Category: მსოფლიო

  • პუტინმა იცის, რომ მრჩევლები ატყუებენ– გენერალი უესლი კლარკი

    რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ მისი მთავარი მრჩევლები უმალავენ ინფორმაციას უკრაინასთან ომში რუსული არმიის კრახის შესახებ, სამხედროების დიდი დანაკარგისა და დასავლეთის სანქციების რუსულ ეკონომიკაზე მძიმე გავლენის შესახებ. პუტინს შესაძლოა ეს არ მოწონდეს, მაგრამ მათ სისტემაში ყველა ცრუობს – ზემდგომები ქვეშევრდომებს ატყუებენ, ქვეშევრდომები ზემდგომებს. ამის შესახებ ნატოს ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა უესლი კლარკმა ამერიკულ ტელეარხ “CNN”–თან ინტერვიუში განაცხადა.

    უესლი კლარკი თვლის, რომ რუსული სისტემა აიძულებს სამხედრო მეთაურებს და პრეზიდენტის მრჩევლებს ომის შესახებ იცრუონ. მისი თქმით, ისინი ერთმანეთსაც ატყუებენ და ვლადიმერ პუტინსაც, რადგან ეშინიათ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში სიცოცხლეს გამოასალმებენ. ის დასძენს,  რომ რუსულ არმიაში ეს ნორმალური მოვლენაა, ამას ასწავლიან ჯარისკაცებს, თავად ეს მოვლენა კი საბჭოთა დროიდან მოდის.

    “თუ სიმართლეს იტყვი და ეს არ გაამართლებს, პირველს დაგხვრეტენ… მათ იციან, როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეთ ერთმანეთთან და ამისგან პრობლემას არ ქმნიან. ჩვენთვის ეს შოკია, მათთვის კი არა, და პუტინმა ეს იცის. ის ძალაუფლების სათავეში ზუსტად ადამიანების მოტყუებით მივიდა და იცის, როგორ მუშაობს სისტემა.“

    შეგახსენებთ, 31 მარტს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დეზინფორმირების  რამდენიმე ფაქტორი არსებობს. ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ პუტინმა „თვითიზოლაციას“ მიმართა, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩავარდნის გამო კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გაუშვეს რამდენიმე მრჩეველი.

    30 მარტს ერთ–ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა არ იცის ფრონტზე არსებული რეალური ვითარების შესახებ. მისი თქმით, მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან და უმალავენ სიმართლეს უკრაინაში რუსული არმიის მარცხის, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების დამანგრეველი გავლენის შესახებ.

  • აშშ უკრაინისთვის საბჭოთა ტანკების გადასაცემად პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს– New York Times

    New York Times–ის ინფორმაციით აშშ–ს ადმინისტრაცია ნატოელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ მათ უკრაინას გადასცენ მათ შეიარაღებაში არსებული საბჭოთა წარმოების ტანკები. გამოცემა აშშ–ს ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

    გაზეთთან საუბრისას ადმინისტრაციის ჩინოვნიკი ამბობს, რომ ტანკები უკრაინას მალე გადაეცემა, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის, რამდენი და რომელი ქვეყანა გადასცემს მათ უკრაინელებს.

    მხოლოდ პოლონეთს ოფიციალური მონაცემებით 500–ზე მეტი მოდერნიზებული და არამოდერნიზებული Т-72–ის ტანკი აქვს, ამასთან, ის თავის სატანკო ნაწილებს მუდმივად ამარაგებს გერმანული “ლეოპარდებით“, რომლებიც პოლონეთს უკვე რამდენიმე ასეული აქვს.

  • დაგეხმარებით ქალაქების ხელახლა აშენებაში, როცა ომი დასრულდება – ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

    ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, უკრაინის უმაღლესი რადას თავჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს კიევში შეხვდა და განაცხადა რომ ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას დაზარალებული ქალაქების აღდგენაში დაეხმარება.

    “ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქალაქებისა და სოფლების ხელახლა აშენებაში, როცა ეს არასამართლებრივი, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი დასრულდება. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ეს გაგრძელდება და გაიზრდება. ჩვენ მოვუვლით თქვენს ოჯახებს, ვინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ ეს გაგრძელდება იმ დღემდე ვიდრე ისინი შეძლებენ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებასა და საკუთარი ცხოვრების ხელახლა აშენებას.”, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

  • როგორ მოახერხეს უკრაინელმა პილოტებმა რუსეთის ტერტორიის დაბომბვა– ექსპერტების აზრი

    წუხელ, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტში, რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში მდებარე ნავთობბაზის დაბომბვა სავარაუდოდ ორი უკრაინული ვერტმფრენიდან განხორციელდა. როგორ მოახერხეს უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა ისე, რომ ისინი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ვერ დააფიქსირა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე მოხდა.

    უკრაინელი ვერტმფრენის პილოტებს დაბალ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით ფრენის დიდი გამოცდილება აქვთ.  ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვერტმფრენები რადარებმა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა არ დააფიქსირონ. სწორედ ამას აკეთებენ ისინი წლების მანძილზე უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში.

    ბიბისის სამხედრო კორესპონდენტი, ჯონათან ბილი წერს, რომ 2018 წელს ის მოწმე გახდა უკრაინელი სამხედრო მფრინავების საოცარი უნარებისა – ისინი ხეების და ბოძების თავზე სულ რამდენიმე მეტრში დაფრინავდნენ.

    ღამით ფრენა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მტრის საწვავის ბაზაზე შეტევისთვის, უჩვეულო სიმამაცეს და ძალიან დახვეწილ პროფესიულ უნარებს მოითხოვს.

    დაბალ სიმაღლეზე მოძრავი ვერტმფრენები ახლო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის ადვილად მოსახელთებელია.

    ღამის ფრენა ამ რისკს ამცირებს, თუმცა ზრდის ხმელეთზე არსებულ ობიექტებთან შეტაკების საფრთხეს.

    შეტევა ბელგოროდის ნავთობბაზაზე, რომელიც წუხელ ვერტმფრენებიდან განხორციელდა, რადიკალურად არ ცვლის ომის ბედს, თუმცა მას შეუძლია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინამ მოახერხა საკუთარი ავიაციის საბრძოლო მდგომარეობაში შენარჩუნება. ამ ფაქტს კი უკრაინული არმიის საბრძოლო  სულისკვეთების ამაღლება შეუძლია.

  • ჟერარ დეპარდიე პუტინის ქმედებებს შეშლილს და მიუღებელს უწოდებს

    ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ფრანგი მსახიობმა ჟერარ დეპარდიე  რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს, შეშლილი და მიუღებელი უწოდა.

    “რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი, მათი ლიდერების მიუღებელ და შეშლილ ქმედებებზე, როგორიც ვლადიმირ პუტინია”, – თქვა დეპარდიემ AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სამი კონცერტის შემოსავალს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს.

    დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები.

    „რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – განაცხადა დეპარდიემ, „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

  • რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს

    რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აღარ არიან, თუმცა მათი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება გაუცხოების ზონაში. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ატომური სააგენტოს მეთაურმა განაცხადა. ევგენი კრამარენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა წასვლისას თან წაიღეს ელექტროსადგურის ქონების და კომპიუტერების ნაწილი.

    გარდა ამისა, რუსულმა არმიამ ტყვედ აიყვანა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაციონალური გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი.

    ხუთშაბათს საღამოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ჩერნობილის ზონაში რუსი სამხედროების დასხივების შესახებ.

    “მაგატეს ახლა არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა რადიაციის მაღალი დოზები მიიღეს ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ყოფნისას. სააგენტო ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის დამოუკიდებლად შესაფასებლად“– ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათობით რუსმა სამხედრომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, კერძოდ კი სადგურის ახლოს მდებარე ცნობილ “წითურ ტყეში“ დასხივება მიიღო, სოციალურ ქსელებში და მედიაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ვრცელდება.

  • რუსეთი ვერ იქნება G 20-სთვის კონსტრუქციული პარტნიორი – ჯასტინ ტრუდო

    ‘რუსეთი ვერ იქნება G 20-სთვის კონსტრუქციული პარტნიორი”- ამის შესხებ, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ იქნება კონსტრუქციული პარტნიორი დიდ ოცეულში. ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters-ი ავრცელებს.

    “საქმე ისაა, რომ ეს ვერ იქნება ჩვეულებრივი საქმე, როცა ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ზის მაგიდასთან და თავს აჩვენებდეს, თითქოს არაფერი ხდება”, – თქვა ტრუდომ.

  • რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

    რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.  ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

    ქალაქის გუბერნატორი, იაჩესლავ გლადკოვი ნავთობის საცავზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. გლადკოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ხანძარი, რომელიც პარასკევს დილით გაჩნდა, ორი უკრაინული შვეულმფრენის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია.

    „ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, – წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.

  • ბრიტანეთი შიშობს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და აშშ–მ შეიძლება უკრაინას დათმობებისკენ უბიძგონ – Times

    ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ გემანიამ, საფრანგეთმა და აშშ–მ, რომლებსაც ომის სწრაფად დასრულება უნდათ, შეიძლება უკრაინას რუსეთის მიმართ სწრაფი და არასაჭირო დათმობებისკენ უბიძგონ. ამის შესახებ გაზეთი თაიმსი წერს.

    “ზოგიერთ ჩვენს მოკავშირეს, ალბათ მეტისმეტად უნდათ, რომ ის (პრეზიდენტი ზელენსკი) დარეგულირებაზე წავიდეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ სანამ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინამ სამხედრო თვალსაზრისით საუკეთესო საწყის პოზიციებს უნდა მიაღწიოს“– უთხრა გაზეთს ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    იმის შესახებ, რომ რუსების სიტყვის არ ჯერათ და ხედავენ, რომ რუსები მოლაპარაკებებს დროის გაჭიანურებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის იყენებენ, თავად უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით.

  • პუტინის ადგილზე რომ ვიყო, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას – კადიროვი

    პუტინის ადგილზე რომ ვიყო, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას – კადიროვი

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, პუტინის ადგილზე, უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა, გაგზავნიდა ჯარებს და წესრიგს დაამყარებდა.

    “ახლა გამოიგონეს უკრაინა. და რა, რუსეთმა გზა უნდა დაუთმოს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასა და ამერიკას შორის 9 ათასი კილომეტრის მანძილზეა? ამერიკა იცავს უკრაინის ინტერესებს, უკრაინისთვის კი უახლოესი მეზობელი რუსეთია, ესენი სლავური ხალხები არიან”,– თქვა კადიროვმა Instagram-ის პირდაპირ ეთერში ჩეჩნეთის პარლამენტის წარმომადგენელთან, მაჰომედ დაუდოვთან საუბრისას.

    მისივე მტკიცებით, ამერიკას არაფერი კარგი არ სურს უკრაინისთვის და ის მხოლოდ რუსეთის საზღვართან ახალი ბაზის შესაქმნელად სჭირდება.

    “თუ უკრაინაში არის ხალხი, მაშინ მათ ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. თუ უკრაინამ არა, მაშინ რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები. აი, მე რომ პრეზიდენტის ადგილზე ვყოფილიყავი, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი, გავგზავნიდი იქ ჯარს და წესრიგს დავამყარებდი. თუ გიჟი, კორუმპირებული ხალხი დგას სახელმწიფოს სათავეში და ამ სახელმწიფოს მეშვეობით ემუქრებიან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ჩვენ რა, უნდა გავჩუმდეთ?”, – ამბობს კადიროვი.

    ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება.