Category: მსოფლიო

  • ბაიდენმა ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე შეარჩია. ვინ არის ენტონი ბლინკენი

    ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის ფორმირების შემდეგ საგარეო პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს. საკვანძო თანამდებობას – სახელმწიფო მდივნის პოსტს ენტონი ბლინკენი დაიკავებს, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა და კარგად იცნობს ჯო ბაიდენს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

    პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი გახდება, აშშს წარმომადგენელი გაეროში კი ლინდა ტომას–გრინფილდი.

    ამის შესახებ ბაიდენის გარემოცვიის წევრ წყაროზე დაყრდნობით გამოცემები Washington Post, New York Times და Wall Street Journal წერენ. ოფიციალურ განცხადება სამშაბათისთვის არის მოსალოდნელი.

    სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი წარდგენის შემდეგ სენატმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაიდენი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას. ამჟამად სენატის უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია და უმრავლესობას შეინარჩუნებენ კიდევაც, თუ დემოკრატების ორი კანდიდატი იანვრის დასაწყისში ჯორჯიის შტატში მეორე ტურში არ გაიმარჯვებს.

    ჯო ბაიდენი სენატორის რანგში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შეიარაღების კონტროლის საკითხებს განიხილავდა და სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ვიცე–პრეზიდენტობის დროსაც ის ძირითადად საგარეო პოლიტიკით იყო დაკავებული.
    დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც ამჯობინებდა აშშ ნაკლებად შეებოჭა ნებისმიერი ვალდებულებებით, ბაიდენი ცნობილია, როგორც კოლექტიური ქმედებების და საერთაშორისო ალიანსების მომხრე – ნატოთი დაწყებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით დამთავრებული.

    Washington Post წერს, რომ ახალი პრეზიდენტი გეგმავს საკუთარი ადმინისტრაციის საყრდენად საგარეო პოლიტიკური ბლოკი აქციოს.

    ვინ არის ენტონი ბლინკენი

    Washington Post 58 წლის ბლინკენს ჯო ბაიდენის ერთ–ერთ ყველაზე ახლო და ძველ მრჩეველს უწოდებს.  ის ბაიდენის წინასაარჩევნო შტაბში საერთაშორისო პრობლემატიკას კურირებდა.

    2002–2008 წლებში ხელმძღვანელობდა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის აპარატს იმ დროს, როცა ბაიდენი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

    ბაიდენის ვიცე–პრეზიდენტობის დროს კი მისი მრჩევლის პოსტზე გადავიდა. განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული ერაყის საქმეებში. 2013 წლის ინტერვიუში ბაიდენმა მას სუპერვარსკვლავი უწოდა.

    2015–2017 წლებში ბლინკენი ჰილარი კლინტონის მოადგილედ მუშაობდა. ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებით და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლით იყო დაკავებული.

    დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სათავეში ჩაუდგა კონსალტინგურ ფირმას, რომელიც გეოპოლიტიკური რისკების შეფასებით არის დაკავებული. ეს კომპანია მან პოლიტიკურ საკითხებში თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, მიშელ ფლურნასთან ერთად დააფუძნა. როგორც ამბობენ, ბაიდენი მიშელ ფლურნას პენტაგონის ხელმძღვანელად ამზადებს.

    მომავალი სახელმწიფო მდივანი ნიუ–იორკელი დიპლომატების ოჯახიდან არის. მისი მამა უნგრეთში აშშ–ს ელჩი იყო, ბიძა კი ბელგიაში.

    ბავშვობაში ის პარიზში ცხოვრობდა, სადაც დედამისი სტუდენტებისა და მხატვრებისთვის შექმნილ ამერიკულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. ბლინკენის მამინაცვალი სამუელ პიზარია – პოლონელი იურისტი და ლიტერატორი, რომელმაც ებრაელობის გამო ჰოლოკოსტი გადაიტანა.

    ისინი, ვინც ბლინკენს ახლოს იცნობს ამბობენ, რომ მას გულწრფელად სჯერა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის და თვლის, რომ ისრაელის უსაფრთხოება მისი ლიდერების პოლიტიკის მიუხედავად უზრუნველყოფილი უნდა იყოს. გარდიანი წერს, რომ ეს წარმოდგენები ძირითადად მის ოჯახურ გამოცდილებას უკავშირდება.

    ბლინკენი გამოცემის თქმით მკვეთრი კონტრასტი იქნება ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდთან.

    ბლინკენი ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში იურისპუდენციას და ჟურნალისტიკას სწავლობდა. ახალგაზრდობაში ჰოლივუდის პროდიუსერობაზე ოცნებობდა.

    1990–იან წლებში გამოსვლის ტექსტებს წერდა ბილ კლინტონისთვის. მისი ცოლი იმ პერიოდში ჰილარი კლინტონის პირად თანაშემწედ მუშაობდა.

    Wall Street Journal–ის ინფორმაციით ის აპირებს პირველი რიგის პრიორიტეტად კორონავირუსთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანია აქციოს და სურს აშშ–მ ამ საქმეში წამყვანი როლი ითამაშოს.

    ბლინკენი ცნობილია როგორც აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრე. 2011 წელს ერთადერთი შემთხვევა მოხდა, როცა ის ბაიდენის მოსაზრებებს საჯაროდ დაუპირისპირდა, როცა ლიბიაში ნატოს ოპერაციას დაუჭირა მხარი, ორი წლის შემდეგ კი სირიაში დასავლეთის ჩარევას უჭერდა მხარს.

    ამჟამად , როგორც Wall Street Journal წერს, ის ეჭვით უყურებს ავღანეთიდან და ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას.

    “თუ თამაშში არ ხართ, პრობლემები გექნებათ. თუ მოვლენებზე შიგნიდან არ ახდენთ გავლენას, თქვენ ანგარიშს არ გაგიწევენ“– განუცხადა ჟურნალისტებს ბლინკენმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

    იმავე ინტერვიუში ბლინკენმა ბაიდენის სახელით შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ იყენებს ჩინეთი თანამედროვე ტექნოლოგიებს მოქალაქეებზე კონტროლის გასაძლიერებლად.

    ცოტა ხნის წინ ის ტვიტერზე წერდა, რომ ტაივანთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერება მათ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს და რეგიონში მშვიდობის ერთგულებას უკავშირდება.

    როგორც ცნობილია, პეკინს ყველაზე მეტად სხვა ქვეყნების მხრიდან ტაივანთან ურთიერთობების განვითარება აღიზიანებს.

    ბლინკენი ამბობდა, რომ ცენტრალური ამერიკიდან არალეგალური იმიგრაციის შემცირების საუკეთესო გზა ამ სახელმწიფოების განვითარების ხელშეწყობაა.

    ისევე, როგორც დემოკრატების მთელი ისტებლიშმენტი, ისიც აკრიტიკებდა რუსეთს ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გამო, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზები არსებობს.

    ბლინკენის საყვარელი თემა – ამერიკის მორალური ლიდერობაა.

    “კრიზისების და არეულობის დროს მსოფლიო პირველ რიგში აშშ–ს უყურებს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ, ან ყველას ვუყვარვართ, ან შეგვიძლია ვინმეს რამე ვუკარნახოთ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენი ქმედებები ჩვენს პრინციპებს ემთხვეოდეს “– ამბობდა ის 2015 წელს.

    New York Times ბლინკენს თავშეკავებულ და გაწონასწორებულ ადამიანს უწოდებს, რომელიც სავარაუდოდ დაამშვიდებს როგორც თანამშრომლებს, ასევე უცხოელ პარტნიორებს დონალდ ტრამპის ოთხწლიანი არაპროგნოზირებადი განცხადებების და ქმედებების შემდეგ.

    Washington Post წერს, რომ ბაიდენს და ბლინკენს უკვე ჰქონდათ ხანგრძლივი საუბარი პირველი რიგის ნაბიჯებზე, მათ შორის პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და ჯანმო–ში აშშ– ს დაბრუნების შესახებ, ასევე ირანთან ბირთვული შეთანხმებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის თაობაზე.

  • აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

    22 ნოემბერს შეერთებული შტატები დატოვებს ღია ცის შეთანხმებას.

    მიუხედავად იმისა, რომ გასული დღეების განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადებით არ დაუდასტურებია შეთანხმებიდან გასვლა, 6 თვის წინ, 21 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა გამოეთიშება ამ შეთანხმებას.

    ღია ცის შეთანხმებიდან გასვლისთვის აუცილებელია შესაბამისმა ქვეყანამ ამის შესახებ 6 თვით ადრე ამცნოს შეთანხმების ხელმომწერ სახელმწიფოებს.

    მაშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები უსამართლო იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

    “ვფიქრობ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ის არ ასრულებს შეთანხმებას. ამიტომ სანამ ისინი არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ჩვენ დავტოვებთ მას. მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მივაღწიოთ ახალ უკეთეს შეთანხმებას, ან გავაკეთოთ რამე რათა დავუბრუნდეთ შეთანხმებას ერთობლივად”, – ამბობდა ტრამპი ექვსი თვის წინ.

    ტრამპის განცხადების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს აზრადაც არ გაუვლია შეთანხმების შეუსრულებლობა.

    ღია ცის შეთანხმება 

    ღია ცის შესახებ ხელშეკრულება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ხელმომწერ ქვეყანათა ტერიტორიაზე შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს აწესებს.ღია ცის შეთანხმება  1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

    ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.

  • პუტინმა განმარტა, რატომ არ ულოცავს  ბაიდენს აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერპუტინმა პირველად დაასახელა მიზეზები, რის  გამოც ჯერ კიდევ არ მიულოცავს აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჯო ბაიდენისთვის. მისი თქმით, ამაში  “ქვენა გრძნობები„ არ უნდა ვეძებოთ და საქმე მხოლოდ “პოლიტიკურ ტრადიციას“ ეხება.

    “ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ ადამიანთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს, თუმცა ვის გამოუცხადა ნდობა – ეს ან პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით უნდა დადგინდეს, როცა ერთ–ერთი მხარე მეორის გამარჯვებას აღიარებს, ან ლეგიტიმური, სამართლებრივი გზით საბოლოო შედეგების შეჯამება უნდა მოხდეს“ – განაცხადა პუტინმა რუსეთის ტელეარხ “რასია1“–ზე გადაცემაში “მოსკოვი. კრემლი. პუტინი“

    “არანაირი პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ სუფთა ფორმალური რაღაცეები დამკვიდრებული პრაქტიკისა და საქმის იურიდიული მხარის გათვალისწინებით უნდა გაკეთდეს. არანაირი ქვენა აზრი ამ ამბავში არ არის, რაც შემდგომში ჩვენი ურთიერთობების შერყევის საფუძვლად გამოდგებოდა. ეს საქმის სუფთა ფორმალური მხარეა“– თქვა მან.

    13 ნოემბერს ჩინეთმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ აშშ–ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა. ამგვარად, პუტინი მსოფლიოს მსხვილ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ თავს იკავებს ბაიდენის გამარჯვების აღიარებისგან.

    რუსეთის ხანგრძლივი დუმილი ამხელა ყურადღებას იმიტომ იქცევს, რომ 2016 წელს პუტინი ერთ–ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა.

    9 ნოემბერს პუტინის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მილოცვა არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამების შემდეგ მოხდება.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა საჩივრების მთელი პაკეტი შეიტანა არჩევნების შედეგების ან ბიულეტენთა ნაწილის გაბათილების შესახებ იმ შტატებში, სადაც დემოკრატები ლიდერობენ. თუმცა ჯერჯერობით არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ტრამპი პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.

  • სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

    სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა.

    ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

    90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
  • აშშ-ს შტატ ჯორჯიაში ხმების გადათვლის შემდეგაც ბაიდენმა გაიმარჯვა

    ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლა დასრულდა, რითიც დადასტურდა, რომ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მან ტრამპზე 12 284 ხმით მეტი მიიღო. საბოლოო ანგარიშით, ბაიდენმა 306 დელეგატის ხმა დააგროვა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი – 232.

    დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ჯორჯიაში არჩევნები გაუყალბეს, რის შემდეგაც ხმების ხელახლა გადათვლა გადაწყდა.

    ტრამპი კვლავ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ამბობს, რომ ლეგალური ხმებით მან გაიმარჯვა.

    ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად 7 ნოემბერს დასახელდა, როდესაც მან პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და 270 ხმიანი მიჯნა გადალახა.

    78 წლის ბაიდენი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება.

  • საბერძნეთის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა

    საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, იერონიმოს II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    მედიის ინფორმაციით, 82 წლის მთავარეპისკოპოსი დღეს ათენში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

    მთავრობის სპიკერის თქმით, ეკლესიის მეთაურს შაბათს ჰქონდა შეხვედრა საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან, თუმცა მას ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

  • ბარაკ ობამას წიგნი გამოცემის დღესვე ბესთსელერი გახდა

    ბარაკ ობამას წიგნი “აღთქმული მიწა“ სავარაუდოდ წლის ბესთსელერი გახდება. აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის მემუარებმა უკვე დაამყარა რეკორდი. ასეულობით ათასმა ადამიანმა ჯერ კიდევ მის გამოცემამდე შეუკვეთა წიგნი. შედეგად, აშშ–სა და კანადაში სამშაბათს გამოსული წიგნის 887 000 ეგზემპლარი სხვადასხვა ფორმატში პირველივე დღეს  გაიყიდა.

    გამომცემლის – “Penguin Random House“–ის ინფორმაციით ეს არის პირველივე დღის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი, რაც კი კომპანიის მიერ დღემდე გამოცემულ წიგნებზე დაფიქსირებულა.

    ობამას წიგნს საგამომცემლო ინდუსტრია დიდხანს ელოდა.ექსპრეზიდენტის მემუარები გამოსვლამდე ყველაზე განხილვადი წიგნი იყო.

    მხოლოდ აშშ–სა და კანადისთვის გამომცემლობამ 3.4 მილიონი სქელყდიანი ეგზემპლარი დაბეჭდა.

    ექსპერტები წინასწარვე ვარაუდობდნენ, რომ მისი გაყიდვები ისეთივე მაღალი იქნებოდა, როგორც 2007 წლის ივლისში ჰარი პორტერის და სიკვდილის საჩუქრების უპრეცედენტო მაჩვენებელი.

    ვაშინგტონში ერთ–ერთი წიგნის მაღაზია სამშაბათს გამთენიისასაც კი გაიხსნა, რათა ობამას წიგნის მომლოდინეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

    გამომცემლები ვარაუდობენ, რომ ობამას მემუარები სადღესასწაულო სეზონზეც გაყიდვების ჰიტი იქნება.

  • სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

    სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მნაცაკანიანის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანა ნაგდალიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    “მე მივიღე გადაწყვეტილება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლების შესახებ”, – თქვა ფაშინიანმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ.

    დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ფაშინიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხურმა მხარემ დააყენა საკითხი მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაზე უარის თქმის შესახებ.

    “მოლაპარაკებების არცერთ ეტაპზე, შუშის დათმობის საკითხი არ განხილულა”, – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნაღდალიანმა.

  • კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა,ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

    BBC-ი წერს, რომ აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია.

    ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან განაგრძობს.

    შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან 3 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგაც ექიმებს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

  • მოხდება თუ არა რუსეთთან ურთიერთობის “გადატვირთვა”

    ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აკვირდებოდა თუ როგორ იცვლებოდნენ ამერიკელი პრეზიდენტები. ერთი ადმინისტრაცია მეორეს ცვლიდა.

    თუმცა თავად პუტინი უცვლელი რჩებოდა.

    2016 წელს, თავისი წინამორბედების მსგავსად, პრეზიდენტი ტრამპი აირჩიეს დაპირებით, რომ წარსულ უთანხმოებებს მოაგვარებდა და მოსკოვთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა. თუმცა ეს არ მომხდარა. ექსპერტები ამბობენ, რომ ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცისგან მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების ახალი მცდელობა, ნაკლებად სავარაუდოა.

    “ურთიერთობებმა იმდენად მძიმე გზა გაიარა, რომ უბრალოდ შეუძლებელია უახლოეს მომავალში “გადატვირთვაზე” ვისაუბროთ. ვფიქრობ, გადატვირთვის ნაცვლად, კიდევ უფრო გაუარესების სივრცე არსებობს”, – ამბობს პაველ შარიკოვი, ამერიკა-კანადის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

    დაპირისპირების უკან, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაა. შეერთებულ შტატებში, ფედერალურმა გამოძიებამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ტრამპს თეთრი სახლის დაკავებაში დაეხმარა. ამან მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების წყება გამოიწვია.

    საინტერესოა, რომ პუტინს ბაიდენისთვის არჩევნებში გამარჯვება ჯერარ მიულოცავს. კრემლის ოფიციალური პირები აცხადებენ, ისინი სხვადასხვა შტატში ტრამპის გუნდის სასამართლო სარჩელების გადაწყვეტას ელიან.

    თუმცა, ოფიციალური პოზიციის მიღმა სხვა ფაქტორები იკვეთება. რუსეთის სახელმწიფო მედიამ ბაიდენის გამარჯვება აშკარად მოპარულად, ხოლო ამერიკული არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინა.

    რუს ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, კრემლს სურს ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციასთან ერთ საკვანძო საკითხზე, შეიარაღებაზე კონტროლზე, თანამშრომლობა.

    “მთავარი მიზანი “ახალი სტარტის” შეთანხმების განახლებაა. როდესაც ამაზე მოლაპარაკებები შედგება… შემდეგ [რუსები] მზად არიან დამატებითი მოლაპარაკებები გამართონ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე”, – ამბობს ალექსანდრე ჩეხოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

    “ახალი სტარტის შეთანხმება”, რომელსაც ხელი ობამას წლებში მოეწერა, ფორმალურად თებერვალში მთავრდება.

    ტრამპის ადმინისტრაცია ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა ვაშინგტონი გარკვეულ ცვლილებებს ითხოვდა, რაზეც მოსკოვი არ თანხმდებოდა. ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა ხელშეკრულების გასაგრძელებლად პუტინთან ითანამშრომლოს.

    არჩეულ პრეზიდენტს მოსკოვთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ბაიდენმა წარსულში, როგორც ბარაკ ობამას თეთრი სახლის ვიცე-პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვის” პოლიტიკაში.

    2011 წელს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობდა: “ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ პრეზიდენტი და მე 100 პროცენტით ვეთანხმებით იმას, რომ საჭიროა რუსეთთან უფრო და უფრო ახლო კავშირების დამყარება.”

    თუმცა 2011 წლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და შემდეგ სირიაში ასადის რეჟიმის დასახმარებლად ჩაერთო. დემოკრატთა ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ მოსკოვმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 2016 წელს ჰილარი კლინტონის დამარცხებაში. ეს ფაქტორები ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას, მოსკოვთან ურთიერთობების დათბობაში სავარადუდოდ ხელს შეუშლის.

    წყარო: ამერიკის ხმა