Category: მსოფლიო

  • პუტინი რუსეთის დუმას მიმართავს, კანონით აკრძალოს საბჭოთა კავშირისა და ფაშისტური გერმანიის გაიგივება

    რუსეთისს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას საგაზაფხულო სესიისთვის კანონპროექტის მომზადება დაავალა, რომელიც საჯაროდ საბჭოთა კავშირისა და ფაშისტური გერმანიის გაიგივებას აკრძალავს.

    “რეკომენდაცია მიეცეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას 2021 წლის საგაზაფხულო სესიისთვის მოამზადოს განსახილველად ფედერალური კანონის პროექტის ცვლილებები, მიმართული მეორე მსოფლიო ომში (1939-1945 წლებში) სსრკ–სა და ფაშისტური გერმანიის როლის საჯაროდ გაიგივების აკრძალვის დასაწესებლად.“ – ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვყნებულ განკარგულებათა ჩამონათვალში. გადაწყვეტილება კულტურისა და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო, რომლის სხდომაზე დუმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელენა იამპოლსკაიამ განაცხადა, რომ რუსეთში ქვეყნდება და ახალგაზრდობაში პოპულარობით სარგებლობს წიგნები, რომლებშიც წითელი არმიის და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებები იგივდება. სწორედ მისი  ინიციატივა იყო ამის აკრძალვა.

    “ჩემი აზრით, თუ ჩვენი გამომცემლობების რედაქტორებს ჭკუა, სინდისი და სითამამე არ ყოფნით მსგავსი პასაჟების ამოსაღებად, მათ კანონმდებლობით  უნდა დავეხმაროთ. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება გავამკაცროთ კანონი, როცა საქმე ეხება ჩვენი ისტორიული მეხსიერების შეურაცხოყფას“ – განაცხადა მან სხდომაზე.

    მის პოზიციას პუტინიც დაეთანხმა.

    “ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ეს. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფის გამო სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული, ალბათ თვით ღმერთმა ინება, რომ ჩვენი ახლო წ არსულის დასაცავად შესაბამისი მექანიზმები ჩავდოთ კანონში“– თქვა პუტინმა სხდომაზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა.

    მანამდე პუტინი არაერთხელ აცხადებდა “ისტორიის გადაწერის მცდელობისა და დიდი სამამულო ომის შესახებ სიმართლის დამახინჯების თაობაზე.“

    სექტემბერში მან სკოლის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელზეც განაცხადა, რომ ადამიანებს, ვინც ისტორიის გადაწერის ინიციატორებს ეთანხმებიან, თანამედროვე კოლაბორაციონისტები უნდა ეწოდოთ.

    გასული წლის ივნისში პუტინმა ჟურნალ National Interest–ში სტატია გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ომის დაწყებიბს პასუხისმგებლობა მან მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს დააკისრა.

    სტატიაში პუტინმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გაიხსენა, რომელიც მისი თქმით „პირდაპირ დებს ბრალს საბჭოთა კავშირს ნაცისტურ გერმანიასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში“, გარდა ამისა, პუტინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია მოსკოვში ნაცისტების საგარეო საქმეთა მინისტრის, რიბენტროპის ორდღიანმა ვიზიტმა.

    1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა გერმანისთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას, რომელიც მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი.

    “ფაქტიურად საბჭოთა კავშირმა ეს ევროპის ქვეყნებში ყველაზე ბოლომ გააკეთა, თანაც ორ ფრონტზე ომის რეალური საფრთხის წინაშე – დასავლეთით გერმანიასთან, აღმოსავლეთით კი იაპონიასთან. ამასთან, სხვა სახელმწიფოები ამჯობინებენ არ გაიხსენონ ის შეთანხმებები, სადაც ნაცისტების ხელმოწერასთან ერთად დასავლეთის პოლიტიკოსების ხელმოწერებიც არის“– წერს პუტინი.

     

  • ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

    ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D დივიზიონში მოთამაშე კლუბ “პალმასის” 4 ფეხბურთელი, ასევე კლუბის პრეზიდენტი მუკას მეირა და პილოტი.

    ბრაზილიური მედიის ინფორმაციით დაღუპულები გოიასის შტატის ქალაქ გოიანში, ადგილობრივ ვილა ნოვასთან სათამაშოდ მიფრინავდნენ. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი აფრენისას, ასაფრენი ბილიკის ბოლოს ჩამოვარდა.

  • პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

    დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალსაც   დაესწრო და დამკვიდრებული ტრადიციის მიუხედავად არც ბაიდენი და მისი მეუღლე მიიწვია ჩაიზე.

    ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს, არამედ მიუღებელ პერსონად გამოაცხადეს სხვადასხვა მსხვილმა კომპანიებმა. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, შედგება თუ არა საბოლოოდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სენატში, რომელიც მიუხედავად ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისა, ამ საკითხს მაინც განიხილავს.ისტორიული მოსმენები სენატში მომდევნო კვირიდან დაიწყება, თუმცა, ისტორიის ერთი თავი უკვე დაწერილია. პირველად ამერიკის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი 2-ჯერ წარმატებით დაასრულა.აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებთან ერთად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს რესპუბლიკელების ნაწილმაც დაუჭირა.

    იმპიჩმენტის შემთხვევაში ამერიკის 45-ე პრეზიდენტს შესაძლოა სტატუსი და მომავალში ყველა სამთავრობო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას. პროცესი კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.ტრამპს ბრალად ედება საკუთარი მხარდამჭერები წახალისება, რასაც კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოჰყვა.

    თუმცა, თუ სენატში ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა, ის ყველა იმ პრივილეგიით ისარგებლებს, რაც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტებისთვის არის გათვალისწინებული. ვნახოთ, რა ეკუთვნის თანამდებობიდან წასულ დონალდ ტრამპს და მის ოჯახს:

    1958 წელს მიღებული ფედერალური კანონის მიხედვით, რომელიც აშშ–ს ყოფილ პრეზიდენტებს ეხება  (Former Presidents Act), აშშ–ს ექს ლიდერებს მთელი რიგი ბონუსები ეკუთვნით.  დოკუმენტის თანახმად შეღავათები მხოლოდ იმ პრეზიდენტებს ერგებათ, რომლებიც იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ და არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებიათ.

    ამ პრივილეგიებით ამჟამად ყოფილი პრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა სარგებლობენ.

    სამუდამო პენსია

    2015 წლის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჯონ კენედისა და ჰერბერტ ჰუვერის მსგავსად პრეზიდენტის ხელფასზე –  წელიწადში 400 000 დოლარზე უარს იტყოდა. ასეც მოიქცა. 2017 წლიდან ტრამპმა არაერთხელ გადაურიცხა მნიშვნელოვანი თანხები სხვადასხვა უწყებებს. ერთ–ერთი ბოლო გადარიცხვა მისგან ჯანდაცვის ნაციონალურმა უწყებამ მიიღო კორონავირუსთან საბრძოლველად, თუმცა “ოქროს პენსიაზე„ – წელიწადში 219 000 დოლარზე, რომელსაც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტები იღებენ ტრამპმა უარი არ თქვა. თავის მხრივ, ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი ასევე მიიღებს წელიწადში 20 ათას დოლარს.

    შემოსავლის სხვა წყაროებს შორის ექს პრეზიდენტები დიდ შემოსავალს იღებენ კონფერენციებზე გამოსვლით, ლექციებით და მემუარების გამოქვეყნებით. მაგალითად, ნიუ იორკ თაიმსის მონაცემებით, მსხვილი ამერიკული კომპანიების თანამშრომლების წინაშე კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლისთვის ბარაკ ობამას არაერთხელ აუღია 400 ათასი დოლარი. მისმა  ბოლო წიგნმა (აღქმული სამყარო) კი ყველა ყოფილი პრეზიდენტის წიგნების რეკორდი მოხსნა. გამომცემლობამ ობამას რეკორდული ავანსი – 65 მილიონი დოლარი გადაუხადა.

    საიდუმლო სამსახურების დაცვის ქვეშ

    კიდევ ერთი პრივილეგია ამერიკის ყოფილი ლიდერებისთვის სიცოცხლის ბოლომდე აშშ–ს საიდუმლო სამსახურების მიერ მათი პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობაა. თუ მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს არ გაშორდება და ხელახლა არ გათხოვდება, ისიც დაცვის ქვეშ რჩება. ზოგიერთი შეფასებით, ყოფილი საპრეზიდენტო წყვილის დაცვისთვის საჭირო ზომები ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი უჯდება.

    კანონის მიხედვით დაცვა ეკუთვნის ექს პრეზიდენტის შვილებსაც, თუმცა მხოლოდ 16 წლის ასაკამდე. თუმცა, თეთრი სახლიდან წასვლამდე ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ სპეცსამსახურებმა მინიმუმ შემდგომი ნახევარი წლის განმავლობაში ყველა მისი შვილის უსაფრთხოება დაიცვან.

    ტრამპის შვილები და შვილიშვილები

    ოფისი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და სხვა ხარჯები

    ზოგადი მომსახურებების ადმინისტრაცია (General Services Administration) პენსიაზე გასულ პრეზიდენტებს ამპლუას შეცვლაში ეხმარება , კერძოდ, აშშ–ს ნებისმიერ წერტილში ოფისის გახსნასა და მოწყობაში, თანაშემწეებიბს, მრჩევლების და სხვა პერსონალის აყვანაში. სულ მათი ხელფასებისთვის პირველი 30 თვის განმავლობაში ტრამპი ფედერალური ბიუჯეტიდან წელიწადში 150 ათას დოლარს მიიღებს. შემდგომ ეს თანხა წელიწადში 96 ათას დოლარამდე შემცირდება.

    გარდა ამისა, ტრამპსა და მის ორ დაქვემდებარებულ პერსონალს აუნაზღაურდებათ ყოველწლიური საქმიანი მოგზაურობების ხარჯები ერთ მილიონ დოლარამდე. ყოფილი პირველი ლედი ამავე საჭიროებებისთვის 500 ათას დოლარამდე მიიღებს. ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტი „ნომერ პირველი ბორტით“ , ანუ საპრეზიდენტო თვითმფრინავით ვეღარ ისარგებლებს.

     

    თაუნჰაუსი ვაშინგტონში

    ტრამპის, ისევე როგორც მისი წინამორბედების განკარგულებაშია საპრეზიდენტო თაუნჰაუსი ვაშინგტონში. აქ დასახლება ექსპრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია, როცა აშშ–ს დედაქალაქში იქნება. ხუთსართულიან შენობაში, რომელიც მთავრობას ეკუთვნის ორი სასადილო ოთახი, რამდენიმე საძინებელი და სპეციალური ოთახებია სპეცსამსახურების აგენტებისთვის.

    ამავე დროს, ჯერჯერობით უცნობია დაჭირდება თუ არა ტრამპს ეს სახლი. ვაშინგტონში , პენსილვანიის გამზირზე მას ლუქს კლასის სასტუმრო აქვს.

    სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა

    და ბოლოს, დონალდ და მლანია ტრამპები შეძლებენ სამხედრო ჰოსპიტლებში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მართალია არა უფასოდ, თუმცა ფიქსირებული ფასით, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ–საბიუჯეტო სამმართველოს მიერ  არის დადგენილი. სურვილის შემთხვევაში წყვილს შეუძლია სამდიცინო დაზღვევის კერძო პროგრამაში ჩაერთოს.

    ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპის ოჯახმა თეთრი სახლი დატოვა. ცოლთან ერთად ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდაში, მარ ა ლაგოს მამულში გაემგზავრა, სადაც სავარაუდოდ ის და მელანია აპირებენ მომავალში ცხოვრებას.

     

  • ლომბარდიაში გაუქმდა ერთკვირიანი მკაცრი კარანტინი, რომელიც შეცდომით შემოიღეს

    იტალიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ლომბარდიაში მკაცრი კარანტინი შეცდომით შემოიღო. მთავრობის აღიარებით, არასწორი სტატისტიკური მონაცემების გამო  ეს მხარე ერთი კვირით “წითელ ზონაში“ შეცდომით შეიყვანეს. იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტს ლომბარდიის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ციფრების დაზუსტება მოუწია. გუბერნატორი ატილიო ფონტანა ამტკიცებს, რომ კარანტინის შემსუბუქებას სწორედ მან მიაღწია.

    “რა თქმა უნდა, დავიწყე მთავრობის მიერ წარმოდგენილი გათვლების გასაჩივრების პროცედურა. ჩვენ არასოდეს გადაგვიცია არასწორი მონაცემები და არც გადაცემული მონაცემები ჩაგვისწორებია“ – ამბობს ის.

    კოვიდით დაინფიცირების ოფიციალური მაჩვენებლების გადახედვის შემდეგ დღეიდან ლომბარდია „ნარინჯისფერ ზონაში“ ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობას განაახლებს ყველა ტიპის მაღაზია და რაც მთავარია, გუბერნატორის თქმით ორშაბათიდან სკოლებიც გაიხსნება.

     

  • მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

    მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ჟურნალისტი და ამერიკელი თოქ-შოუების  წამყვანი ლარი კინგი 87  წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ის ლოს ანჯელესის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. ლარი კინგი COVID-19-ის დიაგნოზით კლინიკაში იანვრის დასაწყისში გადაიყვანეს.

    2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის ფილტვის კიბოს ებრძოდა, 2019 წელს მან ანგიოპლასტიკის პროცედურები გაიკეთა ხოლო 2020 წელს მან ინსულტიც გადაიტანა.

    ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში მიჰყავდა.

  • პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

    ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. პირველი ბრძანება ითვალისწინებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფედერალურ შენობაში და ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავალდებულო ხდება როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება მომდევნო 100 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

    კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებიდან ამერიკა 2017 წელს გამოვიდა.

    ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააუქმა და გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

    თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენის პრესსპიკერმა თქვა, რომ ხვალ ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი პირველ შეხვედრას გამართავს თვეების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

    “ხვალ ინტერნეტის საშუალებით ენტონი ფაუჩი გამართავს შეხვედრას და დაიწყება მუშაობა, რათა ამერიკელი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთნონ ორგანიზაციის საქმიანობაში,” – განაცხადა ჯენ პსაკიმ თეთრ სახლში გამართულ პირველ ბრიფინგზე.

    ცნობილია ისიც, რომ ოვალური კაბინეტიდან პირველ ოფიციალურ ზარს ჯო ბაიდენი კანადაში განახორციელებს. საგარეო “ურთიერთობების დალაგებას,” როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ ახალი ადმინისტრაციის პირველ საჯარო ბრიფინგზე თქვა, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი კანადიდან დაიწყებს.

    “მისი პირველი ზარი დაგეგმილია პარასკევს. ის დაურეკავს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და განიხილავს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.”

    ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, ფსაკიმ ასევე დასძინა, რომ “ამ დროისთვის არ არის გეგმაში პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო ზარი. პირველ რიგში ჯო ბაიდენი დაურეკავს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა აღადგინოს საგრეო ურთიერთობები,” – თქვა ბაიდენის პრესსპიკერმა.

    თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია აქვე განმარტავს, რომ ჯო ბაიდენი და მისი გუნდი ყველა კიბერ თავდასხმას გასცემს ადეკვატურ პასუხს. “დღეს ჩვენ ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და ახლა არ გვაქვს დიდი შეხვედრა. თუმცა მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია მოახდენს ყველა კიბერთავდასხმაზე რეაგირებას,” – თქვა ფსაკიმ.

    2020 წლის მიწურულს ამერიკის სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული თავდასხმა, რომელიც სადაზვერვო წყაროების მიერ რუსეთს უკავშირდება, ბაიდენმა იანვარში დაგმო და აღნიშნა, რომ “რუსეთს პასუხს მოსთხოვდა.” მაშინ ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.

    რუსეთი უარყოფს ამერიკის მთავრობის სააგენტოებსა და ასობით კერძო კომპანიაზე თაავდასხმასა უარყოფს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

    აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ შეასრულა.

    ინაუგურაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს.

    https://youtu.be/WcUQ0rR_C2s

  • ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

    აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო.

    საზეიმოდ ფიცი დადო ვიცე–პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც, რომელიც აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

    ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართა. ღონისძიებაზე სახელმწიფო ჰიმნი მომღერალმა ლედი გაგამ შეასრულა.

    ბაიდენის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.

  • მადრიდში ძლიერი აფეთქება მოხდა

    ესპანეთში, მადრიდის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    მათი ცნობით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.

    გარდაცვლილებსა და დაშვებულებზე ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები.

  • ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა

    დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა. ის დღეს აშშ–ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

    მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობა მისთვის დიდი პატივი იყო.

    “საოცარი 4 წელი გვქონდა და ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ გვიყვარს ამერიკელი ხალხი, ეს იყო რაღაც ძალიან განსაკუთრებული”,– თქვა ტრამპმა.

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პანდემიისა და შიდატერორიზმის საფრთხის გამო, ცერემონიას 2 000-მდე ადამიანი დაესწრება. ვაშინგტონში უსაფრთხოების დასაცავად 26 000 ჯარისკაცია მობილიზებული.