Category: მსოფლიო

  • კაპიტოლიუმში, სადაც ტრამპის იმპიჩმენტს განიხილავენ, ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

    აშშ-ში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. კონგრესის შენობაში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.

    კოლუმბიის ოლქის ეროვნული გვარდიის მაიორმა, რენე ლიმ განაცხადა, რომ სამხედროების მობილიზება უსაფრთხოებისთვის გახდა საჭირო.

    “ეროვნული გვარდია აქ არის, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ჩვენი თანამემამულე ამერიკელების უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – თქვა რენე ლიმ.

    შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და კონგრესის სხდომის ჩაშლა სცადეს, სადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ.

  • სომხეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

    სომხეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო და სახმელეთო საზღვარს ხსნის.ამის შესახებ ინფორმაციას,  გამოცემა Tass-ი ავრცელებს. 

    ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე  უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში ექნებათ ჩატარებული .

    “ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარი გახსნილი იქნება.ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ჩამოვიდეს სომხეთში, რომელსაც ექნება PCR ტესტის უარყოფიტი პასუხი და ტესტირება ექნებათ ჩატარებული უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით,  სომხეთში 8,931 ადამიანა დაინფიცირებული. სომხეთში მთლიანად, კორონავირუსი 163,128 ადამიანს გამოუვლინდა, რაც მოსახლეობის 5.6 პროცენტია.  ვირუსით ჯამში 2,951 ადამიანი გარდაიცვალა.

     

  • ათობით კომპანია დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას წყვეტს

    2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმთან განვითარებული პროცესების შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას ათობით კომპანია წყვეტს. დღეს, “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა გერმანულმა “დოიჩე ბანკმა”.

    ოფიციალურ განცხადებაში ბანკმა თქვა, რომ ის მომავალში ტრამპთან საქმეს აღარ დაიჭერს. ამ ეტაპზე ბანკში დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი აქტივები ინახება. ამერიკაში “დოიჩე ბანკის” ოპერაციების ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა და 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები დაგმო. ქრისტინა რაილის განცხადება სოციალურ ქსელ “ლინკედინზე” გავრცელდა.

    სააგენტო “როიტერი” ჯერ კიდევ ნოემბერში აცხადებდა, რომ გერმანული ბანკი დონალდ ტრამპთან პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის გაწყვეტას გეგმავდა. ბანკი მაშინ განმარტავდა, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობით მათ რეპუტაციას ზიანი ადგებოდა.

    პრეზიდენტ ტრამპთან ფინანსურ საქმიანობას აჩერებენ ამერიკული ბანკებიც. ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები გაავრცელეს “სითი-გრუპის”, “ჩეისის”, “ბენქ ოფ ამერიკის”, “გოლდმან საქსის”, “ვიზას”, “ამერიკან ექსპრესის” და “მასტერქარდის” წარმომადგენლებმა. მათ დონალდ ტრამპის მომსახურებაზე გარკვეული დროის განმავლობაში უარი თქვეს.

    “ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, “სითიგრუპი” რომელმაც მისურის სენატორ ჯოშ ჰოულის კაპმანიაში 1 000 დოლარი 2019 წელს გადაიხადა, მარტამდე აჩერებს ყველანაირ ფინანსურ დახმარებას და პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

    რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებსაც, რომლებმაც საარჩევნო კოლეგიის შედეგების რატიფიცირებაზე 6 იანვარს უარი თქვეს, მომსახურებას საბაკო სექტორის და სხვა დიდი ბიზნესების წარმომადგენლები უჩერებენ. განცხადებები კომპანიებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და თქვეს, რომ კანონმდებლებს, რომელთა საარჩევნო კამპანიაში ისინი შემოწირულობას გასცემდნენ, პროცესს შეუჩერებენ.

    “მარიოტი”, “ეი-თი-ენდ-თი”, “ამაზონი”, “ფორდი”, “ბესთ ბაი”, “ბლუ ქროსიც” აცხადებენ, რომ უჩერებენ შემოწირულობებს იმ კონგრესმენებს რომლებმაც არჩევნების შედეგები არ დაადასტურეს.

    პოლიტიკური დაფინანსება შეაჩერეს “ამერიკან ეარლაინსმა”, “ბი-ფიმ” და “კოკა კოლამ”.

    პრეზიდენტ ტრამპს საპატიო წოდება ჩამოართვა პენსილვანიის შტატში მდებარე ლიჰაის უნივერსიტეტმა. 1988 წელს გაცემული ხარისხის ჩამორთმევის გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა პარასკევს მიიღო, მას შემდეგ რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა.

    დონალდ ტრამპთან ერთად შესაძლოა სამართლის დოქტორის საპატიო ხარისხის გარეშე დარჩეს ტრამპის საარჩევნო გუნდის ადვოკატი რუდი ჯულიანი. ვერმონტის მიდელბერის კოლეჯი ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, ამბობს გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი”.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ–სა და თურქეთში Telegram–ის აპლიკაცია პოპულარული ხდება

    Telegram–ის მესენჯერ აპლიკაციის შემქმნელი, პაველ დუროვი ამბობს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში მის პლატფორმას 25 მილიონი მომხმარებელი დაემატა, ჯამში კი მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა.

    რუსული წარმომავლობის აპლიკაციის პოპულარობის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს: ამერიკაში ტელეგრამზე ტრამპის მხარდამჭერები გადავიდნენ, რომლებსაც პრეზიდენტის კვალდაკვალ ტვიტერი და ფეისბუქი ბლოკავს.

    ამასობაში კი მთელ მსოფლიოში მომხმარებლები აღშფოთებულნი არიან WhatsApp–ის გადაწყვეტილებით, რომელიც ამიერიდან მონაცემებს ფეისბუქს გადასცემს. განსაკუთრებული აღშფოთება ამ გადაწყვეტილებამ თურქეთში გამოიწვია.

    თურქებმა მასობრივად დაიწყეს სამამულო და უცხოურ ალტერნატივებზე გადასვლა, და ერთ–ერთ ასეთ ალტერნატივად კი ტელეგრამი იქცა, სადაც ოფიციალური არხი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმაც შექმნა და პირველ ფოტოდ კატასთან ერთად გადაღებული სურათი დადო.

  • რესპუბლიკელებმა ტრამპს ზურგი აქციეს. მის იმპიჩმენტს თანაპარტიელთა ნაწილიც უჭერს მხარს

    რესპუბლიკელებმა ტრამპს ზურგი აქციეს. მის იმპიჩმენტს თანაპარტიელთა ნაწილიც უჭერს მხარს

    ოთხშაბათს აშშ–ს კონგრესის ქვედა პალატა კენჭისყრაზე დააყენებს დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის საკითხს. ეს პროცედურა დანაშაულის ჩადენის ოფიციალური ბრალდების წყანებას ნიშნავს – ამჯერად ძალადობის და აჯანყების წაქეზებისთვის.

    ამის შემდეგ სენატი გადაწყვეტს, ჩამოაშოროს თუ არა პრეზიდენტი ვადამდე თანამდებობას, ამავე დროს მას უფლება ჩამოერთმევა მომავალში თანამდებობაზე კენჭი იყაროს.

    სამშაბათს საღამომდე ისე ჩანდა, თითქოს 2019 წლის მოვლენები მეორდებოდა:

    დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს დააყენებდნენ, თუმცა რესპუბლიკელებს სენატში ვერ დაარწმუნებდნენ და პროცესს აუცილებლად წააგებდნენ.

    თუმცა, სამშაბათს მათ პატარა შანსი გაუჩნდათ. გაზეთმა New York Times–მა დაწერა, რომ სენატის რესპუბლიკელების ლიდერი, მიტჩ მაკონელი იმპიჩმენტს მხარს უჭერს და უნდა ამგვარად მოაშოროს რესპუბლიკურ პარტიას ტრამპი თავიდან.

    ქვედა პალატაში იმპიჩმენტის მხარდაჭერის პირობა დადო რესპუბლკელების მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა და ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილმა ლიზ ჩეინიმ. მოსალოდნელია, რომ მას დაახლოებით ოცი კონსერვატორი კანონმდებელი შეუერთდება.

    მართალია კონგრესის ყველა რესპუბლიკელი არ არის თანახმა ღიად დაუპირისპირდეს ტრამპს, თუმცა მას სულ უფრო ცოტა დამცველი რჩება. და თუ პირველი იმპიჩმენტის დროს რესპუბლიკელები მის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, ახლა აღარ აპირებენ, რადგან არ სურთ საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას შეუწყონ ხელი.

    ტრამპის დაცვის სულ უფრო ნაკლები მსურველი რჩება მისი მომხრეების მიმართ წაყენებული ბრალდებების სიმძიმის ზრდის პარალელურად, რომლებმაც აშშ–ს დედაქალაქში არეულობა მოაწყევს. აქამდე დაპატიმრებები ძირითადად წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის მიმდინარეობდა, როგორიც არის მაგალითად კაპიტოლიუმის შენობაში უკანონო შეღწევა.

    თუმცა, სამშაბათს ვაშინგტონის ოლქის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აშშ–ს იუსტიციის სამინისტორომ შესაძლოა შტურმის მონაწილეთა ნაწილი აჯანყებაში დაადანაშაულოს, რომლის მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო. ამ მუხლისთვის კი სასჯელი 20 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

  • ევროპაში მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩაიშალა.ევროპელმა ჩინოვნიკებმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს

    როიტერის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ევროპაში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიშალა. მაიკ პომპეომ გადაწყვეტილება შეცვალა და ვიზიტით ევროპაში არ გაემგზავრა.

    “როიტერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პომპეომ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

    სააგენტოს ინფორმაციით პომპეო, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, უნდა შეხვდროდა ჟან ასელბორნს ლუქსემბურგში, ნატოს პატარა, მაგრამ მდიდარი მოკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. შემდეგ იყო დაგეგმილი შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან და ბლოკის სხვა მთავარ დიპლომატებთან.

    თუმცა, ევროპელებმა ამერიკის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე უარი ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვეს. “ათასობით პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერმა უპრეცედენტო იერიში მიიტანა ამერიკულ დემოკრატიაზე, რამაც მსოფლიოს ბევრი ლიდერი და შეერთებული შტატების მოკავშირე გააოგნა” – წერს “როიტერი”.

  • წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომ ტრამპის ადგილი მაიკ პენსმა დაიკავოს

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    რეზოლუცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გამოიყენოს 25-ე შესწორების მე -4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მოიწვიოს და მოახდინოს მთავრობის აღმასრულებელი დეპარტამენტების მთავარი ოფიცრების მობილიზება კაბინეტში, რათა განაცხადონ ის, რაც აშკარაა: რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულება.“

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია. „არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება ”, – წერს პენსი.

  • პუტინი ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო როლს დადებითად აფასებს. პუტინ–ალიევ–ფაშინიანის შეხვედრა მოსკოვში

    მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებეზე რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული, დაზუსტდეს სადემარკაციო ხაზები, გადაწყდეს ჰუმანიტარული პრობლემები და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის საკითხები.

    აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები, იჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს გასული წლის თებერვლის შემდეგ პირადად პირველად შეხვდნენ.

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაცია მშვიდია:

    “ბევრი რამ კეთდება ჩვენი მხრიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაბრუნებლად. 14 ნოემბრის შემდეგ ყარაბაღში უკვე დაბრუნდა 48 ათას ადამიანზე მეტი. რუსეთის შუამავლობით მოხდა ტყვეების და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა“– თქვა პუტინმა.

    ის ხაზს უსვამს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმებების რეალიზება თანდათანობით ხდება და ეს კონფლიქტის სამართლიან საფუძველზე დარეგულირების წინაპირობას ქმნის. პუტინის თქმით, რუსეთი განაგრძობს პარნიორებთან და მინსკის ჯგუფის თამჯდომარესთან საკუთარი ქმედებების შეთანხმებას.

    სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობენ. ფაშინიანი ასევე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამმხრივ შეხვედრას სასარგებლო და ნაყოფიერი უწოდა. ალიევი აცხადებს, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია თავის საქმეს ეფექტურად აკეთებს, ასევე გამოთქვა იმედი, რომ მეზობელი ქვეყნები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაში.

    სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით მთიან ყარაბაღში გამყოფ ხაზზე კონტროლისთვის ლაჩინის კორიდორის გასწვრივ  რუსული სამშვიდობო კონტიგენტი განთავსდა.

  • ტრამპის ფანატებში პოპულარული სოციალური ქსელი Parler გაითიშება. ამაზონმა მას მონაცემების შენახვაზე უარი უთხრა

    სოციალური ქსელი Parler შესაძლოა გაითიშოს. ამაზონმა გადაწყვიტა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებში პოპულარულ ამ პლატფორმას მონაცემთა შენახვაზე უარი უთხრას.

    ამაზონი Parler–ს ჰოსტინგის მომსახურებას ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროს დროით კვირას საღამოს 23:59 საათზე შეუწყვეტს. თუ მანამდე Parler სხვა სერვერს ვერ მოძებნის, საიტი, ყველა მისი მომსახურება და აპლიკაცია მიუწვდომელი გახდება.

    ამაზონი ჰოსტინგის მომსახურებას უამრავ საიტს უწევს, მათ შორის მსხვილ საიტებსაც. მან Parler–ს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამ სოცქსელში ძალადობის მოწოდების შემცველი 98 პოსტი აღმოაჩინა.

    მანამდე ამავე მიზეზით გუგლმა Parler–ის აპლიკაცია  ანდროიდის მოწყობილობებისთვის განკუთვნილი მისი მაღაზიიდან ამოიღო. მას მიბაძა ეფლმაც, მას შემდეგ, რაც მოთხოვნა 24 საათში კომპანიისთვის დამაკმაყოფილებელი მოდერაციის პროცედურები ჩაეტარებინათ სოციალურმა ქსელმა არ დააკმაყოფილა.

    Parler–ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ მატცე ამაზონის გადაწყვეტილებას პასუხობს და ტექნოლოგიურ გიგანტებს სიტყვის თავისუფლებაზე კოორდინირებულ შეტევასა და თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის განადგურებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ სოციალური ქსელი მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი შესაძლოა ერთი კვირის მანძილზე იყოს, რადგან კომპანიას მოუწევს საიტი ხელახლა გადააწყოს.

    “ჩვენ არ დავემორჩილებით პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ავტორიტარული დიქტატორების მხრიდან, რომლებსაც სიტყვის თავისუფლება სძულთ“– დაწერა მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ქსელში.

    სიენენი გაეცნო წერილს, რომელიც ამაზონის ვებ სერვისების განყოფილებამ Parler–ს გაუგზავნა. სწორედ ეს განყოფილება უზრუნველყოფს ქლაუდ სერვისების ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოებას. წერილში ნათქვამია, რომ ეს სოციალური ქსელი არ შეესაბამება AWS–ის სამომხმარებლო შეთანხმებებს.

    წერილში ნათქვამია, რომ ისინი ვერ უკარნახებენ სოციალურ ქსელს, რომელი კონტენტი დაუშვას მის საიტზე გამოსაქვეყნებლად, თუმცა მათ არ შეუძლიათ მომსახურება გაუწიონ კლიენტს, რომელსაც არ აქვს უნარი ოპერატიულად აღმოაჩინოს და წაშალოს  კონტენტი, რომელიც ახალისებს და აქეზებს ძალადობას.

    Parler პოზიციონირებს, როგორც თავისუფალი სიტყვის ნაკრძალი და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ამერიკელ მემარჯვენე რადიკალური შეხედულებების მომხმარებლებში, რომლებსაც ბოლო თვეებში ფეისბუქზე, იუთუბზე და ტვიტერზე ძალადობრივი მოწოდებების, დეზინფორმაციის და სხვა წესების დარღვევის გამო ასანქცირებენ.

    Parler-ის შტაბბინა ნევადაში მდებარეობს. ის თავის პროდუქტს თავისუფალ, მიუკერძოებელ ქსელს უწოდებს, სადაც ნებისმიერი აზრი შელამაზების გარეშე შეიძლება გამოითქვას. მოდერაციის პროცესი ამ ქსელში ისეთი მკაცრი არ არის, როგორც მის პოპულარულ კონკურენტებში. სწორედ ეს იზიდავს შეთქმულების თეორიების მიმდევრებს და რადიკალებს, რომელთა გამონათქვამები ფეისბუქზე და ტვიტერზე სიძულვილის გამოხატულებად და ძალადობისადმი მოწოდებად ფასდება.

    პარლერის ცოტა ხნის წინანდელ პოპულარულ პოსტებს შორის იყო წინადადებები კაპტოლიუმის შენობის დაწვის შესახებ, სპიკერ ნენსი პელოსთან ერთად, მოწოდება ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის მკვლელობის შესახებ და გამოკითხვა შეკითხვით: დემოკრატებიდან ვისი მოკვლაა პირველ რიგში საჭირო, ასევე კონსპიროლოგიური თეორია იმის შესახებ, რომ კაპიტულიუმის შტურმის უკან სინამდვილეში მოძრაობა ანტიფას წევრები დგანან.

    პარლერის მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ, როგორ ჯობდა კონგერსისთვის ხელშეშლა ბაიდენის გამარჯვების სერთიფიცირების პროცესში.

    სოციალური ქსელი Parler 2018 წელს გამოჩნდა და განსაკუთრებით პოპულარული აშშ–ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა, ძირითადად ტრამპის მხარდამჭერების გამო, რომლებიც ამ ქსელში განიხილავდნენ დაუსაბუთებელ განცხადებებს არჩევნების გაყალბების შესახებ.

    თავად ტრამპს ამ პლატფორმაზე გვერდი არ აქვს, თუმცა 2020 წელს, როცა მან პოპულარობის მოპოვება დაიწყო, ამ ქსელში ექაუნთი გახსნა ამერიკის კონსერვატიული მოძრაობის რამდენიმე გავლენიანმა ფიგურამ. მათ შორის ტეხასის სენატორმა, ტედ კრუზმა, რომელსაც 4.9 მილიონი ხელმომწერი ყავს და ფოქს ნიუსის წამყვანმა, შონ ჰენიტიმ, რომელსაც 7 მილიონი ხელმომწერი ყავს.

    ნოემბრის არჩევნების შემდეგ პარლერი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია გახდა აშშ–ში მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა და ტვიტერმა აქტიურად დაიწყეს მომხმარებლების დაბლოკვა დეზინფორმაციის გავრცელებისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე შეტევის გამო.

  • გადატრიალება მედიცინაში:mRNA–ს ვაქცინებით,რომლებიც Covid19-ისთვის შეიქმნა ახლო მომავალში სიმსივნის დამარცხებას შეძლებენ

    კორონავირუსი, რომელმაც ერთი წელია მსოფლიო თავდაყირა დააყენა შესაძლოა მედიცინაში უდიდესი გარღვევის მიზეზი გახდეს. რომ არა Covid19 ალბათ კიდევ დიდხანს არ დაჩქარდებოდა მატრიცულ რიბო ნუკლეინის მჟავებზე დაფუძნებული პრეპარატების წარმოება, რამაც შესაძლოა მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს.

    გამოცემა ბლუმბერგი ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ღამე ყველაზე ბნელი გარიჟრაჟის წინ არის. “ახლა, რა თქმა უნდა ბნელა – SARS-CoV-2 –ის ყველაზე გადამდები ვარიანტები დიდი ბრიტანეთიდან და აფრიკიდან პანდემიას ამძიმებენ მანამ, სანამ საყოველთაო ვაქცინაცია მის დასრულებას შეძლებს. თუმცა, თუ გადავხედავთ  Covid19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინებიდან რამდენიმეს, უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გარიჟრაჟი, რომელიც შორს აღარ არის – არა მხოლოდ მზის პირველი სხივები უახლოეს თვეებში, არამედ კაშკაშა სინათლე მომავალ წლებში და ათწლეულებში.“– წერს გამოცემა.

    თანდათან სულ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება მოსაზრება, რომ იარაღი, რომელსაც Covid19-ის წინააღმდეგ ვიყენებთ, შეძლებს უფრო მძიმე დაავადებების დამარცხებას, მათ შორის სიმსივნის, რომლითაც დედამიწაზე ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი კვდება.

    Covid19-ის–ის საწინააღმდეგო ყველაზე წარმატებული ვაქცინები ნუკლეინის მჟავებს იყენებენ, რომლებსაც მატრიცულ რიბო ნუკლეინის მჟავებს ანუ   mRNA –ს უწოდებენ.

    ერთი ვაქცინა გერმანული  BioNTech–ის და მისი ამერიკელი პარტნიორის –  Pfizer Inc–ის შექმნილია, მეორე კი ამერიკული კომპანია  Moderna Inc.–ის. კიდევ ერთი ვაქცინის დამზადება მალე დასრულდება CureVac NV– ისგან, რომელიც ასევე გერმანიაში მდებარეობს.

    ჩვეულებრივი ვაქცინები, როგორც წესი დეაქტივირებული ან შესუსტებული ვირუსებია, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იმუნური პასუხის სტიმულირებას ახდენენ, რომელიც ცოცხალი პათოგენისგან ორგანიზმს იცავს. თუმცა, ასეთი ვაქცინების შესაქმნელად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები და უჯრედული კულტურებია საჭირო. ეს კი დროს ითხოვს და დაინფიცირების შესაძლებლობას ტოვებს.

    mRNA ვაქცინებს კი ასეთი პრობლემა არ აქვთ.

    ვაქცინის მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: ის ორგანიზმს ინსტრუქტაჟს აძლევს, რომ წარმოქმნას ცილა, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე გვხვდება. იმუნური სისტემა შემდეგ ამ ცილის ამოცნობას, მის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოებას სწავლობს და იმ მომენტისთვის ემზადება, როცა იგივე ცილები კორონავირუსთან ერთად გამოჩნდება.

    სწორედ ამაში მდგომარეობს mRNA–ს დიდი პერსპექტივა: მას შეუძლია ჩვენს უჯრედებს უბრძანოს ნებისმიერი ცილის წარმოება. მათ შორის Covid19-ის გარდა სხვა ბევრი დაავადების ანტიგენისა.

    თავის ყოველდღიურ მუშაობაში mRNA  მისი მოლეკულური ნათესავის – ჩვენი უჯრედების ბირთვში არსებული დნმ–სგან იღებს ინსტრუქციებს. გენომის ნაწილების კოპირების შემდეგ mRNA– ის ისინი ციტოპლაზმაში გადააქვს, სადაც პატარა უჯრედული „ქარხნები“, ე. წ. რიბოსომები ინფორმაციას ცილის წარმოებისთვის იყენებენ.

    BioNTech–მა და  Moderna–მ ეს ციკლი დნმ–ს ბირთვში რთული პროცესის გამოტოვებით შეამცირეს. ამის ნაცვლად ისინი ჯერ არკვეევნ, რომელი ცილა სჭირდებათ – მაგალითად, შესაძლოა ეს იყოს ვირუსის გარსზე არსებული სპაიკი. შემდეგ კი ამინომჟავების თანმიმდევრობას მიყვებიან, რისგანაც ეს ცილა შედგება. სწორედ აქედან იღებენ ისინი ზუსტ ინსტრუქციებს, რომელსაც   mRNA  უნდა იძლეოდეს.

    ეს პროცესი შესაძლოა შედარებით სწრაფი იყოს, ამიტომაც არის, რომ წელიწადზე ნაკლები აღმოჩნდა საკმარისი ვაქცინის შესაქმნელად. ასეთ ტემპებში ვაქცინის შექმნა ადრე წარმოუდგენელი იყო. ეს პროცესი ასევე გენეტიკურად უსაფრთხოა – mRNA–ს არ შეუძლია უჯრედის ბირთვში უკან დაბრუნება და ჩვენს დნმ–ში შემთხვევით გენის ჩანერგვა.

    მკვლევარები 1970 –იანი წლებიდან ხვდებოდნენ, რომ ამ ტექნიკის საშუალებით ყველა დაავადებასთან ბრძოლა იყო შესაძლებელი. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება მეცნიერების სფეროში, კვლევების გაგრძელებას და ყველა მიმდინარე პრობლემებში გარკვევას უზარმაზარი ფული, დრო და მოთმინება ჭირდება, რაც ამ შემთხვევაშიც არ გამოინახა. ათწლიანი ენთუზიაზმის შემდეგ 1990-იან წლებში mRNA აკადემიურ წრეებში არამოდური აღმოჩნდა. პროგრესი თითქოს შეჩერდა. მთავარი წინააღმდეგობა ის გახდა, რომ mRNA–ს ინექციები ცხოველებში ხშირად ფატალურ ანთებებს იწვევდა.

    უნგრელმა მეცნიერმა, კატალინ კარიკომ, რომელიც 1980–იანებში აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად, მთელი თავისი კარიერა mRNA–ს მიუძღვნა, მიუხედავად წარმატებებისა თუ მარცხისა. 1990–იანებში მან დაფინანსება დაკარგა, სამსახურში დააქვეითეს, ხელფასი შეუმცირეს და სხვა პრობლემებსაც წააწყდა. თუმცა, დაჟინებით მიჰყვებოდა დასახულ მიზანს. მოგვიანებით, მას სიმსივნე აღმოაჩნდა, რომელიც დაამარცხა, ამის შემდეგ კი გადამწყვეტი გარღვევა სცადა.

    2000-იან წლებში მან და მისმა პარტნიორმა, ვისთან ერთადაც კვლევებს ატარებდა, აღმოაჩინეს, როგორ უნდა შეეცვალათ ურიდინი ისე, რომ თავიდან აეცილებინათ ანთებითი პროცესები და კოდისთვისაც ზიანი არ მიეყენებინათ. საცდელი თაგვები ცოცხლები გადარჩნენ.

    ამის შემდეგ კვლევა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა, დერიკ როსიმ წაიკითხა, რომელიც მოგვიანებით Moderna-ს თანადამფუძნებელი გახდა. მან ასევე მიიქცია უგურ საჰინის და ოზლემ ტურეჩის ყურადღება– ონკოლოგი ცოლ–ქმრის, რომლებიც BioNTech–ის დამფუძნებლები გახდნენ. მათ კარიკოს ტექნოლოგიის ლიცენზირება მოახდინეს და ის თავისთან დაასაქმეს. თავდაპირველად მათ ყველაზე მეტად სიმსივნის მკურნალობა აინტერესებდათ.

    მათ გააცნობიერეს, რომ ტექნოლოგიები, რომლითაც დღეს მსოფლიო კიბოს ებრძვის, მომავალში ისეთივე პრიმიტიულად მოგვეჩვენება, როგორც ცული საოპერაციოში. ავთვისებიანი სიმსივნის გასანადგურებლად მას როგორც წესი რადიაციით ან ქიმიური ნივთიერებებით უმკლავდებიან და ამავე დროს უამრავ სხვა ქსოვილს აზიანებენ.

    საჰინის და ტურეჩის აზრით, კიბოსთან ბრძოლის საუკეთესო გზაა მისი ყოველი სახეობა გენეტიკურად უნიკალურად განვიხილოთ და ცალკეული პაციენტების იმუნური სისტემა ამ კონკრეტული მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში “ვავარჯიშოთ“. ამის გაკეთება კი mRNA–ს იდეალურად შეუძლია. მთავარია იპოვოთ ანტიგენი, მიიღოთ მისი “თითის ანაბეჭდი,“ მოახდინოთ უჯრედული ინსტრუქციების რეკონსტრუირება რათა მან “სამიზნე“ სწორად ამოირჩიოს და შემდეგ უკვე ორგანიზმი დანარჩენს თვითონ აკეთებს.

    თუ   Moderna–ს და  BioNTech–ის საქმიანობას გადავხედავთ, ისინი  მკერდის, პროსტატის,  კანის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ტვინის, ფილტვების და სხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალო წამლების ცდებზე მუშაობენ, ასევე ყველა ტიპის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაზე – გრიპით დაწყებული, ზიკას ვირუსით და ცოფით დამთავრებული. პერსპექტივები კი იმედისმომცემად გამოიყურება.

    ყველა აღიარებს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი ნელი იყო. საჰინი და ტურეჩი ამას ნაწილობრივ იმით ხსნიან, რომ ინვესტორებმა ამ სფეროში უზარმაზარი კაპიტალი უნდა ჩადონ, შემდეგ კი ათ წელზე მეტი ელოდონ – კვლევების დაწყების მომენტიდან მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის მიღებამდე. ამის სურვილი კი ადრე ბევრს არ ქონდა.

    ბლუმბერგი წერს, რომ Covid19-ის გამო მსოფლიოში ეს პროცესები დაჩქარდა. პანდემიამ  mRNA–ს ვაქცინის გრანდიოზული დებიუტი და მათი კონცეფციის საბოლოო დადასტურება გამოიწვია. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ კარიკოს შესაძლოა ნობელის პრემია მიენიჭოს. ამიერიდან mRNA–ს დაფინანსების პრობლემა აღარ ექნება. არც ყურადღება და ენთუზიაზმი მოაკლდება ინვესტორების, მარეგულირებელი ორგანოების და პოლიტიკოსების მხრიდან.

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ mRNA–ს კვლევების ბოლო ეტაპი ადვილი და სწრაფი იქნება, რამაც ახლო მომავალში სიმსივნეების და სხვა მძიმე დაავადებების მკურნალობაში შესაძლოა გრანდიოზული გარღვევა მოახდინოს.

    რომ არა Covid19 და მსოფლიოს სასოწარკვეთილი სწრაფვა, გამოსავალი დაუყოვნებლივ მოეძებნათ, mRNA–ს ავტორებს ალბათ კიდევ დიდი დრო დაჭირდებოდათ მეთოდის უპირატესობის დასამტკიცებლად.