Category: მსოფლიო

  • ინგლისის სამხეთ სანაპიროს შტორმმა შეუტია(ფოტოები)

    ინგლისის სამხრეთ რაიონებს შტორმმა ალექსმა შეუტია. ძლიერ ქართან და წვიმასთან ერთად ქვეყნის სამხრეთი სანაპიროს ბევრ ქალაქს დიდი ტალღებიც უტევს.

    აი, მაგალითად ასე გამოიყურება ცნობილი ნავმისადგომი ბრაიტონში.


    უამინდობის გამო ბევრგან ელექტროენეგიაც გაითიშა. ზოგან ნაჩქარევად ააგეს დროებითი დამცავი დამბები ქვიშის ტომრებისგან. მაგალითად, დორსეტის საგრაფოს ქალაქ სუონეჯში.
    ლონდონში კი სერიოზული გართულება არ ყოფილა და მხოლოდ ძლიერად წვიმდა.


    შტორმი ინგლისის სამხრეთ სანაპიროებამდე საფრანგეთიდან მივიდა, სადაც მანამდე სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ის ჩრდილოეთით მიემართება და გაერთიანებული სამეფოს მთელი ტერიტორიის გავლით ამ დღეებში შოტლანდიას მიაღწევს.

  • უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი Covid19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

    უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი,  პეტრ პოროშენკო, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მას ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს. ექს პრეზიდენტის ცოლის თქმით დაინფიცირებულია მისი ქალიშვილიც.

    “დღეს Covid19–ს ებრძვიან ჩემი ქმარი და შვილი. პეტრ ალექსნდრეს ძე კიევის ერთ–ერთ საავადმყოფოშია, რომელიც კორონავირუსიანებს მკურნალობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაემს ქმარს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს, ის ძლიერია და ამას დაავადებასთან ბრძოლაშიც აჩვენებს. ის მკაცრად იცავს მკურნალობის დადგენილ პროტოკოლს“– თქვა მარინა პოროშენკომ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

     

    იმის შესახებ, რომ 55 წლის პოროშენკოს კორონავირუსი აღმოაჩნდა 29 სექტემბერს გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და სინანული გამოთქვა, რომ იძულებულია ამის გამო რეგიონებში ვიზიტები შეწყვიტოს. მანამდე პოროშენკო აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში.

  • პრეზიდენტი ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    პრეზიდენტი ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც პარასკევს კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზირებულია. მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ტრამპს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი თეთრი სახლიდან ვერტმფრენით ვაშინგტონის სამხედრო ჰოსპიტალ Walter Reed Military Hospital–ში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ის ჰოსპიტალში ანალიზების გასაკეთებლად გადაიყვანეს.

    დონალდ ტრამპთან ერთად კორონავირუსი მის მეუღლეს, მელანიასაც დაუდგინდა. 

  • დონალდ და მელანია ტრამპებს Covid19 დაუდასტურდათ

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვირუსი დაუდასტურდა მის ცოლს, მელანიასაც. მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ტრამპის თანაშემწეს, რომელიც მასთან ბოლო დღეებში მუშაობდა.

     

    “დღეს მე და პირველმა ლედიმ Covid19-ზე ტესტის დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს. ამ ყველაფერს ერთად გავივლით“–დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

    მანამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ–ს პრეზიდენტი უკვე ამბობდა, რომ მზად იყო კარანტინში გადასულიყო მას შემდეგ, რაც მისი უახლოესი მრჩევლის, ჰოუფ ჰიკსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. თანაშემწო პრეზიდენტს თან ახლდა ამ კვირაში რამდენიმე ვიზიტისას.

    ტრამპის მკურნალი ექიმი, შონ კონლი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი მოვალეობების შესრულება, რადგან ის და პირველი ლედი თავს კარგად გრძნობენ და აპირებენ კარანტინის პროცესი თეთრ სახლში გაატარონ.

  • ჯოკონდას ახალი საიდუმლო– მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ აქამდე უჩინარი ჩანახატი იპოვნეს

    ფრანგი მეცნიერი, პასკალ კოტი აცხადებს, რომ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას პორტრეტის ქვეშ დაფარული ჩანახატი აღმოაჩინა, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

    როგორც ჟურნალ   Journal of Cultural Heritage–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი,  საკუთარი წარმოების აპარატურის გამოყენებით  კოტმა ესკიზის კვალი იპოვნა, რომელიც სპოლვეროს ტექნიკით არის შესრულებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეონარდო და ვინჩიმ გამოსახულება ხის პანელზე ნახშირით იმ ხვრელების საშუალებით გადაიტანა, რომლებიც ესკიზის ხაზებში იყო გაკეთებული.

    ნახშირის კვალი კოტმა მონა ლიზას ხელისა და თმის ხაზის სიახლოვეს აღმოაჩინა. ის ასევე თვლის, რომ ნახატის შექმნის პროცესში და ვინჩიმ მის გმირს პოზა შეუცვალა და თავი უშუალოდ მაყურებლის მხარეს მიაბრუნებინა.

    გარდა ამისა, კოტმა შეამჩნია, რომ ფარულ ჩანახატში ჯოკონდას თმის სარჭი უკეთია, რაც მხატვრის ჩანაფიქრის შესახებ ახალ კითხვებს აჩენს.

    “მონა ლიზას არ შეიძლებოდა რამენაირი ვარცხნილობა ქონოდა. იმ დროისთვის ფლორენციაში ეს შეუძლებელი იყო“– თქვა კოტმა ბრიტანულ გამოცემა Express–თან ინტერვიუში. კოტი ვარაუდობს, რომ ასეთი თმის სამაგრები შესაძლოა მხოლოდ “რეალურად არარსებული ქალების, მაგალითად ქალღმერთების, ან სულაც ქალწული მარიამის“ პორტრეტებზე გამოესახათ.

    კვლევის აღწერაში ნათქვამია, რომ 2004 წელს მას შემდეგ, რაც ნახატზე წვდომა მიიღო, მეცნიერმა გამოსახულებას მულტისპექტრული კამერით ციფრული ფოტო გადაუღო, რომელიც თავადვე გამოიგონა. მეცნიერი ამტკიცებს, რომ მის მიერ გამოყენებული სინათლის ანარეკლის ანალიზის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს საღებავის ფენებს შორის დამატებითი გამოსახულებები დაინახოს.

    2015 წელს კოტი აცხადებდა, რომ ჯოკონდას ქვეშ მეორე გამოსახულება იპოვნა. მან ივარაუდა, რომ ფარული ნახატი ნამდვილი მონა ლიზას პორტრეტი იყო. საყოველთაოდ ცნობილი ნახატი კი სხვა ქალის გამოსახულება.

    მაშინ მის დასკვნების სპეციალისტები სკეპტიკურად შეხვდნენ, ლუვრმა კი უარი თქვა მისი განცხადების კომენტირებაზე და განაცხადა, რომ კოტი მუზეუმის მკვლევართა ჯგუფში არ შედიოდა.

    ექსპერტების თქმით, მხატვრებს ხშირად დამკვეთის თხოვნით უკვე დასრულებულ ნამუშევარში ცვლილებები შეჰქონდათ. ამიტომაც ნამუშევარში სხვა გამოსახულებების არსებობა გასაკვირი არ არის.

    კოტის ახალ კვლევაში საუბარია თავდაპირველ მონახაზზე, რომელიც მანამ გაკეთდა, სანამ ხის პანელზე საღებავი გამოჩნდებოდა.

    “მონა ლიზა“ – სახვითი ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.

    ვარაუდობენ,  რომ ლეონარდომ ეს ნამუშევარი 1503–1517 წლებში შექმნა. იმ დროს ის ფლორენციაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში. იმის შესახებ, თუ ვინ არის ნახატზე გამოსახული, დიდი ხანია მწვავე კამათი მიმდინარეობს. თუმცა, უკვე მრავალი საუკუნეა ითვლება, რომ ეს არის ლიზა გერარდინი, ფლორენციელი აბრეშუმით მოვაჭრის ცოლი.

  • ისრაელში კარანტინი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება

    ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სრული კარანტინი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

    მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფორმა. ახლა მოქალაქეებს შეეძლებათ დააორგანიზონ ან მონაწილოება მიიღონ პროტესტში, მხოლოდ მათი საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში. აქციის მონაწილეთა რაოდენობა 20 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

    თელ-ავივის ასობით მაცხოვრებელი ოთხშაბათს, საღამოს ქუჩაში გამოვიდა, მიტინგების შეზღუდვის გასაპროტესტებლად. ოთხი ადამიანი დააკავეს პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

    განმეორებით კარანტინის რეჟიმი ისრაელმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, 18 სექტემბერს დააწესა.

    1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ აღრიცხულია 248 131 შემთხვევა, გარდაიცვალა 1 571 პაციენტი.

  • ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას – ალექსეი ნავალნი

    ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას – ალექსეი ნავალნი

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა

    ეს მისი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს.

    „დიახ, მე ვთვლი, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას და მე მომხდარის სხვა ვერსიები არ მაქვს“, – განაცხადა ნავალნიმ.

    ალექსეი ნავალნიმ ასევე განაცხადა, რომ გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდება. „ახლა ჩემი საქმეა – ვიყო ადამიანი, რომელსაც არ ეშინია. და მე არ მეშინია!“ – აცხადებს ნავალნი.

    20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.

  • გავჩერდებით მაშინ როცა სომხეთი სრულად გაიყვანს ჯარებს ყარაბაღიდან – ალიევი

    გავჩერდებით მაშინ როცა სომხეთი სრულად გაიყვანს ჯარებს ყარაბაღიდან – ალიევი

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას,  განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში იმ შემთხვევაში შეჩერდება თუ სომხეთის ძალები უპირობოდ დატოვებენ ტერიტორიას.

    “სომხეთის პრემიერ მინისტრმა შვიდი პირობა წამოაყენა, რომელიც ჩვენ უარვყავით. ჩვენ გვაქვს ერთი პირობა: მათ უპირობოდ, სრულად და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი მიწები. ეს პირობა ძალაშია და თუ სომხეთის მთავრობა შეასრულებს მას, ბრძოლა შეჩერდება, სისხლი არ დაიღვრება და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს რეგიონში”, – აცხადებს  ალიევი.

    როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, ქვეყანას მშვიდობა სურს და სწორედ ამიტომ იყვნენ მოლაპარაკებების ერთგულები 30 წლის განმავლობაში, თუმცა ისინი არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას.

    შეგახსენებთ,რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა.

  • სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება – სომხეთის განათლების მინისტრი

    სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება – სომხეთის განათლების მინისტრი

    სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანი მოითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას. ამის შესახებ  სომხური სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

    მედიის ცნობით, ამ წინადადებით განათლების მინისტრმა უკვე მიმართა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს.

    სომხეთის განათლების მინისტრის ეს მოწოდება უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და ამას ვერაფერი შეცვლის.

  • დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

    დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

    მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერთ დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

    „მთლიანობაში, ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენმა ჯარმა მოიგერია მოწინააღმდეგის შემოტევები, რომელსაც სრულიად შეცვლილი ჰქონდა ტაქტიკა და შეტევებს სხვადასხვა მონაკვეთებზე ახორციელებდა. ძირითადი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებები. დაახლოებით 23-24 საათში მოწინააღმდეგემ 130 ჯარისკაცი დაკარგა, დაიჭრა 200-მდე სამხედრო“ , – განაცხადა ოვანისიანმა.