Category: მსოფლიო

  • საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია -ფუკუიამა

    “საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მაშფოთებს,პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია “- ამის შესახებ, “ამერიკის ხმასთან” წამყვანმა ამერიკელმა  პოლიტილოგმა, ფრენსის ფუკუიამამ ისაუბრა. 

    გთავაზობთ, ამერიკის ხმის ინტერვიუს სრულად :

    საქართველოში ოპოზიციიური ლიდერის დაკავება ვიხილე, რას ამბობს ეს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე?

    მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას.

    შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრები, კიდევ უფრო აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს არ გადაედგა ეს ნაბიჯი. თუმცა, ქართველმა კოლეგებმა ვაშინგტონის მოწოდებები არ გაითვლისწინეს,.როგორ ვიქრობთ რა ინსტრუმენტები აქვს ვაშინგტონს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს?

    სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ან შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეს პრობლემა ქართველებმა უნდა მოაგვარონ. თუმცა, ამ ადმინისტრაციისგან ბევრად უფრო დიდი მზაობაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმები გააკრიტიკოს. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთში ნავალნის დაკავების შემთხვევაში და მიანმარში სამხედრო გადატრიალებისას. მე იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ სიტუაციაში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. ამიტომ, თეთრი სახლისგან ქმედებებს მოველი.

    ამ კვირაში, 100 წლის წინ საქართველოში წითელი არმია შეიჭრა და ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე, როგორ ფიქრობთ, სადაა საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონში და უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, რამდენად უიმედოა ვითარება?

    საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად – უკრაინაში, იქნება ეს კორუფიციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.

    თუმცა, ვფიქრობ [ქართული] პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები [ხელისუფლებაში] პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას.

    რეგიონში პროტესტის ტალღას ვხედავთ. ბელარუსში გამოსვლებია, გამოსვლები ვიხილეთ სომხეთშიც და რამდენიმე წლის წინ იქ რევოლუცია მოხდა. ასევე, ქუჩის აქციები იმართება რუსეთშიც. რამდენადაა ეს ფერადი რევოლუციების ახალი ტალღა და იკვეთება თუ არა ამ გამოსვლებს შორის რაიმე საერთო მახასიათებლები?

    მნიშვნელოვანია, რომ ხალხში სასოწარკვეთილების განცდა არ შეიქმნას. ფაქტია, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ავტორიტარული, კორუმპირებული მთავრობების პირობებში ცხოვრება და ეს მოძრაობები სწორედ ამის გამოხატულებაა. მათ სურთ, რომ მათი ქვეყნები იყვნენ ლიბერალურ-დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, რასაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები წარმოადგენს. ეს სამოქალაქო მობილიზაცია ნათელი მაჩვენებელია, თუ რა პოზიცია აქვთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. თუმცა, გამოწვევა ავტორიტარიზმით ამ უკმაყოფილების, მდგრად ინსტიტუტებად გარდაქმნაა. და ამ პრობლემას შეეჯახა საქართველოც, ამას უმკლავდება უკრაინა და ბელარუსი ჯერ აქამდეც არ მისულა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, რადგან ისტორია იმ ხალხის მხარეზეა, ვისაც რეალურ დემოკრატიაში უკეთესი ცხოვრება სურს.

    რაც შეეხება რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, იქ გამოსვლები იმართება, ნავალნიმ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მისი დაკავების შემდეგ. რამდენად აქვს მას მომავალი რუსულ პოლიტიკაში და როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მოვლენები რუსეთში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობაზე?

    ნავალნი ჩემი მეგობარია. რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელად გამბედავი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ის გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში. მისმა ვიდეომ პუტინის სასახლეზე რეჟიმის მასობრივი კორუმპირებულობა აჩვენა. მისი დაკავების შემდეგ 100-ზე მეტ ქალაქში გამართული აქციებით მისი მხარდაჭრის გამოხატვა აჩვენებს, რომ ხალხს პუტინი ყელში ამოუვიდა.

    რეჟიმის რეაქცია კი იმის მიმანიშნებელია, რომ მათ აღელვებთ ვითარების ბელარუსის მსგავსად განვითარება. ეს იმედისმომცემი მოვლენებია და კარგია, რომ ბაიდენის ადმინისტარცია მისი დაკავების წინააღმდეგ მოქმედებს და მხარს უჭერს ხალხს, ვისაც რუსეთში დემოკრატია სურს.

    ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში რეგიონის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა. პარალელურად, რეგიონში ვხედავთ, რომ დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებით მიდის. რამდენად უკავშირდება ეს ამერიკის ჩართულობის ნაკლებობას?

    როგორც ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ბედს შეერთებული შტატები განსაზღვრავს. ვფიქრობ, დემოკრატიის კუთხით შეერთებულ შტატებშიც ბევრი პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენი ინსტიტუტები კარგად არ მუშაობს. გვქონდა არაორდინალური ვითარება, როცა დამარცხებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა მისი მარცხის აღიარებაზე. ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ – ნებისმიერი სხვა დემოკრატიისთვის მსოფლიოში.

    იმედი მაქვს, რომ ამის გამოსწორებისკენ მივდივართ. ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუ მოისმინეთ რაც მან აქამდე განაცხადა, მათ შორის გასულ კვირას „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“, ნახავდით, რომ სიტყვა დემოკრატია ძალიან ხშირად გამოიყენა. ეს კი ნიშნავს, რომ სამომავალოდ შეერთებული შტატებისთვის ამომავალი წერტილი დემოკრატია იქნება.

    როგორც აღვნიშნე, 100 წელი გავიდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების ნაწილში, კომუნიზმიდან დემოკრატიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა ვიხილეთ. რა იყო ის, რამაც ამის წარმატება განაპირობა ცალკეულ ქვეყნებში, ხოლო სხვაგან ეს რთული აღმოჩნდა?

    ეს რთული კითხვაა. ვფიქრობ, ერთი დიდი პრობლემა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ისაა, რომ ძველი ძალაუფლების სტრუქტურები არ გამქრალა. ძველი ელიტა ოლიგარქებად გადაიქცა. უკრაინაში, საქართველოში და სხვა ბევრგან ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც გარდამავალი პერიოდიდან უკანონო სარგებელი მიიღეს, მათ კვლავ ძალიან ავტორიტარული მსოფლმხედველობა აქვთ და არ სურთ ლიბერალური, პლურალური საზოგადოების ცხოვრების წესებს დაემორჩილონ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ის, რაც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აფერხებს. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია არასდროს არ ყოფილა ადვილად შესაქმნელი თუ საშენებელი პოლიტიკური სისტემა. აქამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება.

    რაც შეეხება თქვენს ცნობილ თეზისს, ცივი ომის დასრულებასთან ერთად, დემოკრატიის კომუნიზმზე გამარჯვებასა და ისტორიის დასასრულზე: მაშინ, დემოკრატიული მმართველობის წარმატებამ, დასავლეთში გამარჯვების განცდა შექმნა. როგორ ფიქრობთ, დღეს ეს განცდა განელდა? და ასევე, დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად ხედავთ განახლებულ გამოწვევებს დემოკრატიის წინაშე?

    ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშეა დემორკატია, რაც 30 წლის წინ არ არსებობდა. რუსეთმა და ჩინეთმა მათი სისტემის კონსოლიდაცია მოახერხეს და მსოფლიოში ავტორიტარიზმის გავრცელებას ცდილობენ.

    შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ადგილებში, პოპულიზმის ზრდას ვხედავთ. ეს ის გამოწვევებია, რაც იმ დროს, როცა მე ისტორიის დასასრულზე ვსაუბრობდი, არ არსებობდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ 1989 თუ 1991 წლის სულისკვეთება არ გამქრალა. ეს იკვეთება სწორედ იმ საზოგადოებრივ მობილიზაციაში, რასაც სომხეთში, უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა აქამდე მისვლა.

    1989 წელი დასავლეთისთვის იყო მისი გამარჯვების აღნიშვნის მომენტი, იმის დამტკიცება, რომ მისმა ლიბერალური დემოკრატიის მოდელმა გაიმარჯვა. თუმცა, დასავლეთის ჩართულობა ამის შემდეგ იკლებს, ეს იმ ფონზე, როცა ვხედავთ რუსეთის და ჩინეთის აღზევებას. სამი ათწლეულის შემდეგ, დაკარგა ამერიკამ ის 1989 წლის სულისკვეთება? რამდენად ვიხილავთ მის დაბრუნებას საერთაშორისო არენაზე იმავე შემართებით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკაც ფუნდამენტურად შეიცვალა?

    რამდენიმე რამ მოხდა. 1989 წელს ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თუმცა, ეს არაა ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებაში, ძალაუფლება უფრო ფართოდაა გადანაწილებული.

    ჩვენ ამ ვითარებას არა მხოლოდ ჩინეთის და რუსეთის აღზევების შედეგად დავუბრუნდით, არამედ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები ა ა.შ. ეს ერთი და მეორე: შეერთებლი შტატები ახლა საკუთარი დემოკრატიის კრიზისს უმკლავდება, რასაც მე 1989 წელს ვერ გავთვლიდი რომ ვიხილავდით. ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, თუმცა დემოკრატიას აქტიური დაცვა სჭირდება. ჩვენ ის მოცემულობად არ უნდა მივიღოთ. მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, ვფიქრობ, ჩვენ ამერიკელებს, ამაზე მუშაობა მოგვიწევს…

    ზოგიერთი მიმომხილველი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პირობებში, შეერთებულ შტატებს საგარეო მტრის არსებობა ქვეყნის შიგნით ერთიანობაში და საერთაშორისო არენაზე უფრო მეტ ჩართულობაში ეხმარებოდა. 1989 წელს ეს შეიცვალა. შეიქმნა განცდა, რომ მეტოქე გაქრა. ახლა თქვენც თქვით და საუბრობენ რუსეთის აღზევებაზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ამ ვითარებაში რა უნდა იყოს შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

    რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის, საქართველოს, შეერთებული შტატებისა და ევროკაშირის მიმართ აგრესიულ ქმედებებზე. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ისე ჩანდა, თითქოს პრეზიდენტს მის მოკავშირე დემოკრატიულ ლიდერებს, რუსეთი ერჩივნა. ეს იყო გადახვევა იმისგან, რასაც შეერთებული შტატები დემოკრატიის კუთხით აკეთებდა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე.

    ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ პოზიციას და ნათლად უნდა ვთქვათ,რომ გარკვეული ქცევა მიუღებელია და მას შედეგები მოჰყვება, იქნება ეს იზოლაცია, სანქციები, თუ სხვა დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენება.

  • ზელენსკიმ AstraZeneca-ს ვაქცინა წელს ზემოთ შიშველმა გაიკეთა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის აცრის დროს წელს ზემოთ გაშიშვლდა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზელენსკი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.

    „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავიკეთე ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მათმა მთავარსარდალმა. Oxford / AstraZeneca-ს იმავე ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინა მოგვცემს საშუალებას ისევ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ,“- წერს ზელენსკი ტვიტერზე.

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – უდუმაშვილი

    “აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს”- „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილი განცხადებით, პარლამენტთან აქცია დაწყებულიც კი არ იყო, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

    „რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს. ეს არის დღეს ხელისუფლების მეთოდი. ეს პოლიცია ერთი კაცის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული და არა სამართალდამცავ უწყებად. იცავენ ერთი კაცის კომფორტს, რომ რაიმე ხმაური არ გაიგონ, მაგრამ ამ ხალხს მაინც მოუწევს ამ ხმაურის გაგება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

    ცნობისთვის, პარლამენტთან  სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს.

  • ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს – გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნამახვანჰესის საფრთხეებზე საუბრობს

    “ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღა შეიძლება 30 მეტრს აცდეს”- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, სოციალურ ქსელში იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე წერს, რაც სავარაუდოდ ნამახვანჰესის მშენებლობას სამომავლოდ მოჰყვება.

    “ნამოხვანის ჰესების კასდადის კვლევებში წერია რომ ხეობის მიკრო კლიმატი (!) შესწავლილია გლობალური (!) მოდელების საფუძველზე. ამ “გლობალურ მოდელებს” აქვთ თავისი რეზოლუცია. მაგალითად თუ რეზოლუცია 20კმ-ია, ჰაერის ტემპერატურა ტვიშსა და წყალტუბოში შეიძლება მუდამ მსგავსი იყოს, ან სინოტივე, ან გაბატონებული ქარები, etc. გასაგებია რომ ძალიან უხეში მიახლოებაა.

    ასეთი გლობალური მონაცემების საფუძველზე (თუმცა შეერთებული შტატების სამხედრო-საინჟინრო ძალების პროგრამით) გავაკეთეთ ის მოდელირება, რამაც გვაჩვენა რომ ნამოხვანის ქვედა კაშხლის კონკრეტული მასშტაბის კონკრეტულ დროით ინტერვალში ნგრევის შემთხვევაში ქუთაისში ტალღის პიკური მაჩვენებელი შეიძლება 30 მეტრს აცდეს.

    გამომდინარე საყრდენი მონაცემების რეზოლუციიდან და ტიპიდან, ამ მოდელირებას გააჩნია უზუსტობის საკმაოდ ბევრი წყარო. მაგალითად კოლხეთის დაბლობზე მწვანე “კუნძული” იმას ნიშნავს, რომ სისტემამ ტყე აღიქვა რელიეფად და იქ წყალი არ “შეუშვა”. რეალურად ეგ უბანიც წყლით უნდა იყოს დაფარული, რაც ავტომატურად გამოიწვევს მაგ მიდამოებში წყლის დონის კლებას.
    განსხვავებით კომპანიის “მიკრო კლიმატის კვლევისა” ვაცხადებთ, რომ ეს არის ძალიან უხეში მიახლოება, რაც მხოლოდ იმას გვეუბნება რომ ამ სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელი ტალღის პიკური სიმაღლე იქნება სამი ათეული მეტრის ფარგლებში, მაგრამ არა 100 მეტრი ან 2 მეტრი.

    ვინაიდან ამხელა ცდომილება გვაქვს, ველოდით რომ კომპანია დადებდა გაცილებით უკეთეს ნამუშევარს, რეალურ სამეცნიერო კვლევას მაღალი ხარისხის საყრდენი მონაცემებით. თუმცა, აღმოჩნდა რომ ბეტონის გრავიტაციული კაშხლები არ ინგრევა.”- წერს ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში.

    ამავე თემას, გამოეხმაურა ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილიც, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, კომპანიამ რომელმაც, ნამოხვანჰესის აშენების ნებართვა მიიღო, 2015 წელს შუახევი-ჰესის აშენებაში ჩადო 400 მილიონი ევრო, მაგრამ ამუშავებიდან 2 თვეში ეს ჰესი დაინგრა.

    “ნამოხვანის ჰესის სასარგებლოდ ყველაზე „ჭკვიანური“ არგუმენტი ეს მოიფიქრეს: „ვინმეს გულწრფელად სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა?“

    – ჯერ ერთი, ოფიციალურად ინვესტიცია 800 მილიონია და არა მილიარდი. მისი ალბათ ნახევარი ქვეყნიდან გაედინება – ტურბინების შეძენა, ხელფასები და ა.შ.

    – მეორე – დავიჯერო, არავის გაუგია, რომ ბიზნესმენმა შეიძლება არასწორ საქმეში ჩადოს ფული და გაკოტრდეს? ყველა ბიზნესი მომგებიანია? არ უშვებს, რომ შეიძლება ინვესტიციამ არ გაამართლოს? აი, „გირჩში“ რამდენი ფული ჩაიყარა და დაიფშვნა მაინც

    – მესამე – კომპანიამ, რომელმაც ნამოხვანის ჰესის აშენების ნებართვა მიიღო 2015 წელს (დღემდე პროექტის წილშია), შუახევი-ჰესის აშენებაში ჩადო 400 მილიონი ევრო, მაგრამ ამუშავებიდან 2 თვეში ეს ჰესი დაინგრა. დამატებით 200 მილიონი ევრო დაჭირდა მის აღდგენას. მუშაობს, თუმცა დაზიანებული ბუნებრივი გარემოზე და ადგილობრივებზე მიყენებული ზიანი არავის უზღვია. ესეც ასეულობით მილიონი ევრო იქნება, მაგრამ არავინ სთხოვს გადახდას. ორივე ჰესის – შუახევის და ნამოხვანის კასკადის გარემოზე ზემოქმედება კი კომპანია “გამამ” შეისწავლა (ისევე როგორც დანგრეული დარიალ-ჰესის, ბახვი-ჰესის, მესტიაჭალა-ჰესის)

    ცნობისთვის, მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობა 3 თვეზე მეტია აქციებს მართავს და მშენებლობას აპროტესტებს.კასკადის პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ ის ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია “ენკა” ახორციელებს.ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.”- წერს ირაკლი მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.

    #არანამახვანჰესს – ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს 

     

  • ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს

    ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. პრემიერის თქმით, კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვს სომხეთის მოსახლეობა.

    „მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

    მისივე თქმით, შესაძლოა ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს.

    „ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

    დღეს ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადმომას მოითხოვენ, მთავრობის შენობაში შეიჭრნენ

     

  • საფრანგეთის ექსპრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

    სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქედან ორი წელი პირობითია.

    სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

    ექსპრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, მას ამისთვის 10 დღე აქვს.

    მედიის ინფორმაციით, 1–წლიანი პატიმრობა შეიძლება ელექტრონული სამაჯურის ტარებით ან შინაპატიმრობით ჩანაცვლდეს.

  • ვენეციის არხები წყლის გარეშე–ქალაქში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია

    ვენეციის მთავარ პრობლემად როგორც წესი წყალდიდობები ითვლება, თუმცა წელს რეკორდული მიქცევების გამო ცნობილ იტალიურ ქალაქში საწინააღმდეგო მოვლენა მოხდა: ბევრი ვენეციური არხი წყლის გარეშე დარჩა.

    შედეგად ბევრი გონდოლა, რომლებსაც ქალაქში ტურისტები დაყავთ, გაჩერდა. ვენეციაში გადაადგილება გართულდა ადგილობრივებისთვისაც, რომლებისთვისაც ნავები და კატერები ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა.

    გრანდ კანალში, რომელიც ყველაზე დიდი არხია ვენეციის ლაგუნის კუნძულებს შორის, წყალი მაინც დარჩა, თუმცა მისი დონე მკვეთრად დაეცა.

    რეკორდული მიქცევის გამო ვენეციაში წელს წყლის დონემ 48 სანტიმეტრით დაიწია.

    კორონავირუსის პანდემიის გამო ვენეციის ქუჩები კვლავ თითქმის ცარიელია, თუმცა ტურისტები ქალაქში მაინც არიან.

    არადა ვენეციაში ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი სცენების ნახვა შეიძლება. ფოტოზე  სან მარკოს მოედანი, და  2019 წლის ნოემბერში,  ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა ასახული.

  • ნიუ იორკის გუბერნატორ კუომოს ორი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

    ნიუ იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს უკვე მეორე თანაშემწე ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. 25 წლის ქალი ამბობს, რომ გუბერნატორი კითხვებს უსვამდა მის სექსუალურ ცხოვრებაზე, იმაზე, არის თუ არა მონოგამიური ურთიერთოებში და ქონია თუ არა სექსი ასაკით უფროს მამაკაცებთან.

    შარლოტა ბენეტი შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის პოლიტიკის თანაშემწე და მრჩეველი იყო გასული წლის ნოემბრამდე, ნოემბერში კი სამსახურიდან წავიდა. ქალი The New York Times–ს უყვება, რომ გუბერნატორი მას სექსუალურად ავიწროებდა გასული წლის გაზაფხულის ბოლოს, როცა შტატი კორონავირუსთან აქტიურ ბრძოლაში იყო ჩართული. ბენეტი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ეპიზოდი 5 ივნისს მოხდა, როცა ის კუომოსთან ერთად შტატის კაპიტოლიუმის ოფისში მარტო იყო. ინტერვიუების სერიაში მან თქვა, რომ გუბერნატორმა მას ბევრი კითხვა დაუსვა პირად ცხოვრებაზე, მათ შორის იმაზე, მისი აზრით აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა რომანტიულ ურთიერთობებში და თქვა, რომ ის მზად არის 20–25 წლის ქალებთან ურთიერთობისთვის. ეს კომენტარი ქალის ინტერპრეტაციით სექსუალური ურთიერთობების აშკარა შეთავაზება იყო.

    თავად კუომო Times–სთვის გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის მხოლოდ მენტორის სტატუსით მოქმედებდა და არასოდეს უცდია ქალბატონ ბენეტთან ფლირტი და გაუმართლებელი საქციელი. ის ამბობს, რომ მოითხოვა ამ საკითხის დამოუკიდებელი შესწავლა და თხოვა ნიუ იორკის მაცხოვრებლებს შედეგებს დაელოდონ, სანამ მას განსჯიან და დასკვნებს გააკეთებენ.

    როგორც შარლოტა ბენეტი ამბობს,  ივნისის შეხვედრისას 63 წლის გუბერნატორმა მას შესჩივლა, რომ პანდემიის დროს მარტოობა აწუხებს და თქვა, რომ “ისიც კი არ შეუძლია ვინმეს ჩაეხუტოს“.

    ქალი ამბობს, რომ კუომოს არასოდეს უცდია ფიზიკურად შეხებოდა, თუმცა მისი საუბრების ქვეტექსტი აშკარა იყო და ის თვლის, რომ გუბერნატორს მასთან სექსი უნდოდა, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო და შეეშინდა.

    “ვფიქრობდი, როგორ გამოვსულიყავი ამ სიტუაციიდან და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი სამსახურის დასასრული იყო.“

    ბენეტი ამბობს, რომ გუბერნატორ კუომოსთან ურთიერთობაზე მისი აპარატის ხელმძღვანელს, ჯილ დესროსიერს დაელაპარაკა,რის შემდეგაც სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს – ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩევლად, მისი ახალი ოფისი კი კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს იყო.

    ბენეტი ამბობს, რომ ამის შემდეგ მალევე, ივნისის ბოლოს  ვრცელი  განცხადება შეიტანა გუბერნატორის სპეციალურ მრჩეველთან, ჯუდიტ მოგულთან.

    თუმცა, როგორც ბენეტი ამბობს საბოლოოდ გადაწყვიტა გამოძიება აღარ მოეთხოვა, რადგან კმაყოფილი იყო ახალი სამუშაოთი და უნდოდა წინ წასულიყო. არანაირი ზომები გუბერნატორის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული.

    თავის განცხადებაში გუბერნატორი კუომო შარლოტა ბენეტს შრომისმოყვარე და ფასეულ თანამშრომელს უწოდებს, რომელსაც სრული უფლება აქვს აზრი გამოთქვას. მისი თქმით, ქალი უყვებოდა, რომ სექსუალური ძალადობა გადაიტანა, რის შემდეგაც კუომომ სცადა მისთვის მხარდაჭერა და დახმარება აღმოეჩინა. კუომო ამბობს, რომ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა ქალს ის ეგრძნო, რის შესახებაც ახლა საუბრობს.

    გუბერნატორი არ უარყოფს, რომ შარლოტა ბენეტს პირადი ხასიათის კითხვებს უსვამდა, თუმცა განცხადებაში ამბობს, რომ აღარ აპირებს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას მოკვლევის დასრულებამდე.

    შარლოტა ბენეტის განცხადებებს წინ უძღვოდა კიდევ ერთი მსგავსი ბრალდება გუბერნატორის წინააღმდეგ. შტატის ყოფილი ჩინოვნიკი, ლინდსი ბოილანი რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობდა აცხადებს, რომ გუბერნატორი კუომო მას სექსუალურად ავიწროებდა 2016 და 2018 წლებში, ერთხელ კი მას მანჰეტენის ოფისში ტუჩებში აკოცა.

    კუომოს ოფისი ბოილანის განცხადებებს სიცურეს უწოდებს, თუმცა მოითხოვს მისი განცხადებების გამოძიება მოხდეს.

    ქალების მხრიდან სექსუალური ხასიათის ბრალდებების მიღმა ნიუ იორკის დემოკრატ გუბერნატორს, რომელიც უკვე მესამე ვადით არის არჩეული, სერიოზული პოლიტიკური პრობლემები აქვს. მას იმის გამო უყენებენ ბრალდებებს, რომ პანდემიის დროს შტატის ხანდაზმულთა სახლები სათანადოდ არ დაიცვა.

    შარლოტა ბენეტმა ტვიტერზე გაიზიარა ბოილანის სტატუსი რომელშიც ის კუომოს წინააღმდეგ ბრალდებებზე წერდა, და საკუთარი კომენტარიც დაურთო : “ვისაც გაინტერესებთ, როგორია ბატონი კუომოს ადმინისტრაციაში მუშაობა, შეგიძლიათ წაიკითხოთ“.

  • მსოფლიო მეგაპოლისები საკუთარი სიმძიმით იძირებიან

    მსოფლიო ოკეანის დონის აწევა არაერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის თემად იქცა, გვინახავს სიუჟეტები, როცა გიგანტური ტალღები მეგაპოლისებს შთანთქავენ.

    თუმცა, როგორც აშშ–ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) გეოფიზიკოსმა, ტომ პარსონსმა გაარკვია, საფრთხე მხოლოდ ეს არ არის. როგორც ირკვევა დიდი ქალაქები ისედაც საკუთარი სიმძიმით “იძირება“.

    მისი გათვლებით სან ფრანცისკომ არსებობის მანძილზე მიწაში 80 მილიმეტრით დაიძირა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2050 წლისთვის წყლის დონე ყურეში შეიძლება 300 მილიმეტრით აიწიოს, ეს უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

    “იმის გამო, რომ მოსახლეობის არაპროპორციულად დიდი ნაწილი ეძალება სანაპიროს, დამატებითი დაძირვა ოკეანის დონის აწევის პარალელურად წყალდიდობის რისკებს ზრდის“ – წერს პირსონი საკუთარ ნამუშევარში, რომელიც AGU Advances–ში გამოქვეყნდა.

    მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სან ფრანცისკოს აეროპორტი, რომელიც ქალაქის ყველაზე მძიმე შენობაა. აშენების შემდეგ ის მიწაში 4 მილიმეტრით ჩაიწია.

    თუ გავითვალისწინებთ სან ფრანცისკოს ყველა შენობას და მათ შემადგენელს, ასტრონომიული რიცხვი – 1.6 ტრილიონი კილოგრამი გამოდის. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ლითოსფერო გაიღუნოს, რომელზეც მეგაპოლისია განთავსებული, და რაც ბევრად უფრო საშიშია, ტექტონიკური ფილები გადაადგილდეს, რამაც დედამიწის ქერქის მსხვრევა გამოიწვიოს.

    და ეს მაშინ, როცა 80 მილიმეტრით დაძირვა ყველაზე მოკრძალებული გათვლებია, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტისა და ადამიანების წონა, რომლებიც შენობების გარეთ არიან. უფრო მეტიც, ადგილობრივი გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დაწევა შესაძლოა პლანეტის სხვა დიდ ქალაქებშიც ხდებოდეს.

    მართალია კონტინენტების სიღრმეში ლითოსფერო როგორც წესი უფრო სქელი და მყარია, სან ფრანცისკოს ყურეში კვლევების შედეგები ყველა მსხვილი ქალაქის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ – ვარაუდობს პარსონსი.

  • ნიგერიაში 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს

    300-ზე მეტი გოგო მოიტაცეს უცნობმა ბოევიკებმა ნიგერიი ჩრდილო–დასავლეთში მდებარე სკოლა ინტერნატიდან. პოლიცია თვლის, რომ სკოლის მოსწავლეები ტყეში წაიყვანეს. ამბავი პარასკევს დილით შტატ ზამფარას დასახლება ჯანგებეში მოხდა.

    შეიარაღებული ბანდიტები ნიგერიაში ხშირად იტაცებენ სკოლის მოსწავლეების გამოსასყიდის მიღების მიზნით.

    პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჟარიმ გატაცება დაგმო და მას არაადამიანური და სრულიად მიუღებელი უწოდა. ის ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაემორჩილება ბანდიტების შანტაჟს, რომლებიც უდანაშაულო მოსწავლეებს გამოსასყიდის მიღების მიზნით იტაცებენ.

    პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება ბანდიტების წინააღმდეგ “უზარმაზარ ძალას“ გამოიყენებს, თუმცა არსებობს შიში, რომ ბანდიტები გოგოებს ფარად გამოიყენებენ.

    გასულ კვირას მეზობელ ნიკერში ბოევიკებმა მინიმუმ 42 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის 27 მოსწავლე. ისინი დღემდე არ გათავისუფლებულან.

    2014 წელს “ბოკო ჰარამის“ ბოევიკებმა 276 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთში. ეს რადიკალური ისლამური დაჯგუფება საერო განათლების წინააღმდეგ გამოდის. მისი წევრები ხშირად თავს ესხმიან სკოლებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

    თავდასხმა პარასკევს ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მოხდა. ადგილობრივი სააგენტო მასწავლებლის მონაყოლს აქვეყნებს, რომლის მიხედვით შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი სკოლას პიკაპებით და მოტოციკლებით დაესხა თავს. ზოგიერთი თავდამსხმელი უშიშროების სახელმწიფო ორგანოების უნიფორმებში იყო გამოწყობილი.

    ზოგი მოწმე ამბობს, რომ თავდამხსმელთა რაოდენობა ასზე მეტი იყო და ისინი ფეხით მივიდნენ.

    მათ სკოლის კარებები ჩამოანგრიეს და მცველებს ესროლეს, შემდეგ კი საერთო საცხოვრებელში შევიდნენ, გოგოები გააღვიძეს და უთხრეს, რომ ლოცვის დრო მოვიდა. გოგოები ტიროდნენ, ბოევიკებმა ისინი ერთად მოაგროვეს და ტყეში წაიყვანეს, გზად კი ჰაერში ისროდნენ.

    ერთ–ერთი მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის 421 მოსწავლიდან მხოლდ 55 გადაურჩა გატაცებას.

    გატაცებულთა მოსაძებნად ჯანგებეში პოლიციის გაძლიერებული რაზმები და სამხედრო ქვედანაყოფები გაგზავნეს.

    იუნისეფში აცხადებენ, რომ აღშფოთებულნი არიან ნიგერიაში სკოლის მოსწავლეების მასობრივი გატაცების მორიგი ფაქტით.

    გასული წლის დეკემბერში მეზობელ შტატ კაცინაში ბოევიკებმა 300–ზე მეტი სკოლის მოსწავლე ბიჭი გაიტაცეს. ისინი საბოლოოდ მოლაპარაკებების შემდეგ გააავისუფლეს.