Category: მსოფლიო

  • “თავს იმაზე კარგად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ!“–ტრამპი

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის აივანზე ნიღაბი დემონსტრატიულად, კამერების წინ მოიხსნა და შენობაში ისე შევიდა. მანამდე კი, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” ამერიკელებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ კოვიდ-19-ს, დაავადებას, რომლის გართულებებით ამერიკაში თითქმის 210 000 ადამიანი გარდაიცვალა.

    “არ შეგეშინდეთ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენს ცხოვრებაზე დომინირების” – დაწერა “ტვიტერზე” 74 წლის პრეზიდენტმა საავადმყოფოდან წასვლამდე. დონალდ ტრამპის თქმით, ის თავს ახლა უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

    პრეზიდენტ ტრამპს კოვიდ-19-ის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს. მან სამი დღე მერილენდის შტატის ქალაქ ბეტესდაში, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაატარა, სადაც მას ინტენსიურ მკურნალობას უტარებდნენ.

    შონ კონლიმ, მისმა ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი თეთრ სახლში გაგრძელდება. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ტრამპის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე ჯერ შეიძლება, ბოლომდე გასული არ იყოს.

    პრეზიდენტს საავადმყოფოში სტეროიდ “დექსამეტაზონით” მკურნალობენ, რომელიც კოვიდ-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს ენიშნება. ტრამპს ასევე უსხამენ “რემდესივირს”. ეს უკანასკნელი დაავადების დასაწყისში ინიშნება და პროტოკოლით, ხუთდღიან მკურნალობას მოიცავს.

    პრეზიდენტს ასევე მისცეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას ჯერ არ დაუმტკიცებია. ეს არის “რეჯენერონი”, პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი.

    ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიღებული გამოცდილების მიუხედავად, პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის დარჩენილ დროში, კვლავ აგრძელებს ვირუსული პანდემიის ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოჩენას. ის ხშირად საჯაროდ დასცინოდა ოპონენტ ჯო ბაიდენს ნიღბის ტარების გამო.

    შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნების ოფიციალური თარიღი 3 ნოემბერია. თუმცა, ნაადრევი კენჭისყრა უკვე დაიწყო და საარჩევნო ოლქების მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გამო, ელექტორატის თითქმის ნახევარი ხმას ადრე მისცემს, ან ფოსტით, ან უბანზე ფიზიკურად მისვლით.

    კოვიდ-19-ზე ანალიზს სისტემატურად იღებს რესპუბლიკელი პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. მიმდინარე თვეში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ორი დებატებია ჩანიშნული, 15 და 22 ოქტომბერს. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ის ავადმყოფობის მიუხედავად, შემდეგ დებატებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

    კიდევ ერთი დებატებია დაგეგმილი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ხვალ, 7 ოქტომბერს, ერთმანეთს რესპუბლიკელი მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. დებატების მოდერატორი იქნება სიუზან ფეიჯი (USA Today).

    დებატების ორგანიზატორი, ტრადიციულად, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების კომისიაა. კომისიის ორპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პრეზიდენტების დებატებში 9 სეგმენტი იქნება, რომელთაგან თითოეულს 10-10 წუთი დაეთმობა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • სამოქალაქო პროტესტის შემდეგ ყირგიზეთის ცესკომ არჩევნების შედეგები გააუქმა

    ყირგიზეთში 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, მასობრივი სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. ისინი სახელმწიფოს შენობებში, მათ შორის პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეიჭნენ და იქ არავის უშვებდნენ. დღეს ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

    არჩევნებში 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. პარტია ბირიმდიკმა და ყირგიზეთის მექენინმა ნახევარი ადგილი მოიპოვეს, მათ ძმებ მატრაიმოვების კლანთან აკავშირებენ, რომლებსაც ყირგიზეთში ყველაზე გავლენიან ადამიანებად თვლიან. ბარიერი ვერ გადალახა 12-მა პარტიამ, რომლებიც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

    აქციები ყირგიზეთის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი, დაიღუპა ერთი ადამიანი.

  • ტრამპი საავადმყოფოდან თეთრ სახლში დაბრუნდა

    აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა. ის კორონავირუსით დაინფიცირდა და 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

    ტრამპი თეთრი სახლის აივანზე გამოჩნდა და პირბადე დემონსტრაციულად მოიხსნა.

    საავადმყოფოს დატოვებამდე მან ამერიკელებს საკუთარ ტვიტერზე მიმართა:

    “ნუ შეგეშინდებათ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ კორონავირუსს დაამარცხებთ. ჩვენ საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გვაქვს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში შექმნეს”. – განაცხადა მან.

    ტრამპი კორონავირუსზე მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია პირველი ლედი, მელანია ტრამპიც.

  • პარიზი “წითელ ზონაში“ –ინფიცირებულთა რაოდენობამ საფრანგეთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

    საფრანგეთის დედაქალაქში და მის სამ გარეუბანში დღეიდან ორი კვირით სრულად დაიხურება ბარები. მანამდე ხელისუფლებამ მათი მუშაობის საათები საღამოს 10 საათამდე შეზღუდა.

    კაფეებს და რესტორნებს ჯერჯერობით  22 საათამდე კლიენტების მომსახურების უფლება აქვთ. თუმცა ყველა კლიენტი ვალდებულია ადმინისტრაციას მისი საკონტაქტო მონაცემები დაუტოვოს.

    საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში 26 სექტემბრიდან დახურულია  საზკვების ყველა ობიექტი და სპორტკლუბი.

    სხვა ზომებს შორის, რომელთა შესახებ ორშაბათს პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, არის მოთხოვნა სასწავლო დაწესებულებების მიმართ, არ დაუშვან აუდიტორიების სტუდენტებით გადავსება, კომპანიებს კი მოუწოდებენ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი გადაიყვანონ დისტანციურ სამუშაოზე.

    კვირას საფრანგეთში 12500 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. შაბათს კი პანდემიის დაწყებიდან რეკორდი დამყარდა – ახალ დაინფიცირებულთა რიცხვმა 17000–ს მიაღწია. ივნისში ეს მაჩვენებელი დღეღამეში 1000 ახალ ინფიცირებულამდე შემცირდა, თუმცა ბოლო კვირებში სტაბილურად იზრდება.

    საფრანგეთის მსხვილ ქალაქებში ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი – “წითელი დონე“ გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100 000 მოქალაქეზე 250–ს აჭარბებს, რეანიმაციებში კი უკვე დაკავებულია საწოლების მინიმუმ 30%.

  • ევროკომისიის თავმჯდომარე კოვიდიანთან კონტაქტის გამო კარანტინშია

    ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლიაიენი თვითიზოლაციაში  იმის გამო, რომ კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან. ინფორმაცი ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, სადაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, როგორც კი პოტენციური საფრთხის შესახებ შეიტყო.

    კორონავირუსის ტესტის დადებითი შედეგი მისმა ერთ–ერთმა თანამოსაუბრემ მიიღო, რომელთანაც ფონ დერ ლიაიენს გასულ ხუთშაბათს ქონდა შეხვედრა. იმავე დღეს მან ტესტი გაიკეთა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. ახლა კი ახალი ტესტის შედეგებს ელოდება. ბელგიაში მოქმედი წესებით თუ ეს კვლევაც ორგანიზმში ინფექციის არსებობას არ დაადასტურებს, უკვე ხვალიდან ევროკომისიის მეთაურს შეუძლია ჩვეულებრივ ცხოვრებას და საქმიანობას დაუბრუნდეს.

    სამშაბათისთვის ბრიუსელში დაგეგმილია მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ევროკავშირი–უკრაინის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში.

  • სიტუაცია მთიან ყარაბაღში სულ უფრო საშიში ხდება

    მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების პირველმა კვირამ ცხადად აჩვენა აზერბაიჯანის მტკიცე განწყობა, რომელსაც თურქეთის აქტიური მხარდაჭერა აქვს.

    პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა თურქეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტექნიკითაც ამარაგებს. როგორც ბიბისი წერს, არსებობს ინფორმაცია, რომ თურქულმა მხარემ იქ ბოევიკები სირიიდან გაგზავნა, თუმცა თურქული მხარე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

    საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები კონფლიქტის მონაწილეების მიმართ, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, თურქეთის მხარის მიერ უარყოფილია, რომელიც მოითხოვს “ბოლო მოეღოს  ყარაბაღის სომხურ ოკუპაციას.“

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კვირას სატელევიზიო გამოსვლისას სომხეთის ხელისუფლებას მოთხოვა წარმოადგინონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რაც მისი თქმით ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი პირობაა.

    სომხური მხარე არანაკლებ პრინციპულად არის განწყობილი, რადგან ამ კონფლიქტს არა ტერიტორიულ დავად, არამედ საკუთარი არსებობისთვის ბრძოლად განიხილავს.

  • ტრამპის მკურნალობაში ექიმებმა დექსომეტაზონი ჩართეს

    ტრამპის მკურნალობაში ექიმებმა დექსომეტაზონი ჩართეს

    დღეს ცნობილი გახდა აშშ–ს პრეზიდენტის მკურნალობის დეტალები. დონალდ ტრამპს ორი დღის წინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, შონ კონლი ამბობს, რომ ტრამპს სტეროიდი დექსამეტაზონი გამოუწერეს. მას როგორც წესი მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებს აძლევენ, რათა სუნთქვის პრობლემები აიცილონ თავიდან. დექსამეტაზონი პრეზიდენტს იმის გამო დაუნიშნეს, რომ ბოლო ორ დღეში მის სისხლში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნად დაეცა. ექიმმა კონლიმ განაცხადა, რომ ტრამპს რეკომენდაცია მისცა დამატებითი ჟანგბადი მიიღოს. კითხვაზე, რატომ მისცა ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს, და არა აქამდე ის ამბობს: “მინდოდა გუნდში ოპტიმიზმის საერთო სულისკვეთების შესაბამისი ვყოფილიყავი. ფაქტი ის არის, რომ ის დაავადებას კარგად უმკლავდება.“

    ამავე დროს, კონლის თქმით პრეზიდენტის საავადმყოფოდან გამოწერას ორშაბათისთვის გეგმავენ. ტრამპი მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.

    ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეორე დღეა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. დღემდე მისი მკურნალი ექიმი აცხადებდა, რომ აშშ–ს პრეზიდენტს დამატებითი ჟანგბადი არ ჭირდებოდა. ტრამპის მკურნალობაში გუშინ რემდესივირიც ჩართეს. პარასკევს კი ცნობილი გახდა, რომ მას პარასკევს კონლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე ანტისხეულებისგან დამზადებული კოქტეილის 8 გრამიანი დოზა მიიღო, რომელიც კომპანია Regeneron–მა შეიმუშავა.

  • ცნობილი დიზაინერი კენზო კორონავირუსით გარდაიცვალა

    იაპონური წარმოშობის ფრანგი დიზაინერი, კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.კენზოს ცნობილი ბრენდის შემქმნელი  Neuilly-sur-Seine–ში მდებარე   ამერიკულ ჰოსპიტალში გარდაივალა

    ტაკადა 1939 წლის 27 თებერვალს იაპონიაში დაიბადა.1964 წლიდან პარიზში გადავიდა, სადაც დიზაინერის კარიერა დაიწყო. მან საკუთარი მოდის სახლი 1970 წელს შექმნა. კენზოს  ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტს კი 1999 წლამდე იკავებდა.

    მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას წინ უძღოდა პარიზის მოდის კვირეულზე კენზოს ბრენდის 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ბრენდის კრეატიული დირექტორი ამჟამად ფელიპე ოლივეირა ბაპტისტაა, რომელმაც კენზოს გარდაცვალების შემდეგ ინსტაგრამზე დაწერა:

    “ძალიან სევდიანია ბატონი კენზო ტაკადას გარდაცვალება. მისი საოცარი ენერგია, სიკეთე, ნიჭი და ღიმილი გადამდები იყო. მისი მონათესავე სული ყოველთვის ცოცხალი იქნება. მშვიდობით განისვენე მაესტრო.“

  • განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია – ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერი

    აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია – ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა.

    ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

    მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

    სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.

    სომხეთის ცნობით, დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 19 მშვიდობიანი მოქალაქე.

  • წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რით მკურნალობენ Covid19–ით ინფიცირებულ ამერიკის პრეზიდენტს

    თეთრი სახლის ექიმმა, შონ კონლიმ შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმების ჯგუფი  “უკიდურესად კმაყოფილია პროგრესით„ რომელსაც აშშ–ს პრეზიდენტის მკურნალობისას მიაღწიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტრამპს ნორმალური ტემპერატურა ჰქონდა. ხველა და სურდო შესუსტდა, თუმცა პრეზიდენტი დაღლილობას გრძნობს. კონლი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ სიფრთხილის ზომაა.

    “დიდი ყურადღებით ვაკვირდებით გართულების ნებისმიერ ნიშანს, რომელიც კორონავირუსთან ან პრეზიდენტისთვის დანიშნულ მკურნალობასთან არის დაკავშირებული. ვაკვირდების მისი გულის, თირკმელების და  ღვიძლის მუშაობას. ყველაფერი რიგზეა“– განაცხადა ტრამპის მკურნალ ექიმთა ჯგუფის წევრმა შონ დულიმ და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ჟანგბადის აპარატთან არ შეუერთებიათ, რადგან მას სუნთქვის სირთულეები არ ჰქონია.

    თუმცა ტრამპის მკურნალი ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, როდის გამოწერენ მას კლინიკიდან და როდის დაბრუნდება თეთრ სახლში.

    ამასობაში სააგენტო როიტერმა თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეღამის განმავლობაში ტრამპის ზოგიერთმა სიმპტომმა ექიმების შეშფოთება გამოიწვია და შემდეგი 48 საათი გადამწყვეტი იქნება დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის კურსის განსაზღვრისთვის.

    იგივე წყარო აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.  ამ წყაროს ბევრი ამერიკული მედია ეყრდნობა და მის გვარს არ ასახელებენ, თუმცა როგორც ამბობენ, ჟურნალისტებში მისი ინფორმაცია ნდობას იწვევს.

    რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს თეთრ სახლში კლინიკაში გადაყვანამდე ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ.

    გამოცემა New York Times ორ ოფიციალურ პირს ციტირებს, რომლებმაც თქვეს, რომ პარასკევს ტრამს სუნთქვა უჭირდა, სისხლში ჟანგბადის დონე დაეცა, რამაც ექიმები აიძულა ის ჟანგბადის აპარატზე შეეერთებინათ.

    ამ ინფორმაციას არაეთრი საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს.

    თეთრი სახლი ცდილობს განმარტოს ის გაურკვევლობა, რაც ტრამპის მკურნალი ექიმების განცხადებებს მოჰყვა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ერთ–ერთ ექიმს უბრალოდ შეეშალა, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი უკე 72 საათია ავად არის. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ექიმი გულისხმობდა იმას, რომ პრეზიდენტი უკვე მესამე დღეა ავად არის, ანუ ხუთშაბათის საღამოდან.72 საათი კი მაშინ იქნებოდა, ტრამპისთვის კორონავირუსის დიაგნოზი ოთხშაბათს დილით რომ დაესვათ, მანამდე, სანამ ის მინესოტაში გაემგზავრებოდა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ასევე ნიუ ჯერსიში, სადაც კამპანიის სპონსორებს შეხვდა.

    ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ტრამპმა დიაგნოზის დასმიდან მხოლოდ 36 საათის შემდეგ დაწერა ტვიტერზე, რომ კორნავირუსი აღმოაჩნდა.

    თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ მეორე ექიმი გულისხმობდა მეორე დღეს, და არა 48 საათს იმ მომენტიდან, როცა ტრამპმა ექსპერიმენტული პრეპარატების კომპლექსის , Regeneron–ის მიღება დაიწყო.

    აშშ–ს პრეზიდენტი მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში თეთრი სახლიდან ვერტმფრენით მალევე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მან თეთრი სახლის წინ მდელოზე გაიარა და ვერტმფრენში დამოუკიდებლად ავიდა. ეცვა საქმიანი პიჯაკი  და ნიღაბი ეკეთა. არაფერი უთქვამს ახლოს მდგომი ჟურანლისტებისთვის, თუმცა ცერა თითი აწია. ექიმები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიფრთხილის ზომაა. თეთრი სახლის წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და  პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას ჰოსპიტლიდან განაგრძობს.

    კორონავირუსი დაუდგინდა ტრამპის ცოლს, მელანია ტრამპსაც.

    რით მკურნალობენ ამერიკის პრეზიდენტს

    ტრამპის ექიმი, შონ კონლი აცხადებს, რომ მას დამატებითი ჟანგბადი არ ჭირდება, თუმცა სპეციალისტებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მას რემდესივირით უმკურნალებენ.

    კვლევების თანახმად რემდესივირი, რომელიც თავდაპირველად ებოლას მკურნალობისთვის შემუშავდა, ანგრევს ვირუსის გამრავლების უნარს და შეუძლია სიმპტომების ხანგრძლივობა შეამციროს.

    პარასკევს კონლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე ანტისხეულებისგან დამზადებული კოქტეილის 8 გრამიანი დოზა მიიღო, რომელიც კომპანია Regeneron–მა შეიმუშავა.

    ანტისხეულები კორონავირუსს “ეკვრიან“, მას იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდიან და  ორგანიზმის უჯრედებს იცავენ.

    ასეთი მკურნალობა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება და ჯერჯერობით მარეგულირებელ ორგანოებს ის არ დაუმტკიცებიათ. მართალია ბევრს იმედი აქვს, რომ ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდება, თუმცა ექიმების ნაწილი გაოცებულია, რომ პრეზიდენტმა ეს მეთოდი აირჩია, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია.

    თეთრი სახლის ექიმის თქმით ტრამპი ასევე იღებს ცინკს, ვიტამინ D–ს, ფამოტიდინს, მელატონინს და ასპირინს.

    სპეციალისტები ამბობენ, რომ 74 წლის პრეზიდენტი რისკჯგუფშია, მიუხედავად ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა. მიზეზი მისი ასაკი და წონაა.