Category: მსოფლიო

  • 20 წლის გოგო, რომელიც მიანმარის აქციის დროს პოლიციელის ნასროლი ტყვიით დაიჭრა, გარდაიცვალა

    მაინმარში საპროტესტო აქციების მონაწილე 20 წლის გოგონა, რომელიც პოლიციელის ტყვიით თავში დაიჭრა და 9 თებერვლის შემდეგ კლინიკაში იმყოფებოდა, დღეს, 19 თებერვალს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ  BBC ავრცელებს.

    ახალგაზრდა 9 თებერვალს დაშავდა, როდესაც სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს.

    მაინმარში პროტესტი შეიარაღებული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

    მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ძალაუფლება მიიღეს, მაინმარში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ისინი ნოემბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად თვლიან, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ.

  • ისტორიული მისია შესრულდა, ახალი მარსმავალი მარსზე წარმატებით დაეშვა – NASA

    აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ახალი მარსმავალი, Perseverance-ი მარსზე წარმატებით დაეშვა. მრავალფუნქციური რობოტი “ჯეზეროს” კრატერში სიცოცხლის ნიშნებს შეისწავლის.

    აქამდე NASA-მ წითელ პლანეტაზე 8 რობოტი გაგზავნა თუმცა ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა.

    როვერი მარსზე 11 წუთის განმავლობაში ჯდებოდა. ავტოპილოტის საშუალებით რობოტმა დიდი ზომის პარაშუტი გაშალა, სკანირების პროგრამამ კი შეძლო მისი დაშვება სწორედ იმ კრატერთან, რომელიც მეცნიერებს ჰქონდათ განსაზღვრული.

    რობოტი, რომელიც მარსზე  გაიგზავნა, 23 კამერით არის აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება.მიღებულ მასალას მეცნიერები შეისწავლიან.

  • აშშ–ს სენატმა კაპიტოლიუმის შტრუმის საქმეზე ტრამპი გაამართლა. იმპიჩმენტი აღარ შედგება

    აშშ–ს სენატში შაბათს ხმათა საჭირო რაოდენობა– ორი მესამედი ვერ მოგროვდა, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის კაპიტოლიუმის შტურმის წაქეზების ბრალდებით გასასამართლებლად იყო საჭირო. ამგვარად, მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დასრულებულია.

    ტრამპის გასამართლებას ხმა მისცა 57–მა სენატრომა. 43–მა რესპუბლიკელმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საჭირო ხმათა რაოდენობა კი 67 იყო.

    “ ეს იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე ნადირობის მორიგი დიდებული ფაზა“– განაცხადა ტრამპის ოფისმ პრატიკულად კენჭისყრის შედეგების გაცხადებისთანავე.

    “ჩვენი ისტორიული, პატრიოტული და მშვენიერი მოძრაობა იმისათვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს, მხოლოდ დაიწყო. მომავალ თვეებში ბევრ რამეს გაგიზიარებთ და მოულოდნელად ველოდები ჩვენს არაჩვეულებრივ მოგზაურობას ამერიკის დიდებულებისკენ მთელი ჩვენი ხალხისთვის“– ნათქვამია კომენტარში.

    ტრამპის გამართლება გარდაუვალი ჩანდა, როცა ცხადი გახდა, რომ არასაკმარისი იყო იმ რესპუბლიკელთა რაოდენობა, რომლებიც მზად იყვნენ 50 დემოკრატთან ერთად ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმა მიეცათ. ეს პროცესის მეტისმეტად გაჭიანურებას ნიშნავდა. მცირედი უკმაყოფილების შემდეგ სენატორებმა მაინც გადაწყვიტეს არ გამოეძახებინათ არანაირი მოწმეები და პირდაპირ მხარეების დებატებზე გადასულიყვნენ.

    ტრამპის დაცვამ სენატში საკუთარი არგუმენტები პარასკევს წარადგინა. ითვლებოდა, რომ არც რესპუბლიკელები და არც დემოკრატები არ იყვნენ დაინტერესებული პროცესის გაჭიანურებაში, და გადამწყვეტი კენჭისყრა საკითხზე – არის თუ არა დამნაშავე ექსპრეზიდენტი აჯანყების წაქეზებაში, რომელსაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმი მოჰყვა, შაბათს უნდა გამართულიყო.

    თუმცა, სენატორებს შაბათსვე უნდა გადაეწყვიტათ, მოეწვიათ თუ არა დამატებითი მოწმეები. ბრალმდებელმა დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატიდან ერთი მოწმის მოწვევა მოითხოვეს. ტრამპის დამცველებმა კი შესთავაზეს მოწმეებზე უარი ეთქვათ და პროცედურა სწრაფად დაემთავრებინათ. ამავე დროს განაცხადეს, რომ თუ ბრალდებას მოწმეთა მოწვევის უფლება მიეცემოდა, ისინი თავის მხრივ ათობით მოწმეს გამოიძახებდნენ.

    საბოლოოდ, მოწმეთა გამოძახებას ხმა 100-დან 55-მა სენატორმა მისცა. აქედან 50 დემოკრატი იყო, 5 კი რესპუბლიკელი.

    თუმცა, ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის ბევრად მეტი ხმაა საჭირო. ამ ზღვრის გადალახვა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება – რესპუბლიკელების უმრავლესობა ტრამპის გასამართლების წინააღმდეგ გამოვიდა.

    შაბათს რესპუბლიკელთა უმცირესობის გავლენიანმა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ცხადად მიანიშნა, რომ ტრამპის გამართლებას მისცემდა ხმა, მიუხედავად მისი კრიტიკული განცხადებებისა 6 იანვრის მოვლენებში მისი როლის შესახებ.

    დემოკრატები მიხვდნენ, რომ ისინი 17 რესპუბლიკელი სენატორის გადაბირებას ვერ შეძლებდნენ. მოწმეთა გამოძახებას და დაკითხვას მრავალი დღე დასჭირდებოდა. ეს კი სენატორებს მნიშვნელოვანი საქმეებისგან მოაცდენდა, რაც ახალი ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ კანონპროექტებს უკავშირდება.

    წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე.

    შემდეგ კი საკითხი სენატს გადაეცა.

    ამერიკელ იურისტებს შორის არ არსებობს საერთო პოზიცია, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის პროცედურა ყოფილ პრეზიდენტზე გავრცელდეს. ბევრი რესპუბლიკელი ამჯობინებს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას იმგვარად, რომ სენატს სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის გასამართლება არ შეუძლია. ამერიკის ისტორიაში აქამდე ერთი პრეცედენტი იყო –1876 წელს, როცა თანამდებობის პირს, სამხედრო მინისტრს იმპიჩმენტი პოსტის დატოვების შემდეგ გამოუცხადეს. მაშინაც სენატორები არ იყვნენ დარწმუნებული პროცედურის კონსტიტუციურობაში და საბოლოოდ მინისტრი გაამართლეს.

    თუ სენატორები ტრამპს გაასამართლებდნენ, ის დაკარგავდა პენსიას, დაცვას და სხვა პრივილეგიებს, რომლითაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ. გარდა ამისა, ამის შემდეგ სენატს შეეძლო კენჭი ეყარა სამომავლოდ მისთვის თანამდებობის დაკავების აკრძალვისთვის, რასაც ხმათა უბრალო უმრავლესობა დაჭირდებოდა.

    დონალდ ტრამპისთვის ეს იმპიჩმენტის მეორე პროცედურა იყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ მას იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა 2020 წლის დასაწყისში სენატის რესპუბლიკურმა უმრავლესობამ ის გაამართლა.

     

     

     

  • ტრამპის მეზობლებს მისი საცხოვრებლიდან გამოსახლება უნდათ. რას ედავებიან აშშ–ს ყოფილ პრეზიდენტს

    მეზობლები დონალდ ტრამპისთვის მისი კუთვნილი კლუბის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გამოყენების აკრძალვას ითხოვენ.

    იმის შესახებ, რომ ტრამპს არ აქვს უფლება მუდმივად ცხოვრობდეს ფლორდის შტატში, ქალაქ პალმ–ბიჩში მდებარე მისი კერძო კლუბის, “მარ ო ლაგო“–ს ტერიტორიაზე და ახლო მომავალში სხვა საცხოვრებელი უნდა მოძებნოს, ამ კვირას ერთდროულად რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომლებიც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის მეზობლების ინტერესებს იცავენ.

    “ჩვენი აზრით მარ–ო–ლაგო შეიძლეა გადაიქცეს მისი მხურვალე და აგრესული მხარდამჭერების კონცენტრაციის ადგილად, რომლებიც პატივს არ სცემენ კანონს.“– განაცხადა ქალაქის საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ადვოკატმა ფილიპ ჯონსონმა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციის, “შევინარჩუნოთ პალმ–ბიჩი“–ს სახელით გამოდიოდა. ეს ორგანიზაცია ისტორიული მემკვიდრეობის დაცვით არის დაკავებული.

    მხარდამჭერები ტრამპს მარ–ო–ლაგოსკენ მიმავალ გზაზე ესალმებიან

    ადვოკატმა რეჯინალდ სტამბომ კი, რომელიც ექს პრეზიდენტის რამდენიმე მეზობლის ინტერესებს იცავს, ყველას შეახსენა, რომ ბოლო წლებში მის კუთვნილ კლუბში ტრამპის ხშირი ვიზიტების გამო ფეშენებელური პალმ–ბიჩის ბინადრებს გადაკეტილი ქუჩების, საცობების, ადგილობრივი აეროპორტის დახურვის და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების პირობებში მოუწიათ ცხოვრება. იურისტის თქმით, მისი კლიენტები შიშობენ, რომ კერძო კლუბის ტრამპის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გადაქცევა მათი უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს.

    “პალმ–ბიჩში გასაყიდად არის გამოტანილი უამრავი შესანიშნავი სახლი, და დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია მოძებნოს მისთვის შესაფერისი საცხოვრებელი“– დააკონკრეტა ადვოკატმა.

    იურისტების მთავარი არგუმენტი 1993 წელს ტრამპსა და ქალაქის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებაა. ამ დოკუმენტის თანახმად, მომავალმა პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება არ გამოეყენებინა კლუბი მის პირად მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად.

    რა შეთანხმება დაარღვია ტრამპმა

    მარ–ო–ლაგოს მამული ფლორიდაში ტრამპმა 1985 წელს 10 მილიონ დოლარად იყიდა.

    ტერიტორია თითქმის 7 ჰექტარს იკავებს და თავის დროზე ამერიკის ერთ–ერთ უმდიდრეს ქალს, მერჯორი პოსტს ეკუთვნოდა. სახლი მამულის ცენტრში მდებარეობს. ის გასული საუკუნის 20–იან წლებში აშენდა და ფლორიდის შტატში სიდიდით მეორე სახლად ითვლებოდა. სახლში არის 58 საძინებელი, 33 საპირფარეშო და სამი ბომბდამცავი თავშესაფარი.

    1980 წელს შენობა ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.

    პოსტის მემკვიდრეობის თანახმად 1073 წელს მამული აშშ–ს ფედერალური მთავრობის საკუთრება გახდა, თუმცა ხელისუფლებამ ვაშინგტონში ჩათვალა, რომ მისი შენახვის ხარჯები მეტისმეტად დიდი იყო და რვა წლის შემდეგ საჩუქარი პირველი მფლობელის მემკვიდრეებს გადასცა.

    ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მამული, რომელიც დიდი ხანია ყველასგან მიტოვებული იყო, დონალდ ტრამპმა კერძო რეზიდენციისთვის იყიდა და მაშინვე დაიწყო მისი გადაკეთება. სახლს დაახლოებით 2 000 კვ. მ. წვეულებების დარბაზი მიაშენეს, მოაწყვეს დამატებითი ოთახები, ტენისის კორტი და ღია აუზი ხედით ატლანტიკის ოკეანეზე. მოგვიანებით მამულის ტერიტორიას შეუერთდა გოლფ კლუბიც.

    1990-იანების ბანკროტობის სერიის შემდეგ მომავალმა პრეზიდენტმა მამულის ნაწილ–ნაწილ გაყიდვა და მის ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სახლის აშენება სცადა, თუმცა ქალაქის მერიამ ნებართვა არ მისცა.

    ამის ნაცვლად ტრამპმა ქალაქის საბჭოს რეზიდენციის დახურულ კერძო კლუბად გადაკეთება შესთავაზა. 1993 წელს, ქალაქის საბჭოზე ტრამპის ადვოკატმა კლუბის პროექტი წარადგინა და  ყველას არწმუნებდა, რომ თავად ტრამპი და მისი ოჯახის წევრები მარ–ო–ლაგოში ცხოვრებას აღარ აპირებდნენ, ტრამპი უბრალოდ კლუბის წევრად დარჩებოდა და მხოლოდ სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახებით სარგებლობას შეძლებდა.

    ქალაქის საბჭოსთან შეთანხმება  კლუბის წევრების რაოდენობის შეზღუდვასაც ითვალისწინებდა მაქსიმუმ 500 ადამიანით. შეზღუდულია მათი ავტომობილებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილებიც. მთავარი პუნქტი კი, რომლითაც ახლა ტრამპის მეზობლების ადვოკატები აპელირებენ ის არის, რომ კლუბის წევრებს მამულის ტერიტორიაზე ზედიზედ შვიდ დღეზე მეტი ხნის მაძილზე ცხოვრება არ შეუძლიათ, ისიც წელიწადში სამჯერ, ანუ წლის განმავლობაში მამულში მათი ყოფნის მაქსიმალური ვადა 21 დღეა.

    შეთანხმებას ხელი მაშინ ტრამპმაც მოაწერა და მისმა ადვოკატებმაც.

    კერძო კლუბი სწრაფად გახდა აშშ–ში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული. გაწევრიანების შენატანი ამჟამად 200 ათასი დოლარია. გარდა ამისა, კლუბის წევრებმა ყოველწლიური შენატანი – 14 ათასი დოლარი უნდა გადაიხადონ, სტუმრები კი მამულში გატარებულ ყოველ ღამეში ნომერში 2 000 დოლარს იხდიან.

    ჟურნალ Forbes–ის მონაცმებით მამულის ამჟამინდელი ღირებულება 160 მილიონი დოლარია, კერძო კლუბი კი დღემდე ტრამპის იმ მცირერიცხოვან აქტივებს შორის რჩება, რომელსაც მფლობელისთვის შემოსავალი მოაქვს. მხოლოდ 2019 წელს მამულმა ტრამპს 21 მილიონ დოლარიანი მოგება მოუტანა.

    რატომ უნდათ მეზობლებს ტრამპის გამოსახლება

    ბოლო 25 წლის მანძილზე დონალდ ტრამპი საკმაოდ პრობლემურ მეზობლად ითვლებოდა.

    მაგალითად, 1995 წელს მან ოლქის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა პალმ–ბიჩის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავების მარშრუტის შეცვლა. მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ავიალაინერების ხმაური კერძო კლუბის წევრებს ხელს უშლიდა. სასამართლოში მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, რომლის თანახმად ტრამპმა თითქმის ერთი ჰექტარი ტერიტორიის შეღავათიანი არენდა მიიღო. სწორედ იქ აშენდა მოგვიანებით ტრამპის საერთაშორისო გოლფ კლუბი.

    2010 წელს მომავალმა პრეზიდენტმა კვლავ უჩივლა აეროპორტს და მეორე ასაფრენი ბილიკის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. 2015 წელს კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს პრეტენზიით, რომ ფრენები ხმაურის, გამონაბოლქვის და დაბინძურების დაშვებელზე მაღალ დონეს იწვევდა მის მამულში. ტრამპი ზარალს 100 მილიონ დოლარად აფასებდა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 1997 წელს ტრამპი შეეცადა ქალაქის ხელისუფლებისთვის ეჩივლა იმ მიზეზით, თითქოს პალმ–ბიჩის მერია ებრაელთა დისკრიმნაციაში იყო შემჩნეული, იმ დროს, როცა მისი კლუბის წევრთა დიდი ნაწილი იუდეველი იყო.

    ყველაზე ცნობილი დავა კი ტრამპსა და ქალაქის მერიას შორის სახელმწიფო დროშის ზომასა და სიმაღლესთან დაკავშირებით შედგა. 2006 წელს ბიზნესმენმა კლუბის ტერიტორიაზე 24 მეტრის სიმაღლის ნაგებობაზე 6×9 მეტრის ზომის ამერიკული დროშა აღმართა.

    ამის შემდეგ მერიამ მას ოფიციალურად შეატყობინა, რომ 13 მეტრზე მეტ სიმაღლეზე დროშის დამონტაჟება აკრძალული იყო და ნაგებობის დაშლა მოთხოვა. ქალაქის საბჭომ ასევე დღეში 1250 დოლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა ყოველ დღეზე, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეასრულებდა.

    საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ მამულმა არაფორმალურად თეთრი სახლის მეთაურის. “საზაფხულო რეზიდენციის“ ტიტული მიიღო. 4 წლის მანძილზე ტრამპი 30–ჯერ ეწვია მარ–ო–ლაგოს და იქ ჯამში 99 დღე გაატარა. 2017 წლის იანვარში პალმ–ბიჩის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსში არასაფრენი ზონა გამოცხადდა, აშშ–ს საიდუმლო სამსახურების თანამშრომლებმა კი ნავებისა და იახტებისთვის კლუბის სიახლოვეს სპეციალური საშვების რეჟიმი შემოიღეს.

    პრეზიდენტის ვიზიტების დროს მიმდებარე ქუჩები იკეტებოდა, კლუბის ყველა თანამშრომელი კი პირად შემოწმებას გადიოდა. კლუბთან ახლოს მდებარე ლანტანას აეროპორტი ხშირად აცხადებდა ფრენების შეწყვეტის შესახებ.

    ადგილობრივი მაცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მშენებლობამ მამულის ტერიტორიაზე და პრეზიდენტის გეგმებმა ოკეანეში სპეციალური ნავმისადგომის მშენებლობის შესახებ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ნავმისადგომის მშენებლობის უფლება არ მისცა, ვერტმფრენის მოედანი კი დროებით ნაგებობად გამოცხადდა და პირობა დაიდო, რომ მას ტრამპის საპრეზიდენტო ვადის გასვლისთანავე აიღებდნენ.

    2019 წელს ტრამპმა გამოაცხადა, რომ “ჩაწერის“ ადგილი შეიცვალა და ოფიციალურად ნიუ იორკიდან პალმ– ბიჩში გადავიდა. მიზეზი მის მიმართ  ნიუ იორკის პროკურატურის საგადასახადო პრეტენზიები გახდა.

    გასული წლის დეკემბერში ადვოკატმა რეჯინალდ სტამომ ქალაქის ხელისუფლებას პირველი წერილი გაუგზავნა, რომლითაც ტრამპი 1993 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. კიდევ ერთი საჩივარი იურისტმა აშშ–ს საიდუმლო სამსახურებს გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომები ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის.

    ამ კვირაში პალმ–ბიჩის ქალაქის საბჭოს სპეციალურ სხდომაზე გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მისი გოლფ–კლუბის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

    მისი ადვოკატის, ჯონ მერიონის მტკიცებით 1993 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მხოლოდ კლუბის წევრებსა და სტუმრებზე ვრცელდება, აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი კი ახლა მამულის ერთ–ერთი თანამშრომელია.

    “ის ახლა მარ–ო–ლაგოს პრეზიდენტია. ის პრეზიდენტი იყო მანამდეც, სანამ აშშ–ს პრეზიდენტი გახდებოდა, და ახლაც კვლავ კლუბის პრეზიდენტი გახდა“– ამბობს ის.

    ადვოკატის მტკიცებით ტრამპის მოვალეობები მამულში საქმეების ყოველდღიურ კონტროლს, თანამშრომლებზე დაკვირვებას, ფინანსური დოკუენტების შემოწმებას და კლუბის წევრების დახვედრას გულისხმობს. შესაბამისად, მისი აქ ცხოვრება აუცილებელია.ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტრამპი ყოველდღიურად აქტიურად არის ჩართული ტერიტორიის მოვლაში.

    ქალაქის საბჭოს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, შეძლებს თუ არა ტრამპი საკუთარი კლუბის მუდმივ საცხოვრებელ რეზიდენციად გამოყენებას. მხარეებს აპრილამდე ახალი არგუენტების მომზადება შესთავაზეს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ქალაქის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას.

  • ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი აფეთქდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

    ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი “მაგნიტი” აფეთქდა. შემთხვევის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზმა გამოიწვია.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი ემსხვერპლა.  დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

    რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ადამიანები ნანგრევებშიც იყვნენ მოყოლილები.

    აფეთქებამ დააზიანა გვერდზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები.

    https://youtu.be/NXWeyoTzsCw

  • სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

    სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

    9 თებერვალს, ვაშინგტონში, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიული, მეორე საიმპიჩენტო მოსმენები დაიწყო. სენატში მოსმენები სავარაუდოდ ერთ ან ორ კვირას გასტანს. წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი უკვე დაუჭირა და მუხლები სენატს გადასცა. ახლა პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხი ამ პალატამ უნდა განიხილოს.

    პრეზიდენტს ბრალი “ამბოხების წახალისებაში” ედება. 6 იანვარს, ტრამპის მოხრეებმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა მიიტანეს. სანამ ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართებოდნენ, თეთრი სახლიდან, პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ “ებრძოლათ”. კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მოქალაქე დაშავდა და 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

    სენატის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სენატორთა 2/3-ის, მხარდაჭერა, 67 წევრის თანხმობა სჭირდება. 2020 წლის არჩევნების შედეგად, სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატებმა 17 რესპუბლიკელი უნდა დაითანხმონ. დიდი ალბათობით, დემოკრატები ამას ვერ შეძლებენ და სენატი პრეზიდენტ ტრამპს მეორედ გაამართლებს.

    ამერიკის კონსტიტუციაში ნათლად არ არის გაწერილი ის, თუ რამდენ ხანს და როგორ უნდა მიმდინარეობდეს სენატის საიმპიჩმენტო სასამართლო. ამიტომ, ყოველ ჯერზე, სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები წესებზე თანხმდებიან.

    10 თებერვალს წარმომადგენელთა პალატის ბრალდების მხარს, 16-საათი მიეცემა საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დრო და პირობები ექნებათ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს, ანუ დაცვის მხარეს. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, სენატორებს შეეძლებათ კითხვები წერილობით დასვან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • Facebook-მა ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება აკრძალა

    Facebook-მა ყველა ტიპის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გვარცელება აკრძალა. Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის პოლიტიკის ფარგლებში, Facebook ახლა წაშლის სიყალბის გამავრცელებს პოსტებს ყველა ვაქცინასთან დაკავშირებით.

    სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გააფართოებს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული მცდარი განცხადებების სიას, რომელიც პლატფორმაზე იბლოკება.

    აკრძალვა გავრცელდება როგორც მომხმარებლების პოსტებზე, ასევე ფასიან რეკლამებზე, იგივე შეზღუდვები იმოქმედებს Instagram-ის მომხმარებლებისთვისაც.

    Facebook–ი აცხადებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ გვერდებზე, ჯგუფებსა და მომხმარებელთა ანგარიშებზე, რომლებიც ამ წესებს არღვევენ.

     

  • “ძვირს დავუჯენთ” – ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს

    „ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია დაბრუნდა”, – თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, საგარეო პოლიტიკური გეგმების შესახებ პირველი გამოსვლისას.

    დიპლომატების წინაშე საკუთარი ხედვის წარდგენისას, ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ამერიკა რუსეთს წინააღმდეგობას არ უწევდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

    „მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ მე ძალიან განვსხვავდები ჩემი წინამორბედისგან. დასრულდა დრო, როცა შეერთებული შტატები წინ არ უდგებოდა რუსულ აგრესიულ ქმედებებს: ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერ-თავდასხმებს და მისი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენ უყოყმანოდ, ამას რუსეთს უფრო ძვირს დავუჯენთ და დავიცავთ ჩვენ კრიტიკულ ინტერესებს და ხალხს“, – თქვა ბაიდენმა.

    ბაიდენისგან ვაშინგტონში მოსკოვთან ურთიერთობებში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას და ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ფოკუსირებას მოელიან. მისი ადმინისტრაციის წევრებმა, მათ შორის, სახელმწიფო მდივანმა სხვებთან ერთად, უკვე წამოჭრეს რუსეთთან ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. სამხედრო აგრესიის საკითხი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმების, “სტარტის III” შესახებ სატელეფონო საუბრისას ახსენა. მხარეები “ახალი სტარტის” ხუთი წლით უცვლელად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

    ილუზიების გარეშე

    მოსკოვი კი ამერიკის განცხადებებს არაკონსტრუქციულს და აგრესიულს უწოდებს.

    ორი ქვეყნის ურთიერთობა მოსკოვის ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, „სოლარუინდის“კიბერ თავდასხმების და რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის პოლ ვილანის და ტრევორ რიდის საქმეების ფონზე დაძაბულია.

    დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავა, გასულ კვირას, ალექსეი ნავალნისთვის სასამართლოს მიერ სამნახევარი წლით პატიმრობის მისჯამ. ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს. გერმანიაში ის საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მას რუსეთში სასამართლომ პირობითი სასჯელი 3.6 წლით პატიმრობით შეუცვალა.

    მოსკოვში ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიური იქნება პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით, ვიდრე მისი წინამორბედი. ნავალნის მოკავშირე ვლადიმირ მილოვი ამბობს მას ამის თქმის იმედს ის აძლევს, რომ ახალ ადმინისტრაციას რუსეთში არსებულ ვითარებაზე ილუზიები არ აქვს.

    „იმ ხალხს, ვინც ბაიდენთან ერთად მოდის ხელისუფლებაში, ილუზიები არ აქვს იმაზე, რაც რუსეთში ხდება. კარგი ამბავი ისაა, რომ არ იქნება ე.წ. „სწავლის პერიოდი“ – ყოყმანი იმაზე, გადატვირთონ (მოსკოვთან) ურთიერთობები თუ არა“, – ამბობს მილოვი.

    გადაუჭრელი პრობლემები

    ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გლობალურად მისი შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხს გადახედავს, იქნება ეს ერაყში, ავღანეთსა თუ ევროპაში.

    ჯო ბაიდენის თქმით, ამ ეტაპზე გერმანიიდან ჯარების გაყვანა, რომლის გადაწყვეტილებაც მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა მიიღო, შეჩერებულია. ტრამპი გეგმავდა გერმანიიდან, სადაც ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტიგენტია განთავსებული, 12 000-მდე სამხედრო მოსამსახურე პირის გაყვანას. გეგმის მიხედვით, მათგან 5 600 ნატოს სხვა მოკავშირე ქვეყნებში ნაწილდებოდა, მათ შორის, ბელგიასა და იტალიაში. ნაწილი კი „განგრძობით როტაციაში“ უნდა ჩართულიყო შავი ზღვის რეგიონში.

    მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის მიზანი, გერმანიის და ევროპელი მოკავშირეების დარწმუნების მცდელობაა, რომ ამერიკა ტრადიციულ პარტნიორობას არ უღალატებს.

    „ეს ნაბიჯი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნორმისკენ დაბრუნებაა. იმ ნორმის, როცა ამერიკა მოკავშირეებთან, განსაკუთრებით დემოკრატიულ მოკავშირეებთან, ახლოს თანამშრომლობს“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ ბრაიან კურტისმა, „ამერიკული პროგრესის ცენტრიდან“.

    მართალია, ევროპის წამყვანი ქვეყნები, ბაიდენის ადმინისტრაციას ოპტიმიზმით შეხვდნენ, მაგრამ ბერლინსა და პარიზში ვაშინგტონს სიფრთხილით ეკიდებიან. მოკავშირეებს შორის ბევრი უთანხმოების საკითხია, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებშიც. პრობლემები, რომელზეც ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობდა, იქნება ეს ნატოს დანახარჯები თუ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის პროექტი კვლავ რჩება.

    “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენით, კომპანია “გაზპრომი” გერმანიისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდებას გეგმავს. ვაშინგტონი პროექტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ეს გაზრდის ევროპის ენერგო-დამოკიდებულებას რუსეთზე. ბერლინი კი ამერიკის პოზიციას არ იზიარებს.

    ეს კი იმ ფონზე, როცა ბაიდენის გუნდისთვის, ევროკავშირთან ერთიანი პოზიციების ქონა კრიტიკულია, რათა რუსეთზე გაზარდოს ზეწოლა ნავალნის და დაკავებული 10,000-ზე მეტი დემონსტრანტის გასათავისუფლებლად თუ სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაოდ, როგორიცაა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება, ევროპის ენერგო უსაფრთხოება თუ არქტიკის ათვისების საკითხები.

    წყარო: ამერიკის ხმა

    ანი ჩხიკვაძე

  • რომის პაპმა ისტორიაში პირველად​ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა

    რომის პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა. მას ექნება ხმის უფლება ეპისკოპოსთა სინოდში, რომელიც პონტიფიკს კონსულტაციებს უწევს და რომის კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე სადავო საკითხებს განიხილავს.

    დედა ნატალი ბეკარტი საფრანგეთიდანაა და ის 2019 წლიდან სინოდში კონსულტანტის რანგში მუშაობს.

    სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩიმ განაცხადა, რომ ბისქარტის დანიშვნამ ვატიკანისათვის „ახალი კარი გააღო“, პაპის გადაწყვეტილება კი გამოხატავს მის სურვილს, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების როლი უფრო გაიზარდოს.

  • პანდემიის გამო ევროპაში სიმსივნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით Covid-19–ის პანდემიამ ევროპაში ონკოლოგიური სამსახურების კატასტროფიული მოშლა გამოიწვია.  ევროკავშირის ყოველ მესამე ქვეყანაში დიაგნოსტიკის და მკურნალობის შეფერხება დაფიქსირდა, განსაკუთრებით კორონავირუსის პირველი ტალღისას, გასული წლის გაზაფხულზე. ამან განკურნებისა და გადარჩენის შანსები შეამცირა ასობით ათასი პაციენტისთვის. ამ რეალობაზე საუბრობენ სიმსივნური დაავადებების მკვლევარები და ონკოლოგები.

    “აპრილში დიაგნოსტირებული შემთხვევების რაოდენობა 44%–ით შემცირდა, სექტემბერში კი 14%–ით, გასული წლის იმავე თვეებთან შედარებით.  ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში სიმსივნით დაავადებულმა 5 000 მა პაციენტმა საკუთარი დაავადების შესახებ ვერ გაიგო.“– ამბობს ბელგიელი ონკოლოგი ან ბუკიო.

    “ათიდან ოთხმა პაციენტმა მაგალითად დროულად ვერ გაიკეთა ქიმიოთერაპია. ამან დამღუპველი გავლენა იქონია დავადებულებზე და ონკოლოგიურ სამსახურებზე მთელ ევროპაში“ – ამბობს სიმსივნური დაავადებების ბრიტანელი მკვლევარი მარკ ლოულერი.

    ბოლო წლის გამოცდილების გათვალისწინებით ევროკომისიამ პირობა დადო, რომ სამომავლოდ მსგავს გაუთვალისწინებელ გარემოებებში მოქმედების გეგმას შეიმუშავებს. კერძოდ, გადაწყდა, რომ უფრო მეტად გამოიყენებენ ტელემედიცინას და დისტანციურ მონიტორინგს. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ გეგმა არ ითვალისწინებს ზომებს სულიერი და ფიზიკური პრობლემების წინააღმდეგ, ასევე მატერიალურ დანაკარგებს, რასაც ადამიანები მსგავს სიტუაციებში განიცდიან.

    “ადამიანები მეტისმეტად არიან კონცენტრირებული პანდემიაზე, მისი სიმპტომები დიდ შეშფოთებასა და სტრესს იწვევს. არიან ადამიანები, ვინც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა მათ ვერც სახელმწიფო და ვერც სხვა ვინმე ეხმარება. ბევრი ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის, თუმცა ექიმს არ მიმართავენ, თუნდაც საგანგაშო სიმპომები ქონდეთ. ჩვენი პროფილის სპეციალისტებისათვის ეს არის პირველ რიგში კანის კიბოს ნიშნები. ასეთმა ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს.“– ამბობს ენ ბუკიო.

    ევროპის ონკოლოგიური ორგანიზაცია მთავრობებს სთავაზობს მასმედიიით საინფორმაციო კამპანია აწარმოოს ადამიანებისთვის იმის განსამარტად, რომ პანდემიის გამო თავი არ უნდა შეიკავონ სამედიცინო დახმარების მიღებისგან. ექსპერტები ცდილობენ კვლევების ხარჯების გაზრდასაც მიაღწიონ.

    “პანდემიის პირველი ფაზისას ვნახეთ კლინიკური კვლევების აქტივობის ვარდნა, ასევე სამეცნიერო შედეგების ანალიზების კლება – ორივე დაახლოებით 80%–ით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ კვლევების ტემპები. ვნახეთ, რა სწრაფად მოხდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, როცა ყველა რესურსი ამოქმედდა. ახლა კი უნდა გაიზარდოს ინვესტიციები კიბოს კვლევისთვის, რათა პაციენტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის უფრო ეფექტქური მეთოდები მოვძებნოთ.“– ამბობს მარკ ლოულერი.

    ევროკომისია აცხადებს, რომ უკვე ამ წელს შექმნის კიბოს შესწავლის ახალ ცენტრს და მიაღწევს იმას, რომ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკამ მოსახლეობის ყველა ჯგუფი მოიცვას.