Category: მსოფლიო

  • მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

    მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, BBC, Euronews, Reuters, The Guardian, თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციას და იმ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურებიან, რომლებიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ხდება.

    მედიასაშუალებები დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ. გამოცემები აღნიშნავენ და ციტირებენ დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თბილისი პრაიდზე და ასევე აღნიშნავენ რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

    “მას შემდეგ რაც ულტრამემარჯვენეებმა, თბილისი პრაიდის ოფისი დაარბიეს, “ღირსების მარში” გაუქმდა ” – The Guardian

    “ძალადობრივი პროტესტის ფონზე თბილისი პრაიდი გაუქმდა” – BBC 

    Euronews-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

    Reuters-მა  ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მასობრივი თავდასხმები მიმოიხილა. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ რადიკალური ჯგუფები ”თბილისი პრაიდის” შენობაზე LGBT დროშისთვის აძვრნენ,რომელიც ჩამოხსნეს და შემდეგ დაწვეს.

    გამოცემების თქმით, საქართველოში ლგბტქ საზოგადოება საკმაოდ აქტიურია თუმცა, მათ აქტიურობასთან ერთად ხშირია მათზე ძალადობის ფაქტებიც, რომელსაც სათავეში, ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატიული პოლიტიკოსები და მართლმადიდებლური ეკლესია უდგას.  მედიასაშუალებებმა გაიხსენეს, 2019 წელს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პერმიერა, რომლის ჩაშლაც  ძალადობრივად სცადეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა.

    გამოცემები ასევე იხსენებენ, 2013 წლის მოვლენებს, სადაც პრაიდის აღლუმს სასულიერო პირები და ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციით სასტიკად გაუსწორდნენ. გამოცემები აღნიშნავენ, რომ ძალადობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებს მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

  • “დღემდე არნახული კატასტროფა“–კვიპროსის ხელისუფლება უძლიერეს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

    ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები სასწრაფო დახმარებას უგზავნიან კვიპროსის ხელისუფლებას, რომელიც ტყის უძლიერეს ხანძრებს ებრძვის. ხანძარმა კუნძულის სამხრეთ ნაწილი მოიცვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ხანძარს რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა.

    სახანძრო თვითმფრინავების, მაშველების და ტექნიკის გაგზავნის შესახებ განაცხადეს საბერძნეთმა, იტალიამ და ისრაელმა. კუნძულზე განლაგებული ბრიტანელი სამხედროები უკვე აქტიურად მონაწილეობენ ხანძრის ჩაქრობაში.

    კვიპროსის შსს–ს ინფორმაციით ხანძრის რაიონში აღმოაჩინეს ოთხი გარდაცვლილის ცხედარი. როგორც ჩანს, ისინი  სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ეგვიპტელები არიან, რომლების შაბათიდან უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ მას შემდეგ, რაც მათი დამწვარი ავტომობილი აღმოაჩინეს.

    უძლიერესი ხანძარი სოფელ არაკაპასის სიახლოვეს, ლიმასოლის რაიონში შაბათს შუადღეს დაიწყო და კვირას დილისთვის მეზობელ თემებზე გავრცელდა. ესენია: ეპტაგონია, აკაპნოსი, ორასი, მელინი და სიკოპეტრასი.

    ცეცხლმა გზად ყველაფერი გაანადგურა. სახანძრო სამსახურები ხანძრის გავრცელების შეჩერებას ცდილობენ, რათა ის მთაგორიან ადგილებს და მახერასის ტყეს არ მოედოს.

    ხანძრით არის მოცული 55 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყე. ადგილზე მუშაობს 70 სახანძრო მანქანა.

    ბოლო კვირას კვიპროსში უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს უახლოვდება. თუმცა, ხელისუფლება ეჭვობს, რომ ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

    ხელისუფლებამ 67 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ცეცხლის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პოლიციას აცნობა, რომ დაინახა ადამიანი როგოორ ტოვებდა სოფელ არაკაპასს ზუსტად იმ დროს, როცა იქ ცეცხლის ალი ავარდა.

    მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლი ახლომდებარე ეროვნულ ნაკრძალზეც არ გავრცელდეს.

    ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა ხანძარს უპრეცედენტო და კატასტროფული უწოდა:

    “ჩვენ მომსწრე ვართ დღემდე არნახული ტრაგედიის, რომლის მსგავსი 1974 წელს, თურქული ჯარების შემოჭრის შემდეგ არ ყოფილა.  დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი ხანძარი, რომელსაც სამწუხაროდ ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა“– თქვა მან საკოორდინაციო ცენტრში სტურობისას.

    კვიპროსის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება მას შემდეგ ითხოვა, რაც ხანძარი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

    ისრაელი კვიპროსზე სახანძრო ავიაციას და ცეცხლის ჩასაქრობ საშუალებებს გზავნის. იტალია და საბერძნეთი კვიპროსს სახანძრო თვითმფრინავებით ეხმარებიან.

    ევროკომისიამ განაცხადა, რომ აამოქმედებს თანამგზავრ Copernicus ცეცეხლის ალის გავრცელების მეთვალყურეობისა და დაზარალებული რაიონების მდგომარეობის შესაფასებლად.

     

  • ფილიპინებზე თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს,

    ფილიპინებში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, მაშველებმა 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. REUTERS-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 29 სამხედრო 2 კი სამოქალაქო პირია.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო 50-მა სამხედრომ და ოთხმა სამოქალაქო პირმა, რომლებიც „С-130“-ში ისხდნენ.

    „ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მეტი გადარჩენილის პოვნას“ , – განაცხადა გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის „სულუს“ მეთაურმა გენერალ-მაიორმა უილიამ გონსალესმა.

    მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. 17 ადამიანი დაკარგულად მიჩნევა.

    მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე ჯარისკაცი თვითმფრინავიდან კატასტროფამდე გადმოხტა. თვითმფრინავი სახელად C130 Hercules კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას. ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

  • სლოვაკეთმა რუსეთს რუსული ვაქცინა უკან დაუბრუნა

    სლოვაკეთმა რუსეთს რუსული ვაქცინა, Sputnik V უკან დაუბრუნა. ინფორმაციას სლოვაკური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “რუსეთს მივყიდეთ Sputnik V-ის 200 000 დოზიდან 160 000 გამოუყენებელი დოზა. ამ დოზების შენახვის ვადა იწურებოდა”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.

    უწყების ინფორმაციით, სლოვაკეთში რუსული ვაქცინის მიმართ უკიდურესად დაბალი ინტერესია, შესაბამისად მისი გახარჯვა ვერ მოხერხდა. როგორც იუწყებიან, რუსეთმა თავისი ვაქცინები იმავე ფასად დაიბრუნა, რა ფასადაც გაყიდა. ვაქცინის დოზები უკვე გაიტანეს სლოვაკეთიდან.

    შეგახსენებთ, სლოვაკეთმა რუსეთისგან ვაქცინის 2 მილიონი დოზა თებერვალში შეიძინა. რუსული ვაქცინის შეძენას სლოვაკეთში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

  • ანომალური სიცხე და მსხვერპლი კანადაში. რომელ ქვეყნებს ემუქრება ტემპერატურის მატება

    ათობით ადამიანი გარდაიცვალა კანადაში უპრეცედენტო სიცხის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის ტერიტორიაზე ტემპერატურა 4 დღის მანძილზე იზრდებოდა და სამშაბათს 49.5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

    მხოლოდ ვანკუვერში, რომელიც პროვინციის უმსხვილესი ქალაქია, პარასკევის შემდეგ ტემპერატურის ზრდის გამო სამასამდე გარდაცვალებაა დარეგისტრირებული. გარდაცვლილთა უმრავლესობა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები არიან.

    პროვინციის ხელმძღვანელმა, ჯონ ჰორგანმა განაცხადა, რომ ამ ადგილებში ასეთი სიცხე არასოდეს ყოფილა. მისი თქმით, ცალკეული ოჯახები და მთელი თემები უკვე შეეჯახნენ ამ ანომალიის შემზარავ შედეგებს.

    ქალაქ ლიტონში, სადაც განსაკუთრებული სიცხეა, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციისთვის უკვე მესამე აბსოლუტური რეკორდი დამყარდა: კვირას თერმომეტრი ადგილობრივ მეტეოსადგურზე 46.6 გრადუსს უჩვენებდა, ორშაბათს 47.5 გრადუსს, სამშაბათს კი დღის მეორე ნახევარში 49 გრადუსს გადაცდა.

    ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ამ რეგიონში ოდესმე დაფიქსირებულა 44 გრადუსი იყო, რაც 1941 წელს მოხდა.

    საგანგებო სიტუაციის გამო რეგიონში ბევრი დაწესებულება, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა.

    ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გარდაცვლილების შესახებ მონაცემები ჯერჯერობით საბოლოო არ არის. კანადაში გარდაცვალების შემთხვევებში გამოძახებებზე ხშირად ჯერ პოლიცია გადის, ამიტომაც გარდაცვალების მიზეზების შესახებ სამედიცინო დასკვნები მოგვიანებით კეთდება.

    ექიმები ამბობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ამდენი სიკვდილის შემთხვევა არ ახსოვთ.

    მათი თქმით, ადამიანები ხანდაზმული ახლობლების სანახავად მიდიან და მათ სახლში გარდაცვლილს პოულობენ. კანადის დასავლეთით ბევრ დასახლებულ პუნქტში პოლიციის დამატებითი ძალები გაიგზავნა.

    ხალხი ცდილობს სახლებიდან არ გავიდეს, მაგრამ ბრიტანულ კოლუმბიაში როგორც წესი შენობებში კონდიციონერი იშვიათია, რადგან აქ როგორც წესი, ზაფხულში ტემპერატურა 30 გრადუსს არ აჭარბებს.

    ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დროებითი შადრევნები და სარწყავი სისტემები მოაწყოს. გახსნილია ე.წ. გაგრილების ცენტრებიც – ცარიელი საქალაქო შენობები კონდიციონერებით, სადაც ადამიანები უბრალოდ გასაშლელ საწოლებზე ან იატაკზე წვანან.

    კანადის მეტეოსამსახურები მსგავსი სიტუაციისთვის მომზადებას ურჩევენ ალბერტას, მანიტობას, სასკაჩევანის პროვინციების და ჩრდილო–დასავლეთ ტერიტორიების მაცხოვრებლებს.

    ექსპერტები თვლიან, რომ კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიო სულ უფრო ხშირად შეეჯახება მსგავს მოვლენებს, თუმცა აღიარებენ, რომ ძნელია ყოველი ცალკეული მეტეოროლოგიური სამსახური კლიმატის გლობალურ ცვლილებებს დაუკავშირო.

    მათი თქმით, ანომალური სიცხე, რომელიც ახლა კანადას დაატყდა თავს სავარაუდოდ ბრიტანეთამდე მიაღწევს, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას ემუქრება. კლიმატის ფიზიკის პროფესორი, ტიპ პალმერი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც კლიმატური ცვლილებების მოდელირების პროგრამაზე მუშაობს ამბობს, რომ ამ  ქვეყნებს არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურები, არამედ ტენიანობის მაღალი დონეც ემუქრება, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს გადარჩენა უბრალოდ არ შეუძლია.

    “მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, და უნდა ვიფიქროთ, როგოორ დავეხმარებით ამ ქვეყნებს.“– ამბობს ის.

    მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბოლო დღეების განმავლობაში აშშ–ში, კერძოდ ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კოლუმბიის ოლქსა და მერილენდშიც ფიქსირდებოდა.

    ბოლო დღეებში, სხვადასხვა შტატში ტემპერატურა 46-48 გრადუსს შეადგენდა, ტენიანობის მაჩვენებელი კი 60-დან 80 პროცენტამდე მერყეობდა, რაც რეკორდულად დიდი მაჩვენებელია.

    ამერიკის დაავადებათა და კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.

    „სიდისი“ ზრდასრულ ადამიანებს ურჩევს, ყურადღებით დაკვირდნენ სხვადასხვა სიმპტომებს – მათ შორის, სიცხისგან გამოფიტვას, რომლებიც მოიცავს ძლიერ ოფლიანობას. სიმპტომებს შორისაა ცივი, ფერმკრთალი და მყიფე კანი; სწრაფი, სუსტი პულსი; გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; კუნთების სპაზმი; დაღლილობა; თავბრუსხვევა, თავისტკივილი. ცენტრის რეკომენდაციებით, თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, უნდა დალიოთ წყალი, შეეცადოთ გრილ ადგილზე ყოფნას, შეეცადეთ მიიღოთ გრილი აბაზანა ან სხეულზე სველი ტილოები დაიფინოთ.

  • გამიზნულად გადაყრილი ბოთლები – რამდენად დიდი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია მდინარის დაბინძურებას

    სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლს. ვიდეო გადაღებულია სავარაუდოდ საქართველოში, რადგან მანქანას, საიდანაც პირები ბოთლებს ყრიან, ქართული სანომრე ნიშნები აქვს.

    ვიდეოკადრებში პირის, რომელიც მდინარეს აბინძურებს და ტრანსპორტის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მომხდარის შესწავლა საქართველოში გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ადგილმდებარეობა თუ რომელი მდინარის დაბინძურება მოხდა.

     

    რა საფრთხის შემცველია მდინარის დაბინძურება და რამდენად დიდი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია 

    ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თურქეთში, სტამბოლის ნაპირებზე, წყლის ზედაპირის უზარმაზარი ფართობები სქელმა, წებოვანმა მცენარეულმა ლორწომ დაფარა და მარმარილოს ზღვა დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მარმარილოს ზღვის დაბინძურება კი ეგეოსის და შავ ზღვასაც საფრთხეს უქმნის.

    სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო (სა­სუ­ქე­ბი), ცხო­ვე­ლუ­რი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი და ორ­გა­ნუ­ლი თუ არა­ორ­გა­ნუ­ლი მა­რი­ლე­ბი, ზღვა­ში ძი­რი­თა­დად მდი­ნა­რე­ე­ბის წყალ­თან ერ­თად ჩა­ე­დი­ნე­ბა ზღვაში. მა­რი­ლე­ბის ჭარბი რაოდენობა  კი ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი წყალმცე­ნა­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას ამ­ცი­რებს და თვითგადარჩენისთვის ისი­ნი მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით იწყე­ბენ გამ­რავ­ლე­ბას ანუ იზ­რდე­ბა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის პო­პუ­ლა­ცია, რაც ზღვის ევტრო­ფი­კა­ციას ანუ ზღვის და­ჭა­ო­ბე­ბას იწვევს.  მკვდა­რი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შლის შე­დე­გად ზღვა­ში ჟანგბა­დის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა. უჟანგბა­დო­ბას კი მრა­ვა­ლი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა ეწი­რე­ბა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, დი­დად ვნებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.ამ დროისათვის ზღვის წყალში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

    თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გე­ბი რო­გორ­მე შე­ამ­ცი­როს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ლორ­წოს წარ­მოქ­მნას და მის გამ­რავ­ლე­ბას ამ­ჯე­რად ხელი კო­რო­ნა­ვირუს­მაც შე­უ­წყო, როცა ადა­მი­ან­თა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გა­ვის მო­ცუ­ლო­ბა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი უკონ­ტრო­ლოდ ზღვა­ში იყ­რე­ბო­და.

     

    ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ­მა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ გა­რე­მოს დაც­ვა მისი მო­ვა­ლე­ო­ბაც არის. თუ ჩვენ მიდ­გო­მებს არ შევ­ცვლით, უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.

  • ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დაამატა

    ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დაამატა

    • სომხეთი
    • აზერბაიჯანი
    • ბოსნია და ჰერცოგოვინა
    • ბრუნეი
    • კანადა
    • იორდანია
    • კოსოვო
    • მოლდოვა
    • მონტენეგრო
    • კატარი
    • საუდის არაბეთი

    სიაში უკვე არიან ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და შეერთებული შტატები.

    ახლად დამატებულ 11-ივე ქვეყანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, სომხეთში 30 ივლისს კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა და არავინ გარდაცვლილა, ხოლო აზერბაიჯანში 86 შემთხვევა გამოვლინდა და 1 გარდაიცვალა.

  • გარდაიცვალა აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი

    88 წლის ასაკში აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება ოჯახმა გაავრცელა.

    რამსფელდს თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა – 1975-1977 წლებში, შემდეგ კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 2001-2006 წლებში.

    11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რამსფელდი ალ-კაიდაზე თავდასხმას ხემლმძღვანელობდა, ხოლო 2003 წელს ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი გახდა.

     

  • ბაიდენ-პუტინის შეხვედრა შესაძლოა ივნისში შედგეს

    ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, შესაძლოა, ივნისში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ავრცელებს.

    პუტინის საგარეო საქმეთა პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა იური უშაკოვმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შეხვედრა, შესაძლოა ივნისში შედგეს.

    ორ ქვეყანას შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე, პირისპირ შეხვედრის იდეა, თვის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოთქვა.

    “ივნისს განვიხილავთ და კონკრეტულ თარიღზეც კია საუბარია”, – განაცხადა უშაკოვმა, რუსეთის ყოფილმა ელჩმა ამერიკაში. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. “ჩვენ გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის მიხედვით მივიღებთ”, – თქვა უშაკოვმა ტელეკომპანია “რასია 1”-თან საუბრის დროს.

    განცხადება ამ თემაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გააკეთა და თქვა, რომ სამიტის შეთავაზება “პოზიტიურად მიიღეს და ახლა მისი განხილვა მიმდინარეობს”.

    ივნისის შევხედრა, შესაძლოა, დაემთხვეს ბაიდენის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში დიდი შვიდეულის, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სამიტებს ბრიუსელში.

    თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა, დიდი ალბათობით, რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, ევროპაში ჩატარდება. სამიტის მასპინძლობის ინტერესი უკვე გამოთქვა როგორც ავსტრიამ, ასევე ფინეთმა.

    ორ ქვეყანას შორის სიტუაცია სულ უფრო იძაბება, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში, ასევე კიბერთავდასხმებმა ამერიკულ კომპანიაზე, ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობამ და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებამ.

    მარტში, რუსეთი განსაკუთრებით შეურაცხყოფილი ჩანდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა, პუტინს მკვლელი უწოდა. მაშინ, მოსკოვმა ამერიკაში საკუთარი ელჩი მოსკოვში გაიწვია კონსულტაციებისთვის.

    მიმდინარე კვირას კი, ასევე კონსულტაციებისთვის, უკან, ვაშინგტონში დაბრუნდა ამერიკის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი. სალივანის ვაშინგტონში დაბრუნებას წინ უძღვოდა მოსკოვის რეკომენდაცია, ელჩს დროებით დაეტოვებინა მოსკოვი.

    ელჩის მიერ მოსკოვის დატოვებამდე, რუსეთმა ამერიკის საელჩოში მომუშავე 10 ადამიანი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა და ამას ვაშინგტონის მიერ წარმოებული პოლიტიკის სარკის ეფექტი უწოდა. ისინი გულისხმოდბდნენ იმას, რომ 10 რუსი დიპლომატი ვაშინგტონის ეკონომიკური სანქციების სამიზნე აღმოჩნდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. ამის მიზეზი 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.

    “20 ივნისს დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნების გრაფიკის გათვალისწინებით, შემეძლო დღეს არ გადავმდგარიყავი. მაგრამ მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ გადადგომა მომხდარიყო დღეს, მოქალაქის დღეს. ეს მნიშვნელოვანი სიმბოლოა იმისა, რომ ამ გზით ჩვენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქისგან მიღებულ ძალას ვუბრუნებთ მოქალაქეს, რომ მან გადაწყვიტოს მთავრობის მომავალი თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში”,– წერს ფაშინიანი Facebook–ზე.

    სომხეთში, ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.