Category: მსოფლიო

  • ბაიდენმა სომხების გენოციდი აღიარა. რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდი აღიარა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მსხვერპლს პატივი უნდა მივაგოთ იმისთვის, რომ მომხდარი საშინელება ისტორიაში არ დაიკარგოს.

    “დღეს, როცა ვგლოვობთ მათ, ვინც დავკარგეთ, მოდით მივაპყროთ თვალები მომავლისკენ – . ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ სიცოცხლეს, ვინც დაიღუპა ოსმანეთის ეპოქაში სომხების გენოციდისას და კვლავ ვიღებთ ვალდებულებას, აღარ დავუშვათ მსგავსი ბოროტმოქმედების განმეორება. ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის შედეგად დაიღუპა.“ – თქვა ბაიდენმა მისი გამოსვლისას შაბათს, 24 აპრილს როცა სომხეთი და სომხური დიასპორა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ.

    ჯო ბაიდენი აშშს პირველი პრეზიდენტია, ვინც სომეხთა გენოციდი აღიარა. ეს განცხადება სამართლებრივ შედეგებს არ გამოიწვევს, თუმცა შესაძლოა ბაიდენის ადმინისტრაციასა და თურქეთს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.

    სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ სომხები მთელ მსოფლიოში დიდი ენთუზიაზმით მიესალმებიან გენოციდის აღიარებას. მის სიტყვებს როიტერი ციტირებს, რომლის მიხედვით სომხეთისთვის ეს უსაფრთხოების საკითხია, განსაკუთრებით კი გასულ წელს რეგიონში მომხდარი მოვლენების შემდეგ.

    “დღეს აშშ–ს ხელისუფლებამ არაორაზროვნად დაადასტურა საკუთარი ერთგულება ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ფასეულობებისადმი. აშშ–ს პრეზიდენტის გზავნილი დიდი წვლილია სომხების გენოციდის გლობალური აღიარების და გენოციდების აღკვეთის საქმეში“– განაცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    ბაიდენმა სომხების გენოციდის აღიარების პირობა გასულ წელს, ამავე დღეს, წინასაარჩევნო კამპანიისას დადო.

    “ჩვენ არ უნდა  ვდუმდეთ ადამიანების ამ საშინელ, სისტემატურ დამცირებაზე. თუ არ ვაღიარებთ გენოციდს, არ გვემახსოვრება ის და არ მოვუყვებით მის შესახებ ჩვენს შვილებს, მაშინ სიტყვა – “აღარასოდეს “– მნიშვნელობას დაკარგავს“– თქვა მშაინ ბაიდენმა.

    საკუთარი გეგმების შესახებ როიტერის ცნობით ამერიკის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გააფრთხილა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე სამთვიანი მოღვაწეობის შემდეგ პირველად დაურეკა.

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მთლიანად უარყოფს აშშ–ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას.

    “ჩვენ საკუთარი წარსულის შესახებ სხვებისგან არაფერი გვაქვს სასწავლი. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობის და სამართლიანობის უდიდესი ღალატია. ჩვენ სრულად უარვყოფთ ამ განცხადებას,რომელიც მხოლოდ პოპულიზმს ემყარება.“– დაწერა ჩავუშოღლუმ ტვიტერზე.

    თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ კალინმა ბაიდენს ურჩია ყურადღება მიაქციოს აშშ–ს წარსულსა და აწმყოს.

    ბაქო აცხადებს, რომ ბაიდენის პოზიციას ისტორიის დამახინჯებად და ამის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებად თვლის.

    1915-1923 წლის ტრაგიკული მოვლენების გენოციდად აღიარებისას ბაიდენმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ–ში სომხური დიასპორის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგადაც მიიღეს.  მისი თქმით, სომეხი იმიგრანტები არასოდეს ივიწყებდნენ იმ ტრაგედიას, რომელმაც მათი წინაპრები ამერიკის ნაპირებთან მიიყვანა. ბაიდენმა თქვა, რომ ისინი პატივს მიაგებენ ისტორიას და ამ ადამიანების ტკივილს.

    ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ–ში ოსმანეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობებს და დეპორტაციას ოფიციალურად სისასტიკეს (atrocity) უწოდებდნენ. სწორედ ამ სიტყვას იყენებდნენ ყველა ოფიციალურ განცხადებაში.

    1981 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პროკლამაციაში პირველად უწოდა ამ მოვლენებს სომეხთა გენოციდი, თუმცა ამის შემდეგ აშშ–ს ყველა პრეზიდენტი ცდილობდა ეს სიტყვა არ გამოეყენებინა.

    მთავარ მიზეზი როგორც მოგვიანებით პრეზიდენტ ობამას ერთ–ერთმა მრჩეველმა , ბენ როდსმა აღიარა, დიდი გეოპოლიტიკური მოსაზრებები იყო.

    “ყოველ წელს ახალი მიზეზი ჩნდებოდა. თურქეთი ერთ–ერთი მთავარი მოთამაშე იყო ბევრი იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებოდით.“– თქვა მან.

    ერთ–ერთი ასეთი მიზეზი 2019 წელს მოულოდნელად პრეზიდენტმა ტრამპმა გაახმოვანა. მან თქვა, რომ ინჯირლიკში აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც ამერიკული და თურქული თვითმფრინავები იყო ბაზირებული, 50 ამერიკული ტაქტიკური ბირთვული ქობინი იყო განლაგებული.

    თუმცა, ბოლო წლების მანძილზე ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბებოდა. მთავარი მიზეზი 2019 წელს თურქული არმიის სირიაში შეჭრა გახდა. ასევე ერდოღანის გადაწყვეტილება რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სისტემების შესყიდვის შესახებ.

    ამის შემდეგ აშშ–მ ანკარას მიმართ შემზღუდველი სანქციები შემოიღო, მოგვიანებით კი გამანადგურებელ F-35–ის შემუშავების პროგრამიდან თურქეთის გარიცხვის შესახებ განაცხადა.

    “გენოციდის აღიარების გამოცხადება მოწმობს რეგიონში ამერიკის პოლიტიკის შემობრუნებას. მანამდე, 2019 წელს კონგრესმაც და სენატმაც აღიარეს გენოციდის ფაქტი. ასეთივე დეკლარაციები მიიღო აშშ–ს 49 შტატმა, თუმცა თეთრმა სახლმა მხოლოდ ახლა გადადგა მსგავსი ნაბიჯი“– ამბობს სომხეთის ამერიკის ნაციონალური კომიტეტის დირექტორი, არამ ჰამპარიანი.

    თეთრი სახლის განცხადებას იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია. ამის მიუხედავად, აშშ–ს პროსომხური მოძრაობის აქტივისტების თქმით ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს.  ისინი თვლიან, აშშ–ს ადმინისტრაცია, რომელიც აქამდე ცდილობდა ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩარეულიყო, ახლა თურქეთთან ღია კონფრონტაციაზე წავიდა და რეგიონში სრულუფლებიანი მოთამაშე ხდება.

    თანამედროვე თურქეთი არ აღიარებს გენოციდად 1915 წლის მოვლენებს, როცა ოსმანეთის იმპერიაში მილიონნახევრამდე სომეხი დაიღუპა, და ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების მიერ ამ მოვლენების გენოციდად აღიარებას, რადგან ეს მისთვის მტკივნეული საკითხია – ერთის მხრივ ნაციონალური ისტორიის ინტერპრეტაციას ნიშნავს. მეორეს მხრივ კი თურქებს ეშინიათ, რომ ამ აღიარებას შესაძლოა სომხეთისა და დიასპორის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნა მოჰყვეს.

    რუსეთმა, საფრანგეთმა, კანადამ და ათეულობით სხვა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ სომეხთა გენოციდი აღიარა. მათ შორის ევროკავშირმა ევროპარლამენტის სახით.

    თუმცა, ძირითადად მათ იურიდიულად არაფრისმთქმელი დეკლარაციები მიიღეს.

    რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს თქვა, რომ თუ პრეზიდენტი ბაიდენი 1915 წლის მოვლენებს გენოციდად ცნობს, ეს ისედაც დაძაბულ ამერიკულ–თურქულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააფუჭებს, არადა ეს ორი ქვეყანა ნატოში პარტნიორები არიან.

    “იურიდიული ძალის არმქონე განცხადებებს დადებითი გავლენა არ ექნება, თუმცა ზიანის მოტანა შეუძლია ურთიერთობებისთვის. თუ აშშ–ს უნდა ურთიერთობების გაფუჭება, ეს მათი არჩევანია“ – ციტირებს ჩავუშოღლუს სააგენტო როიტერი.

    თურქეთის საგარეო სამინისტრო ბაიდენის განცხადებას კანონიერი საფუძვლის არმქონეს უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს და ღრმა ჭრილობას ამწვავებს, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მეგობრობას ძირს უთხრის.

  • სკანდალი ბრიტანულ პოლიტიკაში: ყოფილი მრჩეველი და “რუხი კარდინალი“პრემიერ ჯონსონს ღიად დაუპირისპირდა

    ბრიტანეთში პოლიტიკური სკანდალია: პრემიერ მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დომინიკ კამინგსი, რომელსაც პრესა “ბრექსითის არქიტექტორს“ და მთავრობის რუხ კარდინალს უწოდებდა, ბორის ჯონსონ მწვავედ აკრიტიკებს.

    კამინგსი ყოფილი უფროსის წინააღმდეგ პარასკევს საღამოს გამოვიდა. საკუთარ ბლოგში მან მთავრობის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა, ნეგატიურად შეაფასა მისი ქმედებები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მოყვა, რომ პრემიერი არაეთიკური, და პრაქტიკულად უკანონოო სქემებით გეგმავდა საკუთარი ბინის რემონტის დაფინანსებას.

    პრემიერის პრესმდივანმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მთავრობაში ყველა ეთიკურ ნორმას და კანონს იცავენ, რემონტი კი ჯონსონმა საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა.

    კამინგსი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის საკვანძო პოლიტტექნოლოგად ითვლება და მას უდიდესი გავლენა ქონდა პრემიერ მინისტრზე 2020 წლის ნოემბრამდე, როცა მან უფროსი მრჩევლის პოსტი დატოვა.

    რა დაწერა კამინგსმა

    ხუთშაბათს ჟურნალისტებმა კამინგსი ცოტა ხნის წინ პრესაში ჯონსონის მიმოწერის გაჟონვის ფაქტთან დააკავშირეს.

    მან ამ ბრალდებებს საკუთარ ბლოგში უპასუხა და არა მხოლდ კატეგორიულად უარყო, არამედ მათ ავტორად პრემიერ მინისტრის პრესმდივანი დაასახელა, რომლის უკანაც მისი აზრით თავად ჯონსონი დგას.

    იმავე პოსტში ის კონტრშეტევაზეც გადავიდა. ჯონსონი შიდა შემოწმებებში ჩარევებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჯონსონს სურდა მისი მეორე მრჩეველი, ჰენრი ნიუმანი გადაერჩინა ინფორმაციის გაჟონვის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებისგან, იმიტომ რომ ის პრემიერის საცოლის საუკეთესო მეგობარია.

    კამინგსმა მწვავე განცხადება გააკეთა ჯონსონის გეგმებთან დაკავშირებით მისი ბინის რემონტის თაობაზე:

    “მე მას ვუთხარი, რომ არაეთიკური, სულელი და პოტენციურად უკანონო იყო მისი გეგმა, საიდუმლოდ აენაზღაურებინა ბინის რემონტი დონორების  [ პოლიტიკური ]   ფინანსებით და რომ ეს თითქმის ასი პროცენტით არღვევდა პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების წესებს“– წერს კამინგსი და დასძენს, რომ უარი თქვა ამ მიზნისთვის გადახდების ორგანიზებაში.

    საქმე ეხება დაუნინგ სთრითის 11–ში, ფინანსთა მინისტრისოფიციალური რეზიდენციის ზედა სართულზე მდებარე ოთხსაძინებლიანი ბინის რემონტს.

    ის ბევრად დიდია მეზობლად მდებარე პრემიერის რეზიდენციაზე, რის გამოც ჯონსონმა და მისმა საცოლემ ამჯობინეს ამ ბინაში ეცხოვრათ, ისევე როგორც მისმა ზოგიერთმა წინამორბედმა.

    ბიბისი–ს წყაროს ინფორმაციით გაზაფხულისთვის რემონტი პრაქტიკულად დამთავრებული იყო, თუმცა ხარჯები დაფარული არ ყოფილა, რადგან ხარჯებმა გადააჭარბა პრემიერისთვის გამოყოფილ წლიურ თანხას საცხოვრებლის მოსაწყობად – 30 ათას ფუნტს.

    რამდენიმე ბრიტანულმა მედიასაშუალებამ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯონსონი განიხილავდა საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესაძლებლობას, რათა კერძო შემოწირულობები მიეზიდა. სწორედ ამ მოდელს იყენებენ აშშ–ს პრეზიდენტები თეთრი სახლის რემონტისთვის.

    თუმცა, პარასკევს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯონსონმა პირადად დაფარა რემონტის ხარჯები.

    საიდან დაიწყო ყველაფერი:

    ეს სკანდალი საფუძველს სხვა სკანდალიდან იღებს. კვირის დასაწყისში ბიბისი–მ გამოაქვეყნა ბორის ჯონსონისა და  ბრექსითის აქტიური მხარდამჭერის, მილიარდერ სერ ჯეიმს დაისონის მიმოწერის ფრაგმენტები .

    მიმოწერაში ჯონსონი დაისონს პირდება, რომ მოაგვარებს მისი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებს, თუ ის სინგაპურის შტაბ–ბინის ნაცვლად ბრიტანეთში იმუშავებს.

    მიმოწერა გასული წლის მარტში შედგა, როცა მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭირო რაოდენობა მიეღო კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის და დაისონის კომპანია ამ აპარატების შემუშავებისთვის მიიწვია.

    ოპოზიციამ ამ მიმოწერას კონსერვატიული ბიზნესმენების მფარველობის და პრივილეგიების მტკიცებულება უწოდა. თუმცა, ჯონსონი ამბობს, რომ სიგიჟეა ამ ყველაფერში რამე საჩოთირო დაინახო. მთავრობა ამტკიცებს, რომ პადნემიის პირობებში ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა.

    მთავრობაში დაიწყო იმის ძიება და შემოწმება, თუ საიდან გაჟონა ინფორმაციამ. ბევრმა მედიასაშუალებამ ინფორმაციის გაჟონვა პირდაპირ დაუკავშირა კამინგსს. სწორედ ამას უპასუხა პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა საკუთარ ბლოგში დ ა უარყო, რომ ინფორმაციის გაჟონვის წყარო ის არის.

    იმ ადამიანის სენსაციური ბლოგი, რომელიც წარსულში ბორის ჯონსონი უერთგულესი მოკავშირე იყო, შეიძლება დიდი სკანდალის დასაწყისი აღმოჩნდეს. ყველაზე ინფორმირებულ ადამიანს შეუძლია უამრავი ინფორმაცია გაამჟღავნოს, რომელზეც დაუნინგ სთრითზე მუშაობისას მიუწვდებოდა ხელი. პრაქტიკულად, მან თავის დაცვასთან ერთად უკვე გაამჟღავნა ჯონსონის სამზარეულოს დეტალები, თუნდაც ბინის რემონტთან დაკავშირებულ საკითხში.

    რა იქნება მომავალში?

    კამინგსი პირობას დღებს, რომ ყველა კითხვას 26 მაისს უპასუხებს. სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი მისი გამოსვლა საპარლამენტო კომისიის წინაშე, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის ქმედებებს შეისწავლის.

    კამინგსმა საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ მზად არის გამოაქვეყნოს ყველა ელექტრონული წერილი, რომელიც 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ნოემბრამდე მიიღო, ანუ იმ დროს, როცა პრემიერის უფროსი მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.

    “მსგავსი საკითხების მოგვარების სწორი გზა იქნება სასწრაფოდ დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება კოვიდ19–ის კრიზისთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებების შესასწავლად, რომელმაც უნდა შეაგროვოს ყველა საკვანძო ფიგურის ჩვენებები და მიიღოს წვდომა დოკუმენტებთან“– წერს კამინგსი.

     

  • ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა

    ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა

    ციხეში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Instagram-ზე გაავრცელა.

    “ექიმები, რომლებსაც სრულად ვენდობი, გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომ ჩვენ საკმარისს მივაღწიეთ იმისათვის, რომ შიმშილობა შევწყვიტო. და გულახდილად გეტყვით, მათმა სიტყვებმა, რომ ანალიზები აჩვენებს: “მინიმალურ დროში სამკურნალო აღარავინ იქნება”, მმმმ, ყურადღების ღირსია”, – წერს ალექსეი ნავალნი.

    მანამდე ნავალნის ექიმმა თქვა, რომ ციხეში მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოკვდეს.

    ალექსეი ნავალნი 31 მარტიდან დღემდე შიმშილობდა.

    ცნობისთვის, მას მოსკოვის სასამართლომ 3.5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა.

    ნავალნი ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ ბერლინში მკურანალობდა, საიდანაც მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს.

  • ბელგიის ელჩმა სამხრეთ კორეაში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მისმა ცოლმა მაღაზიის გამყიდველს დაარტყა

    სამხრეთ კორეაში ბელგიის ელჩმა ბოდიში მოიხადა მისი ცოლის “მიუღებელი რეაქციის გამო“ მაღაზიის თანამშრომლებთან დაპირისპირებისას, რომელიც სეულში მოხდა.

    მაღაზიის კამერებით გადაღებულ და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პიტერ ლესქუიერის  ცოლმა, სიან სიუეჯიუმ მაღაზიის კონსულტანტს სილა გააწნა. მაღაზიის პერსონალს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ტანსაცმელი, რომლითაც ის მაღაზიის დატოვებას აპირებდა ნამდვილად მისი იყო და არა მაღაზიიდან ნაქურდალი, რასაც ქალის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

    სეულში ბელგიის საელჩო იტყობინება, რომ 63 წლის სიანი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ინსულტის შემდეგ მოხვდა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ყოველნაირად ითანამშრომლებს გამოძიებასთან ინციდენტის გამოძიებისას.

    ინციდენტი 9 აპრილს მოხდა. სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, ელჩის ცოლი მაღაზიაში ერთი საათის განმავლობაში იზომავდა ტანსაცმელს, სანამ წასვლას გადაწყვეტდა. მას მაღაზიიდან გასვლისას ერთ–ერთი თანამშრომელი გაჰყვა, რომელსაც უნდოდა შეემოწმებინა, რომ ტანსაცმელი, რომელიც ქალს ეცვა ნამდვილად მისი იყო და არა მაღაზიიდან მოპარული.

    როგორც მედია იტყობინება, ელჩის ცოლი მაღაზიის თანამშრომელთან ერთად მაღაზიაში შებრუნდა, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებისას მან ხელი ჰკრა და დაარტყა თანამშრომელს, რომელმაც ინციდენტში ჩარევა სცადა.

    “არც ვიცოდი ვინ იყო ის ქალი, როცა თავს დამესხა. თუმცა ის თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და შეწუხებულს არ გავდა.“ – ამბობს მეორე თანამშრომელი, რომელიც ჩივის, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა დაუწითლდა და შეუშუპდა.

    საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონი ლესკუიერი გულწრფელად წუხს ინციდენტის გამო და უნდა მისი ცოლის სახელით ბოდიში მოიხადოს.

    “გარემოებების მიუხედავად მიუღებელია ის, თუ რა რეაქცია ჰქონდა მას მომდარზე“– ნათქვამია განცხადებაში.

    ასევე ნათქვამია, რომ ელჩის ცოლი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პოლიციაში მოსვლას, რადგან გასული კვირის ბოლოს გადატანილი ინსულტის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობს.

    “იმედი გვაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება და მალე შეძლებს პოლიციას გამოძიებაში დაეხმაროს, რათა ყველამ მალე დავტოვოთ წარსულში ეს სამწუხარო ინციდენტი.“ – წერია განცხადებაში.

    ამ ინციდენტმა სამხრეთ კორეაში მწვავე რეაქცია და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ელჩის ცოლმა შეიძლება დიპლომატიური იმუნიტეტის მოშველიებით გამოძიებას და სასამართლოს თავი აარიდოს.

    https://www.youtube.com/watch?v=37XSYIGUV74

     

  • ჯორჯ ფლოიდის ოჯახის რეაქცია, როდესაც ნაფიცმსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს – ვიდეო

    46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების სამივე პუნქტში დამნაშავედ სცნეს. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.მოსამართლემ დერეკ შოვინის სასჯელის ზომა რვა კვირაში ვადაში უნდა გამოაცხადოს.

    უცხოური მედია ავრცელებს, ვიდეოს, სადაც ჯორჯ ფლოიდის ოჯახის რეაქცია, ჩანს მაშინ  როდესაც ნაფიცმსაჯულებმა ფლოიდის საქმეში ყოფილ პოლიციელს, განაჩენი გამოუტანეს.

    ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა, მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გადახდის გამო მისი დაპატიმრების მცდელობისას. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. მისმა სიკვდილმა ბიძგი მისცა თვეების განმავლობაში გაგრძელებულ, ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს საპოლიციო სისასტიკის და რასიზმის წინააღმდეგ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო.

  • ჯორჯ ფლოიდის საქმე – ყოფილი პოლიციელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

    46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების სამივე პუნქტში დამნაშავედ სცნეს. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.მოსამართლემ დერეკ შოვინის სასჯელის ზომა რვა კვირაში ვადაში უნდა გამოაცხადოს.

    ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა, მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გადახდის გამო მისი დაპატიმრების მცდელობისას. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა. მისმა სიკვდილმა ბიძგი მისცა თვეების განმავლობაში გაგრძელებულ, ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს საპოლიციო სისასტიკის და რასიზმის წინააღმდეგ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 მარტს დაიწყო.

     

  • ისრაელი მასობრივი ვაქცინაციის შედეგად ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

    ისრაელი, რომელიც მსოფლიოში ვაქცინაციის ლიდერია პანდემიის დაძლევის გზაზეა და ნორმალურ ცხოვრებას თანდათან უბრუნდება.  მასობრივი ვაქცინაციის წყალობით ქვეყნის მა შტაბით ღია სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ არის.

    ისრაელის მოსახლეობის 16 წელზე უფროსი ასაკის 81%-მდე სრულად არის აცრილია „პფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით.  შედეგად ქვეყანაში ინფექციის გავრცელება და ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად შემცირდა.

    კვლავ შეზღუდული რჩება მოგზაურობა უცხოელებისთვის. ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან აცრის გარეშე ბრუნდებიან, თვითიზოლაცია მოეთხოვებათ.

    საზღვარგარეთიდან შესულმა ვირუსის ახალმა ვარიანტებმა, შესაძლოა სარისკო ვითარება შექმნას. ჯანდაცვის უწყების ცოდნით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა, ვირუსის იმ ახალი ვარიანტის 7 შემთხვევა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა.

    „ახლა მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე ვართ, როცა საქმე კორონავირუსთან გამკლავებას ეხება, მაგრამ მას შეუძლია კვლავ დაბრუნდეს“ – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მნისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

    ქვეყანაში სრულად გაუქმდა საპოლიციო ზედამხედველობით უზრუნველყოფილი სავალდებულო ბრძანება ნიღბის ტარების შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა. ამ ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნიღბის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეებში.

    „უცნაური გრძნობაა, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, პირბადის გარეშე ყოფნა. თუ ამ ყველაფრის დასასრულებლად, მხოლოდ დახურულ სივრცეებში ნიღიბის ტარებაა საჭირო, ამას აუცილებლად გავაკეთებ“ – ამბობს 19 წლის ამიტა ჰოლგარდენი.

    ისრაელის საბავშვო ბაღების, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები უკვე კლასებში დაბრუნდნენ – ისინი უკვე უბრუნდებიან წინა-პანდემიურ განრიგს.

    მასწავლებლებს დაევალათ, უზრუნველყონ საკლასო ოთახების ვენტილაცია და სოციალური დისტანცირება გაკვეთილებსა და შესვენებებზე. კლასგარეშე აქტივობები, როგორიცაა მაგალითად ბავშვთა თეატრი, კვლავ შეზღუდულია.

    „16 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებული, რომლებიც უნდა დავიცვათ“ – განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ისრაელის არმიის რადიოსთან საუბრისას.

  • ზრდასრულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია

    აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ზრდასრულ ამერიკელთა ნახვერაზე მეტს, კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.

    18 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრებმა 130 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელიც ასაკით 18 წელს ზემოთაა, ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ეს აშშ-ში მცხოვრებ ზრდასრულთა დაახლოებით 50.4%-ია.

    ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 209 406 814 დოზა ვაქცინაა გაკეთებული, 356 505 725 დოზა კი მიწოდებული.

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 131 247 546 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად აცრილი კი 84 263 408 ადამიანია.

    სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს „მოდერნასა“ და „პფაიზერის“, ასევე „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინებს.

    მანამდე, სამშაბათს აშშ-ის ჯანდაცვის ფედერალურმა სააგენტოებმა „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაზე გასცეს რეკომენდაცია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 50 წლმადე ასაკის ექვს ქალს, აცრის შემდეგ იშვიათი თრომბი განუვითარდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნავალნის ექიმი: ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში გარდაიცვალოს

    ნავალნის ექიმი: ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში გარდაიცვალოს

    ალექსეი ნავალნის ექიმი, იაროსლავ აშიხმინი ამბობს, რომ ციხეში რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს.

    “პაციენტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გარდაიცვალოს. სისხლში კალიუმის დონე 7.1 მმოლ/ლ-ია და ეს ძალიან ბევრია. კრეატინის დონე 50%-ზე მეტით არის გაზრდილი, შარდმჟავა მეტია 800 მმოლ/ლ-ზე, ეს შეიძლება თირკმლის პროგრესირებად უკმარისობაზე მიანიშნებდეს. პაციენტს კალიუმის ასეთი დონით უნდა აკვირდებოდნენ რეანიმაციაში, რადგან ფატალური არითმია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ მომენტში. სიკვდილი გულის გაჩერებით”. – აცხადებს ის.

    ცნობისთვის, რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3.5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა.

    ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.

    ნავალნი ბერლინში მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს.

  • ჩეხეთმა რუსეთი დივერსიაში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი გააძევა

    ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მათ რუსულ სპეცსამსახურებზე – დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსა და საგარეო დაზვერვაზე მუშაობაში ადანაშაულებენ.

    მოსკოვი პასუხისთვის ემზადება. ინტერფაქსი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროს ციტრებს: “როგორც ჩანს, გადაწყვიტეს  მოსკოვში საკუთარი საელჩო დახურონ“– ამბობს ის.

    ჩეხეთის პრემიერ მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით ჩეხეთის ხელისუფლებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ“გრუ“–ს ოფიცრები იყვნენ დაკავშირებული 2014 წლის აფეთქებებთან, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც დროებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს, იან გამაჩეკმა თქვა, რომ რუსეთის საელჩოს 18–მა თანამშრომელმა ქვეყანა უახლოესი 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

    მან დასძინა, რომ ეს ინციდენტი საფუძვლიანად შეარყევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და რომ წუხს ამის გამო.

    “ჩვენ ვართ სიტუაციაში, რომელიც გავს ბრიტანეთში 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის შემდეგ არსებულ სიტუაციას“– თქვა გამაჩეკმა.

    2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში “გრუ“–ს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ–პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

    სკრიპალების მოწამვლამ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სერიოზული გამწვავება გამოიწვია: შედეგად 300 დიპლომატი ორივე მხრიდან საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. მალე ათობით ქვეყანამ მხარი დაუჭირა ბრიტანეთს და რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა. რუსეთი დანაშაულთან ნებისმიერ კავშირს უარყოფდა.

    ჩეხეთის პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ძებნა აქვს გამოცხადებული რუსეთის მოქალაქეებზე, ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვზე მძიმე დანაშაულის გარემოებების გამოძიებასთან დაკავშირებით.

    ბოშიროვის გვარის უკან როგორც დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფებმა და მედიამ გაარკვიეს, რუსეთის “გრუ“–ს პოლკოვნიკი, ანატოლი ჩეპიკა იმალება, პეტროვის გვარის უკან კი “გრუ“–ს ოფიცერი ალექსანდრ მიშკინი.

    ისინი სკრიპალების სიცოცხლის ხელყოფაში მთავარი ბრალდებულები არიან.

    გასულ წელს ურთიერთობები ჩეხეთსა და რუსეთს შორის რიცინის სკანდალის გამო გაუარესდა.

    2020 წლის აპრილის ბოლოს ჩეხურმა გამოცემამ დაწერა, რომ პოლიციამ დაცვის ქვეშ აიყვანა პრაღის მერი, ზდენეკ გრჟიბა და პრაღის 6–ე მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელი ონჟეი კოლარჟი ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით ჩეხეთში დიპლომატიური პასპორტით ჩავიდა რუსეთის მოქალაქე, რათა პოლიტიკოსები რიცინით მოეწამლა. გამოცემა ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა. ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

    რუსეთის ხელისუფლებამ გაზეთის მტკიცებებს ტყუილი უწოდა. სიტუაციას კი ფაბრიკაცია და პროვოკაცია.

    როგორც მედია წერდა, კოლარჟმა მოსკოვის რისხვა საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლის დემონტაჟით დაიმსახურა, გრჟიბამ კი პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მოედნისთვის სახელის შეცვლით. მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი დაარქვეს.