Category: მსოფლიო

  • ტრამპის ანგარიშები სოციალურ ქსელებში მინიმუმ ორი კვირით–საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დაბლოკილი იქნება

    დონალდ ტრამპის Facebook-ის და Instagram- ის ანგარიშები მინიმუმ  ორი კვირით იქნება დაბლოკილი–იქამდე, სანამ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას არ გადაიბარებს.

    ამის შესახებ “ფეისბუკის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.   ერთი დღით ადრე ტრამპს ანგარიშზე წვდომა შეუზღუდა “ტვიტერმა”. თავდაპირველად “ფეისბუკმა” ტრამპი მხოლოდ 24 საათით დაბლოკა, მაგრამ ვადის ამოწურვისთანავე სანქცია გაუგრძელა. ცუკერბერგი ამბობს, რომ ხელისუფლების გადაბარების პერიოდში ტრამპისათვის მათი პლატფორმის შეუზღუდავად დათმობა დიდ საფრთხეს შეიცავს:

    “უკანასკნელი 24 საათის შოკისმომგვრელმა მოვლენებმა თვალნათლივ გვიჩვენა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლებაში დარჩენილი დროის გამოყენებას ძალაუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გადაბარების პროცესის საზიანოდ აპირებს. მისმა გადაწყვეტილებამ, ეს პლატფორმა კაპიტოლიუმში შეჭრილი მომხრეების წასაქეზებლად და არა დასაგმობად გამოიყენოს, სამართლიანად შეაშფოთა საზოგადოება აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. გუშინ მისი ეს განცხადებები წავშალეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ მათი შედეგი – და სავარაუდოდ განხრაზვა – ახალი ძალადობის პროვოცირება იქნებოდა.

    უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპს საშუალებას ვაძლევდით, ჩვენი პლატფორმით ესარგებლა. დრო და დრო მის ტექსტებს ვშლიდით, ან აღვნიშნავდით, თუ ტექსტების შინაარსი ჩვენს წესებს ეწინააღმდეგებოდა. ამას ვაკეთებდით იმიტომ, რომ გვჯერა, საზოგადოებას აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს პოლიტიკურ სიტყვაზე, მათ შორის წინააღმდეგობრივ სიტყვაზეც. მაგრამ დღევანდელი კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, ვხედავთ ჩვენი პლატფორმით ძალადობრივი ამბოხებისკენ მოწოდებას დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.”– განაცხადა ფეისბუქის დამფუძნებელმა.

    მისი თქმით კონგრესში არჩევნების შედეგების სერტიფიცირების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ დარჩენილმა ცამეტმა დღემ და ინაუგურაციის შემდგომმა დღეებმა მშვიდობიანად და დამკვიდრებული დემოკრატიული ნორმების შესაბამისად ჩაიაროს.
    “მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული საფრთხე მეტისმეტად დიდია. ამიტომ მის “ფეისბუკსა” და “ინსტაგრამზე” დადებულ შეზღუდვას განუსაზღვრელი ვადით და სულ ცოტა, ორი კვირით ვაგრძელებთ, სანამ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება.”

    6 იანვარს Facebook-მა წაშალა ვიდეო, რომელშიც ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდაჭერებს მიმართა, შემდეგ კი პრეზიდენტს 24 საათით Facebook-ის და Instagram-ის ანგარიშებით სარგებლობა შეუზღუდა.

    Facebook-ის წარმომადგენლის გაი როსენის თანახმად ვიდეო შექმნილი “საგანგებო” ვითარებიდან გამომდინარე წაიშალა.

    “ეს არის საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ ვიღებთ შესაბამის საგანგებო ზომებს, მათ შორის შედის პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლას. ჩვენ ის წავშალეთ, რადგანაც გვჯერა, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს” – წერდა როსენი Twitter-ზე.

  • რა ელის ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ და კიდევ რისი დაშავება შეუძლია დარჩენილ ორ კვირაში

    20 იანვრამდე, როცა ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება აშშ–ს პრეზიდენტი ორი კვირა დარჩა – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ორი კვირა, რომლის მომხრეებმა წუხელ კაპიტოლიუმი დაარბიეს მას შემდეგ, რაც მათმა ლიდერმა “ძალის დემონსტრირებისკენ“ მოუწოდა.

    დემოკრატებმა გადაწყვიტეს ვადის ამოწურვას აღარ დაელოდონ და დაჟინებით მოითხოვენ ტრამპი თანამდებობას სასწრაფოდ ჩამოაშორონ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკის ლიდერს არ აქვს უნარი საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.

    ექსპერტებს კი თავად ტრამპის შემდგომი ნაბიჯები აშინებთ.

    ელის თუ არა ტრამპს იმპიჩმენტი

    დემოკრატები წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტიდან ამბობენ, რომ ტრამპი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას. ამის გაკეთება თეორიულად ორი გზით შეიძლება:

    პირველი გზა იმპიჩმენტია. ამისათვის წარმომადგენელთა პალატა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პრეზიდენტმა მძიმე დანაშაული ან კანონდარღვევა ჩაიდინა. დონალდ ტრამპმა ერთხელ უკვე გაიარა ეს გზა, როცა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა პალატამ ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა 2019 წელს. თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა მაშინ ტრამპი გაამართლა.

    იმპიჩმენტის პროცედურას დიდი დრო ჭირდება – წარმომადგენელთა პალატის კომტეტებმა გამოძიება უნდა ჩაატარონ, მტკიცებულებები შეაგროვონ, კენჭი უყარონ, შემდეგ კი ბრალდებებმა სენატის განხილვასაც უნდა გაუძლოს. ორ კვირაში ამ ყველაფრის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

    ამიტომაც დემოკრატები სხვა ვარიანტს ამჯობინებენ – ამერიკის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას. ის საშუალებას იძლევა პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, თუ სახელმწიფოს მეთაურს მოვალეობების შესრულება აღარ შეუძლია. გადაყენების კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს ფსიქიური დაავადება.

    ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტი იღებს. ძალაუფლება ვიცე–პრეზიდენტის ხელში გადადის. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიდენის ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალეობას მაიკ პენსი შეასრულებს.

    პენსმა მაშინვე დაგმო კაპიტოლიუმის შტურმი და პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები. ის ტრამპის გადაწყვეტილებებს გაემიჯნა და  ტვიტერზე ჯო ბაიდენის და კამალა ჰარისის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც 20 იანვარს ვიცე–პრეზიდენტი გახდება.

    ამერიკული მედიის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში აქტიურად განიხილება, შეიძლება თუ არა 25–ე შესწორების გამოყენება. სოციალურ ქსელებში კი დემოკრატებს უკვე უერთდებიან რესპუბლიკელები, რომლებიც ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. სი ენ ენი რამდენიმე რესპუბლიკელსაც ციტირებს, რომლებმაც ანონიმურად განუცხადეს, რომ ტრამპი “კონტროლიდან გავიდა“.

    პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ამჟამად 25–ე შესწორების გამოყენების პერსპექტივა ბუნდოვანია და ეს ჩანაწერი იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ქვეყანა უნდა დაიცვან პრეზიდენტისგან, რომელსაც ფსიქიური მდგომარეობა ხელს უშლის მოვალეობების შესრულებაში. ახლა კი ეს შემთხვევა არ არის. ტრამპი შესაძლოა არანორმალური იყოს, მაგრამ ის საღ გონებაზე ნამდვილად არის. უბრალოდ მისი გონებაა ასეთი არანორმალური. ასეთ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი იმპიჩმენტია, რომელიც როგორც უკვე გითხარით ხანგრძლივი პროცედურაა, თანაც ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ – ისინი იმ ელექტორატს უნდა დაემშვიდობონ, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოპარეს.

    იქნება თუ არა ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობები?

    დონალდ ტრამპს პრაქტიკულად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში. ხმების გადათვლა დასრულებულია, სასამართლოები წაგებული, ბაიდენის გამარჯვება კონგრესმა უკვე დაამტკიცა.

    ტრამპს ვერაფერმა უშველა – ვერც ზარმა შტატ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანთან და მოთხოვნამ, ამ უკანასკნელს ეპოვნა “ მისი დაკარგული ხმები“.

    ჯო ბაიდენის გუნდი არაერთხელ ჩიოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაცემის პროცესში პრობლემებს ქმნიდა. მაგალითად, ბაიდენს დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდნენ წვდომას საიდუმლო სპეცსამსახურების ანგარიშებთან. არადა, ტრადიციის მიხედვით არჩეულ პრეზიდენტს ეს წვდომა მაშინვე ეძლევა.

    ხელისუფლების გადაცემის პროცესი აუცილებელია იმისათვის, რომ 20 იანვრიდან ბაიდენის გუნდმა მოვალეობების შესრულება შეუფერხებლად შეძლოს და უკვე ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

    თითქმის ორთვიანი აურზაური ქვეყანაში, როცა პრეზიდენტი საკუთარ დამარცხებას არ აღიარებდა და მხარდამჭერებს არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ დაუსაბუთებელი განცხადებებით აქეზებდა, საბოლოოდ კაპიტოლიუმის შტურმით დასრულდა. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ გასული ღამის მოვლენებით საქმე არ დასრულდება. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობის დადების მიუხედავად ტრამპი მუდმივად ხელს უშლიდა ბაიდენის გუნდს, თუმცა ამავე დროს ამტკიცებდა, რომ არ ეწინააღმდეგება ახალი ადმინისტრაციის მოსვლას. ახლა კი, როცა ყველა ფორმალური პროცედურა დასრულებულია, დარჩა ყველაზე მთავარი – ინაუგურაცია.

    ტრამპის 300 ათასზე მეტი მხარდამჭერი შეუერთდა ფეისბუქზე ჯგუფს “ტრამპის მეორე ინაუგურაცია“.  კაპიტოლიუმის შტურმის ჯგუფში განხილვისას ტრამპის მომხრეები ამბობენ, რომ მათი ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, არეულობები კი იმის გამო დაიწყო, რომ მათ რიგებში ანტიფას და BLM–ის მოძრაობის წევრები “ჩანერგეს“. განხილვებიდან ბოლომდე ცხადი არ არის, გეგმავენ თუ არა ჯგუფის წევრები 20 იანვარს რაიმე აქციას.

    ცოტა ხნის  წინ დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ტრამპი 20 იანვარს მიტინგის ორგანიზებისთვის ემზადებოდა, რომელზეც თითქოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უნდა განეცხადებინა.

    გუშინდელი მოვლენების შემდეგ კი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპი მუდმივად შეეცდება მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებასაც ერთადერთი მიზანი ექნება– მომავალში სასამართლო პროცესები და შესაძლო პასუხისმგებლობის დაკისრება წუხანდელი მოვლენების, გადასახადებისგან თავის არიდების თუ წარსულში ჩადენილი სხვა ქმედებების გამო პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად გაასაღოს.

    რას შეიძლება ველოდეთ კიდევ ტრამპისგან?

    ახლა, როცა მინისტრთა კაბინეტი შიშობს, რომ პრეზიდენტს დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში საკუთარი მოვალეობების შესრულება არ შეუძლია, სულ უფრო ხშირად ისმის ყველაზე თამამი ვარაუდები იმის შესახებ, კიდევ რა შეუძლია ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭებულ ტრამპს დააშავოს შემდგომი ორი კვირის განმავლობაში.

    ყველაზე დიდ შეშფოთებას ამჟამად ტრამპის ირანთან ურთიერთობა იწვევს. ბაღდადში აშშ–ს საელჩოზე ორი კვირის წინ მომხდარი თავდასხმისას ტრამპმა ირანი პროვოკაციაში დაადანაშაულა და თქვა: “ერთი ამერიკელიც რომ მოკვდეს, მე პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. კარგად დაფიქრდით.“

    ბოლო პერიოდში ამერიკულ პრესაში აქტიურად შუქდება ირანთან ამერიკის მხრიდან ურთიერთობების ესკალაცია. ეს ყველაფერი ამერიკის ახალი ლიდერის ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება და ერთი წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ტრამპის ბრძანებით ავიადარტყმის შედეგად ირანელი გენერალი კასემ სულიემანი მოკლეს.

    ვაშინგტონის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, ტრიტა პარსი ამბობს, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი სამხედრო, რომლებსაც ინფორმაციაზე მაღალი დონის წვდომა აქვთ, გამოთქვამენ შიშს, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში შესაძლოა ირანზე შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს: “არ არსებობს არავითარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ირანი ახლა თვითონ გეგმავდეს რაიმე შეტევას. იქ ესმით, რომ ძალიან მალე აშშ–ს ხელისუფლებაში ახალი ლიდერი მოვა, რომელიც უფრო მეტად განწყობილია დიალოგისკენ. მაგრამ სასოწარკვეთილებისგან ტრამპს შეუძლია ქაოსი შექმნას შემდგომი პრეზიდენტისთვის.“

    ოლივია ტროი, რომელიც გასული წლის ივლისამდე ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩევლად მუშაობდა შიდა უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს: “საქმე ისე წავიდა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში პრეზიდენტი უბრალოდ საშიშია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც უკვე ვნახეთ, ძნელი სათქმელია, კიდევ რაზეა წამსვლელი ტრამპი. ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება მან გააკთოს ხვალ ან ზეგ. სულაც არ გამიკვირდება, თუ ისევ რაიმე სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთვება. ვშიშობ, რომ შეიძლება ტრამპმა ირანთან დაკავშირებით სიტუაცია გაართულოს.“

    პოლიტოლოგი სემ გრინჩი თვლის, რომ ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს:

    “ჩემთვის ნიშანდობლივი იყო ის მომენტი, როცა ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მილერი პელოსის და პენსს ელაპარაკა, თანაც მთავარსარდლის, ტრამპის გარეშე. ამის შემდეგ მილერმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები ქვეყნის კონსტიტუციას ემსახურებიან და დონალდ ტრამპი არ უხსენებია. ჩემთვის ეს ნიშანია, რომ ტრამპის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების რაიმე მცდელობის შემთხვევაში ის წინააღმდეგობას შეხვდება ყველა მხრიდან“– ამბობს ექსპერტი.

    მისი აზრით, ამ მომენტში პენტაგონი დიდწილად ქვეყნის კოლექტიურ ხელმძღვანელობას უთმობს ყურადღებას და არა თავად ტრამპს, ამიტომაც შესაძლოა ტრამპმა ბრძანება გასცეს კიდევაც, თუმცა ოფიცერთა შემადგენლობას და სამედრო ძალების ხელმძღვანელობას შეუძლია არ შეასრულოს ბრძანება, რომელსაც დანაშაულებრივად თვლიან.

  • ოთხი გარდაცვლილი და 52 დაკავებული – კაპიტოლიუმის შტურმის შედეგები

    აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსმა, დრამატული დღის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად, გარდაცვლილა 4 ადამიანი, 52 კი დაკავებულია. ტრამპის მხარდამჭერები შეეცადნენ ჩაეშალათ კონგრესის გაერთიანებული სხდომა, რომელსაც უნდა დაემოწმებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. რამდენიმე საათით, მათ ეს შეძლეს კიდეც. თუმცა, მოგვიანებით კონგრესის გაერთიანებული სხდომა განახლდა და მან ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

    მანამდე, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რობერტ ჯეი კონტიმ განაცხადა, რომ 52-დან 47-ის დაკავება, ქალაქის მერის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეგულაციების დარღვევას უკავშირდება. 26 მათგანი სამართალდამცველებმა, უშუალოდ კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

    დაკავებულთაგან რამდენიმეს ბრალი, არალიცენზირებული, ან აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას ეხება.

    ამასთან, კონტის თქმით, რესპუბლიკური და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტების სათაო ოფისებში ორი ხელნაკეთი ბომბი იქნა აღმოჩენილი. კაპიტოლიუმი მიმდებარე ტერიტორიაზე კი ავტომობილი დააკავეს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილებთ იყო დატვირთული.

    დედაქალაქის პოლიციის უფროსი საუბრობს დაღუპულების შესახებ. ერთ-ერთი მათგანს, ქალს, კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერმა მაშინ ესროლა, როდესაც ის კაპიტოლოიუმის შტურმში მონაწილეობდა. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

    დრამატული მოვლენების დროს, სამედიცინო პრობელემების გამო, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციის უფროსის თქმით, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ესაჭიროებოდათ. კონტი დაზარალებულ სამართალდამცავბზეც საუბრობს. მისი თქმით, გასულ ღამეს 14 პოლიციელი დაშავდა, 2 მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

    მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ის მაინც დიდად ჩამორჩება პირველ ივნისს დაკავებულ ადამიანთა რიცხვს. მაშინ, დედაქალაქის პოლიციამ, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის დროს, 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • უნდობლობა, ლოჯისტიკური პრობლემები და გართულებული პროცედურები–რატომ ფერხდება Covid19-ის ვაქცინაცია ევროპაში

    ევროპაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. იმ დროს, როცა ბრიტანეთსა და აშშ–ში უკვე მოსახლეობის 1–დან 2%–მდე აცრეს, ისრაელში კი 16%, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ ახლა იწყება.

    ყველაზე უკეთესი სიტუაცია გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაშია, მაგრამ ეს ქვეყნებიც ვაქცინაციის ტემპებით ახლოსაც არ არიან მსოფლიო ლიდერებთან.

    საფრანგეთში,  სადაც მოსახლეობა ვაქცინაციას სკეპტიციზმით ეკიდება, ნამდვილი სკანდალი ატყდა. ჰოლანდიაში კი ვაქცინაცია სულ ორი დღის წინ დაიწყეს – ანუ ორი კვირის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც ვაქცინა ევროკავშირში გამოჩნდა.

    რატომ ფერხდება ევროპაში ვაქცინაცია?

    უნდობლობა ექიმების მიმართ

    საშობაო დღესასწაულების დასრულებისთანავე, 27 დეკემბრის დილით პარიზის ჩრდილო–აღმოსავლეთით, პატარა ქალაქგარე საავადმყოფოში 78 წლის მორისეტმა საფრანგეთში პირველმა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის დოზა. როგორც ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ “ცნობილი“ გახდა.

    რამდენიმე დღეში მორისეტი მართლაც გახდა პოპულარული, თუმცა სხვა მიზეზით. ფრანგებმა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ნაწყვეტები ნახეს, სადაც ჩანს, რომ ქალი ვაქცინაზე კითხვებს სვამს. ამის საფუძველზე ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ საავადმყოფომ მორისეტს ვაქცინაზე სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. მოგვიანებით ექიმები ამტკიცებდნენ, რომ პაციენტმა ვაქცინაციაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ჭორები ვეღარაფერმა შეაჩერა. განხილვებში აქტიურად ჩაერთნენ არა მხოლოდ შეთქმულების თეორიების მოყვარულები, არამედ სხვებიც.

    პირველი ხუთი დღის მანძილე საფრანგეთში აცრა სულ 516 ადამიანს გაუკეთეს. ამ მომენტისთვის მეზობელ ბრიტანეთში უკვე 130 ათასი ადამიანი იყო აცრილი. 5 იანვრის მდგომარეობით, ვაქცინის პირველი დოზა 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო.  ეს კი ქვეყნის მოსახლეობის სულ 0.01 პროცენტია.

    ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპი საფრანგეთში პრეპარატის დეფიციტით ვერ აიხსნება. ამ მომენტისთვის ქვეყანაში 560 ათასი გამოუყენებელი დოზა ინახება. ქვეყნის ხელისუფლება პირობას დებს, რომ იანვრის ბოლომდე საფრანგეთი ვაქცინაციის ტემპებით მეზობლებს დაეწევა, თუმცა გეგმის შესრულება ადვილი არ იქნება.

    ბოლო კვლევების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 39% არის მზად ვაქცინაციისთვის.

    ვაქცინაცია კი სავალდებულო ვერ იქნება და ექიმები და პოლიტიკოსები საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ მის აუცილებლობაში, რაც პროცესს ნამდვილად ვერ დააჩქარებს.

    რთული პროცედურა ჭირდება ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთა აცრას. მათ ექიმის კონსულტაციის შემდეგ დრო უნდა მისცენ მოსაფიქრებლად, ასევე აქვთ უფლება ვაქცინაციაზე ახლობლის დასწრება მოითხოვონ, რაც ამ ვითარებაში შეუძლებელია.

    ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მძიმე ვითარება ხელისუფლების ბრალია, რომელსაც საზოგადოებასთან დიალოგი არ შეუძლია, არადა საფრანგეთში კორონავირუსით უკვე 66 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, გავრცელების მიხედვით კი ქვეყანა 6–ე ადგილზეა მსოფლიოში.

    საფრანგეთი თებერვლის ბოლომდე მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა ექსპერტებს ამ გეგმის რეალურობაში ეჭვი ეპარებათ. 140 ქვეყანას შორის, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა, საფრანგეთი ვაქცინაციისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ უპირობო ლიდერია.

    რეკორდსმენები და აუტსაიდერები

    გარდა იმისა, რომ საფრანგეთში სპეციფიური პრობლემები არსებობს, ეს ქვეყანაც ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსად აშშ–სა და ბრიტანეთისგან განსხვავებით უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

    ყველა ახალმა სამედიცინო პრეპარატმა ევროპის ბაზარზე ჯერ ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზევე ევროკავშირსა და აშშ–ბრიტანეთს შორის აცდენა მოხდა. Pfizer – BioNTech–ის ვაქცინა ევროკავშირში ბრიტანეთზე სამი კვირით, აშშ–ზე კი ათი დღით  გვიან– 22 დეკემბერს დააამტკიცეს. ისევე, როგორც Moderna–ს ვაქცინა.

    Economist წერს, რომ ევროპელებს მათმა სტრატეგიამაც შეუშალა ხელი. ადრეულ ეტაპზევე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინას კოლექტიურად შეიძენდნენ. ამით ისინი ხელსაყრელი პირობების მიღწევას ვარაუდობდნენ, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. საბოლოოდ ევროპელებმა დაახლოებით 2 მილიარდი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირში მცხოვრები ყველა ადამიანი რამდენჯერმე აიცრას, თუმცა, ჯერჯერობით აღიარებული Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა მცირე რაოდენობით არის შეძენილი.

    რატომ არ შეექმნათ პრობლემები სხვა ქვეყნებს?

    ვაქცინაციის ტემპებით აბსოლუტური რეკორდსმენი მსოფლიოში  ისრაელია.ის ერთ სულ მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით აშშ–საც უსწრებს.  ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა თავიდანვე კარგად იყო მომზადებული მსგავსი ღონისძიებებისთვის.

    ვაქცინის ტრანსპორტირების ლოგისტიკური ნაწილით სახელმწიფო იყო დაკავებული. მას შემდეგ კი, რაც ამპულები ქვეყანაში შევიდა, ექვსმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გაავრცელა.

    “ისრაელის ჯანდაცვის სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ  ყოველ მოქალაქეს საკუთარი თერაპევტი ყავს, რომელსაც იცნობს და ენდობა. ყოველი პაციენტისთვის ელექტორნული ფაილი არსებობს, რომელშიც მის შესახებ ბოლო 20 წელში დაგროვილი ინფორმაცია ინახება. მას შეგვიძლია ნებისმიერ დროს დავუკავშირდეთ.“ – ამბობს პანდემიის საკითხებში ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტი და სახელმწიფოს მრჩეველი რან ბალისტერი. მისი თქმით, ისრაელის მოქალაქეები საკუთარ ჯანდაცვის სისტემას ენდობიან.

    ევროკავშირში ჯერჯერობით ვაქცინაციის ტემპებით გერმანია ლიდერობს, სადაც ვაქცინაცია საფრანგეთის მსგავსად 27 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად ვაქცინა 316 ათას ადამიანს აქვს უკვე მიღებული, ძირითადად ხანდაზმულთა თავშესაფრების ბინადრებს.

    ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემური აღმოჩნდა გერმანიის ხელისუფლებისთვის. ერთია სპეციალიზებულ ცენტრებში ვაქცინაციის ჩატარება, ბევრად უფრო რთული კი სხვადასხვა წერტილებში მობილური ბრიგადების გაგზავნაა.

    გერმანიაში ვაქცინაციის ტემპით ბევრი უკმაყოფილოა. ოპონენტები ხელისუფლებას შეყოვნებაში ადანაშაულებენ. ზოგი ვაქცინის წარმოების მოცულობის დაბალ მაჩვენებელზე აკეთებს აქცენტს, თუმცა რეალურად ამჟამად საქმე არა ვაქცინის რაოდენობაში, არამედ მის სწორად გავრცელებაშია. მაგალითად, გერმანიაში ამ დროისთვის 1.3 მილიონი აუთვისებელი ვაქცინის დოზა ინახება.

    ექსპერტების თქმით მთავარი პრობლემა ლოჯისტიკაა. ბევრი ევროპული ქვეყანა ისრაელისგან განსხვავებით ვერ ჩამოყალიბდა, როგორ უნდა მოხვდეს ვაქცინა საბოლოო მომხმარებლამდე.

    მართალია შესყიდვები ცენტრალიზებულია, დისტრიბუციით ხშირად ადგილობრივი ხელისუფლებები არიან დაკავებული. შედეგად, მაგალითად ესპანეთში ვაქცინა ქვეყნის მაშტაბით არათანაბრად ნაწილდება.

    მადრიდმა გასულ კვირას მისი პირველი პარტიის მხოლოდ 6% გამოიყენა, ისევე, როგორც კატალონიამ. მთელიანად ესპანეთში კი ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ვაქცინის მარაგების 18% გაიხარჯა.

    ევროპელ ლიდერებს შორის არის იტალია, რომელიც გერმანიას ფეხდაფეხ მიყვება. აქ 178 ათასი ადამიანი აცრეს, თუმცა ეს 60 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის მხოლდ 0.3%–ს შეადგენს. პოლიტიკოსები ამას ვაქცინის გალღობისთვის აუცილებელი დროის საჭიროებით ხსნიან. ასევე იმავე პრობლემით, რაც საფრანგეთშია – ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთა ნებართვის მიღება აქაც რთული პროცედურაა.

    ექსპერტები კი ამბობენ, რომ პრობლემაა პერსონალის და ვაქცინის შესაყვანი სპეციალური ნემსების უკმარისობაც. იტალიის ლომბარდიის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს გადადგომისკენაც კი მოუწოდეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ექიმების და ექთნების შვებულება შეეწყვიტა საავადმყოფოებში მედპერსონალის უკმარისობის გამო. არადა იტალიის სხვა რეგიონებში  სამუშაოდ პენსიაზე დიდი ხნის წინ გასულ ექიმებსაც კი დაუძახეს.

  • კაპიტოლიუმზე შტურმისას მოკლული 35 წლის ქალი აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანია

    ქალი, რომელიც აშშ-ს კონგრესის შენობაზე შტურმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა, 35 წლის ეშლი ბაბიტია. ის აშშ-ს საჰაერო ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.

    მისი ყოფილი მეუღლის, ტიმოთი მაკინტის თქმით, ტრამპის მხარდამჭერი ეშლი ბაბიტი სან დიეგოში დაიბადა და გაიზარდა, სამსახურეობრივ საქმიანობას ავღანეთსა და ერაყში ასრულებდა, შემდეგ კი მცირე ბიზნესი წამოიწყო.

    “არასდროს დაგავიწყდებოდათ მასთან შეხვედრა. ის იყო საზრიანი და თავის შეხედულებებში დარწმუნებული, ამავე დროს მზრუნველი, ტკბილი და მოსიყვარულე”,– ამბობს ყოფილი მეუღლე და აღნიშნავს, რომ მას არასდროს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოხატვის და ალბათ სწორედ ეს იყო აქციაზე გასვლის მიზეზიც.

    ეშლი ბაბიტი 6 იანვარს, ნაშუადღევს საავადმყოფოში გულ–მკერდის ჭრილობით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

    ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

    ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს სულ 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

    მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

  • არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, თუმცა ძალაუფლებას კანონიერად გადავცემ – ტრამპი

    არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, თუმცა ძალაუფლებას კანონიერად გადავცემ – ტრამპი

    დონალდ ტრამპი კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ძალაუფლებას კანონის დაცვით გადასცემს.

    “მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი გადაცემა.

    ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ჩვენს ბრძოლას იმის უზრუნველყოფისთვის, რომ ყველა კანონიერი ხმა დათვლილიყო. ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული”,– განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად და კამალა ჰარისი ვიცეპრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

  • აშშ-ის კონგრესმა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

    კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად და კამალა ჰარისი ვიცეპრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

    ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა 232.

    კონგრესის სხდომას ხელი 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერებმა ჩაშლეს, თუმცა ის რამდენიმე საათში განახლდა.

    კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. მანამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ საპრეზიდენტი არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენს არ გაუმარჯვია.

    კონგრესზე შტურმის დროს გარდაიცვალა 4 დემონსტრანტი. ვაშინგტონში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  • კაპიტოლიუმში შეჭრისას ტრამპის მხარდამჭერს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა

    გუშინ, 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერი, რომელიც კაპიტოლიუმის წინ დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას, საქართველოს დროშას აფრიალებდა. ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

    მომხმარებლების აზრით, მამაკაცმა ჯორჯიის შტატის დროშის ნაცვლად, შეცდომით საქართველოს დროშა იყიდა.

    გუშინ, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. ისინი კონგრესს მოუწოდებდნენ, არ ეღიარებინათ ჯო ბაიდენი პრეზიდენტად.

    კონგრესზე შტურმის დროს ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა. ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს კიდევ 3 ადამიანი ემსვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა.

    აშშ–ს დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში სიწყნარეა და კონგრესის სხდომა მიმდინარეობს.

  • “შავბნელი დღე ამერიკის ისტორიაში“– რას წერს მსოფლიო მედია კაპიტოლიუმის შტურმისა და ტრამპის მომავლის შესახებ

    თანამედროვე ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენებმა, როცა ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს, მსოფლიოში შოკი გამოიწვია. ბევრი მსოფლიო მედია როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე მიმართულების, ამას დემოკრატიაზე თავდასხმას და პოსტიდან მიმავალი პრეზიდენტის მთავარ შეცდომას უწოდებს.

    გაზეთი Times ისტორიას და აშშ–ს პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონს იხსენებს, რომელმაც 1797 წელს ნებაყოფლობით დატოვა პოსტი ორი ვადის შემდეგ, თუმცა არ იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა. კონსტიტუციის 22–ე შესწორება, რომელიც პრეზიდენტობას ორი ვადით ზღუდავს, მხოლოდ 1951 წელს იქნა რატიფიცირებული.

    ვაშინგტონმა არ მოინდომა მონარქი გამხდარიყო, მიუხედავად კრიტიკოსების ვარაუდებისა.  200 წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება კვლავ ითვლება ჯორჯ ვაშინგტონის ერთ–ერთი უდიდეს ნაბიჯად და კონსტიტუციური დემოკრატიის შექმნის პროცესში ერთ–ერთ არსებით მოვლენად. ვაშინგტონის მმართველობის დროსვე გადაწყდა, რომ პოლიტიკურ პროცესში წარმმართველი კანონი იქნებოდა და არა ძალადობრივი პროტესტები.

    Times–ის აზრით დონალდ ტრამპმა პირველი პრეზიდენტის ორივე ტესტი ჩააგდო. მან ვერ შეძლო ნებაყოფლობით და ღირსეულად თავისი პოსტის დატოვება. იმის ნაცვლად, რომ ძალადობრივი პროტესტი შეეჩერებინა, მან ის წაახალისა. შტურმის მონაწილეებისადმი მიმართვის ვიდეო მეტისმეტად გვიან გამოჩნდა, და ეს არასაკმარისი იყო.

    და თუ ვაშინგტონი მისი ნამდვილად ლიდერული ქცევებით ახსოვთ, რომელმაც მის შემდეგ ძლიერი რესპუბლიკა დატოვა, ტრამპი მუდმივად ემახსოვრებათ ვალდებულებების დარღვევითა და იმით, როგორ დაასუსტა ქვეყანა, რომლისთვისაც უნდა ემსახურა – წერს გამოცემა.

    Guardian წერს, რომ ტრამპი შეეცადა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. გამოცემის აზრით მომხდარის მიზანი ბაიდენის გაპრეზიდენტებისთვის ხელშეშლა იყო და ეს მისი, როგორც პრეზიდენტის დელეგიტიმაციის და ახალი ადმინისტრაციის როლის შესუსტების კამპანიის ნაწილი იყო.

    დემოკრატია –ეს შეთანხმებების სისტემაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღოთ და შედეგს პატივი ვიცეთ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ძალადობა, რომელიც ჩვენ კაპიტოლიუმის ქედზე ვნახეთ, ავტორიტარული ხასიათისაა. ეს არის საშუალება აიძულო სხვა ადამიანები აჯანყებულების ნებას დაემორჩილნონ – წერს გაზეთი

    Independent  იხსენებს, რომ ტრამპმა ერთხელ განაცხადა ამერიკის მესამე სამყაროს სახელმწიფოდ გადაქცევის შესახებ. ახლა კი თვითონ გაუკეთა პროვოცირება მღელვარებას, რომელიც უფრო არასტაბილურ ქვეყნებში ძალაუფლების ძალადობრივ გადაცემასთან ასოცირდება.

    კაპიტოლიუმის შიგნით კანონმდებლები განიხილავდნენ 1876 წლის პრეცედენტს და ცდილობდნენ აშშ–ს  კონსტიტუციის ავტორების სურვილების მიხედვით ემოქმედათ. შენობის გარეთ კი ბოლშევიკების მიმბაძველთა პატარა ჯგუფი “ზამთრის სასახლის“ შტურმისთვის ემზადებოდა. მათ წინ მხოლოდ რამდენიმე უწყინარი პოლიციელი ეღობებოდა. განსხვავება 1917 წლის პეტროგრადისგან ის იყო, რომ ამ “რევოლუციონერებმა“ მარმარილოს ბოძებთან სელფებიც გადაიღეს – წერს გაზეთი.

    გამოცემის აზრით, სცენებმა ვაშინგტონიდან ამერიკელ ხალხს უნდა შეახსენოს, რატომ გაუშვეს ტრამპი სამსახურიდან და რატომ არ უნდა დაუშვან ამერიკელებმა არასოდეს მისი ძალაუფლებასთან მიახლოება.

    Daily Telegraph  იმაზე მსჯელობს, როგორ აისახება ვაშინგტონში წუხელ განვითარებული მოვლენები ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის ურთიერთობებზე. ბევრი მაღალჩინოსანი რესპუბლიკელი სვამს კითხვას, პანდორას რომელი ყუთი გახსნეს, როცა ტრამს მხარი დაუჭირეს. ამჟამად მათ პასუხი არ აქვთ– შედეგად მიიღეს მისი სურვილი ძალაუფლება ნებისმიერ ფასად მიიღოს და კონსტიტუცია არად ჩააგდოს.

    კაპიტოლიუმის ინციდენტი აჩვენებს, რომ ტრამპიზმი არსად წასულა და ტრამპს მომავალშიც ექნება რესპუბლიკური პარტიის გაუწონასწორებელი ნაწილის მხარდაჭერა, თვითონ კი ალბათ ჩათვლის , რომ თეთრი სახლი დროებით დატოვა.– წერს გამოცემა.

    New York Times წერს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, რომელიც თავიდანვე ბოროტებაში, განხეთქილებაში და შეთქმულების თეორიებში ჩაიძირა, იმით მთავრდება, რომ გამძვინვარებული, დამარცხებული, მთელი ძალით ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ლიდერის მიერ წაქეზებული ბრბო კაპიტოლიუმს შტურმით იღებს. თითქოს ამერიკა ტიპიური ავტორიტარული ქვეყანა იყოს.

    2021 წლის 6 იანვარს დაიმახსოვრებენ როგორც ერთ–ერთ შავბნელ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. იმის ნაცვლად, რომ ეს დღე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სიმბოლოდ ქცეულიყო, ის ისტორიაში შევა როგორც დღე, როცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ წაქეზებული ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა და ფანჯრები ჩაამსხვრია წარმომადგენელთა პალატაში, შეიარაღებული წინააღმდეგობის გზით.

    ამერიკული დემოკრატიის ციტადელში – ვაშინგტონში ასეთი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. პოლიციელები იარაღს უმიზნებენ პროტესტანტებს, რათა კაპიტოლიუმის შენობაში არ შეუშვან. როტონდაში ცრემლსადენი გაზი გამოიყენება, კანონმდებლები კაბინეტებში იმალებიან, ექსტრემისტები სენატში ვიცე პრეზიდენტის ადგილზე დგანან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაგიდასთან სხედან.– წერს გამოცემა.

    Fox News–მა, რომელიც მემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა და ტრამპს უჭერდა მხარს, ამჯერად კაპიტოლიუმის შტურმს გამართლება ვერ მოუძებნა. მიმომხილველმა დეროი მერდოკმა მომხდარი საბოტაჟის შემზარავ აქტად შეაფასა. “ ამ იდიოტებმა ახლა უკიდურესად გაართულეს თითოეულ ჩვენგანის ცხოვრება, ვინც აღტაცებული იყო პრეზიდენტ ტრამპით იმის გამო, რომ მან დიდებული გამარჯვებები მოიპოვა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“– დაწერა მანდ.

    ახლა ნებისმიერ მოსაზრებაზე, ამერიკის ისტორიაში თითოეული ოჯახის ყველაზე მაღალი შემოსავლისა და სიღარიბის ყველაზე დაბალი დონის შესახებ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს მოხდა, ჩვენ მივიღებთ პასუხად: თქვენ იმ ნაძირალას გულისხმობთ, რომლის ხალხი კაპიტოლიუმს თავს დაესხა? – ამბობს მიმომხილველი.

    ოთხშაბათს განვითარებული მოვლენების შედეგებს მრავალი წლის განმავლობაში მოვიმკით, და მათი შესწავლა ისტორიკოსებს მოუწევთ – წერს Wall Street Journal.  გამოცემის აზრით შანსები, რომ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ტრამპი რესპუბლიკელების პარტიის ლიდერი გახდეს, მნიშვნელოვნად შემცირდა.

    “როგორ თავად ტრამპმა სცადა საკუთარი მხარდამჭერებისთვის შეეხსენებინა ძალადობის გაღვივების შემდეგ, რესპუბლიკელებს უყვართ, როცა მათ კანონიერებისა და წესრიგის პარტიად აღიქვამენ, არადა ეს სულაც არ არის ის იმიჯი, რაც 6 იანვარს შეიქმნა.“– წერს გამოცემა.

  • ვაშინგტონში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    ვაშინგტონის მერმა 6 იანვარს კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გააგრძელა. ამის შესახებ მან ტვიტერზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

    ვაშინგტონში 18:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. საგანგებო ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და კონგრესის სხდომა ჩაშალეს. შტურმის დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა.

    შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

    ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში სიწყნარეა და კონგრესის სხდომა მიმდინარეობს.

    რა მოხდა კაპიტოლიუმის შენობაში – სრულად.