Category: მსოფლიო

  • აშშ–ში შეზღუდვების მოხსნამ და ეკონომიკის გახსნამ Covid19-ის გააქტიურება გამოიწვია

    ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის დარგებში გახსნა ეტაპობრივად პირველი მაისის შემდეგ დაიწყო, რის შემდეგაც სხვადასხვა ბიზნესები ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

    თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაავადდა. განსაკუთრებით ეს პრობლემა მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების წინაშე დადგა. საუბარია რესტორნებზე და სასტუმროებზე. შეიძლება ითქვას, ზოგიერთ შტატში სწორედ ეს ადგილები იქცა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.

    კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა სამხრეთ და დასავლეთ შტატებში. მათ შორის ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასში, ჯორჯიაში, ოკლაჰომაში, სამხრეთ კაროლინასა და იუტაში.

    მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის მთელ ტერიტორიაზე პირბადით სიარული რეკომენდებული და გარკვეულ შემთხვევაში აუცილებელიცაა. მხოლოდ ერთ კვირაში ამერიკის მაჩვენებელი ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ 25% -ით გაიზარდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა.

    სწორედ ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ამერიკული სააფთიაქო ქსელი “სი-ვი-ესი” ამერიკაში მოქმედ ბიზნესებს დახმარებას სთავაზობს. კერძოდ, კომპანიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა სხვადასხვა ორგანიზაციას კოვიდ19-ის ტესტირების დიაგნოსტიკური პროგრამა მიყიდოს, რომელიც კომპანიებს დაეხმარება სწრაფად და ადგილზე აწარმოონ დაკვირვება საკუთარ თანამშრომლებზე და შეაჩერონ ვირუსის გავრცელება და შეინარჩუნონ ბიზნესი თუ ორგანიზაცია უსაფრთხოდ.

    ამასთან, სააფთიაქო ქსელი “სი-ვი-ესი”, ზრდის ტესტირების რაოდენობას და გამოთქვამს მზადყოფნას, ორგანიზაციებსა და კომპანიებს დაეხმაროს სხვა დამცავი მოწყობილობების განთავსებაშიც. საუბარია ტემპერატურის გამზომავ მოწყობილობებზე და სიმპტომების შემმოწმებელ პროგრამებზე.

    ამერიკაში კოვიდ19 ამ დროისთვის 2 347 102 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 121 225-ს აჭარბებს. მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დაახლოებით 10 მილიონია.

  • ობამამ ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის 7.6 მილიონი დოლარი მოიზიდა

    ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, დემოკრატების სავარაუდო ნომინანტის – ჯო ბაიდენის – საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შესაგროვებელ პირველ ღონისძიებას, სარეკორდო 7.6 მილიონი დოლარის შეგროვებაში დაეხმარა, რომელიც 175 ათასზე მეტმა ინდივიდუალურმა შემომწირველმა გაიღო.

    სამშაბათს გამართული, მცირე ოდენობის შეწირულობების შეგროვება, ობამას შესაძლებლობების ახალი გამოცდა იყო, თუ რამდენად შეძლებდა ის თავისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, რომელიც თეთრ სახლში მოხვედრას ცდილობს, საკუთარი პოპულარულობის გადაცემას. ობამას გუნდი აცხადებს, რომ ეს იყო სავარაუდოდ, დატვირთული განრიგის დასაწყისი, რომელიც შემოდგომამდე გაგრძელდება და მიზნად არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის დახმარებას, არამედ წარმომადგენელთა პალატაში და სენატში მოსახვედრად, დემოკრატების კამპანიის მხარდაჭერასაც ისახავს.

    თეთრ სახლში ყოფნისას, ობამას ხანდახან უჭირდა სხვა დემოკრატი კანდიდატების წამოწევა. მაგალითად, 2010 წელს – წარმომადგენელთა პალატაზე, 2014 წელს კი სენატზე კონტროლი დაკარგა. მაგრამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეპოქაში, დემოკრატებს შავკანიან და ახალგაზრდა ამომრჩევლებში ობამას ხიბლის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ მას შეუძლია ბაიდენისთვის ენერგიის იმპულსის მიცემას დაეხმაროს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ტრამპი ზოგიერთი ტიპის ვიზებს ზღუდავს, გრძელდება მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვებიც

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წლის დასასრულამდე, უცხოელი მუშახელისთვის საიმიგრაციო ვიზების ბევრ კატეგორიას ზღუდავს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგებია და ამერიკელი მუშახელის სამუშაო ადგილების დაცვაა.

    ვიზების კატეგორიებს შორისაა: ეიჩ-1-ბ (H-1B), ელ-1 (L1) და ასევე ჯეი-1 (J1) გტიპის ვიზები. დროებითი აკრძალვა ასევე მოიცავს ეიჩ-2ბ (H-2b) ტიპის ვიზას, რომელიც სეზონურ მუშახელზე გაიცემა. შეზღუდვების მიუხედავად, პრეზიდენტის ბრძანება მოიცავს ასევე გამონაკლისებს მათ შორის მკვლევარებს (J1-ის შემთხვევაში) და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, ჯანდაცვის მუშაკებს და ძიძებს.

    თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა რათა დაცულ იქნას ამერიკელი მუშახელი, რომელიც პანდემიამ აზარალა. ამ ვიზის კატეგორიებს სულ 525,000 ადამიანი იყენებს. მარტის შუა რიცხვების შემდეგ კი შეერთებულ შტატებში 45,5 მილიონმა ადამიანმა შეიტანა განაცხადა უმუშევრობის კომპენსაციაზე, რაც ქვეყანაში მუშახელის საერთო რაოდენობის (164,4 მილიონი) მეოთხედია. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ეს რიცხვი 20.5 მილიონამდე შემცირდა, მას შემდეგ რაც მილიონობით ადამიანი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს.

    პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის პანდემიას საბაბად იყენებს, რათა შეერთებულ შტატებში იმიგრაციის შემცირების მისეული გეგმა განახორციელოს. პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინა არჩევნებზე, იმიგრაციის შემცირება იყო.

    ბევრმა დიდმა კომპანიამ და ბიზნეს ჯგუფმა გამოთქვა უკმაყოფილება ვიზების შეზღუდვის გადაწყვეტილების გამო. მათ შორის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სავაჭრო პალატამ. ისინი აცხადებენ, რომ უცხოელი მუშახელი მათი საქმიანობის ცენტრალური ნაწილია.

    ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ მწვანე ბარათებზე არსებულ შეზღუდვას გააგრძელებს. მწვანე ბარათების გაცემა, შეერთებული შტატების გარეთ მყოფი პირებისთვის, პრეზიდენტმა ორი თვის წინ შეზღუდა. ეს გადაწვეტილება ძირითადად ოჯახის წევრებს შეეხება. თუმცა, ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ კვლავ დაასპონსორონ საკუთარი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მსოფლიოში Covid19-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას განაცხადა, რომ 24 საათში გლობალურად ახალი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მსოფლიოს გარშემო ინფიციერბის 183,000 შემთხვევაა გამოვლენილი. ორგანიზაციის თქმით, გავრცელების ეპიცენტრი ახლა უკვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა ბრაზილიაში 55,000, შეერთებულ შტატებში კი 36,000 ახალი შემთხვევით. ასევე მაღალია მონაცემები ინდოეთში, სადაც 15,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პრობლემა არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობის არ არსებობაა.

    „ჩვენ დაყოფილ მსოფლიოში ამ ვირუსს ვერ დავამარცხებთ“, – თქვა მან.

    შემთხვევების რაოდენობა იზრდება ამერიკის ათზე მეტ შტატში. ექსპერტები ამბობენ, რომ ზრდა ნაწილობრივ ტესტირების გახშირებას უკავშირდება, თუმცა ეს არაა მთავარი ფაქტორი. ის ასევე ინფიცირების შემთხვევების რეალური რიცხვის მატებას და სიტუაციის სერიოზულობას აჩვენებს.

    პრეზიდენტი ტრამპი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ის ფიქრობ რომ შეერთებულ შტატებში შემთხვევების ზრდა ტესტირების გახშირებას უკავშირდება.

    „ჩვენ კორონავირუსზე უფრო მეტ ტესტს ვატარებთ (25 მილიონი) და იმდენად წინ ვართ, რომ ეს ისე ჩანს თითქოს უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, განსაკუთრებით პროპორციულად თუ შევხედავთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, – დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

     

  • შეიძლება კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი–პუტინი

    რუსული მედია და საინფორმაციო სააგენტოები ვლადიმირ პუტინის კომენტარებს ავრცელებენ იმის თაობაზე, რომ თუკი მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ და ამის საშუალებას მისცემენ, შესაძლოა მან კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი.

    რუსეთში, ქვეყნის მასშტაბით, საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმის წესით 25 ივნისიდან 1 ივლისამდე უნდა მისცენ ხმა. მათ შორისაა ცვლილებაც, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს კიდევ ორჯერ, 6-6 წლის ვადით გახდეს რუსეთის პრეზიდენტი მას შემდეგაც, რაც 2024 წელს მისი ახლანდელი მანდატი ამოიწურება.

    ოპონენტები ამბობენ, რომ ეს რეფორმა სწორედ პუტინისთვის 2036 წლამდე ძალაუფლების გარანტირებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ ისინი პარლამენტის როლის გასაძლიერებლად, სოციალური პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების გასაუმჯობესებლადაა განკუთვნილი.

    “არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ვიყარო კენჭი. კონსტიტუცია ამ ვარიანტს ითვალისწინებს. ვნახოთ”, – თქვა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით. “ჯერ მე თვითონ არაფერი გადამიწყვეტია”, – დასძინა მან.

    ცვლილებები, რომლებზეც რუსეთის მოქალაქეებმა აზრი უნდა გამოხატონ, პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცეს. ეს პუტინის აქამდე პრეზიდენტის პოსტზე გატარებულ წლებს, ფაქტობრივად, ანულებს. აქამდე მოქმედი საკონსტიტუციო შეზღუდვებით, ის კიდევ ერთხელ კენჭისყრას ვერ შეძლებდა.

    პუტინი, რომელიც ქვეყნის სათავეში ორი ათწლეულია დგას, ახლა 67 წლისაა. პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი ახლა მემკვიდრის ძებნას დაიწყებენ და ის კენჭს არ იყრის, ეს საქმეს დააზარალებს და ყურადღების არასაჭირო გაფანტვას გამოიწვევს. “ეს თუ არ მოხდა, მაშინ დაახლოებით ორ წელიწადში მთავრობის ნორმალური სამუშაო რიტმი შესაძლო მემკვიდრის ძებნით შეიცვლება. მე ეს პირადი გამოცდილებით ვიცი”, – განაცხადა პუტინმა “ინტერფაქსის” თანახმად.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

    შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ რასობრივ დისკრიმინაციაზე და შავკანიანთა უფლებების დარღვევაზე. ამ პრობლემას ანჯელინა ჯოლიც შეეხო, რომელმაც ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ერთად 2005 წელს ეთიოპიიდან შავკანიანი გოგონა, ზაქარა იშვილა.

    მსახიობი სერიოზულად შიშობს, რომ მისი 15 წლის ქალიშვილი სისტემის “სამიზნე“ გახდება, როცა გაიზრდება. ქვეყანაში გაზრდილი რასობრივი დაძაბულობის გამო ვარსკვლავი შიშობს, რომ გარკვეულ სირთულეებს ზაქარაც შეეჯახება.

    “მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა ომისა და დევნის გამო საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ამერიკაშიც არსებობს რასიზმი და დისკრიმინაცია.

    სისტემა, რომელიც მე მიცავს, მაგრამ ვერ იცავს ჩემს ქალიშვილს, ან ნებისმიერ სხვა ქალს, მამაკაცს თუ ბავშვს ჩვენს ქვეყანაში მისი კანის ფერის გამო, მიუღებელია.

    ჩვენ თანაგრძნობიდან და კეთილი განზრახვებიდან კანონებზე და პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ, რომლებიც მიმართული იქნება სისტემატური რასიზმისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ. პოლიციაში სამსახურეობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შეწყვეტა მხოლოდ დასაწყისია. ეს უფრო ფართოდ უნდა გავრცელდეს და ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვას: განათლების სისტემიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკით დამთავრებული “ – განაცხადა მსახიობმა Harper’s Bazaar–თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ადამიანები დაიღალნენ ნახევარზომებისგან, ხელისუფლების თავის მართლებისგან. ჯოლი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ქვეყანაში ისტორიული ცვლილებები მოხდება:

    “დადგა დრო შეიცვალოს ჩვენი კანონები და ჩვენი ინსტიტუტები, ყური ვუგდოთ მათ, ვინც ყველაზე ძალიან დაზარალდა და ხმის უფლება წაერთვა.“–თქვა მსახიობმა.

  • კოვიდ-19-ის ვაქცინა ამერიკაში ხალხს უფასოდ მიეწოდება

    ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, კოვიდ-19-ის ვაქცინა შეერთებულ შტატებში ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

    ჯანდაცვის დაზღვევის კომპანიებისგან არის მოლოდინი, რომ ისინი ვაქცინის საფასურს მთლიანად დაუფარავენ ადამიანებს. ამის შესახებ განცხადება თეთრის სახლის მაღალჩინოსანმა გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინის შემუშავება წლის ბოლომდე შემუშავდეს.

    მათთვის კი, ვისაც დაზღვევა არ აქვს, თეთრის სახლის წარმომადგენლის თქმით, „ჩვენი როლი, როგორც ფედერალური მთავრობის ისაა, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაუცველი ადამიანისთვის მისი (ვაქცინის) მიწოდება.

    თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ფედერალური თანხების დახმარებით შემუშავებული ვაქცინა, საზღვარგარეთ გაყიდვამდე ამერიკის შიგნით მოხმარდება ხალხს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პეკინის ბაზარში ხორცისა და ზღვის პროდუქტების სექციაში კორონავირუსის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა

    დღეს, ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეკინის ერთ-ერთ ბაზარში, ზღვის პროდუქტების სექციაში ზედაპირებზე ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ვირუსის ამ მასშტაბით დაფიქსირება ტერიტორიაზე არსებული დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის გამო მოხდა.

    წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზოგიერთ ტერიტორიაზე იზრდება. შემთხვევათა დიდი რაოდენობა გასულ კვირას სწორედ საკვები პროდუქტების სინფადის ცენტრს უკავშირდება, სადაც საწყობები და სავაჭრო დარბაზები უზარმაზარ ტერიტორიაზეა განლაგებული. მისი ფართობი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ფეხბურთის 160 მოედანი. ამ ერთ-ერთი ახალი აფეთქების შედეგად, ასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და ქვეყანაში ვირუსის თავიდან გავრცელების შიში გაჩნდა.

    სინფადის ბაზრის დაინფიცრებულ თანამშრომელთა უმეტესობა ზღვის პროდუქტების განყოფილებაში მუშაობს, შემდეგია ხორცის – ძროხისა და ცხვრის პროდუქტები. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის წამყვანი ინფექციონისტი ამბობს, რომ სიმპტომები ყველაზე ადრე სწორედ ზღვის პროდუქტების გამყიდველებში დაფიქსირდა.

    ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ვირუსის გავცელების მიზეზების დამატებითი მოკვლევაა საჭირო, თუმცა წინასწარი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა მის გამძლეობას ზრდის და შესაძლოა, ვირუსი სწორედ ამიტომ აფეთქდა სწორედ ზღვის პროდუქტების განყოფილებაში. ამასთან, მმართველი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მენეჯმენტი აცხადებს, რომ საბითუმო ბაზრებში ჰიგიენის დაბალი დონე და მომარაგების ნაწილში არსებული პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.

    ჩინეთმა ამ კვირაში ევროპელი მომწოდებლებისგან ორაგულის მომარაგებაც შეწყვიტა, მოსახლეობას კი უმი ორაგულის ჭამისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან ვირუსი იმპორტირებული ორაგულის დასაჭრელ დაფებზეც აღმოჩნდა. თუმცა, ვირუსის აფეთქების ზუსტი წყარო ჯერჯერობით უცნობია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პეკინი Covid19- ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონეს აცხადებს

    პეკინში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს პეკინიდან და პეკინის მიმართულებით დაგეგმილი შიდა ფრენების 70 პროცენტი გაუქმდა.

    გზები და მაგისტრალები ჯერჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის.

    აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონე გამოაცხადა. დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები.

    ცნობისათვის, პეკინში კორონავირუსის დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ე.წ. „ბაზრის კლასტერს“ უკავშირდება.

  • პრეზიდენტი ტრამპი პოლიციის რეფორმის მიზნით აღმასრულებელ ბრძანებას მიიღებს

    ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომელიც პოლიციის რეფორმას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რეფორმა „მეტი ინვესტიციის და კარგი პრაქტიკის წახალისებისკენ“ იქნება მიმართული.

    რეფორმის მთავარი ნაწილი მასერთიფიცირებელი ორგანოს შექმნა იქნება, რომელიც ოფიცრებს გაწვრთნის დე-ესკალაციისა და ძალის გამოყენების განახლებული სტანდარტებით.

    კიდევ ერთი ნაწილი, ეგრეთწოდებული, თანა-რეაგირების სამსახური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაძალადობრივ გამოძახებებზე პოლიციის ოფიცერთან ერთად სოციალური მუშაკიც წავა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური აშლილობების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევაში.

    ამ ბრძანების პარალელურად, კონგრესში უფრო ყოვლისმომცველ რეფორმას განიხილავენ, რომლის მიღებასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

    წყარო: ამერიკის ხმა