Category: მსოფლიო

  • პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ოფიციალურად დაამარცხა კორონავირუსი

    პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ოფიციალურად დაამარცხა კორონავირუსი

    სლოვენია მზად არის კორონავირუსზე გამარჯვების შესახებ განაცხადოს. მაისის ბოლოსთვის ის პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადებს კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ. ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყანაში სულ 35 ახალი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა მთლიანობაში 2 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 1464 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაიცვალა 103. ქვეყნის პრემიერ მინისტრის, იანეზ იანშის განცხადებით სლოვენიაში ევროპაში საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

    თუმცა სლოვენიის ბალკანელი მეზობლები შესაძლოა ამ განცხადებას არ დაეთანხმონ: მაგალითად, ჩერნოგორიაში სულ 8  დაინფიცრებულია რეგისტრირებული, ბოლო კვირის მანძილზე კი არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

    Covid19-ის დამარცხება  სლოვენიისთვის არა მხოლოდ ნაციონალური სიამაყის, არამედ ეკონომიკის საკითხიცაა. მაისის ბოლოდან ხელისუფლებას აღარ დაჭირდება საგანგებო დახმარების გაცემა მეწარმეებისა და კერძო პირებისთვის.

    კარანტინის გაუქმების შემდეგ აღარ იმოქმედებს შეზღუდვები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან სლოვენიაში შესვლაზე.

  • “აშშ-ს შეიძლება ყველაზე ბნელი ზამთარი დაუდგეს“-ხელისუფლების მამხილებელ მეცნიერს კონგრესში მოუსმინეს

    “აშშ-ს შეიძლება ყველაზე ბნელი ზამთარი დაუდგეს“-ხელისუფლების მამხილებელ მეცნიერს კონგრესში მოუსმინეს

    ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მამხილებელი, რომელიც აპრილამდე ჯანდაცვის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი თქმით სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის “კოვიდ-19-ზე უფრო აგრესიულ საპასუხო ქმედებებს” ითხოვდა, კონგრესის წინაშე წარსდგა.

    რიკ ბრაითმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეიძლება „ყველაზე ბნელი ზამთარი“ დაუდგეს, თუ ის პანდემიასთან გამკლავების უკეთეს გზას არ აირჩევს.

    კონგრესის წინაშე წარდგომამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრაითი „ტვიტერზე“ გააკრიტიკა და მას “გაღიზიანებული თანამშრომელი” უწოდა.

    თანამდებობიდან გაშვებამდე, ბრაითი ჯანდაცვის დეპარტამენტში ბიომედიცინის მოწინავე კვლევითი განყოფილების დირექტორი იყო, რომელიც კორონავრუსის წინააღმდეგ საბრძოლველ მედიკამენტებზე მუშაობს.

    „გადაწყვეტილებები საუკეთესო სამეცნიერო დასკვნებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ. შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. თუ ჩვენ ვერ გავაუმჯობესებთ მეცნიერებაზე დაფუძნებულ რეაგირებას, ვშიშობ, პანდემია გაუარესდება და გაგრძელდება“, – თქვა ბრაითმა.

    მან პანდემიაზე თეთრი სახლის ადმინისტრაციის პასუხი გააკრიტიკა. „უმოქმედობამ ბევრი სიცოცხლე დააყენა რისკის წინაშე, ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჩვენს სამედიცინო პერსონალს შორის“, – თქვა მან.

    ბრაითი ამბობს, რომ ის საჭირო აღჭურვილობის წარმოების გაზრდაზე ფოკუსირებას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ „კრიტიკულ დეფიციტს“ ადგილი არ ჰქონდა. „მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე“, – განაცხადა მან.

    ბრაითი საჩივარში წერს, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მასზე და მის განყოფილებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ინვესტიცია ჩადებულიყო ისეთ წამლებსა და ვაქცინებში, რომელთა ეფექტურობა სამეცნიერო მონაცემებით არ დასტურდებოდა. მათ შორის იყო გახმაურებული მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი” (“პლაქვენილი”), რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგებზე არაერთხელ ახსენა. კონგრესში მოსმენაზე ბრაითმა განაცხადა, რომ ეს მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

    „მჯერა, რომ ჩემი გადაყენების პროცესის ინიცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მე წავედი უფრო ფართო პროტოკოლის იმპლემენტაციის წინააღმდეგ. ის იმ ამერიკელებისთვის “ქლოროქინს” უფრო იოლად ხელმისაწვდომს გახდიდა, ვინც არ იყო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შეიძლება არ ჰქონოდათ კორონავირუსის დადასტურებული ინფექცია“, – თქვა მან.

    გამოსვლის შემდეგ, ბრათი პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან გააკრიტიკა. „ჩემთვის ის უბრალოდ გაჯავრებული, უკმაყოფილო ადამიანია“, – თქვა ტრამპა და აღნიშნა, რომ ის ბრაითს არ იცნობს. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მის მოსმენას კონგრესში თვალს ადევნებდა.

    შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1.4 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 86,000 ადამიანი. 20 მილიონი ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ვისკონსინის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. სახლში დარჩენის ბრძანება გააუქმა

    ვისკონსინის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. სახლში დარჩენის ბრძანება გააუქმა

    ვისკონსინის შტატის უზენაესმა სასამართლომ გუბერნატორის მიერ შტატში შემოღებული სახლში დარჩენის ბრძანება გააუქმა. ოთხშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელ კანონმდებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ შტატის ჯანდაცვის უწყებამ ამ შეზღუდვის დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

    საკარანტინო ღონისძიებები რამდენიმე სხვა შტატშიც გააპროტესტეს და სასამართლოშიც გაასაჩივრეს. ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირველი წარმატებული საქმე იყო მაშინ, როდესაც სოციალური დისტანცირების საკითხი უკიდურესად პოლიტიკური და მაპოლარიზებელი გახდა.

    ვისკონსინში სახლში დარჩენის მოთხოვნა, რომელსაც “სახლში უფრო უსაფრთხოა” მოიხსენიებდნენ, გუბერნატორის ბრძანებით, შტატის ჯანდაცვის სამსახურის მდივნის მიერ 26 მაისამდე იყო გახანგრძლივებული.

    სასამართლომ დაადგინა, რომ დემოკრატ გუბერნატორს საგანგებო ზომების მიღების უფლებამოსილება აქვს, თუმცა ფორმალურად ეს შეზღუდვა ჯანდაცვის მდივანმა დააწესა, რაც მის უფლებებს სცდებოდა.

    ჯანდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ის “იმედგაცრუებულია” ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ხალხს მაინც მოუწოდებს დაემორჩილონ რეკომენდაციებს და დაიცვან სოციალური დისტანცია, რადგან ეს ვირუსის გავრცელების შეზღუდვის საუკეთესო გზაა.

    “მხოლოდ იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ “გახსნა” უსაფრთხოა, არ ნიშნავს რომ მეცნიერებაც ასე ფიქრობს”, – დაწერა შტატის გუბერნატორმა “ტვიტერზე”.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ექსპერტების წინააღმდეგობის მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპს ამერიკაში სკოლების გახსნა სურს

    ექსპერტების წინააღმდეგობის მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპს ამერიკაში სკოლების გახსნა სურს

    სკოლები სწრაფად უნდა გაიხსნას, თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს.

    „ვფიქრობ, სკოლები აუცილებლად უნდა გავხსნათ,“ განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჩრდილოეთ დაკოტისა და კოლორადოს გუბერნატორებთან შეხვედრისას.

    „მას ახალგაზრდა ხალხზე ძალიან უმნიშვნელო გავლენა აქვს,“ თქვა მან კოვიდ-19-ზე, თუმცა დასძინა, რომ ეს გუბერნატორების გადასაწყვეტი იქნება.

    ტრამპის ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა კალიფორნიის შტატის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ სკოლები მომავალი სასწავლო წლის დასაწყისშიც კი არ გაიხსნას.

    შეერთებულ შტატებში სკოლები დაკეტილია. შტატების დიდმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ სკოლები სასწავლო წლის ბოლომდე არ გაიხსნება. მათი უმრავლესობისთვის ეს ივნისის ბოლოა.

    „მიუღებელი პასუხი“

    პრეზიდენტმა თეთრის სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი წევრი გააკრიტიკა. ექიმი ანტონი ფაუჩი წინა დღეს სენატის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა, რომელზეც კოვიდ-19-თან დაკავშირებით სენატორების შეკითხვებსაც უპასუხა.

    „მას სურს ყველა მხარეს ითამაშოს,“ თქვა პრეზიდენტმა ფაუჩიზე, რომელიც ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

    მოსმენის დროს, ფაუჩიმ სენატორებს უთხრა, რომ თუ შტატები და ქალაქები სწრაფად გაიხსნებიან, მათ პანდემიის გამო მძიმე შედეგები დაუდგებათ.

    „მისმა პასუხმა გამაკვირვა,“ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. „ჩემთვის ეს არ არის მისაღები პასუხი, განსაკუთრებით როცა საქმე სკოლებს ეხება.“

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების დიდ ნაწილში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისეც მზარდ ტრაექტორიაზეა. ზოგიერთ დიდ ქალაქში კი, მაგალითად, ნიუ-იორკში, ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირდება.

    ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის შედეგად 84 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევები კი 1.4 მილიონს აღემატება.

  • ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ მისი ელექტრონული ფოსტა რუსმა ჰაკერებმა გატეხეს

    ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ მისი ელექტრონული ფოსტა რუსმა ჰაკერებმა გატეხეს

    ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ მისი ელექტრონული ფოსტა რუსმა ჰაკერებმა გატეხეს

    გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ელექტრონული ფოსტა რუსეთის დაზვერვამ გატეხა.

    მანამდე გერმანულმა ჟურნალმა შპიგელმა დაწერა, რომ 2015 წელს რუსეთის სამხედრო დაზვერვამ (ГРУ) მიიღო წვდომა ელექტრონულ წერილებზე, რომლებიც კანცლერის საოფისე კომპიუტერში ინახებოდა.

    “ამან ძალიან  შემაშფოთა“– თქვა მერკელმა პარლამენტში, სადაც მას კითხვა დაუსვეს ამ ინფორმაციის სარწმუნოობის შესახებ. მან ამ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა, თუმცა შემდეგ დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

    შპიგელმა დაწერა, რომ 2015 წელს ჰაკერული შეტევის შედეგად პარლამენტის კომპიუტერიდან მონაცემები მოიპარეს.

    2018 წელს ასევე მოხდა შეტევა სამთავრობო კომპიუტერულ ქსელზე, და მაშინაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამაში რუსი ჰაკერები მონაწილეობდნენ.

    რუსეთის ხელისუფლება ჰაკერულ შეტევებში მონაწილეობას უარყოფს.

  • სიკვდილიანობა ამერიკაში უფრო მაღალია, ვიდრე ამას ანგარიშები აჩვენებს – ექიმი ფაუჩი

    სიკვდილიანობა ამერიკაში უფრო მაღალია, ვიდრე ამას ანგარიშები აჩვენებს – ექიმი ფაუჩი

    დიდი ალბათობით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე ამას ანგარიშები ამბობს – აცხადებს ექიმი ენტონი ფაუჩი. თეთრი სახლის წამყვანი ექსპერტი კოვიდ-19-თან ბრძოლაში ამერიკის შტატებს აფრთხილებს, ზედმეტად არ იჩქარონ კარანტინის მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება.

    ეს განცხადება ექიმმა ფაუჩიმ სენატის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სამშაბათს გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამჟამად 14-დღიან კარანტინში იმყოფება და სხდომას დისტანციურად დაესწრო.

    სენატის ჯანდაცვის, განათლების, მშრომელთა და პენსიების კომიტეტი კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ფაქტებს იძიებს. სენატორებს ზოგადად აინტერესებთ მთავრობის რეაგირება პანდემიაზე და კონკრეტულად – გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სტატისტიკური მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს და ნიუ-იორკში კორონავირუსით სახლში გარდაცვლილი ადამიანები მასში არ არიან აღრიცხული.

    ექიმმა ფაუჩიმ დაადასტურა, რომ მსგავსი რამ ნიუ-იორკში დიდი ალბათობით ხდება და ის ამაში დარწმუნებულია. თუმცა, თავი შეიკავა სპეკულაციებისგან, როცა მას დაუსვეს კითხვა, თუ რამდენად დიდ რიცხვზეა საუბარი.

    ფაუჩი ასევე საუბრობს პანდემიის მეორე ტალღაზე. “სავსებით დასაშვებია”, რომ კოვიდ-19 სექტემბერ-ნოემბერში კიდე უფრო უარესი იყოს ქვეყნისთვის. მაგრამ, ამასთან ერთად, ექიმი გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყანა მას უფრო მომზადებული შეხვდება და უკეთ გაუმკლავდება.

    პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ, თანდათან აემუშავებინათ ქვეყნის ეკონომიკა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 50 შტატის გუბერნატორებმა მაღაზიების, რესტორნების და სხვა ბიზნესების გახსნა დაიწყო. ისინი მოსახლეობას სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ზომების დაცვასაც სთხოვენ.

    ექიმი ენტონი ფაუჩი გუბერნატორებს აფრთხილებს: “არსებობს რეალური რისკი, რომ თქვენ [პანდემიის] ისეთი აფეთქება გამოიწვიოთ, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარ შეძლებთ”. ექიმი შტატების ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებს, მიჰყვნენ თეთრი სახლის მიერ რეკომენდებულ, ეკონომიკის განახლების სამფაზიან გეგმას, რომელიც არსებულ რისკებზეა გათვლილი.

    რაც შეეხება ვაქცინების განვითარებას, ექიმ ფაუჩის თქმით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 8 ვაქცინა შეიმუშავეს. თუ ეს საქმე წარმატებით დასრულდა, “იმედი გვაქვს, რომ ამის შესახებ გვიან შემოდგომაზე, ან ზამთრის დასაწყისში შევიტყობთ”. ფაუჩიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვაქცინა ვერ მოუსწრებს მილიონობით სკოლის მოსწავლეს და კოლეჯის სტუდენტს.

    ტესტირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, სენატორებმა ჯანდაცვის ოფიციალური პირები არასაკმარისი ტესტების გამო გააკრიტიკეს. სენატის კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამერიკა ერთ სულ მოსახლეზე გაკეთებული ანალიზებით, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშიც კი არ შედის.

    ექიმ ფაუჩის გარდა, სენატში ჯანდაცვის სხვა ოფიციალურ პირებსაც მოუსმინეს. მათ შორის იყვნენ ასევე კარანტინში მყოფი: ექიმი რობერტ რედფილდი – შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი, სტივენ ჰანი – აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ავღანეთში სამშობიარო კლინიკაზე შეტევას 2 ბავშვი და 11 დედა ემსხვერპლა

    ავღანეთში სამშობიარო კლინიკაზე შეტევას 2 ბავშვი და 11 დედა ემსხვერპლა

    ავღანეთის დედაქალაქში საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სამშობიარო კლინიკაზე მოხდა, რომელსაც „მედიკოსები საზღვრებს გარეშე“ მართავენ.

    გარდაცვლილთა შორის ორი ახალშობილია. „გარდიანის“ ინფორმაციით, დაჭრილია 15 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. „თალიბანში“ აცხადებენ, რომ მათ მომხდართან კავშირი არ აქვთ.

    ცნობისთვის, დღეს ქაბულის სამშობიარო საავადმყოფოში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ქვეყნის შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, გარდაცვლილთა კიდევ რაოდენობა გაიზარდოს.

  • 25 ათასი არ დაღუპულა კორონავირუსით  96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა,  ნუ იყენებთ გარდაცვლილებს – იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა

    25 ათასი არ დაღუპულა კორონავირუსით 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა, ნუ იყენებთ გარდაცვლილებს – იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა

    იტალიის პალატის დეპუტატი ვიტორიო სგარბი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გააყალბეს. სგარბის ემოციურ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც დეპუტარი აცხადებს იტალიის ხელისუფლება კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას აყალბებს რადგან 25 ათასი გარდაცვლილიდან 96.3 სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა და არა კორონავირუსით როგორც ეს სტატისტიკაშია. მისი განცხადებით ეს სტატისტიკა იმისთვის სჭირდებათ რომ იტალიის მოსახლეობა ტერორში ჰყავდეთ და დიქტატურა დაამყარონ.

    „ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები დიქტატურის წინააღმდეგ და სიმართლის დასამტკიცებლად. ნუ ვაქცევთ ამ პალატას სიცრუის სახლად. მეცნიერები, ვინც მოიწვიეთ, ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი მცირედით არის უარესი ჩვეულებრივ გრიპზე. ამის შესახებ ყველამ კარგად იცით.

    თქვენ მოისმინეთ და წარმოგიდგინეს ციფრები. მეც მინდა, ეს ციფრები წარმოგიდგინოთ. არ უნდა ვამტკიცოთ, რომ იტალიაში კორონავირუსით 25 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არ არის მართალი. ციფრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ამტკიცებს, რომ ამ გარდაცვლილთაგან 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მართალს ვამბობ. მე ეს ყველაფერი შევისწავლე. ხალხი სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თუ თქვენ ამის შესახებ არ იცოდით, შეისწავლეთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები.”

    თარგმანი : Fortuna.ge

  • ტრამპი ჟურნალისტს ეჩხუბა და ბრიფინგი დატოვა

    ტრამპი ჟურნალისტს ეჩხუბა და ბრიფინგი დატოვა

    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად დატოვა ბრიფინგი თეთრ სახლში ჟურნალისტთან მორიგი დაპირისპირების შემდეგ.

    პრესკონფერენცია კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას ეძღვნებოდა. სი ბი ეს – ის კორესპონდენტმა, ვეიცზია ცზიანმა ტრამპს კითხა, რატომ უსვამს ყოველდღე ტრამპი ხაზს, რომ ამერიკაში ბევრად მეტი ტესტირება ტარდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რატომ განიხილავს აშშ–ს პრეზიდენტი კორონავირუსზე  ტესტრირებას როგორც მსოფლიო შეჯიბრებას და რატომ აკეთებს ამაზე აქცენტს მუდმივად, როცა ამერიკაში ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება.

    „ადამიანები მთელ მსოფლიოში იხოცებიან. ეს კითხვა ჩინეთს უნდა დაუსვათ. მე ნუ მეკითხებით, ჩინეთს კითხეთ. თუ მათ კითხავთ,  შეიძლება ძალიან უჩვეულო პასუხი მიიღოთ„– უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.

    ამის შემდეგ მიკროფონთან სი ენ ენ–ის ჟურნალისტი მივიდა, თუმცა ცზიანმა კვლავ დაუსვა კითხვა ტრამპს, რატომ ელაპარაკება ჩინეთზე კონკრეტულად მას.

    “ეს პასუხი ვინმეს კონკრეტულად არ ეხება. ყველას ეხება, ვინც საძაგელ კითხვებს სვამს“– უპასუხა ტრამპმა. ჟურნალისტმა კი გააპროტესტა, რომ ეს “არ არის საძაგელი კითხვა“.

    ამის შემდეგ კითხვის დასმა სი ენ ენ–ის კორესპონდენტმა სცადა, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე სცადა მისთვის სიტყვის მიცემა, შებრუნდა და ბრიფინგი მოულოდნელად დატოვა.

     

  • ევროკავშვირი კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

    ევროკავშვირი კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

    ევროკავშირის ყველა ქვეყნის ხელისუფლება საკარანტინო შეზღუდვებს ამსუბუქებს, თუმცა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის დასრულება ჯერ შორს არის. დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის შენელებამ შესაძლოა ადამიანების სიფრთხილე და ყურადღება მოადუნოს, ზაფხულის დადგომასთან ერთად კი ისინი სავარაუდოდ ნაკლებად დაიცავენ სოციალური დისტანცირების და ჰიგიენის წესებს.

    წინა პანდემიების მაგალითების საფუძველზე ექსპერტები ასკვნიან, რომ ამჯერადაც კორონავირუსის შემოტევა განმეორდება.

    “ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინფექციის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდი ალბათობით გარდაუვალია. უნდა გააუმჯობესონ ეპიდკონტროლის არსებული სისტემები. ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკომისია ქმნის შეტყობინების ეფექტურ არხებს რისკის განმეოროებითი გაზრდის შემთხვევისთვის. ისინი საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს, მიხვდნენ როდის მოდის ახალი ტალღა“– ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი სტეფან დე კეერსმეკერი.

    ბრიუსელი მოუწოდებს ევროპის დედაქალაქებს შეზღუდვები თანდათანობით და ფრთხილად მოხსნან, ყოველ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

    ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი გამოდის ინიციატივით ნაციონალურ მთავრობებისთვის ძირითად საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებები ევროკავშირის მაშტაბით საერთო იყოს.

    “მნიშვნელოვანია ყოველი ქვეყანა მეორე ტალღისთვის მოემზადოს. კორონას კრიზისმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ევროკავშირის შიგნით ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. ვფირობ, ევროკავშირის დონეზე მეტი კომპეტენცია გვჭირდება“– ამბობს შვედი სოციალისტი იუტე გუტელანდი.

    გერმანიის ხელისუფლებამ მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელიც 100 000 ადამიანზე კვირაში 50 ახალ შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს. ამ ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში ანტიეპიდემიური ზომები გაძლიერდება.

    გერმანიის პოლ ერლიხის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით ყოველ ქვეყანაში მზად უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და საავადმყოფოებში საკმარისი ადგილები მათთვის, ვისაც კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებები გაურთულდებათ.

    “ჩვენ უნდა შევაკაოთ ახალი ტალღა და დრო მოვიგოთ მკურნალობის მეთოდების მოსაძებნად. ჩვენს ინსტიტუტში  ვაქცინის შემუშავების დაჩქარებაზე ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დაცულები ვიყოთ“– ამბობს კლაუს ჩიჩუტეკი.

    მეცნიერი გვაფრთხილებს, რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ საკარანტინო ზომების დაბრუნებისთვის, თუმცა მეორე ჯერზე ისინი კიდევ უფრო მტკივნეული იქნება.

    ხელისუფლებებმა მისი აზრით ეს ვარიანტები ახლავე უნდა განიხილონ, რადგან ინფიცირების დონის ზრდის შემთხვევაში კარანტინის შემოღება ისევ მოხდება.

    “ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, თუნდაც ვირუსი გაქრეს, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ან თუნდაც კარგი მკურნალობის მეთოდები და ვაქცინები გაჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხანგრძლივი პროცესია“– ამბობს მეცნიერი.