Category: მსოფლიო

  • აშშ–ს ხელისუფლება Apple-ს რუსეთის და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

    აშშ–ს ხელისუფლება Apple-ს რუსეთის და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

    აშშ–ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა  განაცხადა, რომ კორპორაცია Apple რუსეთისა და აშშ–ს ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობს, ამასთან არ სურს დაეხმაროს ამერიკელ სამართალდამცავებს დამნაშავეთა დაკავებაში.

    “Apple თანამშრომლობდა როგორც ჩინეთის კომპარტიასთან, ასევე რუსეთის რეჟიმთან მონაცემთა დამუშავების ცენტრების განთავსებით და მათი მთავრობების მხრიდან მასობრივი თვალთვალის უზრუნველყოფით“ – განაცხადა ბარმა ფლორიდაში მდებარე სამხედრო–საზღვაო ბაზაზე მომხდარი სროლის გამოძიების შედეგებზე საუბრისას.

    “იყო ინფორმაცია, რომ  Apple –მა   iPhone–ის ფუნქცია და აპლიკაცია გამორთო, რომელსაც დემოკრატიის მომხრეები იყენებდნენ, და ამით ხელი შეუწყო ცენზურას და ჩაგვრას. თუ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორი არის    Apple, მზად არიან ავტორიტარული რეჟიმების მოთხოვნები შეასრულონ, მათ ბუნებრივია ვერ ექნებათ ახსნა, რატომ არ თანამშრომლობენ ისეთი ქვეყნების ხელისუფლებებთან, სადაც კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია და სასამართლო გარანტიები არსებობს“–თქვა ბარმა.

    კომპანია Apple უკვე ბვრი წელია უარს ეუბნება აშშ–ს ხელისუფლებას “ბექდორის“ მინიჭებაზე აიფონების გატეხვისთვის.

    მაგალითად, სან ბერნარდინოში მომხდარი ტერაქტის განმახორციელებლის, საიედ ფარუქის iPhone 5S–ის გასატეხად ამერიკის ხელისუფლება 2015–2016 წლებში წარუმატებლად შეეცადა კომპანიისგან სასამართლოს გზით მიეღო უფლება. წარუმატებლობის შემდეგ კი დაახლოებით მილიონი დოლარი გადაუხადა უცნობ შემსრულებელს ამ საქმისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ტელეფონის გატეხვა. აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ აღიარა, რომ ტერორისტის სმარტფონის გატეხვა დამოუკიდებლად ვერ შეძლო.

    მიმდინარე დავის მიზეზი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წლის დეკემბერში სტუდენტმა მოჰამედ საიდ ალშამრანმა სამი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა ფლორიდაში მდებარე სამხედრო–საზღვაო აეროდრომზე. აშშ–ს ხელისუფლება თვლის, რომ ალშამრანი, რომელიც ადგილზე მოკლეს ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან იყო დაკავშირებული. იანვარში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ Apple–ს მისი კუთვნილი iPhone–ის განბლოკვის მოთხოვნით მიმართა. კორპორაციამ განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა შესაძლო გზით ეხმარებოდა, გარდა აიფონისთვის “ბექდორის“ შექმნისა. ამავე დროს, როგორც ფორბსმა გაარკვია, ბიუროს ეფლის გარეშეც შეუძლია ბოლო ვერსიის ტელეფონის გატეხვა ამერიკული კომპანია  Grayshift–ის მოწყობილობა GrayKey –ის საშუალებით.

    ამის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს კორპორაციის მიერ ბექდორის შექმნას, რათა მოწყობილობებზე სწრაფი წვდომა ქონდეს.

    აშშ–ს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ Apple-მა განცხადება გაავრცელა:

    “კლიენტებს იმედი აქვთ, რომ  კომპანია საკუთარი ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ერთერთი ხერხი, რომლითაც ამას ვაკეთებთ, ჩვენს სერვერებზე და მოწყობილობებზე საიმედო დაშიფვრაა. ჩვენ ერთი და იგივე iPhone-ს ვყიდით ყველგან და არ ვინახავთ კლიენტების პაროლებს, შესაბამისად არ შეგვიძლია მოწყობილობის განბლოკვა, რომლებიც პაროლით არის დაცული. მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ჩვენ დაცვის საიმედო საშუალებებს ვნერგავთ აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა ინფორმაციის დაცვა გარანტირებული იყოს და ჩვენს სისტემებში “უკანა ეზოები“ არ არსებობდეს. ყველა ეს მეთოდი თანაბრად გამოიყენება ჩვენს მიერ ყველა ქვეყანაში.  “ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

  • ტრამპი ამბობს, რომ “ჰიდროქსიქლოროქინს” პრევენციისთვის იღებს და Covid19-ზე სისტემატურად ესინჯება

    ტრამპი ამბობს, რომ “ჰიდროქსიქლოროქინს” პრევენციისთვის იღებს და Covid19-ზე სისტემატურად ესინჯება

    ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის “ჰიდროქსიქლოროქინს” იღებს. “კვირანახევარია ვიღებ და ჯერ აქ ვარ” – თქვა მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. “რაა დასაკარგი”?

    პრეზიდენტ ტრამპის თქმით, პრეპარატს ის ყოველდღიურად თუთიასთან ერთად იღებს, კოვიდ-19-ზეც სისტემატურად ესინჯება და პასუხი ნეგატიურია. პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეპარატი უკვე 40 წელია ხმარებაშია მალარიის, ლუპუსის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ამიტომ ის ვერ იქნება ზიანის მომტანი და ვინც ამ წამალზე ცუდს ამბობს, ის უბრალოდ “ტრამპის ფანი არ არის”.

    მალარიის წამალი ახლა კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის კლინიკურ ცდებს გადის. ამ ეტაპზე, კვლევები “ჰიდროქსიქლოროქინის” ეფექტურობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში არ ადასტურებს, არც მკურნალობის დროს და არც პრევენციული მიზნებით.

    შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აპრილის ბოლოს გაფრთხილებაც კი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ “ჰიდროქსიქლოროქინი” ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ საავადმყოფოებში მიმდინარე კვლევებისთვის უნდა დაინიშნოს, რადგან მან შეიძლება გულზე გართულებები გამოიწვიოს. გაფრთხილება არ ეხება მალარიის, ლუპუსის და რევმატოიდული ართრიტების მკურნალობას.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ქულები მიგრანტებისთვის: ბრიტანეთმა გადაწყვიტა რა პირობებით შეუშვებს ქვეყანაში უცხოელებს

    ქულები მიგრანტებისთვის: ბრიტანეთმა გადაწყვიტა რა პირობებით შეუშვებს ქვეყანაში უცხოელებს

    ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მეორე მოსმენიით მიიღო კანონპროექტი მიგრაციის შესახებ ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯია მიგრაციის ახალი სისტემისკენ, რომელიც პრემიერ ბორის ჯონსონის მთავრობის დაპირებით 2021 წლისთვის უნდა შეიქმნას.

    ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის პოტენციური იმიგრანტები მუშაობისა და ცხოვრების უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ქულათა გარკვეულ ჯამს მოაგროვებენ. ქულები კი პრეტენდენტის ობიექტური მაზასიათებლების მიხედვით დაირიცხება, როგორიც არის მაგალითად პროფესია, კვალიფიკაცია, განათლება და ასაკი.

    კანონპროექტის ინიციატორ მმართველ კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა აქვს.

    კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა, შს მინისტრმა პრიტი პატელმა კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ კანონის მიღების შედეგად ბრიტანეთში სხვადასხვა, მათ შორის ევროპის  ქვეყნებიდან პოტენციური იმიგრანტები თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

    წლის ბოლომდე ბრიტანეთი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ფაქტიურადაც დატოვებს ევროკავშირის. ამ დრომდე ევროკავშირის მოქალაქეებს ბრიტანეთში შესვლა და ცხოვრება თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.

    პატელის ოპონენტი,  ჩრდილოვანი შს მინისტრი ნიკ ტომას სიმონდსი აცხადებს, რომ კანონპროექტი ბრიტანეთში ეკონომიკურ უთანასწორობას გააღრმავებს.

    მისი თქმით, ახალი სისტემის ფარგლებში დაგეგმილია ხელფასის ქვედა ზღვარი კვალიფიციური მიგრანტებისთვის– 25600 ფუნტია წელიწადში. ამგვარად სამედიცინო, სატრანსპორტო თუ სხვა სფეროების ბევრი მუშაკი, ვინც ამ თანხაზე ნაკლებს გამოიმუშავებს სიგნალს მიიღებს, რომ ისინი ქვეყანას არ ჭირდება– თქვა ტომას სიმონდსმა.

    ახალი კანონი არ ეხება უცხოელებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ და მუშაობენ ბრიტანეთში.

    კანონპროექტი  “სოციალური შემწეობების და იმიგრაციის შესახებ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ“ აუქმებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე ევროპული კანონების მოქმედებას გადაადგილების თავისუფლების შესახებ.

    ევროკავშირიდან გამოსვლით ბრიტანეთი მის ერთიან ბაზარსაც ტოვებს, რომლის ფარგლებში ადამიანები, საქონელი, მომსახურება და ფინანსები შეუზღუდავად გადაადგილდება.

    კანონპროექტი მეორედ მოსმენის შემდეგ პარლამენტის პროფილურ კომიტეტებს გაივლის, შემდეგ კი მისი ფინალური კენჭისყრა შედგება.

    კანონის შედეგი მთავრობის ჩანაფიქრით გარკვეული სფეროს თანამშრომელთა მიგრაციის ქულებზე დაფუძნებული სისტემით რეგულირებას ითვალისწინებას, როგორც ეს ავსტრალიაში და კანადაშია.

    პრემიერი ჯონსონი აცხადებდა, რომ ახალი სისტემის პირობებში კვალიფიკაცია უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ქვეყანა, საიდანაც მიგრანტი ჩადის. „იმის აღიარებით, რომ ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პასპორტები ჩენ შევძლებთ მთელი მსოფლიოდან საუკეთესო კადრების მოზიდვას, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ეს ადამიანები“ – ასე დაახასიათა მიგრაციის ახალი სისტემა ჯონსონმა.

    მთავრობა მის ამოქმედებას უკვე 2021 წლის იანვრიდან გეგმავს, ანუ იმ მომენტიდან, როცა ქვეყანა ფაქტიურადაც და ფორმალურადაც დატოვებს ევროკავშირს.

  • ბევრი საშინელი რჩევა მოგვცეს, ჩინეთის მარიონეტები არიან – ტრამპი WHO-ზე

    ბევრი საშინელი რჩევა მოგვცეს, ჩინეთის მარიონეტები არიან – ტრამპი WHO-ზე

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია.

    „ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციამ ბევრი ცუდი რჩევა მოგვცა, ბევრი საშინელი რჩევა და ის ყოველთვის ჩინეთის მხარეს იყო. შეერთებული შტატები მათ წელიწადში 450 მილიონ დოლარს უხდის. ჩინეთი – 38 მილიონს და ისინი ჩინეთის მარიონეტი არიან,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    მან WHO-ს 30 დღე მისცა ჩინეთისგან დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპის თქმით, ის აშშ-ის დაფინანსებას გაყინავს და მისი წევრობის საკითხს გადახედავს.

    ,,აშკარაა, რომ ის არასწორი ნაბიჯები რაც თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ გაატარა, მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა. ერთადერთი გზა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დარჩა არის ის, რომ დაამტკიცოს ჩინეთისგან დამოუკიდებლობა… თუ ორგანიზაციას არ ექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები მომავალი 30 დღის მანძილზე, მე პერმანენტულად გავყინავ აშშ-ის სახელმწიფო დაფინანსებას ორგანიზაციისთვის და გადავხედავ მასში ჩვენი წევრობის საკითხს“, – წერს დონალდ ტრამპი WHO-ს.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტა.

  • “ის უკიდურესად არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო”–ტრამპი ობამას კრიტიკას პასუხობს

    “ის უკიდურესად არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო”–ტრამპი ობამას კრიტიკას პასუხობს

    შაბათს, კოლეჯის კურსდამთავრებულებისადმი მიმართვაში, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ ახალ კორონავირუსს ამერიკაში ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი მართავს. “ამ პანდემიამ მთლიანად, საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა ეჭვს, თუ რამდენად ბევრმა მმართველმა არ იცის, რას აკეთებს” – განაცხადა ექსპრეზიდენტმა, თუმცა კონკრეტულად მას არავინ დაუსახელებია.

    ობამას მიმართვა სტუდენტებისადმი

    კვირას, როცა დონალდ ტრამპს ობამას ამ სიტყვებზე კომენტარი სთხოვეს, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა: “იცით რა, ის არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო, მარტო ამის თქმა შემიძლია. უკიდურესად არაკომპეტენტური”.

    შეერთებული შტატები თვეზე მეტია პანდემია კოვიდ-19 ეპიცენტრია. ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი. ახალი კორონავირუსის გართულებებით გარდაიცვალა თითქმის 91 000 ამერიკელი.

    ოფიციალური პროგნოზებით, კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა აგვისტომდე 147 000-მდე გაიზრდება. კრიტიკოსები თვლიან, რომ ამერიკამ დააგვიანა პანდემიაზე რეაგირება და მისი მართვის პროცესში, დასაწყისშივე დაკარგა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დღეები.

    დღეს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუბერნატორებთან და სამედიცინო ინდუსტრიის ლიდერებთან მორიგ შეხვედრას მართავს. მთავარი თემა შტატების გახსნა და ეკონომიკის ამუშავებაა. ბიზნესების უმეტესი ნაწილის დახურვა და მზარდი უმუშევრობა ქვეყნის ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს.

    ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ ეტაპობრივი გახსნის მიუხედავად, უმუშევრობის ზრდას ივნისშიც ელიან. შესაბამისად, პაუელი ფიქრობს, რომ მთავრობის ფინანსური დახმარება ამერიკულ ოჯახებს კიდევ 3-დან 6 თვემდე დასჭირდებათ.

    ამერიკის 50 შტატის უმეტესი ნაწილი კარანტინის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნას თანდათანობით იწყებს. მოსახლეობას მოუწოდებენ ჯერ კიდევ დაიცვას სოციალური დისტანცირების რეგულაცია. ბევრ შტატში შენობაში და საჯარო ადგილებში ნიღბის ტარება ისევ აუცილებლობად რჩება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • Covid19: საფრანგეთში დაინფიცირების ახალი კერებია. ბელგიელი ექიმების პროტესტი ხელისუფლებას

    Covid19: საფრანგეთში დაინფიცირების ახალი კერებია. ბელგიელი ექიმების პროტესტი ხელისუფლებას

    საფრანგეთში საიზოლაციო ზომების შემცირების შემდეგ ორ ათეულზე მეტი დაინფიცირების ახალი კერა გაჩნდა. მათ შორის სამი ბრეტანში მდებარე ხორცკომბინატებშია. ყოველ საწარმოში ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა რამდენიმე ათეული თანამშრომელი.

    გუშინ კორონავირუსის მსხვერპლთა ახალი მონაცემები გამოცხადდა – სულ საფრანგეთში ეპიდემიის შედეგად 28 ათასი ადამიანი დაიღუპა, ბოლო დღეღამეში 483. გარდაცვლილთა მესამედი ხანდაზმულთა სახლების ბინადარია.

    ეპიდემიოლოგიური სიტუაციას ხელი არ შეუშლია საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მონაწილეობა მიეღო გენერალ დეგოლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალში.

    ესპანეთში სტაბილურად მცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც ექსპერტების აზრით მედიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგია. მათ მუდმივად უხდიან საჯარო მადლობებს.

    როგორც გასულ კვირას ქვეყნის პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა, ის აპირებს ბოლოჯერ სთხოვოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა მოქმედებს, რასაც ესპანელების პროტესტი მოჰყვა.

    ესპანეთში შემოღებული საკარანტინო ზომები ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი იყო. იზოლაციის პერიოდში აკრძალული იყო არა მხოლოდ ჰაერზე ვარჯიში, არამედ სეირნობა.  ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ  პროდუქტების ყიდვის, ექიმთან ვიზიტის ან ძაღლის გასეირნების მიზნით იყო დაშვებული.

    იტალიაში ამუშავდა მაღაზიები, რესტორნები და საპარიკმახეროები. ხელისუფლება საიზოლაციო ზომების შემსუბუქებას “გათვლილ რისკს“ უწოდებს.

    ბელგიელმა ექიმებმა კი ბრიუსელის უმსხვილეს საავადმყოფოში სტუმრად მისულ პრემიერმინისტრს ზურგი აქციეს. საავადმყოფოს ეზოში მყოფი ექიმები ზურგით შებრუნდნენ ზუსტად მაშინ, როცა აქ პრემიერის ლიმუზინი შევიდა. ამით მათ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ეპიდემიის დროს ხელისუფლების ქმედებების მიმართ.

  • ევროპაში ბარები და რესტორნები იხსნება. ნახეთ რა შეზღუდვებს აუქმებენ სხვადასხვა ქვეყნები

    ევროპაში ბარები და რესტორნები იხსნება. ნახეთ რა შეზღუდვებს აუქმებენ სხვადასხვა ქვეყნები

    ორშაბათიდან შეზღუდვების მოხსნას განაგრძობენ ევროპა და აშშ–ს რიგი შტატები. იტალიაში რესტორნები, კაფეები, ბარები და საპარიკმახერო სალონები იხსნება. განახლდება ტაძრებში მსახურება, თუმცა მრევლისთვის ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულოა.

    ესპანელებს უფლება მისცეს 10 ადამიანამდე ჯგუფებად შეიკრიბონ. თუმცა შეზღუდვები ძალაში რჩება მადრიდსა და ბარსელონაში. ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვერანდებზე.

    ბელგიაში დაწყებით და საშუალო კლასებში სწავლა განახლდა. შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნიან პორტუგალიაში, საბერძნეთში, დანიასა და ირლანდიაში.

    აშშ–ში შტატების უმრავლესობამ შეზღუდვები უკვე მოხსნა, ან უახლოეს მომავალში მოხსნის. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც კარანტინიდან თანდათანობით გამოდიან, ათობით ამერიკულ შტატში დაუყოვნებლივ გაიხსნა ტატუ სალონები, სავარჯიშო დარბაზები, ბარები და სხვა ადგილები, რომლებიც სოციალურ იზოლაციასთან შეუთავსებელია. კვირას გამოცემამ US Today გააკეთა რეპორტაჟი ვაიომინგის შტატის სტრიპტიზ კლუბიდან, რომელმაც მუშაობა განაახლა. სტრიპტიზის მოცეკვავეები სცენაზე ნიღბებით გამოვიდნენ.

  • ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

    ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

    დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა იხსნება, რომელიც წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. რიგი ქვეყნები დღის წესრიგში კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიების საკითხის შეტანას მოითხოვენ.

    ასეთი წინადადებით გამოდიან ევროკავშირის ქვეყნები. ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია კი ამ ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავენ. ისინი მოითხოვენ პასუხებს: გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა მსოფლიოს Covid19-ის პანდემია აეცილებინა, რომელმაც 4.5 მილიონი ადამიანის დაინფიცირება და 300 ათასზე მეტი ადამიანის ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

    ასამბლეაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფლებამოსილების გაფართოების საკითხიც განიხილება. მონაწილე ქვეყნები განიხილავენ საკითხს, ორგანიზაციისთვის გადამდები დაავადებების აფეთქების კერებში შემოწმებისთვის საკუთარი ინსპექტორების გაგზავნის უფლების მინიჭების შესახებ.

    აპრილში ჯანმო აშშ–სა და ჩინეთს შორის ურთიერთბრალდებების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის აფეთქების დამალვაში ეხმარებოდა. აშშ–მ ჯანმო–ს დაფინანსებაც კი შეუწყვიტა.

    ორგანიზაცია ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ არ აქვს უფლებამოსილება ქვეყნების მთავრობებს ინფორმაციის გამჟღავნება აიძულოს.

    ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი თვლის, რომ მას “პოლიტიკური ფეხბურთისთვის“ იყენებენ.

  • ევროპის ქვეყნები პლაჟებს ხსნიან

    ევროპის ქვეყნები პლაჟებს ხსნიან

    მსოფლიოში ამ დროისთვის Covid19-ით 313 000 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4.7 მილიონს გადააჭარბა.

    ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ექსპერტებს აქვს საფუძველი ივარაუდონ, რომ რეალობაში ეს ციფრები ბევრად უფრო მაღალია.

    ამავე დროს, ბევრ ქვეყანაში ახალი დაინფიცირების შემთხვევები იკლებს და კარანტინი მსუბუქდება. საფრანგეთში, იტალიაში და საბერძნეთში ასობით პლაჟი გაიხსნა, თუმცა შეზღუდვებით. გარდა ამისა, იტალიამ განაცხადა, რომ 3 ივნისიდან საზღვრების გახსნის და ქვეყანაში გადაადგილებას აღადგენს. გერმანიაში კი შაბათს განახლებული ბუნდესლიგის ექვსი მატჩი ჩატარდა.

    საფრანგეთში და იტალიაში ასობით პლაჟი გაიხსნა, თუმცა ზღვაზე მოხვედრის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ადამიანები იძულებული გახდნენ საათობით მოეცადათ რიგში, რათა სოციალური დისტანცირების მოთხოვნები დაეცვათ.

    საფრანგეთის ხელისუფლება მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პოლიცია დამსვენებლებს დაშლის, თუ პლაჟებზე ხალხმრავლობა და სიმჭიდროვე იქნება.

    ზოგიერთი პლაჟი გახსნა საბერძნეთმაც, სადაც ტურისტული სფერო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. თუმცა საბერძნეთში შეზღუდვები და აკრძალვები ნარჩუნდება.

    შაბათს ქვეყნის 500–მდე პლაჟი გაიხსნა, თუმცა მზეზე გარუჯვის მსურველებს სოციალური დისტანცირების წესების დაცვა მოეთხოვებათ: 1000 კვადრატულ მეტრზე 40 ადამიანზე მეტი ერთდროულად არ უნდა იყოს. პლაჟის ქოლგები ერთმანეთისგან 4 მეტრზე მაინც უნდა იყოს დაშორებული, შეზლონგებს შორის დაშორება კი მინიმუმ 1 მეტრი უნდა იყოს.

    საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა, კირიაკოს მისოტაკისმა განაცხადა, რომ იმედი აქვს  ქვეყანაში ივლისში ტურისტული სეზონი გაიხსნება.

  • ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება

    ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება

    პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, წლის ბოლოსთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა შემუშავებული იქნება და ადამიანების მასობრივი აცრები სწრაფად ჩატარდება.

    „ვფიქრობ, დისტრიბუცია თითქმის პარალელურად ჩატარდება, რადგან ამისთვის შეიარაღებულ ძალებს ვამზადებთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა და დასძინა, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

    პრეზიდენტის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ჩვენებასთან, რომელიც დოქტორმა რიკ ბრაიტმა მისცა კონგრესს. ვაქცინების შემმუშავებელი ამერიკის მთავრობის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაუშვეს, კონგრესმენების წინაშე ჩვენებით წარსდგა. მისი თქმით, „ჩვენ არ გვაქვს გეგმა“ იმისთვის, რომ მასობრივად ვაწარმოოთ და გავანაწილოთ კორონავირუსის ვაქცინა. მან თქვა, რომ ვაქცინა საუკეთესო შემთხვევაში 12-18 თვეში შეიძლება იყოს მზად.

    დღეისათვის, კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 90 ვაქცინა მუშავდება. ერთ-ერთი გერმანული მწარმოებელი CureVac-ი ამბობს, რომ კომპანიის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ცხოველები ვირუსის დაბალი დოზებისგან დაიცვა. ვაქცინის კლინიკური გამოცდა ივნისში დაიწყება.

    რიკ ბრაიტი ბიოლოგიური კვლევისა და განვითარების სამსახურის დირექტორი იყო, რომელიც შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იმუნოლოგმა კონგრესს მამხილებლის საჩივარი გაუგზავნა.

    პრეზიდენტმა ტრამპმა ბრაიტზე თქვა, რომ „ის გაბრაზებულ, უკმაყოფილო თანამშრომელს ჰგავს, რომელიც სხვათა შორის, როგორც ამბობენ, არც ისე კარგად ასრულებდა თავის საქმეს.“

    წყარო: ამერიკის ხმა