Category: მსოფლიო

  • “სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და მოსკოვში, ვნუკოვის აეროპორტში მალე დაეშვება.

    თვითმფრინავიდან მისმა მეუღლება Instagram–ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს: “ბიჭო, არაყი მოგვიტანე, ჩვენ სახლში მივფრინავთ”.

    https://www.instagram.com/p/CKJiIk0oQBq/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again

    მას აეროპორტში გულშემატკივრები და მოწინააღმდეგეები დახვდებიან. სავარაუდოდ, მას აეროპორტშივე დააპატიმრებენ. იქ უკვე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

    რუსეთის პროკურატურას ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.

    შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტით მოწამლეს.

  • შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

    შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15 წევრის გადარჩენას ცდილობენ. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

    “დავიწყებთ სამაშველო ოპერაციებს ეკიპაჟის 15 წევრის გადასარჩენად, რომლებიც სამაშველო ნავებზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ არის”, – თქვა პროვინციის გუბერნატორმა.

    მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

  • Home Alone-დან ტრამპის ამოჭრის იდეას მაკოლეი კალკინიც იზიარებს

    ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმის, „მარტოს სახლში “ მთავარი როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი სოციალურ ქსელში პეტიციის იდეას გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ფილმის მე-2 ნაწილიდან  დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას ითხოვენ.

    ტვიტერზე ერთმა მომხმარებელმა მოითხოვა, რომ ფილმის მარტო სახლში მეორე ნაწილში “დონალდ ტრამპი 40 წლის მაკოლეი კალკინით ჩაანაცვლონ”. მაკოლეი კალკინი ამ მოწოდებას ერთი სიტყვით გამოეხმაურა: “მიღებულია”.

    აღსანიშნავია, რომ სასტუმროს, რომელშიც აღნიშნული სცენაა გადაღებული, იმ დროს სწორედ დონალდ ტრამპი ფლობდა.დონალდ ტრამპი ფილმში სულ რამდენიმე წამით ჩნდება. ცნობისთვის.

    ცნობისთვის, 7 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ფილმიდან ტრამპის კადრის ამოღების შესახებ პეტიცია სწორედ  ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიქმნა.
  • შესაძლებელია თუ არა ტრამპს იმპიჩმენტი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუცხადონ და რას ნიშნავს ეს

    წარმომადგენელთა პალატის მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. პალატამ, მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმიდან ერთ კვირაში, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ბრალი “ამბოხის წახალისებაში” დასდო.

    რა ხდება ამის შემდეგ?

    დასრულებულია იმპიჩმენტის პროცესი? – არა. მას შემდეგ, რაც კონგრესის ქვედა პალატამ, ანუ – წარმომადგენელთა პალატამ – პრეზიდენტს ბრალი დასდო და მხარი დაუჭირა მის მიპიჩმენტს, ახლა ჯერი ზედა პალატაზე, სენატზეა.

    იმპიჩმენტის პორცესში შემდეგი, მთავარი ნაბიჯი, პროცედურულად სწორედ სენატმა უნდა გადადგას. კონგრესის ზედა პალატამ, პრეზიდენტის მიმართ ქვედა პალატის მიერ წარდგენილ ბრალზე უნდა იმსჯელოს და დაადგინოს პრეზიდენტის დანაშაული.

    პრეზიდენტის გასამართლებისთვის, სენატის შემადგენლობის ხმათა ორი მესამედია საჭირო. თუ კენჭისყრაზე ასივე სენატორი იქნება წარმოდგენილი, დემოკრატებთან ერთად, მინიმუმ 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა იქნება საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამტყუნდეს. წარმომადგენელთა პალატაში გუშინ გამართულ სესიაზე, 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

    როდის დაიწყება არსებითი განხილვა სენატში?

    ამჟამინდელი უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა უარყო დემოკრატების მოწოდება, დაუყოვნებლივ გამართულიყო იმპიჩმენტის არსებითი განხილვა. მაკკონელი აცხადებს, რომ სენატი 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება.

    ეს ნიშნავს, რომ სენატში იმპიჩმენტის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც პრეზიდენტი ტრამპი, 20 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებს. წარმომადგენელთა პალატამ, არსებითი განხილვის დაწყებამდე, სენატს ბრალდება ოფიციალურად უნდა გადასცეს.

    რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის დაცვა არსებით განხილვაზე?

    წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის ერთი მუხლი დაამტკიცა – ოფიციალური ბრალდება: კონგრესის ქვედა პალატა, 45-ე პრეზიდენტს ბრალს ვაშინგტონში, 6 იანვარს მომხდარი „ამბოხის წაქეზებაში“ სდებს. ბრალში აქცენტი გაკეთებულია მიტინგზე წარმოთქმულ სიტყვაზე, რომლითაც პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს იქამდე მიმართა, ვიდრე ისინი კაპიტოლიუმში შეიჭრებოდნენ.

    სავარაოუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის არგუმენტი კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული სიტყვის თავისუფლება იქნება – მიუხედავად იმისა, რომ მან მხარდამჭერებს უთხრა „იბრძოლეთ“, ის არ გულისხმობდა ძალადობისკენ ფაქტობრივ მოწოდებას.

    წარმომადგენელტა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის გმობს 6 იანვარს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.

    „ჩვენს ქვეყანასა და მოძრაობაში, ძალადობისა და ვანდალიზმის ადგილი სრულებით არ არის“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    შესაძლებელია ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი?

    დიახ. სპეციალისტებს შორის არსებობს კონსესუსი, რომ „გვიანი იმპიჩმენტი“ კონსტიტუციურია.

    სწავლულები აღნიშნავენ, რომ იმპიჩმენტი გამოიყენება არა მხოლოდ ოფიციალური პირების თანამდებობიდან გასათავისუფლებლად, არამედ მათი მომავალი დისკვალიფიკაციისთვისც, რათა მომავალში მათ ვეღარ დაიკავონ თანამდებობა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ გაასამართლონ.

    კონსტიტუციაში წერია, რომ გამტყუნების შემთხვევაში, ხდება დისკვალიფიკაცია ნებისმიერი საპატიო საჯარო თანამდებობის დაკავებისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    სენატის პრეცედენტის თანახმად, დიკვალიფიკაციისთვის სენატის მხოლოდ მარტივი უმრავლესობაც საკმარისია. ისტორიულად, კენჭისყრა მხოლოდ გამამტყუნებელი დადგენილების შემთხვევაში იმართება. თუმცა ნათელი არ არის, საჭიროა თუ არა ვინმეს დისკვალიფიკაციისთვის, მისი გამტყუნება.

    რამდენ ხანს გასტანს არსებითი განხილვა?

    აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სენატს აქვს უფლებამოსილება, შეიმუშავოს იმპიჩმენტის საკუთარი წესები. მოქმედი წესების შესაბამისად, სასამართლო განხილვა, მინიმუმ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯანმოს ექსპერტები ჩინეთში ჩავიდნენ და კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებას იწყებენ

    ხანგრძლივი მოლაპარაკებების და შეფერხებების  შემდეგ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში ჩავიდნენ. პეკინი უკვე რამდენიმე თვეა აჭიანურებს მათთან ჯანმოს გამომძიებლების ჩასვლას  ვუჰანში პანდემიის დაწყების მიზეზების შესწავლის მიზნით.

    ჩინური მედიის ინფორმაციით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ავტობუსებით ვუჰანში გაემგზავრნენ. 15 სპეციალისტს შორის, ეპიდემიოლოგიის და ცხოველთა შემსწავლელი მეცნიერების სპეციალისტებიც არიან. ისინი ჩინეთში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იმუშავებენ.

    პეკინის მოთხოვნით, ჯანმოს ექსპერტები პირველ კვირას კარანტინში გაატარებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის მიზანია ვირუსის წარმოშობის მიზეზებს მიაკვლიონ, დაადგინონ ის, თუ როდის, სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება ადამიანებში და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი პანდემიების პრევენცია.

    მას შემდეგ, რაც მსოფლიომ კოვიდ-19-ის გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის ვუჰანის ბაზრიდან გავრცელდა, სადაც ცხოველური საკვები იყიდება.

     

  • რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

    რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

    რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს მის წინამორბედს, ბენედიქტსაც.

    პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი – 93 წლის. ასაკის გამო ორივე რისკჯგუფშია. გარდა ამისა, პაპ ფრანცისკეს ერთ-ერთი ფილტვის ნაწილი ახალგაზრდობაში ავადმყოფობის შემდეგ ამოუღეს, ხოლო ბენედიქტს ართრიტი აქვს.

    პაპმა ფრანცისკემ, იტალიის ერთერთი ტელევიზიის მეშვეობით, ყველას მოუწოდა ვაქცინა გაიკეთონ.

    “ეს ეთიკური არჩევანია, რადგან თქვენ თქვენს ჯანმრთელობას ეთამაშებით, თქვენს სიცოცხლეს, მაგრამ ასევე სხვების სიცოცხლეებსაც”,– თქვა მან.

     

  • ევროკავშირმა AstraZeneca–ს დამტკიცება დაიწყო. ბოლო ინფორმაცია Covid ვაქცინაციის შესახებ მსოფლიოში

    ოთხშაბათს ვაქცინაციის კამპანია დაიწყო მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანა ინდონეზიაში. ადგილობრივმა რეგულატორმა მოხმარებისთვის დაამტკიცა ჩინური ვაქცინის – CoronaVac–ის  (ჩინური კომპანია Sinovac–ის წარმოება) მოხმარება მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა ბოლო კლინიკურმა კვლევამ ამ ვაქცინის მხოლოდ 50%–იანი ეფექტურობა აჩვენა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ბრაზილიის ხელისუფლების მიერ მისი დამტკიცებისთვის.

    ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვოდოდო პირველი ადამიანი გახდა ქვეყანაში, ვინც აცრა გაიკეთა. ამ მომენტის ტრანსლირება ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხდა.

    ევროკავშირის რეგულატორმა კი ცოტა ხნის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია  AstraZeneca–ს ვაქცინის დამტკიცების პროცედურა დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნები მოუთმენლად ელიან მომენტს, როცა მისი მოხმარება უკვე შესაძლებელი იქნება, რადგან გასული წლის დეკემბერში დაწყებული ვაქცინაცია ქვეყნების უმეტესობაში არც ისე სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს, როგორც ელოდნენ.  AstraZeneca–ს წარმოების პრეპარატი უკვე დამტკიცებულია ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ.

    საიტ Politico-ს მონაცემებით ევროკავშირის მსხვილ ქვეყნებში ვაქცინაცია მოსახლეობის დაახლოებით 1%–მა ჩაიტარა. თუმცა ზოგ ქვეყანას უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგალითად საფრანგეთში აცრა 100 ადამიანიდან მხოლოდ 0.29–მ გაიკეთა.

    ვაქცინაცია დაიწყო ვატიკანში. ჟურნალისტების ინფორმაციით აცრა უკვე გაიკეთა რომის პაპმა, ფრანცისკმა, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. გასულ კვირას ვატიკანის ხელისუფლებამ სპეციალური მაცივარი შეიძინა, რომელშიც Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა -70 გრადუსშე ინახება.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, ვაქცინის შეძენაში დაეხმარონ. მან ამის შესახებ კიევში მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტისას განაცხადა.

    “ვთვლი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მომეტებული ყურადღება უნდა დაეთმოს ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან ვაქცინის ერთობლივად შეძენის და მიწოდების დაჩქარების საკითხებში“ – თქვა ზელენსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოც შედის.

    უკრაინამ უკვე გადაწყვიტა ჩინური კომპანია Sinovac–ის ვაქცინის შეძენა. თებერვალში ქვეყანა ამ პრეპარატის 700 ათას დოზას მიიღებს.

    ალბანეთის ხელისუფლება კი უარს ამბობს დაასახელოს ქვეყანა, რომელმაც ტირანას 1 ათასი დოზა  Pfizer и BioNTech–ის ვაქცინა მიაწოდა. პრემიერმა ედი რამამ ორშაბათს ქვეყანაში პირველი აცრა გაიკეთა, თუმცა არ თქვა, საიდან მიიღო ქვეყანამ პრეპარატი. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ დონორი ერთ–ერთი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც თხოვა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.

  • კაპიტოლიუმზე თავდასხმისას ევაკუირებული სამი კონგრესმენი კორონავირუსით დაინფიცირდა

    6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურებმა კანონმდებლები სპეციალურ, დაცულ ოთახში გადაიყვანეს. ერთმანეთთან ახლო კონტაქტისა და დახურულ სივრცეში ყოფნის შემდეგ 3 კანონმდებელი კოვიდ-დადებითია. ისინი რესპუბლიკელ კოლეგებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასეთ პირობებშიც კი ისინი უარს აცხადებნდენ ნიღბის ტარებაზე.

    ბრედ შნაიდერი მესამე დემოკრატი კონგრესმენია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

    “გასულ ოთხშაბათს მოძალადე ბრბოსგან თავის დაღწევის შემდეგ იძულებული ვიყავი რამდენიმე საათი გამეტარებინა უსაფრთხო, მაგრამ დახურულ სივრცეში რამდენიმე ათეულ სხვა კონგრესმენთან ერთად. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი ოთახში ყოფნისას მტკიცედ აცხადებდა უარს ნიღბის გაკეთებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მათ ამის გაკეთება რამდენჯერმე თავაზიანად სთხოვეს”, – ამბობს შნაიდერი.

    რესპუბლიკელ კოლეგებს აკრიტიკებს დემოკრატი პრამილა ჯაიაპალიც. მას ვირუსი სამშაბათს დაუდასტურდა.

    “ბევრი რესპუბლიკელი უარს ამბობს პანდემიისა და ვირუსის სერიოზულად აღქმაზე და ამის გაკეთებით ისინი საფრთხეს უქმნიან ყველას მათ ირგვლივ. სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კაპიტოლიუმზე, ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს დემოკრატიაზე სასიკვდილო თავდასხმა წააქეზა, ბევრი რესპუბლიკელი კვლავ უარს ამბობდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უსაფრთხოების მინიმალური ზომები დაეცვა და გაეკეთებინა წყეული ნიღაბი ხალხით გაჭედილ ოთახში პანდემიის დროს”, – ამბობს კონგრესმენი.

    ორშაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა ბონი უოტსონსაც. მისი თქმითაც, რამდენიმე რესპუბლიკელმა ნიღბის ტარების მოწოდებები უგულვებელყო.

    რესპუბლიკელი კანონმდებლები ამ ბრალდებებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

    კაპიტოლიუმის თერაპევტი, ექიმი ბრაიან მოინიანი ამბობდა, რომ კანონმდებლებს ვირუსით დაინფიცირების რისკი შეექმნათ და ის ყველას ტესტირებისკენ მოუწოდებდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ახლა გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს

     

    ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერთა ძალადობრივი შეჭრის წახალისების ბრალდების გამო აშშ-ის მიმავალ პერზიდენტ დონალდ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. ამ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტს მხარი 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა, რაც დემოკრატების ხმებთან ერთად საკმარისია იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. სულ პრეზიდენტის იმპიჩმენტს 232-მა კონგრესმენმა მისცა ხმა. წინააღმდეგი კი – 197 კონგრესმენი იყო.

    შეერთებული შტატების კონგრესის მთავარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ზუსტად 1 კვირის წინ შეიჭრნენ და კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესს ხელი შეუშალეს. თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი – პოლიციის ოფიცერი. კანონმდებლები პრეზიდენტს ძალადობრივი თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის მიზეზად თავდასხმამდე დემონსტრანტების წინაშე გაკეთებულ განცხადებებს მიიჩნევენ. შტურმს წინ უძღვოდა დონალდ ტრამპის მიმართვა მისი მხარდამჭერებისადმი საპროტესტო აქციაზე. სწორედ ტრამპმა მოუწოდა მათ ვაშინგტონის ცენტრიდან კაპიტოლიუმის შენობისკენ წასულიყვნენ, სადაც არჩევნების შედეგების დამოწმების პროცედურა მიმდინარეობდა.

    კაპიტოლიუმის შტურმს მეორე დღესვე მოჰყვა ტრამპის იმპიჩმენტისკენ მოწოდებები, მიუხედავად იმისა, რომ მას უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება.  სწორედ ამ მოწოდებით დარეგისტრირდა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში – “აჯანყებისკენ მოწოდება ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ”.

    კანონპროექტის დარეგისტრირებამდე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კონგრესმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენების და ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა, თუმცა რესპუბლიკელმა ვიცეპრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი პალატის თავმჯდომარისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა.

    წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტისთვის კენჭის ყრის პარალელურად, სენატის უმრავლესობის ლიდერი, უარს აცხადებს სენატში სხდომის ჩანიშვნაზე იმპიჩმენტის პროცესის გასამართად.

    ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს თანამდებობიდან არ გადააყენებენ, მისი ვადის ამოწურვამდე მომავალ კვირას.

    სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის პრესსპიკერმა, „ტვიტერზე“ დაადასტურა, „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაკკონელმა, სენატის უმცირესობის ლიდერ ჩაკ შუმერს აცნობა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის შემდეგ, არ სურს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, საგანგებო სესიის გამართვა.

    წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის მიღების შემდეგ, კანონპროექტი სენატს უნდა გადაეგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის სენატს დაუყოვნებლივ გადაეგზავნა, რესპუბლიკელების უმრავლესობით მართულ ზედა პალატაში კანონპროექტი, უდიდესი ალბათობით, ჩავარდება.

    სენატი მუშაობას 19 იანვარს გააგრძელებს, ბაიდენის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ რამდენიმე დღეში სენატში უმრავლესობა დემოკრატებს ექნებათ, რადგან ჯორჯიას შტატის ორივე ოლქში გამართულ მეორე ტურში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

    შესაბამისად, დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატში იმპიჩმენტის პროექტის მიღების შემდეგ, საქმის არსებითი განხილვა (trial) დაიწყება. დასასრულს, სენატმა, კენჭისყრის გზით, უნდა გადაწყვიტოს, გაამართლებს, თუ გაამტყუნებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს. წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით, სადაც იმპიჩმენტის კანონპროექტის გატანას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, გამამტყუნებელ განაჩენს სენატის სრული შემადგენლობის 2/3-ზე მეტი მხარდაჭერა დასჭირდება.

    სენატის მხრიდან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა შესაძლოა აშშ-ის კანონმდებლობით ყოფილი პრეზიდენტებისთვის გათვალისწინებული ყველა პრივილეგია დაკარგოს, ისევე როგორც, ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება.

    ვაშინგტონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და ინაუგურაციამდე 1 კვირით ადრე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

     

  • კაპიტოლიუმის დარბევაში მონაწილე ასობით ადამიანს სასჯელი ემუქრება

    ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ამოიცნეს 170 ადამიანი იმათგან, ვინც გასულ ოთხშაბათს, კაპიტოლიუმში შეიჭრა და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო დაარბია.

    მაიკლ შერვინმა, რომელიც კოლუმბიის ოლქის მოქმედი პროკურორია, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაპიტოლიუმში დარბევის მონაწილეთაგან 70-ს უკვე წარედგინა ბრალი. მისივე თქმით, მსგავსი რამ კიდევ 100 ადამიანის წინააღმდეგ მოხდება.

    “ვეჭვობ, რომ ეს რიცხვი ასობით მეტი იქნება”, თქვა შერვინმა პრეს-კონფერენციის დროს.

    მისივე განცხადებით, ყველა დამნაშავის ამოსაცნობად, გამოძიებას თვეები დასჭირდება. “ეს გრძელვადიანი გამოძიება იქნება”, თქვა მან.

    კაპიტოლიუმში შეჭრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი იყო. სიტუაციის დაძაბვის გამო, ქალაქის მერმა ადგილზე ეროვნული გვარდია გამოიძახა, ქალაქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

    ძალადობის წახალისებისა და არჩევნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ.

    ნენსი პელოსიმ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, გასულ კვირასვე მოითხოვა ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება, ან იმპიჩმენტი. დღეს კი, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტის იმპიჩმენტის 4-გვერდიან რეზოლუციას უყრის კენჭს. თუ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობას მიიღებს, მაშინ დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, ვისი იმპიჩმენტიც 2-ჯერ მოხდა.

    თუმცა, იმისთვის, რომ დონალდ ტრამპს საბოლოოდ შეუწყდეს უფლებამოსილება, საჭიროა, რომ სენატში გამართულ სასამართლოს ტიპის მოსმენაზე, კანონმდებლებმა საბოლოოდ გადაწყვიტონ პრეზიდენტის ბედი.

    დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა 2021 წლის, 20 იანვრის შუადღის 12 საათზე იწურება. სწორედ ამ დროს დადებს ქვეყნის ახლადარჩეული, 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ფიცს და შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

    წყარო: ამერიკის ხმა