Category: მსოფლიო

  • ავიაკომპანია Ryanair თანამრომლებს ამცირებს და ევროპულ ჰაბებს ხურავს

    ავიაკომპანია Ryanair თანამრომლებს ამცირებს და ევროპულ ჰაბებს ხურავს

    ავიაკომპანია Ryanair სამი ათასამდე თანამშრომელს ამცირებს და კონტინენტალურ ევროპაში საკუთარ ჰაბებს და განყოფილებებს ხურავს. პარასკევს კომპანიამ “კორონავირუსული რესტრუქტურიზაციის“ გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ზომებთან ერთად დარჩენილი თანამშრომლების ხელფასების 20%–ით შემცრებას ითვალისწინებს.

    კომპანიის გენერალური დირექტორი, მაიკლ ო ლირი აცხადებს, რომ გამოუვალ და უსამართლო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ფრენების ნორმალურ რეჟიმში განახლება ივლისზე ადრე არ მოხდება.

    “მაგალითად, საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადასახადებს და მოსაკრებლებს დააკომპენსირებს, თუმცა მხოლოდ ფრანგული ავიაკომპანიებისთვის. სხვა გადამზიდავებს, მაგალითად   Ryanair–ს, EasyJet–ს ან  British Airways–ს, რომლებიც საფრანგეთში დაფრინავენ ძველებურად მოუწევთ ყველა მოსაკრებლის გადახდა. ეს ძალიან უსამართლოა. ეს სახელმწიფო დახმარების წესების და კონკურენციის წესების დარღვევაა“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

    გარდა ამისა,    Ryanair, რომლის ფლოტი ძირითადად ბოინგ 737–ის ტიპის ლაინერებისგან შედგება, აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ამერიკელებთან შემდგომი ორი წლის მანძილზე ახალი ლაინერების მიწოდების შესახებ გაფორმებული კონტრაქტის გასაუქმებლად. მენეჯერების აზრით სწორედ ამდენი დრო დაჭრდება პანდემიამდე არსებული მოთხოვნისა და ფასების აღდგენას.

  • ევროპამ კორონავირუსით მიყენებული ზარალი დათვალა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ახდა

    ევროპამ კორონავირუსით მიყენებული ზარალი დათვალა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ახდა

    კორონავიურსმა და კარანტინმა ევროპის ეკონომიკა, რომელიც ამერიკის ეკონომიკის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ღრმა კრიზისში ჩაძირა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ცხადდება: ევროკავშირი უფრო სწრაფად ღარიბდება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.

    ევროკავშირი დასავლეთში ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან და ყველაზე მკაცრი კარანტინი შემოიღო. ახლა კი ეპიდემიის შედეგებს იმკის. ევროსტატის უახლესი მონაცემებით 2020 წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის ეკონომიკა 3.5%–ით შემცირდა.

    ასეთი ტემპებით ის წელიწადში 13%–ით დაეცემა და ევროპა თითქმის 2 ტრილიონ ევროს დაკარგავს. და ეს იმ დროს, როცა დაახლოებით ამდენივეს დახარჯვა იქნება საჭირო კრიზისთან და ვირუსთან საბრძოლველად.

    პირველი კვარტლის შედეგები მხოლოდ მომავალი კატასტროფის შესავალია. საყოველთაო კარანტინმა  ევროკავშირი მარტში პრაქტიკულად მთლიანად გააჩერა. მოქალაქეების  და ბიზნესის ჯიბეზე ძირითადი დარტყმა კი მიმდინარე, მეორე კვარტალში გამოჩნდა საგრძნობლად. თუ ვირუსი უკან არ დაიხევს და ეკონომიკის აღდგენა არ დაიწყება, ზარალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

    ევროპის ცენტრობანკი არ გამორიცხავს, რომ ჯამში წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის შემხირება  ევროზონის ქვეყნებში 12 %–ს მიაღწევს. ევროზონაში ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 19 შედის. ამ ქვეყნებზე მოდის ევროკავშირის ეკონომიკის 85%, ანუ 12 ტრილიონი ევრო მთლიანი მშპ–ს 14 ტრილიონიდან.

    “ეკონომიკის ვარდნის სიჩქარე და სიღრმე უპრეცედენტოა მშვიდობიანი პერიოდისთვის. ვარდნის მაშტაბი მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ადამიანებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ზომები“– ამბობს ევროპის ცენტრობანკის მეთაური, კრისტინ ლაგარდი.

    რატომ ეცემა ეკონომიკა

    მოკლე პასუხი ასეთია – კარანტინის გამო. რომ გავიგოთ, ზუსტად როგორ მოქმედებს კარანტინი ომის შემდგომი მსოფლიოს ეკონომიკური წარმატებით მთავარ საზომზე – მშპ–ზე, უნდა გავიხსენოთ როგორ ხდება მისი გამოთვლა.

    მშპ–ს მთლიანი მოცულობა ეს არის მოხმარების, ინვესტიციების, სახელმწიფო ხარჯების და სუფთა ექსპორტის ჯამი ცალკე აღებულ ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობაში  მშპ–ს ზრდაში მთავარ როლს პირველი კომპონენტი – მოხმარება თამაშობს.

    სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კარანტინის შედეგად მიყენებული ზარალი სერიოზული. ადამიანები სახლებში სხედან, ნაკლებს გამოიმუშავებენ და ნაკლებს ხარჯავენ. მაღაზიები და რესტორნები დახურულია, აკრძალულია ტურიზმი და მასობრივი ღონისძიებები – სპორტული და გასართობი. სტუმრადაც კი აღარ დადის ხალხი ერთმანეთთან საჩუქრებით.

    ეს ყველაფერი მოთხოვნას და მოხმარებას ამცირებს. საფრანგეთში მაგალითად ის პირველ კვარტალში 6%–ით შემცირდა.

    ინვესტიციების ვარდნა კი კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა – მინუს 12%. ბიზნესი აღარაფერს დებს განვითარებაში. ადამიანებს არ შეუძლიათ სახლის ყიდვა. კომპანიები აღარ ქმნიან მარაგებს. ინვესტიციების ნაწილი გადადებულია, ნაწილი სამუდამოდ დაკარგული – კარანტინის პერიოდში შემოსავლების შემცირების გამო ფული, რომელიც დიდი შენაძენებისა და გაფართოებისთვის იყო გადადებული, დაიხარჯა.

    შედეგად, განვითარებულ ქვეყნებში მშპ–ს ორი მთავარი კომპონენტი იმდენად შემცირდა, რომ ეკონომიკა ფსკერისკენ წაიყვანა. შეზღუდვების პირობებში ამ ორი კომპონენტის ხელოვნური სუნთქვით შენარჩუნება უკეთესი დროის დადგომამდე მესამე შემადგენელს – სახელმწიფო ხარჯებს შეუძლია.  ამიტომაც ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებსაც ფული,ან მისი სესხების შესაძლებლობა აქვთ, მაშტაბურად ახდენენ ბიუჯეტიდან ეკონომიკის სტიმულირებას.

    ისინი შემწეობებს ზრდიან, კერძო სექტორის თანამშრომლებს ხელფასებს ხაზინიდან უხდიან, ნაღდ ფულს ურიგებენ მთელ მოსახლეობას, ბიზნესს ლგოტებს და სუბსიდიებს აძევენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ექსტრაორდინარულ ხარჯებზე კონკრეტულად პანდემიასთან ბრძოლაში: სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაზე, მოქალაქეების რეპატრიაციაზე, დროებითი საავადმყოფოების მშენებლობაზე, წამლებისა და ვაქცინის შემუშავებაზე.

    აშშ–მ ანტიკრიზისულ ზომებზე უკვე 3 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ევროპამ თითქმის 2 ტრილიონი. ჯამში კი მსოფლიო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით სახელმწიფოს მხარდაჭერის სახით უკვე გაცემულია დაპირება 8 ტრილიონ დოლარზე. ეს მსოფლიოს მშპ–ს დაახლოებით მეათედია.

    ათი წლის წინანდელი კრიზისის საპასუხო ზომები ბევრად უფრო მოკრძალებული იყო. მსოფლიოს უმსხვილესმა ქვეყებმა  მაშინ 1 ტრილიონზე ნაკლები დახარჯეს.

    ეს კრიზისი კი ჯერ ახლა იწყება და უკვე ბევრად მეტია დახარჯული.

    მსოფლიოში უმსხვილესი პოლიტიკური კავშირი 450 მილიონი ადამიანით სხვებზე მეტად დაზარალდა. ევროკავშირზე კოვიდ 19–ის პანდემიასთან დაკვშირებული სიკვდილიანობის თითქმის ნახევარი მოდის.

    აშშ–ში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა, კორონავირუსი შედარებით გვიან გავრცელდა და ჯერჯერობით მისთვის ისეთი ძლიერი ზიანი არ მიუყენებია.

    ამერიკის მშპ 1.2%–ით შემცირდა პირველ კვარტალში, განსხვავებით ევროკავშირის 3.5%–ისგან. საშუალო წლიური ვარდნაც ამერიკაში წინასწარი გათვლებით ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ევროკავშირში.

    წლის ბოლოს შესაძლოა ევროპა კონკურენტებზე ბევრად უკან იყოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ევროკავშირში ვარდნა (-7%)  ბევრად უფრო არსებითი იქნება ვიდრე აშშ–ში, (-6%) და იაპონიაში (-5%), მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ტიტულისთვის ბრძოლაში ევროპის მთავარი კონკურენტი, ჩინეთი კი შედარებით ადვილად გამოძვრება და მცირე მატებაც ექნება (+1.2%).

    კორონავირუსმა მწყობრიდან გამოიყვანა ევროპული ეკონომიკის ძრავა. ოთხი გიგანტიდან შედარებით მსუბუქად გერმანია გადარჩა. საფრანგეთი, ესპანია და იტალია კი ლიდერები აღმოჩნდნენ როგორც სიკვდილიანობის, ასევე კარანტინის ხანგრძლივობისა და სიმკაცრის მხრივ.

    შედეგად, საშუალო ევროპული 3.5%–იანი შემცირების პირობებში საფრანგეთის მშპ  5.8%–ით შემცირდა, ესპანეთისა 5.2%–ით, იტალიის – 4.7%–ით. თანაც იტალიელებისთვის ვარდნა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდა, ანუ ტექნიკურად ქვეყანა რეცესიაშია.

    გერმანიის სტატისტიკა მაისის შუა რიცხვებში დაიდება, თუმცა გერმანელი ჩინოვნიკები უკვე აცხადებენ, რომ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას კარგი არაფერი ელის და ვარდნა ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მაშტაბური იქნება.

  • ბრიტანეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. ხელისუფლება კარანტინის შესუსტების გეგმას ამზადებს

    ბრიტანეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. ხელისუფლება კარანტინის შესუსტების გეგმას ამზადებს

    ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით ბრიტანეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა.

    „პიკი გადავიარეთ და ქვევით მივდივართ, თითქოს მთებში გრძელი გვირაბი გავიარეთ და ახლა წინ სინათლეს ვხედავთ„– განაცხადა ბორის ჯონსონმა პირველ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც Covid19-ისგან განიკურნა.

    მომავალ კვირას ჯონსონი კარანტინის შესუსტების და ეკონომიკის აღდგენის გეგმას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზნებია ეკონომიკის გადატვირთვა, სკოლების გახსნა და კომპანიების მუშაობის განახლება.

    თავის გამოსვლაში ჯონსონმა ბრიტანეთის ჯანდაცვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

    მისი თქმით, სიტუაციის შეფასებისას ხელისუფლება 5 კრიტერიუმით იხელმძღვანელებს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი დაინფიცირების მაჩვენებელი იქნება, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რამდენის დაინფიცირებაც ვირუსის მატარებელს შეუძლია.

    ამჟამად ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში ერთზე ნაკლებია და 0.6–0.9–ის დიაპაზონში მერყეობს. ეს აისახება ახალი დაავადებულების გამოვლენის მაჩვენებელზე, რომელიც ბოლო პერიოდში ასევე ეცემა.

    ამ მაჩვენებლის სტაბილური კლება უნდა გახდეს კარანტინის ზომების შემსუბუქების პირობა.დამატებითი პირობებია: საავადმყოფოების გადატვირთულობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობის მუდმივი კლება და მთავრობის მიზნის მიღწევა მოქალაქეების ტესტირებასთან დაკავშირებით.

    ჯონსონის თქმით მათი მიზანი ყოველდღიურად 100 000 ადამიანის ტესტირებაა და ეს ამოცანა თითქმის მიღწეულია. გუშინ ბრიტანეთში კორონავირუსის ტესტი 80 000 ადამიანზე მეტს ჩაუტარეს.

    თავად ჯონსონს კორონავირუსი მარტის დასაწყისში დაუდგინდა. მან სამი ღამე რეანიმაციაშიც გაატარა. ის სამსახურში ორშაბათს დაბრუნდა და ხუთშაბათს მთავრობის პირველი სხდომაც ჩაატარა გამოჯანმრთელების შემდეგ.

    ბოლო მონაცემებით ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 26771 ადამიანი.

  • “ნეტავ ადრე მივმხვდარიყავით“–რა ისწავლეს ამერიკელმა ექიმებმა Covid19-თან ბრძოლისას

    “ნეტავ ადრე მივმხვდარიყავით“–რა ისწავლეს ამერიკელმა ექიმებმა Covid19-თან ბრძოლისას

    იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გლობალური შემთხვევების თითქმის ერთი მესამედი შეერთებულ შტატებში აღირიცხა, ამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ მათ კორონავირუსთან ბრძოლის კვალდაკვალ ბევრი გაკვეთილი მიიღეს.

    მათ შორის, მაგალითად ის, თუ როგორ დაეხმარონ იმ პაციენტებს უკეთ, რომლებსაც ჟანგბადის ნაკლებობა აქვთ.

    “ადრეულ ეტაპზე ვნახეთ, რომ როგორც კი ვინმე ცხვირის მილიდან 6 ლიტრი ჟანგბადის მიღებას იწყებდა, მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და მაშინვე ინტუბაციაზე გადავდიოდით. ახლა ვხვდებით, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის, სავარაუდოდ რაიმე შუალედური პროცედურა, მაგალითად ჟანგბადის დიდი ნაკადი, ან ორ-დონიან, დადებითი წნევის სასუნთქ აპარატზე (BiPAP) მიერთება კარგად იმუშავებდა. კიდევ ის ვისწავლეთ, რომ შეიძლება ადამიანები მუცელზე დააწვინო“, – ამბობს ექიმი ჯოლიონ მაკგრივი.

    მუცელზე დაწვენის მეთოდი წარმატებულია, ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თერაპევტი და კარდიოლოგი ჯენიფერ ჰაითი.

    “არსებობს თეორია, რომ ფილტვები ღრუბელივითაა და თუ ზურგზე ძალიან დიდხანს წევხართ, მიზიდულობის ძალა ყველა გამონადენს და სითხეს, ასე ვთქვათ გამოდევნის და ფილტვის იმ ნაწილს გააბრტყელებს. ადამიანის გადაბრუნებით, ტორსის წინა მხარეს სივრცეს ათავისუფლებთ, რაც ფილტვს გახსნის, გაფართოების საშუალებას აძლევს და ჟანგბადს უკეთ მიაწვდით. და ეს მუშაობს“, – ამბობს ის.

    მისი თქმით, საავადმყოფოები საკვანძო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდიან, რაც იტალიის, ესპანეთის და სხვა ცხელი წერტილების შემთხვევაშიც ვიხილეთ.

    “ნეტავ, ადამიანების საკეთილდღეოდ – უფრო ადრე მივმხვდარიყავით, რომ ეს მოხდებოდა და ავადმყოფების მისაღებად საავადმყოფოებში ყველაფერი გვქონოდა, შეგვძლებოდა ადამიანების დიდი მასის ერთდროულად მოწყდომის თავიდან აცილება და გვქონოდა მეტი პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რათა ადამიანები მის გარეშე არ დარჩენილიყვნენ“, – ამბობს ჯენიფერ ჰაითი.

    თერაპევტი ანჯუ გოელი ფიქრობს, რომ რომ ყველაზე მოულოდნელი, ხანდაზმულ ადამიანებზე ვირუსის ზემოქმედების ბუნება იყო.

    “ რაც არ ვიცოდით იყო ის, რომ ავადმყოფობა ხანდაზმულ ადამიანებში უფრო მძიმე იქნებოდა. ეს რომ გვცოდნოდა, ამ ჯგუფის დასნებოვნებისგან დასაცავად უფრო მეტად შემზღუდველ ზომებს დავაწესებდით და გართულებების თავიდან ასაცილებლად, ძალიან ადრეულ მკურნალობას ჩავუტარებდით“, – თქვა მან.

    ადამიანების უმრავლესობაში, დაავადება მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა სიცხე და ხველა.

    ზოგიერთი, განსაკუთრებით ასაკოვანი და ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემების მქონე ადამიანისთვის, ამ დაავადებას უფრო მძიმე ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა პნევმონია და ის სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

    კორონავირუსის შესახებ ამ დრომდე მსოფლიოსთვის ბევრი რამ უცნობია და კვლევის საგნად რჩება, თუმცა დროსთან ერთად, ექიმები ამბობენ, რომ მათი ცოდნა ვირუსის ბუნების შესახებ, იზრდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ტრამპი: ჩინეთი ცდილობს, არჩევნებში აღარ გავიმარჯვო

    ტრამპი: ჩინეთი ცდილობს, არჩევნებში აღარ გავიმარჯვო

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთი “ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია”, რომ ნოემბერში მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს.

    საინფორმაციო სააგენტო “როიტერისთვის” ოვალურ ოფისში მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა ჩინეთის შესახებ მკაცრად და კრიტიკულად ისაუბრა და თქვა, რომ ის არაერთ სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმის თაობაზე, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს ჩინეთის ქმედებებს ვირუსთან დაკავშირებით. “ბევრი რამის გაკეთება შემიძლია”, – თქვა მან ტარიფების თუ სხვა ზომების შესაძლო გამოყენების თაობაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხად. “ვიკვლევთ, რა მოხდა”.

    დონალდ ტრამპი ჩინეთს აქტიურად აკრიტიკებს. ამერიკის პრეზიდენტი პეკინს ინფორმაციის დამალვაში და პანდემიის გავრცელების მასშტაბებში ადანაშაულებს. პანდემიამ შეერთებულ შტატებში სულ მცირე 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა ამერიკული ეკონომიკაც.

    ამერიკის პრეზიდენტს თავადაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შეერთებული შტატები საკმარისად და დროულად მომზადებული არ შეხვდა ვირუსის გავრცელებას. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთს მსოფლიოსთვის უფრო ადრე უნდა ეცნობებინა ვირუსის შესახებ.

    “ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მე ამ [ნოემბრის საპრეზიდენტო] არჩევნებში დავმარცხდე”, – ამბობს ტრამპი. მისი თქმით, პეკინს პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს, რათა მან ის წნეხი შეამსუბუქოს, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყანას ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით შეუქმნა. “ისინი (ჩინეთის მთავრობის წევრები) გამუდმებით იყენებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, პიარს იმისთვის, რომ თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინონ”, – დასძინა მან.

    რაც შეეხება იმ გამოკითხვებს, რომელთა თანახმადაც წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს, ტრამპი ამბობს, რომ ამ გამოკითხვების არ სჯერა. ამასთან, ის განმარტავს, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები არ იქნება ერთგვარი რეფერენდუმი იმის თაობაზე, თუ როგორ უმკლავდება ის ვირუსთან დაკავშირებულ კრიზისულ სიტუაციას.

    “არ მჯერა გამოკითხვების. მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ხალხი გონიერია და არ მგონია, რომ ისინი არაკომპეტენტურ ადამიანს გაამარჯვებინებენ”, – ამბობს პრეზიდენტი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ევროპა ეკონომიკის გახსნისთვის ემზადება

    ევროპა ეკონომიკის გახსნისთვის ემზადება

    პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ დანარჩენი ეკონომიკის, მათ შორის რესტორნების გახსნის თაობაზე, მთავრობა მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას. პოლონელებს მთავრობა საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს. სკოლები 24 მაისამდე დახურულია. მთავრობა ასევე საუბრობს ქვეყნის საზღვრების გახსნის თაობაზე. ამ დროისთვის პოლონეთში რომლის მოსახლეობაც 38 მილიონია, კორონვირუსის 12,415 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 606 ადამიანი.

    პოლონეთის მსგავსად, ეკონომიკის გახსნისკენ ნაბიჯებს ევროპის სხვა ქვეყნებიც დგამენ, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია. გერმანიას სურს, რომ საერთაშორისო მგზავრობის და საზღვრების გახსნის გარშემო ევროკავშირმა ერთიანი გადაწვეტილება მიიღოს.

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოგზაურობა და ფრენები რისკს შეიცავს. მისი თქმით გერმანიის მთავრობა ყოველკვირა შეაფასებს საზღვრების გახსნის შესაძლებლობას და რისკებს. თუმცა, სამინისტრო მოსახლეობას დასვენების მიზნით მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან შესაძლოა შეზღუდვები, ვითარების სწრაფად ცვალებადობიდან გამომდინარე, მალევე იქნას ხელახლა დაწესებული.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • ნიუ იორკელმა ექიმმა, რომელიც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობდა თავი მოიკლა

    ნიუ იორკელმა ექიმმა, რომელიც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობდა თავი მოიკლა

    ცნობილმა რეანიმატოლოგმა, მანჰეტენზე მდებარე ერთ–ერთი საავადმყოფოს (New York-Presbyterian Allen Hospital )სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, 49 წლის ლორანა ბრინმა თავი მოიკლა. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მან  კრიზისს და დაძაბულობას ვერ გაუძლო. ის კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა. “ის ცდილობდა თავისი საქმე ეკეთებინა. და ამან მოკლა“ – ამბობს გარდაცვლილი ქალის მამა, ფილიპ ბრინი.

    პოლიცია ამბობს, რომ მისი საქმიანობის ემოციური მხარე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რის გამოც ქალმა თავის მოკვლის მიზნით თვითდაზიანებები მიიყენა. ის პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გარდაცვლილის მამა Times–ს უყვება, რომ ქალიშვილი საშინელი და ემოციურად გამანადგურებელი სცენების შესახებ უყვებოდა, რომელსაც ყოველდღიურად ნახულობდა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას. მამა ამბობს, რომ მის ქალიშვილს მენტალური პრობლემები არასოდეს ქონია.

  • ევროპული ქვეყნები კარანტინის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან

    ევროპული ქვეყნები კარანტინის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან

    ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ ნაციონალური გეგმების შესახებ კარანტინის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად. ძირითადი ამოცანა პანდემიის ეკონომიკური შედეგების შემცირება და დაინფიცირების მეორე ტალღის თავიდან აცილებაა.
    თავდაცვა, ტესტები, იზოლაცია – ეს არის მთავარი, რისკენაც ევროპული ქვეყნების მეთაურები მოსახლეობას მოუწოდებენ. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა 11 მაისიდან ქვეყანაში შემზღუდავი ზომების თანდათანობით მოხსნა გამოაცხადა. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დამცავი ნიღბებით ყველა მოქალაქე მოამარაგოს და ყოველკვირეულად მინიმუმ 700 000 ტესტი ჩაატაროს.

    კარანტინის შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა ესპანეთის მთავრობამაც. სიკვდილიანობისა და ახალ ინფიცირებულთა მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია აქ უკვე რამდენიმე დღეა ნარჩუნდება.
    “თუ ასე გაგრძელდება, კარანტინიდან გამოსვლის პროცესი ესპანეთის ტერიტორიაზე რვა კვირას დაიკავებს. ივნისის ბოლოსთვის ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი რეალობა იქნება“ – ამბობს ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი.
    ესპანეთის გეგმა ოთხ ფაზას გულისხმობს. თანდათანობით ამუშავდება რესტორნები და ეკლესიები. ესპანელები შეძლებენ ქალაქებში თავისუფლად ისეირნონ და კულტურულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

    ამასობაში პორტუგალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 2 მაისამდეა გამოცხადებული.

    “ჩვენ გადავდივართ კორონავირუსთან ბრძოლის მესამე ფაზაში –ეს არის სიტუაციის განვითარებაზე კონტროლის ფაზა. ის არ ნიშნავს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას და სტაბილურობას. ჩვენ სიტუაციას დავაკვირდებით: აღდგენა, გახსნა – ეს ტერმინები ეტაპობრივად გამოიყენება, ჩვენ პატარა ნაბიჯებით წავალთ წინ“– განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოუზამ.

    საბერძნეთში 4 მაისიდან საცალო ვაჭრობის მაღაზიები ამუშავდება. მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი საცხოვრებელი რეგიონის ფარგლებში გადაადგილდნენ.

    ევროპული ქვეყნები მეზობლების გამოცდილებას აკვირდებიან, რომლებმა შემზღუდავი ზომების გაუქმება სხვებზე ადრე დაიწყეს. ერთი კვირის წინ გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნა. სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაავადების დონის ზრდის შესახებ განაცხადა.

  • ბრიტანეთის პრემიერს შვილი შეეძინა

    ბრიტანეთის პრემიერს შვილი შეეძინა

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლემ, კერი საიმონდსმა ლონდონის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟიშვილი შეეძინა.

    პრემიერის კანცელარიის ცნობით დედა და ახალშობილი თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ. მშობიარობა დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიწყო.

    “პრემიერ მინისტრი და ქალბატონი საიმონდსი სიხარულით გატყობინებენ ამ დილით ჯანმრთელი ბიჭის დაბადებას ლონდონის საავადმყოფოში. პრემიერ მინისტრი და ქალბატონი საიმონდსი მადლობას უხდიან სამშობიარო განყოფილების ექიმების შესანიშნავ გუნდს“– ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

    ბორის ჯონსონი სამსახურს ორშაბათს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი გადაიტანა. მან დაავადება საკმაოდ რთული ფორმით გადაიტანა. მის მეგობარ ქალს დავადების სიმპტომები ქონდა, თუმცა სწრაფად გამოჯანმრთელდა.

    წყვილმა იმის შესახებ, რომ ბავშვს ელოდებოდა თებერვლის ბოლოს განაცხადა. მაშინვე გამოაცხადეს ნიშნობის შესახებ.

    კერი საიმონდსი ბორის ჯონსონზე 24 წლით უმცროსია. ეს ბრიტანეთის ისტორიაში პირველი წყვილია, რომელიც დაუნინგ სთრითზე, პრემიერის რეზიდენციაში დაუქორწინებლად ცხოვრობს.

    წარსულში ჯონსონი მარიან უილერზე იყო დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი ყავთ. 2018 წლის სექტემბერში მათ განაცხადეს, რომ ცალ–ცალკე ცხოვრებას აპირებდნენ და მალევე განქორწინდენ.

    მედიის ინფორმაციით პრემიერს კიდევ ერთი, ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი ყავს ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირისგან.

    თავად ჯონსონი თავს არიდებს პასუხს კითხვაზე რამდენი შვილი ყავს.

  • აშშ–ში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს

    აშშ–ში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს

    Covid 19-ით გარდაცვლილ ამერიკელთა რაოდენობამ ვიეტნამის ომის დროს დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 ათასს მიაღწია. ვიეტნამთან 20 წლიანი ომის დროს კი გარდაცვლილ, ტყვედ ჩავარდნილ და უგზოუკვლოდ დაკარგულ ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა დაახლოებით 58 000 იყო.

    დაინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში მილიონს ჯერ კიდევ გუშინ გადააჭარბა. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    მიუხედავად ეპიდემიისა, აშშ–ს 40 შტატში საპროტესტო აქციები გაიმართა ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის წინააღმდეგ. დემონსტანტები თვლიან, რომ ამკრძალავი ზომბის შემოღებით ხელისუფლება მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას ხელყოფს.