Category: მსოფლიო

  • ბრიტანეთის კონტრდაზვერვის შეფი ბრიტანეთის მთავარ პრობლემად რუსეთს ასახელებს

    ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (МИ-5) ხელმძღვანელი, კენ მაკალამი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები მისი უწყებისთვის მთავარ პრობლემად იქცა.

    ბიბისისთან ინტერვიუში ამ სიტუაციის მიზეზთა შორის ან ადამიანების მკვლელობის მცდელობები, მათ შორის ალექსეი ნავალნის საქმე, ასევე სხვა მთელი რიგი საფრთხეები დაასახელა ბრიტანული დემოკრატიისთვის, ინფორმაციისა და ინფრასტრუქტურისთვის. მაკალამის თქმით, მომავალში რუსეთის ადგილს ბრიტანეთის მთავარი საფრთხეების სიის თავში ჩინეთი დაიკავებს.

    მაკალამი ამ პოსტზე აპრილი დაინიშნა და ბიბისისთან ინტერვიუში პირველად ისაუბრა იმ ამოცანებზე და მიზებზე, რომლებიც მისმა ორგანიზაციამ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს:

    “ჩვენ საქმე გვაქვს ტერორიზმის უსიამოვნო კომბინაციასთან, რომელიც არსად წასულა და მტრული საქმიანობის ზრდასთან, რომელიც სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.

    თუ მკითხავთ, რომელი ქვეყნის დაზვერვა უქმნის  2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ყველაზე დიდ პრობლემებს დიდ ბრიტანეთს, გეტყვით, რომ ეს არის რუსეთი. თუმცა თუ მკითხავთ, რომელი ქვეყანა მოახდენს მსოფლიოში სიტუაციის ფორმირებას უახლოეს ათწლეულში და შექმნის ყველაზე დიდ შესაძლებლობებს და ყველაზე დიდ პრობლემებს ბრიტანეთისთვის, მაშინ გიპასუხებთ, რომ ეს არის ჩინეთი. ხატოვნად რომ ვთქვათ, თუ რუსეთის სპეცსამსახურები ეს არის ცუდი ამინდის პერიოდები, ჩინეთი ეს არის მთლიანად კლიმატის ცვლილება“– თქვა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა.

    ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სტრუქტურა – МИ-5   ბოლო დრომდე იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მისი არსებობა 1980–იანების ბოლომდე ოფიციალურად არც კი  იყო აღიარებული.

  • დონალდ ტრამპის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 14 წლის ვაჟს, ბარონს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა.ამ ეტაპზე ტრამპის შვილს სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.

    შვილის დაინფიცირების შესახებ პრეზიდენტმა აიოვაში, ამომრჩეველთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარონი ახლა კარგად არის და მისი გამოჯანმრთელება არის იმის მაგალითი, რატომ უნდა გაიხსნას სკოლები.

    „ისინი ახალგაზრდები არიან, მათი იმუნური სისტემა ძლიერია და ვირუსს იგერიებენ. დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

  • ტრამპი ვირუსის გამავრცელებელი აღარ არის. რა ვიცით ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის შესახებ

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა გარშემომყოფთათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი, შონ კონლი აცხადებს. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მემორანდუმშია ნათქვამი, აღარ არსებობს არანაირი ნიშანი რომ ვირუსი აქტიურად მრავლდება. როდის გაუკეთდა ბოლო ტესტი პრეზიდენტს, მკურნალი ექიმის განცხადებაში არ არის ნათქვამი.

    შაბათს აშშ–ს პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა – იქიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადიოდა. ტრამპმა შეკრებილებს უთხრა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და პირობა მისცა, რომ კორონავირუსის ვაქცინა მალე მზად იქნება.

    ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ მას შეუძლია ხალხში თავისუფლად გამოჩნდეს, რადგან ის ვირუსის გამავრცელებელი აღარ არის. აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. ამ პერიოდში დაგეგმილია ორი დებატი კანდიდატებს – დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის.

     

    თეთრი სახლის აივნიდან გამოსვლა პრეზიდენტის სიტყვად ითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ შეიძლება იყოს. ამიტომაც ტრამპი უკვე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის რდოს პოლიტიკურ განცხადებებს თეთრი სახლიდან აკეთებს.

    ტრამპმა პირობა დადო, რომ ორშაბათს ფლორიდაში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოვა. კვლევის შედეგებით ამ საკვანძო შტატში არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება ძნელია, არადა ფლორიდის ამომრჩევლის გარეშე თეთრ სახლში მოხვედრა ძალიან რთულია.

    ბოლო კვლევებით ტრამპის კონკურენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი მას მცირედით უსწრებს. ABC News/Ipsos–ის კვლევებით ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ 35% იწონებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

    თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არა ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობაზე, არამედ შტატების მიერ მიცემულ ხმებზეა დამოკიდებული.

    სწორედ ამ სისტემის წყალობით წააგო ჰილარი კლინტონმა 2016 წელს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში მთელი ქვეყნის მაშტაბით ტრამპზე მეტი ხმა დააგროვა.

    რა ვიცით ამ დროისთვის ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ

    თავად ტრამპმა Fox News –თან ინტერვიუში თქვა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და წამლები აღარ ჭირდება.

    ხუთშაბათს შონ კონლიმ თქვა, რომ პრეზიდენტს უკვე შეუძლია საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა.

    მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, მან სამი დღე საავადმყოფოში გაატარა, სადაც დექსამეტაზონით, რემდესივირით და კომპანია Regeneron–ის ანტისხეულების კომპლექსით მკურნალობდნენ.

    აშშს დაავადებისა და კონტროლის ცენტრი ათდღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას იძლევა ყველასთვის, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები გამოაჩნდება. სერიოზული სიმპტომებით დაავადებულთათვის კი აუცილებელია ჰოსპიალიზაცია და 20 დღიანი იზოლაცია.

    თავად ტრამპი არაერთხელ გამოთქვამდა სკეპტიკურ დამოკიდებულებას ნიღბების და სოციალური დისტანციის აუცილებლობის შესახებ.

    აშშ–ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ პრეზიდენტის ადმინისტრაცია 26 სექტემბრის შეხვედრის შემდეგაც გააკრიტიკა, როცა პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს ნიღბები არ ეკეთათ და არც სოციალური დისტანცირების წესებს იცავდნენ. თეთრი სახლის წინ მდელოზე გამართული შეხვედრის მინიმუმ 11 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ხშირად წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

     

  • რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი რომ გამოსავალი მხოლოდ ყარაბაღის დატოვებაა – ალიევი

    “რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება” -ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას გააკეთა.

    „არავისთვისაა საიდუმლო, რომ სომხეთი რუსეთზე 100 პროცენტით არის დამოკიდებული. რუსეთი მათ უფასო შეიარაღებით უზრუნველყოფს. მსოფლიოში არ არსებობს მეორე ასეთი შემთხვევა, სადაც ერთი ქვეყანა მეორეზე ასე იყოს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ რუსეთს აქვს ბევრი ინსტრუმენტი, უმოკლეს დროში დაარწმუნოს სომხეთი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიიდან გასვლა, რათა ჩვენი ხალხი იქ დაბრუნდეს“,- განაცხადა ალიევმა.

  • საქართველო-სომხეთის საზღვარზე იარაღით დატვირთული სატვირთო არ გაატარეს (ვიდეო)

    საქართველო-სომხეთის საზღვარზე იარაღით დატვირთული სატვირთო არ გაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

    აზერბაიჯანული მედიაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ პოლიტიკურ ნებას, რაც სომხეთისათვის საქართველოს ტერიტორიის გავლით, სამხედრო ტვირთის ტრანზიტის აკრძალვას ითვალისწინებს.

    გამოცემა ავრცელებს ფოტო და ვიდეო კადრებს, რომლის  მიხედვით დასტურდება, რომ სატვირთო მანქანის მძღოლებს სომხეთში ავტომობილში დამონტაჟებული ავტომატური მართვის სისტემა გადაჰქონდათ, რომელიც სამეთაურო პუნქტებზე ჯარების გასაკონტროლებლად დგება და ქვედანაყოფების მოქმედებების კოორდინაციას, ასევე, სარაკეტო ძალებისა და საარტილერიო დანაყოფების ცეცხლის კონტროლს ითვალისწინებს.სამხედრო ავტომატური მართვის სისტემის ტრანსპორტირება ცნობილი სომხური სატრანსპორტო კომპანია “სპაიკას” კუთვნილი სამოქალაქო სატვირთო ავტომანქანით ხორციელდებოდა.

     

  • ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

    ყირგიზეთში სპეცდანიშნულების წარმომადგენლებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ადასტურებენ.

    ცოტახნისწინ ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 21:00-დან დილის 05:00 საათამდე ამოქმედდება. იკრძალება შეკრებები, მიტინგები, ქუჩის მსვლელობებუ, დემონსტრაციები, პიკეტირებები სპროტული და სხვა მასობრივი სანახაობების მოწყობა.

  • სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

    სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

    სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შუშანა სტეპანიანის განცხადებას ეყრდნობა, ცეცხლის შეწვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან [ამოქმედდა 12:00 საათზე] 5 წუთში, აზერბაიჯანულმა ძალებმა [12:05 საათზე] თავდასხმა განახორციელეს ტერიტორიაზე, რომელსაც “ყარაღანბეილის” უწოდებენ.

    “არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები იღებენ შესაბამის ზომებს მტრის შეტევის შესაჩერებლად”, – თქვა სტეპანიანმა.

    შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

  • სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

    მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების – ზოგრაბ მნაცაკანიანის და ჯეიხუნ ბარამოვის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12 საათიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  შეთანხმდნენ.

    შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამავლობით დახურულ ფორმატში ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და წუხელ გვიან დასრულდა.

    მხარეები შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ:

    1. ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის, სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებულების, ასევე გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლისთვის საერთაშორისო წითელი ჯვრის შუამავლობითა და კრიტერიუმებით.
    2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები შეთანხმდება დამატებით.
    3. აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით დარეგულირების საბაზო პრინციპების საფუძველზე შეუდგებიან სუბსტანციურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების უსწრაფესად მიღწევის მიზნით.
    4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკების პროცესის ფორმატის უცვლელობას“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სერგეი ლავროვმა სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ წაიკითხა.

    საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლდა. შეტაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ფრონტის რამდენ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ბრძოლაში ჩართულია დრონები, არტილერია, მძიმე ტექნიკა და სარაკეტო კომპლექსები. ორივე მხრიდან სროლა მშვიდობიან მოქალაქეებსაც შეეხო. არის ათეულობით დაღუპული.

    ამ ხნის მანძილზე რუსეთი ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. 8 ოქტომბერს პუტინმა მხარეებს ზავი შესთავაზა ტყვეებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გასაცვლელად.

  • მთიანი ყარაბაღი – რეგიონულ მოთამაშეთა ინტერესები

    მთიან ყარაბაღში უკვე 10 დღეზე მეტია შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. არის მსხვერპლი, როგორც სამხედროთა, ისე მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ეს 90-იანი წლების დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ამ დრომდე მომხდარ ესკალაციებს შორის, ყველაზე მწვავე პერიოდია. თუმცა ძველ კონფლიქტს ახალი განზომილებებიც აქვს და დიდი რეგიონული მოთამაშეების – თურქეთისა და რუსეთის როლი ახლა რეგიონში, ისევე როგორც, დასავლეთში, განსაკუთრებით აშფოთებთ.

    მიუხედავად თურქეთის ურყევი პოზიციისა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამ დრომდე ეს მხარდაჭერა ძირითადად პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფარგლებში რჩებოდა. ახლა კი თურქეთი არა თუ არ მოუწოდებს მხარეებს ცეცხლი შეწყვიტონ, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებების – მინსკის ჯგუფის წევრებსაც კი აკრიტკებს ამგვარი მოწოდებებისთვის და ამბობს, რომ მზადაა კონფლიქტში სამხედრო კუთხითაც ჩაერიოს, თუკი „სომხების მიერ ყარაბაღის ოკუპაცია არ დასრულდება“.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვირაზე ხანგრძლივი შეტაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებისა და კომპრომისისთვის მზადაა, თუკი მოლაპარაკების მაგიდას აზერბაიჯანული მხარეც მიუჯდება, თუმცა საპასუხო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

    ნილ ჰაუერი, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის საზღვრების ინიციატივის მკვლევარი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ესკალაცია კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.

    „სამწუხაროდ ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ ესკალაციის გაგრძელებაზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მხარემ და ნიკოლ ფაშინიანმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ქვეყანა მზად იქნება კომპრომისისთვის, თუკი აზერბაიჯანიც წამოვა ამაზე, რიტორიკა, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთისგან მოდის და მათი გაცხადებული მიზნები აჩვენებს, რომ მათ ბევრად მეტი სურთ”, – ამბობს მკვლევარი და განმარტავს:

    “მათ სომხურ და ყარაბაღის ძალებს სამხედრო ზიანი უკვე მიაყენეს, საუბრობენ „ყარაბაღის სრულ გათავისუფლებაზე“ და ამ კონფლიქტის საბოლოოდ დასრულებაზე. ესაა მთავრობის გზავნილიც და მოსახლეობის ნაწილის განწყობაც, რომ 30-წლიანმა მოლაპარაკებებმა არაფერი მოგვიტანა, ვეღარ მოვიცდით და დროა სამხედრო ძალით გადავწყვიტოთ. ვფიქრობ, ძლიერი საგარეო, დიპლომატიური ჩარევის გარეშე, ესკალაცია გაგრძელდება“, – მიიჩნევს ნილ ჰაუერი.

    გონულ ტოლი, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ თურქეთის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებისთვის ყარაბაღის საკითხი შიდა პოლიტიკური დაკვეთაა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც შეიძლება ცდილობდეს, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკური ჩართულობით შიდა პრობლემებიდან ყურადღება ქვეყნის გარეთ გადაიტანოს.

    „ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია, კოვიდ19-თან დაკავშირებული რიცხვები იზრდება. გამოკითხვების თანახმად, მისი რეიტინგები იკლებს, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზეც კონკურენციაა. საგარეო პოლიტიკას ის შიდა პოლიტიკის დასაბალანსებლად იყენებს. ასე ხდებოდა სირიასა და ლიბიაში ჩართულობის დაწყების დროსაც. თუნდაც 2016 წლის ამბოხის მცდელობის შემდეგ. ის ნაციონალისტური სენტიმენტის მობილიზებას ცდილობს“, – ამბობს ტოლი.

    მეორე მხრივ, თურქეთის ჩართულობის ასეთი გაზრდა, ანალიტიკოსების აზრით, არც რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთი და სომხეთი ოფიციალური მოკავშირეები არიან, შესაბამისად, მოსკოვი ერევანს უნდა დაეხმაროს. თუმცა რუსეთი, რომელიც აზერბაიჯანთანაც ცდილობს კავშირების შენარჩუნებას და ამასთან მიუკერძოებელი შუამავლის როლის თამაშს, ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებით შემოიფარგლება.

    „ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს კონფლიქტში საკუთარი ჩართულობისთვის ერთგვარი ლეგიტიმური საფუძველი შექმნას. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ უსაფრთხოების შეთანხმება არ გულისხმობს ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში ჩართვას და იქ სომხური პოზიციების გამაგრებას. მეორე მხრივ, სუაბარია იმაზე, რომ არც ერევანს უთხოვია რუსეთისთვის ოფიციალურად დახმარება, არც დიპლომატიური ენით და არც შეთანხმებაზე მითითებით. თუკი ერევანი ამას მოითხოვს, მოსკოვისთვის რთული არჩევანი იქნება, როგორ უთხრას უარი, ან როგორ დათანხმდეს“, – ამბობს მაქსიმ სუჩკოვი, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის საზღვრების ინიციატივის კიდევ ერთი მკვლევარი.

    ანალიტიკოსი ერთგვარ პოლიტიკურ თამაშად მიიჩნევს იმასაც, რომ კონფლიქტში უცხოელი მებრძოლების ჩართვაზე ყველაზე მეტს სერგეი ნარიშკინი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს. მან ახსენა სირიიდან და ლიბიიდან ჩამოყვანილი მებრძოლები და ასევე ქურთი მებრძოლების ყოფნის საკითხიც.

    „დაზვერვის წარმომადგენელს მტკიცებულებებს ვერავინ მოსთხოვს“, – ამბობს სუჩკოვი და განმარტავს, რომ რუსეთი თურქეთთან სირიასთან დაკავშირებული შეთანხმების აუცილებლობას ამ კონფლიქტში ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ თავადაც აქვს საკმარისი უპირატესობა იმისთვის, რომ ბალანსი დაიცვას და ესკალაცია გაანეიტრალოს. თუმცა მისი აზრით, ამ შემთხვევაში, თურქეთი შეიძლება მავნე, „საქმის გამფუჭებლის“ პოზიციაში ჩადგეს.

    საქართველო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კეთილმეზობლურ ურთიერთობას ინარჩუნებდა ორივე სახელმწიფოსთან, ისევე როგორც თურქეთთან, კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს.

    ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოს მიდგომა „დელიკატურ და ნეიტრალურ ბალანსს ეფუძნება.

    „ეს კონფლიქტი ეთნიკურზე მეტად ახლა გეოპოლიტიკურ სახეს იძენს და თბილისისთვის უფრო სენსიტიური და რთული ხდება. ერთია, ქართული პოლიტიკა პრინციპების დონეზე, რაც უნივერსალური და მისაღებია, მაგ. ჰუმანიტარული დახმარება ორივესთვის. მაგრამ მეორეა მაგალითად, თავშეკავება. ეს შეიძლება უფრო რთული გახდეს, რაც უფრო დიდხანს გასტანს კონფლიქტი და ქართველი პოლიტიკოსებისთვისაც უფრო დიდი გამოწვევა იქნება“, – ამბობს ყიფიანი.

    ანალიტიკოსი განმარტავს, რომ საერთაშორისო კონტექსტში კონფლიქტის გადაჭრის კუთხით, საქართველოს როლი არ იქნება დომინანტური და თბილისი არ იქცევა საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმად, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ჟესტი იყო.

    „კონფლიქტის ორივე მხარე ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს ცხადი საგარეო პოლიტიკური მიზნები აქვს და ეს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა ევროკავშირსა და ნატოსთან. კონფლიქტი არ ხდება საქართველოში, მაგრამ ის ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რეფორმების სისწრაფეს. ამასთან, როცა მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ადგილზე სამხედრო დაპირისპირებამ შესაძლოა ბევრი სხვაგვარი და ზოგჯერ, არარაციონალური განვითარებაც გამოიწვიოს“, – ამბობს ყიფიანი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

    რუსეთის პატრიარქი კირილი თვითიზოლაციაში გადავიდა. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა.

    რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, 73 წლის კირილის კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნება და ჯანმრთელადაა.

    ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 493-ით გაიზარდა.