Category: მსოფლიო

  • კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ – სამხრეთ კორეა

    კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ – სამხრეთ კორეა

    პარასკევს სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 91 პაციენტს, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან განკურნებულად ითვლებოდნენ, ტესტმა კვლავ დადებითი შედეგი უჩვენა.

    კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, ჩონ ენ კიონმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლოა მოხდა ვირუსის “რეაქტივაცია“ და არა პაციენტების რეინფიცირება.

    სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაურკვეველია, რა იმალება ამ ტენდენციის უკან. ეპიდემიოლოგიური კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.

    კორონავირუსით ადამიანების ხელმეორედ დაინფიცირების პერსპექტივა საერთაშორისო დონეზე შეშფოთებას იწევს, რადგან ბევრ ქვეყანას იმედი აქვს, რომ მოსახლეობის დაინფიცირებულ ჯგუფებში საკმარისი იმუნიტეტი გამომუშავდება, რათა პანდემიის განმეორებას ხელი შეუშალოს.

    თუმცა სამხრეთ კორეის მონაცემები შესაძლოა საწინააღმდეგოს მეტყველებდეს.

    “რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, 91 პაციენტი– ეს მხოლოდ დასაწყისია“– ამბობს კორეის უნივერსიტეტის  ინფექციური დაავადებების პროფესორი კიმ ვუ ჯუ.

    სამხრეთ კორეელი სპეციალისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ეს არა განმეორებითი ინფიცირება, არამედ ვირუსის რეაქტივირება იყოს.

    ზოგი ექსპერტი თვლის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ტესტების მცდარ შედეგებთან, ანდა ვირუსის კვალი უბრალოდ პაციენტის ორგანიზმში შემორჩა, თუმცა ისინი აღარ არიან გადამდებები და სხვებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

    მოკლედ, არსებობს ამ სიტუაციის სხვადასხვა ინტერპრეტაცია და საბოლო პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

    სამხრეთ კორეამ პარასკევს 27 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ეს არის ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი ამ ქვეყანაში თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა – 900 ახალი ინფიცირებული დღეში. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 10450 –ს შეადგენს. დაახლოებით 7000 სამხრეთ კორეელი კოვიდ 19–ისგან უკვე განიკურნა.

     

    გარდაცვლილია 211 ადამიანი.

  • აშშ–ში Covid19-ით შავკანიანები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები. რა არის მიზეზი

    აშშ–ში Covid19-ით შავკანიანები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები. რა არის მიზეზი

    აფროამერიკელების პროცენტი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის აშშ–ში არაპროპორციულად მაღალია და ბევრად აღემატება მათ წილს მთლიანად ქვეყნის მოსახლეობაში. ასეთია მონაცემაბი რამდენიმე ამერიკული შტატიდან.

    Covid-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რასობრივი შემადგენლობის შესახებ სრული სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. დაავადებათა კონტროლისა და ბრძოლის ფედერალური ცენტრები ჯერჯერობით მსგავს მონაცემებს  არ აქვეყნებენ,  არ გამოუქვეყნებიათ მონაცემები მთელი რიგი შტატების ხელისუფლებებს მრავალრიცხოვანი აფროამერიკული მოსახლეობით და დაავადებულთა დიდი რაოდენობით, მათ შორის ნიუ იორკის, კალიფორნიის, ნიუ ჯერსის და ვაშინგტონის შტატებს.

    თუმცა, ფაქტია, რომ ის ქალაქები, სადაც ბევრი აფროამერიკელი ცხოვრობს, მაგალითად დეტროიტი, მილუოკი, ახალი ორლეანი და ნიუ იორკი პანდემიის ეპიცენტრებად იქცნენ.

    გარდა ამისა, მაგალითად ილიონოისის შტატის სტატისტიკის მიხედვით ამ შტატის მეგაპოლისის, ჩიკაგოს მაგალითზე ჩანს,  რომ ახალი კორონავირუსით შავკანიანი მოსახლეობა ბევრად მეტად  ზარალდება. ჩიკაგოს მაცხოვრებელთა შორის შავკანიანი მოსახლეობა 30%–ს შეადგენს, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულებს შორის ნახევარი შავკანიანია, გარდაცვლილთა შორის კი მათი წილი 70%–ს შეადგენს. ილინოისში მთლიანად შაკანიანი მოსახლეობა 15%–ს შეადგენს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის  მათი წილი 28%, გარდაცვლილთა შორის კი 43%–ს აღწევს.

    New York Times–ის ინფორმაციით   ანალოგიური სურათია ვისკონსინის, მიჩიგანის, ლუიზიანას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში.

    მიჩიგანი გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით მხოლოდ ნიო იორკის შტატს და ნიუ ჯერსის თუ ჩამორჩება. აფროამერიკელები მისი მოსახლეობის 14%–ს შეადგენენ. დაინფიცირებულთა შორის კი აფროამერიკელები მესამედს, გარდაცვლილთა შორის კი 40%–ს შეადგენენ.

    Washington Post წერს, რომ ამ შტატში გარდაცვლილთა მეოთხედი დეტროიტზე მოდის, სადაც  მოსახლეობის 79% აფროამერიკელია.

    Washington Post–თან ინტერვიუში ჩიკაგოს ჯანდაცვის კომისარი, ელისონ არვადი აღნიშნავს, რომ ქალაქის შავკანიანი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9 წლით უფრო მცირეა, ვიდრე თეთრკანიანი ჩიკაგოელებისა.

    მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ჩიკაგოს შავკანიან მოსახლეობაში დიაბეტით დაავადების შემთხვევები ორჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში, ფილტვების დაავადებისგან გარდაცვალების შემთხვევები კი 20%–ით მაღალია.

    ყოველ მეხუთე აფროამერიკელს ჩიკაგოში მომატებლუი სისხლის წნევა აქვს, რაც ჩიკაგოს თეთრკანიანი მოსახლეობის მაჩვენებელზე მეოთხედით მეტია.

    ეს ყველაფერი რისკის ფაქტორებია,  რომლებიც სტატისტიკურად კორელაციაშია კოვიდ19–ის დაავადების მძიმედ მიმდინარეობასთან.

    ბიბისი წერს, რომ ქრონიკული დაავადებების ხშირი შემთხვევები აფროამერიკულ თემაში სიღარიბის შედეგია, რომელიც ათწლეულობის მანძილზე რასობრივმა დისკრიმინაციამ განაპირობა.

    სიღარიბის გამო ბევრ შავკანიანს არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების თანხის გადახდა, ამასთან ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი ექიმები ხშირად ყურადღებით არ ეკიდებიან შავკანიანი პაციენტების ჩივილებს.

    “ამ თემის ცხოვრების პირობები, სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხვრელები, არათანაბარი წვდომა განათლებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე, და ბოლოს, სისტემური, ინსტიტუციონალური რასიზმი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე უთანასწორობას იწვევდა, Covid19-თან დაკავშირებულ სიტუაციაზე აისახა“– ციტირებს არვადის გამოცემა  Washington Post.

    აფროამერიკელები არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების გამო არიან უფრო მოწყვლადები, არამედ უფრო მეტი შანსი აქვთ კორონავირუსით დაავადდნენ, რადგან ბევრ მათგანს არ აქვს საშუალება თვითიზოლაციას მიმართოს. ისინი მუშაობენ, მაგალითად სასურსათო მაღაზიებში, საავადმყოფოებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბევრს არ ყავს პირადი ავტოტრანსპორტი, ამიტომაც იძულებულნი არიან ავტობუსით ან მეტროთი იმგზავროან.

    ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ სხვა დაბალსტატუსიანი რასობრივი ჯგუფები აშშ–ში ეპიდემიით არათანაზომადად ზარალდებიან, კერძოდ კი ლათინოსები და ძირძველი ამერიკელები. ჩიკაგოს მერი, ლორი ლაითფუტი ეჭვობს, რომ ქალაქში მცხოვრებ ლათინოამერიკელთა შორის ბევრი გამოუვლენელი შემთხვევაა.

    ლათინოამერიკელები ჩიკაგოს მოსახლეობის 29%–ს შეადგენენ, მაგრამ მათზე Covid19-ის შემთხვევების მხოლოდ 14% მოდის. ასეთივე სიტუაციაა აზიური წარმოშობის ჩიკაგოელებში – ისინი ქალაქის მოსახლეობის 7%–ს შეადგენენ, თუმცა დაინფიცირებულებში მათი წლი 3.6%–ს შეადგენს – წერს ვაშინგტონ პოსტი.

    ლოს ანჯელეს თაიმისი სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ ლათინოამერიკელებს შორის ბევრად უფრო მაღალია სიმსუქნის და დიაბეტის მაჩვენებელი, ვიდრე თეთრკანიან მოსახლეობაში. ძირძველ ამერიკელებს შორის კი დიაბეტის და გულ სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები, რაც ასევე ზრდის კორონავირუსით დაინფიცირებისას გართულებების რისკს.

  • უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი ევროპის ქვეყნების დასახმარებლად დამტკიცებულია

    უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი ევროპის ქვეყნების დასახმარებლად დამტკიცებულია

    ევროპისთვის ახალი “მარშალის გეგმა“ მზად არის: ევროჯგუფმა აზრთა სხვადასხვაობები და ევროკავშირის შიგნით შესაძლო ყველაზე დიდი კრიზისი დაძლია.  პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის ზომებზე მოლაპარაკებები შედგა. რეკორდული რაოდენობის თანხის – 540 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეთანხმებულია.

    ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მთელი ღამე გრძელდებოდა. 16 საათიანი დისკუსიის შემდეგ ევროჯგუფის მეთაურმა, მარიო ცენტენომ შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

    “ჩვენს მიერ დღეს მოწონებული პაკეტი ევროპის მთლიანი მშპ–ს 4პროცენტია, პლიუს ავტომატური სტაბილიზატორები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია იმსათვის, რომ ევროპის ეკონომიკა კრიზისის შემთხვევაში დაიცვას. ეს არის უპრეცედენტო ზომები. ჩვენ არასდროს, არცერთ სხვა კრიზისზე ასე სწრაფი რეაგირება არ გვქონია. “– განაცხადა ცენტენომ.

    საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ, რომლებიც დიდი სოლიდარობის მოთხოვნით გამოდიოდნენ, ძირითადად დავის მიზანს მიაღწიეს: დახმარება გაიცემა დამატებითი პირობების და მკაცრი ეკონომიის ზომების შემოღების მოთხოვნის გარეშე.

    მოლაპარაკებების დროს შეძლეს ამ მიდგომის მოწინააღმდეგე ნიდერლანდების წინააღმდეგობა დაეძლიათ.

    ფინანსური პაკეტი კომპანიების, თანამშრომლების და ჯანდაცვის სფეროში დასაქამებულების დასახმარებლად და ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევადაა განკუთვნილი.

    ფინანსური პაკეტი იტალიასა და ესპანეთს, ქვეყნებს, რომლებიც ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზრალა, 240 მილიარდ ევროზე წვდომას სთავაზობს. ეს თანხა კი მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი მხოლოდ კრიზისის პერიოდში იქნება, და ის კრიზისის დასრულებისთანავე შეწყდება.

    ამავე პაკეტით გათვალისწინებულია 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის საკრედიტო გარანტიები იმისთვის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი დაზარალებულ კომპანიებს დაეხმაროს, 100 მილიარდი ევრო კი იმისთვის, რომ უხელფასოდ დარჩენილ ან შემცირებული საათებით თუ ხელფასით მომუშავე ადამიანებს დაეხმარონ.

  • კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას-გაეროს გენმდივანი

    კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას-გაეროს გენმდივანი

    გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ 75 წლიანი არსებობის განმავლობაში, ორგანიზაცია ისეთი გამოწვევების წინაშე არასოდეს მდგარა, როგორც დღეს, რადგან კორონავირუსუსის პანდემია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

    “პანდემია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას – რასაც პოტენციურად შეუძლია მიგვიყვანოს სოციალურ არეულობამდე და ძალადობამდე. ეს კი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს,” თქვა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

    ხუთშაბათს 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაავადებაზე შეატყობინა, რომელსაც ჰუბეის პროვინციაში ებრძოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს კოვიდ-19 იყო, დაავადება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს.

    გაეროს უშიშროების 15 წევრიან საბჭოს სამი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ეს შეხვედრა მოეწვია, მაშინ როცა ამ სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, 1.6 მილიონი ადამიანი დაავადდა და 95 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

    შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს არჩეულმა 10-მა წევრმა მოითხოვა. მათ გენერალურ მდივანს სთხოვეს საბჭოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად ახდენს კორონავირუსი გავლენას ორგანიზაციის სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ოპერაციებზე.

     

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • 26 ინფიცირებული უკრაინის ეკლესიაში, რომელიც მთავრობის რეგულაციებს არ ემორჩილება

    26 ინფიცირებული უკრაინის ეკლესიაში, რომელიც მთავრობის რეგულაციებს არ ემორჩილება

    კიევ-პეჩორის მართლმადიდებლურ ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 11-საუკუნოვანი ტაძრის წინამძღვრები პანდემიის მიუხედავად, უარს ამბობდნენ დაეცვათ სოციალური დისტანცირების რეგულაცია და საკუთარ მრევლსაც მოუწოდებდნენ არ დაეცვათ მიმოსვლის შეზღუდვის წესები.

    სააგენტო “როიტერის” ცნობით, ლავრაში ინფიცირებულია 26 ადამიანი. დღეს გამართულ ბრიფინგზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ მონასტერში მართლაც 26 ადამიანია ინფიცირებული. კლიჩკოს თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ კიდევ რამდენ ადამიანს გადაედო ვირუსი.

    ლავრის წარმომადგენლებს კომენტარი ინფიცირებულების რაოდენობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ. უკრაინულ მედიაში გავრცელდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მონასტრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პაველიც ინფიცირებულია. ამასთან დაკავშირებით მონასტერი აცხადებს, რომ მიტროპოლიტი “ჯანმრთელობას არ უჩივის”.

    უკრაინაში კოვიდ-19-ის გამო უკვე 57 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ამ დროისთვის ქვეყანაში 1 892 ინფიცირებულია. აქედან 430 კიევში და მის შემოგარენში ცხოვრობს.

    პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ ქვეყანაში რეგულაციები გაამკაცრა. უკრაინაში ნიღბების ტარება უკვე სავალდებულო გახდა. ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ უკრაინის მოსახლეობის 70% მიღებულ ზომებს ემხრობა. აღდგომაზე ეკლესიაში წასვლას გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 3 პროცენტი გეგმავს.

  • ამერიკა შეზღუდვების მოხსნას, უმუშევრობის რეკორდული ზრდის მიუხედავად, არ ჩქარობს

    ამერიკა შეზღუდვების მოხსნას, უმუშევრობის რეკორდული ზრდის მიუხედავად, არ ჩქარობს

    ინფექციურ დაავადებათა წამყვანმა ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ დღეს ამერიკელები გააფრთხილა, არ იჩქარონ ეკონომიკის ამუშავება, თუნდაც პანდემიის მხრივ, მონაცემთა გაუმჯობესება დაფიქსირდეს. შეერთებულ შტატებში უმუშევრობის რეკორდული მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ამერიკას ძალიან ძვირი უჯდება კორონავირუსის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები.

    ამერიკაში უმუშევართა რაოდენობამ ბოლო სამ კვირაში 15 მილიონს მიაღწია. ბოლო ერთ კვირაში მათი რაოდენობა 6.6 მილიონით გაიზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ აპრილის ბოლომდე უმუშევართა რიცხვი შეერთებულ შტატებში 20 მილიონს მიაღწევს.

    ოფიციალური პირების ერთი ნაწილი ქვეყანაში პროგნოზირებული სიკვდილიანობის 100 000-დან 60 000-ზე ჩამოწევას თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმატებად მიიჩნევს. თუმცა, ექიმი ენტონი ფაუჩი თვლის, რომ ჯერ წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. ის გამუდმებით ხაზს უსვამს, რომ ხალხის სახლში დარჩენა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.

    “უნდა გავაორმაგოთ ფიზიკური მანძილების დაცვის აუცილებლობაზე საუბარი, რათა ეს მონაცემები დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ და იმედია, იმაზე კიდევ უფრო მეტად ჩამოვწევთ, ვიდრე ბოლოს მოისმინეთ – უთხრა ფაუჩიმ დღეს ტელეკომპანიას “სი-ბი-ესი”. ფაუჩი უკვე 36 წელია ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია. ის პანდემიების და ეპიდემიების პერიოდებში, ამერიკის 6 პრეზიდენტის მრჩეველიც იყო.

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოდელის მიხედვით, რომელსაც შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ხშირად ახსენებენ, ამერიკაში 4 აგვისტომდე კორონავირუსის გართულებებით, 60, 400-ზე მეტი ადამიანი მოკვდება. პიკს აღმოსავლეთ სანაპიროზე ამ შაბათ-კვირას ელოდებიან. ფიქრობენ, რომ ამ უქმეებზე კოვიდ-19-ს დაახლოებით 2 200 ადამიანი შეეწირება.

    შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის 465, 600-მდე ინფიცირებულია. სიკვდილიანობა კორონავირუსის მქონე პაციენტებში 16 000-ზე მეტია.

    ეპიცენტრში კვლავ ნიუ-იორკის შტატია, სადაც პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლი მართალია მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება და მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ სიკვდილიანობის მონაცემები კვლავ ძალიან მაღალია. კორონავირუსით შტატში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გარდაიცვალა. თავად ქალაქი ნიუ-იორკი ეპიცენტრად ქვინსის დასახლებას თვლის.

    მსოფლიოში კოვიდ-19-ით 90 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეს 1.5 მილიონს გადაცდა.

     

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ყალბი მედიკამენტების რაოდენობა იზრდება. ექსპერტებს საგანგაშო პროგნოზები აქვთ

    კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ყალბი მედიკამენტების რაოდენობა იზრდება. ექსპერტებს საგანგაშო პროგნოზები აქვთ

    პანდემიისა და კარანტინის ფონზე განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ყალბი მედიკამენტები. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

    ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ასეთი საშუალებების მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

    ორგანიზაციის ერთ–ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება კიდევ ერთი –უხარისხო და ყალბი წამლების პანდემია გამოიწვიოს.

    მთელ მსოფლიოში ადამიანები მედიკამენტებს იმარაგებენ. ჩინეთი და ინდოეთი – სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების ორი მთავარი მწარმოებელი კარანტინშია და მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, რის გამოც წამლების ბაზარზე ბევრი ყალბი წამალი გამოჩნდა.

    მას შემდეგ, რაც ჯანმომ პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა, საერთაშორისო ოპერაცია “პანგეას“ ფარგლებში ინტერპოლმა შვიდი დღის მანძილზე 90 ქვეყანაში 121 ადამიანი დააპატიმრა. სამართალდამცავებმა 14 მილიონი დოლარის ღირებულების საშიში ფარმაცევტული პროდუქციის კონფისკაცია მოახდინეს. მათ შორის იყო ათეულ ათასობით უხარისხო სამედიცინო ნიღაბი.

    მალაიზიიდან დაწყებული მოზამბიკით დამთავრებული პოლიციელებმა ათობით ათასი მედიკამენტი ამოიღეს, რომელთა ნაწილი თითქოსდა Covid-19-ის სამკურნალო იყო.

    ინტერპოლის გენერალური მდივნის, იურგენ შტოკის განცხადებით ჯანდაცვის სისტემების კრიზისის დროს მსგავსი კონტრაფაქტული საქონლით ვაჭრობა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე მოსალოდნელი იყო.

    ჯანმოს მონაცემებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში  ყალბი მედიკამენტებით ვაჭრობის მოცულობა 30 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს მედიკამენტები დაბინძურებულია, ან შეუსაბამო ინგრედიენტებს შეიცავს, ან საერთოდ არ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, ან ვადაგასულია.

    უკეთეს შემთხვევაში ისინი არ უმკურნალებენ იმ დაავადებას, რისთვისაც თითქოსდა განკუთვნილია, უარეს შემთხვევაში კი ადამიანის ორგანიზმს ზიანს მიაყენებენ, რადგან შესაძლოა ტოქსიურ ნივთიერებებს შეიცავდნენ.

    მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრია 1 ტრილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. მიწოდების ჯაჭვი ისეთი ქვეყნებიდან იწყება, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში მდებარე დაფასოების საწყობებით გრძელდება და დისტრიბუტორებამდე მიდის, რომლებიც ამ წამლებით შემდეგ მთელ მსოფლიოს ამარაგებენ.

    მას შემდეგ, რაც მსოფლიომ საკარანტინო ზომების მიღება დაიწყო, ექსპერტების თქმით მომარაგების ამ ჯაჭვმა რღვევა იწყო.

    რამდენიმე ინდურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი არსებული სიმძლავრეების მხოლოდ 50–60%–ს ამუშავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ინდური კომპანიები ძირითადი მედიკამენტების 20%–ით აფრიკას ამარაგებენ, აფრიკის ქვეყნებმა უკვე იგრძნეს დეფიციტი, მათ შორის არსებითად მნიშვნელოვანი მედიკამენტების, როგორიც არის ანტიბიოტიკები და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

    მძიმე დღეში არიან მწარმოებლებიც, რადგან წამლებისთვის საჭირო ინგრედიენტები იმდენად გაძვირდა, რომ ზოგიერთი კომპანია გადარჩენისთვის იბრძვის.

    მაგალითად, ერთ–ერთი პაკისტანური მწარმოებელი ბიბისის უყვება, რომ ადრე ის მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროხინის საწარმოებლად საჭირო ინგრედიენტებს ერთ კილოგრამს 100 დოლარად ყიდულობდა. ახლა კი ფასი 1150 დოლარამდე გაიზარდა.

    იმ ფონზე, როცა ქვეყნების დიდ ნაწილში კარანტინია პრობლემა მხოლოდ წარმოების შემცირება არ არის. მთელ მსოფლიოში რადიკალურად არის გაზრდილი სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების მოხმარება. ადამიანები საოჯახო აფთიაქების მარაგებს ავსებენ. შექმნილი სიტუაციის გამო, როცა მოწოდება შემცირდა, მოთხოვნა კი გაიზარდა, შეიქმნა კარგი საფუძველი იმისათვის, რომ მოთხოვნა–მიწოდებას შორის გაჩენილი სიცარიელე ყალბი მედიკამენტებით შეივსოს.

    ფარმაცევტები და ფარმაცევტული კომპანიები მთელ მსოფლიოში განგაშს ტეხენ, რადგან მალე შეიძლება მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების სერიოზული დეფიციტი შეიქმნას.

    მას შემდეგ, რაც აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის ბრიფინგზე მალარიის საწინააღმდეგო ქლოროქინის და მისი შემადგენელი ჰიდროქსილქლოროხინის ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე ისაუბრა, ამ პრეპარატებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.

    ჯანმომ არაერთხელ განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი რეალური საფუძველი, რომელიც ამ პრეპარატების ეფექტურობაზე მიუთითებდა. ამის მიუხედავად ტრამპმა ერთ–ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა: “რას კარგავთ? მაინც დალიეთ.“

    წარმოქმნილი დეფიციტის შემდეგ, აფრიკაში , სადაც ანტიმალარიული პრეპარატები უმნიშვნელოვანესია, მათი ფასი ხუთჯერ გაიზარდა და ყალბი მედიკამენტებიც გამოჩნდა.

    ოქსფორდის უნივერსიტეტის ყალბი მედიკამენტების პრობლემებზე მომუშავე ექსპერტი, პოლ ნიუტონი გვაფრთხილებს, რომ პანდემიის ფონზე ყალბი და საშიში მედიკამენტების გავრცელეა გაიზრდება, თუ მთელ მსოფლიოში სახელმწიფოები ამ მოვლენასთან საბრძოლველად არ გაერთიანდებიან.

  • “ეს ომი ვირუსის წინააღმდეგ, სრული გამარჯვებით დასრულდება“–ესპანეთის პრემიერი

    “ეს ომი ვირუსის წინააღმდეგ, სრული გამარჯვებით დასრულდება“–ესპანეთის პრემიერი

    ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა ბოლო რამდენიმე დღეა იკლებს.

    “ეს ომი ვირუსის წინააღმდეგ, სრული გამარჯვებით დასრულდება, ცეცხლი კონტროლირებადი ხდება“ – განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, თითქმის ცარიელი პარლამენტის წინაშე ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას. 300 ესპანელი დეპუტატი  დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

    გარდაცვალების შემთხვევების ორდღიანი მატების შემდეგ, ხუთშაბათს, ბოლო 24 საათის მონაცემებით, სიკვდილიანობა 683-მდე შემცირდა. სულ, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ესპანეთში 15 238 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 152 446 აღწევს.

    საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში 26 აპრილამდე გაგრძელდება. პედრო სანჩესმა ეკონომიკურ სტრატეგიაზეც ისაუბრა და პოლიტიკურ მხარეებს ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის პაქტი შესთავაზა, რომელიც 1977 წლის “მონკლოას პაქტითაა“ შთაგონებული. ეს მოდელი ესპანეთმა დიქტატორ ფრანკოს მმართველობის შემდეგ, დემოკრატიული განვითარების გზაზე გადასვლისას გამოიყენა.

    მთავარი ოპოზიციური ძალის, „სახალხო პარტიის“ ლიდერი პრემიერის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს. პაბლო კასადო ამბობს, რომ პედრო სანჩეს პაქტის შეთავაზებისთვის საკმარისი მორალური ავტორიტეტი არ აქვს.

    განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ოპოზიციურიმა ძალამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადების გახანგრძლივებას.

  • Twitter-ის დამფუძნებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მილიარდ დოლარს გაიღებს

    Twitter-ის დამფუძნებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მილიარდ დოლარს გაიღებს

    სოციალური მედიის Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მილიარდ დოლარს გაიღებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ეს თანხა მისი ქონების 28%-ია. ამი თანხის მოსაგროვებლად ის Square-ის აქციებს ყიდის.

  • მხოლოდ იტალიას Covid-19 700 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. რა ხდება ევროპაში

    მხოლოდ იტალიას Covid-19 700 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. რა ხდება ევროპაში

    იტალიაში, სადაც კორონავირუსის 132 000–ზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, სახლიდან გამოსვლისას დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა.თავიდან ეს ზომა ლომბარდიის რეგიონში შემოიღეს, შემდეგ კი სხვა რეგიონებშიც გავრცელდა.

    ტოსკანაში ნიღბის ტარება სავალდებულო ამ კვირის დასაწყისიდან გახდა.

    ეკონომიკის ძარავა იტალიაში რამდენიმე კვირის წინ გამოირთო ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თუმცა ადრე თუ გვიან მისი დაქოქვა ქვეყანას ისევ მოუწევს.

    ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აღდგენისთვის 700 მილიარდ ევროზე მეტი იქნება საჭირო.

    ძირითად ზომებზე და მათთან დაკავშირებულ თანხებზე მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

    “როცა საჭიროა ქვეყნის და მისი ინტერესების დაცვა, ჩვენ თანხებზე უკან არ დავიხევთ. და მართალია იცით, რომ პროგნოზებში საერთოდ ფრთხილი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ისტორია აღიარებს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს“– თქვა მან.

    ესპანეთში კი, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი 140 000–ს უახლოვდება ყველაზე მეტად ეპიდემიისგან დედაქალაქის რეგიონი დასახელდა. კარანტინი ქვეყანაში აპრილის ბოლომდე გაგრძელდა.

    ესპანეთის ანკლავ მელილში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს, ასამდე მიგრანტმა სასაზღვრო ნაგებობები გადალახა, რადგან აქ სამართალდამცავთა რიცხვი შემცირებულია. კონტინენტურ ესპანიას პოლიციის გაძლიერებული ძალები ჭირდება, რათა იზოლაციის ზომების დაცვა აკონტროლოს.

    საფრანგეთში კი ხელისუფლება კოლოსალურ ძალისხმევას ხარჯავს ვირუსის გამოსავლენად: იწყება ხანდაზმულთა, ინვალიდობის მქონე პირთა და მოხუცებულთა თავშესაფრის პერსონალის დიაგნოსტიკა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯერჯერობით ეპიდემიის საბოლოოდ დაძლევა ვერ მოხერხდა: ინფექციით ყველაზე მეტად მოცულ ელზასში მის პიკს აპრილის ოცი რიცხვისთვის ელიან.

    საფრანგეთში ბოლო დღეღამეში ამ ქვეყნისთვის 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი – 1417 დაფიქსირდა. დაინფიცირებულია 109 000–ზე მეტი ადამიანი.