Category: მსოფლიო

  • ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს

    ინდონეზიელმა მყვინთავებმა ზღვაში Boeing 737-500–ის ნამსხვრევები იპოვეს, რომელიც ავიაკომპანია Sriwijaya Air–ს ეკუთვნოდა. ლაინერმა კატასტროფა 9 იანვარს განიცადა.  თვითმრფინავის კონსტრუქციის ნაწილი მისი სარეგისტრაციო მონაცემებით 23 მეტრის სიღრმეზე იპოვნეს. მანამდე მაშველებმა ნაპირზე გამოიტანეს სხეულების ფრაგმენტები და მგზავრების ნივთები. პოლიცია დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს.

    თივთმფრინავი ჯაკარტადან პანტიანაკში მიფრინავდა. ბორტზე იყო 50 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. აფრენიდან 4 წუთში ლაინერი ზღვაში ჩავარდა. თვითმფრინავს ცენტრში კატასტროფის სიგნალი არ გაუგზავნია.

    ინდონეზიის ხელისუფლებამ ორი კრიზის ცენტრი გახსნა – ერთი აეროპორტში, მეორე კი პორტში, სადაც მგზავრების ნათესავები შეიკრიბნენ. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იმ ადამიანების ვიდეოების და ფოტოების გავრცელება დაიწყეს, რომლებიც Boeing 737-500–ის ბორტზე იმყოფებოდნენ.

    გუშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. გამოჩნდნენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობდნენ რომ ეს მომენტი დაინახეს. 

    თვითმფრინავი 26 წელი იყო ექსპლუატაციაში. ავიაკომპანიის განცხადებით ის კარგ მდგომარეობაში იყო. სამძებრო ოპერაცია სამხედრო ხომალდების მონაწილეობით გრძელდება.

  • კარგია, რომ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა, მაიკ პენსის მოსვლა სასიამოვნო იქნება – ბაიდენი

    აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. პენსის განაცხადა, რომ მზად იყო ცერემონიაზე დასასწრებად, თუ მოწვევას მიიღებდა, შემდეგ კი ის პირადად ბაიდენმა მიიწვია. ბაიდენის თქმით, ინაუგურაციაზე ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა მისთვის დიდი პატივი იქნება.

    რაც შეეხება ტრამპის დასწრებას, მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება, ბადენმა კი აღნიშნა, რომ „კარგია, თუ ტრამპი ინაუგურაციაზე არ მოვა“.

    „ეს ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზეც მე და ის ოდესმე შევთანხმებულვართ. მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ის ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში,”- თქვა ბაიდენმა.

    აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

  • დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა Covid19-ის ვაქცინა გაიკეთეს

    შაბათს ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა ქმარმა, ედინბურგის ჰერცოგმა კორონავირუსის აცრა გაიკეთეს. პროცედურა სამეფო ოჯახის პირადმა ექიმმა ჩაატარა – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

    ამჟამად 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი უინძორის რეზიდენციაში იმყოფებიან, სადაც პრაქტიკულად პანდემიის დასაწყისშივე გადავიდნენ მომსახურე პერსონალის შეზღუდულ რაოდენობასთან ერთად.

    მისი უდიდებულესობის წარმომადგენელთა თქმით, დედოფალმა სპეციალურად მოისურვა, რომ მისი ვაქცინაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებულიყო. ამგვარად სამეფო ოჯახს იმედი აქვს, რომ საზოგადოებაში შემდგომ სპეკულაციებს ბოლოს მოუღებს.

    ბრიტანეთში საყოველთაო მაშტაბური ვაქციანციის კამპანია ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, და ბევრი გამოთქვამდა გაკვირვებას, რატომ აყოვნებდა სამეფო ოჯახი აცრის გაკეთებას.

    ამჟამად ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 1.5 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მიიღო. პირველ რიგში აცრას უკეთებენ ხანდაზმულებს და სამედიცინო მუშაკებს. მარტიდან ოქტომბრამდე დედოფალი საჯაროდ არ გამოჩენილა. პირველად მან ღონისძიებაში 15 ოქტომბერს მიიღო მონაწილეობა. ის პრინც უილიამთან ერთად პორტ დაუნის სამხედრო ლაბორატორიას ეწვია.

    მეორედ ელისაბედ მეორე სახალხოდ დეკემბერში, უინძორის ეკლესიის წინასაშობაო წირვაზე გამოჩნდა. ბევრი წლის მანძილზე პირველად მან დაარღვია სამეფო ოჯახის ერთ–ერთი მთავარი ტრადიცია – შობის ერთობლივი აღნიშვნა სანდრინგემის მამულში.

  • ავიაკატასტროფა ინდონეზიაში: თვითმხილველები ყვებიან, როგორ ჩავარდა რადარებიდან გამქრალი თვითმრინავი ზღვაში

    ინდონეზიური ავიაკომპანია Sriwijaya Air–ის თვითმფრფინავმა, რომელიც ჯაკარტადან პონტიანაკში მიფრინვდა, აფრენიდან მალევე, 4 წუთში მკვეთრად –(10 წუთში 3 ათასი მეტრი) დაკარგა სიმაღლე და რადარების ეკრანებიდან გაქრა. არსებობენ კატასტროფის თვითმხილველები, თუმცა თვითმფრინავის ზღვაში ჩავარდნის ზუსტი ადგილი ჯერ დადგენილი არ არის.

    ბორტზე 50 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 სხვადასხვა ასაკის ბავშვი და ეკიპაჟის 12 წევრი, სულ 62 ადამიანი.

    არსებული ინფორმაციით თვითმფრინავს ცენტრისთვის კატასტროფის მანიშნებელი სიგნალი არ გაუგზავნია. ინდონეზიის ხელისუფლება სამძებრო–სამაშველო ოპერაციას ატარებს.

    ადგილობრივი მედია ტრანსპორტის მინისტრის პასუხს ციტირებს კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას:

       “დიახ, ეს კუნძულ მალეს სიახლოვეს მოხდა“.

    თუმცა, ინდონეზიის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

    ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკარგულ თვითმფრინავთან დაკავშირებით ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს  ნაციონალურ სამაშველო სააგენტოსთან და ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალურ კომიტეტთან კოორდინაციით.

    მედიის ინფორმაციით საძიებო სამუშაოებში ჩართულია სამხედრო თვითმფრინავები და გემები.

    ადგილობრივმა მეთევზემ მედიას უამბო, რომ კატასტროფის თვითმხიველი გახდა, რის შემდეგაც თევზსაჭერი გემის კაპიტანმა ხმელეთზე დაბრუნება გადაწყვიტა:

    “თვითმფრინავი როგორც მეხი ისე დაეცა ზღვაში და წყალზე აფეთქდა. ეს ჩვენგან ძალიან ახლოს მოხდა. ნამსხვრევები კინაღამ ჩვენს ნავს მოხვდა“– თქვა მან.

    ადგილობრივებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ზღვაში უკვე ნაპოვნია ნამსხვრევები და ტანსაცმლის ფრაგმენტები. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური დადასტურება, რომ ეს ნამსხვრევები დაკარგული თვითმრინავის არის.

    საუბარია ბოინგ 737-500–ზე, რომელმაც პირველი ფრენა 1994 წელს შეასრულა. ეს იგივე მოდელია, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ორი ავიაკატასტროფის გამო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული.

    ინდონეზიის სანაპიროსთან დაკარგული ბოინგ 737 უფრო თანამედროვე 737 Max–ში არ უნდა აგვერიოს, რომლის გამოშვება 2018 და 2019 წლებში ორი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ შეჩერდა, რომელთაგან  ერთი ინდონეზიის სანაპიროსთან მოხდა.

    რეისს Sriwijaya Air  ბოინგის 737-500 მოდელის თვითმფრინავით ასრულებდა, რომელიც 737–ის მეორე თაობის, კლასიკურ სერიას მიეკუთვნება. ეს თვითმრფინავები 1980-1990 წლებში შეიქმნა. მან “მუშა ცხენის “ რეპუტაცია დაიმსახურა და უსაფრთხოების მაღალი პარამეტრები აქვს.

    თვითმფრინავი 26 წლის იყო. მართალია ავიაკომპანიები ახალი თვითმფრინავების გამოყენებას ამჯობინებენ ექსპლუატაციის დაბალი ხარჯების გამო, მაგრამ ამ ასაკის ლაინერებსაც ხშირად შეხვდებით.

    ინდონეზიას ფრენების უსაფრთხოების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამ რეგიონიდან ათზე მეტ გადამზიდავს ევროკავშირში ფრენა აკრძალული ქონდა. თუმცა მოგვიანებით ჩაითვალა,  რომ ავიაფრენების სტანდარტი ქვეყანამ გააუმჯობესა და 2018 წლიდან  ყველა ინდონეზიური ავიაკომპანია ევროკავშირის შავი სიიდან ამოიღეს.

  • გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ზღვაში იპოვეს

    რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს.

    სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, ეკუთვნის თუ არა ზღვაში აღმოჩენილი ნამსხვრევები Sriwijaya Air-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელზეც 50 პირი მგზავრობდა.

    ”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

    ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

  • Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

    Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

    სოციალურმა ქსმელმა ტვიტერმა აშშ–ს პრეზიდენტის ანგარიში გააუქმა.

    “დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში.

    ტვიტერმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიიში 12 საათით დაბლოკა და განაცხადა, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ანგარიშს სამუდამოდ გააუქმებდნენ.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დაბლოკილია დონალდ ტრამპის Facebook-ის და Instagram- ის ანგარიშები  და მინიმუმ  ორი კვირით იქნება დაბლოკილი დარჩება –იქამდე, სანამ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას არ გადაიბარებს.

  • ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს -დონალდ  ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილ დემონსტრანტებზე

    ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს -დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილ დემონსტრანტებზე

    “ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს”-  ამის შესახებ დონალდ ტრამპი ტვიტერზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, სადაც კაპიტოლიუმში შეჭრაში ბრალდებულების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

    “კაპიტოლიუმში შეჭრით, დემონსტრანტებმა ამერიკის დემოკრატიას ზიანი მიაყენეს. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და დესტრუქციაში მონაწილეობდა, თქვენს ჩვენ ქვეყანას არ წარმოადგენთ. ვინც კანონი დაარღვია, პასუხს აგებს”, – აცხადებს ტრამპი.

     

  • ჩვენი საოცარი მოგზაურობა ახლა იწყება – ტრამპი მხარდამჭერებს

    ჩვენი საოცარი მოგზაურობა ახლა იწყება – ტრამპი მხარდამჭერებს

    დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ რაც ტვიტერის დაბლოკილი ანგარიშის აღუდგა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

    აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ძალაუფლებას “თანმიმდევრულად” გადააბარებს.

    “კონგრესმა ახალი ადმინისტრაციის შედეგები დამტკიცა და ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ახლა ჩემი ყურადღება მიმართულია ძალაუფლების თანმიმდევრული და შეუფერხებელი გადაცემისკენ. ეს მომენტი მოითხოვს ურთიერთობის აღდგენასა და შერიგებას”, – ამბობს ტრამპი.

    ის კაპიტოლიუმში მხარდამჭერების შევარდნასაც გამოემხაურა და თქვა, რომ ისაც აღშფოთებულია უკანონობის, ძალადობისა და არეულობის გამო. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკა იყო და ყოველთვის იქნება კანონის უზენაესობისა და წესრიგის ქვეყანა, კანონდამრღვევები კი პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე.

    ტრამპმა თავის მხარდამჭერებსაც მიმართა და თქვა, რომ მოგზაურობა ახლა იწყება.

    “მშვენიერო მხარდამჭერებო, ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ  ჩვენი საოცარი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება”, – თქვა ტრამპმა.

  • კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

    პოლიციის ოფიცერი, რომელიც კაპიტოლიუმში მომიტინგეების შეჭრისას დაშავდა, გარდაიცვალა.

    აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაიან სიქნიკი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მომიტინგეებთან ფიზიკური დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იგი კაპიტოლიუმის პოლიციაში 2008 წლიდან მსახურობდა.

    6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

    ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

    მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

     

  • ტრამპის მთავრობას მინისტრები ტოვებენ

    ტრამპის მთავრობას მინისტრები ტოვებენ

    დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტს მინისტრები ტოვებენ. თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, რომელმაც ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრა.

    დევოსმა უსინდისობა უწოდა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრას. ბეტსი დევოსის განცხადებით, სიტუაციაზე გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რიტორიკამ და ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.

    “ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა”, -თქვა დევოსმა.

    თანამდებობა ასევე დატოვა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ. მისი შეფასებით, ვაშინგტონში მომხდარი ძალადობა პროვოცირებული იყო დონალდ ტრამპის რიტორიკით.

    გარდა ამისა, ტრამპის გუნდიდან წავიდა პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

    ასევე, ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე მეტ პოტინგერი.

    ცნობისთვის, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

    ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, შტურმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

    მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.