Category: მსოფლიო

  • მეცნიერებმა სავარაუდოდ დღემდე უცნობი “ ბუნების მეხუთე ძალა“ აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა მთელი ფიზიკა თავდაყირა დააყენოს

    ჩვენი ცხოვრება ფიზიკის კანონებს ემორჩილება. მაგალითად, მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირი მაგნიტით თქვენი მაცივრის კარზე ფიზიკის კანონის დამსახურებაა, ისევე როგორც ბურთის კალათბურთის ფარში ჩავარდნა.

    ყველა ის ძალა, რომელთანაც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება, ურთიერთქმედების ოთხ ფუნდამენტურ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ელექტრომაგნიტური, ძლიერი, სუსტი და გრავიტაციული.

    ოთხი ფუნდამენტური ძალა სამყაროში ყველა ობიექტის და ნაწილაკის ურთიერთქმედებას განსაზღვრავს.

    მაგალითად, სიმძიმის ძალა, იგივე გრავიტაცია ობიექტების მიწაზე დაცემას განაპირობებს და არ აძლევს მათ უფლებას მიწას მოწყდნენ სხვა ძალის გარეშე.

    თუმცა, როგორც ფიზიკოსების საერთაშორისო გუნდი ამტკიცებს, ექსპერიმენტ Muon g-2 –ის ფარგლებში მიმდინარე კვლევებისას, რომლებიც ჩიკაგოს მახლობლად, ქალაქ ბატავიას ლაბორატორიაში ტარდებოდა, შესაძლოა მათ ბუნების ახალი, მეხუთე ძალა აღმოაჩინეს.

    ბრიტანეთის სამეცნიერო–ტექნიკური აღჭურვილობის საბჭომ განაცხადა, რომ ექსპერიმენტების შედეგები მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძლევა დღემდე უცნობი სუბატომური ნაწილაკის, ანუ ახალი ძალის არსებობის შესახებ.

    სამწუხაროდ, ეტსპერიმენტის შედეგები ჯერჯერობით მეცნიერებს არ აძლევს საშუალებას ცალსახად განაცხადონ ახალი აღმოჩენის შესახებ.

    არსებობს ერთი შანსი 40 ათასიდან, რომ ეს სტატისტიკური ცდომილებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეგრეთწოდებული მნიშვნელოვნების სტატისტიკური დონე 4.1 სიგმას შეადგენს.

    იმისათვის კი, რომ აღმოჩენა აღიარებულ იქნას, ეს დონე 5 სიგმა უნდა იყოს, ანუ ცდომილება 3.5 მილიონიდან ერთ შანსს არ უნდა აღემატებოდეს.

    “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიუონების ურთიერთქმედება არ არის თანხვედრაში სტანდარტულ მოდელთან. გასაგებია, რომ ყველა აღტაცებულები ვართ, იმიტომ რომ ეს ფიზიკის ახალი კანონების აღმოჩენას ნიშნავს, ახალი ნაწილაკებით, დღემდე უცნობი ბუნების ძალებით.“– ამბობს ექსპერიმენტის ხელმძღვანელი ბრიტანული მხრიდან, პროფესორი მარკ ლანკასტერი.

    სტანდარტული მოდელი ამ დროისთვის საყოველთაოდ მიღებული თეორიული კონსტრუქციაა, რომელიც სამყაროში ყველა ელემენტარული ნაწილაკის ურთიერთქმედებას აღწერს.

    ახალი აღმოჩენა უკანასკნელი გახდა იმედისმომცემი შედეგების სერიაში, რომლებიც აშშ–ში, იაპონიაში, ასევე საფრანგეთ–შვეიცარიის საზღვარზე მდებარე დიდ ადრონულ კოლაიდერში ნაწილაკების ფიზიკაზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად.

    თუმცა, დავუბრუნდეთ ექსპერიმენტს.

    ის ილიონისის შტატის ქალაქ ბატავიას ფერმის სახელობის ნაციონალურ დამაჩქარებელ ლაბორატორიაში ჩატარდა და მიზანი სუბატომური ნაწილაკების – მიუონების ქცევის შესწავლა იყო.

    საქმე იმაშია, რომ ჩვენი სამყარო ატომზე მცირე ზომის ნაწილაკებისგან შედგება. ზოგიერთი ეს ნაწილაკი კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან შედგება, სხვები კი მეტად აღარ იყოფა– ეს არის ეგრეთწოდებული ელემენტარული ნაწილაკები.

    მიუონები სწორედ ასეთი ელემენტარული ნაწილაკებია: ისინი ელექტრონებს გავს, თუმცა 200–ჯერ უფრო მძიმეა.

    ექსპერიმენტ Muon g-2 –ის მსვლელობისას ნაწილაკები ცირკულარული კოლაიდერის 14 მეტრიან რკალში ძლიერი მაგნიტური ველის დახმარებით სწრაფად აამოძრავეს.

    ფიზიკის ცნობილი კანონების თანახმად ამას მიუონების გარკვეული სიხშირით რხევა უნდა გამოეწვია. თუმცა, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მათი რხევების სიხშირე სავარაუდოზე მაღალი იყო. მათი აზრით ეს შეიძლება ისეთი ძალის ზემოქმედების მტკიცებულება იყოს, რომლის შესახებ აქამდე მეცნიერებისთვის არაფერია ცნობილი.

    არავინ იცის ზუსტად, მიუონებზე ზემოქმედების გარდა კიდევ რა შეუძლია ამ ახალ ძალას.

    თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს ჯერ კიდევ არაღმოჩენილ სუბატომურ ნაწილაკთან.

    ამ ჰიპოთეტური ნაწილაკის შესახებ რამდენიმე ვარაუდი არსებობს. ეს შეიძლება იყოს ეგრეთწოდებული ლეპტოკვარკი, ანუ ნაწილაკი, რორმელსაც ინფორმაცია კვარკებსა და ლეპტონებს შორის გადააქვს, ან Z-ბოზონი, რომელიც საკუთარი თავის ანტინაწილაკი თავად არის.

    ჯერ კიდევ გასულ თვეში ფიზიკოსები, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე ექსპერიმენტს ატარებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ მიღებული შედეგები შეიძლება ახალი ნაწილაკის და ახალი ძალის არსებობაზე მეტყველებდეს.

    “ახლა ნამდვილი რბოლა მიდის მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომ ჩვენ რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ. დაგვჭირდება უფრო მეტი მონაცემები და მეტი გაზომვები, და თუ გაგვიმართლა, მივიღებთ მტკიცებულებას, რომ ეს ეფექტები რეალურია“– ამბობს ლონდონის იმპერიალ კოლეჯის დოქტორი მიტეშ პატელი.

    კარგად ნაცნობი გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ძალების გარდა სუბატომური ნაწილაკების ქცევაზე პასუხისმგებელი ეგრეთწოდებული ძლიერი და სუსტი ძალებიც არიან.

    მეხუთე ძალას შეუძლია პასუხი გასცეს სამყაროს მრავალ გამოცანას, რომლების წინაშე მეცნიერები ბოლო 50 წლის მანძილზე აღმოჩნდნენ.

    მაგალითად, დაკვირვებების თანახმად ჩვენი სამყარო დაჩქარებით ფართოვდება, და ამას იდუმალ ფენომენს უკავშირებენ, რომელსაც შავ ენერგიას უწოდებენ. თუმცა, მეცნიერები ადრეც გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება სხვა, უხილავი მეხუთე ძალის ზემოქმედების შედეგი იყოს.

    “უბრალოდ წარმოუდგენელია. პოტენციურად ამას შეუძლია მთელი ფიზიკა თავდაყირა დააყენოს. ბევრი ამოუხსნელი გამოცანა გვქონდა, და შესაძლოა მათი ამოხსნის გასაღები აღმოვაჩინეთ“ – ამბობს ბიბისის გადაცემა Sky at Night–ის თანაწამყვანი მეგი ედერინ–პოკოკი.

     

  • პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს

    რუსეთის  პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც, რუსეთის პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩენა შეეძლება.

    მიღებული კანონის თანახმად, მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს ქვეყნის სათავეში ყოფნის ვადები გაუნულდებათ და 2024 წელს პუტინს საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ კენჭისყრა კიდევ ორჯერ შეეძლება.

    ამავე კანონის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, ვისაც ოდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა ან სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების უფლება ჰქონდა.

  • აშშ-ს კაპიტოლიუმთან პოლიციელებს მანქანით დაეჯახნენ – შენობა ჩაკეტილია

    ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან მყოფ პოლიციელებს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც, ორი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კაპიტოლიუმისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.

    ასევე კლინიკაშია გადაყვანილი ეჭვმიტანილიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანიდან გადმოსვლის დროს, მას ხელში დანა ჰქონდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა ის დაჭრეს.მანქანიდან გადმოსვლის დროს, მას ხელში დანა ჰქონდა.

    პოლიციაში  საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა.

  • პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მისი შვილების მასწავლებელს გაყვა ცოლად

    პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი, მაკენზი სკოტი სკოლის მისი შვილების სკოლის მასწავლებელს გაყვა ცოლად. ის ორი წლის წინ გაშორდა ამაზონის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს.

    Forbes–ის თანახმად, მაკენზის ქონება 53 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მან ბოლო ერთ წელში ოთხ მილიარდ დოლაზე  მეტი გაიღო ქველმოქმედებისთვის.

    ინფორმაცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელზე, დენ ჯუეტზე მისი გათხოვების შესახებ საერთაშორისო ფილანტროპული ორგანიზაციის, Giving Pledge–ის საიტზე გამოქვეყნდა.

    “დენი შესანიშნავი ბიჭია და ძალიან მიხარია მათი ამბავი.“– ასეთი კომენტარი გააკეთა ყოფილი ცოლის გათხოვებაზე ჯეფ ბეზოსმა.

    მაკენზი სკოტი 25 წელი იყო გათხოვილი ჯეფ ბეზოსზე. ის ქმარს 1994 წელს კომპანია ამაზონის დაფუძნებაში ეხმარეოდა. ამაზონზე მისი საავტორო გვერდის მიხედვით სკოტი ამჟამად სიეტლში ცხოვრობს ოთხ შვილთან და მეუღლე დენთან ერთად. დენი პრესტიჟული სკოლის მასწავლებელია, სადაც მისი შვილები სწავლობენ.

    2019 წელს, განქორწინების მომენტისთვის ჯეფ ბეზოსი ამაზონის აქციების 16%–ს ფლობდა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. განქორწინებისას მაკენზიმ კომპანიის 4% მიიღო.

    ჯეფ ბეზოსი რეგულარულად იყოფს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს ილონ მასკთან: ისინი პირველ–მეორე ადგილებს იმის მიხედვით ცვლიან, თუ როგორია იმ მომენტისთვის მათი კომპანიების აქციების კურსი. ამჟამად ბეზოსის ქონება 177 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. მისი ყოფილი ცოლი კი ამ სიაში 22–ე ადგილზეა.

  • ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე საპასუხო კიბერშეტევას გეგმავს– New York Times

    New York Times–ის ცნობით აშშ–ს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთზე კიბერდარტყმას ამზადებს. ეს იქნება პასუხი ამერიკულ სამთავრობო სააგენტოებზე მაშტაბურ ჰაკერულ შეტევაზე, რომლის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა.

    პენტაგონის აზრით ამ თავდასხმის უკან რუსეთის სამთავრობო სააგენტოები დგანან.

    გამოცემის ინფორმაციით ვაშინგტონის პასუხი უახლოეს სამ კვირაშია მოსალოდნელი და ეს იქნება “საიდუმლო დარტყმების სერია რუსულ ქსელებზე, რომლებიც უნდა შენიშნონ ვლადიმირ პუტინმა და მისმა სადაზვერვო სამსახურებმა, თუმცა არა დანარჩენმა სამყარომ.“ New York Times–ის წყაროები იტყობინებიან, რომ ეს ქმედებები ეკონომიკური სანქციების პარალელურად განხორციელდება, თუმცა ამ მხრივ აშშ–ს შესაძლებლობები შეზღუდულია, რადგან მათ ვაშინგტონს მოსკოვის წინააღმდეგ რეალურად ქმედითი ზომების მისაღებად ძალიან ცოტა ბერკეტი დარჩა.

    ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით საჯაროდ გამოცხადეული სანქციების და გაუხმაურებელი კიბერტარტყმების კომბინაციის მიზანია რუსეთს „ ფართო სტრატეგიული დისკუსიისკენ“ უბიძგონ. თუმცა, როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ახლა ვაშინგტონს ახალი პრობლემა გაუჩნდა– ჩინეთის აგრესიული ქმედებები, რომელმაც კომპანია Microsoft–ის ინფორმაციით მათ სერვერებზე თავდასხმა განახორციელა.

    ეჭვგარეშეა, რომ ამ თავდსხმის მაშტაბები ამერიკელ ჩინოვნიკებს ჩინეთზე საპასუხო თავდასხმის აუცილებლობაზე ჩააფიქრებს. ეს კი მათ პოტენციურად მზარდი კონფლიქტის საფრთხის წინაშე აყენებს ერთდროულად ორ ქვეყანასთან, რომლებიც აშშ–ს  ყველაზე მსხვილი მოწინააღმდეგეები არიან ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოთა შორის.

  • ფრანგი მილიარდერი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა

    საფრანგეთში ავიაკატასტროფის შედეგად ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი– პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ოლივიე დასო გარდაიცვალა. მისი ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით ჩამოვარდა.

    დასო სერჟ დასოს უფროსი შვილი იყო, რომლის ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა ავიამწარმოებელი Dassault Aviation (ეს მწარმოებელი სამხედრშო თვითმფრინავ Rafale–საც უშვებს)  და გაზეთი  Le Figaro. 2002 წელს ოლივიე დასო საფრანგეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს, რის შემდეგაც ბიზნესსაქმიანობა შეწყვიტა ინტერესთა კონფლიტქის თავიდან ასაცილებლად.

    69 წლის დასომ სიჩქარის რამდენიმე რეკორდი დაამყარა როგორც პილოტმა. მისი ქონება 7 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

  • მოლდოვამ COVAX-ისგან AstraZeneca-ს 14 400 დოზა ვაქცინა მიიღო

    მოლდოვამ გუშინ, 4 მარტს კოვაქს პლატფორმიდან AstraZeneca-ს 14 400 დოზა ვაქცინა მიიღო. მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც კოვაქსმა ვაქცინა მიაწოდა.

    ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანას გასულ კვირას რუმინეთმა აჩუქა. რუმინეთის პრეზიდენტის ცნობით,  პროდასავლური პრეზიდენტის არჩევის გამო, მოლდოვას სულ 200 ათას დოზა ვაქცინას გადასცემენ.

  • იტალიამ AstraZeneca-ს 250 ათასი დოზა ვაქცინის ავსტრალიაში შეტანა დაბლოკა

    იტალიამ AstraZeneca-ს 250 ათასი დოზა ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი დაბლოკა.

    იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ექსპორტის შეჩერების ახალი წესი გამოიყენა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ექსპორტი შეჩერდეს, თუ ვაქცინის მწარმოებელი კომპანია ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა ევროკომისიამაც.

    იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ავსტრალიაა არაა “მოწყვლადი” ქვეყნების სიაში, ევროკავშირსა და იტალიაში კი ვაქცინის მუდმივი დეფიციტია. ამასთან, ავსტრალიაში გასაგზავნი ვაქცინის რაოდენობა იტალიისთვისა და ევროკავშირისთვის მიცემულ დოზებზე მეტი იყო.

    ავსტრალიაში აცხადებენ, რომ მათ უკვე მიიღეს ვაქცინის 300 ათასი დოზა და შემდეგი თვიდან ადგილობრივი წარმოების დაწყებას აპირებენ.

  • “მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

    ამერიკული ფარმაკო-გიგანტი “მერკი”  კონკურენტ კომპანიას “ჯონსონ და ჯონსონს” კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს.

    ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით ახალი ვაქცინის დოზით უზრუნველყოფს. ამის შესახებ განცხადება, თეთრმა სახლმაც გააკეთა, როგორც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, ეს შეთანხმება “მნიშვნელოვანი ნაბიჯია” რადგან ამერიკას საშუალებას მისცემს მაისში კოვიდ-19-ის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის ჰქონდეს.

    ამ დროისთვის, ფარმაცევტულმა კომპანიამ “ჯონსონი და ჯონსონი” კოვიდ-19-ის ვაქცინის 3.9 მილიონი დოზა აწარმოა. კომპანია ასევე პირობას დებს, რომ ივნისამდე კიდევ 100 მილიონამდე დოზას გამოუშვებს.

    სანიტარული ზედამხედველობის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სამმართველომ განაცხადა, რომ Johnson & Johnson-ის  ვაქცინა უსაფრთხოა, ეფექტურად აღკვეთს კრონავირუსის მძიმე ფორმებით დაავადებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ საჭიროებს მეორე დოზას.

    Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson–ს ვაქცინის შენახვა საყინულის ნაცვლად მაცივარშიც შეიძლება.ვაქცინას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს. სხვა ვაქცინებისგან მას ის განასხვავებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. კომპანია წლის ბოლომდე აშშ-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს. აშშ–ს მოსახლეობისთვის პირველი დოზები ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო კვირაში.

    ექსპერტების აზრით ახალი ვაქცინა შესაძლოა Pfizer–ის და Moderna–ს ვაქცინების იაფფასიანი ალტერნატივა გახდეს, რადგან მათგან განსხვავებით ახალი ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც შეიძლება და განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი არ ჭირდება.

    რა ვიცით მის შესახებ Johnson & Johnson-ის ვაქცინის შესახებ? 

    აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

     

  • საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

    საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით, ათენიდან 400 კილომეტრში. მისი სიღრმე 10 კმ იყო.

    მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში: ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

    სტიქიურ უბედურებას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.