Category: მსოფლიო

  • შეიქმნა მოწყობილობა, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია

    თურქმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია.  ინფორმაციას ამის შესახებ ბილკენტის უნივერსიტეტი ავრცელებს. 

    მოწყობილობამ სახელად Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა. Diagnovir-ს კორონავირუსის დასადგენად მოწყობილობას ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნიმუში ესაჭიროება, რომელიც სპეციალურ ნაერთში ზავდება და თავსდება მოწყობილობაში.

    „გვჯერა, რომ მოწყობილობა ფართოდ იქნება გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, როგორც ვირუსის სწრაფი და საიმედო გამოვლენის გზა. ამიტომ, ამ ბიოსენსორის სისტემის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ინვესტიციები უკვე დაწყებულია. იმედი გვაქვს რომ ეს გამოგონება უახლოეს პერიოდში დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში“- აცხადებენ ბილკენტის უნივერსიტეტში.

  • დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.როგორც ბორის ჯონსონი აცხადებს,  სახლის დატოვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კარანტინი ქვეყნის მასშტაბით თებერვლის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.სკოლები, კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.

    მიღებული გადაწყვეტილება, კორონავირუსის ახალი შტამს უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში  14 დეკემბერს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული. გაერთიანებულ სამეფოში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ს აჭარბებს.

  • დემოკრატების და რესპუბლიკელების გადამწყვეტი ბრძოლა: დღეს გაირკვევა, ვინ მოიპოვებს კონტროლს აშშ–ს სენატში

    სამშაბათს ერთადერთმა ამერიკულმა შტატმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა. ჯორჯია სენატში ორ უკანასკნელ ვაკანტურ ადგილს შეავსებს. და თუ ერთი რესპუბლიკელი მაინც აირჩიეს ხელახლა, ტრამპის პარტია დამამშვიდებელ პრიზს მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ და ამერიკის პარლამენტის მთავარ პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებს.

    თუ დემოკრატები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაიმეორებენ და ტრადიციულად რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატს კიდევ ერთხელ მოიგებენ, ისინი სრულ კონტროლს იღებენ: თეთრ სახლზე, სენატზე და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე.

    ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ბაიდენს ხელფეხი არ ექნება შეკრული რესპუბლიკური სენატით და შეძლებს გაატაროს არა ფასადური, არამედ ფუნდამენტური რეფორმები. ამისათვის პრეზიდენტის ბრძანებები არასაკმარისია. საჭიროა კანონების შეცვლა, ეს კი კონგრესში უნდა მოხდეს.

    თუ რესპუბლიკელები თუნდაც მინიმალურ, მაგრამ მაინც უმრავლესობას შეინარჩუნებენ სენატში, მათ დემოკრატების საკანონმდებლო მოღვაწეობის პარალიზება შეუძლიათ. ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს ტრამპს მემკვიდრეობა ნაბიჯ–ნაბიჯ შეცვალოს და არა ერთბაშად.

    საკუთარი ბრძანებებით და თეთრი სახლის განკარგულებებით ბაიდენს ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა და ტრამპის ზოგიერთი გადაწყვეტილების შეცვლა, მაგალითად პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებიდან გამოსვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

    თუმცა, სენატის მხარდაჭერისა და კანონების შეცვლის გარეშე პრეზიდენტ ბაიდენის ნებისმიერი რეფორმა ისეთივე ხანმოკლე და მყიფე იქნება, როგორც ტრამპის ნოვაციები, რადგან მათი შეცვლა შემდეგ პრეზიდენტსაც ზუსტად ასევე შეეძლება.

    სწორედ ამიტომ ჯორჯიის ორ ოლქში სენატორების არჩევნები არა ადგილობრივ–რეგიონული, არამედ საერთო ნაციონალური მაშტაბის მოვლენა აღმოჩნდა.

    ორივე პარტიის მთელი საარჩევნო არსენალი ამ შტატში სენატორის არჩევნებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. კანდიდატებს პირადად უწევდნენ აგიტაციას ტრამპიც და ბაიდენიც.

    რატომ ისევ არჩევნები და ამდენი ხმაური?

    საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენს ხმა მისცა 7 მილიონი ამერიკელით მეტმა, ვიდრე ტრამპს. და მან ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ.  ტრამპი დამარცხებას კვლავ არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მას არჩევნები მოპარეს. თუმცა, მტკიცებულებების არ აქვს. მისი მცდელობები საქმე სასამართლოში მოეგო, ჩავარდა.

    ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვრისთვის არის დანიშნული. 6 იანვარს კი კონგრესმა ბაიდენის სასარგებლოდ კენჭისყრის შედეგები უნდა დაამტკიცოს. როგორც წესი, ეს ფორმალობაა, თუმცა ათობით რესპუბლიკელი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის წევრი აპირებს ხმა წინააღმდეგ მისცეს, რამაც შეიძლება ბაიდენის გამარჯვებას უპრეცედენტო ჩრდილი მიაყენოს.

    ინაუგურაციის წინ ჯორჯია კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის საბაბი. კვირას გამოქვეყნდა აშშ–ს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი შტატის სახელმწიფო მდივანთან, რომელშიც ტრამპი მისგან მოითხოვს ხმების გადათვლა მის სასარგებლოდ მოხდეს. სამშაბათს კი ამ შტატში გადამწყვეტი ბრძოლა უკვე სენატისთვის იმართება.

    კონგრესის მთავარ პალატაში სულ 100 ადგილია. აქედან 50-ს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. დემოკრატებს 48 ხმა აქვთ. ორი სენატორის ბედი კი სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება. თუ დემოკრატები ამ ორ ხმას მოიპოვებენ, 50/50–ზე განაწილების დროს გადამწყვეტი ხმა ვიცე–პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ექნება. ამგვარად, დემოკრატები უმრავლესობას მიიღებენ.

    ასეთი მცირე უპირატესობა ფუნდამენტური რეფორმებისთვის საკმარისი არ იქნება, თუმცა ეს უკეთესი იქნება, ვიდრე  რესპუბლიკური სენატის პირობებში დემოკრატი პრეზიდენტის საქმიანობა.

    ძალთა განლაგება 3 ნოემბერს უნდა გარკვეულიყო, როცა პრეზიდენტთან ერთად ამერიკელებმა სენატის მესამედი და წარმომადგენელთა მთელი პალატა აირჩიეს, თუმცა მოხდა წარმოუდგენელი რამ: ჯორჯიის შტატის კუთვნილი ადგილები თავისუფალი დარჩა.

    ჯორჯიაში სხვა ბევრი შტატისგან განსხვავებით სენატის არჩევნებში გასამარჯვებლად 50% პლიუს ერთი ხმაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.

    რესპუბლიკელმა სენატორებმა – დევიდ პერდიუმ და კელი ლეფლერმა ვერ შეძლეს საჭირო ხმების მოგროვება და მეორე ტურში გავიდნენ, სადაც მათ ორი დემოკრატი უპირისპირდება: გამომძიებელი ჟურნალისტი ჯონ ოსოფი და პასტორი რაფაელ უორნოკი.

    ვინ გაიმარჯვებს?

    ჯორჯია როგორც წესი რესპუბლიკელების შტატია, დემოკრატებს აქ უკვე რამდენიმე ათწლეულია არ გაუმარჯვიათ, თუმცა ტრამპმა და ცვალებადმა დემოგრაფიამ შტატი მოყოყმანეთა რიცხვში გადაიყვანა.

    მართალია აქ ბაიდენმა ტრამპს  მცირედი უპირატესობით მოუგო, თუმცა კონგრესის არჩევნებში გამარჯვება უფრო რთული იქნება.

    ხმის მიცემა შტატში უკვე დიდი ხანია დაიწყო. ხმების დათვლა კი ადგილობრივი დროით სამშაბათს საღამოს დაიწყება. საბოლოო შედეგი ალბათ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გამოკითხვების მიხედვით ბრძოლა რთული იქნება.

  • პრემიერმა ჯონსონმა ინგლისში მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა

    ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ინგლისში ახალი საერთონაციონალური ლოქდაუნი გამოაცხადა, რომელიც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება.

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ შემზღუდავი ზომები ინგლისის მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც გასული წლის მარტში იყო. ადამიანებს, რომლებიც საკვანძო სფეროებში ან ისეთ ადგილებზე არ მუშაობენ, სადაც დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, რეკომენდაციას უწევენ სახლიდან იმუშაონ. სკოლების უმრავლესობა დაიხურება. მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადავლენ. დაიხურება არა პირველადი დანიშნულების  პროდუქტების მაღაზიები.

    უნივერსიტეტის სტუდენტები კამპუსებში ჯერ ვერ დაბრუნდებიან, რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.

    ჯონსონი ამბობს, რომ ეს ზომები აუცილებელია რათა თავიდან აიცილონ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა, კორონავირუსით დაინფიცირების სწრაფად მზარდი შემთხვევების გამო კი ეს გარდაუვალია.

    პრემიერის თქმით ამჟამად ბრიტანეთის ჰოსპიტლები ყველაზე მეტად არის გადავირთული პანდემიის დაწყების შემდეგ.

    შოტლანდიას, უელსს და ჩრდილოეთ ირლანდიას უფლება დაუტოვეს თავად შეარჩიონ პანდემიის შესაკავებელი ზომები.

     

  • ქართველი „კანონიერი ქურდი“ თვითმკვლელობით იმუქრებოდა – ოდესის აეროპორტში ლავასოღლი დააკავეს

    ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. მათივე თქმით, აეროპორტში შემოწმებისას გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.

    უკრაინული გამოცემა წერს, რომ მინდია გორაძემ ოდესის აეროპორტში დებოში ატეხა და ვენების გადაჭრით იმუქრებოდა, თუ მას კვლავ მინსკში გაადეპორტებდნენ.

    მან შეგნებულად გამოიწვია ხმაური და შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ოდესა-მინისკის ავიარეისზე, უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე, აღარ აიყვანეს  საზღვარზე გააჩერეს.

    39 წლის მინდია გორაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ლავას ოღლის სახელით იცნობენ, საქართველოში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით თურქეთში იყო დაკავებული და რამდენიმე თვე ტრაპზონის იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში გაუშვეს, სადაც ის მინსკის აეროპორტშივე დააკავეს.

  • რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ 365–ზე მეტი სანქცია დავაწესეთ – მაიკ პომპეო

    აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, აშშ–ის მიერ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ ისაუბრა. პომპეოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მკაცრი იყო რუსეთის მიმართ.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების საპასუხოდ, 365–ზე მეტ რუსულ სამიზნე ობიექტს სანქციები დაუწესა.

    “2017 წლის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა 365–ზე მეტ რუსულ სამიზნე ობიექტს, რუსეთის დესტაბილიზაციური და აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ უკრაინასა და ევროპაში”, – წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე.

  • ინდოეთმა Covid19-ის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინა დაამტკიცა

    ინდოეთმა დაჩქარებული პროცედურით გასცა  სამამულო წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა COVAXIN–ით აცრის ნებართვა.

    განცხადება კვირას გაკეთდა და ბევრის გაოცება გამოიწვია, რადგან ჩინოვნიკებს კომპანია  Bharat Biotech–ის ეფექტურობის შესახებ მონაცემები დღემდე არ გამოუქვეყნებიათ და უარს ამბობენ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გასცენ.

    თუმცა, ეს სულაც არ აღელვებს ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის. მან ინდური მეცნიერების და ფარმაცევტიკის გამარჯვებას ხოტბა შეასხა.

    მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ერთ–ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საკუთარი ვაქცინა შეიმუშავეს და დაამტკიცეს, ვაქცინაციის მაშტაბური ინდური პროგრამა რომელიც ასეულობით მილიონი ადამიანის აცრას გულისხმობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ AstraZeneca–ს ვაქცინაზეა გათვლილი.

    ინდოეთის ხელისუფლებამ ის რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას შემდეგ მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის რეპეტიცია მიმდინარეობს პრეპარატების მოლოდინში, რომლებსაც უახლოეს დღეებში ელოდებიან.

  • უნგრეთი Covid19-ის რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს

    რუსულმა ვაქცინამ – “Спутник V”, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს ევროპაში ერთადერთი მომხმარებელი დაკარგა. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირის სიმშვიდეს არღვევს, დასავლური ვაქცინების ყველაზე რეალურ ალტერნატივად ჩინური ვაქცინა დაასახელა.

    ორბანი ბრიუსელს საყვედურობდა, თითქოს მას არ სურდა ვაქცინაციის “აღმოსავლური მიმართულების“ განვითარება და საკუთარი ექსპერტები ჩინეთსა და რუსეთში გაგზავნა, რათა ამ სფეროში მათი მიღწევები შეესწავლა. კვირას კი საკუთარი დასკვნები უნგრეთის ნაციონალურ რადიოს გაუზიარა.

    “ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს კარგი ვაქცინა აქვს, თუმცა ის არ არის საკმარისი და როგროც ჩანს არც იქნება, რადგან მისი საწარმოო სიმძლავრეები შეზღუდულია. ჩინური უფრო იმედისმომცემად გამოიყურება, და როგორც ჩანს ის უფრო ადრე და უფრო დიდი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი. იდეალურ ვითარებაში, ჩვენ არჩევანი გვექნება დასავლურ და ჩინურ ვაქცინებს შორის აცრის მსურველთათვის“– ციტირებს ორბანს როიტერი.

    არც რუსული და არც ჩინური ვაქცინები ჯერჯერობით ევროპის სამედიცინო სააგენტოს ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის არ დაუშვია.

  • თურქეთში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს

    თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირნაკის პროვინციაში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათი თქმით, ტერორისტები შეიარაღებულები იყვნენ და დამატებითი აღჭურვილობა გამოქვაბულში ჰქონდათ განთავსებული.

    მედიის ცნობით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა, არიან თუ არა ტერორისტები ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წევრები.

  • ხანდაზმულთა სახლში სანტა კლაუსის სტუმრობას 27 ადამიანი ემსხვერპლა

    ბელგიაში ხანდაზმულთა სახლში 27 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით მას შემდეგ, რაც მას სანტა კლაუსი ეწვია. მსახიობი, რომელმაც მოხუცებს ახალი წელი მიულოცა, ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა ამის შესახებ არ იცოდა. ინფექციის აფეთქება რამდენიმე კვირის შემდეგ დააფიქსირეს.

    თავშესაფარში ამჟამად კორონავირუსით 130 ადამიანია დაინფიცირებული – როგორც მისი მაცხოვრებლები, ისე პერსონალი. ხანდაზმულთა ნათესავები დაწესებულების ხელმძღანელობას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კარანტინის პირობებში ასეთი ზეიმის ორგანიზება  დაუშვებელი იყო.

    ამავე დროს, ადგილობრივმა ექიმებმა თავშესაფარში კორონავირუსის ერთდროულად სამი შტამი გამოავლინეს, ამიტომაც მათი თქმით, არ შეიძლება დადასტურებულ ფაქტად ჩაითვალოს ის, რომ დაინფიცირების წყარო სანტა კლაუსი გახდა.