Category: მსოფლიო

  • 52 დაკავებული, 4 გარდაცვლილი – რა მოხდა კაპიტოლიუმის შენობაში

    6 იანვარს, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. მანამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ საპრეზიდენტი არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენს არ გაუმარჯვია.

    ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის დროს ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა. ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს კიდევ 3 ადამიანი ემსვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა.

    დემონსტანტების შენობაში შეჭრის შემდეგ დედაქალაქის მერმა ლოკდაუნი გამოაცხადა. 47 ადამიანი სწორედ ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო დააპატიმრეს.

    ნაციონალურმა გვარდიამ კაპიტოლიუმის შენობაში ორი ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალა, რომელიც, მათი ცნობით, აფეთქების რისკს შეიცავდა.

    კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ამ დროისთვის უსაფრთხოა.

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოს თქმით, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.

    “ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები 12 საათით დაბლოკა. გიგანტი სოციალური ქსელების განმარტებით, ამის მიზეზი ძალადობის წამახალისებელი განცხადებებია.

    ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს.

    შემდეგ მანვე დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ “პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია.”

    საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

     

  • “ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“– ჯორჯ ბუში კაპიტოლიუმის შტურმზე

    აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უმცროსი განცხადებით გმობს კაპიტოლიუმის შენობის შტურმს და მას ამაზრზენს და სულის შემძვრელს უწოდებს.

    მართალია ბუშს პრეზიდენტი ტრამპი არ უხსენებია, მის განცხადებაში ნათელი მინიშნებაა როგორც პირადად მასზე, ასევე რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლებზე.

    “შეძრული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგნური ქცევით არჩევნების შემდეგ და დღეს გამოვლენილი უპატივცემულობით ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკებში აპროტესტებენ და არა ჩვენნაირ, დემოკრატიულ ქვეყნებში“– თქვა ჯორჯ ბუშმა.

    ოთხშაბათი, 6 იანვარი ამერიკის ისტორიისთვის მძიმე დღედ იქცა. არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ზედა და ქვედა პალატები ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად შეიკრიბნენ.

    რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ შტურმის მონაწილეები კაპტოლიუმის შენობიდან გაყარეს.

    კანონმდებლების ევაკუაცია დროულად მოხდა და ამომრჩეველთა კოლეგიის ბიულეტენების გადარჩენაც მოხერხდა, რომელთა დამტკიცება სხდომაზე უნდა მომხდარიყო.

    ტრამპის მომხრეები კაპიუტოლიუმისკენ მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მათ ამისკენ თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონის ცენტრში გამართულ მიტინგზე მოუწოდა. არეულობების დაწყების შემდეგ ტრამპმა მათ სახლებში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე გაიმეორა საყოველთაოდ მცდარად აღიარებული მტკიცება იმის შესახებ, რომ მას არჩევნებში გამარჯვება მოპარეს.

  • კაპიტოლიუმში შეჭრისას 4 ადამიანი გარდაიცვალა – ვაშინგტონის პოლიცია

    კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ.

    მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 – „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა.

    ვაშინგტონში, ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მათი ნაწილი შეიარაღებული იყო. აშშ-ს ეროვნულმა გვარდიამ და პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

     

  • კაპიტოლიუმის შენობაში დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

    ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაიჭრა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „NBC NEWS“ სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

    მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობაში ხუთი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ამერიკის კონგრესის ლიდერები კი, კაპიტოლიუმიდან უსაფრთხოების მიზნით, ფორტ მაკნეირის ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ CNN-ისამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

    ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

  • “ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა დემოკრატიაზე“–ბაიდენი კაპიტოლიუმში ტრამპისტების შეჭრაზე

    კონგრესის შენობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში მომხდარს დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა, რომელიც “ექსტრემისტების პატარა ჯგუფმა განახორციელა.“

    მან დონალდ ტრამპს მოუწოდა სასწრაფოდ გამოვიდეს ტელევიზიით და მოითხოვოს კონგრესის შენობის შტურმის დასრულება.

    “მინდა უკიდურესად მკაფიოდ ვთქვა: კაპიტოლიუმში ქაოსის სცენები – ეს არ არის ის, რაც ჩვენ ვართ სინამდვილეში. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტების პატარა ჯგუფს, რომლებიც უკანონობას ჩადიან. ეს არ არის პროტესტი, ეს არის არეულობა. ეს აჯანყებას გავს და ეს უნდა შეწყდეს. ახლავე. “– დაწერა ბაიდენმა ტვიტერზე.

    ბაიდენის შემდეგ მალევე ვიდეოგანცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა. მან განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა მოუწოდა საკუთარ მომხრეებს სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდად მოიქცნენ.

    “წადით სახლებში, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. თქვენ განსაკუთრებულები ხართ“– უთხრა ტრამპმა მომხრეებს.

    ამავე თემაზე:

    “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ და კომენდანტის საათი ვაშინგტონში – რა ხდება აშშ–ს კონგრესში, სადაც ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ

  • “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ და კომენდანტის საათი ვაშინგტონში – რა ხდება აშშ–ს კონგრესში, სადაც ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ

    კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეები ადგილობრივი დროით 13 საათზე შეიჭრნენ. მათ სენატის შენობის გარშემო პოლიციის მიერ დაყენებული მეტალის ბარიერები გაარღვიეს.  შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიჭრა. რამდენიმე ათასი კი გარეთ რჩებოდა და აქციას განაგრძობდა.

    შენობის ფოიეში და კორიდორებში ტრამპის მხარდამჭერი შეძახილები ისმოდა. ისინი მთელ შენობას მოედნენ და დარბაზშიც შეაღწიეს. ზოგი კი სოციალურ ქსელებში იქიდან ფოტოებსაც აქვეყნებდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კონგრესის წევრების  საიდუმლო ადგილზე ევაკუაცია მოხდა.

    ტრამპის მომხრეები სენატში იმ დროს  შეიჭრნენ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცება მიმდინარეობდა.

    აშშ–ს კონგრესში,  ოთხშაბათს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სერტიფიცრებისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დასამტკიცებლად შეიკრიბა. ეს არის ფორმალური, ცერემონიული ხასიათის პროცედურა, რომელიც საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ტრამპის მომხრეები, რომლებიც  კონგრესის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ შენობაში სხდომის მიმდინარეობის დროს შეიჭრნენ, რასაც სხდომის ჩაშლა მოჰყვა.

     დღევანდელი სხდომით უნდა დასრულებულიყო 46-ე არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების გამოცხადების ოფიციალური მხარე. ბოლო ნაბიჯი კი ინაუგარაცია იქნება, რომელიც 20 იანვარს იგეგმება.

    არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპი ცდილობს ჩაშალოს პროცედურა, რომლითაც ბაიდენი აშშ–ს პრეზიდენტად საბოლოოდ დამტკიცდება. სენატის სხდომის დაწყებამდე ვაშინგტონის ცენტრში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მან მხარდამჭერებს  მოუწოდა კაპიტოლიუმის შენობისკენ წასვლა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

    ამერიკული ტელევიზიები აჩვენებენ კადრებს, რომლებზეც ჩანს, რომ ამერიკული დროშებით და ლოზუნგებით შეიარაღებული ტრამპის მხარდამჭერები პარლამენტის კომპლექსის კორიდორებში დადიან.

    როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები ტრამპის მხარდამჭერების შენობაში შეჭრას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებენ. მათ შორის არის რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ილინოისიდან.

    “ჩვენ სახელმწიფო გადატრიალების მომსწრეები ვართ, რომელიც პირდაპირ თეთრ სახლში მოკალათებული დამნაშავის მიერ არის შთაგონებული“– დაწერა დემოკრატმა ბილ პასკრელმა ტვიტერზე.

    ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა ამერიკის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა, თუმცა მის განკარგულებაში მხოლოდ პოლიციაა. ნაციონალური გვარდიის საქმეში ჩასართავად პენტაგონის ნებართვაა საჭირო. ბაუზერი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი არმიის მობილიზებას ითხოვდნენ, თუმცა პენტაგონი თავდაპირველად არ რეაგირებდა.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმის შენობისკენ ნაციონალური გვარდია დაიძრა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა, კეილი მაკენანმა განაცხადა. არმიამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა დედაქალაქში არსებული ძალები. ნიუ იორკ თაიმსის ცნობით ვაშინგტონისკენ მიემართება მეზობელი ვირჯინიის შტატის პოლიცია და ნაციონალური გვარდიაც.

    ტრამპმა მოვლენების დრამატულად განვითარების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ადგილიდან ჟურნალისტები გადმოსცემენ, რომ პროტესტანტთა ნაწილი შეიარაღებულია.

    შენობაში შეჭრილმა ტრამპის მხარდამჭერებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელსოსის კაბინეტი დაარბიეს – კედლებიდან სურათები ჩამოყარეს და ავეჯი გადააყირავეს.

    ასე გამოიყურებოდა ამერიკის კონგრესის დარბაზი, როცა იქ დემონსტრანტები ცდილობდნენ შეჭრას:

    შენობის შტურმის ზოგიერთი მონაწილე სენატის სხდომათა დარბაზში სპიკერის სავარძელში მოკალათდა და ფოტოები გადაიღო

  • ტრამპის მომხრეები სენატში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცება მიმდინარეობდა

    აშშ–ს კონგრესში, რომელიც ოთხშაბათს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სერტიფიცრებისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დასამტკიცებლად შეიკრიბა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.

    დღევანდელი სხდომით უნდა დასრულებულიყო 46-ე არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების გამოცხადების ოფიციალური მხარე. ეს მხოლოდ ფორმალური პროცედურაა და ცერემონიულ ხასიათს ატარებს. ის რამდენიმე საუკუნის წინ დამკვიდრდა. ტრადიციულად ბოლო ნაბიჯი კი ინაუგარაცია იქნება, რომელიც 20 იანვარს იგეგმება. თუმცა ტრამის მხარდამჭერების შენობაში შეჭრის გამო სენატის სხდომა შეწყდა.

    არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპი ცდილობს ჩაშალოს პროცედურა, რომლითაც ბაიდენი აშშ–ს პრეზიდენტად საბოლოოდ დამტკიცდება. სენატის სხდომის დაწყებამდე ვაშინგტონის ცენტრში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მან მხარდამჭერებს  მოუწოდა კაპიტოლიუმის შენობისკენ წასვლა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

    ამერიკული ტელევიზიები აჩვენებენ კადრებს, რომლებზეც ჩანს, რომ ამერიკული დროშებით და ლოზუნგებით შეიარაღებული ტრამპის მხარდამჭერები პარლამენტის კომპლექსის კორიდორებში დადიან.

    უფრო ვრცლად ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენები და ფოტოები ნახეთ აქ

  • ჯანმოს ექსპერტები, რომლებსაც COVID-19-ის წარმოშობა უნდა შეესწავლათ, ჩინეთში არ შეუშვეს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები, რომლებსაც COVID-19-ის წარმოშობა უნდა შეესწავლათ, ჩინეთში არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის წარმოშობის კვლევა, ჯანმოს პეკინთან უკვე შეთანხმებული ჰქონდა. ჯანმოს 2  სპეციალისტი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

    “მე დამარწმუნეს, რომ საერთაშორისო სპეციალისტების სწრაფი ჩასვლისთვის ჩინეთი ყველა შიდა პროცედურას გაამარტივებდა”, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, რომ ჩინეთში 10 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი დაუშვან, რათა მათ ვირუსის ნიმუშები აიღონ, დაადგინონ მისი წარმოშობა და გაარკვიონ როგორ გადაიცემა ის ცხოველისგან ადამიანზე.

  • რუსეთმა Covid19-ის რუსული ვაქცინით უკვე მილიონი მოქალაქე აცრა

    რუსეთმა კორონავირუსის საკუთარი ვაქცინით, “Спутник V”–ით უკვე მილიონი საკუთარი მოქალაქე აცრა. გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ გინცბურგის განცხადებით ყოველდღიურად “სამოქალაქო მიმოქცევაში ვაქცინის 100 ათასი დოზა გადის“. მისი თქმით, ახალი არასასურველი რეაქციები პრეპარატზე არ გამოვლენილა.

    ვაქცინაციის კაბინეტებმა მუშაობა 4 იანვარს განაახლეს. წლის დასაწყისიდან სახელმწიფო მომსახურებების პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციის პასპორტის აღება. ჯერჯერობით მას არსად ითხოვენ და გაურკვეველია, რა პრეფერენციებს ანიჭებს ის მოქალაქეს. ამის მიუხედავად მოსკოვის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ყველა მოსკოველს, ვინც ვაქცინაციას გაივლის სოციალურ ბარათებს განუბლოკავენ.

    მანამდე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი ვარაუდობდა, რომ თვითმფრინავით ფრენის უფლება ან ვაქცინაციის პასპორტის, ან ტესტირების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გაიცემოდა.

    რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 24 246 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლოს ასეთი რაოდენობა ნოემბრის ბოლოს იყო. მთელი დეკემბრის მანძილზე დაინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 26–28 ათასის ფარგლებში მერყეობდა. გარდაიცვალა 518 ადამიანი. სულ ეპიდემიის დაწყებიდან რუსეთში 59 506 ადამიანი გარდაიცვალა.

  • სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა

    სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არმენ სარქისიანი ახალ წელს ლონდონში ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად შეხვდა, სადაც მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს.

    პრეზიდენტი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება და დროებით საკუთარ საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს.