Category: მსოფლიო

  • ტრამპი პირობას დებს, რომ ჩინეთისგან მრავალმილიარდიან კომპენსაციას მოითხოვს

    ტრამპი პირობას დებს, რომ ჩინეთისგან მრავალმილიარდიან კომპენსაციას მოითხოვს

    აშშ–ს პრეზიდენტმა კვლავ დაადანაშაულა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და მრავალმილიარდიანი კომპენსაციის მოთხოვნა არ გამორიცხა მიყენებული ზარალის გამო. განცხადება ორშაბათს თეთრ სახლში ორღდიანი შესვენების შემდეგ განახლებულ პრესკონფენეციაზე გაკეთდა.

    “ჩვენ ჩინეთით არ ვართ კმაყოფილი. უკმაყოფილო ვართ მთელი ამ სიტუაციით, იმიტომ რომ ვთვლით: ეპიდემია შეიძლებოდა სათავეშივე გაჩერებულიყო. მისი სწრაფად შეჩერება შესაძლებელი იყო და არ გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში“– განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    მიმომხილველები შაბათ–კვირას პრეზიდენტის სიჩუმეს იმ უხერხულობით ქმნიან, რაც მისმა ხუთშაბათის განცხადებებმა შექმნა. აშშ–ს პრეზიდენტმა გასულ კვირას ტრადიციულ ყოველღდიურ პრესკონფერენციაზე დასვა კითხვა, რატომ არ შეიძლება ადამიანებს სადეზინფექციო ხსნარი ორგანიზმში შევუყვანოთ. მოგვიანებით თქვა, რომ იხუმრა, თუმცა მის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა.

    აშშ ამ ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა. ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 56000ზე მეტი. ამის მიუხედავად ტრამპმა კვლავ მოუწოდა გუბერნატორებს ეკონომიკური საქმიანობა აღადგინონ რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვით. მან ასევე გამოთქვა სურვილი, რომ მოსწავლეები აკადემიური წლის დასრულებამდე სკოლებს დაუბრუნდნენ.

    ცნობილი გახდა თეთრი სახლის ინსტრუქციების შესახებ ტესტირებასთან დაკავშირებით. გუბერნატორებს რეკომენდაცია მიეცათ თვეში მოსახლეობის 2.6% გატესტონ.

    ნიუ იორკში, რომელიც აშშ–ში ეპიდემიის მთავარ კერად რჩება ჰისპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირების ტენდენციაა. გუშინ გუბერნატორმა კუომომ მიანიშნა, რომ 15 მაისიდან კარანტინი შეიძლება შტატის გარკვეულ ნაწილებში გაგრძელდეს.

    პარალელურად კი მთელ ქვეყანაში რესტორნები იხსნება. თუმცა პერსონალი ნიღბებს ატარებს, კლიენტების ტემპერატურას ამოწმებს და ერთჯერად ჭურჭელს იყენებს.

     

     

  • აშშ–ში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ზოგიერთი შტატი კარანტინს ამსუბუქებს

    აშშ–ში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ზოგიერთი შტატი კარანტინს ამსუბუქებს

    აშშ–ში სულ უფრო მეტი შტატი ამსუბუქებს საკარანტინო ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ პასაკევს ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ერთ დღეში ახალ დაინფიცირებულთა გამოვლენის თვალსაზრისით. აშშ–ში ბევრად მაღალია კორონავირუსით დაინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადაჭარბა. გარდაცვლილია 56 000–ზე მეტი ადამიანი.

     

    აქამდე კარანტინის პირობებში ცხოვრობდა აშშ–ს მოსახლეობის დაახლოებით 90%. თუმცა ამ კვირაში კარანტინის ნაწილობრივ შემსუბუქების შესახებ განაცხადეს ჯორჯიის, ოკლაჰომას, ალიასკის, სამხრეთ კაროლინას შტატები. ისინი შეზღუდვებს მომავალი კვირიდან მოხსნიან.

    კოლორადოში პარასკევიდან საპარიკმახეროები და ტატუ სალონები გაიხსნება, ტენესიში მუშაობას განაახლებენ რესტორნები, მონტანაში კი კვირას კვლავ შესაძლებელი იქნება ეკლესიაში სტუმრობა, თუმცა სოციალური დისტანცირების დაცვით.

    რვა შტატში, სადაც გუბერნატორი რესპუბლიკელია, მათ შორის არკანზასში, აიოვასა და ნებრასკაში, სახლში დარჩენის ბრძანება მოსახლეობისთვის არ გაცემულა.

    თუმცა ქვეყნის ნაწილში საკარანტინო ზომების ნაწილი რამდენიმე თვე შენარჩუნდება.

    „სოციალური დისტანცირება მთელი ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება.  ჩვენ სხვადასხვა სტადიებს გავივლით, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.„– განაცხადა თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში, დებორა ბირკსმა. მისი თქმით, ახალი დაინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა მაისის ბოლოსკენ შემცირდება.

     

    აშშ–ს პრეზიდენტმა კი ამასობაში როგორც ჩანს გადაწყვიტა ყოველდღიურ პრესკონფერენციებზე უარი თქვას. შაბათს მან ბრიფინგი გააცდინა და განაცხადა, რომ ბრიფინგები “მისი დრო და ძალისხმევა არ ღირს“ და პრესა მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

  • ევროპაში ავტომწარმოებელი ქარხნები ამუშავდა

    ევროპაში ავტომწარმოებელი ქარხნები ამუშავდა

    კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ექვსკვირიანი გაჩერების შემდეგ გერმანიაში მუშაობა განაახლა ავტოკონცერნ Volkswagen–ის ვოლფსბურგში მდებარე ცენტრალურმა ქარხანამ. სამუშაოდ ჯერჯერობით დაახლოებით 8000 ადამიანი გავიდა, როცა ჩვეულებრივ აქ 70 000 ადამიანია დასაქმებული. ავტომობილების წარმოების მოცულობის გაზრდა თანდათანობით მოხდება. კომპანიის ხელმძღვანელობას იმადი აქვს, რომ ფედერალური ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას შესთავაზებს პოტენციურ მყიდველებს, როგორც ეს ათი წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის დროს მოხდა.

    კომპანიის დირექტორი, ჰერბერტ დისი ამბობს: “შეშფოთებული ვართ იმით, რომ ავტომობილის შეძენაზე ფიქრიც კი ამჟამად პოტენციური კლინტებისთვის წარმოუდგენელია. ამიტომაც გაგვიხარდებოდა, თუ პოლიტიკოსები მიხედავენ ამ საკითხს და ჩვენი პროდუქციის შეძენისთვის სტიმულირებას მოიფიქრებენ. ვთვლი, რომ ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია“

    ორშაბათს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გაიხსნა ჩეხური Skoda–ს ქარხნებიც. ავტომობილების აწყობა სამშაბათიდან დაიწყება, უსაფრთხოების ზომების დაცვით. იძულებითი გაჩერების პერიოდში თანამშრომლებს ხელფასის 75% შეუნარჩუნდათ.

    Fiat Chrysler–ის ქარხანაში იტალიურ ტურინში 250 თანამშრომელი დაბრუნდა. ისინი ერთ ცვლაში იმუშავებენ–დილის რვა საათიდან 16 საათამდე. თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის კომპლექტები დაურიგდათ, რომელშიც ნიღბები და ხელთათმანები შედის. შესასვლელში თანამშრომლებს სიცხეს უზომავენ.

  • ვინ არის დამნაშავე ხანდაზმულთა სახლებში Covid19-ით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე. შვედეთი გამოძიებას იწყებს

    ვინ არის დამნაშავე ხანდაზმულთა სახლებში Covid19-ით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე. შვედეთი გამოძიებას იწყებს

    ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების თითქმის ნახევარი ხანდაზმულთა თავშესაფარზე მოდის. სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, თუმცა ძირითადად მსგავსი. რატომ აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ? ამასთან დაკავშირებით შესაძლოა ზოგ ქვეყანაში გამოიძება დაიწყოს. გასულ კვირას განგაში ირლანდიის ხელისუფლებამ ატეხა.საქმის გამოძიება მოუწევს შვედეთის ხელისუფლებასაც.

    სტოკჰოლმი და მისი მიმდებარე სიოდერმანლენდის ოლქი შვედეთის ყველაზე დაინფიცირებული რაიონებია. ყველაზე საშიში სიცოცხლისთვის კი აქაც ხანდაზმულთა სახლები აღმოჩნდა. შვედეთში სიკვდილიანობის მესამედი სწორედ ასეთ სახლებზე მოდის.

    ფინელი ექთნის, სონია ასპინენის აზრით, რომელიც ასეთ სახლებში მუშაობს მაღალი სიკვდილიანობა ხელმძღვანელობის მიერ გამოჩენილი დაუდევრობის ბრალია.

    “ჩემი აზრით, ბევრი ადამიანის დაინფიცირება პერსონალის ბრალია. განსაკუთრებით ხანდაზმულთა სახლებში.  კორონავირუსის ინფექცია გარედან შემოიტანეს, და ამით ხანდაზმული ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.“

    შვედეთის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებაზე უარი თქვა. ტესტირებაც ნაკლებად ტარდება, ისეთ მაღალი რისკის ზონებშიც კი, როგორიც არის ხანდაზმულთა სახლები.

    “სისტემატური ტესტირება არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში იმ დაწესებულებებში, სადაც მე ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ იქ სიმპტომებიანი ადამიანები იყვნენ, ისინი კორონავირუსზე არ გაუტესტავთ“– ყვება სონია.

    მისი აზრით სიტუაციას ამძიმებს ხანდაზმულთა სახლების თანამშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია: ბევრი მათგანი შვედურად ძლივს ლაპარაკობს და ჰიგიენის წესებს არ იცავს. შვედეთის მთავრობა პირობას დებს, რომ გამოძიებას ჩაატარებს.

    27 აპრილის მონაცემებით შვედეთში კორონავირუსს 2274 ადამიანი ემსხვერპლა. შედარებისთვის, მეზობელ ფინეთში – 190 , ნორვეგიაში 202, დანიაში კი 422.

  • ჰოლოკოსტს გადარჩენილი უკანასკნელი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

    ჰოლოკოსტს გადარჩენილი უკანასკნელი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

    ბელგიაში მცხოვრები ენრი კიჩკა უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. ის, 94 წლის ასაკში, კორონავირუსმა იმსხვერპლა.

    ჰენრი კიჩკა 1926 წელს ბრიუსელში დაიბადა. მისი მშობლები საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდნენ, ანტისემიტიზმს რომ გაქცეოდნენ.

    როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ბელგია დაიპყრო, მათ თავშესაფარი არსად ჰქონდათ, და ძალიან მალე 1942 წელს ტყვედ ჩავარდნენ. ცოტახნის შემდეგ კი ჰენრი კიჩკას  ოჯახის წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში, გაზის კამერაში დახოცეს. თუმცა ჰენრიმ თავის დაღწევა მაინც შეძლო და ბანაკიდან გამოიქცა. ის წარსულის შესახებ არასდროს საუბრობდა.

     

  • 2020–ში კორონავირუსის გარდა მსოფლიოს ბუნებრივი კატაკლიზმები და შიმშილობა ემუქრება. მძიმე პროგნოზები

    2020–ში კორონავირუსის გარდა მსოფლიოს ბუნებრივი კატაკლიზმები და შიმშილობა ემუქრება. მძიმე პროგნოზები

    კორონავირუსის პანდემია ერთადერთი საფრთხე არ არის, რომელიც წელს დედამიწას ემუქრება. 2020 წელს პლანეტაზე ხანძრებს, წყალდიდობას, მოსავლის ნაკლებობას და ჰუმანიტარულ კრიზისს ელიან.  ბუნებრივი კატაკლიზმები ღარიბ ქვეყნებს შიმშილობით, ევროპას და აშშ–ს კი სერიოზული პრობლემებით ემუქრება – გვაფრთხილებენ მეტეოროლოგები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

    მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, ევროპასა და ამერიკაში კი გვალვები იწყება. გაეროს მონაცემებით ღარიბ ქვეყნებში ასწლეულის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია მოსალოდნელი. მდიდარ ქვეყნებს კი წყალდიდობა, მწირი მოსავლიანობა და ქარიშხლების სეზონი ემუქრება.

    ნებისმიერ სხვა სიტუაციაში მსოფლიო თავს გაართმევდა კლიმატურ მოვლენებს. თუმცა ამჟამად ყველა რესურსი Covid19-თან ბრძოლისკენ არის მიმართული.

    ექიმებს და მაშველებს ისედაც უამრავი საქმე აქვთ. ბიუჯეტებში კი არცერთი ზედმეტი ცენტი აღარ არის. ფერმერები, ბიზნესი და ტრანსპორტი კარანტინის ხელოვნურ კომაში არიან. და თუ კორონავირუსის პანდემიის დროს უცებ დამანგრეველი ტორნადო, წყალდიდობა ან სიცხეები და ხანძრები დაემთხვა, სიტუაცია შეიძლება კონტროლს ვეღარ დაექვემდებაროს.

    მეზობლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი ვეღარავის ექნება: სამდიცინო ფორსმაჟორმა ყველა ქვეყანა მოიცვა. ვირუსი რომ არავის დაინდობს, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინატმაც განაცხადა.

    ქვეყანას, რომელიც წყალდიდობით, გვალვით ან გრიგალით დაზარალდება, თუნდაც მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის და აღდგენისთვის თანხები ჰქონდს, საჭირო პროდუქტების შეძენა და ტრანსპორტირება ახლა ისე გაურთულდება, როგორც არასდროს. მსოფლიო ვაჭრობა და ტრანსპორტი კორონავირუსით არის შებოჭილი. კორნტეინერმზიდები და მშრალი ტვირთები გაჩერებულია. თვითმფრინავები აღარ დაფრინავს.

    ეპიდემიით შეშინებული ხელისუფლებები წამლების და სურსათის ექსპორტზე აკრძალვებს აწესებენ. ყველაზე მდიდარი, გულუხვი და ღია ქვეყნებიც კი საზღვრებს კეტავენ და საერთო საქმისთვის ფულს ნაკლებად იმეტებენ.

    კორონავირუსმა პლანეტაზე ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თუმცა გავლენა არ მოუხდენია იმაზე, რაც დღემდე პრობლემად რჩება – გლობალურ დათბობაზე, რომელსაც მეცნიერები გახშირებული კატაკლიზმების მიზეზად თვლიან.

    მსოფლიოში დედამიწის კლიმატის შესახებ ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის – National Centers for Environmental Information–ის მიხედვით 2020 წელს პლანეტა რეკორდულად გახურდა: დედამიწაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე (1880 წლიდან) საშუალო ტემპერატურიდან ასეთი მკვეთრი გადახრა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში თუ დაფიქსირებულა.

    და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო კარანტინშია, გაჩერებულია ტრანსპორტი და წარმოება.

    “ჰაერის დაბინძურება ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შედეგად შემცირდა, თუმცა ნახშირმჟავა გაზი ერთ საათში არ გაქრება. დათბობის შედეგები, მაგალითად ზღვის დონის აწევა საუკუნეების მანძილზე საგრძნობი იქნება. პანდემიამ მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდა, კლიმატის ცვლილების შედეგები შევამსუბუქოთ“– ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, დანიელი შმიდტი.

    ცვლილებები კი სახეზეა:

    ამ წლის მარტის რეკორდი მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა ელ–ნინიოს ფონზე. ეს არის წყნარი ოკეანის ტროპიკებში ტემპერატურის მატების ფენომენი, რომელიც ექსტრემალურ სიცხეს და ზამთარში ყინვებს იწვევს. ამჯერად ელ ნინიოს გარეშეც ზღვები რეკორდულად არის გამთბარი. მსოფლიო ოკეანე მარტში 0.8 გრადუსით უფრო თბილი იყო ამ თვის საშუალო ტემპერატურასთან შედარებით.

    რაც უფრო თბილია ოკეანე, მით უფრო ძლიერი ქარიშხლების ფორმირება ხდება მასში. მსხვილი ეკონომიკებიდან ყველაზე დიდ ზარალს ქარიშხლები აშშ–ს მიაყენებს, რომელიც კორონავირუსით ისედაც სერიოზულად  დაზარალდა. ქარიშხლების სეზონი აშშ–ში ივნისში იწყება.

    გარდა ამისა, გამთბარი ზღვების თავზე უფრო აქტიურად წვიმს, ვიდრე გრილ ხმელეთზე, რაც კონტინენტებს წვიმის გარეშე ტოვებს და გვალვას იწევს. მაგალითად, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მომატებული ტემპერატურა ავსტრალიაში გვალვიან ზაფხულს და ხანძრებს გამოიწვევს.

    გლობალური დათბობა საშიშია არა მხოლოდ თავისთავად დათბობით, რამდნადაც იმით, რომ ის ბუნებრივი მოვლენების ჩვეულ ციკლს არღვევს. სიცხე უცებ აუტანელი ხდება, სიცივე კი უფრო სუსხიანი. ქარები ქარიშხლებად იქცევიან, წყვიმა კი წყალდიდობად.

    გასული წელი ამის მაგალითია.

    წელსაც იგივეა მოსალოდნელი. ევროპაში უკვე არის იმის ნიშნები, რომ წელს გვალვები მოსავლის დიდ ნაწილს განადგურებს.

    ყველაფერი არც ისე ცუდა იქნებოდა რომ არა კორონავირუსი. მაგალითად მარცვლეულმა კულტურამ შესაძლოა მომწიფება გვალვების დაწყებამდე მოასწროს. თანაც გასული წლის რეკორდული  მოსავლის გამო მარაგები მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია, თუმცა პანდემიამ მსოფლიო სასურსათო ბაზრის ლოჯისტიკა მოშალა. საწყობებში და პორტებში ჯანმრთელი მუშახელის ნაკლებობაა, სატვირთო ტრანსპორტი მძღოლების გარეშეა დარჩენილი. თვითმფრინავის და კონტეინერის მოძებნა ძალიან ძნელია. ზოგ ქვეყანაში მოსავალი მინდვრებში ლპება, რადგან სოფლის მეურნეობა შრომითი მიგრანტების დასაქმების მთავარი სფეროა. კარანტინის გამო მაგალითად , ლათინურ ამერიკაში ყავის მოსავალი ფუჭდება,  რადგან მუშახელი ცოტაა,  მაროკოელებს ესპანეთში მოსავლის ასაღებად აღარ უშვებენ, რუმინელები და ბულგარელები კი ბრიტანეთსა და გერმანიაში ვეღარ ჩადიან სოფლის მეურნეობის სფეროში დასასაქმებლად. ამას შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი სასურსათო კრიზისი მოყვეს.

    სასურსათო კრიზისის საფრთხე პანდემიასთან ერთად მდიდარ სახელმწიფოებს სერიოზული ხარჯებით ემუქრება, რაც აქ პროტექციონიზმის ალბათობას ზრდის. ეს ქვეყნები სავარაუდოდ ღარიბი ქვეყნების დახმარებას შეამცირებენ: პოპულისტები ისედაც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად შორეული აფრიკისთვის დახმარებას ჯობდა დეტროიტელი ან ლივერპულელი უსახლკაროებისთვის აღმოეჩინათ დახმარება.

    ახლა კი ასეთი მოწოდებები უფრო გაძლიერდება.

    გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი, დევიდ ბიზლი ჯერ კიდევ პანდემიამდე აფრთხილებდა ყველას მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, ახლა კი პანდემიის შემდეგ ათეულობით ღარიბი ქვეყანა წელს შეიძლება მაშტაბური შიმშილობის წინაშე აღმოჩნდეს. ბიზლის თქმით, შიმშილით გარდაიცვლება ათეულობით და ასეულობით ადამიანი და არ შეიძლება ასეთ დროს დახმარების შემცირება.

    გაეროს უახლესი მონაცემებით მსოფლიოში არასაკმარისად იკვებება თითქმის მილიარდი ადამიანი, ანუ პლანეტის ყოველი მერვე მაცხოვრებელი. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად კი მხოლოდ 2020 წელს მათი რაოდენობა კიდევ 130 მილიონით გაიზრდება.

    ბიზლი გვაფრთხილებს, რომ რეალური შიმშილი 265 მილიონ ადამიანს ემუქრება.

    გაეროს სასურსათო პროგრამა მსოფლიოში უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. ის ყოველდღიურად 100 მილიონამდე ადამიანს აპურებს. და თუ ეს დახმარება უცებ შეწყდება, ყოველდღიურად 300 000 ადამიანი შიმშილით მოკვდება.

    “ჩვენ არა მხოლოდ გლობალურ პანდემიასთან, არამედ გლობალურ ჰუმანიტარულ კატასტროფასთანაც გვაქვს საქმე. კონფლიქტებით დაზარალებულ ქვეყნებში მილინობით მოქალაქე შეიძლება გადარჩენის ზღვარზე აღმოჩნდეს. შიმშილის აჩრდილი ისეთი რეალური და საშიშია, როგორც არასდროს. “– ამბობს ბიზლი.

  • ბორის ჯონსონი Covid19-ის გადატანის შემდეგ  სამსახურში დაბრუნდა და ბრიტანელებს რისკების შესახებ აფრთხილებს

    ბორის ჯონსონი Covid19-ის გადატანის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა და ბრიტანელებს რისკების შესახებ აფრთხილებს

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონოსონმა ბრიტანელებს მიმართა და კორონავირუსის მეორე აფეთქების მაქსიმალური რისკის შესახებ გააფრთხილა, თუ კარანტინი მეტისმეტად სწრაფად მოიხსნება.

    ჯონსონმა კორონავირუსული ინფექციის გართულებისა და რეაბილიტაციის შემდეგ დღეიდან მუშაობას იწყებს.

    საზოგადოება და ბიზნესი ხელისუფლებისგან საყოველთაო იზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გეგმას ელის.

    დაუნინგ სთრითის რეზიდენციის წინ სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ბრიტანელებს მადლობა გადაუხადა ერთიანობისა და სიმტკიცისთვის, რომლებიც მათ ეპიდემიის დროს გამოავლინეს.

    პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა კოვიდ19–თან ბრძოლის პირველი ამოცანა – ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვისგან დაცვა შეასრულა.

    ის საზოგადოებას არწმუნებს, რომ ყველაზე უკეთ ესმის რა ზიანს აყენებს კარანტინი ეკონომიკას, თუმცა ახლა პირველი რიგის ამოცანაა საყოველთაო იზოლაციის მიღწევების შენარჩუნება და დაავადების მეორე ტალღის თავიდან აცილება.

    “მოთოკეთ თქვენი მოუთმენლობა“– მიმართა ჯონსონმა ბიზნესების მფლობელებს.

    მისი განცხადებით გადაწყვეტილება კარანტინიდან გამოსვლის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციით მიიღება და მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

    დღეს პრემიერი უკვე კაბინეტის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლას მიეძღვნება. შეხვედრებს გამართავს ზოგიერთ მინისტრთან და სხვა ჩინოვნიკებთანაც.

    ჯონსონი დაუნინგ სთრითის 10 ნომერში, საკუთარ რეზიდენციაში კვირას საღამოს დაბრუნდა.

     

    მას კორონავირუსის დიაგნოზი მარტის ბოლოს დაუსვეს. ერთი კვირა ლონდონის წმინდა თომასის საავადმყოფოში გაატარა, საიდანაც სამი ღამე რეანიმაციაში იყო. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ კი ორი კვირა ქალაქგარე რეზიდენციაში გაატარა. მის მოვალეობას დროებით საგარეო საქმეთა მინისტი, დომინიკ რააბი ასრულებდა.

  • რუსეთმა Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

    რუსეთმა Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

    რუსეთში ბოლო დღეღამის განმავლობაში კიდევ 6198 დაინფიცირებული გამოვლინდა ქვეყნის 84 რეგიონში. გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი. ჯამში რუსეთმა დაინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გუსწრო და მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა.

    ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსით 87 147 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 794.

    გასულ ერთ კვირაში რუსეთში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 89%–ით გაიზარდა. ყოველდღიური მატება 2000–დან 6300–შორის მერყეობდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს პირველად  დაასახელა შეიარაღებულ ძალებში დაინფიცირებულთა რაოდენობა. 26 აპრილის მონაცემებით კორონავირუსი ტესტირების შედეგად 874 სამხედროს აღმოაჩნდა. შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალს შორის კი კორონავირუსით 245 დაინფიცირებულია.

    რუსებს მაისის დღესასწაულების სახლში გატარება მოუწევთ, რათა კორონავირუსის აფეთქება არ დაუშვან – განაცხადა კვირას როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ. მისი აზრით რუსეთი ჯერჯერობით ახერხებს დაავადების აფეთქებას თავი აარიდოს. მისი აზრით ეს არ არის პიკი.

    როსპოტრებნადზორის ინფორმაციით ამ დროისთვის რუსეთში 3 მილიონი ტესტი ჩატარდა.

    რუსეთში იმედი აქვთ, რომ ზაფხულის პირველ თვეს სიტუაცია გაუმჯობესდება.

  • ნიუ იორკის დამაიმედებელი სტატისტიკა: ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს

    ნიუ იორკის დამაიმედებელი სტატისტიკა: ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს

    Covid19-ის მსხვერპლი კვირას ნიუ იორკშის შტატში 367 ადამიანი გახდა. ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის პიკზე იყო. ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ აღემატება ერთ დღეღამეში ათასს, თუმცა მაინც მცირდება, ისევე როგორც ფილტვების სავენტილაციო აპარატთან შეერთებულთა რაოდენობა.

    “ჩვენ დავუბრუნდით 31 მარტის მაჩვენებლებს, როცა ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა დაიწყო, თუმცა კვლავ ვაკვირდებით ტენდენციას. მთავარი კითხვაა: რამდენად სწრაფად განაგრძობს კლებას ინფიცირებულთა რაოდენობა და საერთოდ, განაგრძობს თუ არა შემცირებას.“– თქვა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.

    მან ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო ბიზნესი და წარმოების ის ნაწილი, რომლებიც დაბალი რისკის მატარებელია, ერთ–ერთი პირველები შეძლებენ მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ 15 მაისის შემდეგ. უფრო დიდხანს მოუწევთ ლოდინი საცალო ვაჭრობის და სასტუმროების ბინესებს.

    სპორტის ისეთ სახეობებს, როგორცაა მაგალითად ბეისბოლი მოუწევთ იმის გარკვევა, შეუძლიათ თუ არა ტრიბუნაზე მაყურებლების გარეშე არსებობა. თქვა გუბერნატორმა, და დასძინა, რომ ყველას მოუწევს არასტანდარტულად აზროვნება.

    ნიუ იორკში სიტუაციის გაუმჯობესების კიდევ ერთ ნიშნად იქცა ის, რომ კვირას ბოლო პაციენტი გაწერეს  USNS Comfort–დან. ჰოსპიტალი–ხომალდი 1000 საწოლით მანჰეტენის ნავმისადგომთან 30 მარტს გაჩერდა და დახმარება 182 პაციენტს აღმოუჩინა. მალე ის მშობლიურ ვირჯინიის შტატის ნორფოლკის პორტში გაემგზავრება.

    ხალხმრავლობა იყო კვირას კალიფორნიის პლაჟებზეც. ჰანთინგთონ ბიჩის ხელისუფლებამ კორონავირუსის ახალი აფეთქების შიშით ქალაქის რიგი ობიექტები დაკეტა.

  • თურქეთი ეპიდემიის პიკზეა

    თურქეთი ეპიდემიის პიკზეა

    თურქეთი კორონავირუსის გავრცელების ერთ–ერთ უმსხვილეს კერად იქცა მსოფლიოში აშშ–სა და ევროპის შემდეგ. პირველი დაინფიცირებულის გამოვლენიდან თვენახევარში ქვეყანაში 110 130 დაინფიცირებული და 2 805 გარდაცვლილია.

    ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში შაბათ–კვირას კომენდანტის საათის რეჟიმი მოქმედებს. ბოლო დღეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეპიდემიის პიკმა შესაძლოა მალე გადაიაროს და მთავრობას იმედი აქვს, რომ რამადანის დასრულებისთვის შემზღუდავი ზომების გაუქმებას დაიწყებს.

    ეპიდემია მძიმე დარტყმა გახდა თურქეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაშია ბოლო ორი წლის განმავლობაში შესუსტებული ეროვნული ვალუტის, გაზრდილი ვალების და მაღალი უმუშევრობის გამო. პანდემიამ თურქული საწარმოების მუშაობის პარალიზება გამოიწვია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული სექტორი გაანადგურა.