ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და მწერალი ლარი კინგი ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
87 წლის ლარი კინგს 2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო 2017 წელს მან საზოგადოებას ამცნო, რომ ფილტვის სიმსივნე აქვს..
ლარი კინგის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო რადიო WAHR-ზე 1957 წელს. მას 1985-2010 წლებში CNN–ზე საკუთარი თოქშოუ Larry King Now მიჰყავდა. ბოლო წლებში ის რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ ტელეკომპანია, Russia Today-ში მუშაობდა.
სანამ მსოფლიო ვაქცინაციისთვის ემზადება ისრაელმა უკვე აცრა მილიონზე მეტი მოქალაქე. ეს არის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ისრაელის მოსახლეობა 9 მილიონია.
ისრაელში ამჟამად რიგით მესამე საერთონაციონალური ლოქდაუნია. ქვეყანას იმედი აქვს, რომ ვაქცინაციის წყალობით მალე ლოქდაუნს დაასრულებს და უკვე თებერვალში ეპიდემიას საბოლოოდ გაუმკლავდება.
ამ დროისთვის ისრაელში 100 ადამიანიდან 11.5 უკვე აცრილია. მას მოჰყვება ბაჰრეინი – 3.5 ადამიანით ყოველი 100 ადამიანიდან და დიდი ბრიტანეთი – 1.5 ადამიანი 100 ადამიანიდან.
აშშ წლის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე აშშ–ში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანის აცრა მოახერხეს.
ევროკავშირში ამ მხრივ საქმე ნელა მიდის, რადგან ვაქცინა იქ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს მოხმარებისთვის. გერმანიაში პირველი დოზა დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა მიიღო, საფრანგეთში კი სულაც ერთეულებმა.
მიზეზი გარკვეულწილად ისიც არის, რომ ფრანგები სკეპტიკურად არიან განწყობილი ვაქცინაციის მიმართ: გამოკითხვების მიხედვით, რომელიც Ipsos–მა ცოტა ხნის წინ 15 ქვეყანაში ჩაატარა, საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 40% გამოთქვამს თანხმობას აიცრას. ჩინეთში ეს მაჩვენებელი 80%–ს შეადგენს, დიდ ბრიტანეთში 77%–ს, აშშ–ში კი 69%–ს.
ბრიტანეთში ვაქცინაციის თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. თუ ადრე გეგმავდნენ, რომ ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის სამ კვირიანი ინტერვალი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით ამ ინტერვალის სამ თვემდე გაზრდა გადაწყდა.
გადაწყვეტილებას აღშფოთება მოჰყვა ექიმების ნაწილის, ასევე ზოგიერთი პაციენტის მხრიდან. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციაში ასეთი ნაბიჯი უსამართლოდ ჩათვალეს, პირველ რიგში პაციენტების მიმართ, რომლებიც უკვე ჩაეწერნენ ვაქცინის მეორე კომპონენტის მისაღებად.
ამჟამად Pfizer-BioNTech –ის ვაქცინის პირველი კომპონენტი უკვე მიიღო მილიონზე მეტმა ბრიტანელმა. პირველმა პაციენტმა ქალმა, რომელიც ბრიტანეთში Covid19–ის წინააღმდეგ აიცრა, 91 წლის მარგარეტ კინანმა უკვე მიიღო მეორე დოზაც.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამჟამად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ვაქცინის პირველი კომპონენტი, რადგან სწორედ ის იძლევა კორონავირუსისგან ძირითად დაცვას. მეორე კომპონენტი კი ძირითადად ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას. სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა სამი კვირიდან სამ თვემდე ვაქცინის ეფექტურობაზე მნიშვნელოან გავლენას არ მოახდენს.
ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ 2021 წელს ბრიტანეთის მაცხოვრებლები შეძლებენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, რომელიც 2020 წელს დაკარგეს . პრემიერის თქმით ეპიდემია უახლოეს კვირებში და თვეებში ვერ დასრულდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით.
აშშ-ის პრეზოდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს ახალი წელი მიულოცა და ყველას მოუწოდა, ხელახლა გაერთიანდნენ 2021 წლის ასაშენებლად.
“გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ, ერთ ღამეში არ გაქრება, მაგრამ როცა ახალი წლის დასაწყისისკენ ვიყურები სავსე ვარ იმედით, რომ უკეთესი დღეები მოვა. ტკივილისა და დანაკარგის წლის შემდეგ, გავერთიანდეთ, განვიკურნოთ და ხელახლა ავაშენოთ 2021 წელი” – წერს ბაიდენი ტვიტერზე.
The challenges we face as a nation will not disappear overnight, but as we look forward to the start of a new year, I’m filled with fresh hope about the possibilities of better days to come.
After a year of pain and loss, let us unite, heal, and rebuild in 2021.
დონალდ ტრამპის ოჯახი თეთრ სახლში ბოლო შობას აღნიშნავს. მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მორთო. საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
წლევანდელი დეკორაცია მელანიას თქმით „ამერიკის სულს“ გამოხატავს. ამერიკის პირველმა ლედიმ კლასიკური გაფორმება აირჩია: მწვანე ნაძვები, წითელი, ოქროსფერი და თეთრი მორთულობით. თეთრი ფერი კორიდორების და ოთახების დეკორის ძირითად ფერად იქცა. მთავარი საშობაო ნაძვისხე კი, რომელიც 5.5 მეტრის სიმაღლის არის, ხელნაკეთი ქაღალდის ბურთებით არის გაფორმებული. ყოველი მათგანი ერთ–ერთ ამერიკულ შტატს განასახიერებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან საშობაოდ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი ეგზოტიკურ სტილში მორთო. მაგალითად, ნაძვისხეები სისხლისფერი იყო, რამაც ზოგ ამერიკელს საშინელებათა ფილმის ასოციაცი გაუჩინა. შესაძლოა ამიტომაც წელს მელანიამ გადაწყვიტა კლასიკური სტილი აერჩია.
თეთრი სახლის ბინადრებს შორის ხშირად იყვნენ ამერიკის პირველი ოჯახის ძაღლები, რაც შეერთებული შტატების ლიდერის სახლს ცოტა უფრო აადამიანურებდა. ტრადიცია არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში ისევ ბრუნდება, თუმცა მცირე ინციდენტის თანხლებით.
ბაიდენს 2 წლის გერმანულ ნაგაზთან თამაშის დროს, შაბათს ფეხი დაუცურდა. არჩეულ პრეზიდენტს ორი ძვლის მოტეხილობა აქვს და მომდევნო რამდენიმე კვირა სიარული ლიმიტირებულად შეეძლება – ამბობენ ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტები.
ბაიდენმა ძაღლი სახელად მეიჯორი, ცხოველთა თავშესაფრიდან 2018 წელს იშვილა. მას მანამდე მეორე ნაგაზიც ჰყავდა შეფარებული. ჩემპი ბაიდენმა 2008 წელს, არჩევნებში გამარჯვებისთანავე აიყვანა.
თავშესაფრის ორივე ძაღლი თეთრ სახლში გადადის. ბაიდენები კატის აყვანასაც გეგმავენ. “მიყვარს სახლში შინაური ცხოველების ყოლა” – უთხრა რამდენიმე ხნის წინ, ტელეკომპანია “ფოქსს” ჯილ ბაიდენმა, ამერიკის მომავალმა პირველმა ლედიმ.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე, თეთრ სახლში ორი ძაღლი ცხოვრობდა, ბო და სანი – პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს. მანამდე კი ძაღლები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ ძაღლი სპოტი და კატა ინდია.
ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გამოჩენამ კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნები გამოაცოცხლა და იმედი გაუჩინა. აცრებმა ახლო მომავალში მრავალთვიანი ლოქდაუნებით გატანჯული ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების იმედი გააჩინა. თუმცა, გადაარჩენს თუ არა ვაქცინები მსოფლიო ეკონომიკას ასწლეულის ყველაზე დიდი კრიზისისგან?
მაშტაბურმა კრიზისმა მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის მრავალწლიანი პროცესი შეაჩერა, ქვეყნების უმრავლესობა რამდენიმე წლით უკან დააბრუნა და გადასახადის გადამხდელებს უკვე დაუჯდა 12 ტრილიონი დოლარი. ანტიკრიზისული ზომებისთვის ფულის ხარჯვა სახელმწიფოებს მომავალშიც მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები მცირდება: მსოფლიო ჯამში შემდომი ხუთი წლის განმავლობაში 28 ტრილიონ დოლარს დაკარგავს – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლა.
ცხოვრებისა და განვითარებისთვის სულ უფრო ნაკლები ფული რჩება, ვალები კი იზრდება. 2020 წლის ბოლომდე ვალი კიდევ 20 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება და მსოფლიო ეკონომიკის წლიურ მოცულობას სამნახევარჯერ გადააჭარბებს.
ვინაიდან ამ კრიზისის ერთადერთი მიზეზი კორონავირუსია, სიახლემ რამდენიმე ეფექტური ვაქცინის შესახებ ფინანსურ ბაზრებზე დიდი სიხარული გამოიწვია. მათ ვისაც ფული აქვთ, ფსონი ბიზნესისა და მოსახლეობის შემოსავლების მომავალ ზრდაზე დადეს. ცოტა უფრო თავშეკავებული რეაქცია ჰქონდათ ეკონომისტებს, ჩინოვნიკებს და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს –მათ, ვინც ფინანსურ სტაბილურობაზე არის პასუხისმგებელი და ანტიკრიზისულ დახმარებას გამოყოფს.
ამერიკის ცენტრობანკის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და ფრთხილი ბანკირია და რომლის ერთ სიტყვას შეუძლია მსოფლიო ბაზრები ჩამოანგრიოს, ვაქცინას “კარგ და დიდი ხნის ნანატრ ახალ ამბავს უწოდებს“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ის ეკონომიკაზე გავლენას არა უახლოეს მომავალში, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს. თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოხატავენ მისი ევროპელი კოლეგებიც.
ბანკირებს ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი. კრისტალინა გეორგიევა ამბობს, რომ პრობლემის სამედიცინო მოგვარების იმედი გაჩნდა, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის გზა კვლავ რთული და ჩავარდნებით სავსე იქნება.
გამოდის რომ ვაქცინა მსოფლიო ეკონომიკას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, სანამ მასობრივი ვაქცინაცია არ დაიწყება? ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ასე სულაც არ არის.
“კარგი სიახლეა ის, რომ რამდენიმე ვაქცინა მალე დამტკიცდება. ეს გვირაბის ბოლოს სინათლეა“– ამბობს ევროპის ცენტრობანკის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ფაბიო პანეტა.
ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმს ბალარდი იგივე გამოთქმას იყენებს:
“გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. კრიზისიდან გამოსავალი გამოჩნდა. ახლა მთავარია სიტუაციის ძალიან რეალისტური შეფასება.“
ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ ვაქცინა დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე იქამდე ბევრად ადრეც კი, სანამ კრიზისის მიზეზს – პანდემიას აღმოფხვრის. ამის მიზეზი შემდეგია:
საქმიანო აქტივობის დაქვეითების მიზეზი ის გახდა, რომ ადამიანებმა მომავლის რწმენა დაკარგეს, რის გამოც ფულს ნაკლებად ხარჯავენ, ხელისუფლებას კი ვირუსის უკონტროლო გავრცელების ეშინია, რაც მათ აიძულებს ლოკდაუნი შემოიღონ. ვაქცინის არსებობა ამ ორ საფრთხეს ამცირებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვაქცინაცია რეალურად დაიწყება.
ვაქცინის არსებობა ადამიანებს და ბიზნესს იმედს უჩენს, რომ ახალი ლოქდაუნი აღარ იქნება. ისინი კარანტინის დროს დაზოგილი და შავი დღისთვის გადადებული ფულის ხარჯვას იწყებენ, რაც მოხმარებას ზრდის. კვლავ იწყება ინვესტირება მომავალში – აფართოებენ ბიზნესს, ყიდულობენ უძრავ ქონებას.
მოხმარება და ინვესტიციები – ეკონომიკური ზრდის ორი მთავარი კომპონენტია. სწორედ ისინი დაზარალდა კრიზისის დროს ყველაზე მეტად. ორი დანარჩენი – ვაჭრობა და წარმოება ისე ძლიერ არ შემცირებულა, ზაფხულიდან კი სწრაფი აღდგენა დაიწყო.
სავალუტო ფონდის გათვლებით ვაქცინა მსოფლიოს მიმდინარე კრიზისის ზარალის 9 ტრილიონი დოლარით შემცირების საშუალებას მისცემს 5 წლიან პერსპექტივაში.
თუმცა სინათლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიო ეკონომიკას ამ ზამთარს კიდევ ერთხელ მოუწევს წაბორძიკება ბნელ გვირაბში– გვაფრთხილებენ პესიმისტები. ამის მიზეზი ევროპაში მეორე ლოქდაუნი და აშშ–ში პანდემიის უმართავი მეორე ტალღაა.
ეპიდემიოლოგების რჩევებმა ვერ შეაჩერა ამერიკელები– მადლიერების დღის წინ გზები ტრადიციულად გადატვირთული იყო. ბევრი ამერიკელი სტუმრობდა ამ დღეს ახლობლებს
ამერიკასა და ევროკავშირზე მსოფლიო სიმდიდრის მესამედზე მეტი მოდის. ისინი პლანეტაზე გადახდისუნარიანი მოთხოვნისა და ინვესტიციების მთავარი წყაროები არიან. ამიტომაც, მათ კეთილდღეობაზე არის დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღე. მათ გარეშე პანდემიის დამმარცხებელი ქვეყნები, პირველ რიგში კი ჩინეთი ვერ შეძლებენ დანაკარგების სრულად აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენციას უკვე წელს დაუბრუნდნენ.
მოკლედ, აღდგენის გზაზე შემდგარი ეკონომიკები რეციდივებს და პერიოდულ რეცესიებს გვერდს ვერ აუვლიან, სანამ პერიოდული ლოქდაუნები არსებობს და სანამ გართობისა და ტურიზმის ინდუსტრია საბოლოოდ არ აღდგება. ეს კი შეუძლებელია, სანამ ხალხმრავალი შეკრებების შიში იარსებებს.
ევროზონაში ჩატარებულმა მოსახლეობის და ბიზნესის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპაში მალე ვერ მოხდება სამომხმარებლო მოთხოვნის აღდგენა, რომელიც განვითარებული ეკონომიკების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელს მომავლის რწმენა ჯერ არ დაბრუნებია. ვაქცინის გამოჩენის მიუხედავად ამაზე ეკონომიკური კრიზისის შედეგი – უმუშევრობა მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეკონომიკა ამერიკულზე ნაკლებად არ დაზარალებულა, უმუშევრობის აფეთქება ევროპაში ნაკლები იყო.
ევროკავშირის ქვეყნებმა ხელოვნურად, სახელმწიფო სუბსიდიებით შეინარჩუნეს დასაქმება და ბიზნესი. ბევრი ხვდება, რომ როგორც კი ლოქდაუნები მორჩება და ეს სახელმწიფო პროგრამები დასრულდება, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე კი ყველა ვერ გადარჩება.
ეს მოლოდინებზე და განწყობებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს – ყველა ხვდება, რომ უმუშევრობის ახალი ტალღა მოსალოდნელია.
ეს ყველაფერი ეკონომისტების შიშებს ადასტურებს: კორონავირუსის მეორე ტალღამ ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა გამოიწვია.
თუმცა არის კარგი ამბებიც: მეორე შოკი პირველ, საგაზაფხულო შოკზე ბევრად სუსტი იქნება იმის წყალობით, რომ ბევრმა სფერომ პანდემიის პირობებში არსებობა ისწავლა.
პირველ რიგში ეს ეხება წარმოებას. ქარხნები მთელი ძალით მუშაობენ და ის ქვეყნები, სადაც წარმოება მნიშვნელოვან როლს იკავებს, იმათზე სწრაფად გამოვლენ კრიზისიდან, ვიდრე ისინი, ვინც მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული.
შოკი არა მხოლოდ უფრო სუსტი, არამედ უფრო ხანმოკლეც იქნება. ევროპაში დაინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ლოქდაუნი კი თითქმის უკვე ყველგან მოსხნეს.
როგორც კი კორონაკრიზისის მეორე ტალღა ჩაცხრება, მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის ძველი ტემპების აღდგენა პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, ეყოფა თუ არა დასავლეთს ფული პანდემიის დასრულებამდე ეკონომიკის ხელოვნურ სუნთქვაზე შესანარჩუნებლად.
კრიზისის პირველი ტალღის დროს მდიდარმა ქვეყნებმა იმდენად მძლავრი მხარდაჭერა აღმოუჩინეს ბიზნესს და მოსახლეობას, რომ ეკონომიკის 10%–იანი ვარდნის მიუხედავად მოსახლეობის შემოსავლები არათუ არ შემცირდა, არამედ 5%–ზე მეტად გაიზარდა.
კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა ხელისუფლების მზაობაზე იქნება დამოკიდებული, ეს მხარდაჭერა გააგრძელოს გადასახადის გადამხდელთა ფულით და ვალით, რადგან ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებითაც კი მასობრივ ვაქცინაციას დიდი დრო დაჭირდება, კიდევ უფრო მეტი დრო დაჭირდება, რათა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. ეს კი ექსპერტების აზრით კიდევ ერთი წელი არ მოხდება.
აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი პირველი ხდება, როგორც ჩანს ამ როლზე ტრადიციულ წარმოდგენას შეცვლის. მან უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს სამსახურის მიტოვებას და კვლავ სკოლაში მასწავლებლად იმუშავებს. ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.
თუმცა, ისიც უნდა ითქას, რომ აშშ–ს პირველი წყვილის ურთიერთობების ისტორიაც არასოდეს ყოფილა ასეთი: ფილადელფიის გარეუბანში მცხოვრები 24 წლის გოგო სენატორს გაყვა ცოლად, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი დაეღუპა. პირველი ქორწინებიდან მისი ორი ვაჟი კი საკუთარი შვილებივით გაზარდა.
1987 წელს მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და მოყვა, რომ 1972 წლის 18 დეკემბერს, 30 წლის სენატორი საკუთარი კაბინეტისთვის თანამშრომლების ასაყვანად გასაუბრებას ატარებდა, როცა სატელეფონო ზარი გაისმა. მას დელავერის შტატის ქალაქ ჰოკესინის პოლიციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ გაჩერებულ ავტომობილს, რომელშიც მისი ცოლი და სამი შვილი იჯდა სატვირთო მანქანა დაეჯახა. ბაიდენის ცოლი – ნელი და ერთი წლის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ორმა ბიჭმა – ბომ და ჰანტერმა მძიმე ტრავმები მიიღეს.
ნელი და ჯო ბაიდენები შვილებთან ერთად
ამ ტრაგედიის შემდეგ ბაიდენს სენატიდან და პოლიტიკიდან წასვლა უნდოდა. ინტერვიუში ის ყვება, რომ უნდოდა შვილები წაეყვანა, ავსტრალიაში წასულიყო და საერთოდ ყველაფერი დაევიწყებინა. კითხვაზე, რა დრო დასჭირდა რომ გონს მოსულიყო მომხდარის შემდეგ ბაიდენმა უპასუხა:
“მთელი წრე უნდა გაიარო: პირველი ღამე, როცა საწოლში მარტო ხარ, პირველი შობა მარტომ, პირველი თოვლი, რომელსაც მარტო უყურებ. პირველი მგზავრობა მანქანით…“
საბოლოოდ ბაიდენი არც სენატიდან წავიდა და არც პოლიტიკიდან, მეგობრებმა გადააფიქრებინეს. როგორც თვითონ ამბობს, როლი ამომრჩევლებმაც ითამაშეს, რომლებიც მხარდამჭერ წერილებს უგზავნიდნენ:
“გადის წელი, უფრო მეტი, მაგრამ არაფერი გავიწყდება. თუმცა ისევ იწყებ გაღიმებას. ტკივილი არ ქრება, ის უბრალოდ წარსულში რჩება“ – ამბობს ბაიდენი ინტერვიუში.
1975 წელს ბაიდენი პენსილვანიაში ოჯახურ ვახშამზე ჩაფრინდა. აეროპორტში ის გოგონამ გააჩერა, რომელსაც ხელში სარეკლამო ფლაერები ეჭირა. მოულოდნელად ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ბაიდენი ძმებთან ერთად იყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე მისმა ძმამ თქვა:
“ეს ჩემი სკოლის მეგობარი იყო. გინდა სახლში დავპატიჟო?“
ბაიდენების წყვილი 1987 წელს
ჯილ ჯეიკობსი მაშინ 24 წლის იყო. ბაიდენი ამბობს, რომ მისთვისაც და ჯილისთვისაც ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.
ამერიკის მომავალი პირველი ლედი ფილადელფიის გარეუბანში, ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა. თავიდან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა, თუმცა გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ გაყიდვები არ აინტერესებდა.
1970 წელს 19 წლის ჯილ ჯეიკობსი ფეხბურთელ ბილ სტივენსონს გაყვა ცოლად, რომელმაც მოგვიანებით დელავერში იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ბარი გახსნა. 1974 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ჯილ ჯეიკობსს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და უნივერსიტეტშიც ლიტერატურას სწავლობდა. 1975 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
ჯო ბაიდენის წინადადებას, ცოლად გაყოლოდა თავიდანვე არ დათანხმდა. Vogue–სთან ინტერვიუში ჯილმა ერთხელ თქვა, რომ მისთვის ასაკში (8 წელი) და სტატუსში ამხელა სხვაობა უცნაური იყო:
“მე ვხვდებოდი ბიჭებს ჯინსებში, მაისურებში და კედებში, ის კი პირველ პაემანზე მკაცრი ჯემპრით და მოკასინებით მოვიდა.“
გარდა ამისა, ჯილს არ უნდოდა პრესის დაჟინებული ყურადღება. თავიდან იმის მიღებაც გაუჭირდა, რომ სენატორის შვილების გაზრდა მას მოუწევდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც დათანხმდა და მართალია ფორმალური შვილად აყვანის პროცედურები არ გაუვლია, ჯოს შვილებს საკუთარივით ზრდიდა.
1977 წელს ჯილ ჯეიკობსი და ჯო ბაიდენი ნიუ იორკში დაქორწინდნენ.
თაფლობის თვე წყვილმა საბჭოთა უნგრეთში გაატარა – “რკინის ფარდის“ უკან. იმ დროს ეს ესქტრავაგანტულად ითვლებოდა.
1981 წელს შეეძინათ ქალიშვილი ეშლი.
ჯილ ბაიდენს მასწავლებლის კარიერაზე უარი არ უთქვამს. ის 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურსა და ლიტერატურას როგორც სტუდენტებს, ისე განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვებს.
მოგვიანებით ის პედაგოგიის მაგისტრი გახდა, 2000 წელს კი დოქტორის წოდება მიიღო.
რამდენადაც საკუთარ კარიერას უფრთხილდებოდა, ზუსტად ასევე უჭერდა მხარს ჯილ ბაიდენი ქმრის კარიერას. ის ჯერ კიდევ 2004 წელს ცდილობდა ქმარი დაერწმუნებინა კენჭი ეყარა პრეზიდენტად იმ დროს, როცა აშშს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი იყო, ქვეყანა კი ერყში ომს აწარმოებდა. ბაიდენი ამ ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
2008 წელს ჯო ბაიდენი შეეცადა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო, თუმცა ბოლოს ბარაკ ობამას სასარგებლოდ დათმო, შემდეგ კი 8 წლის განმავლობაში მასთან ერთად ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა.
ჯილ ბაიდენი აშშ–ს ისტორიაში პირველი “მეორე ლედი“ იყო, რომელიც სრული განაკვეთით მუშაობას განაგრძობდა. მოსწავლეების და სტუდენტების საშინაო დავალებებს ხანდახან რომელიმე სერიოზულ ღონისძიებაზე მიმავალიც კი ასწორებდა გზაში.
2020 წლის გაზაფხულზე ჯილ ბაიდენმა შევებულება აიღო პირდაპირ სემესტრის დასაწყისში, რათა ქმრის წინასაარჩევნო კამპანიაშ მიეღო მონაწილეობა. აქამდე მას ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია.
ჯილ ბაიდენი ქმრისთვის წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებას აკეთებდა მის მშობლიურ პენსილვანიაში და დელავერში, და ამ შეხვედრებში თვითონაც მონაწილეობდა.
ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ქმარივით კარგი ორატორი არ არის, თუმცა გაცნობისთანავე კეთილგაწყობას იწვევს.
ქმრის გამარჯვებისთანავე ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველი ლედის სტატუსის მიუხედავად სრული განაკვეთით მუშაობას განაგრძობს:
“მინდა ადამიანებმა მასწავლებლები დააფასონ და ამ პროფესიაში მათი წვლილი იცოდნენ“ – განაცხადა მან სიბიეს–თან ინტერვიუში.
აშშ–ს პირველ ლედის არანაირი მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები არ გააჩნია. ძირითადად ისინი ცერემონიებში მონაწილეობენ და ქველმოქმედებით არიან დაკავებული. ჯილ ბაიდენი უკვე მრავალი წელია ვეტერანთა ოჯახებს ეხმარება და სათავეში უდგას ფონდს, რომელიც ახალგაზრდა ქალებს მკერდის კიბოსთან დაკავშირებით ინფორმირებაში ეხმარება. თუმცა დღემდე, არცერთ პირველ ლედის არ უმუშავია ყოველდღიურ სამსახურში. მხოლოდ ელეონორა რუზველტი წერდა საგაზეთო სვეტებს, რითაც საკუთარი ქმრის პოლიტიკურ კურსს უჭერდა მხარს.
ამერიკული მედია ჯილ ბაიდენის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ ის დაიკავებს როლს, რომელიც 21–ე საუკუნის აშშ–ს პირველ ლედის შეეფერება.
“მასწავლებლობა არ არის ის, რასაც მე ვაკეთებ. მასწავლებლობა არის ის, ვინც მე ვარ. “ – დაწერა ჯილ ბაიდენმა ტვიტერზე.
ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში მაღაზიები გაიზხსნა და შემზღუდავი ზომები შესუსტდა. ერთთვიანი კარანტინის შემდეგ, როცა მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტით ვაჭრობა შეიძლებოდა, მაღაზიები იხსნება შვეიცარიაში, ჟენევის კანტონში.
სათამაშოების, ტანსაცმლის და წიგნების მაღაზიები გაიხსნა პარიზშიც. ამგვარად, ბიზნესი მყიდველის გარეშე არ დარჩება ყველაზე მომგებიან წინასაშობაო პერიოდში. პირველ მყიდველებს დღეს ზოგ მაღაზიაში აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ “შავი პარასკევი“ მომავალი კვირისთვის გადაიტანა, რათა ონლაინ მოვაჭრეებს უსამართლო პრივილეგიით არ ესარგებლათ.
ვაჭრობა განახლდა მთელ პოლონეთში, თუმცა მაღაზიის მფლობელებს კვლავ ევალებათ ზოგიერთი შეზღუდვის დაცვა: შენობაში 10 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი კლიენტის დაშვება შეიძლება.
შეზღუდვები მსუბუქდება გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში.
იტალიის ხელისუფლება კვირიდან ნაწილობრივ ხსნის კარანტინს ლომბარდიის და პიემონტეს რეგიონებში, ქვეყნის ჩრდილოეთით. ასევე სამხრეთით კალიბრიაში, სადაც საფრთხის დონე წითელის ნაცვლად ნარინჯისფერი გახდა.
ირლანდია შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის, რათა მეწარმეებს მუშაობის განახლების უფლება, მოქალაქეებს კი შობის ერთად გატარების უფლება მისცეს.
ბულგარეთში კი პირიქით, დღეს ბოლო დღე იყო, როცა ადამიანებს მაღაზიაში და რესტორნებში სტუმრობა შეეძლოთ. მომავალი კვირიდან აქ შეზღუდვები შედის ძალაში იმის გამო, რომ ქვეყანაში ევროკავშირის სივრცეში დაინფიცირების ყველაზე მაშტაბური ზრდა დაფიქსირდა.
დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.
მისი თქმით, სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს კურირებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც პროტოკოლითაა გაწერილი, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.
„ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდე,“- წერს ტრამპი ტვიტერზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა – 232, შესაბამისად, ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.