Category: მსოფლიო

  • კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

    ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან.

    გენური მუტაცია სავარაუდოდ ივნისში ესპანეთში მოხდა, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს ადგილობრივ ფერმერებში, შემდეგ კი ევროპაში იქ დაბრუნებულ დამსვენებლებთან ერთად გავრცელდა.

    ამის შესახებ საუბარია შვეიცარიული და ესპანური მკვლევარების მიერ შედგენილ ანგარიშში, რომლებიც კორონავირუსის გენურ მუტაციებს აკვირდებიან.

    ვირუსის ახალ სახეობას 20A.EU1. –ის სახელწოდება მიანიჭეს. მის გენურ სტრუქტურაში კლასიკური SARS-CoV-2–ისგან ექვსი განსხვავება ფიქსირდება. “გენეტიკური ხელწერის“ მიხედვით მეცნიერებმა მისი  წარმოშობის ადგილი დაადგინეს.

    ვირუსი, რომელიც ამჟამად ევროპაში დაავადებულთა უმრავლესობას აქვს, უდაოდ ეკუთვნის ერთ–ერთ ნაირსახეობას, რომელიც ზაფხულში ესპანეთში წარმოიქმნა– განაცხადა Financial Times –თან საუბრისას შვეიცარიელმა პროფესორმა ტანია შტადლერმა.

    აეროპორტებში მგზავრების ექსპრეს კვლევები და ზაფხულში ამოქმედებული სხვა ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა – ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ემა ნოდკროფტი, რომელიც ბაზელის უნივერსიტეტის ევოლუციური გენეტიკის სპეციალისტია.

    კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, გენეტიკოსი ინიაკი კომასი ვარაუდობს, რომ 20A.EU1–ს გავრცელება რომელიმე ერთი მასობრივი ღონისძიებიდან დაიწყო, სადაც ერთი ან რამდენიმე სუპერგამავრცელებელი იყო.

    მისი შემდგომი სწრაფი გავრცელების მიზეზად მეცნიერი ესპანეთში დამსვენებელი ტურისტების სარისკო ქცევას ასახელებს, რომელსაც ისინი სახლში დაბრუნების შემდგომაც განაგრძობდნენ.

    ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ახალი მუტაცია უფრო საშიში გადამდებობის და დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კორონავირუსის ასეთი ნაირსახეობა აქამდე არ შეხვედრიათ. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ აღმოჩენილი გენური ცვლილებები ვირუსის გადაცემის სიჩქარეზე, ან დაავადების სიმძიმეზე მოქმედებს. ამჟამად ვირუსოლოგები ცდილობენ გაარკვიონ, შეეხო თუ არა მუტაცია ე. წ. ცილოვან წანაზარდებს, რომელთა დახმარებით ვირუსი ადამიანის ორანიზმის უჯრედებში აღწევთ.

    ცოტა ხნის წინ აშშ–ში SARS-CoV-2–ის კიდევ ერთი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც  D614G ეწოდა. ის სავარაუდოდ ბევრად უფრო აგრესიულია.

  • გერმანიაში და საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში საფრანგეთის კონტინენტალურ ნაწილში  საერთონაციონალური კარანტინის შემოღებისა და ქვეყნის რეგიონებს შორის ადამიანების გადაადგილების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. შემზღუდავი ზომები მინიმუმ ნოემბრის ბოლომდე იმოქმედებს.

    “გადავწყვიტე, რომ პარასკევიდან აუცილებელია იზოლაციის შემოღება, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება“ – განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შეეძლებათ ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ სამსახურში წასასვლელად და სამედიცინო დახმარების მისაღებად. ქუჩაში გამოსასვლელად სპეციალური ფორმა უნდა შეივსოს. ეს მოთხოვნა მოქმედებდა გაზაფხულზე, პირველი კარანტინის დროსაც.

    ჯგუფური შეკრებები აიკრძალება. მუშაობას წყვეტენ რესტორნები და ბარები, ასევე არასასიცოცხლო დანიშნულების საწარმოები.

    მაკრონის განცხადებით ახალი წესების შემოღების მიზანია არ დაუშვან კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის სერიოზული შედეგები, რომელიც შეიძლება პირველზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

    გასული დღეღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით 523 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 235 საკუთარ სახლში და არა საავადმყოფოში.

    ლოქდაუნია ცხადდება გერმანიაშინც.

    ცოტა ხნის წინ კანცლერმა მერკელმა ასევე განაცხადა კარანტნის შემოღების შესახებ, რომელიც 2 ნოემბრიდან შევა ძალაში და ოთხ კვირას გაგრძელდება. გერმანიის ხელისუფლება აპირებს შეზღუდვებს ორი კვირის შემდეგ გადახედოს იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

    კარანტინი გულისხმობს ბარების, რესტორნების, სასტუმროების, კინოთეატრების, სპორტდარბაზების და გართობის ცენტრების დახურვას. რესტორნები მხოლოდ ადგილზე მიტანით კერძების მომზადებას შეძლებენ. მაღაზიები და სასწავლო დაწესებულებები მუშაობას განაგრძობენ.

    ადამიანებს ერთმანეთთან სტუმრად სიარულის უფლება ექნებათ, თუმცა ერთდროულად 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება.

    მერკელის განცხადებით მკაცრი შეზღუდვები აუცილებელია, რათა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ მოხდეს.

    “აუცილებელია ახლავე ვიმოქმედოთ“– განაცხადა კანცლერმა და ხაზი გაუსვა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სერიოზული სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებით შეიძლება, თუმცა ამავე დროს ეკონომიკის გადასარჩენად ძალისხმევა არ უნდა დაზოგონ.

    ბოლო 24 საათში გერმანიაში 15 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.

  • საერთაშორისო ძალისხმევა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა – ფაშინიანი

    საერთაშორისო ძალისხმევა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა – ფაშინიანი

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უშედეგო აღმოჩნდა. ამის შესახებ მან განცხადება twitter-ზე გამოაქვეყნა.

    “მინდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო საზოგადოების, ამჯერად შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელებული ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩაიშალა. აზერბაიჯანის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის შედეგად, დღეს არცხაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

    აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ოქტომბერს გაფორმდა და ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდა. თუმცა, მალევე მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

    შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.

  • ამერიკის ხელისუფლებამ Google–ის, Amazon–ის და Facebook–ის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო

    ამერიკული ინტერნეტ კომპანიების მზარდმა ძალაუფლებამ ამერიკის ხელისუფლება შეაშფოთა. რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ ვაშინგტონმა ევროპას დაუჭირა მხარი და ბიზნესისა და მოქალაქეების უფლებებისთვის ბრძოლაში მეორე ფრონტი გახსნა.

    თავიდან კონგრესმენებმა კომპანიები  Google, Amazon , Apple და Facebook დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი “ გადაიქცნენ ისეთ მონოპოლიებად, რომელთა მსგავსი ნავთობბარონების და სარკინიზო მაგნატების შემდეგ კაცობრიობას აღარ ახსოვს.“

    გასულ კვირას კი რამდენიმე შტატის პროკურორებმა და ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა სარჩელი შეიტანეს Google-ის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ კომპანიამ ინტერნეტზე წვდომის მონოპოლიზება მოახდინა, ბოროტად იყენებს “მეკარის“ როლს და კონკურენციას საეჭვო ბიზნეს–პრაქტიკების გამოყენებით ახრჩობს.

    აშშ–ს პირველი ორი ნაბიჯი მოიწონა ევროპამ, რომელიც დიდი ხანია მარტო და უშედეგოდ აწარმოებს უთანასწორ ბრძოლას ამერიკული ჰაიტეკ–გიგანტების წინააღმდეგ. აქამდე ვაშინგტონი თავისიანებს იცავდა ბრიუსელისგან, თუმცა 2020 წლის შემოდგომაზე ამერიკელები ევროპელების მხარეს გადავიდნენ.

    სილიკონის ველის კომპანიები დარწმუნებულნი არიან, რომ არაფერს არღვევენ  და პირიქით, უფასოდ, ან თითქმის უფასოდ ეხმარებიან ადამიანებს იმუშაონ, იურთიერთონ, ისწავლონ და გაერთონ. დომინირება კი კონკურენციის დროებითი შედეგია და არა სერიოზული საფრთხე კონკურენციისთვის.

    ხელისუფლებას ამის არ სჯერა და სადამსჯელო ზომების მთელ არსენალს ამზადებს – მილიარდებიანი ჯარიმებით დაწყებული იძულებითი დაყოფით დამთავრებული: Facebook შეიძლება  აიძულონ Instagram და WhatsApp გაყიდოს,  Google კი აიძულონ  YouTube  დათმოს, Android კი ცალკე კომპანიად გამოყოს.

    რატომ აღმოჩნდნენ ამერიკული ბიზნესის ჩემპიონები უცებ მიუღებელნი?

    თავიდან ბრძოლა ევროკავშირმა დაიწყო. მას არ მოეწონა, როგორ ექცეოდნენ ტექნოლოგიური გიგანტები კონკურენეტებს, მომხმარებელთა პირად მონაცემებს, საავტორო უფლებებს და ექსტრემიზმს საკუთარ პლატფორმებზე.

    ევროკავშირმა სამჯერ დააჯარიმა გუგლი საერთო ჯამში 9 მილიარდი დოლარით იმის გამო, რომ ამერიკელები საკუთარ საძიებო სისტემას საკუთარი საოპერაციო სისტემის – ანდროიდის საშუალებით “ქაჩავდნენ“, საკუთარ მაღაზიებს კი საკუთარი საძიებო სისტემით. ფეისბუქი და ამაზონი იმის გამო დასაჯეს, რომ ისინი მომხმარებელთა პირად მონაცემების საკუთარი საქონლის და მომსახურების პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ, ეფლის წინააღმდეგ გამოძიება კი მუსიკალური სერვისების საჩივრის ნიადაგზე დაიწყო, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იმით, როგორ ახვევდა აიფონების მწარმოებელი მომხმარებელს თავზე საკუთარ Apple Music–ს.

    საქმეები წლობით გრძელდებოდა, ჯარიმები უმნიშვნელო იყო კომპანიების გიგანტურ მაშტაბებთან შედარებით, ახლა კი ქარის წისქვილებთან ბრძოლა უკვე შესაძლოა ჯვაროსნულ ლაშქრობაში გადაიზარდოს, რადგან ევროპას აშშ–ს ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი, ის კი ერთადერთი ძალაა დედამიწაზე, რომელსაც ამერიკულ ბიზნესზე პირდაპირი გავლენა აქვს.

    რადიკალურ ძვრებს წინ უძღვოდა აშშ–ს კონრესის წარმომადგენელთა პალატის გამოძიება, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ. კონგრესმენებმა დაკითხვაზე ინტერნეტ გიგანტების ხელმძღვანელები დაიბარეს. სანახაობრივად ამაზონის შეფის; ჯეფ ბეზოსის და ფეისბუქის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის დაკითხვები საინტერესო და ხმაურიანი გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ დემოკრატების მიერ მხარდაჭერილ მამხილებელ ანგარიშს რესპუბლიკელების მხარდაჭერა არ მოუპოვებია. მათ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს – არა წესების შეცვლა და კანონების გადაწერა, არამედ სასამართლოში ჩივილი და იმის მტკიცება აირჩიეს, რომ მძლავრი კომპანიები უკვე არსებულ წესებს არღვევენ.  მათ   Google–ს სასამართლოში უჩივლეს.

    კანონის დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერნეტ გიგანტი ცდილობს მთელი ინტერნეტ ტრაფიკი საკუთარი სერვისებით გაატაროს, და ყოველი კლიკიდან მოგება მიიღოს, ივაჭროს მომხმარებელთა მონაცემებით და მათი ქცევის შესახებ ინფორმაციით. ასეთი მონოპოლია კი მათი აზრით ვნებს მომხმარებელს და მთლიანად კაპიტალიზმს, ამიტომაც უნდა დაინგრეს.

    კომპანია Alphabet, რომელიც  Google–ის საძიებო სისტემის გარდა  YouTube–ს,  Android–ს და ბევრ სხვა რამეს აკონტროლებს, მონოპოლიზმის ბრალდებებს უარყოფს. მათი არგუმენტი ის არის, რომ მათი საძიებო თუ ოპერაციული სისტემები თუ იუთუბის ვიდეოპლატფორმები სრულიად უფასოა, ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტ ძიების 80%–ის გუგლის ხელში თავმოყრაც კი მომხმარებელს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.

    აშშ–ს კანონმდებლობის შეცვლის გარეშე მონოპოლიზმის დამტკიცება ადვილი არ იქნება და ვერც სწრაფად მოხდება. სარჩელის სასამართლო განხილვა 2022 წელზე ადრე არ დაიწყება, განხილვებსა და აპელაციებს კი კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

    ამიტომაც ამერიკელი პროკურორების ნაბიჯი, რომლებიც გუგლის დანაწევრებას აპირებენ არასერიოზულად იქნა აღქმული. ამ ინფორმაცის გახმაურების დღეს გუგლის აქციები არათუ დაეცა, არამედ 1%–ით გაძვირდა კიდეც.

    ყველას კარგად ახსოვს, რომ ამერიკის ხელისუფლებისა   Microsoft –ის ბრძოლა 8 წელი გრძელდებოდა.

    ეს უზარმაზარი ვადაა ინტერნეტ ტექნოლოგიებისთვის და მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

    ამერიკულმა ინტერნეტ გიგანტებმა რამდენიმე ათწლეულში პლანეტაზე ცხოვრება მთლიანად შეცვალეს : ეკონომიკა, პოლიტიკა, განათლება, ურთიერთობები და გართობა.

    მათ ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიეს და საკუთარ თავზე მოირგეს ბიზნესი, ვაჭრობა, საზოგადოებრივი დისკუსიებიც კი. ეს თავდაპირველად დასავლური ტექნოლოგიების და ფინანსების უპირატესობის სიმბოლო იყო, ახლა კი თანდათანობით თავის ტკივილად იქცა.

    მოქალაქეები და ხელისუფლებები ინტერნეტ გიგანტების დომინირებაში დემოკრატიული წყობის საფუძვლებისა და კაპიტალიზმისთვის საფრთხეებს ხედავენ.

    განსაკუთრებულ შეშფოთებას სამი რამ იწვევს:

    პირველ რიგში ის, რომ მონოპოლიზაცია კონკურენციას კლავს, კონკურენცია კი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია.

    მეორე: რეგულატორები და აქტივისტები უკმაყოფილოები არიან გიგანტების დამოკიდებულებით იმის მიმართ, რა ხდება მათ პლატფორმებზე , მთავარია მათ მოგება მოიტანონ.  მათი თქმით, კონტენტის გაფილტვრის სურვილის არქონა შანსს აძლევს ექსტრემისტებს და სხვა ბნელ ძალებს.

    და ბოლოს– ამერიკული გიგანტები სხვა ქვეყნების ჯიბეს აცარიელებენ. ისინი ადგილობრივ ბიზნესს ავიწროებენ და ამგვარად დასაქმებას და საგადასახადო შემოსავლებს აყენებენ დარტყმას, მათ ნაცვლად იღებენ მოგებას და ეს თანხები ოფშორებში, ან საკუთარ იურისდიქციაში – აშშ–ში გადააქვთ.

    ამ პრობლემების გარდა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ კიდევ ბევრი პრეტენზიაა – მაგალითად, საინფორმაციო საშუალებების განადგურება მათი სარეკლამო ბიზნეს მოდელის მოშლისა და საძიებო სისტემაში უფასო ციტირების გზით, ასევე დემოკრატიის ნგრევა კანონმდებლობის გვერდის ავლით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევისთვის პირობების შექმნის საშუალებით.

    გიგანტური ძალაუფლების მქონე კომპანიების მოსათვინიერებლად სამი რეცეპტი არსებობს – არსებული წესების დარღვევისთვის ჯარიმა. ახალი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც თანამედროვეობასთან იქნება ადაპტირებული და მათი დარღვევისთვის დაჯარიმება. და თუ არაფერი უშველის – კომპანიების დაშლა.

    ჯერჯერობით პირველი ორი რეცეპტი არაეფექტურია, მესამე გზა კი მხოლოდ აშშ–ში შეიძლება განხორციელდეს, რადგან ეს კომპანიები ამერიკულია. თუმცა, თუნდაც ხელისუფლებამ ამ ზომას მიმართოს, მას მოუწევს დაადასტუროს, რომ კომპანიები მონოპლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, რაც ადვილი არ იქნება.

    გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს:

    ინტერნეტ გიგანტების ჯგუფი დიდი ხანია ამერიკული ეკონომიკის სისტემური მაფორმირებელი გახდა. მხოლოდ ოთხი ტექნოლოგიური გიგანტის  (Amazon, Facebook, Apple, Google) შემოსავლები სამნახევარჯერ აღემატება პორტუგალიის წლიურ მშპ–ს, ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის  და ყაზახეთის ეკონომიკა ერთად აღებული.

    ასეთი კომპანიების აქციებზე მოდის საფონდო ბირჟის თითქმის მესამედი. მათი საბაზრო ღირებულება 5 ტრილიონ დოლარს აღემატება, წლიური ბრუნვა კი 800 მილიარდს აღწევს. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე მაგალითად საუდის არაბეთის, თურქეთის, პოლონეთის ან შვეიცარიის წლიური მაჩვენებელი.

  • აშშ-მ რუსეთისგან მიღებული სუნთქვის აპარატები გადაყარა

    აშშ-მ რუსეთისგან მიღებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები, “Aventa-M” გადაყარა. ამის შესახებ ინფორმაციას, Forbes-ი ავრცელებს.  როგორც გამოცემა იუწება, აშშ-მ უტილიზება  ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 45 აპარატს გაუკეთა.

    მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ [FEMA] განაცხადა, რომ აშშ-მა უარი თქვა გამოეყენებინა რუსული წარმოების აპარატები, რომლებიც მათთვის გამოუსადეგარია, მიზეზად ამერიკულ საავადმყოფოებში შესაბამისი ელექტრო ადაპტერების არარსებობა დასახელდა.

    ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ მალევე განაცხადა, რომ რუსულ აპარატებს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა რის გამოც აპარატები საწყობში ინახებოდა. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირაში,  რუსული წარმოების ხელოვნურს სუნთქვის აპარატებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 6 კაცი დაიღუპა.

  • პანდემიის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა იზრდება

    ნელა, მაგრამ სტაბილურად ჩინეთი პანდემიით გამოწვეულ დანაკარგებს ინაზღაურებს. ჩინეთის ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა იანვრიდან სექტემბრამდე 0.7%–ით გაიზარდა.

    ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9% შეადგინა.

    ბიუროს პრესმდივანი, ლიუ აიჰუა აცხადებს, რომ ჩინეთის შიდა ეკონომიკის აღდგენის და მოთხოვნის გაზრდის პარალელურად იზრდება იმპორტიც. მისი თქმით, ეს ზრდა დადებითია არა მხოლოდ საკუთარი ზრდის სტიმულირების თვალსაზრისით, არამედ მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვისაც.

    ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა ძირითადად საცალო გაყიდვების, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხარჯზე ხდება. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სექტორში მაჩვენებლები კრზისამდელ პერიოდს ბევრად ჩამორჩება. გარდა ამისა, შეიძლება ჩინეთის ეკონომიკაზე აშშ–ს და ევროკავშირის მიერ შემოღებული შეზღუდვებიც აისახოს.

    თუმცა, არ არის გამორიცხული სწორედ ჩინეთი აღმოჩნდეს მსოფლიოში ერთადერთი ეკონომიკა, რომელიც წელს ზრდას აჩვენებს.

  • ცნობილი გახდა, რომ ფრანგ მასწავლებელს თავი მოსკოველმა ჩეჩენმა მოაჭრა

    საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით პარიზის გარეუბანში პარასკევს საღამოს სკოლის მასწავლებელს თავი 18 წლის წარმოშობით ჩეჩენმა კაცმა მოაჭრა, რომელიც მოსკოვშია დაბადებული.

    საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით თავდამსხმელი აბდულაკ აბუეზიდოვიჩია. ის 2002 წლის 12 მარტს მოსკოვში დაიბადა, საფრანგეთში კი დევნილის სტატუსი ქონდა.

    47 წლის მასწავლებლის, სამუელ პატის მისამართით მუქარები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან გაკვეთილზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

    პოლიცია სამუელ პატიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციით იძიებს. ის ადგილობრივი დროით 17 საათზე მოხდა ქუჩაზე, რომელიც პარიზის სამხრეთ დასავლეთით, პატარა ქალაქ კონფლან სენტ ონორინის მდიდრულ ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელი მასწავლებელს სკოლის სიახლოვეს დიდი დანით  დაესხა თავს და კისრის არეში არაერთი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოაჭრა.

    თვითმხილველთა ინფორმაციით თავდასხმის მომენტში ის ყვიროდა “ალაჰ აკბარ“.

    თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიცია ადგილზე მალე მივიდა. მას პოლიციამ მეზობელ ქალაქ ერანიმდე სდია. დანებების მოთხოვნაზე დამნაშავემ იარაღით მუქარა დაიწყო, რის შემდეგაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

    ფრანგული მედიის ინფორმაციით თავდამსხმელი არ ირიცხება რადიკალების სიაში, თუმცა ერანიის კომუნის ბანდის წევრი იყო, რომელსაც ასევე მიეკუთვნებოდა პოლიციისთვის ცნობილი ისლამისტი.

    რუსეთის საელჩო პარიზში საფრანგეთის ხელისუფლებასთან კავშირშია მასწავლების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა – განაცხადა დღეს რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ.

    ამ დროისთვის პოლიციამ ცხრა ეჭვმიტანილი დააკავა. თავიდან დააკავეს თავდამსხმელის ოთხი ნათესავი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მოგვიანებით გამოძიების ფარგლებში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს , მათ შორის სკოლის მოსწავლეების ორი მშობელი, სადაც მოკლული მუშაობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

    კარიკატურები, რომლებიც ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებელმა, სამუელ პატიმ  მასწავლებელმა ბავშვებს ანტიკლერიკალიზმისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკვეთილზე აჩვენა, წარსულში შარლი ებდოში გამოქვეყნდა, რამაც ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. 2015 წელს ამ კარიკატურების გამო რედაქციას ჯიხადისტები დაესხნენ თავს და მისი 12 თანამშრომელი მოკლეს.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პრემიერმა ჟან კასტეკსმა მასწავლებლის მკვლელობის ფაქტი კატეგორიულად დაგმეს, ისლამური ტერორიზმის ნიმუში უწოდეს და პირობა დადეს, რომ ხელისუფლება მას პასუხს გასცემს.

  • საფრანგეთში თავი მოკვეთეს მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა

    საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მახლობლად ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გარეუბანში, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში მასწავლებელს თავი მოკვეთეს. ამის შესახებ იფნორმაციას  “დოიჩე ველე” ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მსხვერპლმა  თავისი მოსწავლეებისთვის სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკვეთილს ატარებდა და მათ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. ინციდენტი ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე, სასწავლო დაწესებულების გვერდით მოხდა.

    საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, მკვლელი ყვიროდა “ალაჰ აქბარს”. სავარაუდო მკვლელი – ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია.

    პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ ის ადგილზე მოკლა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  დაკავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

    “მოკლეს მოქალაქე, რადგანაც ის იყო მასწავლებელი და რადგანაც ის ასწავლიდა გამოხატვის თავისუფლებას“.-განაცხადა მაკრონმა.

  • სომხეთის მხრიდან დაბომბვის გამო განჯაში 12 მოქალაქე დაიღუპა – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

    სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა.

    მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი.

    განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობების ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე და 12 გარდაცვლილის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

  • ექიმი ფაუჩი: მადლიერების დღის აღნიშვნისგან წელს თავი უნდა შევიკავოთ

    ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასურველია, ამერიკელებმა თავი შეიკავონ მადლიერების დღის ტრადიციული აღნიშვნისგან.

    ექიმი ფაუჩის თქმით, წელს, დიდი ოჯახური თავყრილობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა, შორი ადგილებიდან მოუწევთ მგზავრობა, არაა რეკომენდებული. ექიმის თქმით, ეს ვირუსის გავრცელების რისკებს გაზრდის.

    ტელეკომპანია CBS-სთან საუბრის დროს, ფაუჩიმ თქვა: “ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ ნათესავებზე, რომლებიც თვითმფრინავით აპირებენ მგზავრობას, რისკის ქვეშ დგებიან აეროპორტში, თვითმფრინავში, შემდეგ კი კარს აღებენ და ამბობენ: “გილოცავთ მადლიერების დღეს”.

    ფაუჩი ამბობს, რომ ასეთ დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, უნდა მოერიდონ ისეთი ოჯახები, სადაც მოხუცები, ან სხვა, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან.

    თავად ფაუჩიმ, რომელიც 79 წლისაა, განაცხადა, რომ მადლიერების დღეს, შვილები მასთან არ ჩავლენ. ექიმის განმარტებით, ისინი სამ სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ და სახლში დასაბრუნებლად, თვითმფრინავით მოუწევთ გადაფრენა, რაც მისი აზრით, რისკის ფასად არ ღირს.

    ფაუჩის ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თქვა, რომ მცირე ტიპის შეკრებებიც კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. ცენტრის რეკომენდაციები ემთხვევა ექიმი ფაუჩის რეკომენდაციებს მადლიერების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, ეს დღესასწაული მხოლოდ ვიწრო წრეში, იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ.

    მადლიერების დღე, ამერიკაში 1621 წლიდან აღინიშნება. ნოემბერში, ამერიკელები იხსნებენ ევროპელი მოახალშენეების კონტიტენტზე ჩამოსვლას და პირველ უხვ მოსავალს. გადმოცემის თანახმად, მაშინ ახალმა მოსახლეებმა, ადგილობრივი მოსახლეობა, ინდიელი-ამერიკელები დაპატიჟეს, რათა მადლობა გადაეხედათ იმისთვის, რომ მოსავლის მოყვანა ასწავლეს.

    1863 წელს, პრეზიდენტმა, აბრამ ლინკოლმა მადლიერების დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ამ დღეს ამერიკელები ისვენებენ და ოჯახთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავენ. ტრადიციული სუფრის განუყოფელი კერძი კი შემწვარი ინდაურია. ინდაური მადლიერების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თეთრ სახლში, 2 ინდაურს იწყალებს და დაკვლისგან გადაარჩენს ხოლმე.

    წყარო: ამერიკის ხმა