორმაცია ფასების, წარმოების, მოხმარებისა და სასურსათო მარაგების შესახებ რეალურ დროში იყოს ხელმისაწვდომი  ყველასათვის. ამგვარი მიდგომით შევამცირებთ გაურკვევლობას და მწარმოებლებს, მომხმარებლებს, მოვაჭრეებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს საშუალებას მივცემთ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და  შეაჩერონ თვითნებური პანიკური ქმედებები გლობალურ სასურსათო ბაზრებზე.

     

    რა გავლენას მოახდეს COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით ღარიბი სახელმწიფოების მოსახლეობის ჯანმრთლეობაზე ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ერთი რამ შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, ნებისმიერი  შემდგომი სასურსათო კრიზისი, რომელიც მცდარი პოლიტიკის შექმნის შედეგად გაჩნდება, იქნება ჰუმანიტარული უბედურება, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია.

     

    მსოფლიოს მასშტაბით უკვე გვყავს 113 მილიონი ადამიანი, რომელიც მწვავე შიმშილს განიცდის. აფრიკის კონტინენტზე, საჰარიდან სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედი არასრულფასოვნად იკვებება. სურსათის მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი წყვეტა კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ადამიანების ტანჯვას და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის გამოწვევას.

     

    ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. პრევენციას უფრო ნაკლები ფასი აქვს. გლობალურ ბაზრებს კრიტიკული როლი აკისრიათ მიწოდება-მოთხოვნის შოკის შერბილების კუთხით ქვეყნებსა და რეგიონებში და ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა სურსათის მომარაგების ჯაჭვის წყვეტა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

    COVID-19 იძულებით გვახსენებს, რომ სოლიდარობა არ არის ქველმოქმედება, არამედ საღი აზრი. “– წერს კუ დონჟუ

  • აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას მალავს

    აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას მალავს

    აშშ-ს დაზვერვის სამსახური აცხადებს რომ ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარცავლილთა მონაცემებს მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წერს. 

    როგორც სტატიაშია აღნიშნული, წინა კვირას დაზვერვის სამსახურმა თეთრ სახლს საიდუმლო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც შესაბამისი შეფასებებია გაკეთებული. ამ მოხსენების მიხედვით, ჩინეთმა დამალა ის მონაცემები რაც რეალურად იყო და ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ არასრული მონაცემები გამოაქვეყნა.

    ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, Covid 19-ის პირველი შემთხვევა  ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

    ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გარდაცვალების 3 316 და გამოჯანმრთელების 76 405 შემთხვევა.

  • ბრიტანეთის მთავრობა ვირუსზე ტესტირებას გაახშირებს

    ბრიტანეთის მთავრობა ვირუსზე ტესტირებას გაახშირებს

    ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება. ტესტების გამო მათ ბევრი აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ამოწმებდა ვირუსზე.

    ოფიციალური პირების განმარტებით, ტესტირებაა მთავარი კომპონენტი კორონავირუსთან საბრძოლველად. განსაკუთრებით იმისთვის, რომ გაირკვეს მედიკოსები, რომლებიც ახლა ბრძოლის წინა ხაზზე არიან, არიან დაავადებული კორონავირუსით და შეძლებენ თუ არა სამსახურში სიარულს.

    ბრიტანეთი მეზობლებისგან განსხვავებით მართლაც ნაკლებ ტესტირებას ატარებს. მაგალითად, მაშინ, როცა გერმანია კვირის განმავლობაში 500,000 ადამინს უტარებს ტესტირებას, ბრიტანეთში ეს რიცხვი დღეში მხოლოდ 12,750-ია. მთავრობის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ეს რიცხვი აპრილის თვეში გაორმაგდება.

    “ტესტირებების იმედი მაქვს… ამ კვირაში საგრძნობელ ზრდას დაინახავთ. ველოდებით, რომ მინიმუმ 15,000 ადამიანის ტესტირება მოხდება ამ კვირაში და შემდეგ კიდევ უფრო წინ წავალთ,” თქვა მინისტრმა რობერტ ჯენრიკმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

    ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით 1,789 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვალების მონაცემები ერთ დღეში 27%-ით გაიზარდა.

    წყარო: ამერიკის ხმა