Category: მსოფლიო

  • ფლოიდის საქმეში ბრალი დანარჩენ კიდევ სამ პოლიციელს წაუყენეს

    ფლოიდის საქმეში ბრალი დანარჩენ კიდევ სამ პოლიციელს წაუყენეს

    პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მკვლელობაში ხელშეწყობისთვის ბრალი წაუყენეს. დერეკ შოვინს კი, პოლიციელს, რომელიც დაკავებისას ფლოიდს კისერზე 8 წუთზე მეტხანს აჭერდა მუხლს, დანაშაული დაუმძიმდა.

    შოვინს ახლა მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ახალი ბრალდება 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 15 წლით მეტს, ვიდრე თავდაპირველი, მესამე ხარისხის მკვლელობა.

    მინესოტის შტატში მცხოვრები 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ოთხმა პოლიციელმა დააკავა. დაკავების მომენტი შემთხვევით გამვლელმა ტელეფონით გადაიღო.

    ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

    დერეკ შოვინი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ამერიკაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დღეს ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში კვირაზე მეტია დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ყველა პოლიციელის გასამართლება იყო, ვინც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბარსელონაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სანაპიროზე ასეირნებენ ( ფოტოკოლაჟი)

    ბარსელონაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სანაპიროზე ასეირნებენ ( ფოტოკოლაჟი)

    ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ, დელ მარის პერსონალი, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას BBC ავრცელებს. 

    როგორც კლინიკის თანამშრომლები  აცხადებენ, ეს მეთოდი  ინტენსიური თერაპიის მუშაობის ჰუმანიზაციაზეა  გათვლილი და ასევე  ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს.

  • საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

    საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

    აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია.

    „მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას.

    აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას „საზარელი დანაშაული“ უწოდა.

    „ამ საქმეში იმ დღეს მონაწილე პოლიციელებმა მისი მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგონ. ეს ტრაგედიაა, რომელიც საკმაოდ ხშირად მეორდება“, -აღნიშნა ესპერმა.

    „ამბოხების შესახებ კანონი“ ქვეყნის პრეზიდენტებს არეულობის დროს საჭიროების შემთხვევაში შტატებში სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ის ამ კანონის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

  • შეშფოთებულები ვართ იმით, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე უარესდება – რუსეთის საგარეო უწყება

    შეშფოთებულები ვართ იმით, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე უარესდება – რუსეთის საგარეო უწყება

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ხელისუფლებისგან მოითხოვს, სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განხორციელება აღკვეთოს.

    „მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან, რომ ჟურნალისტები ხდებოდნენ პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების სამიზნეები. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ში, თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „სპუტნიკის“ პროდიუსერი ნიკოლ რუსელი დაშავდა, როცა მას სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები ესროლეს მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას პრესის მოწმობა აჩვენა.

    „მოვუწოდებთ საერთაშორისო უწყებებსა და ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ინციდენტზე რეაგირება მოახდინონ,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • დემონსტრაციების დროს აშშ-ში 5 პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

    დემონსტრაციების დროს აშშ-ში 5 პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

    შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების დროს, ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ ხუთი პოლიციელი დაიჭრა. საპროტესტო დემონსტრაციები მინეაპოლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცის დაკავების დროს ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

    პოლიციისა და მედიის ინფორმაციით, პოლიციელებზე იარაღით თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შტატებში ამერიკის ჯარს გაგზავნიდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არეულობა არ შეწყება.

    ორშაბათ საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან ქვეყანას მიმართა, რის შემდეგაც ის ქუჩაში გამოვიდა და თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა ჯონის ეკლესიასთან მივიდა. წინა ღამეს, მომიტინგეებმა ამ ისტორიული ეკლესიისთვის ცეცხლის გაჩენა სცადეს.

    პრეზიდენტი ეკლესიის წინ ბიბლიით ხელში რამდენიმე წუთი იდგა და შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ამ ნაბიჯის შემდეგ ვითარება დაიძაბა დემონსტრაციაზე, რადგან პრეზიდენტ ტრამპის ქუჩაში გამოსვლისთვის ტერიტორიის გასაწმენდად, სამართალდამცავებმა თეთრი სახლის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს.

    სამშაბათს, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა ევალება, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.

    სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს. მან ასევე დასძინა, რომ “ჩემი პირველი და უმაღლესი მოვალეობა, როგორც პრეზიდენტისა ისაა, რომ დავიცვა ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ამერიკელი ხალხი. მე ფიცი დავდე, რომ დავიცავდი ჩვენი ერის კანონებს და ეს სწორედ ისაა, რასაც მე ვაკეთებ.”

    პრეზიდენტის თქმით, ის მობილიზებას უკეთებს „ყველა ფედერალურ რესურსს – სამოქალაქოს და სამხედროს, ამბოხის, ძარცვის, ნგრევის და ხანძრების გაჩენის შესაჩერებლად და კანონმორჩილი ამერიკელების უფლებების დასაცავად, მათ შორის, მეორე დამატების დასაცავად. შესაბამისად, შემდეგი ზომები დაუყოვნებლივ შევა ძალაში.“

    „თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი”, – თქვა პრეზიდენტმა.

    ამით პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის აამოქმედებს 1807 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის გაგზავნის უფლებას აძლევს.

    ათობით შტატში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. 23 შტატში და ქვეყნის დედაქალაქში კი ეროვნული გვარდიაა გაგზავნილი. შეერთებულ შტატებში ამ მასშტაბის დემონსტრაციები 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის მოკვლის შემდეგ არ ყოფილა.

     

  • თეთრი სახლი ბრაზილიას პლაქვენილს უგზავნის

    თეთრი სახლი ბრაზილიას პლაქვენილს უგზავნის

    თეთრმა სახლმა განცხადა, რომ ბრაზილიას ორ მილიონ დოზა ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილი) გაუგზავნის.

    „ის გამოყენებული იქნება ბრაზილიის ექთნების, ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების დასაცავად ვირუსისსგან“, – განაცხადა თეთრმა სახლმა. „ის ასევე გამოყენებული იქნება ბრაზილიაში ინფიცირებულთა სამკურნალოდ“, – აღნიშნა ადმინისტრაციამ.

    ჰიდროქსიქლოროქინი მალარიის საწინააღმდეგო წამალია. ტრამპი პანდემიის დასაწყისისიდან უარს აცხადებდა გაეთვალისწინებინა ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევები წამალთან დაკავშირებით. ის აგრძელებს წამლის მხარდაჭერას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დასტური იმის, რომ წამალი ეფექტურია.

    ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ ის თავად იღებს ჰიდროქსიქლოროქინს.

    თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ორი ქვეყანა საერთო ძალებით ეცდება კვლევების ჩატარებას.

    შეერთებული შტატებში და ბრაზილიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იმაზე უფრო მეტია ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილში ერთად აღებული.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა- ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

    კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა- ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

    კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს.

    კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან, ვირუსით ხუთი ადამიანია გარდაიცვალა.

    “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ქალაქ მბანდაკაში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიასთან საბროლველად ჩავიდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს დაავადება გვახსენებს, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმო აგრძელებს ჯანმრთელობის გამოწვევების მრავალი შემთხვევის მონიტორინგს”, – წერს მიკრობლოგ Twitter-ზე  ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსი.

    მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ვირუსი ადამიანებში ინფიცირებული ცხოველების, კერძოდ ღამურების და პრიმატების ბიოლოგიურ სითხეებთან ან ქსოვილთან ექსპოზიციით გავრცელდა.

    ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2014-2016 წლებში დაფიქსირდა, რომელმაც მოიცვა დასავლეთ აფრიკის ნაწილი და საბოლოოდ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს.

  • ფეისბუქის თანამშრომლები ცუკერბერგის წინააღმდეგ. თანამშრომელთა ნაწილმა ვირტუალური გაფიცვა გამოაცხადა

    ფეისბუქის თანამშრომლები ცუკერბერგის წინააღმდეგ. თანამშრომელთა ნაწილმა ვირტუალური გაფიცვა გამოაცხადა

    ფეისბუქის თანამშრომლებმა პროტესტის ორგანიზება მოახდინეს კომპანიის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, არ წაშალოს სოციალური ქსელიდან აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩანაწერი. მათი აზრით, ამ ჩანაწერით პრეზიდენტი პოლიციას აქეზებს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნას.

    ტვიტერმა პრეზიდენტის ტრამპის ტვიტი არ წაშალა, თუმცა მას დაურთო გაფრთხილება, რომ ტვიტი შეიძლება შეიცავდეს სიტყვებს, რომლებიც ორმაგად შეიძლება იქნას გაგებული.

    ტრამპმა დაწერა: “როცა იწყება ძარცვა, იწყება სროლა.“ ბევრმა ამ ფრაზაში დაინახა პოლიციისადმი მოწოდება, ნებისმიერი ძალა გამოიყენოს, თუნდაც ლეტალური შედეგით.

    ფეისბუქის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტატუსი არ წაშალეს, რადგან მომხმარებლებს უფლება აქვთ აზრი გამოხატონ, თუ ეს უშუალო და მყისიერ საფრთხეს, ზიანს ან მუქარას არ შეიცავს, რომელიც ნათლად შეიძლება გამოხატული იყოს პოლიტიკურ ტერმინებში. ცუკერბერგის თქმით, პოსტი არ წაშალეს იმიტომ, რომ ნაციონალური გვარდიის ხსენება – ეს არის სახელმწიფოს ქმედებების შესახებ გაფრთხილება და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ ხელისუფლება ძალის გამოყენებას გეგმავს.

    საპასუხოდ ფეისბუქის ათობით თანამშრომელმა განაცხადა, რომ ვირტუალურ გაფიცვაში მონაწილეობს. ბოლო თვეებია ფეისბუქის თანამშრომელთა უმრავლესობა სახლიდან მუშაობს.

     

  • “რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!”- ჯორჯ ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა დემონსტრანტებს (ვიდეო)

    “რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!”- ჯორჯ ფლოიდის ძმების ემოციური მიმართვა დემონსტრანტებს (ვიდეო)

    ჯორჯ ფლოიდის ძმებმა დემონსტრანტებს  ემოციური სიტყვით მიმართეს. ტერენს ფლოიდი აცხადებს, რომ არეულობის მოწყობის ნაცვლად, ისინი მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან ეს მათ ძმას ვერ გაუცოცხლებს.

    „მივმართავ მათ, ვინც არეულობას თესავს: რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს! გთხოვთ დამშვიდდეთ, როგორც ჩემი ძმა გთხოვდათ ამ ყველაფერს რომ ხედავდეს. მშვიდობა. მშვიდობიანი პროტესტი – ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობის მიღწევას შევძლებთ!“ –  განაცხადა ტერენს ფლოიდი.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

     

  • ტრამპმა  შტატებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტები აღკვეთონ

    ტრამპმა შტატებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტები აღკვეთონ

    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს შტატებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტები აღკვეთონ, რომლებმაც ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი ამერიკული ქალაქი მოიცვა. პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხდეს ოფიციალური პირების მიერ „დომინირება,“ რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, ადამიანების დაკავება უნდა დაიწყოს.

    „თქვენ უნდა [მოახდინოთ] დომინირება,“ უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა გუბერნატორებს, რომლებსაც ის ტელეფონით ესაუბრა. ზარის დეტალების შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება. „თუ დომინირებას [არ მოახდენთ] ისინი თქვენს დროს ფლანგავენ – ზედ გადაგივლიან და სულელებივით გამოჩნდებით.“

    CBS News-მა გუბერნატორებთან ზარის აუდიო ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც ტრამპი ძალადობას „რადიკალურ მემარცხენეებს“ უკავშირებს.

    ამერიკის მასშტაბით ათობით ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები 23 შტატში და ქალაქ ვაშინგტონშია გაგზავნილი.

    უქმეებზე ამერიკის ბევრ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ბევრგან საღამოს და ღამის საათებში შინიდან გასვლა ეკრძალებათ. დღეისთვის საგანგებო ვითარება 20 შტატის 40-მდე ქალაქშია გამოცხადებული, სადაც რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა, თავადაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

    პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.