Category: მსოფლიო

  • უვარგისი მემკვიდრეობა: ტრამპის 5 გადაწყვეტილება, რომლებსაც ბაიდენი გაპრეზიდენტებისთანავე გააუქმებს

    თეთრ სახლში შესვლისთანავე ამერიკის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც მისი აზრით ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენეს.

    ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ–ს 46–ე პრეზიდენტის გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა ქვეყნისთვის დამანგრევლად მიაჩნიათ, თეთრი სახლის ახალი ბინადარი კი გეგმავს მისი პრეზიდენტობის პირველი დღეები მისი წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას დაუთმოს.

    16 იანვარს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს მემორანდუმი “პირველი 10 დღის შესახებ“. ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  რონ კლეინმა განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებების გამო აშშ ერთბაშად ოთხი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ესენია: კორონავირუსის ეპიდემიის კრიზისი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური კრიზისი და რასობრივი უთანასწორობის კრიზისი.

    მისი თქმით, თანამდებობის დაკავებისთანავე ბაიდენი ამ ოთხი კრიზისის გადასაჭრელად გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს. გარდა ამისა, სხვა, მოსალოდნელი კრიზისების და საფრთხეების თავიდან აცილებას და მსოფლიოში ამერიკის პოზიციების აღდგენას შეეცდება.

    გთავაზობთ ხუთ საკითხს, რომლებთან დაკავშირებითაც ბაიდენი წინამორბედის გადაწყვეტილებების შეცვლას პირველ რიგში შეეცდება:

    პარიზის კლიმატის შეთანხმება

    2017 წლის ივნისში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლას აპირებს. შეთანხმება, რომელსაც მხარს 195 ქვეყანა უჭერს, ქვეყნებს ავალდებულებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის დონე შეზღუდონ.

    კრიტიკის მიუხედავად 2019 წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ დოკუმენტები გაგზავნა შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

    კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი 20 იანვარსვე განაცხადებს პარიზის შეთანხმებაში აშშ–ს დაბრუნების შესახებ.

    აშშ–ს ახალ ადმინისტრაციაში პირველად ისტორიაში გაჩნდება “კლიმატის მეფის“ თანამდებობა. ამ გლობალური პრობლემის ადგილობრივი კურატორის თანამდებობას ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დაიკავებს.

    აშშ–ში შესვლის აკრძალვა

    ტრამპის ადმინისტრაციის ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება 2017 წელს განკარგულების ხელმოწერა იყო აშშ–ში 7 მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენელთა შესვლის აკრძალვის შესახებ.

    პრეზიდენტის განკარგულებამ მაშინ აშშ–ში პროტესტის ტალღა გამოიწვია. მისი გასაჩივრება სასამართლოებში არაერთხელ სცადეს, სანამ 2018 წელს ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უმნიშვნელო ცვლილებებით აშშ–ს უმაღლესმა სასამართლომ არ დაამტკიცა.

    წინასაარჩევნო კამპანიისას ბაიდენი ხშირად საუბრობდა რასობრივი და რელიგიური უმცირესობების შევიწროებაზე. თავის მემორანდუმში თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კლეინმა დაადასტურა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენი ტრამპის აკრძალვას დაუყოვნებლივ გააუქმებს.

    საიმიგრაციო გადაწყვეტილებები

    ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით თეთრ სახლში შესვლისთანავე ბაიდენი კონგრესს გადასცემს კანონპროექტს, რომლის მიხედვით ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი 8 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ლეგალურ სტატუსს მიიღებს, არამედ მოქალაქეობის პრეტენდენტიც გახდება.

    ამ კანონპროექტის მიხედვით არალეგალი მიგრანტები პოლიციის შემოწმებას გაივლიან, ნასამართლეობის და კანონდარღვევის არარსებობას დაამტკიცებენ, ასევე გადასახადების გადახდის შესახებ დოკუმენტებს წარადგენენ. აქედან ხუთი წლის შემდეგ კი მათ შეუძლიათ აშშ–ში ბინადრობის უფლების, ანუ მწვანე ბარათის პრეტენდენტები გახდნენ, სამი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა მიიღონ.

    მიგრანტების ზოგიერთი კატეგორიისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, რომლებიც აშშ–ში მათმა მშობლებმა შეიყვანეს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისათვის ეს ვადები შეიძლება შემცირდეს.

    ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს აშშ–ს სამხრეთ საზღვარზე ოჯახების გაყოფის შესაჩერებლად.

    ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებით ბავშვები და ზრდასრულები, რომლებსაც მექსიკასთან აშშ–ს საზღვრის კვეთის დროს დააკავებდნენ, სასამართლომდე საიმიგრაციო ცენტებში რჩებოდნენ. შედეგად რამდენიმე ასეული ბავშვი მშობლებთან დააშორეს.

    იღბების რეჟიმი

    თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, გაპრეზიდენტების შემდეგ პირველივე დღეებში ბაიდენი გეგმავს პანდემიასთან ბრძოლის ახალი წესები გამოაცხადოს. მათ შორის იქნება ე.წ. “100 დღიანი ნიღბების გამოწვევა“ (“100 Day Masking Challenge”).  .

    “ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველა ფედერალური ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე შტატებს შორის საზღვრის კვეთისას“–აზუსტებს კლეინი.

    გამოსახლებების აკრძალვა და სტუდენტები

    ახალი პრეზიდენტი აპირებს განათლების დეპარტამენტს მიმართოს თხოვნით მორატორიუმი გააგრძელოს სტუდენტური სესხების გადახდაზე.

    გასული წლის გაზაფხულზე კორონავირუსთან დაკავშირებულ ზომების დამტკიცებისას აშშ–ს კონგრესმა გასცა დროებითი ნებართვა ამ სესხების არგადახდის შესახებ. ამ მორატორიუმის ვადა 2020 წლის დეკემბერში ამოიწურა. ახალი ადმინისტრაციის აზრით კი ვადა გაურკვეველი დროით უნდა გადაიწიოს.

    ბაიდენი ასევე აპირებს მორატორიუმის გაგრძელებას არენდატორების გამოსახლებაზე, რომლებიც პანდემიის გამო საცხოვრებლის ქირას ვეღარ იხდიან. დროებითი აკრძალვის ვადა ასეთ გამოსახლებებზე ასევე გასული წლის დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. საცხოვრებლის დაკარგვის წინაშე 14 მილიონამდე ამერიკელი აღმოჩნდა.

    ბაიდენი თვლის, რომ არგადამხდელთა გამოსახლების აკრძალვა მინიმუმ 2021 წლის სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

  • „ბრიტანული“ შტამი მინიმუმ 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი – ჯანმო

    „ბრიტანული“ შტამი მინიმუმ 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი – ჯანმო

    კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ 19-ის აღნიშნული ვარიანტია დაფიქსირებული, ერთი კვირის წინ 50-მდე იყო. რაც შეეხება ე.წ. „სამხრეთ აფრიკულ“ შტამს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღემდე ის მსოფლიოს 23 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია აღმოჩენილი.

    მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი შტამები დღემდე ცნობილ სახეობებთან შედარებით უფრო გადამდებია, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი ფატალობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევენ.

    ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა.

  • ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

    ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ძალაში 19 იანვრიდან შედის.

    “ყირიმის ანექსიის საჯაროდ მხარდაჭერა – ეს არის საკითხი, რომლის მიმართ ტოლერანტულებიც არ უნდა იყვნენ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს ასეთი საკითხების მიმართ, შესაბამისად, ეჭვგარეშე იყო, რომ კირკოროვი ლიეტუვაში არასასურველ პირთა სიაში მოექცეოდა”, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა კირკოროვის დამატება იმ ადამიანთა სიაში, ვისაც ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ, რადგან “ცნობილმა მომღერალმა ყირიმში განმეორებითი ვიზიტით განზრახ შელახა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამ გზით უკანონოდ გაამართლა რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები”.

    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კირკოროვის მონაწილოება ყირიმში გამართულ ღონისძიებებში “მნიშვნელოვნად აზიანებს ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებას”.

  • კოვიდის შიშით ქალმა 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში გაატარა

    36 წლის ადიტია სინგხმა, რომელსაც პანდემიის დროს თვითმფრინავში ჩაჯდომის ეშინოდა, სამი თვე ჩიკაგოს აეროპორტში გაატარა. აეროპორტის პერსონალისთვის განკუთვნილ ზონაში მან ეს დრო ისე გაატარა, რომ ვერავინ შენიშნა.

    სინგხი შაბათს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიის თანამშრომელმა დოკუმენტების წარდგენა მოთხოვა. ქალი შეეცადა ბეიჯი წარედგინა, თუმცა გაირკვა, რომ გასული წლის ოქტომბერში აეროპორტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ზუსტად ასეთი ბეიჯი დაკარგა, სინგხი კი დააპატიმრეს.

    პოლიციის ინფორმაციით ლოს ანჯელესში მცხოვრები ქალი მშობლიური ქალაქიდან 19 ოქტომბერს ჩიკაგოში ჩაფრინდა და აეროპორტის თანამშრომლის დაკარგული ბეიჯი იპოვნა. სასამართლოში მან განაცხადა, რომ კოვიდის გამო სახლში დაბრუნების ეშინოდა.

    ქალს თავისუფალი წვდომა ქონდა აეროპორტის იმ ნაწილში, რომელიც ხალხისთვის დაკეტილია, საკვებს კი მგზავრებში მოწყალების თხოვნით შოულობდა. ასე გრძელდებოდა 19 ოქტომბრიდან 16 იანვრამდე.

    ქალს ბრალი ედება დახურულ ზონაში უკანონო შეღწევასა და წვრილმან ქურდობაში. მან ათას დოლარიანი გირაო უნდა გადაიხადოს, ან ციხეში ჩაჯდეს.

    ამერიდან მას ჩიკაგოს აეროპორტის შენობაში შესვლა ეკრძალება.

     

  • მელანია ტრამპი ამერიკელებს დაემშვიდობა. თეთრი სახლი ახალი ბინადრების დასახვედრად ემზადება

    ოთხშაბათს, ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ცოლი, ჯილი თეთრ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. აშშ–ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დამლაგებელთა მთელი არმია იმუშავებს  დონალდ ტრამპის და მისი გუნდის კვალის წასაშლელად რეზიდენციის როგორც სამუშაო, ისე საცხოვრებელ ფლიგელში. ადგილზე დარჩება მხოლოდ ის საგნები, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის: ავეჯი, ჭურჭელი, ნახატები. როგორც წესი, თეთრი სახლის ახალი ბინადარის დასახვედრად მზადება არჩევნების დასრულებისთანავე იწყება, თუმცა ამჯერად ეს პროცესი ბევრად გვიან დაიწყო, რადგან ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა დამარცხების აღიარებაზე.

    ამავე დროს, მელანია ტრამპმა, რომელიც ორ დღეში აშშ–ს პირველი ლედი აღარ იქნება, უკვე მიმართა ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით. ვიდეოში, რომელიც მან ტვიტერზე დადო ამბობს, რომ უკანასკნელი ოთხი წელი დაუვიწყარი იყო, საკუთარ სამუშაოს კი “მის ცხოვრებაში  უდიდესი პატივი უწოდა“. მან მოუწოდა ამერიკელებს არასოდეს მიმართონ ძალადობას, რომლის საშუალებით არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება და რომელსაც გამართლება არ აქვს.

    ამასთან, მელანიამ გადაწყვიტა არ გაიმეოროს დამკვიდრებული  მომავალი პირველი ლედისთვის საცხოვრებელი ოთახების გადაცემის შესახებ ტრადიცია. როგორც წესი, მიმავალი პირველი ლედი მის შემცვლელს პარკში და რეზიდენციის საცხოვრებელ ფლიგელში გასასეირნებლად იწვევს, რის შემდეგაც ისინი ჩაის სვამენ. 150 წლიან ტრადიციას დაარღვევს მისი ქმარიც. დონალდ ტრამპი არ აპირებს  ოთხშაბათს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწროს.

    A Farewell Message from First Lady Melania Trump pic.twitter.com/WfG1zg2mt4

    — Melania Trump (@FLOTUS) January 18, 2021

  • ამერიკელების 68%-ს არ სურს ტრამპი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს

    პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმიდან ორ კვირაში, არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცს დადებს. საზოგადოებრივი აზრის ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა „პიუ“, წარმავალი და მომავალი პრეზიდენტების შესახებ ამერიკელები გამოკითხა.

    გამოკითხულ ამომრჩეველთა 64% დადებითად აფასებს ჯო ბაიდენის ქცევას მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გამოკითხულთა უმრავლესობა, ასევე იწონებს ბაიდენის არჩევანს, საკუთარი მომავალი კაბინეტის დაკომპლექტებისას და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს.

    ამ ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს, პრეზიდენტობის განმავლობაში, საკუთარი პოზიტიური შეფასების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ტოვებს – 29%. ამასთან გამოკითხულთა უმრავლესობა, მის ქცევას არჩევნების შემდეგ მკვეთრად უარყოფითად აფასებს და ამგვარი შეფასებები მზარდია. მის მიმართ უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 68%-იდან, რაც მას ნოემბერში ჰქონდა, ახლა 76%-ია.

    პიუს კვლევითმა ცენტრმა, ახალი კვლევის ფარგლებში, 8-12 იანვრის მონაკვეთში 5 360 ზრდასრული ამერიკელი გამოკითხა. მათგან 4 040 აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა დიდ უმრავლესობას, არ სურს, დონალდ ტრამპი მთავარ პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს მას შემდეგ, რაც ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებს. 68% ფიქრობს, რომ ის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, მთავარ ეროვნული პოლიტიკური ფიგურა აღარ უნდა იყოს. მხოლოს 29%-ს მიაჩნია, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ის მნიშვნელოვან ფიგურად უნდა დარჩეს.

    ავტორიტეტული კვლევით ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საზოგადოების ორი მესამედი, 6 იანვარს მომხდარ ძალადობაში გარკვეულ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ტრამპს აკისრებს. 52 პროცენტი ამბობს, რომ ამ მოვლენებში მისი პასუხისმგებლობა დიდია. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი, 24% ფიქრობს, რომ მომხდარი პრეზიდენტ ტრამპის პასუხისმგებლობა არ არის.

    „პიუმ“ ამერიკელთა აზრი, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებაც მოისმინა. 13 იანვარს, წარმომადგენელტა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი „აშშ-ის ხელისუფლების მიმართ, ძალადობის წაქეზების“ ბრალდებით გამოუცხადა. გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება ქვეყნისთვის, თუ პრეზიდენტ ტრამპს დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებდნენ, მისი ვადის ამოწურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღის განმავლობაში კი პრეზიდენტის მოვალეობას, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეასრულებდა. 45%-ს კი მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი, თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე, 20 იანვრამდე უნდა დარჩეს.

    ჯო ბაიდენი

    ბაიდენი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, საზოგადოების პოზიტიური შეფასებით ზურგამაგრებული იკავებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% იწონებს ბაიდენის სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს – ამერიკელთა ამ ნაწილს მოსწონს არჩეული პრეზიდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

    შედარებისთვის: 2017 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 39% იწონებდა მაშინდელი მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამომავლო გეგმების შესახებ წარმოდგენილ ხედვებსა და განმარტებებს.

    იმავე საკითხში, 2009 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენ ბარაკ ობამას მოწონების რეიტინგი 70% იყო.

    ამერიკელთა 57% იწონებს ბაიდენის საკადრო პოლიტიკას – მომავალი კაბინეტის წევრების სერჩევისა და სხვა დაგეგმილი მაღალი დონის თანამდებობრივი დანიშვნების შესახებ. 46%-ს აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენი ფედერალური მთავრობის მუშაობას გააუმჯობესებს. 28% ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ბაიდენი არსებულ სიტუაციას გააუარესებს. 24%-ს კი მიაჩნია, რომ მას დიდი ეფექტი არ ექნება.

    დემოკრატებმა, თეთრ სახლთან ერთად, მოიგეს სენატის უკრავლესობაც. ამ ფონზე, ათიდან 6 დემოკრატი, 62% ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა, როგორც პრეზიდენტმა, უნდა სცადოს რესპუბლიკელ ლიდერებთან ერთად მუშაობა. „იმის მიუხედავად, გამოიწვევს თუ არა ეს იმედგაცრუებას მის ამომრჩევლებში.“

    კამალა ჰარისი

    ამერიკელების მოსაზრებები გაყოფილია არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიმართ. ის ისტორიას შექმნის – 20 იანვარს პირველი ქალი, შავკანიანი და ასევე აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

    გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარს მიაჩნია, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კვალიფიციურია პრეზიდენტად მსახურობისთვის. თითქმის ამდენივე საწინააღმდეგოდ ფიქრობს.

    საზოგადოების უმრავლესობა, 55% ელოდება, რომ მას ბაიდენის ადმინისტრაციაში საკმარისი რაოდენობის გავლენა ექნება. 36%-ს მიაჩნია რომ მას ძალიან დიდი გავლენა ექნება, 7% კი ფიქრობს, რომ მისი გავლენა ძალიან მცირე იქნება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს.ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

    შეგახსენებთ, 20 იანვარს კაპიტოლიუმში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ამ დროისთვის შენობაში ღონისძიების მოსამზადებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

  • ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ინფორმაცია სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა.

    “2020 წლის 29 დეკემბრიდან ალექსეი ნავალნი ძებნაში იმყოფებოდა, რადგან პირობითი მსჯავრი არა ერთხელ ჰქონდა დარღვეული. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ის პატიმრობაში იქნება”, – აცხადებს უწყება.

    ნავალნის ადვოკატს გაყოლის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

    მანამდე ნავალნიმ თქვა, რომ არ ეშინია, რადგან იცის, რომ ყველა ბრალდება მოგონილია. 

    შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტით მოწამლეს.

  • არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

    არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

    რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება “შეკერილია”.

    მან ბორტზე მყოფ მგზავრებს მოუბოდიშა და თქვა, რომ მის გამო ამ ადამიანებს დისკომფორტი შეუქმნეს.

    “ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად, ერთი რეისით მოფრინავდნენ, ასევე ათასობით ადამიანს, რომელიც სხვა რეისებით მიფრინავდა ვნუკოვოში და დისკომფორტი შეექმნათ… ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს იმას თუ რა ხდება რუსეთში. ამან განაპირობა ჩემი დაბრუნება და გადაწყვეტილება. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩამოვედი და ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა ბოლო 5 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ექიმებს ყველაფრისთვის.

    ვიცი, რომ ვარ მართალი, ვიცი, რომ ყველა ბრალდება არის მოგონილი, მე მშვიდი გულით გავალ საპასპორტო კონტროლზე და წავალ სახლში. არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ რომ არ გეშინოდეთ”, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ნავალნი მოსკოვში ჩავიდა.

  • ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც ალექსეი ნავალნი ზის, შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა.

    აეროპორტში ნავალნის დასახვედრად შეგროვებულ მხარდამჭერებს სამართალდამცველები აკავებენ. ტერიტორიაზე აღმართეს ბარიკადები, მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. დაკავებულების შორის არის ნავალნის ძმაც.

    სავარაუდოდ, ნავალნის აეროპორტშივე დააკავებენ. რუსეთის პროკურატურას ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.

    შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტით მოწამლეს.