იტალიის ქალაქი ბერგამო, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი იყო ახალ ფაზაზე გადაწყობას ცდილობს.
კვირის დასაწყისში თვითზოლაციის პირობები ქალაქში შემსუბუქდა. თუმცა ავტომანქანების მძღოლებმა კვლავ დოკუმენტურად უნდა დაამტკიცონ, რატომ გადაწყვიტეს საჭესთან დაჯდომა. კონტროლისთვის დამატებითი გამშვები პუნქტები მოქმედებს.
დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 400 ევროა.
მიუხედავად გადაადგილების შედარებითი თავისუფლებისა, ქალაქის ბევრი მაცხოვორებელი ჩივის, რომ თავს გამომწყვდეულად გრძნობს და ძველებური ცხოვრების დაბრუნებაზე ოცნებობს.
“თავს კარგად ვგრძნობ. ერთადერთი, მეგობრების ნახვა არ შემიძლია. არ შემიძლია საცეკვად წასვლა ან კაფეში დალევა. ქუჩაში ყავაზე გამოვედი, მაგრამ კაფეში შესვლა არ შემიძლია. გარეთ უნდა დავლიო“– ამბობს ქალაქის მცხოვრები ახალგაზრდა ქალი.
ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანების სიგნალები კვლავ ახსენებს მოსახლეობას კორონავირუსის საფრთხის შესახებ.
ბერგამო ლომბარდიის რეგიონის ქალაქია, რომელიც იტალიაში ყველაზე მეტად დაზარალდა და ასეულობით გარდაცვლილი ჰყავს.
სიტუაცია საავადმყოფოებში კვლავ დაძაბულია, თუმცა დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა. თანაც ახლა უკვე სამედიცინო დაწესებულებები და აფთიაქები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უკმარისობას აღარ განიცდიან. მათ შორის ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები და ჟანგბადის ბალონები უკვე ადვილად ხელმისაწვდომია, განსხვავებით ეპიდემიის პირველი ფაზისგან.
რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში ყოფნის მანიძლზე ყველაზე ხანგრძლივი პაუზა დაარღვია და საჯაროდ გამოვიდა. ის მინიმუმ 32 დღის განმავლობაში არ გამოსულა შენობის მიღმა. პუტინმა გამარჯვების დღის აღსანიშნავად უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები დადო და რუსეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
გასულ წლებში უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობისას გვირგვინი საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს მიქონდათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეები კი პუტინს უკან მიყვებოდნენხოლმე. ამჯერად ალექსანდროვის ბაღში პუტინთან ერთად იყო მხოლოდ საპატიო ყარაული და პირადი ფოტოგრაფი.
მარადიულ ცეცხლთან ქედის მოხრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პატარა ტრიბუნასთან მივიდა და მოკლე სიტყვა წარმოთქვა:
“გამარჯვების დღის სულიერი და მორალური მნიშვნელობა უცვლელი და დიადია, ჩვენი მისდამი დამოკიდებულება კი წმინდა. ეს ჩვენი ხსოვნა და სიამაყეა, ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყოველი ოჯახის ისტორია, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენმა მამებმა, დედებმა, ბებიებმა და ბაბუებმა გადმოგვცეს. “– თქვა პუტინმა. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმის შესახებ, რატომ არ შედგა ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის საზეიმო აღნიშვნა, მათ შორის წითელ მოედანზე აღლუმი, თუმცა მან თქვა, რომ ზეიმი კიდევ იქნება.
სიტყვის დასრულების შემდეგ პუტინმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა, შემდეგ კი საპატიო ყარაულმა პრეზიდენტის წინ საზეიმო მარშით ჩაიარა.
ამის შემდეგ რუსულმა ტელეარხებმა ტრანსლიაციაში ომის წლების კინოქრონიკა ჩართეს, პუტინმა კი მიხაკებით შეამკო ალექსანდროვის ბაღში გმირი ქალაქების აღმნიშვნელი 13 კვარცხლბეკი. ყვავილების პატარა თაიგულებს ის სათითაოდ ჩამწკრივებული საპატიო ყარაულის ჯარისკაცებისგან სათითაოდ იღებდა. ეს მომენტი რუსულ ტელევიზიებს არ უჩვენებიათ.
ამის შემდეგ რუსეთის ფედერალურმა არხებმა წითელი მოედნიდან ტრანსლიაცია ჩართეს, სადაც საავიაციო აღლუმი მიმდინარეობდა. ის ზუსტად 5 წუთს გაგრძელდა 75 თვითმფრინავის და ვერტმფრენის მონაწილეობით, 75 წლისთავის აღსანიშნავად.
შუადღეს რუსეთის პრეზიდენტი კრემლის წინ ტაძრის მოედანზე გავიდა და საპრეზიდენტო პოლკის სამხედროებს ზეიმი მიულოცა. პუტინს პოლკის მეთაური მიესალმა.
9 მაისის წინა დღეებში წითელ და მანეჟის მოედნებთან მისასვლელი მთლიანად გადაკეტეს. ალექსანდროვის ბაღში შესასვლელი პარასკევს ჩაიკეტა და ტერიტორიის დეზინფექცია დაიწყო.
პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით უსაფრთხოების ყველა ზომა პუტინის სტუმრობისთვის დაცული იყო.
დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე პუტინს ამდენი დღე საჯარო გამოსვლის გარეშე არასოდეს არ გაუტარებია. პრეზიდენტის თვითიზოლაცია მინიმუმ 32 დღე გრძელდებოდა, თუ ვიცე პრემიერ იური ტრუტნევთან კრემლში გამართული შეხვედრიდან ავითვლით, რომლის შესახებ კრემლის ოფიციალური საიტი იუწყებოდა.
საერთოდ კი, ფართო საზოგადოებაში პუტინის გამოჩენის შემდეგ რეალურად 43 დღე გავიდა. ბოლო გამოჩენა ოგარევოში 26 მარტს შემდგარი მეწარმეებთან შეხვედრა იყო. მას შემდეგ როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, პრეზიდენტის კონტაქტები მხოლოდ უახლოესი გარემოცვით შემოიფარგლებოდა.
კარანტინის დაწყების მომენტიდან პუტინი ყოველკვირეულად ატარებს თათბირებს მთავრობასთან და შტაბთან, ასევე გამოდის ვიდეომიმართვებით ხელისუფლების კორონავირუსთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის ეპიდემიის შედეგების შესახებ.
რამდენჯერმე მან პირდაპირ მიმართა რუსებს, სხვა შემთხვევებში კი რუსული ტელეარხები ტრანსლირებდნენ პრეზიდენტის ურთიერთობას მთავრობის ჩინოვნიკებთან და რეგიონების ხელმძღვანელებთან.
შავკანიანი ბრიტანელების კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან და კარიბის ზღვის აუზიდან არიან ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე თეთრკანიანების სიკვდილიანობა. ამის შესახებ ბრიტანეთის სტატისტიკის ნაციონალური სამსახური იუწყება. ორგანიზაციის მონაცემებით სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მაღალია სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადენლებს შორისაც : ბანგლადეშისა და პაკისტანის წარმომავლობის მოქალაქეებს შორის ეს მაჩვენებელი 3.6–ჯერ მაღალია მამაკაცებში და 3.4–ჯერ მაღალი ქალებში. ინდური ფესვების მქონე ბრიტანელებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2.5–ჯერ მაღალია. ეთნიკურ ჩინელებს შორის კი საშუალოდ 1.5–ჯერ მაღალი.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქვეყნის ყველაზე ღარიბ ნაწილებში, სადაც ძირითადად ამ რეგიონებიდან ჩამოსული მიგრანტები ცხოვრობენ საშუალოდ კორონავირუსისგან ორჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე დიდი ბრიტანეთის სამეფოს შედარებით მდიდარ რაიონებში.
ორგანიზაციის აზრით ასეთი სტატისტიკა ნაწილობრივ სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორებით აიხსნება. გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დიდ ბრიტანეთში უფრო ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც კორონავირუსის მიმდინარეობას ართულებენ.
სტატისტიკის სამმართველოში ასევე ხაზს უსვამენ, რომ სოციალურ–დემოგრაფიული და ასაკობრივი ფაქტორების და ჯანმრთელობის ზოგადი მაჩვენებლების გათვალისწინებითაც კი ფაქტად რჩება, რომ მუქკანიანი ბრიტანელები კორონავირუსისგან უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები. თუმცა ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ თანაფარდობაა არა 4/1, არამედ 2/1.
ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 200 000–ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 30 000–ს.
ჩინეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კოვიდ-19 წარმომავლობის დადგენაში.
ოფიციალური ჩინეთი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უსაფუძვლო თავდასხმაში სდებს ბრალს და აცახდებს, რომ მაიკ პომპეოს განცხადებები, ვირუსის წარმომავლობის შესახებ სიცრუეა.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ღიაობისთვის, ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მათ შორის ვირუსის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს პრეს სპიკერი.
„იმ ფონზე, როცა მეცნიერები არ ადასტურებენ ამას, რატომ აცხადებს სახელმწიფო მდივანი, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა? სად არის მისი მტკიცებულებები? წარმოგვიდგინოს დამადასტურებელი ფაქტები.“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
ბრიუსელი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს შეინარჩუნონ შეზღუდვები არასავალდებულო და არაგადაუდებელ ვიზიტებზე ევროკავშირში მინიმუმ 15 ივნისამდე. ევროპაში კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო ზომებს ამსუბუქებენ. თუმცა სიტუაცია არასტაბილური რჩება– აცხადებს ევროკომისია.
ექვსი კვირის მანძილზე ბრიუსელი ევროკავშირის 27 ქვეყანას ათ მილიონ დამცავ ნიღაბს გაუგზავნის. ისინი საავადმყოფოებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისთვის არის განკუთვნილი.
ეს არ ეხება დიდ ბრიტანეთს, რომელმაც თანამეგობრობა დატოვა. გაერთიანებულ სამეფოში გარდაცვლილთა რაოდენობამ 31200–ს მიაღწია.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბრიტანეთში 211364 ადამიანი დაინფიცირდა. რაოდენობა კვლავ იზრდება.
იტალიაში კორონავირუსმა 30 000 ადამიანზე მეტი შეიწირა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 217 ათასია.
თუმცა იტალიაში ეპიდემიოლოგიური მრუდი დაღმავალია. საუბარია დადასტურებულ დიაგნოზებზე და უსიმპტომო შემთხვევებზე. ეს მაჩვენებლები ეცემა. და ეს იტალიის ხელისუფლების შეფასებით პოზიტიური მომენტია. ზოგ რეგიონში ვირუსი უფრო აქტიურად ცირკულირებს, ზოგან საშუალო დონეზე, ზოგან კი მაჩვენებელი დაბალია.
გერმანიაში ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე მდებარე კოსფელდის ოლქი პირველი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც კარანტინის ზომების შემსუბუქება შეჩერდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსი ხორცკომბინატის 151 თანამშრომელს აღმოაჩნდა.
შეერთებული შტატების დასაქმების სტატისტიკის ბიუროს მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი აპრილის თვეში 14.7 პროცენტით გაიზარდა, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ რეკორდული რიცხვია.
დამსაქმებლებმა აპრილის განმავლობაში 20.5 მილიონი სამუშაო ადგილი დახურეს.
ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკაში რეცესია დაიწყო და ის სავარაუდოდ, იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე 2007-2009 წლის კრიზისი იყო.
ბოლო 7 კვირის განმავლობაში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნით მთავრობას 33.5 მილიონმა ამერიკელმა მიმართა.
კონგრესის ორპარტიული საბიუჯეტო ოფისი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზს აკეთებს, აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 11.4 პროცენტი იქნება და დაახლოებით, 10 პროცენტიანი უმუშევრობის მაჩვენებელი 2021 წლამდე შენარჩუნდება.
კონგრესში რესპუბლიკელები და დემოკრატები განიხილავენ დახმარების მეორე რაუნდის დამტკიცებას, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება ან დახმარების გაცემის ვადა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 2 ტრილიონზე მეტი თანხა გამოყო. კონგრესმა დახმარების პაკეტი აპრილში დაამტკიცა. მისი თანხის ნაწილი მცირე ბიზნესების და ნაწილი კი დაახლოებით 100 მილიონი ამერიკელისთვის ნაღდი ფულით დახმარებას ხმარდება.
სომხეთის პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი იყო, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი ოპოზიციური პარტიის, „ნათელი სომხეთის“ ლიდერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო, რომელმაც პარლამენტარებს მოუწოდა, ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ეთქვათ. ამას ოპონენტის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.
ედმონ მარუქიანთან მმართველი ალიანსის წარმომადგენელი, სასუნ მიქაელიანი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ჩხუბში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხუბი პარლამენტის დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.
საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა ხუთშაბათს კარანტინის ზომების შემსუბუქების შესახებ განაცხადა, რაც მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდება. რეგიონები, სადაც ეპიდემიის მეორე ტალღის აფეთქების რისკი რჩება, მთავრობის გეგმაში მონიშნულია როგორც წითელი ზონები. ამ ზონებში მკაცრი ზომები ძალაში რჩება. ეს არის ძირითადად ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც მსხვილი ქალაქები, მათ შორის პარიზი, სტრასბურგი, ლილი მდებარეობს. წითელი რეგიონების რიცხვშია ასევე ბურგუნდია–ფრანშ–კონტე, მაიოტის ზღვისპირა ტერიტორია მადაგასკარის სიახლოვეს.
წითელ ზონებში კიდევ დიდხანს არ გაიხსნება სკოლები და დაკეტილი დარჩება პარკები. მწვანე ზონებში კი სკოლები, კაფეები და რესტორნები უკვე ივნისიდან ამუშავდება, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კი ფრანგები, რომლებიც საკუთარი სახლიდან ას კილომეტზე მეტი მანძილით დააპირებენ დაშორებას, ვალდებულნი იქნებიან სპეციალური დოკუმენტი წარადგინონ.
ამ კვირას კარანტინის რეჟიმი შეამსუბუქა ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ: იტალიაში კვირის დასაწყისში სამსახურებში დაბრუნდა დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი. ესპანეთში და ავსტრიაში კარანტინი ნაწილობრივ გასული კვირის ბოლოს შეამსუბუქეს. გერმანიაში კი მაღაზიების დიდი ნაწილი გახსნეს და გადაწყვიტეს ფეხბურთი აღადგინონ.
როგორც ხუთშაბათს გახდა ცნობილი, გერმანიის ბუნდესლიგის სეზონი, რომელიც ორი თვის წინ შეჩერდა 16 მაისს განახლდება. ის პირველი ევროპული საფეხბურთო ლიგა იქნება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეწყვეტილ მატჩებს განაახლებს.
გერმანიის კოხის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა, ლარს შაადემ მოსახლეობა მეორე ტალღის შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით დაავადებულთა რაოდენობა მცირდება, თუმცა ეს ცალსახა სიგნალი არ არის.
მომავალ კვირაში, შეერთებული შტატების კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე, ამერიკელი მეცნიერი წარსდგება, რომელიც აპრილამდე მთავრობის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. რიკ ბრაითმა მამხილებელი საჩივარი შეიტანა, რომელშიც ამბობს, რომ მთავრობის ოფიციალურმა პირებმა მასზე შური იძიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თანამდებობიდან გაშვებამდე, ბრაითი ჯანდაცვის დეპარტამენტში ბიომედიცინის მოწინავე კვლევითი განყოფილების დირექტორი იყო. ის ამტკიცებს, რომ თავიდანვე ითხოვდა მთავრობისგან “კოვიდ-19-ზე უფრო აგრესიულ საპასუხო ქმედებებს”.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი ანა ეშო ამბობს, რომ რიკ ბრაითის საჩივარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მათ კითხვები გაუჩნდათ თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პანდემიას და სურთ მოუსმინონ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანს ალექს აზარს და მის ერთ-ერთ მოადგილეს რობერტ კალდეკს.
“ეს საჩივარი ადმინისტრაციას ბრალს დებს იმაში, რომ მათ ნეპოტიზმი და შიდა უთანხმოება, პანდემიის დროს ამერიკელთა ჯანმრთელობის დაცვაზე უფრო მაღლა დააყენეს” – ამბობს ენა ეშო. დემოკრატი კანონმდებლის აზრით, ბრაითის “საჩივარი განხილვას იმსახურებს”.
ბრაითი საჩივარში წერს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მასზე და მის განყოფილებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ინვესტიცია ჩადებულიყო ისეთ წამლებში და ვაქცინებში, რომელთა ეფექტურობა სამეცნიერო მონაცემებით არ დასტურდებოდა. მათ შორის იყო გახმაურებული მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი” (“პლაქვენილი”), რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგებზე არაერთხელ ახსენა.
საჩივრის მიხედვით, ბრაითს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის გაცილებით ადრე ითხოვდა კოვიდ-19-ის ვაქცინების განვითარებაში ინვესტირებას. ბრაითის საჩივრის მიხედვით, ის ნიღბების, ვენტილატორების და ტესტირებისთვის აუცილებელი ბამბის ჩხირების მომარაგებას ითხოვდა. თუმცა, ოფიციალური პირებისგან ამის გამუდმებით იგნორირება ხდებოდა – ამბობს ბრაითი საჩივარში.
დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ჯანდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ ბრაითი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანეს “დიაგნოზის ტესტებზე სამუშაოდ”, რაც ახალი კორონავირუსის დამარცხების საქმეში ერთ-ერთ მთავარ გასაღებად ითვლება. “ძლიერ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ის სამსახურში არ გამოცხადდა, რათა ამერიკელი ხალხისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმისთვის ეხელმძღვანელა” – თქვა დეპარტამენტის პრესსპიკერმა კატალინ ოკლიმ.
ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკში, რუსეთში, ბუნდოვან გარემოებებში, უკვე მესამე ექიმი ვარდება საავადმყოფოს ფანჯრიდან. ორი ექიმი დაიღუპა, მესამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
მესამე შემთხვევა ვორონეჟის რეგიონში მოხდა. კორონავირუსით დაავადებული სასწრაფო დახმარების ექიმი მრავლობითი მოტეხილობებით და დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მის ფანჯრიდან გადმოვარდნას წინ უძღვოდა განცხადება, რომ მას მუშაობას აიძულებდნენ მაშინ როცა თავად კოვიდ19-ით იყო ინფიცირებული. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ექიმი ალექსანდრ შულეპოვი საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
ისტორია 22 აპრილს დაიწყო, როცა კოვიდ19-ით დაინფიცირებული შულეპოვი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე ტესტის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ის კორონავიურისგან განიკურნა და საავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, სწორედ ამ დროს მოხდა მისი გადმოვარდნა ფანჯრიდან. მანამდე შულეპოვმა ორი განცხადება გააკეთა. ერთი 22 აპრილს სადაც ის კოლეგასთან ერთად ყვებოდა, რომ მათ უფროსი მუშაობას აიძულებდა, შემდეგ მან ეს განცხადება უარყო და თქვა, რომ მან ვიდეო მიმართვა ემოციური ფონზე ჩაწერა.
მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. რუსეთში პარალელურად, იზრდება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული და გარდაცვლილი ექიმების რაოდენობა.