Category: მსოფლიო

  • კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

    ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში დამტკიცებული რიგით მესამე ვაქცინა იქნება კორონავირუსის წინააღმდგე.

    სანიტარული ზედამხედველობის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სამმართველომ განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ეფექტურად აღკვეთს კრონავირუსის მძიმე ფორმებით დაავადებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ საჭიროებს მეორე დოზას.

    ექსპერტების აზრით ახალი ვაქცინა შესაძლოა Pfizer–ის და Moderna–ს ვაქცინების იაფფასიანი ალტერნატივა გახდეს, რადგან მათგან განსხვავებით ახალი ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც შეიძლება და განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი არ ჭირდება.

    აშშ–ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებულმა წინასწარმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალს ვაქცინას შეუძლია 85%–ზე მეტად აღკვეთოს დაავადების მძიმე შემთხვევები, თუმცა კრონავირუსის საშუალო და მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 66%–ს არ აღემატება.

    ამასთან, კვლევის არცერთი მონაწილე ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არ გარდაცვლილა და არც საავადმყოფოში მოხვედრილა.

     

    კომპანია Johnson & Johnson აცხადებდა, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მაშინვე შეუძლია 4 მილიონი დოზის გამოშვება, მარტის ბოლოსთვის კი უკვე 20 მილიონი დოზის დამზადება.

    ვაქცინის პირველი 12 მილიონი დოზა ამერიკის ფედერალურ მთავრობას გადაეცემა.

  • სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი

    სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

    ”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე მივმართავ ერს პირდაპირ ეთერში ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნები ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

    ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერი ამბობს, რომ გასპარიანისა და მისი მოადგილის გადაყენებას ხელი მანამდე მოაწერა, სანამ გენერალური შტაბი მისი გადადგომის მოთხოვნით განცხადებას გაავრცელებდა.

    ამ წუთებში  ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს.

    https://www.facebook.com/nikol.pashinyan/videos/424883242099189

     

  • Covax-ის პლატფორმამ ვაქცინის განაწილება უკვე დაიწყო. პირველი 600 000 დოზა განაში გაგზავნეს

    განა მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covax-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ეს პლატფორმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი. AstraZeneca –ს 600 ათას დოზიანი პარტია, რომელშიც ინდოეთშია წარმოებული ოთხშაბათს აკრაში ჩაიტანეს.

    ვაქცინის პირველ მიმღებ ქვეყანად განა იმის გამო შეირჩა, რომ სხვებზე უკეთ მოემზადა ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ პირველი აცრა უკვე მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდება. პირველ რიგში ვაქცინას ჯანდაცვის სისტემის მუშაკები, 60 წელს გადაცილებულები, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მაღალჩინოსნები მიიღებენ.

    განას მოსახლეობა 30 მილიონია. აქ პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 80 ათას შემთხვევაზე მეტი და გარდაცვალების 580 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ტესტირების პრობლემების გამო ეს ციფრები შეიძლება არაზუსტი იყოს.

    Covax-ის პროგრამა ჯანმოს ხელმძღვანელობით შეიქმნა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის, ასევე ეპიდემიური მზადყოფნის სფეროში ინოვაციების კოალიციის მონაწილეობით.

    პროგრამის ამოცანაა უღარიბესი ქვეყნები ვაქცინის მიმღებთა რიგში ბოლო არ აღმოჩნდნენ. ამაში მათ დაფინანსების საშუალებით 98 მდიდარი და განვითარებული ქვეყანა დაეხმარება.

    ჯანმო თვლის, რომ 190 უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობა ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის 20%–ის ასაცრელად საკმარის დოზას მიიღებს საკუთარი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვის გარეშე, რაც ჯამში 2 მილიანდ დოზას შედაგენს.

    Covax-ის პლატფორმიდან უკრაინა 16 მილიონ დოზას ელოდება. რამდენ დოზას ელოდება საქართველო ამ პლატფორმიდან და როდის, დაზუსტებით არავინ ამბობს. საუბარია წლის ბოლომდე ჯამში 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, რაც 700 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.  პირველ ეტაპზე საუბარი იყო მარტის ბოლომდე 200 00 დოზამდე AstraZeneca–ს ვაქცინის შემოტანაზე. თუმცა ამ დღეებში ითქვა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ვადების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

  • ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

    საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის ვინაობა არ ხმაურდება.

    მსახიობის ადვოკატმა სააგენტო ფრანს პრესს დაუდასტურა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა განაცხადა, რომ დეპარდიე სრულად უარყოფს ბრალდებებს  და პროკურორების მოქმედებების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

    ორი წლის წინ მსახიობის ადვოკატმა ამ ბრალდებებს ასე უპასუხა: “ჟერარ დეპარდიე შეძრწუნებულია. ეს ბრალდებები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ის წარმოადგენს და იმასთან, რასაც ის პატივს სცემს.“

    ფრანგული მედიის ინფორმაციით მსახიობმა დეპარდიეს წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის აგვისტოს ბოლოს შეიტანა. 2019 წელს პარიზის პროკურორებმა ძიება დახურეს, მაგრამ 2020 წელს კვლავ განაახლეს.

    ფორმალური გამოძიება დეპარდიეს წინააღმდეგ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ პროცესის მიმდინარეობისას პროკურორებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა მსახიობისთვის ოფიციალური ბრალდების წაყენება საჭირო.

    Le Monde–ის ინფორმაციით მსახიობი ქალის ოჯახი, რომელმაც დანაშაულის შესახებ განაცხადა დეპარდიეს იცნობს. “ამ ამბავს პროფესიონალურ ურთიერთობებთან საერთო არაფერი აქვს„– უთხრა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

    ჟერარ დეპარდიე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია. ის 180 ფილმში მონაწილეობდა.

    2013 წელს დეპარდიემ საფრანგეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია, როცა ქვეყანა მდიდრებისთვის მაღალი გადასახადების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

    2013 წელს მითვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას პირადად ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

    მაშინვე დეპარდიე სარანსკში ჩავიდა, სადაც მორდოვიის ხელმძღვანელობამ მას ბინა ან სახლი შესთავაზა. იმავე თვეს მიანიჭეს “საპატიო უდმურტელის“ წოდება.

    2013 წლის თებერვალში დეპარდიემ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისგან რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება და გროზნოს ცენტრში ხუთოთახიანი ბინის გასაღები მიიღო. მოგვიანებით საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც მსახიობს ბინა ქონდა ხანძარი მოხდა.

  • კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს

    კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს ავტომბილების კოლონაზე შეიარაღებული თავდასხმისას იტალიის ელჩი, ლუკა ათანასიო მოკლეს. ამ ინფორმაციას რომში ადასტურებენ. ოფიციალური მონაცემებით მასთან ერთად დაიღუპა მინიმუ ერთი პოლიციის თანამშრომელი.

    ცნობილია, რომ დიპლომატი მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის ავტოკოლონით გადაადგილდებოდა.

    ავტომობილები რუანდასთან საზღვრის ახლოს, ქალაქ გომას რაიონში დაცხრილეს. ელჩი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

    ლუკა ათანასიო იტალიის დიპლომატიურ მისიას კონგოში 2019 წლის ბოლოდან ხელმძღვანელობდა.

    ადგილობრივი მედია წერს, რომ ის სავარაუდოდ თავდმსხმელთა მთავარი სამიზნე იყო, რომლებიც მის მძევლად აყვანას ცდილობდნენ.

  • მოქალაქეობა არალეგალებისთვის და გამარტივებული პროცედურები საზღვარზე – აშშ მიგრანტებს კარს უღებს

    აშშს საზღვარი უკვე გადალახეს თავშესაფრის მაძიებელთა ჯგუფებმა ათეულ ათასობით ადამიანიდან, რომლებიც ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მექსიკის ტერიტორიაზე ელიან. ბევრი პირდაპირი გაგებით გამყოფ კედელთან ათენებს ღამეს და იმედი აქვს, რომ ბედი მასაც გაუღიმებს.

    ეს არის პირველი ეტაპი რადიკალური საიმიგრაციო რეფორმისა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყო. რეფორმამ ბოლო უნდა მოუღოს ტრამპის პროგრამას, რომლის თანახმად აშშ–ში თავშესაფრის მიღების მსურველები იძულებულნი იყვნენ რამდენიმე თვე მექსიკაში დალოდებოდნენ სასამართლო მოსმენებს.

    ამიერიდან ამერიკის ხელისუფლება მექსიკის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმუშავებს. მიგრანტებს ვირტუალურ რეგისტარციაში, კორონავირუსის ტესტის გაკეთებასა და საზღვრის გადალახვაში დაეხმარებიან. საქმის განხილვამდე აშშ–ში გადასვლას და განხილვის დასრულებამდე ამერიკის ტერიტორიაზე დარჩენას მხოლოდ ის მიგრანტები შეძლებენ, ვინც ოფიციალური პროცედურა დაიწყეს.

    გასულ კვირას აშშ–ს ახალმა პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამაზე ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვას. ხუთშაბათს კი დემოკრატებმა გამოაქვეყნეს კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის გეგმას ეხება შტატებში უკვე მცხოვრები 11 მილიონი უსაბუთებო იმიგრანტისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

  • უკან დასახევი გზა მოჭრილია: ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებს საბოლოოდ დაემშვიდობნენ

    ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა, რომ სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე სასახლეში სამეფო ოჯახის წევრების სტატუსით აღარ დაბრუნდებიან. გადაწყვეტილება დედოფალმა დიდი ხანია მიიღო, მეგანმა და ჰარიმ კი ის მხოლოდ ოფიციალურად დაადასტურეს. პრინცმა და მისმა მეუღლემ დედოფალს წერილი მისწერეს, რომელშიც აცხადებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრთა სტატუსით საკუთარი სამუშაო მოვალეობების შესრულებაზე უარს ამბობენ. პრინცს ასევე ჩამერთმევა ყველა სამხედრო წოდება და სამეფო მფარველობა. განცხადებაში ნათქვამია: “სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ერთგულნი რჩებიან თავისი ვალისა, და დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს მსახურების მიმართ და თავის მუდმივ მხარდაჭერას სთავაზობენ ორგანიზაციებს, რომლებთანაც თანამშრომლობდნენ, მიუხედავად საკუთარი ოფიციალური წოდებისა და როლისა“.

    პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსზე უარი 2020 წლის მარტში თქვეს, რათა დამოუკიდებლად ეცხოვრათ და არა ბრიტანეთის ხაზინის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარსებო ფულიც დამოუკიდებლად გამოემუშავებინათ. ისინი საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდნენ. ბოლო ერთი წლის მანძილზე წყვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტებს Spotify–სთან და  Netflix–თან, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია. სამეფო ოჯახის მომუშავე წევრის სტატუსზე უარის თქმა იმასაც ნიშნავს, რომ წყვილი, რომელიც ამჟამად კალიფორნიაში 11 მილიონად ღირებულ სახლში ცხოვრობს, დაცვისა და თანამეგობრობის ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე რჩება. შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ ბევრი ბრალს სდებდა დედოფალს იმაში, რომ პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ სამეფო კარმა მას მძღოლი და დაცვა ჩამოართვა, რომლებიც ამ ტრაგედიას უბრალოდ არ დაუშვებდნენ.

    დღევანდელი გადაწყვეტილება სასექსის ჰერცოგისა და სამეფო ოჯახის წევრების საუბრის შემდეგ იქნა მიღებული. ამიერიდან დედოფლის განკარგულებაში გადადის შემდეგი ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებსაც ჰარის და მეგანის პატრონაჟის ქვეშ იყვნენ: სამეფო საზღვაო ფეხოსნები, RAF Honington, სამეფო ფლოტის მცირე ხომალდები და დაივინგი, თანამეგობრობა, რაგბის კავშირი, რეგბის საფეხბურთო ლიგა, ნაციონალური სამეფო თეატრი და თანამეგობრობის უნივერსიტეტთა ასოციაცია.

    შეგახსენებთ, რომ ჰარი და მეგანი უკვე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ მეგანის ორსულობის დამადასტურებელი ფოტოც გამოაქვეყნეს.  წყვილმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ცნობილ ტელეწამყვანს, ოფრა უინფრის, რომელიც ეთერში 7 მარტს გავა.

  • ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები და გაერო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავენ

    შაბათ–კვირას რუსულმა სასამართლოებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ორი განაჩენი დაამტკიცეს. ორშაბათს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში არსებული სიტუაციის განსახილველად იკრიბებიან. ევროდიპლომატიის მეთაურმა, ჟოზეპ ბორელიმ სასამართლო გადაწყვეტილებების საპასუხოდ რუსული სასამართლოები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეილების იგნორირებაში დაადანაშაულა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ნავალნის დევნა პოლიტიკურია.

    ვიდეოკონფერენციაში ჩაერთო აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენტონი ბლინკენი. მოსალოდნელია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით– წერს სააგენტო ფრანს პრესი მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ზომები შეიძლება შეიცავდეს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

    ამის შემდეგ ექსპერტები გადაწყვეტენ, რომელი პირები შევლენ ამ სიაში. სანციები უკვე დააანონსა ლუქსემბურგის საგარეო უწყების მეთაურმა გერმანული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

    ორშაბათს რუსეთის საკითხს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც განიხილავენ.

    ბრიტანული Daily Telegraph წერს, რომ სხდომაზე სიტყვით გამოვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი და მოსკოვს ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულებს.

    ამ ინფორმაციას ადასტურებს Financial Times, რომლის ინფორმაციით ბრიტანეთის საგარეო მინისტრი იტყვის, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ ძალადობა ზრდის მსოფლიოს შეშფოთებას რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე უარის გამო.

  • ისრაელი შეზღუდვებს აუქმებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია

    კვირას, 21 თებერვალს ისრაელმა მთელი რიგი შეზღუდვები მოხსნა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო შემოიღო. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს. ორივე დოზით აცრილთა რაოდენობამ კი 32%–ს გადააჭარბა.

    ქვეყანაში მუშაობას განაახლებენ სპორტდარბაზები, სასტუმროები და რელიგიური დაწესებულებები. ვიზიტორებმა თან უნდა იქონიონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ანტისხეულების არსებობის შესახებ ცნობა. ვაქცინაციისა და ანტისხეულების დამადასტურებელი დოკუმენტი სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში აისახება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.

    ისრაელში დღეიდან მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია.  თუმცა მაღაზიებში შესასვლელად არ არის საჭირო ცნობა ვაქცინაციის და ანტისხეულების შესახებ.

    ისრაელის მოქალაქეებმა ძველებურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ცეკვები საბანკეტო დარბაზებში და რესტორნელბში აკრძალულია, მეჩეთებში, სინაგოგებში და ეკლესიებში კი ერთდროულად მყოფთა რაოდენობა ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

    ისრაელში მოსახლეობის აცრის კამპანია ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი და აქტიურია მსოფლიოში. Pfizer–ის ვაქცინის პირველი კომპონენტი 9 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 45%–ზე მეტმა მიიღო.

    ხელისუფლების ინფორმაციით ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 95.8 პროცენტია.

    ისრაელში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 740 ათასი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 5500 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის მანძილზე სამჯერ შემოიღო მკაცრი ლოქდაუნი. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მეოთხე ლოქდაუნი აღარ იქნება.

  • ნავალნის საქმის გამო რუსეთი შესაძლოა ევროსაბჭოდან გარიცხონ

    რუსეთის ხელისუფლების უარმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნაზე ნავალნის გათავისუფლების შესახებ შესაძლოა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა ან გასვლა გამოიწვიოს. ასეთი რამ სტრასბურგში მხოლოდ ერთხელ, ნახევარი საუკუნის წინ მოხდა, როცა საბერძნეთს „შავი პოლკოვნიკები“ მართავდნენ. იურისტები ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციას უნიკალურს უწოდებენ.

    16 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო უზრუნველყოფის ღონისძიება ნავალნის ახალ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 2–ე მუხლით გათვალისწინებულ მისი სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხება.

    სასწრაფო ზომების მიღების შუამდგომლობაში ნავალნის ადვოკატების მიერ მოყვანილი იყო საფრთხის არაპირდაპირი მტკიცებულებები. “ნავალნი ხელისუფლებას მის მოწამვლაში ადანაშაულებდა, ახლა კი ციხეში მათი სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება“ – წერდნენ ნავალნის ადვოკატები. საფრთხის ირიბ მტკიცებულებად მათ შემდეგი გარემოებები მოიყვანეს: თვითმრინავი, რომლის ბორტზე ნავალნი და ასობით სხვა მგზავრი იყო ვნუკოვოს აეროპორტიდან შერემეტევოს აეროპორტში გადაამისამართეს, ის დააპატიმრეს იურიდიული დახმარების უფლების გარეშე, მოსკოვის იზოლატორში კი, სადაც ის იმყოფება, აქამდე არაერთხელ მომხდარა პატიმრების თვითმკვლელობა.

    ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას მოთხოვა გაათავისუფლოს ოპოზიციონერი მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არსებული საფრთხის გამო საქმის არსებითად განხილვამდე, თუმცა უარი მიიღო.

    20 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება “ივ როშეს“ საქმეზე ნავალნის კოლონიაში გაგზავნის შესახებ.

    სტრასბურგის სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიებებს საკუთარი რეგლამენტის 39–ე წესის ფარგლებში იღებს, ჯერ კიდევ საქმეების არსებით განხილვამდე. ეს გამონაკლის შემთხვევებში ხდება. 2020 წელს 220 ასეთი შეუამდგომლობიდან რუსულ საქმეებზე სასამართლომ სულ 36 დააკმაყოფილა. სახელმწიფომ ასეთი შუალედური გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

    მოთხოვნების შეუსრულებლობა კონვენციის 34–ე მუხლის დარღვევად ითვლება, რომლის მიხედვით სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს მოსარჩელის უფლების ეფექტურად განხორციელებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ევროპული სასამართლო ამისათვის განმცხადებელს კომპენსაციას უნიშნავს.

    რუსეთი ამ მუხლს ადრეც არღვევდა: ადამიანებს მათთვის საშიშ ქვეყნებს გადასცემდნენ, ან იტაცებდნენ, დაპატიმრებულებს არ აწვდიდნენ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მითითებულ სამედიცინო დახმარებას. ასეთ შემთხვევებში ხელისუფლება არასოდეს აცხადებდა, რომ განზრახ არ მოქმედებდა, და პირობას დებდა, რომ მომავალში ამას არ დაუშვებდა.

    ახლა კი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პირველად განაცხადა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ არის გათვალისწინებული კონვენციით და ადრეც რუსეთი მათ მხოლოდ “კეთილი ნებით“ ასრულებდა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ასევე კრემლში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლებრივად თვლიან.

    რუსეთის კონსტიტუციით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს. ამისათვის მან უნდა აღიაროს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა ნავალნის გათავისუფლების შესახებ რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

    ასეთი მოთხოვნით საკონსტიტუციოსთვის მიმართვა იუსტიციის სამინისტროს გარდა მთავრობას, უმაღლეს სასამარლოს ან პრეზიდენტს შეუძლიათ.

    თუმცა, სტრასბურგისთვის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს. ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციის უფლება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს აქვს, მისი  გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი კი მხოლოდ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია.

    ექსპერტები ამბობენ, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს ქვეყნის კონვენციის დამრღვევად ცნობის შესახებ. საქმე ეხება კონვენციის 46–ე მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყოველთვის შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტს უფლებას აძლევს გამოითხოვოს დიდი პალატიდან ინფორმაცია, შესრულებულია თუ არა კონკრეტულ საქმეზე დაკისრებული ვალდებულება.

    ეს პროცედურა 2010 წელს მოიგონეს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ფორმა.

    სტრასბურგში თვლიან, რომ მისი გამოყენება ეფექტური სტიმულია. თუმცა ეს ზომა მხოლოდ ერთხელ – აზერაბაიჯანელ ოპოზიციონერ ილგარ მამედოვთან დაკავშირებით გამოიყენეს.

    აზერბაიჯანი ევროსაბჭოს ორგანიზაციიდან გასვლით ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ ოპოზიციონერი გაათავისუფლა და ბრალდებები მოუხსნა. თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია.

    რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება შესაძლოა კონვენციის 46–ე მუხლით დაიწყოს, თუმცა  ევროსაბჭოს სხვა, უფრო პირდაპირი გზაც აქვს: რუსეთის გარიცხვის შესაძლებლობა მის მიერ ევროსაბჭოს წესდების 3–ე მუხლის დარღვევისთვის, რომელიც სახელმწიფოსგან კანონის უზენაესობის, ადამიანების უფლებების დაცვას და ევროსაბჭოს მიზნებისთვის აქტიურ თანამშრომლობას  გულისხმობს.

    ნებისმიერი პროცედურა ექსპერტების თქმით ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, თუმცა მათ განხორციელებაზე თვეები და შესაძლოა წლებიც დაიხარჯოს.

    შეიძლება თუ არა რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხონ?

    ევროსაბჭოდან სახელმწიფოს გარიცხვის გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა ერთადერთხელ მიიღო – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო საბერძნეთში, „შავი პოლკოვნიკების„ (მემარჯვენე ტიპის სამხედრო დიქტატურა) მიერ. 1967 წელს საქმის განხილვის ინიციატორები დანია, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები იყვნენ. შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბერძენი დელეგატების უფლებამოსილება შეწყდა.

    1969 წელს მინისტრთა კომიტეტმა ევროსაბჭოდან საბერძნეთის გარიცხვის პროცედურა წამოიწყო. ხელისუფლებას შესთავაზეს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ დაკავებულები, შეეწყვიტათ წამება და სასტიკი მოპყრობა.

    საბერძნეთმა საპასუხოდ ევროსაბჭოს სტრუქტურები ანტიბერძნულ მოღვაწეობაში და პროცედურების დარღვევებში დაადანაშაულა. გარიცვის წინ სებერძნეთმა თავად განაცხადა ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ და ის საბოლოოდ 1970 წელს დატოვა.

    რეჟიმის დაცემის შემდეგ 1974 წელს ბერძნები ევროსაბჭოში ისევ მიიღეს. ამისათვის მათ კონვენციის ხელახლა რატიფიცირება მოუწიათ.

    რუსეთი პირველად ევროსაბჭოდან გარიცხვის ზღვარზე 2000 წელს აღმოჩნდა ჩეჩნეთში ადამიანების უფლებების დარღვევის გამო. თუმცა საქმე მხოლოდ რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენო ასამბლეის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეჩერებით შემოიფარგლა. 2001 წელს ის კვლავ აღადგინეს. უფრო გაჭიანურებული კონფლიტქი მოყვა რუსეთის მიერ ყირიმის შეერთებას, თუმცა გარიცხვამდე საქმე მაინც არ მივიდა.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროსაბჭოს სამმა წევრმა – ნიდერლანდება, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოუწდეს რუსეთს ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

    ძალთა განლაგება ევროსაბჭოში სერიოზულად შეიცვლება მაისში, მას შემდეგ, რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში თავმჯდომარეობა გერმანიიდან საქართველოს გადაეცემა. სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში მოუწევს ევროსაბჭოს სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.

    ექსპერტები ამბობენ, რომ ნავალნის მოწამვლა და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის უნიკალური შემთხვევაა და მას შეიძლება უნიკალური შედეგებიც მოჰყვეს.