Category: მსოფლიო

  • ბრიტანეთში ჩასულებს 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. დამრღვევები დაჯარიმდებიან

    ბრიტანეთში ჩასულებს 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. დამრღვევები დაჯარიმდებიან

    ბრიტანეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში დაავალდებულებს ბრიტანეთში ყველა ჩამსვლელს როკვირიანი იზოლაცია დაიცვას. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განაცხადა. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის ჯარიმა 1000 ფუნტი სტერლინგია.

    ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს უფლება მიეცემათ რეჟიმის დაცვის მოთხოვნის შესრულების მოულოდნელი შემოწმებები ჩაატარონ.

    ახალი წესები 8 ივნისიდან ამოქმედდება. ის ეხება როგორც უცხოელებს, ასევე ბრიტანელებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

    კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ბრიტანეთში 36 393–ს მიაღწია.

    ეპიდემიის მეორე ტალღის წინააღმდეგ მიღებული დამატებითი ზომების ფარგლებში შემოდის ანკეტის სავალდებულო შევსების მოთხოვნა, რომელშიც ბრიტანეთში თვითმფრინავით, ბორნით ან მატარებლით ჩასულმა ადამიანმა უნდა მიუთითოს ყველა საკონტაქტო მონაცემი.

    მათ სასაზღვრო სამსახურს უნდა აცნობონ მისამართი, რომელზეც აპირებენ თვითიზოლაციის ორი კვირა გაატარონ, ან სახელმწიფოს მიერ დროებით გამოყოფილ საცხოვრებელში საკუთარი ხარჯებით უნდა გაემგზავრნონ.

    გამონაკლისი იქნება მხოლოდ შორეული რეისების მძღოლებისთვის, ექიმებისთვის და ირლანდიის რესპუბლიკიდან ჩასული პირებისთვის.

    საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩასულებს საყოველთაო წესის დაცვა მოუწევთ, თუმცა ადრე ვარაუდობდნენ, რომ გამონაკლისი მათაც შეეხებოდა.

  • სასარგებლო კარანტინი: ორი პატარა ფრანგი სახლიდან გაუსვლელად გამდიდრდა

    სასარგებლო კარანტინი: ორი პატარა ფრანგი სახლიდან გაუსვლელად გამდიდრდა

    მოსაწყენი კარანტინი შესაძლოა ხანდახან სასარგებლოც აღმოჩნდეს. ასე მოხდა ფრანგულ ოჯახში, რომელმაც გადაწყვიტა კარანტინის პერიოდი ქალაქგარეთ მდებარე სახლში გაეტარებინა.

    60 წლის ფრანგმა ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს კარანტინის გამოცხადებისთანავე გადასულიყვნენ პარიზის სამხრეთ დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ვანდომში, სადაც ძველი ოჯახური სახლი აქვთ. მათმა ორმა შვილმა, რომლებიც ჯერ ათი წლისაც არ არიან გასართობად ეზოში ტოტებისგან, დაფებისგან და ძველი ზეწრებისგან პატარა ქოხის აშენება გადაწყვიტეს. მამამ ბიჭებს ნება მისცა გარდაცვლილი ბებიის ოთახში, კარადაში მოეძებნათ ძველი ზეწრები.

    ბიჭებმა ზეწრების გამოღებისას შენიშნეს, რომ კარადიდან ორი, საკმაოდ მძიმე ნივთი გადმოვარდა. დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა მაინც გადაწყვიტეს მამისთვის ეჩვენებინათ. თავიდან ჩათვალეს, რომ ეს ძველებური დანის დასადები იყო, თუმცა მამამ მაინც დაუკავშირდა ადგილობრივ სააუქციონო სახლს  და ექსპერტებს რამდენიმე ფოტო გაუგზავნა. როგორც გაირკვა, ნაპოვნი ნივთები ორი ოქროს ზოდია, რომელთაგან თითო 1 კილოგრამს იწონის.

    ორივე ზოდი ახლა ამ სააუქციონო სახლის ვებგვერდზეა გამოფენილი გასაყიდად. თითოს საწყისი ფასი 40 ათასი ევროა.

    როგორც გაირკვა, ბიჭების ბებიამ ეს ზოდები 1967 წელს შეიძინა. სახლში შენაძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთიც აღმოჩნდა.

    პანდემიის გამო ოქროს ფასი მუდმივად იზრდება. ექსპერტმა აუქციონისტებმა ოჯახს ურჩიეს მოიცადონ, სანამ ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება და ოჯახი მინიმუმ 100 ათასი ევროს მიღებას შეძლებს.

    ბიჭებმა მამას პირობა ჩამოართვეს, რომ ამ ფულიდან მათ ეზოში აუზს გაუკეთებენ.

  • აშშ–ს აეროპორტებში უსაფრთხოების წესები იცვლება

    აშშ–ს აეროპორტებში უსაფრთხოების წესები იცვლება

    შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ აეროპორტებში ცვლილებების დანერგვა დაიწყო. ახალი რეგულაციები პანდემიის შემდგომ პერიოდზეა გათვლილი და ვირუსით ინფიცირების რისკების მინიმუმზე დაყვანას ითვალისწინებს.

    ფედერალური ორგანოს მიერ შემუშავებული რეგულაციები მცირე დოზით უკვე დაინერგა. თუმცა, ცვლილებების უმეტესი ნაწილის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფრო ივნისის შუა რიცხვებისკენ მოხდება.

    უკვე ძალაშია თვალების, ან მთლიანად სახის პლასტიკური ფარით დაცვის ახალი განაწესი. მათ ტარებას ტრანსპორტის უსაფრთხოების ოფიცრებს ურჩევენ. რუტინული დეზინფექციაც უკვე ხდება, სისტემატურად იწმინდება ზედაპირები, რომელსაც აეროპორტის თანამშრომლები, ან მგზავრები ეხებიან.

    დაიწყო მზადდება სოციალური დისტანციის დასაცავად, რაც ასევე პლასტიკური, თხელი, გამჭვირვალე კედლების საშუალებით მოხდება. მგზავრებს უსაფრთხოების შემოწმებით გათვალისწინებული სკანირების წინ, ქამრების, გასაღებების, საფულეების ჩაწყობა სპეციალურ მცირე ზომის ყუთებში აღარ მოუწევთ, არამედ თავისივე სამგზავრო ჩანთაში უნდა გადაალაგონ.

    საჭმელი გამჭვირვალე პარკებში უნდა მოთავსდეს და მათი სკანირება ცალკე ისე უნდა მოხდეს, რომ უსაფრთხოების ოფიცრებს მათთან შეხება არ მოუწიოთ. რეისზე რეგისტრაცია მგზავრებმა თავად უნდა გაიარონ და ამობეჭდონ შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი, რომ აეროპორტის თანამშრომლებთანაც შეხება მინიმუმზე დავიდეს.

    მგზავრებს დაბეჯითებით ურჩევენ ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცირების რეგულაცია. გამგზავრებამდე მათ მოუწოდებენ წინასწარ დაუკავშირდნენ აეროპორტს, რომლითაც უნდა ისარგებლონ და გადაამოწმონ უსაფრთხოების რეგულაციები, რადგან ისინი შეიძლება ჯერჯერობით სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული იყოს.

    სამგზავრო უსაფრთხოების პუნქტებს ამერიკულ აეროპორტებში დღეში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი გადის. მარტში მათი რიცხვი მკვეთრად დაეცა, თუმცა აპრილის ბოლოდან დაწყებული, სტაბილურად მატულობს. დღეს შეერთებული შტატების აეროპორტებში, სამგზავრო უსაფრთხოების პუნქტებს დაახლოებით 230 000 ადამიანი გადის.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პაკისტანში თვითმრინავი ჩამოვარდა, 99 მგზავრით და ეკიპაჟის 8 წევრით

    პაკისტანში თვითმრინავი ჩამოვარდა, 99 მგზავრით და ეკიპაჟის 8 წევრით

    პაკისტანში, კარაჩის სიახლოვეს პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. სამოქალაქო ავიაციის ადგილობრივი სამმართველოს ცნობით თვითფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როცა აეროპორტში დასაფრნად ემზადებოდა.

    პაკისტანის სახელმწიფო არხებმა აჩვენეს კადრები, სადაც ჩანს, რომ ლაინერი ქალაქის საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

    სამმართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო.

    თვითმფრინავთან კავშირი დაფრენამდე ერთი წუთით ადრე დაიკარგა.

    ქვეყნის ხელისუფლებამ ფრენები რამდენიმე დღის წინ აღადგინა.

  • ევროპული მუზეუმები იხსნება, თუმცა უდიდესი ზარალის ფონზე

    ევროპული მუზეუმები იხსნება, თუმცა უდიდესი ზარალის ფონზე

    ევროპის ქალაქებში კულტურული ცხოვრება ბრუნდება. ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ათენის აკროპოლისის და რომის ფორუმის ნახვა. იუნესკოს მონაცემებით კორონავირუსის გამო მსოფლიოს მუზეუმების 95% – დაახლოებით 85 ათასი მუზეუმი იძულებული გახდა კარანტინის გამო რამდენიმე დღით მაინც დაკეტილიყო. თუმცა კარანტინის შემსუბუქების შემდეგაც დამთვალიერებლები მუზეუმებში მისვლას არ ჩქარობენ. მუზეუმები ჯერ თითქმის ცარიელია.

    პორტუგალიაში გალერეების უმრავლესობა 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს ამუშავდა, თუმცა არა მთელი ძალით. ჯერჯეობით ექსკურსიები დაშვებული არ არის, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარება.

    ვენის, პარიზის, ამსტერდამის უმსხვილესი მუზეუმები ზარალს ითვლიან. მათი შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%–ით შემცირდა.

    მუზეუმების ნაწილი დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს, თუმცა მათთვის ბილეთებს გაყიდვით და ვიზიტორებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთაზებით მიღებული შემოსავალი  უმნიშვნელოვანესია.  ისინი წლევანდელ წელს უიმედოდ უყურებენ და უჭირთ პროგნოზირება, როდის დასტაბილურდება შემოსავლები.  უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბევრისთვის ყოფნა–არყოფნის საკითხიც შეიძლება აღმოჩნდეს.

    იუნესკო გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა კარანტინის შემდეგ მთელ მსოფლიოში მუზეუმების 13% უბრალოდ ვეღარასოდეს გაიხსნას.

  • აშშ–ში და ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა. ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არიდებს

    აშშ–ში და ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა. ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არიდებს

    საკარანტინე ზომების შემსუბუქებასთან ერთად, ამერიკის დიდ ქალაქებში კიდევ ერთი ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და სხვა დიდ ქალაქებში, ინფიცირების შიშით, ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არიდებს და მიმოსვლას მანქანით ამჯობინებს. სუბსიდირების ნაკლებობით ცნობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები კიდევ უფრო სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

    თვალშისაცემი რეალობა უახლესი გამოკითხვებითაც დასტურდება. ბოლო დღეებში ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, ქალაქში მცხოვრები ის ამერიკელებიც კი, ვისაც მანქანა ცხოვრებაში არ ჰყოლია, პირველად იძენენ ავტომობილს. ეს ავტომწარმოებლებისთვის კარგი სიახლეა, მაგრამ ქალაქის მერიების, ქალაქდაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების და გარემოს დაცვისთვის არც ისე სახარბიელო ტენდენციაა.

    იგივე დინამიკა დაფიქსირდა ჩინეთშიც, სადაც კარანტინი უფრო ადრე მოიხსნა და ეკონომიკის ამუშავებასაც შეუდგნენ. იმის მიუხედავად, რომ კარანტინი უკვე ორი თვეა მოიხსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 35%-ზე რჩება, მაგრამ გაიზარდა პერსონალური ავტომობილების ყიდვის მაჩვენებლები.

    კომპანია „ფორდ მოტორსის“ ოპერაციების ხელმძღვანელი ჯიმ ფარლი ამბობს, რომ მათ ჩინეთში შედარებით ძვირი მანქანების გაყიდვის მაჩვენებლები გაეზარდათ. „ფორდის“ მონაცემებით, ავტომობილებს ძირითადად ოფისში მომუშავე, შედარებით მაღალი ანაზღაურების მოქალაქეები ყიდულობენ.

    მეტროსადგური ჩინეთში

    ანალოგიური მაჩვენებლები აქვს „ფოლკსვაგენის“ ცენტრებს ჩინეთში. წინა წელთან შედარებით, მანქანების გაყიდვა აპრილის ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა – ამბობს ჯერგენ სტაქმენი, „ფოლკსვაგენის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

    ჩინეთის მსუბუქი მანქანების ასოციაცია აცხადებს, რომ აპრილის ბოლო კვირაში ავტომობილების გაყიდვა 12.3% -ით გაიზარდა. ჩინეთშიც ფიქრობენ, რომ ეს პანდემიის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდების მიზნით ხდება.

    შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობამ დღეისთვის 95%-ით იკლო. პროგნოზების მიხედვით, დიდი ქალაქების სატრანსპორტო სისტემებს სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები და მწვავე დეფიციტი ემუქრება, რაც სავარაუდოდ, 2022 წლამდე გასტანს. ურთულესი ვითარება იქმნება ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც პანდემიამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად 5.5 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.

    სატრანსპორტო სააგენტოებმა მთავრობისგან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტი მიიღეს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ისინი სააგენტოებისთვის დამატებით $33 მილიარდს ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელები საზოგადოებრივ ტრანსპორტს სავარაუდოდ, მომავალშიც ნაკლებად გამოიყენებენ, რისკის ქვეშ მთელი ინდუსტრია დგება.

    ვაშინგტონის მეტრო

    საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის „იფსოს“ გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ამერიკელების 72% ამბობს, რომ ან შეამცირებს ავტობუსებით, ბორნებით, მეტროთი და მატარებლებით სარგებლობას, ან დაელოდება იმ დროს, როცა მგზავრობა უსაფრთხო გახდება. გამოკითხულების 68% მგზავრობას ავტომობილს ამჯობინებს, ან    ამბობს, რომ უფრო მეტად გამოიყენებს მას.

    „ჩვენ მართლაც ვამაყობდით იმით, რომ მეტროთი ვსარგებლობდით, მაგრამ ახლა მანქანა გარეთ გასასვლელად უბრალოდ ყველაზე უსაფრთხო საშუალება გახდა“ – ამბობს განა ლინგსტოუნი. ის ქმართან და ხუთ შვილთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს. მანქანა მათ აქამდე არასდროს ჰყოლიათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მიხვდნენ, რომ უსაფრთხოებისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და აპრილში პირველი ავტომობილი, კომპანია „ჰონდას“ მოზრდილი მანქანა „ოდისეი“ შეიძინეს.

    ზოგიერთი სამსახური თანამშრომლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას არ ურჩევს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა თავის თანამშრომლებს სამსახურში სასიარულოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას უკრძალავს კიდეც.

    გამოკითხვა ჩაატარა მანქანების გაყიდვის ვებ-პლატფორმამაც, სახელად „თრუქარ“. მათი მონაცემებით, ამერიკელი მყიდველების 8% ამბობს, რომ ავტომობილის ყიდვის ან ქირაობის მთავარი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდება გახდა.

    ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით: საცობები გაცილებით რთული დასაძლევი გახდება – ამბობენ ამერიკელი მკვლევარები. მათი მოდელების მიხედვით, ინდივიდუალური გადაადგილების ხანგრძლივობა ამერიკის დიდ ქალაქებში სულ ცოტა 20 წუთით გაიზრდება, თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ყოველ 4 ადამიანს შორის, საჭესთან ერთი მაინც გადაჯდება.

    ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორი დენ უორკი ამბობს, რომ „თუ ოფიციალური პირები ვერ დაარწმუნებენ ხალხს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა, შეიძლება ამ ტიპის ტრანსპორტიდან მთლიანად გადავერთოთ“. ის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში ჩატარებული ახალი კვლევის თანაავტორია.

    ნდობის აღდგენისთვის, ამერიკის სატრანსპორტო სააგენტოები ევროპის და აზიის ქვეყნების გამოცდილებას სწავლობენ. არ არის გამორიცხული, დაინერგოს უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა: ტემპერატურის სავალდებულო გასინჯვა, ნიღბების სავალდებულო ტარება, სოციალური დისტანცირების რეგულაციის დაცვა ავტობუსებში, მეტროს პლატფორმებზე და ვაგონებში.

    ნიუ-იორკში უკვე ფართოდ დაინერგა სისტემატური დეზინფექციის მეთოდი. იწმინდება ყველაფერი, ბილეთის ასაღები მოწყობილობა იქნება ეს, ლიფტის ღილაკები, კიბის სახელურები, თუ ვაგონები. ნიუ-იორკის მერია ამბობს, რომ დეზინფექცია ცალკე აღებული, ქალაქს წელიწადში სულ ცოტა, 500 მილიონი დოლარი დაუჯდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კოვიდ19-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ყოველწლიურად გრიპით ინფიცირდება

    კოვიდ19-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ყოველწლიურად გრიპით ინფიცირდება

    მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო კვირების მონაცემებით, ყოველდღიურად, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროპაზე მეტი ინფიცირების შემთხვევები ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება.

    სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კოვიდ19-ის გავრცელების ახალი ფაზაა. თებერვალში პიკი ჩინეთში დაფიქსირდა, შემდეგ უფრო დიდი მასშტაბით იყო ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    ამ კვირაში აღრიცხული შემთხვევების უმრავლესობა ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება. ევროპაზე და შეერთებულ შტატებზე ახალი შემთხვევების 20-20 პროცენტი მოდის.

    კოვიდ-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ბრაზილიაში აღირიცხა. ქვეყანამ მონაცემებით გერმანიას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

    ბრაზილია ამ დროისთვის მსოფლიო რუკაზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა. თუმცა, ყოველდღიური მატებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს.

    სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ყოველ ორ კვირაში მსოფლიოში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონით იზრდება.

    მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ​6 თვეში 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გრიპის შემთხვევები ყოველწლიურად 3-5 მილიონის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდ19-ით უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ერთად აღებული ყველა შტამის გრიპით.

    პანდემიის გამო მსოფლიოში 326 000 ადამიანი გარდაიცვალა და მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით დიდია. გარდაცვალების აღრიცხული შემთხვევების ნახევარი ევროპაში ფიქსირდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პანდემიის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

    პანდემიის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

    კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეს. ასეთ პროგნოზს მსოფლიო ბანკის ეკონომისტები აკეთებენ.

    ოთხშაბათს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის სავარაუდოდ კატასტროფული იქნება.

    “ჩვენი შეფასებით 60 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეთ. ეს წყალში ჩაყრის მთელ შრომას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღატაკესთან საბრძოლველად იქნა გაწეული“.– ამბობს ის.

    მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიით “უკიდურესი სიღატაკე“ დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს.

    მსოფლიო ბანკმა 160 მილიარდი დოლარი მისცა გრანტებისა და კრედიტების სახით შემცირებული განაკვეთებით იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდა. მალპასის განცხადებით დახმარებისთვის მათ ასზე მეტმა ქვეყანამ მიმართა, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს. თუმცა მალპასი თვლის, რომ ეს საკმარისი არ იქნება. ის კომერციულ ბანკებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი არ ჩქარობენ ღარიბი ქვეყნებისთვის პანდემიის ფონზე ვალების ჩამოწერას.

    პანდემიის გამო წელს მკვეთრად შემცირდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზრდა. ჯერ კიდევ მარტში პირველად 50 წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა ჩინეთში, ევროკავშირი წლის შედეგების მიხედვით არსებობის მანძილზე მშპ–ს ყველაზე დიდ შემცირებას ელოდება. ამერიკული ეკონომიკა კი ზრდის ფაზიდან გამოვიდა, რომელიც ბოლო ათი წელი გრძელდებოდა.

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 324 ადამიანი.

  • ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლობას უარყოფს

    ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლობას უარყოფს

    ჩინეთი ამერიკასა და ავსტრალიას კოვიდ-19-ით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებს.

    ავსტრალიის მთავრობა აქტიურად ითხოვს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წარმოშობისა და მასზე რეაგირების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. შეერთბული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ჩინეთს ღიად აკრიტიკებს.

    ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა კმაყოფილება გამოთქვა იმ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც სამშაბათს იქნა მიღებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიაზე რეაგირების სიღრმისეულ შეფასებას გულისხმობს. რეზოლუცია დანდაცვის მსოფლიო ასამბლეას ევროკავშირმა და ორგანიზაციის სხვა წევრებმა წარუდგინეს. პეინის თქმით, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი გამარჯვებაა.

    ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა კი განაცხადა, რომ ჩინეთი გამოძიებას მიესალმება, თუკი ავსტრალია საერთასორისო საზოგადოების საერთო კონსენსუსს დაუბრუნდება. მისივე თქმით, პეკინი ყოველთვის მიესალმებოდა პანდემიის სიღრმისეულ შესწავლას თუკი ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ორგანიზებული და პროფესიულად და მიუკერძოებლად ჩატარდება.

    თუმცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულაც არ არის მიუკერძოებელი. ის საერთაშორისო ორგანიზაციას ხშირად ჩინეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრ მიდგომაში და მეტიც, მისთვის “ხელის დაფარებაში” ადანაშაულებს.

    ტრამპი ორგანიზაციისთვის დაფინანსების სამუდამოდ შეწყვეტით იმუქრება. ამ დროისთვის დაფინანსება დროებითაა შეჩერებული.

    შეფასება-შემოწმების ჩატარებისთვის კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით არ დასახელებულა, მაგრამ ჩინეთი ამბობს, რომ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. თუმცა ბევრი ექსპერტი აზრით, ვაქცინის სწრაფად შემუშავების შემთხვევაშიც კი, ვირუსი შესაძლოა ახლო მომავალში არ გაქრეს.

    მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, 323 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დღეიდან ევროპაში მენთოლიანი სიგარეტი აიკრძალა

    დღეიდან ევროპაში მენთოლიანი სიგარეტი აიკრძალა

    ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში 20 მაისიდან მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა იკრძალება, თუმცა არა მხოლოდ მენთოლიანის: აკრძალვა ეხება ყველა არომატიზირებულ სიგარეტს, სპეციფიური გემოთი. თუმცა, რადგან არომატიზირებული სიგარეტის ბაზრის უდიდესი წილი სწორედ მენთოლის გემოზე მოდის, ამ აკრძალვას ასე მოიხსენიებენ.

    სხვადასხვა გემოს მქონე სიგარეტების გარდა მაღაზიათა დახლებიდან გაქრება ფილტრები, ქაღალდი და კაფსულები, რომლებიც არომატიზატორებს შეიცავს.

    ბრიტანეთში იკრძალება წვრილი სიგარეტის გაყიდვაც. ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ ახალი ზომა ახალგაზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას გამოიწვევს.

    რატომ აიკრძალა მაინცდამაინც მენთოლიანი სიგარეტი?

    მიზეზი მისი არომატიზირების მექანიზმში და მისდამი მწეველების დამოკიდებულებაშია: ხშირად ფილტრის შიგნით თავსდება კაფსულა, რომელიც დაჭერისას სკდება და გემოს ცვლის. ანდა თავად ფილტრია გაჟღენთილი მენთოლის ზეთით, რომელიც სიგარეტს არომატს აძლევს.

    პირველად სიგარეტის ფილტრში მენთოლის დამატება 1920–იან წლებში დაიწყეს. მწარმოებლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი სიგარეტი ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხო იყო, საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისას კი ბუნების სურათებს – გრილი გაზაფხულის და წყლის გამოსახულებებს იყენებდნენ.

    ამით მყიდველს უჩნდებოდა სისუფთავის და უსაფრთხოების განცდა. სამიზნე ჯგუფი სწორედ დამწყები მწეველები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მწეველები იყვნენ.

    სინამდვილეში კი ორგანიზმზე მისი ზემოქმედებით სხვადასხვა არტომატის მქონე სიგარეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან და ზუსტად ისევე იწვევს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.

    არადა, როგორც  სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, ახალგაზრდებს აქვთ რწმენა, რომ მენთოლიანი სიგარეტი ნაკლებად საშიშია.

    მენთოლის არომატი კვამლის სუნს ნიღბავს, გარდა ამისა მენთოლს მოწევისას გამაგრილებები ეფექტი აქვს და შეიძლება ხველა ან ყელში უსიამოვნო შეგრძნება შეამსუბუქოს, რაც ბევრ მწეველს უჩნდება.

    ექიმები თვლიან, რომ სწორედ ამით აიხსნება ახალგაზრდების რწმენა მენთოლიანი სიგარეტის ნაკლებად მავნებლობის შესახებ. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ამიტომ ყიდულობენ ისინი ხშირად მენთოლიან სიგარეტს.

    კვლევებმა აჩვენა, რომ დამწყები მწეველები, თუ არომატიზირებული სიგარეტის მოწევას იწყებენ, უფრო მეტი შანსი აქვთ ნიკოტინდამოკიდებულები გახდნენ, ვიდრე მათ, ვინც არაარომატიზირებულ სიგარეტს ეწევა.

    “მენთოლის გამაგრილებელი და მაანესთეზირებელი მოქმედება მოწევის მოკლევადიან ნეგატიურ ფიზიოლოგიურ ეფექტებს ნიღბავს, როგორიცაა ყელის ტკივილი, წვა და ხველა. ეს კი  მწეველის ფისქოლოგიაში იწვევს რწმენას, რომ ასეთი სიგარეტი ნაკლებად საშიშია ჯანმრთელობისთვის.“ – ამბობს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი სტეისი ანდერსონი.

    უფრო მეტიც , სტატისტიკა მოწმობს, რომ მენთოლის სიგარეტის მომხმარებლები უფრო მეტს ეწევიან და იშვიათად ანებებენ თავს მოწევას. საქმე იმაშია, რომ მენთოლიანი სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრისთვის უფრო რთულია, მისი სასიამოვნო გემოს გამო.

    ბრიტანეთში ბოლო წლების მანძილზე არომატიზირებული სიგარეტის წილი ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა.

    ფორმალურად ამკრძალავი კანონი ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს, ანუ ბრექსითამდე, თუმცა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ის დღესაც  აქტუალურად აღიაროს, და ევროკავშირის სხვა ქვეყნების  მსგავსად 20 მაისიდან აამოქმედოს.

    მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა კანადაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა.

    მას შემდეგ ექსპერტები სიტუაციას აკვირდებოდნენ და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვით აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება(24%), ან მცდელობა დაიწყო(64%).