Category: მსოფლიო

  • გაერო შოკირებულია გავრცელებული ვიდეოთი, რომელზეც ორგანიზაციის ავტომობილში სექსუალური აქტი ჩანს

    გაერო შოკირებულია გავრცელებული ვიდეოთი, რომელზეც ორგანიზაციის ავტომობილში სექსუალური აქტი ჩანს

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს , რომ შოკირებული და ღრმად შეშფოთებულია კადრებით, რომლებზეც ჩანს რომ ისრაელში, ამ ორგანიზაციის სიმბოლიკიან მანქანაში ქალი და კაცი სექსით არიან დაკავებული.

    18 წამიანი ვიდეო ტვიტერზე პარასკევს გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. კადრებზე ნათლად ჩანს, რომ წითელკაბიანი ქალი და მამაკაცი თეთრი ავტომობილის უკანა სკამზე სექით არიან დაკავებული. ავტომობილზე გაეროს სიმბოლიკაა გამოხატული.

    როგორც ჩანს, ვიდეო თელავივის მთავარ სანაპიროზე გადაიღეს. ჯიპის წინა სკამზე კიდევ ერთი მგზავრი ზის, მძღოლი არ ჩანს. ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა მანქანა შუქნიშანზე გაჩერდა.

    გაეროში განაცხადეს, რომ ინციდენტს იძიებენ და მალე დაადგენენ მათ ვინაობას, ვინც ვიდეოზეა აღბეჭდილი. გაეროს ცნობით სავარაუდოდ ისინი ისრაელში სამშვიდობო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

    გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის აზრით ასეთი ქცევა “ამაზრზენია“, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ორგანიზაცია იბრძვის, გაეროს თანამშრომელთა შეუსაბამო ქცევის თვალსაზრისით.

    გაერო მისი თანამშრომლებიდან სექსუალური დარღვევების წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას ატარებს.

    “შოკირებული და ღრმად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ამ ვიდეოზე ჩანს“– დასძინა დიუჟარიკმა. მისი თქმით, გამოძიება სწრაფად მიდის წინ და ვარაუდობს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.

    https://www.youtube.com/watch?v=AnonvADK2VA

     

     

  • პანდემიის დროს ევროპელების დანაზოგები უპრეცედენტოდ გაიზარდა. ისინი ფულს “შავი დღისთვის“ ინახავენ

    პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროპაში ოჯახების დანაზოგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპის ცენტრობანკში აცხადებენ, რომ ამას ორი მიზეზი აქვს: კარანტინის დროს ევროპელები ფულს არ ხარჯავდნენ, გარდა ამისა, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება ფული “შავი დღისთვის“ დააგროვოს.

    თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში მთლიანობაში საბანკო დეპოზიტებზე ევროპელებმა 214 მილიარდი ევრო გადაინახეს, ამგვარად ევროპელთა დეპოზიტებზე უკვე 7.3 ტრილიონი ევრო დაგროვდა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მარტსა და აპრილში, როცა მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, ევროზონის ქვეყნებში დანაზოგების ზრდამ 136 % შეადგინა.

    ექსპერტები შიშობენ, რომ ანგარიშებზე დაგროვილი თანხები ეკონომიკის აღდგენაში არ წავა. ევროპის ცენტრობანკის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა გართულდება, რადგან ვაჭრობა და წარმოება კრიზისამდელ ნიშნულს ძნელად დაუბრუნდება და დიდი დრო იქნება საჭირო, სანამ ევროპელების “ფენომენალური დანაზოგი“ კვლავ გამოჩნდება მომხმარების და ინვესტიციების სფეროში. ლაგარდი ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტების და კომპანიების დავალიანების დონე.

  • ფეისბუქი წესებს ცვლის

    კომპანია ფეისბუქი იმ პუბლიკაციების და რეკლამის განთავსების წესებს ცვლის, რომლებიც სიძულვილს ან ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავენ. თუ ადრე ეს წესები ე.წ. “სოციალურად მნიშვნელოვან“ კონტენს, მაგალითად მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების მესიჯებს ეხებოდა, ახლა მოთხოვნა ყველასთვის ერთნაირი იქნება.

    კომპანიის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს:

    “ ჩვენ შემოგვაქვს ახალი წესები, რომლებიც სიძულვილის შემცველი კონტენტის ფართო სპექტს კრძალავს რეკლამაში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყებთ შეტყობინებების მარკირებას, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენენ, თუმცა ამავე დროს ჩვენს წესებს არღვევენ“.

    მანამდე ერთდროულად რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ ფეისბუქს ბოიკოტი გამოუცხადა და უარი თქვა სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე პროტესტის ნიშნად “ძალადობასთან, რასიზმთან და სიძულვილთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამო“, ფეისბუქის ზოგიერთმა თანამშრომელმა კი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გაფიცვის მოაწყო მას შემდეგ, რაც ცუკერბერგმა უარი თქვა დონალდ ტრამპის პოსტი ცენზურისთვის დაექვემდებარებინა.

  • კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 10 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 500 000

    სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოცენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვამა კი 500 000–ს. ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. თუმცა ამჯერად ეპიცენტრი არა ევროპა, არამედ სამხრეთ ამერიკაშია. დაინფიცირებულთა და  გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, 2,588,421 დაინფიცირებულით და 128,082 გარდაცვლილით. მეორე ადგილზეა ბრაზილია 1,313,667 დაინფიცირებულით და 57,070 გარდაცვლილით. მესამე ადგილზეა რუსეთი, 627,646 დაინფიცირებულით და 8,969 გარდაცვლილით.

     

  • კოდივ19 და სეზონური გრიპი – სამხრეთ ამერიკის ახალი გამოწვევა

    კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში სამხრეთ ამერიკაში სეზონური გრიპისთვის პრევენციული ზომების მიღება დაიწყეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ, რადგან პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემებმა შეძლონ ვითარების კონტროლი.

    გამომდინარე იქიდან, რომ სეზონური გრიპის და კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელ სიმპტომებში არის სხვაობა მაინც შეიძლება მოხდეს მოსახლეობის ნაწილში გაურკვევლობა, ჯანდაცვის სისტემებმა კი მაღალი მიმართვიანობის პერიოდში ვითარების სრული კონტროლი ვერ შეძლონ.

    ახალი თავსატეხის თავიდან ასარიდებლად, არგენტინის, ჩილესა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაქცინაციის დაწყებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და სისტემას მაქსიმალურად გამართავენ.

    სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრში არიან, გადატვირთულია საავადმყოფოები და მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც დაინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა.

    ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თუ მოსახლეობა არ გაითვალისწინებს მითითებებს შესაძლოა ჯანდაცვის სისტემებს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ რადგან სეზონურ გრიპთან და პანდემიასთან ბრძოლა ერთმანეთის პარალელურად დიდი გამოწვევაა.

    კოვიდ19 მსოფლიოში ამ დროისთვის 9 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონია.

    კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები- 2,422,312, შემდეგ ბრაზილია – 1,228,114 და რუსეთის ფედერაციაა -619,936.

    ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის მეორე ტალღა გაცილებით მძიმე იქნება ვიდრე პირველი ტალღა იყო. თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია ზუსტად ითქვას, რომელ ქვეყანაში და როდის დაიწყება მეორე ტალღა.

     

  • Far ტიპის ულტრაიისფერი-C სინათლე ჰაერში კორონავირუსის 99.9%-ს კლავს

    კოლუმბიის უნივერსიტეტში დასრულდა კვლევა, რომელიც ჰაერში კორონავირუსებზე Far ტიპის ულტრაიისფერი-C (Far-UVC) სინათლის სხივების ზემოქმედებას სწავლობდა. ამ ტიპის სხივებს 10 წელზე მეტია, დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში, საავადმყოფოს პალატების და სამედიცინო აღჭურვილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ.

    მკვლევარები აცხადებენ, რომ Far-UVC-ის კონკრეტული სიგრძის სხივები ჰაერში კორონავირუსისის 99.9 პროცენტს კლავს. ამასთან, საუბარია ისეთ გამოსხივებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ასეთია კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის დასკვნა.

    „ჩვენს შედეგებზე დაყრდნობით, არსებული რეგულაციების ლიმიტების დაცვით, ჰაერის ხანგრძლივ დეზინფექციას Far-UVC სინათლით, შეუძლია დიდი რაოდენობით შეამციროს ვირუსი ჰაერში, ისეთ დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი დევიდ ბრენერი. ის კოლუმბიის უნივერსიტეტში რადიაციული ბიოფიზიკის პროფესორი და რადიოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორია.

    ამ ტიპის სინათლეს გაცილებით მოკლე სხივები აქვს, ვიდრე სხვა ულტრაიისფერ გამოსხივებას. სწორედ ამიტომ არის ის ნაკლებად სახიფათო ადამიანისთვის, თორემ ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის რისკების შემცველია. მათ შეუძლიათ გაზარდონ კანის სიმსივნის რისკი, დაასუსტონ ადამიანის იმუნური სისტემა, დააზიანონ ჩვენი კანი და თვალები.

    სწორედ ამიტომ, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტისთვის შეირჩა Far-UVC, რომლის პროტონებს ადამიანის კანში შეღწევის უნარი გაცილებით შეზღუდული აქვთ. მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ გაცილებით იოლად მოკლან ისეთი ბაქტერიები და ვირუსები, რომელთა სისქე 1μm-ს არ აღემატება.

    2018 წელს ჩატარებული კვლევებით უკვე დადასტურებული იყო, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ეს ტიპი წარმატებით კლავს გრიპის ვირუსებს. მკვლევარებს ახლა მისი გამოცდა კორონავირუსებზე აინტერესებდათ.

    მეცნიერებმა შეარჩიეს აღნიშნული სინათლის ტალღის არა 254nm სიგრძე, რომელიც ცარიელი საავადმყოფოების, ან მეტროს ვაგონების დეზინფექციისთვის გამოიყენება, არამედ კიდევ უფრო მოკლე სიგრძის ტალღა – 222nm, რაც ადამიანის ჯანმრთელობას რისკს არ უქმნის. ამ ზომის Far-UVC სინათლე ვერც ცრემლის საფარში აღწევს და ადამიანის ორგანიზმის ცოცხალ უჯრედებსაც ვერ აზიანებს.

    უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ასეთი განათების დაყენება თავისუფლად შეიძლება მაგალითად, ოთახის ჭერში. ის ეფექტურად მოკლავს კორონავირუსებს ისე, რომ იქ მყოფ ადამიანებს რისკებს არ შეუქმნის. ამგვარი განათება კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, ისევე როგორც სხვა გრიპის ვირუსების გავრცელებას.

    ექსპერიმენტისთვის, მეცნიერებმა აეროზოლის ტიპის დანადგარით, Far-UVC (222nm) ლამპის წინ, ოთახში კორონავირუსის ორი სახე გააფრქვიეს. შემდეგ შეამოწმეს, თუ რა დროში, ვირუსის რა რაოდენობა მოკვდებოდა. მათი ნაშრომის მიხედვით, სინათლემ 8 წუთში ჰაერში ვირუსის დაახლოებით 90% მოკლა, 11 წუთში – 95%, 16 წუთში – 99% და 25 წუთში – 99.9%.

    ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექსპერიმენტი, რომელიც კონკრეტულად ახალ კორონავირუსს, სარს-კოვ-2-ს სწავლობს. ვირუსს, რომელმაც პანდემია კოვიდ-19 გამოიწვია. პირველადი მონაცემები უკვე ადასტურებს, რომ Far-UVC (222nm) სინათლე მასზეც ისეთივე წარმატებით მოქმედებს, როგორც სხვა კორონავირუსებზე.

    „Far-UVC სინათლე სინამდვილეში კორონავირუსის სახეობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ასე რომ ჩვენ მოველით, რომ ის სარს-კოვ-2-საც ისევე მოკლავს“ – ამბობს პროფესორი ბრენერი. მისი თქმით, „ვინაიდან სარს-კოვ-2 უმეტესად აირწვეთოვანი გზით ვრცელდება, ჰაერში დახველების და დაცემინების შედეგად, მნიშვნელოვანია გაგვაჩნდეს საშუალება, რომელიც ჰაერში ვირუსის აქტივობას გაანეიტრალებს, კერძოდ იქ, სადაც ხალხი იმყოფება“.

    კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ ამ ტიპის განათების დაყენება უსაფრთხო იქნება საავადმყოფოებში, ავტობუსებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, მეტროს, თუ მატარებლის სადგურებზე. ასევე – ოფისებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, რესტორნებში, მაღაზიებში, კინოთეატრებში, თუ სპორტულ დარბაზებში. „ნებისმიერ ადგილას, სადაც ხალხი დახურულ სივრცეში იკრიბება, Far-UVC სინათლე სხვა ზომებთან კომბინაციაში, როგორიცაა ნიღბები, ხელის დაბანა, სარს-კოვ-2-ის და სხვა ვირუსების გავრცელებას შეზღუდავდა“ – აღნიშნავს პროფესორი ბრენერი.

    აღნიშნული ნაშრომი 24 ივნისს გამოქვეყნდა. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“. კვლევა დააფინანსა შოსტაკის ფონდმა და შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა. დევიდ ბრენერთან ერთად, კვლევის ავტორები არიან კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები: მანუელა ბუონანო, დევიდ უელში და იგორ შურიაკი.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის – Euronews

    საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

    როგორც გამოცემა  წერს, ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და რომლებს კვლავ აეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

    ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ სიაში წარმოდგენილი არ არის. ასევე  სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

    ევროპელმა დიპლომატებმა „ევრონიუსს“ განუცხადეს, რომ ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ თუ რომელ ქვეყნებს დაუბლოკავენ კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს და მოლაპარაკებები პარასკევს გაგრძელდება.

    „ევრონიუსმა“ ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.

    ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენლებს ევროპაში შესვლა შეეძლებათ: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საქართველო, ბჰუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა – რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, მავრიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

  • ბრიტანეთში დაცხა და პლაჟები გაივსო

    ოთხშაბათი დიდ ბრიტანეთში წლის ყველაზე ცხელი დღე იყო: ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 32.6 გრადუსი ცელსიუსით ლონდონის აეროპორტ ჰიტროუს რაიონში დაფიქსირდა.

    ათასობით ბრიტანელმა პარკებს და პლაჟებს მიაშურა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საკარანტინო ზომები. პაბები და რესტორნები მხოლოდ 4 ივლისს იხსნება. ამ დროიდანვე მსუბუქდება სოციალური დისტანცირების წესები: ადამიანებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია სავალდებულო აღარ იქნება. დაცული იქნება დისტანცია “მეტრი +“, ანუ დაშვებული იქნება ერთმეტრიანი დაშორება სიფრთხილის ზომების დაცვით.

  •  Huawei ჩინეთის არმიასთან არის დაკავშირებული–აშშ

    აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 20 წამყვანი ჩინური კომპანია, მათ შორის მსოფლიოში მობილური ტელეფონების და სატელეკომუნიკაციო აპარატურის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Huawei ან ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის, ან მის მიერ არის მხარდაჭერილი.

    პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ჩინური ფირმების სია, რომლებიც არმიას ინფორმაციას გადასცემენ, ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიმართ აშშ–მ შესაძლოა ახალი ფინანსური სანქციები შემოიღოს.

    ბოლო თვეებში ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, რათა მათ უარი თქვან Huawei–სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კონტრაქტების გაფორმებაზე, კერძოდ მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელების მშენებლობაში მათ მონაწილეობაზე.

  • “პანდემია კვლავ ძლიერდება”–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    “პანდემია კვლავ ძლიერდება”–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყნები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ, ბიზნესებს ხსნიან, კორონავირუსის პანდემია კვლავ ძლიერდება.

    „ბევრ ქვეყანაში, ეპიდემია ახლა პიკს აღწევს, ან პიკისკენ მიემართება“ – აცხადებს ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელი, ექიმი მაიკლ რაიანი.

    ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი, რომელიც ყოველდღე 15 000-მდე ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ იტყობინება, შეზღუდვების კვლავ დაწესების შესაძლებლობას უშვებს და მეორე ტალღის გასამკლავებლად ემზადება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, მაშინ, როცა მსოფლიოში პირველი მილიონი ადამიანი ახალი კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში დაინფიცირდა, ახლა ინფიცირების მილიონი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენას რვა დღე დასჭირდა.

    „მთავარი საფრთხე, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას, არა ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და ლიდერობის არარსებობაა“ – აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

    ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ინფიცირების 9 მილიონზე მეტი, გარდაცვალების კი 474 000 შემთხვევა ფიქსირდება.

    ორივე კატეგორიაში, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ამის შესახებ ფაუჩიმ კონგრესში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ტრამპი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს, ტესტირების რაოდენობის შემცირებას თხოვს.

    თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტს „სერიოზულად“ არ უთქვამს, როცა განაცხადა, რომ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დიდი რაოდენობის მიზეზი, უფრო მეტი ტესტირების ჩატარებაა. თუმცა, პირეზიდენტმა ტრამპმა, სამშაბათს საკუთარი ადმინისტრაციიის განცხადების საწინააღმდეგოდ თქვა, რომ ამ განცხადების გაკეთებისას, ის არ ხუმრობდა.

    კონგრესში გამართულ მოსმენაზე, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ოპტიმისტური გათვლის შემთხვევაში, კორონავირუსის ვაქცინა, ყველაზე ადრე, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, ამასთან ერთად, ის იმასაც ხაზს უსვამს, რომ ვაქცინის არსებობა, შესაძლოა არ იყოს გარანტია, რომ აცრა ადამიანს ვირუსისგან ხანგრძლივად დაიცავს.