Category: მსოფლიო

  • Covid19: ევროპელები ქუჩაში გამოდიან.რუსეთში პიკია. ტრამპის სამწუხარო პროგნოზი. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში ბოლო 24 საათში

    Covid19: ევროპელები ქუჩაში გამოდიან.რუსეთში პიკია. ტრამპის სამწუხარო პროგნოზი. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში ბოლო 24 საათში

    ესპანელები შვიდი კვირის მანძილზე პირველად სასეირნოდ გამოვიდნენ. დონალდ ტრამპი აშშ–ში 100 000 გარდაცვლილს პროგნოზირებს, ახალ ზელანდიაში ბოლო დღეღამეში კორონავირუსით არცერთი ახალი დაინფიცრებული არ გამოვლენილა. ნახეთ ბოლო 24 საათის უახლესი ამბები მსოფლიოში Covid19-ის შესახებ.

    საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ბოლო 24 საათის განმავლობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დაბალი დაინფიცირების მაჩვენებლის შესახებ იუწყებიან.

    სერბეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გაუქმდა. იხსნება სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები ძალაში რჩება.

    ქვეყანაში შემოღებული კომენდანტის საათი ხუთშაბათს მთლიანად გაუქმდება. უახლოეს დღეებში ასევე აღდგება ავტობუსების და სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით. მაისის ბოლოს კი ხელისუფლება აპირებს ზოგიერთი კომერციული რეისი დაუშვას.

    სერბეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 9000 ადამიანი. გარდაიცვალა 193.

    აშშს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს. ამასთან ის კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაციის რეაგირება სიტუაციაზე არასაკმარისად სწრაფი იყო.

    აშშ მსოფლიოში დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ლიდერობს – 1.2 მილიონი დაინფიცირებული და 68 000–ზე მეტი გარდაცვლილი – ასეთია ბოლო მონაცემები.

    ორსაათიანი ონლაინ გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა სამედიცინო საზოგადოება კვლავ ამტკიცებს, რომ ამისათვის მინიმუმ ერთი წელი იქნება საჭირო.

    რუსეთში ერთ დღეღამეში 10581 ახალი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე წინა დღეს, როცა ქვეყანამ ახალ ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

    ყველაზე რთული სიტუაცია მოსკოვშია. რუსეთის დედაქალაქის საავადმყოფოებში ყოველდღიურად საშუალოდ 1700 პაციენტი შეყავთ. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ დაავადების პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

    ახალ ზელანდიაში კი  ბოლო 24 საათში პირველად პანდემიის პერიოდში ახალი დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

    ევროპა

    იტალიაში ორშაბათიდან მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი რეგიონების ფარგლებში მცხოვრები ნათესავები მოინახულონ. იტალიის სხვადასხვა ნაწილებს შორის მიმოსვლა კვლავ შეზღუდულია. იტალიელებს ასევე უფლება მისცეს ქუჩაში სავარჯიშოდ გამოვიდნენ, იმ პირობით, რომ სოციალური დისტანცირების წესს დაიცავენ.

    სკოლები, კინოთეატრები, მაღაზიების დიდი ნაწილი კვლავ დახურულია. ბარები და რესტორნები მხოლოდ ივნისში გაიხსნება.

    ამ შაბათ–კვირას ესპანეთის მოსახლეობამ ბოლო 7 კვირის მანძილზე პირველად შეძლო ქუჩაში სავარჯიშოდ გამოსვლა. ადრე სახლების დატოვება მხოლოდ მაღაზიაში წასასვლელად და ძაღლის გასეირნების მიზნით იყო შესაძლებელი. თუმცა ესპანეთში 3 მილიონი ადამიანი სამსახურებში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაუშვეს. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნიღბების ტარება ტრანსპორტში სავალდებულოა.

    საფრანგეთში 11 მაისიდან დაიწყება კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, თუმცა ეტაპობრივად.

    დღეიდან ლოქდაუნიდან ეტაპობრივად გამოსვლა დაიწყო პორტუგალიამაც. იხსნება ტანსაცმლის ზოგიერთი მაღაზია და ქალაქის პარკები. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 6 კვირა ცხოვრობდა.

    დანარჩენი მსოფლიო

    ჰონკონგში დღეიდან სამსახურებს დაუბრუნდნენ სახელმწიფო მოხელეები. იხსნება ბიბლიოთეკები, მუზეუმები და კაფეები, რომლებსაც ქუჩიდან ვაჭრობა შეუძლიათ.

    შეზღუდვების მნიშვნელოვანი შემსუბუქება დაიწყო ტაილანდში და ნიგერიის ორ ყველაზე დიდ ქალაქში – დედაქალაქ აბუჯაში და ლაგოსში. ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით კარანტინიდან გამოსვლის პირველი ფაზა ექვს კვირაზეა გათვლილი, რის შემდეგაც თუ სიტუაცია არ გაუარესდა, კარანტინის ზომების მოხსნა მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.

    ინდოეთში კარანტინიდან გამოსვლის მესამე ფაზა დაიწყო, რომლის ფარგლებში სამსახურში ბრუნდებიან დამლაგებლები, მზარეულები და სანტექნიკოსები. იხსნება კერძო კომპანიების ოფისები, თუმცა ერთდროულად შენობაში მხოლოდ პერსონალის 33%–ს აქვს ყოფნის უფლება. პატარა მაღაზიები, რომლებსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, მუშაობას იწყებენ.

    იორდანიაში მუშაობა დაიწყო აბსოლუტურად ყველა ბიზნესმა და წარმოებამ.

    ეგვიპტის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმისთვის სასტუმროების გახსნის ნებართვა გასცა, თუმცა იმ პირობით, რომ მათი დატვირთვა 25%–ზე მეტი არ იქნება.

    იაპონიის ხელისუფლებამ მთავრობის სხდომაზე ორშაბათს გადაწყვიტა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მაისის ბოლომდე გააგრძელოს. ქვეყანა ჯერჯერობით ტესტირების დამაკმაყოფილებელ დონეზე არ გასულა. მსხვილი ქალაქების საავადმყოფოები ჩივიან, რომ ვერ ერევიან პაციენტების რაოდენობას. თუმცა, იაპონიის საგანგებო მდგომარეობა მკაცრი არ არის და ის ძირითადად ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვას გულისხმობს.

     

     

     

  • არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა-პომპეო

    არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა-პომპეო

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, 3 მაისს ტელეარხ ABC-ის სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს კორონავირუსის ჩინეთში, ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ.

    “არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს [კორონავირუსი] ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა”, – განაცხადა პომპეომ.

    სახელმწიფო მდივნის განცხადება, ფაქტობრივად უარყოფს დაზვერვის სააგენტოების დასკვნას. “საუკეთესო ექსპერტები ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ [კორონავირუსი] ადამიანის მიერაა შექმნილი”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

    აშშ-ს დაზვერვის დირექტორის დასკვნა ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის. როდესაც მაიკ პომპეოს ჟურნალისტმა უთხრა, რომ სადაზვერვო სამსახურებმა საწინააღმდეგო დაასკვნეს, პომპეომ უკან დაიხია.

    “მე ვნახე ის, რაც დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ისინი ცდებიან”, – თქვა მან.

    სახელმწიფო მდივნის მსგავსად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ შესაძლოა ვირუსი ჩინეთში “შეცდომით” გავრცელდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებს 30 აპრილს განუცხადა.

    “შესაძლოა ჩინეთმა შეცდომა დაუშვა, შეიძლება შეცდომით დაიწყო და შემდეგ კიდევ შეეშალათ, ან შესაძლოა ეს ვინმემ განზრახ გააკეთა”, – თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ შეერთებული შტატები ეცდება “შეისწავლოს როგორ გავრცელდა” ვირუსი.

    ამავე ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ უნახავს მტკიცებულება და რამდენად დამაჯერებელია მისთვის ის ფაქტი, რომ ვირუსი ვუჰანის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან გავრცელდა, უპასუხა, რომ ეს მისთვის საკმაოდ დამაჯერებელია. მას დეტალებზე არ უსაუბრია. “ვერ გეტყვით, არ მაქვს უფლება გითხრათ”, – თქვა მან როცა ჟურნალისტმა თხოვა მისი კომენტარი განემარტა.

    მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა, კვლავ უამრავი სპეკულაციაა იმის თაობაზე, თუ როგორ გაჩნდა ახალი კორონავირუსი: ის ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდა, შეიქმნა ლაბორატორიაში და შემთხვევით გავრცელდა, თუ როგორც შეთქმულების თეორიის ავტორებს მიაჩნიათ, გამიზნულად, სპეციალურად იყო შექმნილი და დამუშავებული.

    ამერიკის დაზვერვის სააგენტოებმა, 3 აპრილს გავრცელებული განცხადებით ეს უკანასკნელი ვერსია გამორიცხეს, და თქვეს, რომ ეთანხმებიან ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ კოვიდ-19 არ იყო ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი. ამის შესახებ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ისაუბრა.

    დაზვერვის სამსახურების მიერ გავრცელებულმა ცნობებმა ღიად დატოვა ის საკითხი, აქვს თუ არა ჩინეთში წარმოშობილ ვირუსს კავშირი ჩინელ მკვლევარებთან.

    “სადაზვერვო საზოგადოება განაგრძობს ინფორმაციის გულდასმით შესწავლას იმის დასადგენად თუ როგორ გავრცელდა ეპიდემია: ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტით თუ ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარი გარკვეული შემთხვევით”, – აცხადებენ ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელები.

    ჩინეთის მთავრობა, ვუჰანის ვირუსულოგიის ინსტიტუტს გამუდმებით უცხადებს მხარდაჭერას და უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო კოვიდ-19-ის თავდაპირველი აფეთქებისა და გავრცელების წყარო. მათი ექსპერტების პოზიციით, ვირუსი სავარაუდოდ ცხოველიდან ადამიანს ლაბორატორიასთან ახლოს მდებარე ცხოველთა ბაზარში გადაედო.

    ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 1950 წელს დაარსდა. ინსტიტუტში მდებარეობს ქვეყნის პირველი, მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაც. ამგვარ ლაბორატორიებში მაღალი რისკის შემცველი, ძლიერ სახიფათო პათოგენები ინახება, რომელთათვისაც ჯერჯერობით ვაქცინა თუ სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. დაწესებულების ნაწილში კი ღამურებიდან გადამდებ კორონავირუსებს იკვლევენ.

    ტრამპი გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის მიერ ამ პოზიციების უარყოფას და პეკინსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მთელი დანარჩენი მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

    “ბევრი თეორია არსებობს. ამჟამად, ვფიქრობ, ჩინეთი ცდილობს გარკვეულწილად გამჭვირვალე იყოს ჩვენთან”, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ჩინეთის მთავრობის წევრებმა უნდა შეწყვიტონ მთავარი დეტალების დამალვა.

    ამ დრომდე, მსოფლიოს გარშემო ვირუსს 246 000 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებულ შტატებში გარდაცვლილია 67 000-ზე მეტი ადამიანი.

  • ლუკაშენკო კორონავირუსის მიუხედავად 9 მაისის აღლუმის გაუქმებას არ აპირებს

    ლუკაშენკო კორონავირუსის მიუხედავად 9 მაისის აღლუმის გაუქმებას არ აპირებს

    ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისის სამხედრო აღლუმის გაუქმებას არ აპირებს. ლუკაშენკო მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორის არის, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არაფრად აგდებს, არ აპირებს კარანტინი შემოიღოს და არც სოციალურ დისტანციას იცავს.

    “ჩვენ აღლუმს ვერ გავაუქმებთ. უბრალოდ არ შეგვიძლია. დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. რა თქმა უნდა, ეს ემოციონალური, ღრმად იდეოლოგიური რამ არის.“– თქვა ლუკაშენკომ. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ19–ით 16 ათასზე მეტი  ინფიცირებული და 99 გარდაცვლილია. ბელორუსის მოსახლეობა ბოლო აღწერით 9 500 000–ს შეადგენს.

  • გერმანიაში ეკლესიები იხსნება. გალობა აკრძალულია. ნიღბები სავალდებულო

    გერმანიაში ეკლესიები იხსნება. გალობა აკრძალულია. ნიღბები სავალდებულო

    გერმანიაში საკვირაო მსახურებისთვის ეკლესიები იხსნება, თუმცა რიგი შეზღუდვებით. ჯერჯერობით აკრძალულია გალობა. ხელისუფლება თვლის, რომ სიმღერამ შეიძლება ვირუსის გავრცელების პროვოცირება გამოიწვიოს. შეზღუდულია დამსწრეთა რაოდენობა. ადამიანები ერთმანეთისგან ორ მეტრიანი დისტანციით უნდა იყვნენ დაშორებული. მღვდელმსახურებისთვის ნიღბები სავალდებულოა. სინაგოგებში და მეჩეთებშიც ჰიგიენის ახალი წესები დაინერგება.

    გერმანიაში ბევრი მაღაზია, რომელიც 22 მარტიდან დახურული იყო გასულ კვირას გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე დაკეტილია რესტორნები, ბარები და სასტუმროები.  ჯერჯერობით არც სპორტული ღონისძიებები განახლებულა.

    გასულ კვირას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მალე საბავშვო მოედნები, მუზეუმები, ზოოპარკები და სხვა კულტურულ–დასასვენებელი ადგილები გაიხსნება.

    გერმანიაში რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით ბოლო დღეღამეში გარდაცვალების 74 შემთხვევა და 793 ახალი დაინფიცირებული დაფიქსირდა.

  • მიხარია, რომ დაბრუნდა და კარგადაა – ტრამპი კიმ ჩენ ინზე

    მიხარია, რომ დაბრუნდა და კარგადაა – ტრამპი კიმ ჩენ ინზე

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, საჯარო გამოჩენას ,,ტვიტერზე” გამოეხმაურა.

    “ჩემი მხრივ, მიხარია, რომ დაბრუნდა და კარგადაა”, – დაწერა ტრამპმა და კიმ ჩენ ინის გამოჩენის პირველი ფოტოები გააზიარა, სადაც ჩანს, როგორ ხსნის ჩრდ. კორეის ლიდერი სასუქის ქარხანას.

    შეგახსენებთ, კიმ ჩენი ინი 20 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

  • ნიუ იორკელების თითქმის 20%–ს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

    ნიუ იორკელების თითქმის 20%–ს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

    ქალაქ ნიუ იორკის მოსახლეობის 19.9%–ს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამის შესახებ ტესტების მონაცემებზე დაყრდნობით ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა. ნიუ იორკი აშშ–ში კორონავირუსის ეპიცენტრია.  შტატში  ამ დროისთვის 319,213         ინფიცირებული და 24,368 გარდაცვლილია, რაც აშშ–ს საერთო მაჩვენებლის მესამედია.

    კუომოსი განცხადებით ხელისუფლებამ ანალიზები ანტისხეულების არსებობაზე მოსახლეობას მთელი შტატის მაშტაბით აუღო. სულ ამ მომენტისთვის 15 000 ადამიანია გატესტილი. შტატის მაშტაბით კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 12.3%–ს კორონავირუსის ანტისხეულები აქვს.

    რაც შეეხება ქალაქ ნიუ იორკს, ანტისხეულები მისი მოსახლეობის 19.9 %–ს აღმოაჩნდა. ყველა მონაცემები წინასწარია და გასაშუალოებული.

    “თუ ნიუ იორკს ავიღებთ, იქ ყველაზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა ანტისხეულები: 27.6% ბრონქსში, 19.2% ბრუკლინში, 17.3% მანჰეტენზე, 18.4% ქუინსში, 19.2% სტატენ აილენდზე“– განაცხადა კუომომ. მისი თქმით, ხელისუფლება მომავალში შეისწავლის, რატომ არის ბრონქსში ეს მაჩვენებელი ქალაქის სხვა რაიონებზე უფრო მაღალი.

  • კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა – ჩრდილოეთ კორეის მედია

    კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა – ჩრდილოეთ კორეის მედია

    20 დღის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ლენტი გაჭრა სასუქების ქარხნის გახსნისას.

    ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა. მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ გულის ოპერაციის შემდეგ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას არ ადასტურებს ფხენიანი.

  • ბაიდენი სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს

    ბაიდენი სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს

    დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს უარყო მის მიმართ წაყენებული სექსუალური შევიწროების ბრალდება. “ეს არასდროს მომხდარა”, – თქვა შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინტერვიუში, რომელიც მან ტელეკომპანიას “ემ-ეს-ენ-ბი-სი” (MSNBC) მისცა.

    ამერიკის სენატის ყოფილი თანამშრომელი ტარა რიადი ამბობს, რომ მასზე მაშინ სენატორის რანგში მყოფმა ჯო ბაიდენმა მასზეე სექსუალურად 1993 წელს იძალადა. რიადის ორი ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მან ამ შემთხვევის შესახებ მათ ადრევე უამბო.

    ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს ადრეც უარყოფდნენ, მაგრამ თავად ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია. ბაიდენმა ეროვნული არქივებიდან გამოითხოვა ბრალდების ამსახველი დოკუმენტები, თუკი ასეთი რამ არსებობს.

    “თუ სადმე მსგავსი საჩივარია, ჩანაწერი იქ იქნება… მე დასამალი არაფერი მაქვს” – აცხადებს ჯო ბაიდენი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთის მშენებლობის მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

    რუსეთის მშენებლობის მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

    რუსეთის მშენებლობისა და კომუნალურ–საცხოვრებელი მეურნეობების მინისტრს, ვლადიმირ იაკუშევს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრესსამსახური ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მინისტრი ხაზზე რჩება.

    მინისტრის გარდა ახალი კორონავირუსი მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლკოვსაც აღმოაჩნდა.

    კორონავირუსზე ტესტი სამინისტროს მთელ ხელმძღვანელობას ჩაუტარდა. დადებითი შედეგი მხოლოდ მინისტრის და მისი ერთი მოადგილის ტესტმა აჩვენა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 23 მარტიდან ყველა თანამშრომელი, უმაღლესი თანამდებობის პირების გარდა დისტანციურად მუშაობს. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ იმ თანამშრომლებს აქვთ, რომელთა საქმიანობის განხორციელება დისტანციურად შეუძლებელია.

  • ნიუ-იორკის მეტრო ღამის საათებში აღარ იმუშავებს

    ნიუ-იორკის მეტრო ღამის საათებში აღარ იმუშავებს

    ქალაქ ნიუ-იორკის მეტრო, ხმაურიანი და გამაღიზიანებელი სისტემა, რომელიც ნიუ-იორკელებს და ტურისტებს ერთნაირად არ უყვართ, ისტორიულ ნაბიჯს დგამს და ღამით მომსახურებას წყვეტს, რათა მატარებლების ვაგონების დეზინფექცია მოხდეს. როგორც ჩანს, ეს დიდი ცვლილებების პრელუდიაა იმ დროს, როდესაც ამერიკის უდიდესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობს, რამაც მგზავრების ნაკადი შეამცირა.

    ხუთშაბათს, შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ მეტროს სისტემა, რომლის 965 კილომეტრიანი ლიანდაგები ქალაქ ნიუ-იორკს ყველა მიმართულებით კვეთს, 6 მაისიდან, ღამის 1 საათიდან, დილის 5 საათამდე დაკეტილი იქნება, რათა ბრიგადებს ყოველ ღამე ვაგონების დეზინფექციის საშუალება მიეცეს. ამ გადაწყვეტილების მიზანი კოვიდ-19-ის შემდგომი გავრცელების შეფერხებაა. მან ასევე თქვა, რომ ქალაქის ავტობუსების დეზინფექციაც ყოველ ღამე მოხდება.

    სატრანსპორტო უწყების გეგმა, “მგზავრები დაიბრუნოს”, ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოებაზე. სააგენტოს პრესმდივანმა ები კოლინსმა თქვა, რომ “მგზავრებს სთხოვენ ჩვევები შეიცვალონ და ამაში სახის დაფარვაც შედის.”

    ნიუ-იორკის მეტრომ, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მგზავრების ნაკადის 90 პროცენტზე მეტი დაკარგა. სააგენტომ, საკუთარი მძღოლების დასაცავად, ავტობუსებში მგზავრობის საფასურის მოკრებაც შეწყვიტა, რის გამოც შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდა.

    წყარო: ამერიკის ხმა