Category: მსოფლიო

  • CNN – რუსეთს უნდა უკრაინაში გამარჯვება 9 მაისამდე გამოაცხადოს

    ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი მოინდომებს დონბასზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს. ამის შესახებ სიენენი დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს.

    ტელეკომპანიის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში სტრატეგიას გადახედა და ოფიციალურად აცხადებს, რომ ახლა დონბასზე კონცენტრირდება. დანარჩენ უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალებს “არ შეუძლიათ კონტროლის შენარჩუნება რაიონებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ“– ამბობენ ისინი.

    დონბასის შემთხვევაში, სიენენის ინფორმაციით რუსეთს მეტი შანსი აქვს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია წარმატებას 9 მაისამდე მიაღწიოს, რადგან მისთვის “გამარჯვების დღეს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

    “პუტინი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს მაინც გამართავს, მიუხედავად უკრაინაში ომის მიმდინარეობის და სამშვიდობო მოლაპარაკების სტატუსისა“– უთხრა სიენენს ევროკავშირის ერთ–ერთი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი აზრით, პუტინი ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ემზადება ორი ჩეჩნური კამპანიის სცენარით, რადგან სხვა არჩევანი აღარ აქვს.

    მოსკოვი უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. შაბათს ცნოილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების აღმოჩენის შესახებ კიევის ოლქში, საიდანაც რუსული არმია გავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამაზე კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები, კრემლი ასევე არ პასუხობს.

  • უკრაინა “თავის ნატოს“ შექმნის–დავით არახამია

    რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის რადას  ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს სხვა ქვეყნებისგან და ამგვარად “საკუთარი, უკრაინული ნატო“ შექმნას.

    “გვინდა ჩვენი უკრაინული ნატო შევქმნათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ყველაზე დიდმა და ეფექტურმა ქვეყნებმა მხარი დაგვიჭირონ აგრესიის შემთხვევაში„–თქვა მან.

    არახამიას თქმით, ნატოს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე.

    თუმცა, მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ასევე შეუერთდნენ ბრიტანეთი და აშშ. მათ გარეშე, მისი თქმით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება.

    გარდა ამ ორი ქვეყნის, უკრაინისთვის ასეე მნიშვნელოვანია საფრანგეთის, ჩინეთის და თურქეთის მონაწილეობა– აღნიშნა არახამიამ.

    მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მიიღო წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გარდა ყირიმის შესახებ პუნქტისა.

    მისი თქმით, სავარაუდოდ შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის თურქეთში შედგება.

  • რუსი სამხედროები უკრაინაში მოპარულ ნივთებს სახლში რუსული ექსპრეს ფოსტით გზავნიან

    რუსი სამხედროების რიგი არ წყდება ბელორუსის ქალაქ მოზირში მდებარე რუსული ექსპრეს–ფოსტა СДЭК –ის ფილიალში. ისინი რუსეთში გზავნიან ნივთებს, რომლებიც დიდი ალბათობით უკრაინელების სახლებიდან მოიპარეს. ამის შესახებ ტელეგრამ არხი “Беларускі Гаюн” წერს.

    თვითმხილველთა ინფორმაციით რუსი სამხედროები ფოსტის განყოფილებასთან კამაზებით მიდიან და იქიდან ტვირთავენ ნივთებს.

    “ასევე გვატყობინებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ხოინიკის ფოსტის განყოფილებაშიც შევიდნენ და მოიკითხეს, შეიძლებოდა თუ არა საერთაშორისო გზავნილის გაკეთება. მათ დაუსვეს შეკითხვა, რის გაგზავნას აპირებდნენ, რაზეც პასუხი იყო: მობილური ტელეფონები, ნივთები“– ნათქვამია პუბლიკაციაში.

    შესაბამისი ვიდეო მის ტელეგრამ არხზე გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ.

    “ბინძური ნაძირლები, რომლებსაც გაუმართლათ და ცოცხლები გადარჩნენ, ბელორუსის საკურიერო სერვისებით გზავნიან თავის ბინძურ ხვრელებში მშვიდობიანი უკრაინელების ნაძარცვ ქონებას. ოკუპანტმა მოროდიორებმა არ იციან ომის კანონები. მათში გენეტიკურად არ არის ჩადებული არც ღირსება, არც სინდისი. ეს განუვითარებელი ველურები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ საკუთარ სახეს.“– დაწერა მან

  • იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპანტებს მოწამლული ღვეზელებით “გაუმასპინძლდნენ” – მოწამლულია 500-მდე რუსი სამხედრო

    უკრაინელები რუს ოკუპანტების მოწამვლას კვლავ განაგრძობენ. ამჯერად უკრაინელები ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში, რუსეთის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას “გაუმასპინძლდნენ” და 500-მდე რუსი სამხედრო საავადმყოფოში ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც 28 ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “უკრაინელები ოკუპანტებს ყველა საშუალებით ებრძვიან. ჩვენი მონაცემებით, იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის ფედერაციის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით. ამას გარდა, მესამე მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • Anonymous-ის ჰაკერებმა რუსული სამხედრო ქარხნის მონაცემები გამოაქვეყნეს

    Anonymous–ის სახელით ცნობილმა ჰაკერების ჯგუფმა სპეციალურ საიტზე გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ლიპეცკის სამხედრო მექანიკური ქარხნიდან მოიპარეს. ჰაკერებმა გადმოსაქაჩად დადეს ელექტრონული წერილები, რომელთა საერთო მოცულობაა 25 GB. ფაილების მიხედვით, წერილები ეკუთვნის ქარხნის დიერქტორის მოადგილეს, ვენიამინ სიზოვს, წარმოების დირექტორს, ევგენი მასანინს, პერსონალის დირექტორს ალექსანდრ სეროვს და საწარმოს სხვა ხელმძღვანელებს. ფაილი PST ფორმატით დევს, რომელშიც წერილების ასლები სერვერებზე ან კომპიუტერში ინახება.

    რა ვიცით ლიპეცკის მექანიკური ქარხნის შესახებ

    ლიპეცკის ქარხანა საზენიტო–სარაკეტო კომლექსების, ПВО С-300В4–ის  ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია.

    ოფიციალური საიტის მიხედვით, ლიპეცკის მექანიკური ქარხანა რუსული სამხედრო ტექნიკის წარმოებით და გაყიდვით, ასევე რემონტით, ტექნიკური მომსახურებით და შეიარაღების მონტაჟით არის დაკავებული. კერძოდ, იქ იწარმოება თვითმავალი ძარები სარაკეტო კომპლექს С-300В4–სთვის, ასევე იწარმოება სხვადასხვა ნაწილები სხვა საწარმოებისთვის, სადაც შემდგომში საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის ტანკების დამზადება ხდება.

    ქარხანაში მზადდება კაბელებიც, ხდება დეტალების მექანიკური დამუშავება, ასევე მასალების ქიმიურ–თერმული და გალვანური დამუშავება–დაფარვა.

    მანამდე ანონიმუსის ჰაკერებმა რუსეთის ცენტრობანკის სისტემა გატეხეს და გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლებიც რუსეთის მთავარი რეგულატორის სერვერზე ინახებოდა.

    ასევე იწერებოდა, რომ ანონიმუსმა როსავიაციის IT ინფრასტრუქტურაც “გატეხა“ და გაანადგურა დოკუმენტები, ელექტრონული წერილები და სხვადასხვა ფაილები. მედიის ინფორმაციით, ჩინოვნიკებს მონაცემების სარეზერვო ასლები არ აღმოაჩნდათ, რადგან მათ კოპირებაზე ფული არ გამოიყოფოდა.

  • კიევთან უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი დაიღუპა

    უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი სამი კვირის წინ, კიევის ოლქში ბრძოლების მიმდინარეობის არელაში დაიკარგა, 1 აპრლის კი პოლიციამ დაადასტურა, რომ ფოტოგრაფი დაიღუპა. დღეს ეს ინფორმაცია LB.ua–ს რედაქციამ დაადასტურა, სადაც ის 10 წელი მუშაობდა.

    ლევინი რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად მის მეგობართან და თანამებრძოლთან, ალექსეი ჩერნიშევთან ერთად წავიდა, რომლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

    ლევინის დოკუმენტური პროექტების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უკავშირდებოდა.

    “ყოველი უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს“– იხსენებს რედაქცია მის სიტყვებს.

    ლევინს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ცოლი და ხანდაზმული მშობლები დარჩა.

  • თურქეთი მზად არის საკუთარი გემებით მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციისთვის

    თურქეთი მზად არის რუსული არმიის მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაცია საზღვაო გზით, საკუთარი გემებით მოახდინოს.

    საპორტო ქალაქში ინტენსიური ბრძოლები და ალყა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ბევრმა მაცხოვრებელმა ქალაქიდან გააღწია, თუმცა იქ კვლავ რჩება 150 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ვინც ინტენსიური დაბომბვის ქვეშ ცხოვრობს. ქალაქიდან სახმელეთო გზით მოსახლოების ევაკუაცია არაერთხელ ჩავარდა.

    თურქეთის ინიციატივის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა, რომლის ციტატა სააგენტო ანადოლუმ გაავრცელა.

    “ანკარას მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს, უკვე გავაცანით თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს“– თქვა მინისტრმა.

    დღეს დილით უკრაინის ხელისუფლება ამბობდა, რომ დღეს–ხვალ ელოდებიან კარგ ამბებს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.

  • რომის პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლას განიხილავს

    რომის პაპი ფრანცისკე,  ომის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში კიევში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს.

    პაპს ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილავს თუ უკრაინაში ჩასვლას, რაზეც მან უპასუხა:

    “დიახ, ეს განიხილება”. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

    რომის პაპს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

  • უკრაინამ რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა – THE TIMES

    უკრაინამ რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა – ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა  The Times თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

    გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს. Strastreak-ით იერიშის შედეგად ვერტმფრენის კუდი დაზიანდა და ვერტმფრენი ჩამოვარდა.

    Starstreak– ეს არის ბრიტანული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მტრის ავიაციის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ამ შეიარაღებით შესაძლებელია ობიექტის განადგურება 5 კილომეტრის მანძილზე. Starstreak–ის რაკეტას შეუძლია 4200 კილომეტრ/საათის სიჩქარე განავითაროს, ერთი რაკეტის ღირებულება კი 1300 დოლარია.

    შეგახსენებთ, რომ პირველად ინფორმაცია უკრაინისთვის ბრიტანული Starstreak–ების გადაცემის შესახებ 9 მარტს გამოჩნდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მიერ კიევისთვის გადაცემული შეიარაღება მას საშუალებას მისცემს ცა რუსული ავიაციისთვის ჩაკეტოს.

    16 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ Starstreak–ები უკრაინაში უკვე გაიგზავნა. მან არ დააკონკრეტა, რა რაოდენობით კომპლექსები გაუგზავნა ლონდონმა კიევს.

  • უკრაინულმა პოლიციამ ოდესელი კრიმინალების პატრიოტიზმი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმა

    უკრაინელმა ძალოვნებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ოდესის კრიმინალური სამყარო რუსეთის სპეცსამსახურებს დახმარებას დაპირდა.

    უკრაინის პოლიციის ინფორმაციით „კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან პროფილაქტიკური ვიზიტების დროს “რუსული სამყაროს“ მომხრეები მათ შორის არ აღმოჩნდა.“ ნაპოვნია მხოლოდ ხელყუმბარები, ტყვიები, ცეცხლსასროლი იარაღი და დანები, რომლებიც პოლიციამ ამოიღო.

    “ამ კატეგორიის ადამიანების ჩვენებების სინამდვილის შესამოწმებლად ერთ–ერთ ინსტრუმენტად გამოვიყენეთ გამოკითხვა პოლიგრაფის მეშვეობით. ყველა გამოკითხვა თანხმობით, რაიმე სახის იძულების ან წინააღმდეგობის გარეშე ჩატარდა“– ამბობს პოლიცია.

    “შედეგებმა გვაჩვენა, რომ ინფორმაცია მტერთან მათი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ – ეს არის ფეიკი“– აცხადებს უკრაინის ნაციონალური პოლიცია.