Category: მსოფლიო

  • უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ჰოსპიტალიზირებულია. კორონავირუსის შედეგად მას ორმხრივი პნევმონია განუვითარდა

    უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზენესკაია, რომელსაც გასულ კვირას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

    პრეზიდენტის ოფისის განცხადებით ელენა ზელენსკაიას Covid19-ის დიაგნოზთან ერთად “ორმხრივი პოლისეგმენტარული საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს. მდგომარეობა სტაბილურია. ჟანგბადის ხელოვნურ მიწოდებას არ საჭიროებს.“

    თავად ვლადიმირ ზელენსკის და წყვილის შვილებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. მათ ორშაბათს განმეორებითი ტესტები ჩაუტარეს, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

    ცოლის ავადმყოფობის გამო ზელენსკი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის – ის შეხვედრებს ფიზიკურად აღარ გამართავს და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველა თათბირი პრეზიდენტის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში იმართება.

    პრეზიდენტის პრესსამსახურის თქმით ამ პროტოკოლიდან გადახვევა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებშია შესაძლებელი, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.

  • პეკინში ორკვირიანი კარანტინი ცხადდება

    კვირას საღამოს ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის ხელისუფლებამ ქალაქში მოქმედი ყველა კომპანია და ბიზნესი დაავალდებულა თანამშრომლები 14 დღიან კარანტინში გაუშვან. ეს ქალაქში კორონავირუსის ახალი აფეთქების შემდეგ მოხდა. ეპიცენტრი პეკინში უმსხვილესი საბითუმო ბაზარი გახდა, რომლის ათობით თანამშრომელს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. ქალაქის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინისთვის საგანგებო პერიოდი დადგა. ახალ აფეთქებამდე ქალაქში რამდენიმე კვირის მანძილზე კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

  • ვინ არის დამნაშავე კორონავირუსის ეპიდემიაში:ევროპელები ხელისუფლებების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და გამოძიებას ითხოვენ

    კორონავირუსისგან ევროპის ყველაზე დაზარალებული ქვეყნების მაცხოვრებლებს ხელისუფლების ქმედებების გამოძიება და იმის გარკვევა უნდათ, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ეპიდემიისგან ადამიანების გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად. ამ ინიციატივით იტალიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ესპანეთში Covid19–ისგან გარდაცვლილთა ნათესავები გამოვიდნენ.

    ოთხივე ქვეყანაში გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ კარანტინი იმაზე ადრე უნდა გამოცხადებულიყო, ვიდრე ეს ხელისუფლებამ გააკეთა.

    კორონავირუსისგან გარდაცვლილი 450 ბრიტანელის ნათესავები მოითხოვენ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ღია მოსმენა პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების ქმედებების შესახებ. მსგავსი განხილვა მათი აზრით ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან დიდ ბრიტანეთში ეპიდემია გრძელდება, მათი აზრით ხელისუფლების არაეფექტურობის გამო.

    ჯერ კიდევ მაისში ესპანეთში გარდაცვლილთა ნათესავებმა სასამართლოში უჩივლეს პრემიერ პედრო სანჩესს, ივნისის დასაწყისში კი პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა  ხელისუფლების ქმედებები პანდემიის დროს არაგანზრახ მკვლელობისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს.

    იტალიაში კორონავირუსის 50 მსხვერპლის ნათესავებმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალური სარჩელი შეიტანეს ხელისუფლების წინააღმდეგ და ის პანდემიის დროს  დაუდევრობასა და არასწორ ქმედებებში დაადანაშაულეს. 50 საჩივარი ბერგამოს პროკურატურაში შევიდა.ისინი შემდეგ ერთ საქმედ გაერთიანდება. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, სტეფანო ფუსკო აცხადებს, სწორედ ეს ქალაქი იქცა იტალიის ტრაგედიის სიმბოლოდ.

    იტალიაში გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ ბერგამოში და კორონავირუსის აფეთქების სხვა ძირითად ეპიცენტრებში აუცილებელი იყო კარანტინის უფრო  ადრე შემოღება. კერძოდ, ლომბარდიის რეგიონის დიდი ნაწილი კვლავ ღია რჩებოდა იმ დროს, როცა უკვე ნათელი იყო, რომ ვირუსმა “წითელ ზონად“ გამოცხადებული ქალაქების საზღვრები გაარღვია. ევროპაში კორონავირუსის გავრცელება სწორედ ლომბარდიიდან დაიწყო. იტალიაში გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. სულ იტალიაში კორონავირუსისგან 34.345 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ დღეებში  პროკურორი პრემიერ მინისტრს ჯუზეპე კონტეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, დელ ლუჩანუ ლამორჯეზეს და ჯანდაცვის მინისტრს, რობერტო სპერანცუს დაკითხავს. კონტემ განაცხადა, რომ მას არაფრის ეშინია.

    პარიზის პროკურორმა, რემი ეიტცმა გასულ კვირას თქვა, რომ გამოძიების მიზეზი მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვები გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. პროკურატურა ჩინოვნიკების ქმედებებს შეისწავლის, რომლებიც ეპიდემიის აფეთქებაზე რეაგირების შესახებ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

    პარიზელები იმის გამო ჩივიან, რომ სამუშაო ადგილებზე არასაკმარისად სწრაფად შემოიღეს სოციალური დისტანცირების წესები, მოქალაქეებს ნიღბებით არ ამარაგებდნენ და საკმარის ტესირებას არ ატარებდნენ.

    გამოძიების სამიზნე სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტი გახდება, რომლებიც პარიზში არიან ბაზირებული და ამგვარად პარიზის პროკურატურის იურისდიქციაში ხვდებიან. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით არის დაცული. საფრანგეთში პანდემიის შედეგად 29 407 ადამიანი გარდაიცვალა.

    რაც შეეხება ესპანეთს, გარდაცვლილთა ნათესავები თვლიან, რომ პედრო სანჩესმა და 22–მა მინისტრმა ვერ შეძლეს სწრაფი რეაგირება და საკარანტინო შეზღუდვები დააგვიანეს. ესპანეთში კორონავირუსს 27 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

    ბრიტანეთში კი გარდაცვლილთა ნათესავები იმის შეფასებას ითხოვენ, რამდენად იყვნენ მზად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და სოციალური სამსახურები პანდემიისთვის.  ღია განხილვის დაწყების ოფიციალურ მოთხოვნაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის პიკზე საავადმყოფოებიდან უკან, ხანდაზმულთა სახლებში დააბრუნეს 25 ათასზე მეტი პაციენტი, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი იყო კორონავირუსის მატარებელი, რადგან ეს არავის შეუმოწმებია.

    ოჯახების ინტერესს ადვოკატი ელკან აბრაჰამსონი იცავს, რომელიც აცხადებს, რომ მოსმენა აუცილებლად შედგება, თუმცა მოგვიანებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად მთელი მისი ყურადღება ეპიდემიასთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული. დაღუპულთა ოჯახების ჯგუფი კი, რომელიც თავს სამართლიანობისთვის მებრძოლებს უწოდებს, მოსმენის დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს, რადგან მათი აზრით მხოლოდ ხელისუფლების ქმედებებში დაუყოვნებლივი ჩარევა შეაჩერებს შემდგომ მსხვერპლს.

    ბრიტანეთში ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 41 ათასს აჭარბებს.

    ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამეცნიერო თანამეგობრობის ექსპერტიზას ეფუძნებოდა. თუმცა, ერთ–ერთი გარდაცვლილი ბრიტანელის შვილი, ჯეიმი ბრაუნი თვლის, რომ ლოკდაუნის 23 მარტს შემოღების გადაწყვეტილება მეტისმეტად დაგვიანებული იყო. მამამისი საავადმყოფოში 29 მარტს გარდაიცვალა – ორი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა ლონდონის ცენტრში მატარებლით იმგზავრა.

    ბრაუნის აზრით მამამისის სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ კარანტინს ადრე შემოიღებდნენ. ის ამბობს, რომ მამა მთავრობის რჩევამ დაღუპა, რომელიც ყველას მოუწოდებდა სახლებში დარჩენილიყვნენ. სწორედ ამის გამო არ მიმართა დაინფიცირებულმა მამაკაცმა დროეულად სამედიცინო დახმარებისთვის.

    “რაც შეიძლება მალე უნდა გავიგოთ, სად იქნა დაშვებული შეცდომა და რატომ აღმოვჩნდით ყველა ასეთ სიტუაციაში“– ამბობს ის.

    ადვოკატი აბრაჰამსონი ამბობს, რომ მეორე ტალღის მოლოდინის გამო აუცილებელია ვიცოდეთ, რას აპირებს ხელისუფლება მეორე ტალღის შემთხვევაში. მისი თქმით, სურს ზუსტად იცოდეს რომელი სამეცნიერო ექსპერტიზა უდევს საფუძვლად სკოლების გახსნის და მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას.

  • “სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…“–აშშ–ს მთავარი ინფექციონისტი

    “სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…“–აშშ–ს მთავარი ინფექციონისტი

    მსოფლიო მასშტაბით კარანტინის  ზომების  მოხსნასთან ერთად,  იზრდება პანდემიის  გავრცელების  ზრდის  და ახალი  კორონავირუსის მეორე ტალღის შემოტევის შიში. ვაქცინები ასეთ დროს ყველაზე რეალურ გამოსავლად მოიაზრება. შეერთებული  შტატების  წამყვანი  ინფექციონისტი  ენტონი  ფაუჩი ხშირად ამბობს, რომ კოვიდ-19-ისგან დამცავი ვაქცინების წარმოებას ის ჯერ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. რას უნდა ველოდოთ ახლო  მომავალში და როგორი იქნება პოსტპანდემიური სამყარო?

    კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ ამერიკაში 2 მილიონს გადააჭარბა და ისევ მატულობს, თუმცა ისე სწრაფად აღარ. გარდაცვლილთა რაოდენობა 116 ათასზე მეტია.

    ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გარკვეულწილად, ტესტირების ინტენსივობასაც მიაწერენ. ამ კვირის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში, ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: ერთ დღეში ანალიზი ნახევარ მილიონზე მეტმა აადმიანმა აიღო. აქედან დადებითი პასუხი საშუალოდ 4-დან 7 პროცენტამდე ამერიკელს მიუვიდა.

    მონაცემები ჯერჯერობით უმჯობესდება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის შტატებში. თუმცა, ინფიცირების მაჩვენებლები ახლა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შტატების მიმართულებით უარესდება: არიზონა, იუტა, ნიუ-მექსიკო… სტაბილური კლების შემდეგ, ინფიცირების მონაცემები ისევ აღმავლობის გზაზეა კალიფორნიის და ფლორიდის შტატებში, რასაც სპეციალისტები კარანტინის შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირებენ.

    ვფიქრობცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მთელი ამერიკის ერთგანზომილებიან კატეგორიებში მოქცევასეს ძალიან დიდი ქვეყანაასადაც სხვადასხვა შტატებსრეგიონებსქალაქებსსოფლებს და საგრაფოებს ინფიცირების განსხვავებული მონაცემები აქვსისეთ ადგილზე თუ ცხოვრობთსადაც ნაკლები ინფიცირებააშეგიძლია სახლიდან გახვიდე… თუ აქტიური ინფიცირების კერაში ცხოვრობეს არ იქნება გონივრული… ზოგან არაუშავს სკოლების გახსნასთუმცაარის რეგიონებისადაც არ უნდა გაიხსნას “ – ამბობს ექიმი ფაუჩი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მონაცემების ზრდას 25 მაისს, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციებიც შეუწყობს ხელს. აქციების ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ დემონსტრანტებს, თუ სამართალდამცველებს ზოგჯერ ნიღბებიც კი არ უკეთიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შორის სოციალური დისტანცირების არარსებობაზე.

    ექიმ ფაუჩის თქმით, მას არაერთხელ უთქვამს, რომ მასობრივი თავშეყრა პანდემიის დროს ბევრ რისკს შეიცავს: იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გქონდეს დემონსტრაციაზე გასვლის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების მიზეზი, ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო ის, რომ საჯარო თავშეყრა  რისკიაუნიღბოდ  ჯგუფური  თავშეყრაკიდევ უფრო დიდი რისკიგანსაკუთრებით იქსადაც ლოზუნგებს გაჰყვირიანჩვენ სიტუაციას ვაკვირდებით.განსაკუთრებით შემაშფოთებელიარომ ეროვნული გვარდიის წევრები იყვნენ ინფიცირებულებირაც სხვების ინფიცირების ალბათობას ზრდის“.

    ნიღბების გამოყენებაზე რეკომენდაცია რამდენჯერმე შეიცვალა, ზოგჯერ ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო კიდეც. საინტერესოა, დღეს რა აზრზე შეჯერდნენ ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები?

    “შეიძლება ითქვას, რომ ნიღბის ტარება ყოველთვის აჯობებს მის არტარებას. მან შეიძლება 100 პროცენტით არ დაგვიცვას, მაგრამ გარკვეული ხარისხით, თქვენც გიცავთ და სხვებსაც – თქვენგან… ჩვეულებრივ ნაჭერსაც არაუშავს, ქირურგიული ნიღბებიც კარგია. არ არის N-95 ნიღბების გამოყენების საჭიროება. ჩვენ ისინი ჯანდაცვის სფეროს მოსამსახურე პერსონალს უნდა დავუზოგოთ, რადგან ისინი მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფებიან” – ამბობს ექიმი.

    მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ თანდათან იხსნება ბიზნესები, სამთავრობო დაწესებულებები, ქალაქები და უკვე ქვეყნებიც კი, მსოფლიოს დიდი ნაწილი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს ახალი კორონავირუსის პირველ ვაქცინებზე. ენტონი ფაუჩის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ კანდიდატ ვაქცინებზეა საუბარი. თუმცა, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ისევ იმეორებს, რომ მათ გამოჩენას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს.

    ოპტიმიზმის მიზეზს ის მაძლევსრომ ადრეული კლინიკური გამოცდა სასურველ შედეგს აჩვენებს… ის ექსპერიმენტულ ფაზაში [ინფიცირებისგანიცავს ცხოველებს და პიველ ფაზაში – ადამიანებსაც… თუმცასრული გარანტიარომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურიავერასდროს გვექნება… ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ითქვასრომ სწორი მიმართულებით მივდივართ – აღნიშნავს ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი და ამბობს, რომ თითოეული კანდიდატი ვაქცინის მწარმოებელი აპირებს გამოუშვას 200-300 მილიონი დოზა. შემდეგ კი, დროთა განმავლობაში მათი სამიზნე მილიარდამდე დოზის წარმოებაა.

    მაგრამ, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, თუნდაც ბაზარზე რამდენიმე უსაფრთხო ვაქცინა ერთდროულად გამოჩნდეს, ვაქცინოლოგების აზრით, ჯერჯერობით მაინც ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენ ხანს გასტანს ამ ვაქცინების მოქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.

    „ჩემი ღრმა რწმენითამ საშინელი პანდემიის გამოცდილებით ვისწავლეთ ისრომ რესპირატორული  ინფექციები  იოლად  ვრცელდება. შიში ჩვენთან  დარჩებაშეიძლება ამას  რამდენიმე წელი დასჭირდეს,მაგრამ თანდათან ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით… ასე რომ ჯერ სიფრთხილე გვმართებსგახსნის მიუხედავადგარეთ ინფექციის ისეთი დონეარომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“ – ამბობს ექიმი ფაუჩი.

    შესაბამისად, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციების დაცვა და საჯარო ადგილებისთვის თავის არიდება, კიდევ დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი.

    წყარო: ამერიკის ხმა.

  • რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ხელახალი გადათვლის შედეგად გაორმაგდა

    რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების აპრილის მაჩვენებელი მინიმუმ გაორმაგდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გარდაცვლილთა კლასიფიკაციის პრინციპი შეცვალა.  ამ კვირას ჯანმომ რუსეთს თხოვნით მიმართა აეხსნა, რა მეთოდიკა გამოიყენება სიკვდილიანობის დათვლისთვის.

    გასულ დღეღამეში რუსეთში კორონავირუსით 8706 დაინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 114 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვმა 6829–ს მიაღწია. სულ რუსეთში 520 000ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში თანდათანობით უქმდება, თუმცა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

    სტატისტიკის ახალი მეთოდის გამოყენების შედეგად სიტუაცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ჩანდა.

    როსსტატის ახალი მონაცემებით აპრილში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალებების რიცხვი 2.5–ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე იყო გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც გამოთვლის პრინციპი შეიცვალა, აპრილში გარდაცვლილთა რიცხვმა 2712–ს მიაღწია.

    ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მაისის მონაცემების გადათვლის შემდეგ დიდი ალბათობით ციფრები კიდევ უფრო უარესი იქნება. ეს იმასთან არისი დაკავშირებული, რომ ყოველდღიურად რეგისტრირებულ დაავადების ახალ შემთხვევათა რაოდენობამ პიკს სწორედ მაისში მიაღწია.

    ოფიციალურად რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6829–ს შეადგენს, თუმცა კვირის დასაწყისში მოსკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი მეთოდიკით დათვლის თანახმად, მხოლოდო მაისში და მხოლოდ მოსკოვში კორონავირუსით 5260 ადამიანი გარდაიცვალა.

    აქამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ის გარდაცვლილები შედიოდნენ, რომელთა გარდაცვალების უშუალო მიზეზი კორონავირუსი გახდა. თუმცა ახლა უკვე სტატისტიკაში შეყავთ ყველა გარდაცვლილი, რომელთაც ვირუსი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, გახდა თუ არა მათი გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ ვირუსი.

  • არეულობა და ძალადობა ლონდონში: დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

    ასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონის ცენტრში მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, თავი აერიდებინათ მასობრივი მანიფესტაციებისთვის. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

    პოლიციას აქციის მონაწილეებმა ალკოჰოლური სასმელის ბოთლები ესროლეს. დემონსტრანტები, რომელთა შორის უკიდურესი მემარჯვენე მოძრაობების წარმომადგენლები და ფეხბურთის ფანატები შედიან, ამტკიცებენ, რომ ქანდაკებების და მონუმენტების დასაცავად, ასევე პოლიციის დასაცავად მივიდნენ რასიზმთან მებრძოლების თავდასხმებისგან.

    შაბათს ლონდონში სიტუაციის გამწვავების მოლოდინში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს.

    მთელ ქვეყანაში, ისევე როგორც დედაქალაქში რასიზმის წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. გასულ კვირას ძეგლების მიმართ ვანდალიზმის აქტებისა და არეულობების შემდეგ პოლიციამ შეზღუდვები შემოიღო ზოგიერთი ჯგუფის მიერ საპროტესტო აქციების გამართვაზე.

    ამასთან, სხვადასხვა დაჯგუფებების წარმომადგენლები, მათ შორის რადიკალი მემარჯვენეები მანამდე ავრცელებდნენ გაფრთხილებას, რომ ბრიტანული ისტორიის სიმობლოების დასაცავად ლონდონში ჩამოსვლას აპირებდნენ.

    ლონდონის სხვადასხვა ნაწილში ნაციონალისტური ორგანიზაციების აქტივისტებსა და შავკანიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას Black Lives Matter–ს შორის შეტაკებები მოხდა.

    ასობით ადამიანი, ძირითადად თეთრკანიანი მამაკაცები შეიკრიბნენ კენოტაფთან, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელების მთავარი მონუმენტია. ის უაიტჰოლში, უინსტონ ჩერჩილის ძეგლთან მდებარეობს, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ყუთი ჩამოაცვეს.

    გასულ კვირას მოძრაობა Black Lives Matter–ის ატივისტებმა კენოტაფზე ბრიტანული დროშის დაცვა სცადეს, ასევე საღებავი წაუსვას ჩერჩილის ძეგლს.

    უკვე მოხდა რამდენიმე შეტაკება დამცავი აღჭურვილობით შეიარაღებულ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც პოლიციის კორდონისკენ მაღლა აწეული ხელებით და შეძახილებით “ინგლისი!“ გაემართნენ.

    ზოგმა დემონსტრანტმა კენოტაფთან განლაგებული დამცავი ლითონის ბარიერების მოხსნა მოახერხა, პოლიციელებს ჯოხის ტარები, კვამლის პეტარდები და საგზაო კონუსები დაუშინეს. პოლიციამ საპასუხოდ რეზინის ხელკეტები გამოიყენა.

    ამის შემდეგ აქტივისტების ჯგუფებმა ტრაფალგარის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც პეტარდების სროლა პირდაპირ ხალხის მასაში დაიწყეს.

    პოლიციამ ზომები მიიღო, რათა ისინი ჰაიდ პარკში არ შეეშვა, სადაც მოძრაობა Black Lives Matter–ის აქტივისტების მშვიდობიანი ანტირასისტული დემონსტრაცია მიმდინარეობდა.

    მოძრაობის ორგანიზატორებმა მომხრეებს მოუწოდეს ამ შაბათ–კვირას დაგეგმილ ანტირასისტულ მიტინგებში მონაწილეობისგან, უკიდურეს მემარჯვენეებთან შესაძლო შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.

    ბრიტანეთის შს მინისტრმა, პიტი პატელმა ტვიტერში პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებებს მიუღებელი ხულიგნობა უწოდა.

    “ყველამ, ვინც ძალადობის და ვანდალიზმისკენ იხრება, საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს კანონის მთელი ძალა. არ დავუშვებთ ჩვენი პოლიციელების მიმართ ძალადობის გამოვლენას“– დაწერა მან.

    შაბათსვე ასობით ადამიანი შეიკრიბა გლაზგოში , ბრისტოლში, ბელფასტში ომის გმირების მონუმენტთა დასცავად.

    მთელ ქვეყანას, ბრაიტონის, ნიუკასლის, ლივერპულის, ჩელმსფორდის ჩათვლით ასევე მოედო რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ტალღა.

    ბრაიტონში რასიზმის მოწინააღმდეგეებსა და ქალაქის სამხედრო მემორიალთან შეკრებილ უკიდურეს მემარჯვენეებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც ათასზე მეტი დემონსტრანტი შავ სამოსში და ნიღაბში ერთი მილის სიგრძის ჯაჭვად გამწკრივდა სანაპიროს გასწვრივ მდუმარე პროტესტის გამოსახატად.

    ნიუკასლში ანტირასისტული მოძრაობის წევრებს კონტრდემონსტრანტები სტვენით შეხვდნენ.

    ლონდონის მერი, სადიკ ხანი ხალხს მოუწოდებდა შაბათს ლონდონის ცენტრისთვის თავი აერიდებინათ, რადგან ქალაქში უკიდურესი მემარჯვენეები აპირებდნენ ჩამოსვლას, რაც ძალადობას და არეულობას გამოიწვევდა.

  • ამერიკელი კანონმდებლები პოლიციის მიერ თეთრ სახლთან დემონსტრაციის დაშლის გამოძიებას ითხოვენ

    სამი ამერიკელი კანონმდებელი ფედერალურ სამეთვალყურეო უწყებას სთხოვს გამოიძიოს ამერიკის პარკების პოლიციის მიერ თეთრი სახლის წინ დემონსტრაციის დაშლის ინციდენტი იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ფედერალურმა პოლიციამ კანონი.

    გამოძიების მოთხოვნა სამშაბათს ამერიკის შიდა საქმეების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორ მარკ ლი გრინბლატს გაეგზავნა.

    პარკების პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 1 ივნისს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და ჟურნალისტები და დემონსტრაციის მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით განდევნეს ლაფაეტის სკვერიდან, რომელიც თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარყოფს ბრალდებას, რომ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან სკვერის ტერიტორიის გაწმენდა იმისთვის მოხდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე წუთით გამოსულიყო და იქვე მდებარე ეკლესიასთან ფოტოები გადაეღო.

    გამოძიებას ორეგონის სენატორი რონ ვიდენი, წარმომადგენელთა პალატის ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე რაულ გრიჰალვა და კონგრესმენი დებრა ჰალანდი ითხოვენ.

    კანონმდებლები წერილში ამბობენ, რომ კონსტიტუციის „პირველი დამატება, რომელიც სიტყვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების და პრესის თავისუფლების [გარანტიაა], ყველა სხვა უფლების ფუნდამენტს წარმოადგენს. პარკის პოლიციის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ამ უფლებების შელახვას ემსახურებოდა, თითოეული ამერიკელის შეურაცხყოფაა და მასზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.“

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ – ნილ ფერგიუსონი

    როგორ შეცვლის სამყაროს ახალი კორონავირუსი, რას ნიშნავს ის საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში – ამ თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ცნობილ ისტორიკოსს, ჰუვერის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს და ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ ფერგიუსონს ესაუბრა.

    როგორც ისტორიკოსი, თქვენ სწავლობთ, თუ როგორ შეცვალა წინა პანდემიებმა საზოგადოება. რას უნდა ველოდოთ ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

    გააჩნია, თუ რამხელა გავლენა ექნება ახალი კორონავირუსის პანდემიას, რადგან პანდემიების მასშტაბები განსხვავდება. იყო პანდემიები, მაგალითად, შავი ჭირი, მე-14 საუკუნეში, ასევე რომის იმპერიაში, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედი შეიწირა. დღეს, ეს არ გვემუქრება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პანდემია ისევე ცუდია როგორც 1918 წლის ესპანური გრიპი იყო, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის ორი ან სამი პროცენტი შეიწირა.

    კოვიდ-19 მასშტაბურია, თუმცა არც ისე დამანგრეველი, როგორიც 1957 წლის პანდემია, რომელიც ჩვენ არა, თუმცა ჩვენს ბებია-ბაბუებს ახსოვთ. ეს ნამდვილი გლობალური კრიზისი, გრიპის ახალმა ტალღამ გამოიწვია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არავის ქონდა. მაშინ სრულიად განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ ვიდრე ახლა. კარანტინი არ შემოუღიათ, სკოლები არ დაუკეტავთ. ცხოვრება გრძელდებოდა. პანდემიის რამდენიმე ტალღას, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვნებელი სდევდა თან. თუმცა არავის ახსოვს 1957-58 წლების პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ მან მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

    ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მიუდგები პათოგენს. ჩვენ საშინელი შეცდომა დავუშვით. ორმაგად საშინელი, რადგან ჯერ არაფერი გავაკეთეთ და შემდეგ პანიკა დავიწყეთ. 1957 წელს, როგორც კი ამერიკელმა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ჰონგ-კონგში ახალი ვირუსი დაფიქსირდა, მაშინვე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა და ის გასაოცრად მალე შექმნეს. მათ ხალხის ვაქცინაცია იმავე წელს დაიწყეს.

    პანდემია არაა უპრეცედენტო, ამ დრომდე მსოფლიოს, ალბათ, 60 პანდემია აქვს გადატანილი. კოვიდ-19, მასშტაბებით სადღაც შუაშია. თავად პანდემია იმდენად დამანგრეველი არ არის, რამდენადაც მიღებული ზომები, რომლებმაც ეს უდიდესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

    კარანტინის პერიოდში, ბევრის მსგავსად, მეც დავიწყე ჯოვანი ბოკაჩიოს დეკამერონის კითხვა. წიგნის დასაწყისში ავტორი მე-14 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეულ ვითარებას აღწერს, რომელიც დღევანდელ სიტუაციას ძალზედ გავს. მაშინაც, როგორც ახლა, თავის დაცვის ერთადერთი საშუალება სოციალური დისტანცირება იყო… საუკუნეების შემდეგ, ვერ განვვითარდით იმდენად, რომ მსგავს პანდემიებთან ბრძოლის უკეთესი გზა გვეპოვნა?

    უნდა განვვითარებულიყავით. ზოგი ქვეყანა წინ წავიდა. მაგალითია ტაივანის პასუხი პანდემიის დასაწყისიდან იქამდე, სანამ ჩინეთი პრობლემის მასშტაბებს აღიარებდა. ტაივანელებმა ორი რამ გააკეთეს: მათ ფართო ტესტირება დაიწყეს და კონტაქტების მოძიების ტექნოლოგიით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ადგენდნენ. ამის გაკეთება ადრე არ შეგვეძლო. ტექნოლოგია ბევრ რამეს აადვილებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ ყველანი სმარტფონებს ვატარებთ. რამდენიმე აზიურმა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა აპლიკაციები კონტაქტების დასადგენად. შეერთებულ შტატებში ამას არ ვაკეთებთ, ევროპაშიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იქცევა ასე. ამიტომ, დავუბრუნდით ძველი ყაიდის მიდგომებს, რომლებიც ყველაზე ადვილი გზაა: ხალხს უბრალოდ სახლებში ვკეტავთ, დაინფიცირებულნი არიან ისინი თუ არა.

    კარანტინი, რომელსაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატმა მიმართა, ძალიან ძველი მეთოდია. ასე იქცეოდნენ შავი ჭირის დროსაც. თუმცა, ეს ძალზედ არაეფექტურია, რადგან გულისხმობს, რომ ნაკლები რისკის ქვეშ მყოფი ჯანმრთელი ადამიანები, მუშაობას ვერ აგრძელებენ. ამ მიდგომით ჩვენ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყენებში უდიდესი ეკონომიკური ზარალი გამოვიწვიეთ. ტაივანელებივით რომ გვეფიქრა, ცოტა მაინც, არ დაგვჭირდებოდა კარანტინი. თუმცა სოციალური დისტანცირება მაინც საჭრო იქნებოდა. ტაივანში ეს ასე გააკეთეს. მათი ეკონომიკა ისე არ ჩავარდნილა, როგორც ამერიკის და ბევრი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში. სოციალური დისტანცირების ფრთხილი რეჟიმი საკმარისი იქნებოდა და ეკონომიკის შეჩერება არ დაგვჭირდებოდა.

    ხშირად ამ ეკონომიკურ კრიზისს “დიდ დეპრესიას” ადარებენ. რამდენად სწორი შედარებაა ეს?

    ნათელია, რომ მსგავსი მაღალი უმუშევრობის დონე შერთებულ შტატებში 1930-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. არ გამიკვირდება, რომ უმუშევრობა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე დიდი დეპრესიის პიკისას 1932 წელს. უახლოეს მომავალში შეიძლება უმუშევრობა 26 პროცენტს გაუტოლდეს. ამიტომ შედარება სამართლიანია.

    “დიდი დეპრესიის” შემდეგ, ეს წარმოების ყველაზე დიდი შეკვეცაა და უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე 2008-2009 წლის კრიზისი იყო. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ კრიზისი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე “დიდი დეპრესიის” დროს. 1929 წლის ფინანსური კრიზისის დადგომას რამდენიმე წელი დაჭირდა, რის შედეგადაც 1932 წელს უმუშევრობამ ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ამ დონეზე რამდენიმე თვეში დავედით. ამიტომ ჩვენ რეალურად დიდ დეპრესიას გავდივართ, მაგრამ 12-ჯერ უფრო სწრაფად. ეს დაჩქარებული დიდი დეპრესიაა.

    ზოგი თვლის, რომ კრიზისიდანაც მალე გამოვალთ. თუმცა, რთულია სერიოზულად აღიქვა იდეა, რომ მალევე დავუბრუნდებით საწყისს ეკონომიკურ ნიშნულს. ყველაფერი საწინააღმდეგოს აჩვენებს. მომხმარებელი პანდემიამ შეაშინა და დანაზოგების რაოდენობა ძალზედ მაღალზეა, არამარტო იმიტომ, რომ ხალხს არ შეუძლია გარეთ გავიდეს და ფული დახარჯოს, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ გარეთ გასვლა და ხარჯვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გაუმჯობესება იქნება ნელი.

    ბევრი საუბრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის შემდეგ, მას 11 სექტემბერს ადარებენ, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

    ვფიქრობ ეს გადაჭარბებაა. უფრო სწორი „შიდსის“ შედეგებზე ფიქრია. იმ დროიდან, რაც დავადგინეთ, რომ ის სექსუალურად გადამდები დაავადებაა, წლების მანილზე არც მკურნალობის საშუალება იყო და ვაქცინაც ჯერ ისევ არ არსებობს. სოციალური ცხოვრების ისეთივე ცვლილებას ვიხილავთ, როგორიც სექსუალურ ცხოვრებაში მოხდა, მას შემდეგ, რაც შიდსი გაჩნდა. ადამიანებმა შედარებით ფრთხილად დაიწყეს მოქცევა თუმცა, არცთუ იმდენად განსხვავებულად, როგორც საჭირო იყო. ადამიანებს კვლავ აქვთ დაუცველი სექსი და დაუცველი სოციალური ქცევაც იარსებებს. ადამიანებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.

    წარსულში შეერთებულ შტატებს სხვადასხვა კრიზისების დროს ლიდერის პოზიცია ეკავა. კრიზისი შესაძლებლობაცაა, რომ მეტი გააკეთო იქნება ეს ევროპაში თუ სხვაგან. თუმცა ამ დრომდე ვაშინგტონის მხრიდან ეს არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, გამოიწვევს ეს „ამერიკის იმპერიის“ დაღმასვლას?

    შეერთებული შტატები ცივი ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნათლად დომინანტური ზესახელმწიფოა. ვფიქრობ, კარგი კითხვაა დასუსტდა, თუ არა ამერიკის როლი. ზედაპირულად შეიძლება ეს ასე ჩანს. დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად არ უყურებს ენთუზიაზმით პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს. ფართოდ გავრცელებული წარმოდგენაა, რომ შეერთებული შტატები ამ კრიზისს კარგად ვერ გაუმკლავდა. ამავდროულად, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს ყურადღების გადასატანად იმ ფაქტიდან, რომ ეს დიდწილად მათი ბრალია. ამისთვის ქვეყნებს დახმარებას უგზავნიან, იქნება ეს იაფი პირბადეები თუ გაუმართავი ვენტილატორები.

    ჩინეთი ცდილობს პროპაგანდით ამერიკა დაჩრდილოს. მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები კვლავ დომინანტია.

    მოდით რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველი ისაა, რომ ყველაზე მეტი კვლევა ვაქცინაზე და თერაპიებზე ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობს. და თუ გამარჯვებული გვეყოლება ვაქცინისკენ რბოლაში, დიდი ალბათობით, ეს ამერიკული კომპანია ან ინსტიტუტი იქნება. ჩინეთშიც არიან ამ მიმართულებით მოთამაშეები, თუმცა ჩინეთის წარსული გამოცდილება ვაქცინაციებთან დაკავშირებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, კატასტროფულია. მეორე, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის კუთხით, აშშ-ის ფედერალური რეზერვი, მთავარი მოთამაშეა. არავის მიუმართავს ჩინეთის სახალხო ბანკისთვის დახმარების თხოვნით. ისინი ფედერალურ რეზერვს და ამერიკაში დაფუძნებულ ინსტიტუტებს, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავენ. ამიტომ, როცა პროპაგანდას, კვამლის და სარკეების მიღმა შეხედავ შეერთებული შტატები კვლავ მთავარი მოთამაშეა, ჩინეთი კი უკანა პლანზეა.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • შეგვიქმენი უსაფრთხოება. დაბრუნდი შენს ბუნკერში – სიეტლის მერი დონალდ ტრამპს

    “შეგვიქმენი უსაფრთხოება. დაბრუნდი შენს ბუნკერში “- ასე ეხმაურება  სიეტლის მერი ჯენი დერკანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სიეტლში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

    სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, ტვიტი სადაც წერდა, რომ სიეტლი შინაურმა ტერორისტებმა აიღეს, რომლებსაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ. „რადიკალ მემარცხენე გუბერნატორსა და სიეტლის მერს იმ დონეზე იგდებენ მასხრად და ათამაშებენ, რისი მსგავსიც ჯერ ჩვენს დიდებულ ქვეყანას არ უნახავს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ. ეს თამაში არ არის. ამ მახინჯ ანარქისტებს დაუყოვნებლივ ქედი უნდა მოვახრევინოთ. სწრაფად იმოქმედეთ!“ – ნათქვამია  დონალდ ტრამპის პოსტში.

  • აშშ-ში სამთვიანი პაუზის შემდეგ კინოთეატრები იხსნება

    სამთვიანი პაუზის შემდეგ, შეერთებულ შტატებში კინოთეატრები გახსნას გეგმავენ. ისინი მომხმარებლის შეზღუდული რაოდენობის, მხოლოდ 25 პროცენტის მიღებას შეძლებენ.

    „ეი-ემ-სი თეატრები“, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი კინოთეატრების კომპანიაა, აცხადებს რომ ივლისის შუა რიცხვებამდე მათი კინოთეატრების 97-98 პროცენს გახსნიან. თუმცა, კინოთეატრებისთვის პრობლემა ისიცაა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ფილმის წარმოება და ახალი ფილმების გამოსვლის თარიღები გადაიდო.

    კიდევ ერთი საკითხი ისიცაა, თუ რამდენად იგრძნობს მომხმარებელი თავს დაცულად და გადაწვეტს, თუ არა კინოთეატრში წასვლას. ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ დახურულ სივრცეში შეკრება რისკებს შეიცავს.

    კორონავირუსის შეზღუდვებს კინოთეატრებზე მნიშვნელოვანი გავლენა ქონდა. კომპანიებს ათიათასობით ადამიანის სამსახურიდან გაშვება მოუწიათ. უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა კინოთეატრებმა ღია ცის ქვეშ.

    აშშ-ს შტატების ნაწილმა მხოლოდ ახლა დაიწყო კინოთეატრების გახსნისთვის ნებართვის მიცემა და სხვადასხვა შტატში გახსნა სხვადასხვა დროს მოხდება.

    წყარო: ამერიკის ხმა